მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 987 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თავისი ვინაობის გამჟღავნებრს შემდეგ ”ვეფხისტყაოსნის” ავტორი ამბობს (9):

"ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები".

მოყვანილი ტექსტის აზრი ისაა, თითქოს რუსთველს ხელთ ჰქონია სპარსულიდან მომდინარე ქართული პროზაული მოთხრობა და ის "გარდაუთქვამს" (შეუწყვია) ლექსად. ვახტანგ მეექვსის (1675-1737) სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდის ამ სტროფის შინაარსი ჩვეულებრივ პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ. ვახტანგმა თავის კომენტარებში კრიტიკულად განიხილა საკითხი და აღნიშნა: ”ეს ამბავი (ე. ი. ვეფხისტყაოსნის ამბავი) სპარსში არ არის... სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება”. მეცნიერი კომენტატორის სიტყვით, რუსთველმა თავისი პოემის ”ამბავიც თვითან გააკეთა და ლექსადაც” თვითონ გააწყო. მაშასადამე, ვახტანგის თვალსაზრისით, რუსთველს ეკუთვნის ”ვეფხისტყაოსნის” ფაბულაც, სიუჟეტიც და ლექსიც, პოემის შინაარსიც და ფორმაც.

ვახტანგი იყო სპარსული ენისა და მწერლობის საუკეთესო მცოდნე და დამფასებელი, მან პირადად სპარსულიდან თარგმნა ისეთი ცნობილი ლიტერატურული ძეგლები, როგორიცაა ყაბუს-ნამე (ამირნასარიანი) და ქილილა და დამანა. ვახტანგს საგანგებოდ უძებნია სპარსულ მწერლობაში ”ვეფხისტყაოსნის” პროტოტიპი, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნებულა, რომ მსგაგსი რამ საერთოდ არ არსებობს, ამიტომაც კატეგორიული ფორმით ასკვნის: ეს ამბავი სპარსში არ არისო.

გულმოდგინედ ეძებდა ”ვეფხისტყაოსნის” პროტოტიპს აკად. ნ. მარი. ერთ დროს მას ბრიტანეთის მუზეუმში ეგულებოდა ასეთი პროტოტიპი, მარი წერდა: ”ველი ცნობებს ერთ სპარსულ ხელნაწერზე, რომელიც ბრიტანულ მუზეუმში ინახება ლონდონში და იქნება თვით ვეფხისტყაოსნის დედანია, რადგან ხელნაწერი შეიცავს, როგორც კატალოგიდგან ჩანს, ”შაჰრიარ-ნამეს”, ესე იგი წიგნს შარიერზე (ტარიელზე), რომლის ამბავი ინდოეთში მომხდარა”. ნ. მარის ვარაუდი არ გამართლდა, ”შაჰრიარ-ნამე” არ აღმოჩნდა ტარიელის წიგნი. ნ. მარი მაინც დაჟინებით იმეორებდა: "მისი (იგულისხმება რუსთაველის პოემა) სიუჟეტი აღებულია სპარსული ლიტერატურიდან, მაგრამ დღემდე სპარსულ ენაზე მისი ორიგინალი ან თუნდაც რაიმე კვალი არ აღმოჩენილა.“

თავის მონოგრაფიულ ნაშრომებში ნიკო მარი მეცნიერული ობიექტურობით ამტკიცებს ”ვეფხისტყაოსნის” იდეური შინაარსის სრულ ორიგინალობას. მის ქართულ-ნაციონალურსა და ხალხურ ხასიათს, მაგრამ სიუჟეტის სპარსულიდან მომდინარეობის აკვიატებული მოსაზრებისაგან მკვლევარს უკან არ დაუხევია.

უნაყოფო გამოდგა ”ვეფხისტყაოსნის” ფაბულის პროტოტიპის ძებნა შუა აზიის ხალხთა ფოლკლორში. პოეტმა და ”ვეფხისტყაოსნის” მკვლევარმა კ. ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა ე. წ. ”ვეფხისტყაოსნის” უზბეკური ვერსიის ტექსტი, რომელიც თითქოს ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულში თუ მე-20-ის დასაწყისში.

