მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 647 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რუსთველი თავის პოემაში თანმიმდევრულად ავითარებს სამშობლოს ღრმა სიყვარულის იდეას. ”ვეფხისტყაოსნის” წამყვანი პერსონაჟები, ვაჟები და ქალები, მხურვალე პატრიოტებია, რომლებიც ერთგულად და უანგაროდ ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს, სამშობლო ქვეყნის ინტერესებს ისინი პირადულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ხვარაზმშაჰის ძის ინდოეთში ზედსიძედ მოყვანა წარმოადგენდა დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ აქტს. ხვარაზმშაჰის ძეს ინდოეთში იწვევდნენ არა მარტო ნესტანის საქმროდ, არამედ ინდოეთის ნამდვილ მბრძანებლად, ინდოეთის ფაქტობრივ მეფედ. ამით საფრთხეში ვარდებოდა ინდოეთის სუვერენობა, ინდოეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლებისმოყვარე ხალხი უნდა მოქცეულიყო უცხოელთა ბატონობის მძიმე უღლის ქვეშ. მეფე ფარსადანის ბეცი პოლიტიკის გამო ეს უღელი ინდოეთს უნდა ეკისრა ნებაყოფლობით.

განსაცდელის ჟამს სამშობლო ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე ფხიზლად იდგნენ ნესტანი და ტარიელი. ნესტანი მტკიცედ აცხადებდა (540, 4): ”ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”. ”ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, ხვარაზმი იგივე სპარსეთია, ხვარაზმელები იგივე სპარსელები. ნესტანს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია სპარსელების (ხვარაზმელების) ინდოეთში გაბატონება (გახასება). იგი ტარიელს ურჩევს, მოაგონოს თავის მშობელს, მეფე ფარსადანს (544, 2): ”ჰკადრე, თუ: სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა”, ე. ი. ვერ დავუშვებ, რომ სპარსელებმა თავისუფლად იპარპაშონ ინდოეთში, მოსჭამონ და მოაოხრონ ინდოეთის მშობლიური მიწაწყალიო.

ნესტანის ეს სიტყვები გამსჭვალულია ღრმა პატრიოტული სულისკვეთებით. ინდოეთის უფლისწული ილაშქრებს უცხოელთა, კერძოდ, სპარსელთა უზურპაციისა და ტირანიის წინააღმდეგ, იგი შეგნებულად იცავს თავისი სამშობლო ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირსებასა და პატივს.

მართალია, ხვარაზმშაჰის ძის მოყვანასთან დაკავშირებული იყო ნესტანის ადამიანური, ყმაწვილქალური ღირსების შელახვაც, - აბუჩად იგდებენ მის წმინდა, უმანკო სიყვარულის გრძნობას, - მაგრამ ნესტანი გულისთქმას არ აჰყვა, პირადული თავმოყვარეობის საკითხი მან დაუმორჩილა ბრძნულ პოლიტიკურ თვალსაზრისს, ტარიელსაც მოუწოდა პირადულ გრძნობებს მორეოდა და გადაჭრით დამდგარიყო ინდოეთის ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენობის დაცვის ნიადაგზე, ”ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომაო”, ეუბნებოდა ნესტანი ტარიელს (545, 1-2).

ნესტანმა კარგად იცოდა, რომ მთავარი იყო ინდოეთის სახელმწიფოებრივი პრესტიჟის საკითხი, მათი პირადული წადილიც მაშინ განხორციელდებოდა, თუ ინდოეთი აიცდენდა მოულოდნელად თავზე დატეხილ პოლიტიკურ ხიფათს. ამიტომაც პატრიოტი ქალი სწორედ ჯეროვანი პოლიტიკური მოქმედების გეგმას აწყობდა. ნესტანს ეშინოდა, ტარიელისა და ფარსადანის კონფლიქტს ზიანი არ მოეტანა ინდოეთის ინტერესებისათვის, დაძაბული ვითარების დროს ყმაწვილ-ქალი სამაგალითო წინდახედულობით ბჭობდა. ტარიელი გვიამბობს (539):

 

"მიბრძანა, თუ: გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს,

რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;

თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,

შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს."

