მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 569 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პოეზიის ენაზე თქმული ლოცვა

 

ლექსებში ფილოსოფია კი არ უნდა ვეძებოთ, - პოეზიაო, იტყოდა პოლ ვალერი. უდაოა ეს აზრი, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ გალაკტიონის საუკეთესო ლირიკული ლექსებიდან პოეზიის ისეთი ნათელი იღვრება, პირველაღმომჩენი არ არის საჭირო. თვით გულდახშულსაც კი გალაკტიონის შესამეცნებლად ესთეტის შუამავლობა არ სჭირდება...

კი, ბატონო, პოეტიკამ შეიძლება ახსნას, თუ რაოდენ მშვენიერია მოულოდნელობით, ეფექტურობით, ორიგინალურობით, ვთქვათ, ეს ასონანსური რითმა - „მიურიდენ“ - „ციურიდან“. როგორი სადა, ნათელი და ევფონიურია „მზეო თიბათვისას“ მთელი ლექსიკა, მაგრამ ამ ახსნით ვერ მოხერხდება ლექსის ჩვენს სულზე ზემოქმედების მექანიზმის გაცნობიერება.

გალაკტიონის პოეზიის ძალა მხოლოდ იმ მლოცველის ძალმოსილებას შეიძლება შეედაროს, რომელიც ობიექტს ნუსხავს არა სიტყვებით, არამედ სიტყვებს მიდევნებული დემონური დამთრგუნველობით.

ამიტომ განსახილველ ლექსში ნუ დავუწყებთ პოეზიას ძებნას, იგი ყველას დასანახად ფეთქავს. ჩვენ იმას ვეცადოთ, გულით ნაგრძნობი ესთეტიური სიამოვნება გონების თვალითაც დავინახოთ და გავიხანგრძლივოთ.

„მზეო თიბათვისა“ სავედრებელია, პოეზიის ენაზე აღვლენილი ლოცვაა შეყვარებულისა ღვთისადმი:

„მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,

იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.

ტანჯვა–განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

სული მოავლინე ისევ შენმიერი,

დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა, ამას გევედრები“.

ამაზე დიდი ექსტაზს მხოლოდ რუსთაველთან თუ შეხვდებით. რუსთველი ამ „ჟანრშიც“ პირველია პირველთა შორის"

„ილოცავს, იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,

ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,

უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!


ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესსა.

შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,

მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,

ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!“

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ავთანდილის ამ უკვდავ ლოცვას შინაგანი დრამატიზმის მხრივ გალაკტიონის ვედრება აჭარბებს კიდეც, რადგან ღვთაებას პოეტი სხვის გადარჩენას ევედრება ესოდენ გულმხურვალედ - „იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“...

იმ ფაქტს კი, გალაკტიონი რომ მზის სახით სწორედ ღვთისადმი აღავლენს სათხოვარს, მხოლოდ შეგახსენებთ, იმ ცოდნის გათვალისწინებით, რაც ძველი ქართული მწერლობის შესწავლისას მიიღეთ.

ლექსი მზისადმი მიმართვით იწყება. მზე კი ღვთის ხატია. მზე ღვთაებად იყო წარმოდგენილი წარმართულ ეპოქაში, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ხალხებში („ვის ხატად ღვთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი“.)

მზის კულტი, როგორც ღვთაებისა, შემორჩა ქართულ ზეპირსიტყვიერებას. მაგ. მეგრულში („ბჟა დია ჩქიმი“ - „მზე დედაა ჩემი“), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ხევსური ან ფშაველი ლოცვის დროს იტყოდა: „დიდება ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, მზესა და მზის მყოლთ ანგელოსთა“.

მზის კულტის შესახებ უზარმაზარი (მოცულობითა და მნიშვნელობით) ტომი აქვს გამოქვეყნებული ვიქტორ ნოზაძეს („ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება“), რომელშიც ეს საკითხები სკრუპულოზურად, გამოწვლილვითაა შესწავლილი.

მზის კულტი ქრისტიანულ საქართველოში დარჩა მოდერნიზებული სახით. წარმართულ ღვთაებას მზეს ჩაენაცვლა მზე, არა როგორც საკუთრივ ღმერთი, არამედ როგორც ხილული ხატი უხილავისა, ხატი ქრისტესი (გაშუალების გარეშე ღვთის ხილვა შეუძლებელია).

გაიხსენეთ ილიას „განდეგილი“:

„და ვით ცხოველ ხატს ღვთის დიდებისა,

შესცქერდა მზესა განცვიფრებული“.

გაიხსენეთ გურამიშვილი:

„მზევ, საცნობლად შენსა მჭვრეტსა,

თავბრუს ასხამ, შეაქ რეტსა,

გიმართავ ვერ მართლად თვალსა,

ვერ ვსცნობ შენს გზასა და კვალსა,

შენ შემქმენ და შენ დამბადე,

თვალთა დამაფარე ბადე“.

გალაკტიონ ტაბიძე თავის შემოქმედებაში ეყრდნობა მზის ქრისტიანულ-მისტიკურ წარმოსახვას და აგრძელებს მედიევალისტური ლიტერატურის ტრადიციას.

