ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები
მდიდარია და მრავალფეროვანი ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა წრე. რუსთველს სამოქმედო ასპარეზზე გამოჰყავს სხვადასხვა სოციალური რანგისა, სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ქვეშევრდომობისა, სხვადასხვა ტომობრივი წარმოშობისა და სხვადასხვა ხასიათის გმირები, მარდილოსნები და მამაკაცები.
პოემის სიუჟეტი მკაფიოდ განსაზღვრავს ავტორის ჩანაფიქრს თითოეული პერსონაჟის ადამიანურ რაობასა და სოციალურ თვისებებზე. ”ვეფხისტყაოსნის” მოქმედება გაშლილია დიდ გეოგრაფიულ არეზე, პოემის მოქმედ პირებად გამოყვანილი არიან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელნი და სხვადასხვა ინდივიდუალობის პერსონაჟები. ამისდა მიუხედავად, რუსთველი უაღრესად ნაციონალური პოეტი-მოაზროვნეა.
”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟები მე-11-12 საუკუნეების ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ცოცხალი ინდივიდუალიზებული ხასიათებია. ამ სახე-ხასიათებს ეტყობა რომანტიზაციისა და იდეალიზაციის იერი, თუმცა სახეების გამოკვეთაში მიღწეულია ნამდვილი ტიპოლოგიური განზოგადება. იმდროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემა ისე მკაფიოდ იგრძნობა პოემაში, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრ მკვლეკარს “ვეფხისტყაოსნის” სიტუაციები და პერსონაჟები რეალურ-ისტორიული მოვლენებისა და რეალურ-ისტორიული პიროვნებების მხატვრულ შესატყვისობად ეჩვენება. საეჭვო არ არის, რომ რუსთველი რეალურისტორიული სამყაროდან იღებდა თავისი დიდებული ნაწარმოების ასაგებად საჭირო საშენ მასალას. ეს შეეხება პოემის როგორც სიუჟეტურ სიტუაციებს, ისე კონკრეტულ პერსონაჟებს.
რუსთველს ისე მიჰყავს სიუჟეტური ამბავი, რომ ბუნებრივ ვითარებაში დამაჯერებლად ხსნის თავისი გმირების ინდივიდუალურ ხასიათებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რუსთველს არ იტაცებს პერსონაჟთა მოქმედების გარეგნული ფორმები; პოეტი ღრმად გვახედებს გმირების შინაგანი, სულიერი ცხოვრების სამყაროში. ფსიქოლოგიზმი, პერსონაჟების სულიერი განცდების ღრმა ანალიზი, პერსონაჟების სულიერი ცხოვრების სრულყოფილად ჩვენება წარმოადგენს რუსთველის შემოქმედებითი ნოვატორობის ნიშანდობლივ მხარეს.
ვეფხისტყაოსნის მთავარი იდეურ-თემატიკური მოტივები
სიყვარული და ქალის თაყვანისცემა
რუსთველი მხურვალედ უმღერის ადამიანის გამაკეთილშობილებელსა და ამამაღლებელ თავისუფალ სიყვარულს. ”სიყვარული აღგვამაღლებსო”, აცხადებს პოეტი ავთანდილის პირით (791, 3). სიყვარულის ამ ამამაღლებელ გრძნობას ემსახურება ”ვეფხისტყაოსნის” წამყვან პერსონაჟთა ორივე წყვილი - ნესტანი და ტარიელი, თინათინი და ავთანდილი.
”ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, სიყვარული არის ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების მასულდგმულებელი წყარო. სიყვარული ალამაზებს, ააზრიანებს და ახალისებს ადამიანის სიცოცხლეს, სიყვარული ქმნის გმირობისა და მამაცობის სტიმულს. ნესტან-დარეჯანი ასე აფრთხილებდა მიჯნურობისაგან გაშმაგებულ ტარიელს (377, 1-2):
"ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია."
სიყვარული აწრთობს ვაჟკაცის ნებისყოფას, მის ხასიათს, მისი მკლავის სიმკვეთრეს. სიყვარული ასაზრდოებს ვაჟკაცის აქტივობას, ფრთებს ასხამს მის მოქმედებას, მის ბრძოლისუნარიანობას. სიყვარული უმახვილებს ადამიანს საზოგადოებრივი მოვალეობის გრძნობას. მგრძნობელობითი სიყვარული აძლიერებს სამშობლოსადმი სიყვარულს. შეყვარებულ ვაჟკაცს უწინარეს ყოვლისა მოეთხოვება საზოგადო მოღვაწეობა და მშობლიური ქვეყნის სამსახური. იმავე წერილში ნესტანი ავალებდა სატრფოს (379, 2):
"წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე."
სიყვარული აფაქიზებს მგრძნობელობას, ენერგიას მატებს და პასუხისმგებლობის გრძნობას უმძაფრებს როგორც მამაკაცს, ისე ქალს. ნესტანს ამოქმედებდა არა ყმაწვილქალური ჭირვეულობა, არამედ პატრიოტული შეგნება ხატაელებმა მუხთლურად დაარღვიეს პირობა, შელახეს ინდოეთის სუვერენობა. ამის გამო ნესტანი ტარიელს ავალებდა ინდოეთის სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვას, მიჯნური ქალი მიჯნურ ვაჟს მოუწოდებდა საქვეყნო სამსახურისათვის (377, 3-4):
"ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია."
