შესავალი არარსებულ შესავალთა გამო
ჩემო მკითხველო, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ამ ქვესათაურის წაკითხვისას, ვიდრე იმას იტყოდე, ეს რა ორიგინალურობის ხვაშიადი აგტეხიათ, ბატონო ჩემოო, მოდი, მცირე ხნით ირონიის ჭინკები უკან გამოიძახე და წინ ერთმანეთს გავუძღვეთ, მე - შენ, შენ - მე. მონაცვლეობით ვიფიქროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ და შევუვსოთ სათქმელი, თორემ, თქვენი არ იყოს, მეც დაბნეული და დათრგუნული ვარ ამ „ლექსი მეწყერის“ გამო.
ისეთი ლექსია, რომ უნდა დადუმდე, ისმინო და აღფრთოვანდე.
პატივცემული მასწავლებელი კი ჯიუტად ითხოვს, ილაპარაკო ლექსზე, დაწერო მისი განხილვა.
სხვა რა ჩარაა, უნდა დავწეროთ!
მაგრამ როგორია ილაპარაკო იმაზე, თუ რა არის საწყალი კაცისთვის, „სიცივისაგან რომ გორავსა“, მაცოცხლებელი მზის ამონათება, ან სულაც ნაზამთრალ გულში სიყვარულის მზის ამოსვლაზე წერა როგორია? თუმცა ერთი კია, მშვენიერზე, მით უფრო, ხელოვნების მშვენიერზე საუბარი მისი ტკბობით პროცესს ახანგრძლივებს.
მაშ, მომყევი, მკითხველო, ვწერ და მომყევი, იფიქრე და მოგყვები.
დიახ, არარსებული შესავლების გამო მოგახსენებდი.
ორიგინალურობის ხვაშიადი აგიტყდაო, არა?
ჯერ ერთი, რა უჭირს მერე, განა ჩვენ ტიციან ტაბიძის სამყაროში არ ვტრიალებთ?
ეს „ცისფერყანწელები“ ორიგინალურობის გამო თუ ხებიდან კითხულობდნენ ლექსებს და შუაღამით, ძილშიდაც ბოლოღილშეკრულ ფილისტერ მოქალაქეებს სიმშვიდეს ურღვევდნენ, წყნარი ბაასის გამო რაღა ჩვენ შეგვაშინოს ამ ერთფეროვან ყოფაში ლამის მკრეხელობად მონათლულმა ორიგინალურობამ?
მეორეც, ბატონო ჩემო, შევთანხმდეთ, რომ ლიტერატურაში დაშტამპულ აზროვნებას ყველაფერი სჯობს.
დაბოლოს, არაფერია ორიგინალური იმაში, თუ ვიტყვით, რომ ტიციანის „ლექსი მეწყერი" ტექსტში არარსებულ, მაგრამ საერთოდ არსებულ პრობლემაზე პასუხით იწყება და მთავრდება.
ის თეზისი რომ უფრო ნათელი გახდეს, გავიხსენოთ სიმონ ჩიქოვანის საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონები:
„ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი“
ამ სტრიქონებს შესავალი, სხვა ტაეპები წინ არ უძღვის, მაგრამ სწორედ იმის პასუხია, რაც აქ არ წერია, მაგრამ რაც ყველა ჩვენთაგანისათვის აპრიორულად ივარაუდება.
ეს იმ პატკანოვების, ეს იმ იანოვსკების, ეს იმ ვოსტორგოვების - იმ მუხრანსკების პასუხია, გნებავთ, პატუა, რომელთათვისაც საქართველო თავში ხელწამოსაკრავი ქვეყანაა. ეს იმ ჭკუათამყოფლების პასუხია, რომელთათვისაც პატარა და მცირერიცხოვანი ერი იდენტური ცნებებია, რომელნიც მრავალრიცხოვნობაში დიდსა და სიდიადეს ხედავენ, მცირერიცხოვნობაში კი - პატარასა და კნინს.
აი ასეთი, თავისი სახელი რომ დავარქვათ, „ტარაკანების“ თეორიაა დაგულვებული იმ წინათქმად, რომლის გამო პოეტი გაგულისებულ შეძახილით იწყებს ლექსს:
„ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი“.
