"ვეფხისტყაოსანი" ნათლად ასახავს მე-11-12 საუკუნეების ქართული სოციალური ცხოვრების იმ ინსტიტუტს, რომელსაც ეწოდება პატრონყმობა. პოემის კვალობაზე, პატრონყმური ურთიერთობანი ერთგვარი ფორმით არის წარმოდგენილი არაბეთის, ინდოეთისა და მულღაზანზარის ქვეყნებში.
თითოეული ქვეყნის სათავეში იმყოფება მეფე, ქვეყნის უზენაესი პატრონი, მეფეს ახლავს მისი უშუალო ყმების წრე. მეფის ყმას თავის მხრით ჰყავს საკუთარი ყმა, ე. ი. ასეთი პირი ერთდროულად ყმაც არის (მეფის მიმართ) და პატრონიც (თავისი ხელქვეითი ყმის მიმართ).
ავთანდილი და ტარიელი იყვნენ თავიანთი მეფეების ყმები, მაგრამ ამასთანავე ითვლებოდნენ დიდი მამულების მფლობელებად და მრავალრიცხოვანი საკუთარი ყმების პატრონებად. ავთანდილს ჰქონდა გამაგრებული სანაპირო ციხე-ქალაქი (149, 1-2):
"ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა."
ავთანდილი იყო მონაპირე დიდებული. ტარიელის საძებრად გამგზავრების წინ ავთანდილი ეწვია თავის ქალაქს, ითათბირა თავის უახლოეს ხელქვეითთან (შერმადინთან), თადარიგი დაიჭირა და საჭირო განკარგულებანი გასცა. საკარგყმო მამულისა და ციხე-ქალაქის მფლობელი იყო ტარიელიც. მეფე ფარსადანთან კონფლიქტის დროს ტარიელმა ამ ციხე-ქალაქს მიაშურა და იქ შეაფარა თავი. თვითონ გვიამბობს (559, 3 - 4):
"ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი."
თავის ციხე-ქალაქიდან მიმართა ტარიელმა მოწოდებით დახმარებისათვის ინდოეთის ლაშქარს (560, 1-2):
"კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა,
აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა."
როგორც შეძლებულ მემამულესა და ციხე-ქალაქის პატრონს, ტარიელს ჰყავდა მრავალრიცხოვანი ხელქვეითები, ანუ ყმები. ესენი ჭირსა და ლხინში თან ახლდნენ თავიანთ პატრონს. ყმების ერთი ჯგუფი ტარიელმა თან წაიტანა ნესტანის საძებრად. თავის სამფლობელო ციხე-ქალაქში ავთანდილს ჰქონდა "საჯდომი და ტახტი მისი" (176, 2). მას ჰყავდა საკუთარი ლაშქარი (155, 3; 779, 3), საკუთარი დიდებულები. ეს დიდებულები ძღვენით მიეგებნენ თავის მამულში მომავალ ავთანდილს (148, 2):
"მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა".
ავთანდილს სამი წლით უნდა დაეტოვებინა თავისი სამფლობელო, მონაცვლედ დატოვა შერმადინი. ავთანდილმა საგანგებო წიგნით აუწყა თავის ქვეშევრდომებს (168, 1):
"მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს".
შერმადინმა "ერთგან შეჰყარნა ხასნი და დიდებულნი", გააცნო საქმის ვითარება, "უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები" (175, 1-2). ავთანდილსა და შერმადინს ერთმანეთთან აკავშირებდა პატრონყმური საზოგადოებრივი ურთიერთობის წესი და რიგი. მადლიერმა პატრონმა გრძნობიერად გამოუცხადა თავის მორჩილსა და ერთგულ ყმას (155, 1):
"ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა".
"ვეფხისტყაოსანში" შერმადინი ზოგჯერ იწოდება მონად. "ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული" -ო, აცნობს ავტორი თავის მკითხველს (150, 1). მიუხედავად ამისა, შეუძლებელია აქ ტერმინი მონა ნახმარი იყოს თავისი პირდაპირი სოციალური მნიშვნელობით.