შეყვარებული ნესტანის ნაზი გული ამხილებდა დიდ შინაგან მღელვარებას, მაგრამ საზოგადოებრივი მოვალეობის შეგნება მას უკარნახებდა გრძნობების გონებისადმი დაქვემდებარების საჭიროებას. მძიმე დავალება გარდაუწყვიტა თავის მიჯნურს თინათინმაც (უცხო მოყმის ძებნა). ამ დავალების შესრულებას უნდა განემტკიცებინა მათი სიყვარული. ”შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარეო”, უთხრა თინათინმა ავთანდილს (131,1).
სიყვარულმა გამობრძმედა და გააკაჟა ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟები, გმირული სული გაუღვივა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. სიყვარულმა დააახლოვა და დააძმობილა პოემის სამი შესანიშნავი ვაჟკაცი - ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი.
სიყვარულმა შემუსრა ხატაეთი, ქაჯეთის ციხე. სიყვარულმა შესძინა ნესტანს გოლიათური მორალური ძალა. ქაჯეთის შემზარავ ციხეში გამომწყვდეული შეყვარებული ქალი როდი მიეცა სასოწარკვეთილებას, მან გამოიჩინა განმაცვიფრებელი სულიერი მხნეობა, ფიზიკური გამძლეობა და გონებრივი სიფხიზლე. უზომოდ შეყვარებულმა ნესტანმა საკუთარი ვნებები და გრძნობები დაიმორჩილა, სატრფოს კი მოსთხოვა მიჯნურული შმაგობის დაძლევა და უმწეოდ დარჩენილი სამშობლო-ქვეყნის დასახმარებლად გამგზავრება. ნესტანი ქაჯეთის ციხიდან სწერდა თავის სათაყვანებელ ტარიელს (1307 1-2):
"წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა."
უდიდესი განსაცდელის დროსაც ნესტანი არ ჰკარგავდა სულიერ მხნეობას, გასაჭირისაგან გამოსავალს ეძებდა, გონებას ეკითხებოდა, ბრძნულად სჯიდა (1191, 2-4):
"ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა,
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა."
ნესტანისა და ტარიელის (ისე როგორც თინათინისა და ავთანდილის) სიყვარულს ადიადებს სრული და უყოყმარო თავგანწირულების იდეა. ნესტანი ტარიელისათვის და ტარიელი ნესტანისათვის სიცოცხლეს არ დაიშურებდა, ორივე დაუფიქრებლად გაიღებდა თავის სიცოცხლეს სატრფოს გულისათვის, თუ ამისი საჭიროება შეიქმნებოდა.
“ვეფხისტყაოსანში” ასახული სიყვარული უაღრესად ადამიანურია, მაღალზნეობრივი, მგრძნობიარე, ენგელსის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, სქესობრივი სიყვარული . ამ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო არც აღმოსავლურ სუფისტურ-მისტიკურ მიჯნურობასთან ან ეროტიკასთან, არც დასავლურ უსაგნო რაინდულ ტრფიალებასთან ან ეგრეთწოდებულ პლატონურ (სულიერ) გატაცებასთან. შემთხვევით არ გაემიჯნა რუსთველი საზეო, საღმრთო მიჯნურობას და მტკიცედ აღიარა: “ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიანო”.
ნესტანისა და ტარიელის (თინათინისა და ავთანდილის) სიყვარული ამქვეყნიური, ბუნებრივი, მიწიერი, ხორციელი სიყვარულია, ოღონდ მაღალზნეობრივი და ამაღლებული. ასეთ სიყვარულს შეჰფერის ქალ-ვაჟთა ურთიერთობაში ზომიერება, თავდაჭერილობა, სიფაქიზე. ”ვეფხისტყაოსანი” ბუნებრივად თვლის შეყვარებული ქალ-ვაჟის ურთიერთისადმი ლტოლვას, სიახლოვით დატკბობას, ალერსის სიამოვნებას. პროლოგის სიტყვები “მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში” (25, 4) სწორედ უგულო ”სიყვარულს”, სექსუალურ აღვირახსნილობას გულისხმობს. მძიმე ”თათბირისა და გამორჩევის” შემდეგ ტარიელი უნდა გამომშვიდობებოდა სატრფოს, თავდაჭერილი ნესტანი თავისმა წადილმა გასცა, მას უმძიმდა ტარიელის განშორება, ჭაბუკს აგრძნობინა დარჩენილიყო. ტარიელი გვიამბობს (546, 3-4):
"მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,
მწადდა, მაგრა გერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა."
რა ბუნებრივი და უცოდველი იყო ტარიელის სურვილი. ველად გაჭრილმა მიჯნურმა ერთხელ ვეფხი შეიპყრო, რომ დაეკოცნა ნესტანის სიმბოლო (”მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა”).
