მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2393 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

”ვეფხისტყაოსანში” ასახული მაღალზნეობრივი სიყვარულის გამარჯვება

შეუძლებელი იქნებოდა მეგობრული თანაგრძნობისა და ძმური თავგამოდების გარეშე, ძმურ-მეგობრული თავგამოდების უკეთილშობილესი კაცთმოყვრული იდეა რუსთველს გადმოცემული აქვს ერთი თავისი უბრწყინვალესი აფორიზმის სახით (703, 1-2):

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

 

"რუსთველის მოძღვრების მიხედვით (854, 2):

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."

 

ძმობა-მეგობრობა გულისხმობს ყოველივე პირადულისა და საკუთარის უარყოფას, პირადულისა და საკუთარის მსხვერპლად მიტანას ძმობილის (ძმადნაფიცის, მეგობრის) საკეთილდღეოდ. რუსთველის საყვარელი გმირი განმარტავს (306, 1-2):

 

"…ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს."

 

მეგობრობის იდეალური გამომხატველი, მოყმე ავთანდილი სიამაყით ამბობს (786, 1-2):

 

"მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად."

 

ეთიკური თვალსაზრისით ძმობა-მეგობრობა, ძმური თავგამოდება, უფრო მაღალი ალტრუისტული გრძნობაა, ვიდრე ფაქიზზნეობრივი სიყვარულიც კი. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ როდესაც ავთანდილმა ტარიელი გაიცნო, იგრძნო მისი გასაჭირის სიმწვავე, დაუძმობილდა მას, თავისი ”სამსახური” დააგდო, თითქოს საკუთარი სიყვარულის გრძნობა დაივიწყა, რადგანაც ”წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა” (795, 3).

ავთანდილმა გადაჭრით განუცხადა ტარიელს (298):

 

"ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;

დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;

იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,

შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა."

 

თუმცა ავთანდილისათვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო ტარიელის თავგადასავლის ტრაგიკული ისტორია, მაგრამ გულმა გულს გაუგო და შეუმცდარი მსჯავრი გამოიტანა: ავთანდილი მზად იყო დაევიწყნა გული მისი ”ვინ დაბინდა” (ე. ი. სატრფო, თინათინი), და დაეგდო მოყმური სამსახური პატრონების მიმართ, რადგანაც იაგუნდი, ე. ი. ძმობა-მეგობრობა, ათასწილად უფრო ფასეულია ძვირფას მინაზეო, ე. ი. სიყვარულზეო, ფიგურალურად გამოთქვამს რაინდი.

თავისი გმირების კაცად-კაცური ქველობითა და სპეტაკი რაინდული ზნეობით აღტაცებული რუსთველი აღწერს ტარიელისა და ავთანდილის დაძმობილების, ძმადშეფიცვის ამბავს და მომხიბლავად ასკვნის (668):

 

"ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,

იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;

შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,

მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი."

 

რუსთველმა უბადლოდ გამოძერწა მშვენიერი ამხანაგების, ტარიელისა და ავთანდილის ჭეშმარიტად განუმეორებელი სახეები. პოეტის შეხედულებით, ძმადნაფიცობის საფუძველს ჰქმნის და რაინდული თავგამოდებისათვის სტიმულს იძლევა მხოლოდ გაჭირვების ვითარებაში შედუღაბებული თანამეგობრობა (773, 4):

 

"ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი."

 

ასეთი იყო ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობა და ძმობა. ასეთივე იყო ძმობა ტარიელისა და ფრიდონისა. რუსთველური ძალით არის ”ვეფხისტყაოსანში” დახატული მესამე ძმადნაფიცის, ფრიდონის უაღრესად ემოციური და სიმპათიური სახე.

ძმადშეფიცულმა ავთანდილმა ტარიელს მართლაც გაუწია საარაკოდ თავგამეტებული სამსახური, ნესტანი დაახსნევინა გველეშაპის ტყვეობიდან. მაგრამ ნესტანის განთავისუფლების შემდეგაც ავთანდილი დასრულებულად არ თვლიდა ძმური თავგამოდების მოვალეობას.