კ. ჭიჭინაძის მოსაზრებით, ”უზბეკისტანში ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი შეიძლებოდა შესულიყო ან საქართველოდან, ან მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებიდან”. კ. ჭიჭინაძე უფრო იქითკენ იხრება, რომ ”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტი შუა აზიაში უნდა შესულიყო საქართველოდან ”ან მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში, ხვარაზმელთა ძლიერების დროს, ან, უფრო საფიქრებელია, მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც თემურ-ლენგმა, უზბეკისტანის ხანმა, დაიპყრო მთელი შუა და წინა აზია, მათ შორის კავკასიაც”. ნამდვილად კი ”ვეფხისტყაოსნის” უზბეკური ვერსიის ავტორი ყოფილა ფაზილ იულდაშევი, და ეს ვერსია შექმნილა რუსთველის საიუბილეო დღეებში, ე. ი. 1937 წელს. ამის თაობაზე პირდაპირი ხასიათის ცნობას გვაძლევენ უზბეკური ფოლკლორის მკვლევარნი ვ. ჟირმუნსკი და ხ. ზარიფოვი.

ამრიგად, სრულიად უსაფუძვლოა ”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის (ფაბულის) უცხოური წარმოშობილობის თეორია. რასაკვირველია, ”ვეფხისტყაოსნის” ღირსებას ვერაფერს დააკლებდა, მისი ფაბულა რომ ნასესხები ყოფილიყო. ცნობილია, რომ ”ნასესხებია” ფაბულა გოეთეს “ფაუსტისა”, შექსპირის პიესებისა, ფირდოუსისა და ნიზამი განჯელის პოემებისა, პუშკინის დონ-ჟუანისა, ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი ნაწარმოებისა...

აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთგვარ წესად იყო მიღებული პოპულარული ამბების დამუშავება. პოეტები თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ სახელის მოსახვეჭად თავისებური შეჯიბრების წესით (რასაც ნაზირა ერქვა) ფართოდ გავრცელებულ სიუჟეტებზე ეშინჯათ შემოქმედებითი ძალ-ღონე. ”ლეილი და მაჯნუნი”, “ხოსროვი და შირინი”, “იოსებ და ზილიხანი”, ”ბაჰრამ-გური” (შვიდი მზეთუნახავი, შვიდი მთიები), ”ისქანდერ-ნამე” და ზოგი სხვა სიუჟეტი მთლიანად თუ ნაწილობრივ დამუშავებული აქვს ათეულ სხვადასხვა ავტორს, მათ შორის ნიზამი განჯელს (1141-1211), ხოსრო დეჰლელს (1253-1325), აბდურ რაჰმან-ჯამის (1414-1492), ალიშერ ნავოის (1441-1501).

მსგავსი სიუჟეტების ”სესხება” ითვლებოდა სასახელო საქმედ. ფირდოუსის ”შაჰ-ნამე” თავის არსებითს ნაწილში მზამზარეული პროზაული ტექსტის გალექსვას წარმოადგენს.

მაინც არსაიდან ჩანს, რომ რუსთველის პოემის ფაბულა ნასესხები იყოს: არც სპარსეთში, არც სხვაგან სადმე, არ მოიპოვება სიუჟეტურად ”ვვფხისტყაოსნის” მსგავსი ლიტერატურული ნაწარმოები, თქმულება ან ამბავი. ჯერ კიდევ ვაჟაფშაველამ სამართლიანად აღნიშნა: ”თუ ვეფხისტყაოსნის არაკი (ე. ი. სიუჟეტური ამბავი) მართლა სპარსულია, ამისთანა შინაარსიანს არაკს გამლექსავი, დამწერი, თვით სპარსეთშიაც ბევრი აღმოუჩნდებოდა”. “ვეფხისტყაოსნის” ამბავი გაცილებით უფრო მიმზიდველია და, მაშასადამე, წაბაძვის საცთურსაც გაცილებით მეტად შეიცავს, ვიდრე ზემოთ დასახელებული პოემები.

დასასრულ, უმნიშვნელო გარემოება როდია, რომ ”ვეფხისტყაოსანი” გამსჭვალულია ანტისპარსული ტენდენციით. ”ვეფხისტყაოსნის” ამბავი შეუქმნია თვითონ შოთა რუსთველს. ”სპარსული ამბის” მომიზეზებით რუსთველმა გამოიყენა მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი ხერხი - სიუჟეტური შენიღბვის ხერხი, სიუჟეტის ხელოვნურად გაუცხოურებისა თუ გაუცნაურების ხერხი. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ამ ხერხის გამოყენების საილუსტრაციოდ საკმარისი იქნება ორი თვალსაჩინო მაგალითის დასახელება. სახელგანთქმულ ფრანგ მწერალსა და მოაზროვნეს შარლ მონტესკიეს (1689-1755) ეკუთვნის ერთი შესანიშნავი თხზულება ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმიერო სათაურით - ”სპარსული წერილები”.

