თანახმად ტრადიციისა, ღვთის ქების შემდეგ "ვეფხისტყაოსნის” ავტორი ქებით მიმართავს თავის მეფე-პატრონებს (მე-3-5 სტროფები). მე-3 სტროფში იკითხება:
"ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა,
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა."
აქ პოეტი მოკრძალებით აცხადებს, რომ მან არ იცის, როგორ უნდა შეჰკადროს ქება-დიდება (შესხმა, ხოტბა) ღაწვ-ბადახშოვანი და თმა-გიშეროვანი მზე თამარ მეფის ლომს, რომელსაც უხდება ხმარება სავაჟკაცო საომარი საჭურვლისა - შუბისა და ფარ-ხმლისა (ფარ-შიმშერისა).
როგორც შინაარსიდან ჩანს, პროლოგის მესამე სტროფი ამკობს ორ პირს, თამარ მეფეს და მის ლომს. სიტყვა ლომი ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით (ფალავანი, გმირი, რაინდი). თამარის ლომი შეიძლება იყოს მხოლოდ თამარის მეუღლე. ეპილოგში ეს ლომი მოხსენიებულია უკვე საკუთარი სახელით - დავით (1666). პოეტი მას აღიარებს ქართველთა ღმერთად, აღმოსავლეთით და დასავლეთით იგი შიშის ზარს სცემს მტრებსო.
ასეა დახასიათებული დავითი ”თამარიანშიც”. საგულისხმოა, რომ ჩახრუხაძეც დავით სოსლანს უწოდებს ლომს (V, 32; IX, 10). ლომის ეპითეტით არის შემკობილი ”აბდულმესიანის” ქების ობიექტი მამაკაცი (21, 3).
ერთი სიტყვით, ”ვეფხისტყაოსნის” პროლოგის ლომი დავით სოსლანია.
პროლოგის მე-4 სტროფი საგანგებოდ და საკუთრივ აქებს თამარ მეფეს:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული."
”ვეფხისტყაოსანი” შეთხზულია თამარ მეფისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის ხანაში, ე. ი. 1189-1207 წლებს შუა (1189 წელს მოხდა თამარისა და დავითის შეუღლება, 1207 წელს დავითი გარდაიცვალა). ამ დათარიღებას ემთხვევა ლიტერატურის ისტორიის მონაცემები. რუსთველი იცნობდა ნიზამი განჯელის პოემას ”ლეილი და მაჯნუნი”, რომელიც დაიწერა 1188 წელს. ეს არის უადრესი თარიღი “ვეფხისტყაოსნის” წარმოშობისა. საყურადღებოა ”ვეფხისტყაოსნის” მინაწერის ცნობაც:
"ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულმესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა."
”ამირანდარეჯანიანის” გმირებს იცნობს “თამარიანი” და თამარის ისტორია (”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”), ”თამარიანში” დასახელებულია ჩვენს დრომდის არმოღწეული თხზულების გმირი დილარგეთი. ”აბდულმესიანის” ქების საგანი მანდილოსანი უეჭველად არის თამარ მეფე.
”ვეფხისტყაოსანი” რომ მე-12 საუკუნის გასვლამდე ყოფილიყო დაწერილი, მის პერსონაჟებს "ამირანდარეჯანიანისა”, “ვისრამიანისა” და სხვა თხზულებების გმირებთან ერთად (და უფრო მეტად) დაიმოწმებდნენ მეხოტბენი და თამარის ისტორიკოსი. მაშასადამე, ”ვეფხისტყაოსანი” კლასიკური პერიოდის ერთი უგვიანესი ძეგლთაგანია. მას უსწრებს ”ამირანდარეჯანიანი”, “ვისრამიანი”, “დილარგეთიანი”; “აბდულმესიანი” და ”თამარიანი” კი დაახლოებით ”ვეფხისტყაოსნის” თანადროული პოემებია.
ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ”ვეფხისტყაოსანი” შეთხზულია მე-12 საუკუნის მიწურულში ან მე-13-ის დასაწყისში.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II
