ავთანდილი ფიქრობდა ტარიელის სამშობლო ქვეყნის - ინდოეთის მტრებისაგან გაწმენდაზე და ძმობილის დაუბრკოლებლად გამეფებაზე. ქაჯეთიდან გამობრუნების შემდეგ ავთანდილმა ტარიელს შეუთვალა (1476, 1478):

 

"მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?

ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი,

ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:

ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,

გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე,

მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე."

 

აღნიშნულის მიუხედავად, მაინც არ შეიძლება იმ დასკვნის მიღება, თითქოს “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟები სხვადასხვა იდეურ საწყისებს ასახიერებენ: თითქოს, მაგალითად, ავთანდილი გამოხატავს ძმობა-მეგობრობის იდეას, ხოლო ტარიელი - სიყვარულის იდეას.

რუსთველი ერთიმეორეს არ უპირისპირებს ძმობა-მეგობრობასა და სიყვარულს. პოემის მიხედვით, ავთანდილს მართლაც მეტი მეგობრული თავის გამოდება მოუხდა, ვიდრე სხვა რომელიმე გმირს, მაგრამ პოტენციურად ტარიელი ისევე ასახიერებს მეგობრობას, როგორც ავთანდილი რაინდულ მიჯნურობას.

ავთანდილმა ტარიელისათვის თავი გამოიდო უწინარეს ყოვლისა როგორც მიჯნურმა. ტარიელთან შეხვედრის დროს პირველ კითხვაზე ”ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრულიო” (284, 3), ავთანდილი გაუტყდა (285, 3-4):

 

"მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,

მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია."

 

ამის შემდეგ ტარიელისათვის უფრო გასაგები გახდა ავთანდილის საქციელი. იგი კიდევაც ეუბნება ახლად გაცნობილ მოძმეს (299, 1-3):

 

"ტარიელ უთხრა: მე შენი გული აწ მემხურვალების,

მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების.

მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების."

 

სულდიდი მეგობრული თავგამოდება გამოიჩინა ფრიდონის მიმართ ტარიელმა. ნესტანის დაკარგვით გულგატეხილმა და მძიმე სულიერი დეპრესიის ვითარებაში მყოფმა ტარიელმა ფრიდონს გულითადი ძმური სამსახური გაუწია, როგორც კი მისი ამბავი შეიტყო.

საზოგადოებისაგან განშორებული, უნუგეშოდ მწუხარე და გულჩათხრობილი რაინდი გამოაფხიზლა და სამოქმედოდ განაწყო თანამოძმის განსაცდელმა, სოციალურმა უსამართლობამ. ტარიელმა ფრიდონს თავისი ტრაგიკული თავგადასავალიც უამბო, რადგან იგი ამხანაგად შეიგულა. ტარიელმა ფრიდონს უთხრა (631, 4):

 

"აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად."

 

აღარას ვამბობთ იმის შესახებ, რომ ტარიელმა ერთგვარად სამაგიერო გადაუხადა ავთანდილს და მას ძმური დახმარება აღმოუჩინა იმ საქმეში, რომელშიც — ავთანდილის სიტყვით — მას არც ხმალი უკვეთდა და არც ენა უჭრიდა (1477).

ერთი სიტყვით, ტარიელი ისევე უზადოა ძმობა-მეგობრობაში, როგორც უმწიკვლო იყო მისი სიყვარული. ძმადნაფიცი რაინდი და მიჯნური რაინდი ერთი და იმავე სახის ორი ასპექტია. ”ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, ერთი და იგივეა ძმობა-მეგობრობისა და სიყვარულის ეთიკური საფუძვლები. ესაა მაღალადამიანური და მაღალზნეობრივი მისწრაფება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სიკეთისაკენ.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ რუსთველური სიყვარული და ძმობა-მეგობრობა ოდნავადაც არ ატარებს ვიწრო პირადულს, ინდივიდუალისტურ ხასიათს. სიყვარულისა და ძმადნაფიცობის წესით შეკავშირებულ გმირებს არასოდეს არ ავიწყდებათ თავიანთი წმინდა მოვალეობა საზოგადოებისა, სამშობლოსა და სახელმწიფოს წინაშე.