არაბეთის დიდი სპასპეტისა და დიდი ფეოდალის "გაზრდილი მისი შერმადინ", პატრონის ვაზირი და მრჩეველი, მისი სრულუფლებიანი მონაცვლე, "ხასთა" და "დიდებულთა" თუგინდ დროებით მბრძანებელი პირი არ შეიძლება ყოფილიყო უბრალო მონა.
ავთანდილს ბევრი დიდებული ჰყოლია ყმად და ხელქვეითად, "ხვაშიადი" მაინც მხოლოდ შერმადინს გაანდო, მხოლოდ შერმადინი დატოვა მოადგილედ (163 1-2):
"ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?"
ავთანდილის "ხასნი და დიდებულები" ერთხმად აღიარებენ შერმადინის ღირსებას, პატრონის მონაცვლედაც მას ცნობენ დამსახურებულად, ერთხმად აღუთქვამენ მორჩილებას (176, 1-3).
ცხადია, საკუთარი ყმები ეყოლებოდა შერმადინსაც, თავის ყმების მიმართ შერმადინი იქნებოდა პატრონი.
"ვეფხისტყაოსნით" დამოწმებულია პატრონყმური ურთიერთობის რამდენიმე რგოლი: მეფე როსტევანი, მისი ყმა ავთანდილი, ავთანდილის ყმა შერმადინი, შერმადინის ყმა...
პატრონყმური რკალის უაღრესად კოლორიტული ფიგურაა ავთანდილი. როსტევან მეფის ამ ერთგულ კარისკაცსა და მხედართმთავარს თავის სამფლობელო მამულში ჰყავს საკუთარი ლაშქარი.
შერმადინს, მის მონაცვლეს, ეკისრებოდა პატრონის შესაფერისი "ლაშქრობა და ნადირობა", მტრების შესაძლებელი შემოსევის მოგერიება, წერილობითი განკარგულების გაცემა ("წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ"), დარბაზთან კავშირის დაჭერა ("დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი"), ძღვნობა.
ერთი სიტყვით, ავთანდილი ყოფილა თავისი სამფლობელო მამულის სრული და განუკითხავი ბატონ-პატრონი. რუსთველი გადაჭრით უარყოფს ფეოდალურ გათიშულობას, განკერძოებასა და კარჩაკეტილობას.
თავისი მამულის შეუვალი განმკითხავი ავთანდილი იყო თავისი მეფის უერთგულესი ქვეშევრდომი, მისანდო კარისკაცი - მოხელე და მსახური. ავთანდილსა და ტარიელს რუსთველი ზოგჯერ უწოდებს ყმას, ზოგჯერ მოყმეს. ეს ტერმინები არსებითად ერთი და იგივეა. ყმა უდრის უფრო გავრცელებულ სიტყვას ვასალს, მოყმე იგივე ვასალია, ოღონდ ჩვეულებრივად იგი იხმარება იმ მნიშვნელობით, რასაც გამოხატავს სიტყვა რაინდი (рыцарь, витязь). პატრონი სენიორია, სიუზერენი.
რუსთველი თანმიმდევრულად ავითარებს და იცავს გაერთიანებული, შემჭიდროებული და ცენტრალიზებული ერთმეფობის პრინციპს. ინდოეთის მაგალითზე იგი აჩვენებს ასეთი პრინციპის გონივრულობას. ადრე ინდოეთი დანაწილებული ყოფილა შვიდ სამთავროდ ("სამეფოდ"), ექვს სამთავროს ფლობდა ფარსადანი ("ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი, ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი", 311, 1-2), მეშვიდე კი ჰკუთვნებია ტარიელის მამას სარიდანს. ტარიელი გვიამბობს (312, 1-2): მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი.