”ვეფხისტყაოსნის” პროლოგის მიხედვით, სიყვარულის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი პირი, რუსთველი მიჯნურისაგან მოითხოვს: ”გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში” (25, 3). ზოგი ფიქრობს, თითქოს ეს წესი ავთანდილმა დაარღვია ფატმანთან თავისებური სამიჯნურო ურთიერთობის გაბმით.
უნდა ვიცოდეთ, რომ ავთანდილს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა ვაჭრის ცოლის აშიკობა. თუ ავთანდილმა ფატმანს გარეგნულად მაინც თანაგრძნობა გაუწია, ჭაბუკის საქციელს ამართლებს მისი საერთო კეთილშობილური მიზანდასახულობა; ავთანდილს უნდა მოეგო ფატმანის გული და გამოეყენებია ვაჭრის ცოლი ნესტანის ძებნის საქმეში, ავთანდილი ასე მსჯელობდა (1092): ”ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა, მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა... ნუთუ რა მარგოსო”. რუსთველი საჭიროდ თვლის ხაზი გაუსვას ავთანდილის იძულებითს მოქმედებას და მის სრულ ინდიფერენტიზმსა და გულგრილობას ფატმანის ტრფიალებისადმი. ამ მხრით განსაკუთრებით საგულისხმოა 1252-ე სტროფი.
ფატმანის ეპიზოდით რუსთველი აშიშვლებს უგულო სიყვარულის პირფერულსა და საძრახის ხასიათს. ავთანდილი იძულებული გახდა გაეზიარებინა ფატმანის სარეცელი, მაგრამ მას არ უღალატნია რაინდული სიყვარულისათვის საზოგადოდ და სათაყვანებელი არსებისათვის კერძოდ. ფატმანთან უგულო ალერსის მომენტშიც მას ”ჰკლვიდა თინათინის გონება”.
რუსთველური სიყვარული საფუძვლად ედება მეუღლეობას. პოეტი აყენებს და თანმიმდევრულად ავითარებს ურთიერთსიყვარულზე დამყარებული, თავისუფალი, ძალდაუტანებელი მეუღლეობრივი კავშირის იდეას. კდემამოსილი ნესტანი უკვე პირველი წერილით უმხელდა ტარიელს (378, 1-2):
"შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია."
ზრდილი და თავდაჭერილი თინათინიც ფიცით არწმუნებდა თავის მიჯნურს (133):
"ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი."
”ვეფხისტყაოსანში” აღწერილი ადამიანური ტრაგედიის ამბავი გამოიწვია ძალდატანებითი მეუღლეობის განხორციელების წადილმა.
ფარსადან მეფე და დედოფალი ბრმანი უნდა ყოფილიყვნენ, რომ არ დაენახათ და არ ეგრძნოთ ნესტანისა და ტარიელის ურთიერთისადმი მძლავრი სატრფიალო მიზიდულობა; მათ კი მოიწვიეს თათბირი, საბედისწერო ფაქტის წინაშე დააყენეს ზრდილი რაინდი ტარიელი და არსებითად მას მოსთხოვეს მორალური თვითმკვლელობის დასტური. ტარიელის მდგომარეობა აღემატებოდა ყოველგვარ სასჯელს. აღმზრდელისა და პატრონისადმი ერთგულების, მორიდებისა და მორჩილების რაინდული შეგნება მას უკარნახებდა თავშეკავების საჭიროებას.
აუტანელი იყო ”დამწვარი”, “დანაცრებული” ტარიელის ტანჯვა. ფარსადანმა არ დაინდო არც ტარიელი, არც ნესტანი. მან ანგარიში არ გაუწია ქალ-ვაჟის უმწიკვლო გრძნობებს, თითქოს სახელმწიფოებრივი ინტერესები უკარნახებდა მეფეს თავისი ერთადერთი ასული მიეთხოვებინა უცხოელი კაცისათვის. მეფე და დედოფალი ასე მსჯელობდნენ (509):
"აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ."
მეფე ფარსადანი ძველ, დრომოჭმულ თვალსაზრისზე იდგა. ამ თვალსაზრისით ქალს არ ეკითხებოდა საკუთარი ბედ-იღბლის საქმე. შუა საუკუნეებში ყველგან და, კერძოდ, საქართველოშიც ქალისათვის საქმროს არჩევა, როგორც წესი, მშობლების პრეროგატივს შეადგენდა. ნესტანის გათხოვების საკითხს ფარსადანი იყენებდა ხელსაყრელი პოლიტიკური გარიგებისათვის. ხვარაზმშაჰის შვილის ჩასიძებით ფარსადანი იძენდა ძლიერ მოკავშირესა და მფარველს. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ყმაწვილ-ქალის გულისთქმასა და გრძნობითს განწყობილებებს. ნესტანი აღაშფოთა მშობლების უსულგულო დამოკიდებულებამ.