რუსთველმა თავისი პოემა არ დაამთავრა ნესტანის განთავისუფლებით, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის გამარჯვებით. ეს იქნებოდა ავტორის საყვარელი გმირების პირადული ბედნიერებით დაკმაყოფილება, პირადული მიზნების განხორციელება. რუსთველი ერთმანეთისაგან არ თიშავს პირადულსა და საზოგადოებრივს. პირიქით, მათ ათანხმებს და ჰარმონიულს ხდის. როგორც ვთქვით, საჭირო შემთხვევაში პირადულს საზოგადოებრივს უქვემდებარებს.

ძმობის გვერდით ”ვეფხისტყაოსანი” აყენებს დობას (დობილობას), დადნაფიცობას. ნესტანი და თინათინი დობის ფიცით შეეკრნენ ერთმანეთს. ძმადნაფიცი რაინდები დებად თვლიდნენ თავიანთ მეუღლეებს, ტარიელი თინათინს ეუბნება (1548, 3): “ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება”. ტარიელისა და ასმათის სათუთი ურთიერთობის დახატვით რუსთველმა გვიჩვენა მსოფლიო ლიტერატურისათვის უცნობი დაძმური სიყვარულის საუცხოო ნიმუში.

“ვეფხისტყაოსნის” სიდიადე ისაა, რომ აქ ასახული ძმობა-მეგობრობა ამ გრძნობის მატარებელ პერსონაჟთა ინდივიდუალური ურთიერთობის ფარგლებით არ იზღუდება. ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა ძმობა-მეგობრობა ბუნებრივად გადაიზარდა ხალხთა მეგობრობაში. ტარიელი იყო ინდოელი, ავთანდილი - არაბი, ფრიდონი - მულღაზანზარელი (გაურკვეველი, მხატვრულად გამოგონილი ეროვნების წარმომადგენელი).

ტარიელის მოღვაწეობა შეპირობებული იყო ინდოეთის საზოგადოებრივი ინტერესებით. ავთანდილის მთავარ საზრუნავს არაბეთის სახელმწიფოს კეთილდღეობა შეადგენდა. მხურვალედ უყვარდა თავისი პატარა, მაგრამ ტურფა სამშობლო - მულღაზანზარის ქვეყანა - ფრიდონს. თავიანთი სამშობლო-ქვეყნების სიყვარული ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებს არ ესმოდათ ვიწროდ, შეზღუდულად.

ტარიელი გამოსახავს თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის, ინდოელი ხალხის, საუკეთესო ადამიანურ თვისებებს. ავთანდილი თავის მხრით გამოხატავს არაბ ხალხს, ფრიდონი - მულღაზანზარელთ. პოემის გმირების პირადულ-ინდივიდუალური ხასიათი იმავდროულად ზოგადადამიანურ, ზოგად ეროვნულ-სოციალურ ელფერს ატარებს. მიუხედავად სხვადასხვა ეროვნულ-ტომობრივი წარმოშობისა და ინდივიდუალური ხასიათისა, ”ვეფხისტყაოსნის” გმირებს ერთგვარად უცემთ გული, მათ ერთგვარად ამოძრავებს კეთილშობილური ადამიანური მიზნები, ისინი ერთგვარი გულმოდგინებით ასრულებენ საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ მოვალეობას, ერთგვარი გატაცებით იბრძვიან სამართლიანობისათვის, ერთგვარი სიღრმითა და სიწრფელით ამჟღავნებენ სიყვარულისა და ძმობა-მეგობრობის გრძნობებს.

რუსთველის პერსონაჟები ჰარმონიულად ათავსებენ თავიანთ არსებაში უაღრესად ეროვნულ-ინდივიდუალურსა და იმავე დროს ზოგად-კაცობრიულ, ზოგად-ადამიანურ თვისებებს. რუსთველი პოეტური ენით ამტკიცებს, რომ უცხოობა, უცხოური წარმოშობილობა სრულიად არ უშლიდა ხელს გმირებს დაახლოებისა და დაძმობილების საქმეში. ტარიელისა და ავთანდილის პირველი შეხვედრის გამო პოეტი საგანგებოდ შენიშნავს (282, 1):

 

"მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს."

 

გულმხურვალედ შეეყარნენ ერთმანეთს არაბი ავთანდილი და მულღაზანზარელი ფრიდონი (088, 1):

 

"მოეხვივნეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ."

 

ტარიელს მხოლოდ უკვირდა უცხოელი მოყმის - ავთანდილის - მისდამი არგაგონილი თავგამოდება, რის გამოც გამოტეხილად ჰკითხა მას (666, 1):

 

"მან მიუგო: უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?