სარიდანს ნებაყოფლობით უთქვამს უარი დამოუკიდებლობაზე და შეწყნარებია (313, 4) ფარსადანს, ინდოეთის ძირითადი ნაწილების მფლობელს. სარიდანი ფარსადანის ვასალი გამხდარა. ფარსადანს სიხარულით შეუწყნარებია სარიდანი, მფარველობა და პატრონობა გაუწევია, სპეციალურად მისთვის გამოუყვია ცალკე სამფლობელო მამული და საპატიო სახელოც უბოძებია (316, 1-3): ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
აღწერილ შემთხვევაში დამოწმებულია პატრონყმური ფეოდალური წესწყობილების დამახასიათებელი ტიპიური მოვლენა. გარკვეულ უფლებრივ ნიადაგზე მსხვილი მფლობელი მემამულე იკედლებს, ან "იწყნარებს" და მფარველობას უწევს შედარებით წვრილ მემამულეს. ფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის პირობებში მსგავსი "შეწყნარება" ხდებოდა გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების კვალობაზე.
სარიდანის მანამდის განკერძოებული პატარა სამეფო შეერთდა ინდოეთის დიდ სახელმწიფოს. ამის შედეგად ინდოეთი მთლიანად გაერთიანდა, გაძლიერდა, გაფართოვდა. ინდოეთის მთელ მიწა-წყალზე განმტკიცდა ერთმეფობა, ერთი მეფის სუვერენული უფლებები; შეიქმნა ინდოეთის ერთიანი, მძლავრი ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფო. ინდოეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძინა ძლიერი, ერთგული ქვეშევრდომი.
ერთმეფობა, მმართველობის სისტემის ცენტრალიზაცია შუა საუკუნეების ფეოდალური ომებისა და ფეოდალური გათიშულობის ვითარებაში წარმოადგენდა უდავო პროგრესულ პოლიტიკურ მოვლენას. რუსთველი შესტრფის გაერთიანებულს, შემჭიდროებულს და ჰუმანური მმართველობის ნიადაგზე განმტკიცებულ ძლევამოსილ სამშობლო ქვეყანას. ფეოდალური განდგომილებისა და პარტიკულარიზმის წინააღმდეგ რუსთველი ავთანდილის პირით აცხადებს (154, 2): ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად.
ბრძოლა პარტიკულარიზმისა და ფეოდალური გათიშულობის წინააღმდეგ. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისა და მმართველობის სისტემის ცენტრალიზაციისათვის შეადგენდა მე-11-12 საუკუნეების საქართველოს მთელი მოწინავე საზოგადოების საერთო პოლიტიკურ პლატფორმას. ამას ასახაეს მე-12 საუკუნის ქართული მოწინავე მწერლობა.
პატრონყმური ნებაყოფლობითი შეწყნარების ის წესი, რომელიც აღწერილი აქვს რუსთველს, დამახასიათებელი იყო ქართული სოციალური და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის მე-10-12 საუკუნეებში. იმ დროის საქართველოს სოციალური ცხოვრების სურათს გამოხატავს "ვეფხისტყაოსანში" ასახული წესები პატრონყმური ურთიერთობისა.
ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, მაშინდელ საქართველოში "ყმებსაც შეიძლება თავიანთი საკუთარი ყმები ჰყოლოდათ, რომელთათვის ისინი "პატრონები" იყვნენ. ამნაირად, თითქმის მთელი საქართველო მეფისაგან მოყოლებული უბრალო მდაბიომდე "პატრონყმობის" უღელში იყო შებმული და ცხოვრების ტვირთს ეზიდებოდა".
"ვეფხისტყაოსანში" ისეთი თვალსაზრისია გატარებული, რომ ყოველი ქვეშევრდომი, მოყმე, ვალდებულია პატივითა და მოწიწებით ეპყრობოდეს, ემორჩილებოდეს და ერთგულად ემსახურებოდეს თავის უზენაეს პატრონს, თავის მეფეს.
"ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიანო", ეუბნებოდა ტარიელი თავის მოლაშქრეებს ხატაელებთან ბრძოლის დროს (440, 3). ავთანდილმა კი შერმადინს დაუბარა (778, 1-2): აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე.