სათნო ხასიათის ქალმა მაინც არ დაუშვა თავისი ადამიანური ღირსების შელახვა და დამცირება, მან განსაცვიფრებელი გამბედაობა და გონებრივი სიფხიზლე გამოიჩინა. ნესტანი არათუ არ, დაემორჩილა მშობლების გადაწყვეტილებას, არამედ იგი არ მოერიდა საქვეყნო ამბოხს. ნესტანმა ტარიელს ურჩია მოქიშპე ხვარაზმშაჰის ძის დაუყოვნებლივ მოკვლა და, საჭირო შემთხვევაში, ძალაუფლების ხელში აღება.
ფარსადან მეფის წინდაუხედაობა, მისი ცრურწმენა შეიქნა მიზეზი ნესტანისა და ტარიელის უბედურებისა, ამან მიიყვანა კატასტროფის კარამდის ინდოეთის სახელმწიფო. ფარსადანი ვერ ამაღლდა ტრადიციულ ადათ-წესებზე, ვერ გადალახა ყალბი შეხედულება ქალის მოწოდებასა და დანიშნულებაზე. იგი უსამართლო და დესპოტი მშობელი გამოდგა. სამაგიეროც მიეზღო. გახდა მსხვერპლი თავისივე ყოფაცხოვრებითი კონსერვატიზმისა და პოლიტიკური სიბეცისა. ფარსადანისა და ნესტან-ტარიელის აღნიშნული კონფლიქტი თამაშობს გადამწყვეტ როლს ”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტურ განვითარებაში.
რუსთველმა გადალახა შუასაუკუნეობრივი შეზღუდულობა. ”ვეფსისტყაოსნით” იგი იმ თვალსაზრისს ავითარებს ქორწინების საკითხში, რაც იმდროინდელობისათვის ”გაუგონარ ამბავს” წარმოადგენდა. მე-12 საუკუნის ქართველი პოეტი ბოროტებად თვლის ქალ-ვაჟის ძალდატანებითი გზით შეუღლებას. პოეტი კატეგორიულად გმობს იძულებითს ქორწინებას, იგი პრაქტიკულად ქადაგებს იმ პრინციპებს, რაც მხოლოდ ოცნებაში, რომანტიკაში არსებობდა. რუსთველის შეხედულებით, ქალისა და ვაჟის ურთიერთისადმი ბუნებრივი მიზიდულობა, მათი სიყვარული უნდა აპირობებდეს ქორწინებას.
თავისუფალი სიყვარული, სიყვარულზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი მეუღლეობა გულისხმობს ყოველ შემთხვევაში მეუღლეთა მორალურ თანასწორობას. რუსთველი უარყოფს მეუღლეობის ცალმხრიობას. მასი თვალსაზრისით, ქორწინებით შეკავშირებული ქალ-ვაჟნი უნდა იყვნენ სწორედ მეუღლენი, ისინი ნებაყოფლობითა და თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა ეწეოდნენ მეუღლეობის, საერთო ოჯახის ტვირთს. ნებაყოფლობითი მეუღლეობა საწინდარია როგორც თვითონ მეუღლეთა პირადი ბედნიერებისა, ისე უცილობელი პირობაა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და კეთილზნიანობისა. რუსთველის მხრით ძალდატანებითი ქორწინების მავნებლობის დაუზოგავად მხილებას და ნებაყოფლობითი ქორწინების გატაცებით ქადაგებას არ შეიძლება კავშირი არ ჰქონდეს მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიული სინამდვილის ერთ კონკრეტულ ფაქტთან. როგორც ცნობილია, ჯერ სრულიად ახალგაზრდასა და გამოუცდელ თამარს ვითომცდა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო დიდებულებმა თავზე მოახვიეს უცნობი გადამთიელი კაცის ქმრობა. სულ მალე გამოირკვა ასეთი შეუღლების დამღუპველი შედეგი. თამარიც იძულებული გახდა დაერღვია ქორწინება და გაეძევებინა საძულველი ქმარი.
”ვეფხისტყაოსანს” თავიდან ბოლომდის გასდევს ქალის, დედაკაცის, პატივისცემისა და თაყვანისცემის იდეა. რუსთველმა შექმნა ისეთი დიდი მორალური და ინტელექტუალური ღირსების გამომხატველი ქალის ემოციური სახე, როგორიცაა ნესტან-დარეჯანი, “ვეფხისტყაოსნის” ცენტრალური პერსონაჟი. ნესტანი განსახიერებაა აბსოლუტური სიკეთისა და სალამიზისა. მის გარეგნულ მომხიბლაობას ამშვენებდა შინაგანი დიდბუნებოვანება, ზნეობრივი სიწმინდე და გონებრივი სრულყოფილება. მშვიდი, უწყინარი, ჩუმი ნესტანი იმავე დროს იყო მტკიცე ნებისყოფის პატრონი, პრინციპული, მხნე, შეუდრეკელი, თავმოყვარე. როცა
საქმემ მოითხოვა, მან ნამდვილი ამბოხებისაკენ მოუწოდა ტარიელს (ხვარაზმშაჰის ძის მოკვლის ამბავი). საზოგადოდ მშობლების დიდად მოყვარული და მორჩილი ასული არ მოერიდა უსამართლოდ მოქმედი მამის წინააღმდეგ გალაშქრებას.
