თუ შემოქმედს საკუთარი ნაწარმოების შესახებ თუნდაც მცირე ჩანაწერი აქვს დატოვებული, ბუნებრივია, ამ ჩანაწერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურისმცოდნისა თუ რიგითი მკითხველისათვის. ცნობილია, რომ გალაკტიონს თავისი რამდენიმე ლექსის შესახებ მცირე რეცენზია დაუწერია.
ეს რეცენზია, ცხადია, მნიშვნელოვანია და მკითხველს რიგი საკითხების ანალიზისას დიდად ეხმარება. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება:
რა რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გალაკტიონი, რიგ შემთხვევებში, საკუთარ ლექსებზე მსჯელობისას ან ამ ლექსების დათარიღებისას, შეგნებულად ჩქმალავდა სიმართლეს. ამ ფაქტს კი თავისი მიზეზი ჰქონდა. აი, რა: როგორც ცნობილია, მკვლევარნი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ორ პერიოდს გამოყოფდნენ. დამკვიდრებული იყო აზრი, რომ თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე გალაკტიონ ტაბიძე სიმბოლისტი იყო. 1921 წლიდან, ანუ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების შემოჭრის შემდეგ კი, პოეტის შემოქმედებაში თითქოს იწყება მეორე ეტაპი - რეალიზმის და მერე სოციალისტური რეალიზმის ხანა.
სიმბოლიზმის ხსენებაზე საბჭოთა ხელისუფალნი ცოფებს ყრიდნენ, რადგან სიმბოლიზმი მათთვის ლიტერატურის იდეური გახრწნა, ბურჟუაზიულ-დეკადენტური მიმდინარეობა იყო. სოციალისტი მწერლისათვის კი სიტყვა ბურჟუაზიულის, ან დეკადენტურის, გნებავთ, სიტყვა პესიმისტურის მისადაგება ახალ დროში სახეირო საქმე არ გახლდათ. ამიტომ, ჩვენი „ცისფერყანწელები“ 30-იანი წლებიდან გასაგები მიზეზების გამო უკვე თავგამოდებულნი ამტკიცებდნენ, რომ სიმბოლიზმის სენი მათ კარგა ხანია მოიხადეს და რომ ისინი სოციალისტური რეალიზმის ერთგული მიმდევარნი იყვნენ...
აი, ეს გარემოებაც არის გასათვალისწინებელი, როცა სიმბოლიზმის შესახებ გალაკტიონის გვიანდელ ჩანაწერებს ვკითხულობთ.
„მე და ღამეც“ ერთ-ერთ სიმბოლისტურ ლექსად იქნა მიჩნეული.
პოეტი გასაგები მიზეზის გამო, საჭიროდ თვლიდა, ეს „ბრალდება“ უარეყო. ამიტომაც, თითქოს ოპონენტს ეკამათებაო, გაღიზიანებული წერს „ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფიცი?“
შეიძლება ითქვას, რომ პოეტი შეგნებულად აუბრალოებს საკუთარი ლექსის სათქმელს. ოღონდ სიმბოლისტობას ნუ დასწამებენ და მზად არის „აღიაროს“, რომ ამ ლექსში ახალგაზრდობის სულიერი სიმტკიცე და საიდუმლოების დაცვის ფიცია გამოხატულიო.
გალაკტიონი მისტიფიკაციების ოსტატი იყო. ამ დაწყევლილი ორი პერიოდის შეკიჟინებით შეწუხებულს ხშირად დასჭირვებია მეტი „სინათლე“ შეეტანა სიმბოლისტურად მიჩნეული ამა თუ იმ ლექსის შექმნის ისტორიაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ საკუთარი ნაწარმოების შექმნის იმპულსად რევოლუციასთან და რევოლუციონერობასთან დაკავშირებულ ფაქტს დაასახელებდა ხოლმე. აქაოდა, ამ ფაქტს სიმბოლიზმთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდესო. ასე მოიქცა „მე და ღამეს“ შექმნის ისტორიის გამოცემის დროსაც. ზოგიერთი ლიტერატორისათვის კი პოეტის შეგნებული მისტიფიკაციები გაუგებარი დარჩა და მისი ნაამბობი ჭეშმარიტებად მიიჩნია.