მსგავს სტრუქტურაზეა აგებული ტიციან ტაბიძის „ლექსი-მეწყერი“, იმ განსხვავებით, რომ მის „არარსებულ“ წინათქმაში, როგორც ყოფითი, ისე ესთეტიკური შინაარსის მქონე სათქმელი უნდა დავიგულვოთ. თვით ლექსი კი ტექსტში არარსებული, მაგრამ ნაგულისხმევი წინაისტორიის მაღალმხატვრული და ორიგინალური პასუხი გახლავთ.
ყოფითი წინაისტორიის ექო
„ლექსი მეწყერი“ დაწერილია 1927 წელს. ეს არის დრო პრაგმატიზმის, უტილიტარიზმის, ეს არის ეპოქა ბოლშევიკური "ესთეტიზმის“, როცა პროლეტკულტელებს (პროლეტარული კულტურა) სიამაყით შეუძლიათ გაიმეორონ რუსი მოსოციალისტო სამოციანელების „გენიალური“ აღმოჩენა - ერთი ჩექმა მირჩევნია მთელ პუშკინსო.
ეს არის დრო - დაკვეთების, ინსტრუქციების, მუშფაკებში (მუშათა ფაკულტეტები) პოეტების არჩევისა, როცა კალამს ხარაჩოებზე სამსახური ევალებოდა..
როცა ხდებოდა პოეზიის სრული პროფანაცია.
აბა, ყური დავუგდოთ თვითონ ტიციანს: „საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს, თავისი საკუთარი ჰყავდა პოეტი. დღეს ღვთისმობელი ძირს რომ ჩამოვიდეს, მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს? ლექსებისათვის ვინც მოიცლის, ის რა კაცია? ჰკითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს, თუ ის შინაურია, ვინ უფრო აღელვებს: სტეფან მალარმე თუ დანიელა ურია?"
ლექსში „უჟმური კვირა“ კი იგი დაწერს „ყველაფერი წინ მიდის, პოეზიის გარდა, იწყება ლექსის უკუღმა ელეკტროფიკაცია“.
ამ სიტუაციაში, როცა პოეტს ლამის ელსმენით კარნახობს შინსახკომელი თუ პარტიის ინსტრუქტორი, რა და როგორ წეროს, როცა პოეზიის ლექსიკის განსაზღვრაც კი ლამის ზემოდან ხდება, შეძრწუნებული პოეტის საპროტესტო ყვირილად ისმის "ლექსი-მეწყერის" პირველივე სტრიქონი:
“მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს".
ესთეტიკური სათქმელის წინაისტორიის ექო
ტიციან ტაბიძე „ცისფერი ორდენის“ სხვა წევრებთან ერთად კარგა ხანს ნიჰილისტურად იყო განწყობილი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მგოსნების (იგი თაყვანს მხოლოდ ვაჟა-ფშაველას სცემდა ამ პერიოდიდან) ესთეტიკური პოზიციისადმი, რაც ასახულია მის წერილში "ცისფერი ყანწებით" ("ცისფერი ყანწები“ N2) რომელშიც მიმოიხილავდა ქართულ მწერლობას, რუსთაველიდან მოყოლებული.
ტიციანი მიიჩნევდა, რომ 60-იანელებმა "ქართული პოეზიის ყვავილს დაუწყეს შეცვლა რუსულ ხორბლად. მწერლობა გაიხადეს სამიტინგო ზალად და პოეზია გაზეთად“.
თავის მხრივ კი აცხადებს: „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“, რაც სიმბოლურად ქართული პოეზიის ევროპული რადიუსით გამართვას ნიშნავდა ისე, რომ ქართულ ლექსს ნაციონალური სული არ დაჰკარგვოდა.
მაგრამ დგება დრო (დაახლოებით 20-ანი წლების შუახანებში), როცა ტიციან ტაბიძე ახალი არშინით ზომავს ჩვენს დიდ სამოციანელთა პიედესტალებს და როცა სიმბოლიზმსა თუ ყოველგვარ „იზმს“ იგი მაღლიდან გადმოხედავს.
ყოველგვარი „იზმი“, ყოველგვარი ესთეტიკური კრედო არსებობს მწერლობისთვის, როგორც ახალი რეალობისთვის და არა პირიქით. „ლექსი მეწყერით“ ტიციან ტაბიძე ახალ ესთეტიკურ პრინციპსაც ამჟღავნებს პირველივე სტრიქონით - „არა „იზმით“, არაესთეტიკური კრედოთი ლექსის წერა, არამედ "უბრალოდ“ -
"მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს.“
ანუ იგი იმ პოეტური კრედოს გამცნობიერებელია, რომელიც პლატონის „იონიდან“ იღებს სათავეს და რომლის მიხედვით პოეტი ღვთის რჩეულია, ღვთის პირით მეტყველი, ღვთის რუპორი.