გააფთრებულ ძუ ვეფხს დაემსგავსა ნესტანი, როდესაც სატრფოს ერთგულებაში დაეჭვდა. ნესტანს მიაყენეს საშინელი ფიზიკური შეურაცხყოფა, მასზე ქაჯური შური იძიეს, კიდობანში ჩაკეტეს და მონა ზანგების თანხლებით ზღვის უსაზღვრო სივრცეს მისცეს დასაღუპავად. ბედუკუღმართი ქალწული მაინც ხმას არ იღებდა, არ წუწუნებდა, არ ოხრავდა. ნესტანი ისევ შეიპყრეს, დაუწყეს დაკითხვა, ძიება (1181, 2):
”მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” გაუთავებელი დაკითხვები უორკეცებდა ნესტანს სულიერ ტკივილებს. ”სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების. სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი” - ეკითხებოდა ყმაწვილ-ქალი თავის თავს. მრავალტანჯული ნესტანი მაინც არ კარგავდა მხნეობას, ინარჩუნებდა ღირსებას, მოწამებრივი სიმშვიდით მიდიოდა სამსჯავროსაკენ (1178): ”იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი”. მნახველებს ნესტანი აგონებდა დატყვევებულ ვეფხს (1159, 2): ”ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითო”. მისი გრძნობები ხშირად გამოსავალს პოულობდა ცრემლებში, ტიროდა ”გულამოხვინჩვით” ან ”გულამოსკვნით” უბედურებამ ვერ გატეხა სუსტი ქალი. მორიგი გასაჭირის მოლოდინში თუმცა ”თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი”, მაგრამ “ადგა ასრე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი” (1176, 1-2). რუსთველმა მოგვცა სხარტი ფორმულა თავისი პერსონაჟის დასახასიათებლად: ნესტან-დარეჯანი გმირი ქალია, ქალი რაინდი, გაუტეხელი, უშიშარი, შეუპოვარი. ნესტანის ქალური ბუნების ფიზიკურ სისუსტეს აწონასწორებს და ადიადებს მორალური გოლიათობის ძალა.
უშფოთველი და უდრტვინველი ხვდებოდა ეს გმირი ქალი ცხოვრების ბიძგებს, ფხიზლად ეგებებოდა ყოველგვარ ხიფათს, არც უკვირდა, არც ეშინოდა, სხვებსაც ბრძნული შეგონებით არიგებდა. ფატმანი გვიამბობს (1175, 1-3):
"მან მითხრა: დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია.
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია."
სწორედ უდიდესი განსაცდელის მომენტში წარმოთქვა ნესტანმა ზემოთ მოყვანილი უბრძნესი სიტყვები (1191, 2-4):
"ვეცადო რას , ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა?
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა."
ასე გგონიათ, ამ სიტყვებს ამბობს ანტიკური ქვეყნის რომელიმე ბრძენთუხუცესი და არა ნაზი ბაგენი შეყვარებული ყმაწვილ-ქალისა. ნესტანი იყო სულდიდი და სულგრძელი. იგი არ აჰყვა შურისძიების გრძნობას, მამის უსამართლობა დაივიწყა და ქაჯეთიდან ტარიელს სწერდა ”არგე რა ჩემსა მშობელსაო”. რუსთველის ერთ-ერთი შემოქმედებითი მწვერვალია ნესტანის წერილები ქაჯეთიდან ფატმანთან და ტარიელთან. ამ წერილებში სრულყოფილად გამოიხატა მშვენიერი ნესტანის წარმტაცი სულიერი სამყარო. ნესტანი ასახიერებს აქტიურ საწყისს. იგი შეურიგებელია უსამართლობის მიმართ, არ კარგავს სულიერ წონასწორობასა და გონებრივ სიფხიზლეს, ყოველგვარი განსაცდელისგან პოულობს გამოსავალს, იჩენს საჭირო თაოსნობას საქვეყნო საქმეებში, ბრძოლისა და მოქმედებისაკენ მოუწოდებს თავის სათაყვანებელ მიჯნურს. ნესტანი სახეა აქტიური, მებრძოლი სათნოებისა, ხორცშესხმული სიკეთისა, მარად უჭნობი ქალური სინაზისა და სილამაზისა. ნესტანის სახე დიდი საკაცობრიო შთამაგონებელი სახეა. ეს სახე ხიბლავს ყველას, ვისაც კი იზიდავს სიკეთის გრძნობა.
თავისი სათნო ხასიათითა და გონიერებით სამაგალითოა თინათინიც.თინათინიც ინიციატივიანია, მან დაავალა ავთანდილს უცხო მოყმის მოძებნა, მან წააქეზა ავთანდილი განსაცდელში მყოფი თანამოძმის დასახმარებლად, თინათინმაც პირადი ბედნიერება დაუმორჩილა ალტრუისტულ გრძნობებს. თინათინი საუცხოოდ უძღვებოდა საქვეყნო საქმეებს. სწორედ თინათინის გამეფებასთან დაკავშირებით ურთავს რუსთველი თავის განთქმულ აფორიზმს ”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. ამით პოეტი ხაზს უსვამს მეფის ოჯახის წევრთა სრულ თანასწორუფლებიანობას, განურჩევლად სქესისა. თინათინის გამეფების ეპიზოდით რუსთეელი ასაბუთებს ქალს გამეფების კანონზომიერებასა და კეთილგონიერებას.