ასე მაგალითად: 1956 წლის აპრილში გალაკტიონ ტაბიძისათვის ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვედრა მოუწყვიათ. შეხვედრაზე მოხსენება წაუკითხავს კრიტიკოს დიმიტრი ბენაშვილს, რომელსაც „მე და ღამე“, ტრადიციისამებრ, სიმბოლისტურ ნაწარმოებად მიუჩნევია. ამ საღამოს დამსწრე ერთი ლიტერატორი იგონებს: „გალაკტიონმა მიგვიხმო და სთქვა - აი, დიმიტრიც შეცდა დღეს, ჩვენი კრიტიკოსები ცდებიან, გალაკტიონი სიმბოლისტი იყოო, ამტკიცებენ, არა, ძამიკო, დიმიტრი, არა, ამხანაგებო, ეს არ არის სწორი. ეს გაუგებრობაზეა აგებული. მე ასეთი გულუხვობა და ასეთი წრფელი სიყვარული არსად არ მიგრძვნია და თქვენ გაგანდობთ, ჩემო ძვირფასო ჭაბუკებო და ქალიშვილებო, ჩემი დიდი ხნის საიდუმლოს, „მე და ღამეს“ შექმნის საიდუმლოს“.
მტერი ვერ მიხვდეს იმას, რა ირონიაც ამ და ქვემოთწარმოდგენილ სიტყვებშია. მოგონების ავტორი კი სრული სერიოზულობით განაგრძობს თხრობას: „გრძნობდა, რომ ახლა უკვე ის თავისი შემოქმედების ნამდვილ ექსტაზში შედიოდა, იმ ექსტაზში, რომელშიც წარმოიშობა ხოლმე სულის ყველაზე უსათუთეს ღაღადისი, ყველაზე დაფარული გასანდობარი. უცებ უბის წიგნაკი მოვიმარჯვე და სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე შემდეგი:
„ეს იყო ახალგაზრდობის დროს, 1912 წელს - დაიწყო ნელი, მკაფიო ხმით გალაკტიონმა, - ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ერთი ჩემი ახლო მეგობარი რევოლუციონერი იჯდა. მე და ჩემს ამხანაგს დავალებული გვქონდა, მიგვეღო მისგან საიდუმლო ნიშანი. წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, რომ ის ციხის ზედა საკნიდან ქუჩისკენ, სადაც ჩვენ უნდა ვმდგარიყავით, პურის ცომისგან მოზელილ გუნდას გადმოაგდებდა, რომელშიაც პატარა წერილი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. და, აი, ერთხელ, საღამოჟამს, დავიწყეთ სეირნობა ციხის გალავნის ირგვლივ, დათქმულ ქუჩაზე. დიდხანს მოგვიხდა სეირნობა და ლოდინი. ეტყობოდა, ხელსაყრელ დროს ეძებდა... ბოლოს ჩემს ახლოს დაეცა პურის გუნდა. უმალ ავიღე და გადავტეხე იგი. შიგ მართლაც ბარათი იყო „იარაღი გამომიგზავნეთო“. ეს მე საიდუმლოდ შევინახე. აი, რამ მომცა ბიძგი, დამეწერა ჩემი „მე და ღამე“ - თქვა ეს და ისევ დიმიტრის მიმართა.
- რა აქვს, დიმიტრი, ამ ამბის შემდეგ საერთო ჩემს "მე და ღამეს" სიმბოლიზმთან? არაფერი, არაფერი.
პოეტის სიტყვებში:
„დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ“
თურმე მეფის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა, კერძოდ კი დაპატიმრებულ რევოლუციონერებთან საქმიანი კავშირი იგულისხმება. ეს რევოლუციონერი კი, რომელსაც ციხეში იარაღის შეგზავნა მოუთხოვია, კრიტიკოსის აზრით, ოლია ოკუჯავა, პოეტის სატრფო იყო...
რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს „მე და ღამე“ და რა ბოლშევიკური სულისკვეთებაც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ლექსის ამდაგვარად „გაიდეურებას“ ვერაფრით მოახერხებს. ერთი სიტყვით, კრიტიკოსის „მეთოდოლოგიით“ გალაკტიონის მორიგი ირონია უტყუარ ფაქტად იქცა...
რა წერია სინამდვილეში ლექსში?
პოეტი ახდენს ბუნების პერსონიფიკაციას. ღამის სიმშვიდე, ღამის საიდუმლოება მის დაღლილ და აფორიაქებულ სულს მხსნელივით მოვლენია.