 

„მზეო თიბათვისა“ - ალეგორიული ლექსი

 

აი, აქ კი მივადექით სათქმელს, რომლის გამჟღავნება, შესაძლოა ზედმეტ თავისუფლებად ჩაითვალოს. დიახ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განსახილველი ლექსი ეს არის შეყვარებულის მიერ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა. ლირიკული გმირი ევედრება უზენაესს, დაიცვას იგი, ვინც უყვარდა დიდი სიყვარულით. ბუნებრივია, თქვენ ეს ლექსი სატრფოს გადასარჩენად აღვლენილი ლოცვა გგონიათ და ტექსტშიც სწორედ ეს წერია სიტყვა-სიტყვით... მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ, სატრფოს ალეგორიით სამშობლოს წარმოდგენა ხომ ქართული ლიტერატურის ტრადიციაა.

„მზეო თიბათვისას“ თუ პატრიოტულ-ალეგორიული ლირიკის ნიმუშად გავიაზრებთ, ეს ლექსი იძენს კიდევ მეტ განზოგადებას, სიმძაფრეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოეტის ლოცვაც - დრამატიზმით აღსავსე უფრო მეტად გვებჯინება ყელში.

მოდით, ახლა ამ თვალით წავიკითხოთ ეს ლექსი.

 

მოულოდნელობის ეფექტი

 

ალეგორიის, როგორც მხატვრული ხერხის ძალმოსილებას მოულოდნელობის ეფექტი ქმნის. მოულოდნელობის ეფექტი კი მით უფრო დიდია, რაც ნაკლებად შესამჩნევია ზღვარი მწერლის მიერ დახატულ რეალურ და ალეგორიულად წარმოსადგენ სურათს შორის.

ალეგორიული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშია დავით გურამიშვილის „ზუბოვკა“.

"ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,

მეტად ტურფა, მშვენიერი, მასზე დამრჩა თვალი,

შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,

მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუხრა ძვალი“.

ამ ლექსის სტროფების კითხვისას წარმოგიდგებათ უიმედოდ გაიჯნურებული პოეტი, ლექსის ფინალით კი მოულოდნელად კიდევ უფრო განზოგადდება სათქმელი და წუთისოფელზე შემომწყრალი, ღვთის სიყვარულის იმედად დაშთენილი ლირიკური გმირი იხატება:

„ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,

სხვას უკეთეს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?

ჩემი სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,

სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.

აწ, შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?

ქვეყნად შენგან უკეთური მე არავინ მყვანდა,

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;

გეაჯები ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა,

გეაჯები ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

გეაჯები ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!“

ეს არის ნიმუში ალეგორიულ-მისტიკური ლექსისა, რომელშიც სატრფო, ლამაზი ქალი, ესოდენ ხელშესახებად დახატული, მოულოდნელად ღვთისმშობლის ალეგორიად წარმოჩინდება, შესაბამისად უფრო ღრმავდება მისგან მიტოვებული მეტრფეს ტრაგიზმიც.

ძნელია დაჟინებით მტკიცება, მაგრამ „მზეო თიბათვისაც“, ვგონებ, მსგავსი ხერხით დაწერილი, ოღონდ არა მისტიკური, ალეგორიულ-პატრიოტული ლირიკის ნიმუშია.

 

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები

 

რა არის გრაალი? როგორ გაჩნდა ეს ფრაზა ტექსტში და რატომ ევედრება პოეტი ღვთის მიმართვის შემდეგ გრაალს?

გრაალის შესახებ მეცნიერებაში დღემდე დავაა. ამ საკითხზე დაობენ ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა „პარციფალის“ ინტერპრეტატორები. კამათია შუა საუკუნეებში არსებულ „გრაალის ორდენთან“ დაკავშირებით და ა.შ. ამ კამათის არსის გადმოცემა შორს წაგვიყვანს. გრაალი თასი, ბარძიმია, რომელიც სიმბოლურად გამომხატველია სიწმინდის, სულიერების. გრაალი ღვთისმშობლის სიმბოლოა.

გრაალის მცველნი იცავენ ქვეყნის სულიერებას, გრაალი თავის მხრივ ქვეყნის მფარველია.

როგორც ოჯახისთვის კერია, კერიის ქვა არის სიმბოლო სითბოსი, სიყვარულის, ბედნიერების და მისი დაკარგვა ოჯახის იავარქმნის მაუწყებელია, აგრეთვე გრაალი მთელი ერის კერიის ქვაა.

აქედან გამომდინარე, გალაკტიონის ლოცვაში შემთხვევით არ ჩნდება გრაალი, მაგრამ უფრო ნიშანდობლივია ლექსის ბოლო სტროფი:

„ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა, ამას გევედრები“.

ეს ლექსი 1917 წელს არის დაწერილი, რუსეთის რევოლუციის შემდეგ. რუსეთის პირველ, თებერვლის რევოლუციას პოეტი მიესალმა ლექსით „დროშები ჩქარა“.

იმავე წელს გალაკტიონი ამბობს:

„ამხანაგებო, განახლების ზარმა დარეკა,

ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება;

თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!“

ქაოსზე შემდგარი ეს იმედი არ გამართლდა. ნახეთ, როგორ ცხრება პოეტის აღფრთოვანება თანდათანობით. იმავე 1917 წელს დაწერილ ერთ ლექსში იგი ამბობს:

„არ არის იგი იმდენად ტკბილი

დრო, დაფარული ცეცხლის ენებით“...

რა გასაკვირია, თუ იმედგაცრუების შემდეგ „ცეცხლის ენებით“ დაფარულ დროში, როცა ინგრეოდა იმპერია და ნანგრევებში ითრევდა სხვებსაც, თუ სწორედ სამშობლოს ბედის გამო სწერდა ახალგაზრდა პოეტი:

„მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა, ამას გევედრები“.

ხოლო თუ ეს ასე არ არის, ხომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო?

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