რუსთველმა დედაკაცი მამაკაცს გაუთანაბრა მორალურად და ინტელექტუალურად, გარკვეულ პირობებში პოეტს შესაძლებლად მიაჩნია მამაკაცისა და დედაკაცის პოლიტიკურ-უფლებრივი თანასწორობაც კი. დედაკაცს რუსთველი თვლის სრულყოფილ ადამიანად . ამით პოეტმა დაარღვია მუსლიმანური აღმოსავლეთის სინამდვილეში საზოგადოდ და კერძოდ პოეზიაში გაბატონებული თვალსაზრისი დედაკაცის უსრულობასა და ზნეობრივ-გონებრივ შეზღუდულობაზე.
ასეთი თვალსაზრისი, მაგალითად, გაშიშვლებულად არის გამოთქმული სპარსულიდან მომდინარე რომანში - ”ვისრამიანი”. აქ ერთგან ვკითხულობთ: ”დედანი ნებისაკენ უფრო იზიდვენ, ვირე სახელისაკენო. დედანი უსრულად დაბადებულნია, მით მიწყივ თავისა წადილი მორევს, საწუთროსა და საუკუნოსა გასწირვენ ერთისა წადილისა გასრულებისათვის და ამას აღარ გაიგონებენ, თუ ბოლოსა ჟამსა მოვყივნდებითო”. წინააღმდეგ ”ვისრამიანისა”, ”ვეფსისტყაოსნის” პერსონაჟი ქალები, ნესტანი და თინათინი, თავიანთ წადილს იმორჩილებენ, გრძნობებს უთანხმებენ გონებას, პრაქტიკულ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საზოგადოებრივი ინტერესებით. საზოგადოებრივს, სახელმწიფოებრივსა და საქვეყნოს პირადულზე მაღლა აყენებენ.
ნესტანი და თინათინი (განსაკუთრებით ნესტანი) დამოუკიდებელი ხასიათის პატრონნი, თავისუფლებისმოყვარული პიროვნებანია. აღსანიშნავია, რომ რუსთველმა დაგვიხატა ზნეობრივად და გონებრივად სრულყოფილი ქალი პერსონაჟები არა მარტო საზოგადოების მაღალი წრიდან, არამედ მან შექმნა უბრალო, მდაბიო წრიდან გამოსული ასმათის უზომოდ მიმზიდველი და სიმპათიური სახე. შოთა რუსთველი მხატვრული ენით ამტკიცებს, რომ მამაკაცის მსგავსად ქალიც კაცია, ადამიანი, დედა-კაცი. ამ დებულებას რუსთველის შემოქმედებაში აქვს უნივერსალური მნიშვნელობა. შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ისტორიამ არ იცის მეორე, ნესტანის შესაფარდი მხატვრული სახე. რუსთველივით ამაღლებულად შუა საუკუნეებში არავის არ უმღერია ქალის ღირსებაზე.
ქალის პატივისცემას დიდი ტრადიცია მოსდგამს ქართველ ხალხში. ილია ჭავჭავაძემ აღნიშნა, რომ: “ქართველი დედასაც კაცად ჰხადის და ამიტომ ”დედა-კაცს” ეძახის, როგორც მამას - “მამაკაცს”[40]. თანახმად ილიას დაკვირვებისა, ქართულის ენობრივი მონაცემები საუცხოოდ ამტკიცებს ძველ საქართველოში დედაკაცისადმი (საერთოდ დედობისადმი) განსაკუთრებულ მოწიწებითს დამოკიდებულებას. ჩვენი დიდი მწერალი და მოაზროვნე ამბობს: “ქართველებისათვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლს ენასაც “დედა-ენას” ეძახის, უფროსს ქალაქს - ”დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას - ”დედა-ბოძს”, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს - ”დედა-ბურჯსა”, სამთავრო აზრს - ”დედა-აზრს”. გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი “გუთნის დედას”[41]. აქვე შეიძლებოდა დამოწმება ისეთი სიტყვებისა, როგორიცაა: დედა-მიწა, დედ-მამა, და-ძმა, ქალ-ვაჟი, ცოლ-ქმარი და მისთანანი.