 

შეუძლებელი გახდა კონფლიქტის უსისხლოდ აცდენა. ნესტანმა და ტარიელმა მოაწყვეს ნამდვილი აჯანყება ფარსადან მეფის წინააღმდეგ. ტარიელმა მოკლა ხვარაზმშაჰის ძე, გამაგრდა თავის საგვარეულო ციხე-ქალაქში და მოწოდებით მიმართა ინდოეთის ლაშქარს (560, 1-2):

 

"კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:

აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა."

 

ხვარაზმშაჰის ძის ამბავს ახასიათებს ხაზგასმული ანტისპარსული ტენდენცია. ნესტანი და ტარიელი ილაშქრებენ ინდოეთში სპარსელების თავაშვებული თარეშისა და ბატონობის წინააღმდეგ, ისინი ამხილებენ სპარსელთა პოლიტიკური ბატონობის დამღუპველობას. წარსულში სპარსელების ძალმომრეობისაგან შეჭირვებული ქართველობისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები უნდა ყოფილიყო რუსთველის პოემის აღნიშნული ტენდენციის ხასიათი. ძალადობაში დახელოვნებული დამპყრობლებისადმი ანტიპათიის გამჟღავნებით რუსთველი გამოხატავდა ქართველი ხალხის პატრიოტულ გრძნობებს.

მგზნებარე პატრიოტიზმის სულისკვეთებით არის გამსჭვალული ნესტანის განთქმული წერილი ქაჯეთის ციხიდან. როგორც უკვე ვიცით, ნესტანმა გულში ჩაიხშო უზომო მგრძნობელობითი სიყვარული ტარიელისადმი და მას სამშობლოსადმი სამსახურისაკენ მოუწოდა (1307).

სამშობლო ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის იბრძოდა ტარიელი მუხთალი და გაიძვერა რამაზის წინააღმდეგ. სამშობლო ქვეყნის უმწიკვლო სიყვარულის გრძნობა ასულდგმულებდა უებრო ჭაბუკ ავთანდილსაც. მას სასახელოდ და საამაყოდ მიაჩნდა თავდადება თავისი ქვეყნისათვის. ავთანდილი გულუშიშრად ებრძოდა სამშობლო ქვეყნის მტრებს. ავთანდილს მხოლოდ ის აშინებდა, რომ მტრებს არ ესარგებლათ მისი იძულებითი გარდახვეწით უცხო მოყმის საძიებლად. ავთანდილი მუდარით სთხოვდა თავის ხელქვეითებს (167, 3-4):

 

"გემუდარებით ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი."

 

მეორედ გარდახვეწის წინ ავთანდილმა შერმადინს დააბარა (780. 1):

 

"მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების."

 

ქაჯეთზე გამარჯვებულსა და არაბეთში ლხინით გართულ ტარიელს არ ავიწყდებოდა თავისი სამშობლო ქვეყნის უნუგეშო ხვედრი. როდესაც მან პირნათლად მოიხადა თავისი ვალი ძმადნაფიც ავთანდილის წინაშე (ავთანდილი და თინათინი შეაუღლა), მორიდებით დაეთხოვა როსტევან მეფეს (1561, 3-4):

 

"შესთვალა: შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,

მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად."

 

ავთანდილისა და ფრიდონის დახმარებით ტარიელმა მწარედ დაანანა გათავხედებულ მტერს უმოწყალო თარეში უპატრონოდ დარჩენილ ინდოეთის ქვეყანაში.

მხურვალედ უყვარდა თავისი მშვენიერი მულღაზანზარის ქვეყანა ნურადინფრიდონს. თავისი ქვეშევრდომების სასახელო ბრძოლაში დაღუპვის გამო მან ბევრი გულწრფელი ცრემლი დაღვარა. თავის მხრით მულღაზანზარის ღირსებისათვის შეუპოვრად იბრძოდა ტარიელი.

"ვეფხისტყაოსნის” გმირებს გრძნობით უყვარდათ როგორც თავიანთი ქვეყნები, ისე ქვეყნები ძმადნაფიცებისა, ისინი პატივისცემით ეპყრობოდნენ მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარე ყველა მახლობელსა და შორეულ ქვეყანას. "ვეფხისტყაოსნის” პატრიოტი რაინდები ხმლით ხელში იბრძოდნენ ძალმომრეობისა და ტირანიის წინააღმდეგ, მათ შემუსრეს მტრები და შექმნეს შუა საუკუნეებისათვის უცნობი, ჰუმანურ საფუძვლებზე აგებული სუვერენული სახელმწიფოების ერთგვარი თავისუფალი კავშირი.

 

* * * * * * *

ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