ამ თხზულებით მონტესკიემ გააშიშვლა და დაუზოგავად ამხილა ფეოდალურ-აბსოლუტისტური საფრანგეთის სამეფო კარისა და მაღალარისტოკრატიული საზოგადოების გახრწნილება. ოღონდ ავტორმა ეს ერთგვარად შენიღბა შინაარსობლივადაც და სიუჟეტურადაც. მონტესკიეს თხზულება ეპისტოლური აღნაგობისაა. ეპისტოლეებს (წერილებს) წერენ ”სპარსელები”. ამ წერილებით ისინი თითქოს აღწერენ სპარსეთის ამბებს. მონტესკიე თავისი თხზულების შესავალში საგანგებოდ აცხადებს, ვითომც ის სპარსელები, რომელთა სახელითაც არის წერილები გამოქვეყნებული, მასთან ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, ვითომც მეზობელი სპარსელები მას აცნობდნენ წერილების შინაარსს და, ბოლოს, ვითომც მონტესკიე თავისთვის ”იწერდა” იმ წერილებს.

მონტესკიე პირდაპირ ამბობს, რომ ”სპარსული წერილების” გამოქვეყნებით იგი თითქოს ”ასრულებს მხოლოდ მთარგმნელის მოვალეობას”. გამონაგონის კიდევ უფრო შესანიღბავად მონტესკიე შენიშნავს, რომ იგი შეეცადა რამდენადმე შეემსუბუქებინა მკითხველისათვის აზიური ენის” სპეციფიკური ხასიათის დაძლევა და გადაერჩინა ”მრავალრიცხოვანი მაღალფარდოვანი გამოთქმებისაგან, რაც უკიდურესად მოსაწყენი იქნებოდა მისთვისო”. ერთი სიტყვით, მონტესკიე თავისთვის მიიწერს სხვისი ნაწერების (სპარსული წერილების) მხოლოდ მთარგმნელისა და რამდენადმე ლიტერატურული რედაქტორის პატივს. ნამდვილად, რა თქმა უნდა, ”სპარსული წერილები” მონტესკიეს საკუთარი თხზულებაა და მას არაფერი საერთო არ აქვს სპარსეთთან და სპარსულ მწერლობასთან არც სიუჟეტურად, არც შინაარსობლივად და არც იდეურად.

სიუჟეტური შენიღბვის ხერხი უცნობი არ ყოფილა არც ძველი ქართული მწერლობისათვის. მაგალითად, პოეტი ბესარიონ გაბაშვილი (1750-1791) თავისი პოემის ”რძალ-დედამთილიანის” შესავალში ამბობს:

"სოფელსა ვიყავ სამარყანდს, ვნახე საქმე საკვირველი,

დილა მუნვე გავითენე, სახლსვე ვიყავ წამომსვლელი,

იქ ვიხილე - ყივილითა ქალი მიქრის თავშიშველი."

ჩვენ ვიცით, რომ ბესარიონ გაბაშვილი არასოდეს ყოფილა სამარყანდში, ”რძალდედამთილიანის” სიუჟეტი მან თვითონ შეთხზა. თუ თავისი პოემის სიუჟეტი ბესიკმა უცხოეთის სინამდვილეს დაუკავშირა, ამით იგი მოერიდა თხზულებაში მოთხრობილი ამბის საჩოთირო მხარეს.

ასევე უნდა გადაწყდეს “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის (ფაბულის) საკითხიც. რუსთველი შეგნებულად და გეგმაშეწონილად აუცხოურებს თავისი პოემის სიუჟეტს, იყენებს სიუჟეტური შენიღბვის ხერხს. შენიღბვის საჭიროებას ალბათ იწვევდა ”ვეფხისტყაოსანში” ასახული ამბის გამჭვირვალე ისტორიული ასოციაციები და პოემაში გატარებულ სოციალურ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-ფილოსოფიურ შეხედულებათა რადიკალიზმი. ამიტომაც პოეტმა თავისი თხზულების წყაროდ გამოაცხადა ”სპარსული ამბავი”, მოქმედება გაშალა უცხოეთის დიდ გეოგრაფიულ არეზე (არაბეთსა, ინდოეთსა, ხატაეთსა და გამონაგონ ქვეყნებში - მულღანზანზარში, გულანშაროში, ქაჯეთში...), შესაფერისადვე უცხოური სახელი შეარქვა თავის ზოგიერთ პერსონაჟს, მათ შორის ნესტან-დარეჯანს, თუმცა ზოგიერთს მაინც ქართული სახელწოდება შეუნარჩუნა (ტარიელი, თინათინი...).