ქართული ხალხური სიტყვიერება ყოველთვის აიდეალებდა ზნეფაქიზ, ოჯახისა და სამშობლოს მოყვარულ ქალს. ქართულმა ლიტერატურამ კი ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში შექმნა რწმენაურყევი, პრინციპული, შეუპოვარი მებრძოლი ქალის - შუშანიკის - შესანიშნავი სახე. შუშანიკს უსამართლობად მიაჩნდა ქალის დამამცირებელი მდგომარეობა ოჯახში, ის ოცნებობდა ისეთ სამყაროზე, სადაც არ იქნებოდა უფლებრივი სხვაობა ქალსა და კაცს შორის. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სამყარო შუშანიკს მაშინ საიმქვეყნოდ ესახებოდა. ქართულმა ლიტერატურამ მე-9 საუკუნეში ძუ ლომს მიამსგავსა ნინო, რომელსაც მიეწერება ქართველთა განმანათლებლის (ე. ი. ქრისტიანობაზე მომქცევის) პატივი. ”არა მამაკაცებაი, არა დედაკაცებაი, არამედ ყოველნი ერთ ხართო”, ეუწყა ვითომც ნინოს.
IX საუკუნის ქართველ მწერალ გიორგი მერჩულეს თავის თხზულებაში გამოყვანილი ჰყავს გრძნობიერი, დამოუკიდებელი ხასიათისა და ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალთა პერსონაჟები. მერჩულეს მოთხრობის მიხედვით, ზენონის დას თვითონ გამოურჩევია თავისი საქმრო (თუ საზოგადოდ სატრფო), ოჯახი დაუტოვებია და სასურველ კაცთან შესაყრელად გაშურებულა. ამბავი აშოტ კურაპალატისა და მეჭურჭლე ქალის სიყვარულისა წარმოადგენს საუცხოო სამიჯნურო ნოველას. ადარნერსე კურაპალატის მეუღლე ბევრეულს თითქოს ტრაგიკული სატრფიალო ურთიერთობა ჰქონია ვიღაც უცნობ ჭაბუკთან. ქალები აქტიურად მოღვაწეობდნენ საქართველოში სამოქალაქო პოლიტიკურ სარბიელზე.
ცნობილია, კერძოდ, თამარის თანამედროვე მანდილოსნების ხვაშაქი ცოქალისა და კრავაი ჯაყელის მნიშვნელოვანი როლი. ბოლოს თვითონ თამარი. თამარის მეფობის დროს ქართველობამ მანამდის ისტორიაში არგაგონილ წარმატებას მიაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. თამარის მოღვაწეობამ უთუოდ დიდად შეუწყო ხელი ქალის ღირსების განმტკიცებას, ქალის საზოგადოებრივი როლის ამაღლებას. რუსთველი მომსწრე და მოწამე იყო თამარის სასახელო საქმეებისა, პოეტი შთაგონებული იყო ამ საქმეებით, თამარს მიუძღვნა მან თავისი დიდებული პოემა. ასეთ პირობებში სრულიად გასაგებია რუსთველის აღტაცება ქალის ღირსებით, ბუნებრივია მისი განცხადება: ”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.” პოეტმა არა თუ დაუშვა ქალის ტახტზე ასვლის შესაძლებლობა, არამედ განაზოგადა იდეა დედაკაცისა და მამაკაცის მორალურ-ინტელექტუალური და გარკვეულ პირობებში პოლიტიკურ-უფლებრივი თანასწორობისა.
აღტაცებულ ჰიმნს უგალობს თამარის მოღვაწეობას რუსთველის თანამედროვე პოეტი ჩახრუხაძე. აღსანიშნავია, რომ ქალის ღირსების დასაბუთებაში რუსთველს მხარს უჭერს და გვერდს უმშვენებს საეკლესიო მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე თავისი თხზულებით ”საკითხავი სუეტის ცხოველისა, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა”. ავტორს თხზულებისათვის წარუმძღვარებია ვრცელი შესავალი, რომელშიც ცდილობდა გაერკვია ნინოს მოღვაწეობის საყურადღებო პრინციპულ-პრობლემური მხარე. როგორც ვიცით, ქართულმა ეკლესიამ თავის უმთავრეს წმინდანად და ქვეყნის განმანათლებლად აღიარა ტყვე ქალი ნინო. ეს ფაქტი უჩვეულო მოვლენად ჩანდა ქრისტიანობის ისტორიაში.
რელიგიურ-მწვალებლური შეუწყნარებლობის პირობებში ქართულ ეკლესიას თურმე კიდევაც სძრახავდნენ და ”დამაკნინებელ” გარემოებად უთვლიდნენ ქვეყნის მოქცევას ”ბუნებისა მიერ დედობრივისა”. ეს გამხდარა მწვავე პოლემიკის საგნად. ნიკოლოზ გულაბერისძეს ვიწრო რელიგიურ-კონფესიური საკითხი გაუღრმავებია და ისტორიულ-ფილოსოფიურ პრობლემად უქცევია. გულაბერისძეს საგანგებოდ განუხილავს, თუ ”რაისათუის უკუე დედაკაცი აჩინა და წარმოავლინა ღმერთმან ჩუენდა მომართ”.