"ვეფხისტყაოსნით" მეფე დასახულია ღვთის სწორ არსებად. ტარიელის დასახმარებლად გაპარვის გამო ავთანდილმა შენიშნა (856, 3): "გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ". "ღმრთისა სწორს" უწოდებენ ქვეშევრდომები გულანშაროს მეფესაც (1172, 1). ღვთის სწორ არსებადაა მიჩნეული საისტორიო წყაროების მიხედვით თამარ მეფეც.
რუსთველის შეხედულებით, ყმა-ქვეშევრდომებს მოეთხოვებათ თავიანთი პატრონის ურთგული, თავგამეტებული სამსახური. თინათინმა მძიმე დავალება მისცა ავთანდილს და ამ შემთხვევისათვის იგი გააფრთხილა (130):
ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდაც შორად.
ეჭვი არაა, რომ ავთანდილი თავს არ დაიშურებდა და წარბშეუხრელად შეასრულებდა სატრფოს ყოველგვარ დავალებას ყმურ-სამსახურებრივი ვალდებულების გარეშე. თინათინმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ მან მაინც საჭიროდ ჩათვალა გაეხაზა პირველ რიგში ავთანდილის სწორედ ყმური სამსახურებრივი მოვალეობა. ავთანდილიც შერმადინს უმტკიცებდა (154, 1):
"პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად."
ტარიელმა შეუქო ავთანდილს მამაცობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საქმეში (300, 1–2):
წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად,
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
„ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, პატრონყმური ურთიერთობა თავის გამოხატულებას პოულობს და თავის გარკვეულ ელფერს აძლევს სამიჯნურო ურთიერთობასაც. სატრფო თავისებური მბრძანებელი–პატრონია გრძნობის საკითხში, მეტრფე კი მორჩილი, ერთგული და თავგამოდებული მსახური-მოყმე.
ანალოგიურ მოვლენას ადგილი ჰქონდა დასავლეთ ევროპის სარაინდო ლიტერატურაშიც. ოღონდ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირი ქალები - თინათინი და ნესტანი - ფაქტობრივადაც, ე. ი. სოციალური მდგომარეობითაც, იყვნენ პატრონები, მეფეების ასულები; კერძოდ, თინათინი მეფედაც იქნა დასმული, ავთანდილი კი იყო თინათინის ხელქვეითი მსახური-მოყმე. იქნება ამითაც აიხსნება ვაჟების მხრით გარკვეული პასიურობა სატრფოებთან სამიჯნურო ურთიერთობაში.
შემთხვევითი როდია, რომ ორივე შემთხვევაში ქალები იჩენენ თაოსნობასა და სითამამეს, ქალები პირველი უმხელენ ვაჟებს სიყვარულს (არაფერს ვამბობთ ფატმანის შესახებ, რადგანაც იქ სხვაგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე), თუმცა ისინი საზოგადოდ არიან კდემამოსილების, მორცხვობისა და კრძალულობის სრული განსახიერებანი.
პატრონყმური ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნით“ ასახული საზოგადოების ცხოვრებაში, რომ ამაღლებული მგრძნობელობითი სიყვარულის უდიდესი მომღერალი პოეტი ასმათის პირით აცხადებს (1453, 47):
„სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.“
„ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი,“ - ამბობს ავთანდილი (782, 2).
იმავე ავთანდილის სიტყვით: „პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდებისა“ (780, 4). ავთანდილის გაპარვის გამო მისი ერთგული შერმადინი ცხარედ ტიროდა და მკერდზე იცემდა ისე, რომ „სისხლმან მისმან კლდენი ღარნა“ (812, 3).
რუსთველს აღწერილი აქვს ეს სცენა, აღწერილობას ავტორი ხურავს აფორისტული შეგონებით (812, 4):
„პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა.“
ზრდილი, წესიერი, გაწაფული ყმა როდი ჰკადრებს პატრონს შეუფერებელ სიტყვას: „ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს“ (762, 3). მით უმეტეს წარმოუდგენელი იქნებაო პატრონის ხელყოფა, ყმის მხრით პატრონისადმი უჯერო მოპყრობა: „ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია,“ - პათეტიკურად გაიძახის პატრონყმური სიწმინდის დამცველი მოყმე ავთანდილი (1458, 4).