ავთანდილიც ფრიდონს ეუბნება ტარიელის შესახებ (1000, 1):

მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა."

 

როგორც ცნობილია, ”ვეფხისტყაოსანს” ბევრი ინტერპოლატორ-გამგრძლებელი ჰყავდა. ისინი ხშირად ვერ ერკვეოდნენ პოემის იდეურ არსში და პრიმიტიული გააზრებით აშკარად ამჟღავნებდნენ თავიანთ ნაცოდვილარს. მაგალითად, ერთ ინტერპოლატორს დაბადებია კითხვა პოემის პერსონაჟების სალაპარაკო ენის შესახებ. მსგავსი დაწვრილმანება და ჩხირკედელაობა მართლაც დამახასიათებელია ინტერპოლატორებისათვის.

ამ ინტერპოლატორს ვერ გაუგია, რომ რუსთველის გმირების საერთო ენაა მათი ადამიანური გულისთქმა, მათი კაცურ-კაცობა, მაღალი იდეალებისადმი მისწრაფება. ამიტომაა, რომ ინდოელ ტარიელს უფრო გაუგო არაბმა ავთანდილმა, ვიდრე მისმა აღმზრდელმა, დრომოჭმული ადათ-ჩვევების ტყვემ, ინდოელმა ფარსადანმა. არაბი როსტევანი მშვენივრად ჩაწვდა ინდოელი ტარიელის ზრახვათა სიღრმეს. თავის მხრით ტარიელისათვის გასაგები აღმოჩნდა მულღაზანზარელი ფრიდონის წყლულების სიმწარე. ავთანდილისათვის გაუგებარი არ ყოფილა გულანშაროელი ფატმანის სამიჯნურო ენა და ა.შ.

რუსთველის რწმენით, უცხოურობა, ტომობრივ-ჩამომავლობითი სხვაობა სრულიადაც არ ჰქმნიდა დაბრკოლებას ადამიანთა დაახლოების გზაზე. მთავარია მიზანდასახულობა. თუ მიზანი ნათელია, თუ მისწრაფება სამართლიანია, მაშინ სხვადასხვა ხალხის შვილს ადვილად შეუძლია საერთო ენის გამონახვა, დამეგობრება, დაძმობილება.

ფრიად საყურადღებოა შემდეგი გარემოება: რუსთველმა თავისი პოემით მრავალი ხალხის წარმომადგენელი გამოიყვანა სამოქმედო ასპარეზზე. ყველა ხალხსა და ყველა ტომს იგი დიდი პატივისცემით ეპყრობა. ავტორის იდეურმა ჩანაფიქრმა და პოემის სიუჟეტურმა განვითარებამ მოითხოვა, რომ ერთ-ერთი ხალხის წარმომადგენელს უნდა დაეტყვევებინა და განსაცდელში ჩაეყენებინა ნესტანდარეჯანი, სიკეთისა და სილამაზის სიმბოლო.

ნესტანის დამტყვევებელი უნდა ყოფილიყო ბოროტი ძალის გამომხატველი. ასეთ ვითარებაში ”რუსთაველმა დაზოგა მისთვის ცნობილი ყველა ტომი და თავისი პოეტური თხრობის სარბიელზე ხალხური მითოლოგიის სახეები (ქაჯები) გამოიყვანა”.

როგორც აღვნიშნეთ, ”ვეფხისტყაოსნის” ძმადნაფიცი რაინდები ასახიერებენ იმ ხალხებს, რომელთაც ისინი ეკუთვნოდნენ. ნესტანის განთავისუფლების სამართლიანი საქმისათვის იბრძოდნენ არა მარტო ინდოელი ტარიელი, არაბი ავთანდილი და მულღაზანზარელი ფრიდონი, არამედ ინდოელი, არაბი და მულღაზანზარელი ხალხები.