”ვეფხისტყაოსნის” ბევრ დაკვირვებულ მკვლევარს კარგად ჰქონდა შემჩნეული პოემის სიუჟეტისა და იდეური შინაარსის ორგანული კავშირი საქართველოს ისტორიულ სინამდვილესთან, ქართველი ხალხის ცხოვრებასთან, მოწინავე ქართველი საზოგადოების აზროვნებასთან. ჯერ კიდევ სწავლული ბატონიშვილი თეიმურაზი ამბობდა: ”ესე უკვე წიგნი ლექსთანი ვეფხისტყაოსანი ყოველთა ქართველთა სიბრძნისმოყვარეთა შორის უმეტეს ყოველთა ზედა სხვათა ბევრთა თხზულებისაგან არს უმეტეს მოწონებული, ვინაიდგან ქართულსა ხარაკტირსა ზედა არს შეწყობილი. ხოლო მოლექსეობას შინა რუსთაველი არცა ბაძავს ბერძენთა, არცა სპარსთა, არამედ აქვს მას მხოლოდ აღრჩეულ ლექსთა თვისთა შეთხზვისათვის საკუთარი ქართული ხარაკტირი და ჩვეულება, გინა ზნეობა”.

ამასვე იმეორებს თეიმურაზი სხვაგანაც: ”წიგნი ესე ვეფხისტყაოსანი შეიცავს თვისს შორის თუმცაღა ზღაპარსიტყვაობასა, მაგრამ ფრიადისა ხელოვნებითა შეწყობილ არს ესე სრულიად ძველსა ქართველთა ზნეობათა, ჩვეულებათა და ხარაკტირსა ზედა ენისა ჩვენისასა”. ამ მხრით არსებითად თეიმურაზ ბატონიშვილის თვალსაზრისს ავითარებს აკადემიკოსი მარი ბროსე ”ვეფხისტყაოსნის” მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში. ბროსეს სიტყვითაც, ”ვეფხისტყაოსნის” “გმირების ზნეობა, ყოფაქცევა, გულოვნება, ძმური მეგობრობა, უთუოდ ქართველთა გულს, ზნეობას, ერთის სიტყვით ვსთქვათ, სრულს მათს ხარაკტერს გამოგვიხატავენ”.

ბროსეს მოსაზრებით, რუსთველს ”თვით შეუთხზავს ზღაპარი ესე უფრო თამარ მეფის ქებისათვის და დაუწერია შეთანხმობითა საქართველოს მოთხრობისათა” (იქვე). ფრანგი მეცნიერის დაკვირვებით, ”ვეფხისტყაოსანი” უნდა წარმოადგენდეს ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებს, სადაც იხატება ისტორიული ამბები და ისტორიული პერსონაჟები. ბროსემ მოიყვანა ერთი კონკრეტული მაგალითი და განზოგადებული დასკვნაც გამოიტანა: ”ხვარაზმშაჰის ძის ნესტან-დარეჯანზე გამიჯნურების ამბავი:

ვინ არ მიხვდება მოსვლასა ხორაზმშაჰისა ტფილისს და თხოვნა(სა) თამარ მეფისა ცოლად... და უსაცილოდ სხვანიცა მოქმედნი პირნი ვეფხისტყაოსნისა თვით ქართველნი არიან და წარმოადგინებენ თვითო მათგანი საქმეთა თამარ მეფის დროს მომხდართა”.

აკადემიკოსმა ბროსემ სათავე დაუდო ”ვეფხისტყაოსნის” შინაარსის ალეგორიად მიჩნევას და იმის ისტორიულ-ნაციონალურ ინტერპრეტაციას. ბროსეს გზას მიჰყვნენ ”ვეფხისტყაოსნის” მკვლევართა თაობები.

ისტორიული ანალოგიების დადგენის პირველი სერიოზული ცდა ეკუთვნის დავით ჩუბინაშვილს. ”ნესტან დარეჯნის გმირის სახელის ქვეშ იმალება თვით თამარ მეფე” - წერდა დ. ჩუბინაშვილი. მკვლევარის განმარტებით, ნესტანის მსგავსად თამარიც ერთადერთი ასული იყო გიორგი მესამისა. თამარს ზრდიდა მამიდა რუსუდანი, ნესტანს - მამიდა დავარი; ერთად იზრდებოდნენ თამარი და დავით სოსლანი, ნესტანი და ტარიელი, ერთნაირად ჩაისახა სიყვარული ამ პირთა შორის; ხვარაზმშაჰი ეძიებდა თამარის ხელს, ხვარაზმშაჰის შვილი მოიყვანეს ნესტანის საქმროდ; ინდოეთი შვიდი სამეფოსაგან შედგებოდა, შვიდ-სამეფო იყო საქართველოც; ქაჯეთის ციხე იმერეთშიაო.