ავთანდილის სიტყვები არაპირდაპირ ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ყმები ხშირად იყენებდნენ ხმალს პატრონების წინააღმდეგ, რომ პატრონყმური ურთიერთობის იდილია ირღვეოდა. პატრონებსა და ყმებს შორის იშვიათი როდი იყო არათუ უბრალო უთანხმოება და უკმაყოფილება, არამედ სისხლისმღვრელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები.
რუსთველის მოწმობით, ზოგჯერ პატრონები არღვევდნენ პატრონყმური წესრიგის ნორმებს, ივიწყებდნენ თავიანთ მოვალეობას ყოფილიყვნენ ყმების მიმართ გულშემატკივარნი, მოწყალენი, მზრუნველნი, მფარველნი.
პატრონის იდეალურ სახედ პოემაში მიჩნეულია როსტევანი, რომელსაც ავთანდილი ასე ახასიათებს (857, 1–2):
"პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი."
უსულგულო და უსამართლო პატრონის ტიპს კი ასახიერებს ფარსადანი. რუსთველმა ფარსადანს დაუპირისპირა როსტევანი. არაბთა მეფემ თავისი ხელით დაადგა თინათინს გვირგვინი, მან სამაგალითო სულგრძელობა და კეთილშობილება გამოიჩინა თინათინისა და ავთანდილის შეუღლების საკითხში.
თუმცა ქალი და ვაჟი არ იყვნენ ერთგვარი სოციალური რანგის წარმომადგენელნი, გულკეთილმა როსტევანმა უყოყმანოდ დალოცა მათი შეუღლება, როგორც კი სიყვარულის ამბავი შეიტყო. ამ შეუღლებით ყმა ავთანდილი უნდა გამხდარიყო არაბეთის სახელმწიფოს ფაქტობრივი მბრძანებელი. როსტევანს წარბი არ შეუხრია, შეჰყარა დიდებულები, წარუდგინა სასიძო და შეკრებილთ ოფიციალურად გამოუცხადა (1546, 2–4):
"ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება,
ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება."
ავთანდილის, როგორც თინათინის მეუღლის, ხელში გადადიოდა ტახტი და ქვეყნის მართვა-გამგეობა, ე. ი. ნამდვილი ბატონ-პატრონობა, თუმცა უფლებამოსილ მეფედ რჩებოდა თინათინი. როსტევანს კარგად ჰქონდა გათვალისწინებული საქმის რეალური ვითარება. ავთანდილისათვის თინათინის ხელის სათხოვნელად მისულ ტარიელს მოხუცმა მეფემ მკაფიოდ განუმარტა (1526, 1–2):
"მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა,
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა."
მაშასადამე, როსტევანმა იმთავითვე მკაცრად განსაზღვრა საქმის უფლებრივი და ფაქტობრივი მხარე: ავთანდილი მან მიიღო სასურველ სიძედ, ოღონდ სამეფო მემკვიდრეობის წესები არ დაარღვია, არ შეხებია ქვეყნის კანონიერი მეფის - თინათინის - უფლებას. ავთანდილი ამიერიდან გახდებოდა მეფე-ქალის მხოლოდ მოსაყდრე, ამდენადვე დაეკისრებოდა მას საქვეყნო საქმეებზე ზრუნვა.
შესანიშნავ მოყმესა და გამოცდილ მხედართმთავარს ნამდვილად შესწევდა ძალა არაბეთის სახელმწიფოებრივი ღირსების დასაცავად. განსაკუთრებული სიმპათიით ასახავს რუსთველი საზოგადოების იმ ფენას, რომელსაც მოყმეთა წრე ეკუთვნოდა.
როგორც ვხედავთ, მოყმე ნიშნავს რაინდს. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, მოყმე-რაინდს ამშვენებს გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ძალ-ღონე, ზნეობრივი სიწმინდე და გონებრივი სისრულე.