მულღაზანზარელთაგან ტარიელს მარტო ფრიდონი როდი დაუძმობილდა. ტარიელი შეიყვარა, მას სრული თანაგრძნობა და რეალური დახმარება გაუწია მულღაზანზარის მთელმა საზოგადოებამ, მულღაზანზარის ლაშქარმა, მულღაზანზარის ხალხმა. გულდათუთქულმა ტარიელმა სასიცოცხლო ძალები მოიკრიბა, უსამართლოდ დასჯილ ფრიდონს მიეშველა, მუხანათი მტრები შეუმუსრა და თავისი მამული დაუბრუნა. ამის შემდეგ ჭაბუკი აპირებდა თავის გზით გამგზავრებას. ტარიელის განშორებამ ძლიერ დაამწუხრა ფრიდონთან ერთად მისი ლაშქარი. ამის თაობაზე მოგვითხრობს თვითონ ტარიელი (645):

 

"თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;

მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,

მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:

ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირ ეს."

 

ტარიელი ვერ გაჩერდა, წავიდა. მას თან გაჰყვა მულღაზანზარელთა გულითადი სიყვარული. ტარიელი განაგრძობს (648):

 

"ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;

მუნ ერომანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით

სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.

გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით."

 

შვიდი წლის შემდეგაც, როცა ავთანდილი ფრიდონის ქვეყანას ეწვია, ტარიელის მოგონებაზე ფრიდონთან ერთად ცხარე ცრემლები დაღვარა მისმა ლაშქარმა (1006, 1-2):

 

"ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,

ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა."

 

მეტად სამძიმო გაუხდა მულღაზანზარელთ ავთანდილის გაყრაც (1021):

 

"ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.

მოატყდეს მოქალაქენი, ლირსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;

ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,

იტყოდეს: მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა."

 

ქაჯეთის წინააღმდეგ გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მონაწილეობდა სამასი მულღაზანზარელი მეომარი. ამათგან თითქმის ნახევარი სახელოვნად დაეცა ბრძოლის ველზე. რუსთველს დაწვრილებით აქვს აღწერილი მულღაზანზარელი მეომრების დაღუპვით გამოწვეული გლოვის ამბავი.

თავისიანებთან ერთად გულწრფელი ცრემლები ღვარეს ტარიელმა და ავთანდილმა. ტარიელმა გრძნობიერად მიუსამძიმრა მულღაზანზარელთ, იგი ცხარედ აქვითინდა. ტარიელის ამ ტირილის გადმოსაცემად რუსთველს მოხმობილი აქვს ჭეშმარიტად ოქროს სიტყვები (1456, 3-4):

 

"ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,

ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია."

 

მულღაზანზარელებმა თავი იმით ინუგეშეს და გული იმით მოიოხეს, რომ მსხვერპლი არ იყო ფუჭი (1459, 3-4):

 

"რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წარხდომილსა,

აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა."

 

ტარიელისა და ნესტანის გადაკარგვამ გამოიწვია ფარსადან მეფის ნაადრევი სიკვდილი. ინდოეთის აფორიაქებულმა ცხოვრებამ მტრები გაათამამა. რამაზმა თავისი ფიცი დაივიწყა, ინდოეთს კვლავ უმუხთლა, ვერაგულად თავს დაესხა უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას. ინდოეთი აღმოჩნდა უდიდესი განსაცდელის წინაშე. თავისუფლებისმოყვარე ინდოელი ხალხი ქედს არ იხრიდა, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იგერიებდა მოზღვავებულ მტერს.

ინდოეთი გასაჭირისაგან იხსნეს ძმადნაფიცმა ჭაბუკებმა და არაბეთის დიდმა ლაშქარმა. როგორც კი როსტევან მეფეს მოხსენდა ტარიელის დასათხოველი სიტყვები („მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად“), მან განზრახვა მოუწონა პატრიოტ ვაჟკაცს, ავთანდილიც გაატანა დამხმარედ და არაბეთის რჩეული ლაშქარიც მიაშველა (1563):

 

"როსტევან ჰკადრა: მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?

რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,

თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა."

 

ინდოეთის მადლიერმა ხალხმა ჯეროვნად დააფასა ის დიდი ამაგი, რაც მის საუკეთესო შვილებს — ნესტანსა და ტარიელს — დასდვეს ავთანდილმა და ფრიდონმა, არაბებმა და მულღაზანზარელებმა. პოემაში ხაზგასმით არის აღნიშნული ეს გარემოება (1647):

 

"სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:

თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, — მართ ამას მოიტყოდიან,

ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,

სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან."