ტიციანი მემკვიდრე ხდება ადრე მის მიერვე უარყოფილი ილიასა და აკაკის ესთეტიკური პრინციპებისა ("დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში“ ან "მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა" (ილია), "არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“ (აკაკი). ტიციან ტაბიძეც არა მხოლოდ ღვთის რჩეულად, გნებავთ, ღვთის რუპორად წარმოიდგენს თავს, რომელიც ტკბილ ხმებს გამოსცემს, არამედ კაცად, რომელსაც ეს ბედი იმადაც ხვდა, რომ:
„აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა“.
ბედნიერება მან ლექსებს მისცა
ახლა, ერთი წუთით, ჩემო მკითხველო, შევწყვიტოთ მსჯელობა და ეჭვის თვალით შევხედოთ ყველაფერ იმას, რაც აქამდე ითქვა. დასაეჭვებელი კი, გაგიხარიან, მართლაც გაქვს.
ნუთუ ეს ლექსი მხოლოდ იმისთვის დაიწერა, რომ პოეზიის „დახურდავების“ წინააღმდეგ გაელაშქრა პოეტს, ან თავისი ესთეტიკური მრწამსი გადაესინჯა? ამით ჩვენ ხომ არ ვაუბრალოებთ და ვავულგარულებთ, ზედაპირულს ხომ არ ვხდით ლექსის სათქმელს, ესთეტიური ტკბობის ნაცვლად ხომ არ შემოვაძარცვეთ ის იდუმალი რიდე, რომლის მიღმა პუბლიცისტური პათოსის გარდა ვეღარა დაგვინახავს რა?
აქ რომ გაგვეწყვიტა მსჯელობა, ჩათვალეთ, რომ თქვენი ეჭვი სავსებით საფუძვლიანია. არათუ ლექსის, ყოველგვარი მშვენიერების ანალიზს თუ სინთეზიც არ ახლავს, მშვენიერის ნაცვლად მხოლოდ ჩონჩხს, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ მის აჩრდილსღა თუ დავინახავთ.
აბა, კიდევ ერთხელ ჩავიკითხოთ
„მე არ ვწერ ლექსებს.. ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“
იშვიათად წაიკითხავთ პოეზიის მაგიური ძალის შესახებ ასე ვირტუოზულად დაწერილ სტრიქონებს. სიტყვის ქურუმი იგლეჯს საკუთარ გულს და შესაწირავად დებს პარნასზე.
„ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს“ - ამ წრფელ ამოძახილს ეხმიანება ლექსის შემდეგი სტრიქონები: „ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა“.
ტიციანის ამ ლექსით პოეტი კი არის ღვთის რჩეული, გნებავთ, ღვთის რუპორი, რომელიც არ წერს ლექსებს, რომლისთვისაც ლექსი მხოლოდ ღვთაებრივი საჩუქარია, მაგრამ იმავდროულად იგი, ღვთის რჩეული, სულაც არ არის ნებიერი, უფრო ზუსტად, მისი რჩეულობის პირობა კაცთა შორის სწორედ მისივე მარტოსულობაა.
ბედნიერება მან ლექსებს მისცა - როგორ არ გაგვახსენოს ამ ფრაზამ დორიან გრეი, რომლის ტკივილი, ცოდვა, წელთა სიმძიმე მისსავე პორტრეტზე გადადიოდა, თავად კი ბედნიერი რჩებოდა.
აქ პირიქითაა, პოეტი ყველაფერს: სიხალისეს, სიყვარულს, სიცოცხლეს, ბედნიერებას ატანს ლექსს და რჩება წვიმის თქეში, ცრემლად ნაწური მის თვალებიდან.
„ლექსი-მეწყერის“ ავტორი იმ კაცს ჰგავს, რომელსაც ცოცხლად ხარშავენ სპილენძის ქვაბში, მის განწირული ყვირილს კი საამო საგალობლის ხმებად გამოსცემს სპილენძის ცეცხლმოდებული კედლები.
ასე იქმნება ჭეშმარიტი პოეზია.
− ნოდარ გრიგალაშვილი −