ადამიანი ღამით თითქოს უფრო ფაქიზი ხდება, უფრო რომანტიული, ღამეს უმჟღავნებს ფიქრებს და იდუმალი ზრახვებს. არის წუთები, როდესაც პიროვნება მარტოობით ტკბება და, ამდენად, ღამე საყვარელი ხდება მისთვის, როგორც მარტოობის თავშესაფარი. გალაკტიონი ამ განწყობით წერს „მე და ღამეს“.
არის წუთები, როცა მარტოობა აუტანელია და, ამდენად, აუტანელია ღამის იდუმალება და სიშავე. გალაკტიონის პოეზიაში ღამის ამგვარ პერსონიფიცირებასაც შეხვდებით - „წყეულო ღამევ, გზა დამიცალე“, ან - „აღარ გათენდება ღამე საზიზღარი“.
„მე და ღამეში“ კი ღამე, როგორც ითქვა, პოეტის სულს ესალბუნება და მეგობარივით მისდგომია მის სარკმელს. ღამის იდუმალების აღწერას მოსდევს პოეტიური მედიტაცია:
„დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ,
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე,
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ“.
და მაინც, რა არის ის საიდუმლო, რაც პოეტს კაცთათვის ვერ გაუნდვია და მხოლოდ ღამეს მიანდო?
„იცის, როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე“.
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, მიზანშეწონილიც არ არის, რადგან პოეტი გარკვევით ამბობს, რომ იგი ობლად შთენილი, მარტოსულია და ეს მხოლოდ ღამემ იცის, რადგან თავის ნამდვილ ფიქრთა და ზრახვათ მხოლოდ ღამეს უმჟღავნებს. პოეტის სულიერი განწყობა მსგავსია იმისა, რაც ბარათაშვილის „სული ობოლში“ ჩანს:
„ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ ჩივის თავისს უთვისტომობას,
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი.“
ობოლი სული კი საბრალოა, რადგან: -
„არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა“.
ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი გალაკტიონიც. იგი ობოლი სულის ფიქრს ვერავის ანდობს: „არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის“. სულიერი განწყობის გამოძახილი არათუ ამ ორ ლექსს შორის შეიძლება დავინახოთ, არამედ ორი პოეტის პირად ბარათებს შორისაც.
ბარათაშვილი მეგობარს, მაიკო ორბელიანს, სწერს: „დიდი ხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“
ახლა გალაკტიონს მოვუსმინოთ. პოეტი იოსებ გრიშაშვილს სწერდა: „იცი, საყვარელო სოსო, ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა! და ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელას წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს - საშინელებაა - აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას...
მე დღეს, შესაძლებელია, ორასი ადამიანი ვნახო და დაველაპარაკო, შეიძლება გული გადავუხსნა კიდეც წუთის გავლენის ქვეშ.. და მაინც მარტო ვარ.
ამიხსენი, მეგობარო, ეს მდგომარეობა...
მე ვერაფერი გამიგია ამ ჩემთვის უცნობი გრძნობის.
ჩემი სიყვარული შორეულის ტრფიალი არ არის და ვერც ახლოს სწვდება მას.
და მგონია არც კი მიყვარს ვინმე.
მარტო ვარ, მარტო. რა გაეწყობა
მარტო ვარ, მარტო...“
ეს ბარათი დაწერილია 1912 წელს, რამდენიმე თვით ადრე, „მე და ღამეს“ შექმნამდე. ლექსში სწორედ ეს განწყობილება აისახა. თუმცა ლექსის მიხედვით პოეტი მარტოობასთან უკვე შეგუებული და, შეიძლება ითქვას, მარტოობაზე შეყვარებულიც ჩანს.
ამა თუ იმ სენის „მორჩენის“ თავისებური საშუალება ხომ ამ სენთან შეგუება, მისი გაშინაურებაც არის. ამით ადამიანი იქმნის კმაყოფილების ილუზიას, მაგრამ ერთ დღეს ეს ილუზია ინგრევა და პოეტი კვლავ მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდება.
როგორც ხე ჭკნება უფესვებოდ, ისე იღვენთება ადამიანის სულიც უთვისტომობაში. ამ განცდას არ შეიძლებოდა პოეტის არსებობაშიც არ ამოეხეთქა და აკი ათქმევინა კიდეც: „აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?..“
− ნოდარ გრიგალაშვილი −