დ. ჩუბინაშვილის ინტერპრეტაციას ბევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ისტორიკოსებმა დ. ბაქრაძემ, მ. ჯანაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ.

ვაჟა კითხულობდა: ”შესაძლებელია განა ესა, თუ მთელი ვეფხისტყაოსანი ალეგორია არ არის?” კითხვას იქვე გადაჭრითი ხასიათის პასუხი ჰქონდა გაცემული: ”სწორედ რომ ალეგორიააო”. ალეგორიული ენა რუსთველს იმისათვის დასჭირდაო, ამბობდა ვაჟაფშაველა, რომ: ”ნამდვილად მომხდარი ამბავი დაგვიხატოს, რომლის მოწამეც თავად არის, რაც მეფე თამარს და მის მეუღლეს შეეხება”. ვაჟა-ფშაველას სიტყვით, ”ვეფხისტყაოსნის არაკი ნამდვილი ამბავია, მომხდარი საქართველოში. ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი, ნესტან-დარეჯანი, თინათინი და სხვა და სხვა ისტორიული პირები არიან გადასხვაფერებულის სახელებით”.

”ვეფხისტყაოსანში” აღწერილია ორი ამბავი - ამბავი არაბეთისა და ამბავი ინდოეთისა. პოემაში შესაფერისად გამოყვანილია გმირთა ორი წრე. ეს გარემოება ართულებს სიუჟეტის ალეგორიულად ინტერპრეტაციის საქმეს. ზოგიერთი მკვლევარის დაკვირვებით, საქართველოს ისტორიული ცხოვრება აირეკლა მხოლოდ არაბეთის ამბავში.

ჩვენ ვერ გავიზიარებთ ”ვეფხისტყაოსნის” ალეგორიული ინტერპრეტაციის თვალსაზრისს. ”ვეფხისტყაოსნის” ამბისა და პჟრსონაჟების ანალოგიები და პარალელები საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან ზოგჯერ შემთხვევით ხასიათს ატარებს და ნებისმიერია. ამისდა მიუხედავად, ჩვენთვის უდავოა, რომ რუსთველის პოემაში გარკვეული ასოციაციებით ნამდვილად აღბეჭდილია მე-12 საუკუნის საქართველოს სწორედ კონკრეტულ-ისტორიული სინამდვილის ნიშანდობლივი მოვლენები და ცალკეული ფაქტებიც. ზოგი რამ ამ მხრით სრულიად გამჭვირვალეა. ”ვეფხისტყაოსანი” მიძღვნილია თამარისადმი, თამარის სახე უთუოდ თინათინობს პოემაში, ნესტანის და თინათინის (განსაკუთრებით ნესტანის) მხატვრულ სახეებში გადატანილია თამარის სახის რეალურ-ისტორიული ნიშნები.

პოემის ზოგიერთი სიუჟეტური მოტივი თუ სიუჟეტური დეტალი საქართველოს ისტორიული სინამდვილის ანარეკლია. ასეთია, პირველ ყოვლისა, მეფეების მხრივ მემკვიდრე ვაჟების უყოლობა და ქალის გახელმწიფება. ქალისა და მამაკაცის გარკვეული ასპექტით უფლებრივად გათანასწორების იდეა, საზოგადოდ ქალის თაყვანისცემა, თავისუფალი სიყვარულის ქადაგება, თავისუფალი და ნებაყოფლობითი მეუღლეობის პრინციპის დაცვა და მისთანანი შთაგონებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ისტორიული სინამდვილით.

საგულისხმოა, რომ ”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის სპარსულობის დამცველი ნ. მარიც კი აღიარებს, რომ პოემაში მინიშნებით ასახულია ავტორისათვის ნაცნობი ტიპები და მოვლენები მის დროინდელი ცხოვრებიდან. ნ. მარი პირდაპირ ამბობდა, "არ შეიძლება "ვეფხისტყაოსანი" არ მივიჩნიოთ ქართული თანამედროვე ცხოვრების ექოდ და მშვენიერი თამარ დედოფლის, იმ ეპოქის ცენტრალური ფიგურის არც თუ უნებლიე ანარეკლად.

 

* * * * * * *

ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