სიყვარულის, ამ ყოვლისმომცველი გრძნობის ადექვატური გაცხადება სიტყვით ისევე შეუძლებელია, როგორც ღმერთის სახიერი სურათის წარმოდგენა.
გერმანული სიბრძნე გვასწავლის: „რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, - ამას უწოდებენ სიყვარულს“-ო
ამიტომ დიდი შემოქმედნიც კი მხოლოდ სიყვარულის ძალმოსილების, მხოლოდ მისი შედეგის ჩვენებით თუ კმაყოფილდებიან, ნაცვლად სიყვარულის შინაგანი, იმანენტური (შინაგანი, სიღრმისეული) რაობის აღწერისა.
ნიშანდობლივია პეტრარკას ნათქვამი: „ვისაც შეუძლია გამოთქვას, თუ როგორ იწვის, მას სუსტი ცეცხლი მოსდებია“.
დიდებულია მოლიერის განმარტება: "ვისაც სიყვარული არ განუცდია, ეს იგივეა, რომ არ უცოცხლია".
ან სულხან-საბას დავუგდოთ ყური: "ჰოი, დიდ არს სიყვარული, და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი, და ყოველთა მადლთა უდიდებულესი, და ყოველთა კეთილთა უკეთესი და ყოველთა პატიოსნებათა უწარჩინებულ!"
მოცქული პავლე იტყვის: "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ."
რუსთაველის მიხედვით კი" "სიყვარული აგვამაღლებს"
ამ დიდი სახელების მოხმობის მიუხედავად, როგორც ხედავთ ძალაში რჩება სიტყვები: არავის ძალუძს იმ განცდის განმარტება, რასაც სიყვარული ჰქვია. ეს დიდი შემოქმედნი სიყვარულის სწორედაც გარეგნული მახასიათებლების ჩვენებით კმაყოფილდებიან. იგივე გზა აირჩია გალაკტიონმა ლექსში „უსიყვარულოდ“, იმ განსხვავებით, რომ პოეტი სიყვარულის ყოვლისმომცველ, ყოვლისშემძლე ძალას გვიხატავს თეზა-ანტითეზის შეპირისპირების გზით:
"უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობის
უსიყვარულოდ".
გალაკტიონს სიყვარული აქვს წარმოდგენილი სამყაროს იმ ღერძად, რომლის გარშემო ეს მზისქვეშეთი ტრიალებს და ამ უკვდავი გრძნობის გარეშე სწორედაც ჩერდება წაღმა ბრუნვა - "სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიოც დაქრის, ტყეც კრთება, ვარსკვლავებიც ამოდიან და ჩადიან, მაგრამ უსიყვარულოდ შთენილი სულისთვის ყოველივე მკვდარია (გაიხსენეთ „ხევისბერი გოჩადან", ბუნების ერთი და იგივე სურათი როგორ მოქმედებს, ერთის მხრივ, სულში დაჭრილ გუგუაზე და მეორეს მხრივ, შეყვარებული ონისეზე).
„უსიყვარულოდ ბალახიც ვერ ამიბინდება“ - შილერის ეს ფრაზა ეხმიანება გალაკტიონის ბრწყინვალე ლექსის პათოსს
სიყვარულს, როგორც იტყვიან, ყველა ასაკი ემორჩილება, მაგრამ:
"სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს..."
აქ უნდა გავიხსენოთ ჯერალდის ერთი მოსწრებული შედარება, რომელიც გვიანი სიყვარულის დამანგრეველი ძალის გამო დაიწერა: „სიყვარული წითელასა ჰგავს: რაც უფრო გვიან მოდის, მით უფრო საშიშია“.
გალაკტიონს ეს „წითელა“ მოუხდელად სჭირდა, ვინაიდან თვით სიყვარული უყვარდა ("მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"). მან თავისი სინამდვილე შექმნა, რომელიც ოაზისი, თავშესაფარია სინამდვილეზე შემომწყრალი ყოველი რომანტიკოსის სულისათვის.
− ნოდარ გრიგალაშვილი −