ავტორს ამის ასახსნელად მოყავს სამი საბუთი (სამი ”მიზეზი”): საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხდომილი, თვითონ ღვთისშობელმა ვერ შეძლო სამისიონერო მოღვაწეობა, ”ხოლო ვინათგან იგი დედაკაცი იყო,” ღმერთმა ჩვენს ქვეყანაში ”დედაკაცივე წარმოავლინა... გამოთხოვითა და ხუაიშნითა დედისა ღუთისასა”. ეს არისო, ამბობს მწერალი, ”უფროსღა საგონებელ და საეჭველ ერთი ჭეშმარიტი და უეჭველი მიზეზი”. პირველ მოსაზრებაზე ”უჭეშმარიტესად” გულაბერისძე თვლის მეორე მოსაზრებას. ქართველები ”უმძვინუარესნი იყუნეს” ნათესავთა შორისო, ამიტომაც ღმერთმან სწორედ სუსტი ბუნების დედაკაცი მოავლინა, ”უძლურისა ბუნებისა დედაკაცისა მიერ მოალბო ქედფიცხელობაი ულმობელთა მათ და უგლიმთა ნათესავთა”, რითაც განსაკუთრებული სიცხადით “საცნაურ” ქმნა თავისი ღვთაებრივი ძალაო.
მაგრამ ავტორს არც მეორე ”მიზეზი” აკმაყოფილებს, მას დასახელებული აქვს ”უჭეშმარიტესი” მესამე მოსაზრება (”უჭეშმარიტეს უკუე ვჰგონე სხუაცა საძიებელი”) - ”ღირსებისათვის დედათა პატივისა”. ქართველთა განმანათლებლად დედაკაცის წარმოგზავნა ქალის განსაკუთრებულ ღირსებათა აღიარების დასადასტურებელ გარემოებას წარმოადგენსო, დიდი საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებით ღმერთმა უშუალოდ გამოხატაო ქალისადმი უაღრესი პატივისცემა. გულაბერისძე გამომწვევი გაცხარებით მიმართავს ქართული ეკლესიის მძრახველთ: ”დაიყავნ პირი ბოროტად და ამაოდ დამაკნინებელი ქადაგებისა და მოქცევისა ჩუენისათვის ბუნებისა მიერ დედობრივისა”-ო.
პირიქით - შენიშნავს გულაბერისძე - ყოველი ჯურის ”მაყუედრებელთა” და ”უგუნურების მომზრახთა” საყურადღებოდ, ქართველობას მართებს სიხარული, სიამაყე და სიქადული, რომ სწორედ დედაკაცმა მოაქცია იგი გზასა ჭეშმარიტებისასაო. ნინოს სახელი არათუ ამცირებს ქართული ეკლესიის ღირსებას, არამედ მას ადიადებს და აბრწყინვალებს, აღტაცებასა და სასოებას უნერგავს მორწმუნე ერსო. ნიკოლოზ გულაბერისძის სიტყვით, საქართველოში და არა სხვაგან სადმე ქრისტიანულმა ღმერთმა საგანგებოდ უკვდავჰყო ქალის სახელი, ქალის პატივი, ქალის ღირსება.
ნინოს კულტის ამგვარი ახსნა და ქალის ღირსების მსგავსი ამაღლებული იდეალიზაცია გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იყო თამარის ახლობელი თანამშრომელი, მისი საეკლესიო პოლიტიკის სულისჩამდგმელი და ფაქტიური გამტარებელი. გულაბერისძე ეკუთვნოდა თამარის უერთგულესსა და მისანდო მოღვაწეთა გუნდს, რომელსაც გულწრფელად სწამდა თამარის სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობის გონიერება და ადამიანური ღირსების უზადოება. ეჭვი არაა, რომ თავისი ”საკითხავით” გულაბერისძე არაორაზროვნად იცავს თამარის, როგორც ქალის, პრესტიჟს და ასაბუთებს იმის უფლებას სახელმწიფოს მეთაურობის საქმეში. თუკი ღვთაებამ ქრისტიანული სარწმუნოების დამნერგავად საქართველოში ქალი დანიშნა, რად უნდა ყოფილიყო საცილობელი, რომ ქალს წარემართა სახელმწიფოებრივი ცხოვრების საჭე. ნინო ზურგს უმაგრებს თამარს. თამარით აღტაცებული საეკლესიო მწერალი ნინოს კულტის მომიზეზებით ქებათა-ქებას ასხამს საზოგადოდ ქალის ღირსებას. საეკლესიო მწერალი ამით ეხმაურება თავის დიდ თანამედროვე საერო პოეტს.
რუსთველი და გულაბერისძე არ შეიძლება არ ყოფილიყვნენ გამსჭვალულნი ქალისადმი მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობით. მათ თვალწინ, მე-12 საუკუნის საქართველოში თამარის სახით უშუალოდ შეისხა ხორცი ქალის ამაღლებულმა ზნეობრივმა და გონებრივმა თვისებებმა. თამარმა შთააგონა და აამეტყველა საეკლესიო საზოგადოების მეთაურიც და მხატვრული სიტყვის ტიტანიც. ეს გარემოება ერთხელ კიდევ გვარწმუნებს, რომ რუსთველის შემოქმედებითი შთანაფიქრი ემყარება მე-12 საუკუნის საქართველოს რეალურ ისტორიულ ნიადაგს.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II