 

ძმადნაფიცობის ნიადაგზე სახელოვანმა რაინდებმა საერთო ძალ-ღონით, ურთიერთის დახმარებით გადალახეს ყოველგვარი დაბრკოლება, შემუსრეს ბოროტი ძალები, აღადგინეს სამართლიანობა, ნესტანი იხსნეს ქაჯებისაგან, დამპყრობელთაგან გაათავისუფლეს ინდოეთი, ფრიდონს დაუმკვიდრეს თავისი მამული.

 

აღსანიშნავია, რომ ძმადნაფიცი რაინდები ერთსულოვნად მოქმედებდნენ არა მარტო განსაცდელისა და ომების დროს. საბოლოო გამარჯვების შემდეგაც მათ ოდნავად არ შეუსუსტებიათ ძველი კავშირი, ისინი მშვიდობიანობის დროს ამტკიცებდნენ და ამაგრებდნენ განსაცდელისა და ომიანობის პირობებში შექმნილი ძმობა-მეგობრობის საფუძვლებს. ძმადნაფიცნი გამარჯვების შემდეგაც შეთანხმებულად და კეთილმეზობლურად ეწეოდნენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების უღელს. ასეთ ვითარებაში მათ ახალ-ახალი წარმატებები მოიპოვეს — გაიფართოვეს მიწა-წყალი, გაძლიერდნენ, „გამორჭმულდენ“, საგარეო საფრთხისაგან თავი დაიხსნეს და საშინაო წესრიგი დაამყარეს (1663):

 

"მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,

ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,

ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს,

მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს."

 

ამრიგად, რუსთველმა მხატვრულად დაასაბუთა ხალხთა ძმობა-მეგობრობის უკვდავება. რუსთველის მიერ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წამოყენებული იდეა ხალხთა ძმობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობისა თვისებრივად ახალი შინაარსით და არსებითად განსხვავებული ფორმით რეალურად განხორციელდა ჩვენს დროში, საბჭოთა წყობილების პირობებში. ამიტომაც რუსთველის პოეზია ასე ახლობელია საბჭოთა ხალხისათვის, რუსთველის პოეზია ქმედითად ეხმაურება თანამედროვეობას.

ძმადნაფიცობა, რომელსაც ასეთი დიდი ადგილი უჭირავს „ვეფხისტყაოსანში“, ქართველი ხალხის ნაციონალური ყოფის ერთ-ერთი ნიშანდობლივი მოვლენაა. ძმადნაფიცობის ძველებური წესი ნაწილობრივ დღემდის არის შემორჩენილი საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით ფშავთა და ხევსურთა შორის. ქართული ხალხური პოეზია კარგად გამოხატავს ძმადნაფიცობის იდეის ცხოველმყოფელობას.

რუსთველის ძმადნაფიცობა ქართული ხალხური ძმადნაფიცობის ტრადიციათა ფესვებით იკვებება. პატარა ქართველი ხალხი თავისი ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების მანძილზე სულ მუდამ გარშემორტყმული იყო აგრესიულად განწყობილი დიდმპყრობელური ქვეყნებით. ქართველი ხალხი ქედმოუხრელად იბრძოდა თვითმყოფობისა, თავისი ეროვნობისა და თავისი კულტურის შესანარჩუნებლად. ქართველ ხალხს ყოველთვის სანუკვარად ეხატებოდა ხალხთა მშვიდობიანობა და კეთილმეზობლური ცხოვრება. ქართველი ხალხის ეს სანუკვარი იდეალი რუსთველმა მისებური სიტყვის სიძლიერით გამოთქვა.

საგანგებოდ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მე-12 საუკუნეში ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობას მიაღწია ამიერკავკასიის სამივე ძირითადმა ხალხმა — ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა. სამივე ამ ხალხს მაშინ მეტად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა ცხოვრების ყველა სფეროში. ამ ნიადაგზე მათ მწერლობაში თავი იჩინა საერთო მოტივებმა, საერთო ტენდენციებმა.

ხალხთა მეგობრობას საერთოდ და კერძოდ ამიერკავკასიის ხალხების - ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობას უმღერა დიდმა აზერბაიჯანელმა პოეტმა და მოაზროვნემ ნიზამი განჯელმა.

 

* * * * * * *

ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