„ვეფხისტყაოსანში“ გარკვეულად იგრძნობა სილამაზის კულტი. ფაქიზი სულისა და მაღალი ინტელექტის პატრონებად რუსთველს დასახული ჰყავს ლამაზი სხეულით დაშვენებული პერსონაჟები (ეს თანაბრად შეეხება ქალებსა და კაცებს). საგულისხმოა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით სილამაზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ადამიანზე დიდი სულიერი მღელვარების მომენტში.
განსწავლულ, მოხდენილსა და გაწაფულ მოყმე-რაინდს, დახვეწილი გემოვნების პატრონს, ზრდილს, თავდაბალსა და თავაზიანს სჩვევია დარბაისლური ქცევა. მოყმე-რაინდი მოკრძალებასთან ერთად ზომიერად ამაყია, თავმომწონე, თავმოყვარე და პატივმოყვარე. რა თქმა უნდა, მისთვის უცხოა უკმეხობა, ბაქიობა და გულზვიადობა.
მოყმე-რაინდი პატრონის ერთგული მსახურია და სატრფოს მიმართ თავგამეტებული მიჯნური. მოყმე-რაინდები წარმოადგენენ სახელმწიფოს საიმედო სამხედრო ძალას, ისინი მამაცურად ებრძვიან მტრების წინააღმდეგ, საგარეო უშიშროებასა და საშინაო მყუდროებას უქმნიან ქვეყანას.
მოყმე-რაინდი საზოგადო მოღვაწეა და გატაცებული მამულიშვილი, ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი და მეფის უფლების დამცველი. მოყმე-რაინდი პატრონის მრჩეველი-მესაიდუმლეა, მისი ჭირ-ვარამის მოზიარე, მისი სუფრის მონაწილე. მოყმე-რაინდს ასულდგმულებს საგმირო საქმე. "ვეფხისტყაოსანს" თავიდან ბოლომდის გასდევს ჰეროიკული სული. ჰეროიკულია მოყმერაინდის მთელი ყოფითი სინამდვილე, ჰეროიკულია მისი სიყვარული, მისი ძმობამეგობრობა, მისი თავგამოდება სამშობლო ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
"ვეფხისტყაოსნის" ჰეროიკული სული გამოხატულია როგორც სახელოვანი მოყმე პერსონაჟების (ტარიელის, ავთანდილის, ფრიდონის) მოქმედებით, ისე ავტორის სპეციალური რემარკებით, განსაკუთრებით ბრწყინვალე აფორიზმებით.
სანიმუშო მაგალითები:
"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა" (875, 3).
"ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს" (785, 3).
"ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად" (154, 4).
"მოყმე-რაინდს შვენის ფიცხელი ომი და მახვილთა კვეთანი" (597, 2);
"არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა."
მოყმე-რაინდს ამოქმედებს მამულისა და საზოგადოების კეთილდღეობის სურვილი. იგი იბრძვის არა ნივთიერი სარგებლიანობისა და მოხვეჭისათვის, არამედ კეთილი სახელის მოსაპოვებლად. "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსაო", ამბობს რუსთველი (799, 4).
მოყმე-რაინდს სიკვდილი ვერ აშინებს, მას გაცნობიერებული აქვს, რომ (800):
"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი",
"ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი".
"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი."
რუსთველი სასტიკად კიცხავს მხდალსა და ლაჩარ მეომარს (799, 1 - 2):
"რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა."
მშიშარა, ჯაბან კაცს პოეტი უდარებს "ქსლის მბეჭველ" დიაცს (799, 3). სულდიდი და თავდაჭერილი მოყმე-რაინდი შეუბრალებელია და ულმობელი მოღალატეებისა და გამცემლების მიმართ. "კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელადო", გვასწავლის რუსთველი (162, 4). პოეტი მიწასთან ასწორებს გაიძვერა ფარისევლებს და შენიღბულ შინაგამცემლებს, ანუ მოყვარე-მტრებს. რუსთველის სიტყვით, "მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია" (1211, 2).
ზოგადად, პოეტი ძლიერ ამახვილებს ყურადღებას ყოველი ჯურის მოღალატეების, ჯაშუშების, ქვემძრომებისა და მისთანათა წინააღმდეგ. იგი ულმობელია ორგულთა, მუხთალთა და მუხანათთა, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დეზორგანიზატორთა მიმართ.
დიდ კაცთმოყვარეობასთან ერთად რუსთველი ქადაგებს მტრის დაუზოგავ სიძულვილს. რუსთველი გმობს უპირო კაცს, მატყუარას, ფიცის გამტეხს. "ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსაო" – ამბობს პოეტი (798, 2). იგი სიცრუეს თვლის მანკიერების ერთ-ერთ ყველაზე საზიზღარ მხარედ.
რუსთველი გვარწმუნებს, რომ "ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს" (776, 2). პოეტი პათეტიკურად კითხულობს: "მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს" (526, 3). სიცრუე თავია "ყოვლისა უბედობისა" (790, 1). რუსთველი იმოწმებს პლატონისადმი მიწერილ ბრძნულ სიტყვებს (789, 3-4):
"მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".
დიდი თანაგრძნობით შეხვდა თინათინი ავთანდილის გადაწყვეტილებას, თავი გამოედო ძმადნაფიცი ტარიელისათვის. თინათინმა მოუწონა ავთანდილს სიტყვამტკიცობა და პირიანობა (706, 1–2):
"შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა".
ავთანდილის სიტყვით (736, 4):
"რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა."
მოყმე-რაინდი უხვია, უშურველი, ხელგაშლილი, პურადი. განთქმულია რუსთველის აფორიზმი (50, 4):
"რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია."
დიდი განმაზოგადებელი მნიშვნელობა აქვს ამავე ხასიათის მეორე აფორიზმს (549, 4):
"უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია."
პატრონყმურ ურთიერთობაში უხვობა-უშურველობა დაკავშირებული იყო გარკვეული სოციალური ფუნქციის შესრულებასთან და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრასთან. საგნის ამ მხარეს კარგად აშუქებს მეფე როსტევანის შეგონებანი თინათინისადმი:
"უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების"(49, 3-4).
"მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია,
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია "(50, 1-3)."
უხვობა-უშურველობა გამოხატულებას პოულობდა საჩუქრების ხელგაშლილად გაცემაშიც, ძღვნობაში. ძღვნობა დიდ როლს თამაშობდა ფეოდალური საზოგადოების ყოფიერებაში. "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, ძღვენსა და სხვა საჩუქრებს უგზავნიან უმცროსები უფროსებს, უფროსები უმცრრსებს, ყმები პატრონებს, პატრონები ყმებს, რაინდები თანამოძმეებს, მიჯნურები სატრფოებს.
ძღვნობის სიდიადე ჩვეულებრივად ჰიპერბოლურ სახეებშია წარმოდგენილი. თუმცა ნამდვილად გულითადი საჩუქრის ფასი, პოემის მიხედვით, არის ამ საჩუქრის პრინციპული მხარე და არა მისი რაოდენობა და ნივთიერ-მატერიალური ღირებულება.
ტარიელმა ხატაეთიდან მეფე ფარსადანს გაუგზავნა აურაცხელი ძღვენი, ნესტანისათვის კი ("საძღვნოდ მისად") შეარჩია მხოლოდ "ყაბაჩა და ერთი რიდე".
ქაჯეთში შეძენილი ზღაპრული სიმდიდრე ტარიელმა ძღვნად გასცა გულანშაროსა და მულღაზანზარის ქვეყნებში, არაბეთში იგი ხელცარიელი მივიდა და გასაჩუქებელი აღარაფერი დარჩა, მაგრამ გამჭრიახ მოყმეს გააზრებული ჰქონია საოცრად სანატრელი და მართლაც ფასდაუდებელი საჩუქრის მიძღვნა არაბთა მეფისათვის. ტარიელმა როსტევანს შეუთვალა (1506, 3-4):
"ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია."
აბა რა ნივთიერი ძღვენი აამებდა და გაახარებდა როსტევანს ისე, როგორც ის გაახარა ავთანდილის "მიძღვნამ?" ეს იყო ჭეშმარიტად ძღვნობის უმაგალითო ნიმუში. ენით გამოუთქმელია რუსთველის მხატვრული უბრალოებისა და მხატვრული გამომგონებლობის ძალა. "აი, ჩვენი აზრით, ჩინებული მაგალითი მხატვრული ამოცანის გენიალური ამოსსნისაო" - წერს ამ შემთხვევის გამო პროფ. მ. გოგიბერიძე[49]. მოყმე-რაინდი სტუმართმოყვარეა, მომლხენი, მონადიმე. ასპარეზობა, ბურთაობა, ნადირობა მისი პროფესიული საქმეა. მოყმე-რაინდს უყვარს ლაღი, მხიარული დროსტარება. უყვარს ცხოვრება მთელი თავისი ლამაზი, მიმზიდველი მხარეებით.
მოყმე-რაინდისათვის უცნობია და უცხო ასკეტიკური გაკიდეგანება, ხორცის განზრახი წამება, სალოსური ხეტიალი. რუსთველის მოყმე-რაინდი შესტრფის და შეხარის მრავალფეროვან მატერიალურ სამყაროს, ბუნების მშვენიერებას, ბუნებაში პოულობს იგი თანაგრძნობას, თანამეგობრობას, თავშესაფარს. რაინდისათვის ბუნება არის აქტიური ცოცხალი ძალა.
თუმცა მოყმე-რაინდი გულადია, მამაცი, ქედმოუხრელი, მაგრამ ამასთან იგი გულჩვილიცაა, მგრძნობიერი, შემბრალებელი. კეთილშობილი რაინდი არასოდეს არ აჰყვება მდაბიო შურისძიების გრძნობას. ტარიელმა დამარცხებული რამაზი შეიცოდა და შეიწყალა. "ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულვანე" - ამის გამო ამბობს სულგრძელი მოყმე (468, 3-4).
მოყმე-რაინდი მფარველი და შემწეა ქვრივ-ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა, დავრდომილთა, სნეულთა... მოყმე-რაინდი კეთილი გულის მქონეა. ქველმოქმედია, უანგაროა, ალტრუისტი. მოყმე-რაინდი, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის გულშემატკივარი და თავდაუზოგავი მსახურია. იმას უმღერის რუსთველი თავისი მშვენიერი პოეტური ხმით.
"ვეფხისტყაოსანი" საკმაოდ ფართოდ ასახავს ვაჭართა სოციალური წრის ყოფაცხოვრებას. ამ წრის ცხოვრების ამბავი ბუნებრივი უშუალობით არის დაკავშირებული პატრონყმური საზოგადოების გარემოსთან. პოემის სიუჟეტის განვითარებას შევყავართ გულანშაროში, საზღვაო-სააღებმიცემო ქალაქში, სადაც გაშლილი იყო ვაჭართა სამოღვაწეო სარბიელი. რუსთველი რეალისტურად ასასავს ამ სავაჭრო ქალაქისა და იმის მკვიდრთა თავისებური ცხოვრების რიტმს (1067):
"დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ:
იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ."
თუ პატრონყმურ წრეში საზოგადოებრივი ცხოვრების რეგლამენტაცია დამყარებულია სოციალური კიბის მკაცრად განსაზღვრული საფეხურების ადგილზე, სავაჭრო ქალაქში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოების წევრთა არა სოციალური ჩამომავლობა, არამედ ნივთიერი მდგომარეობა.
ერთი მხრით, შესაძლებელია რომელიმე მდიდარი და გავლენიანი სოვდაგარი ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაგლახაკდეს, ეკონომიურმა წარუმატებლობამ იგი ერთბაშად ჩამოაგდოს დიდების მწვერვალიდან და მიწაზე დაანარცხოს; მეორე მხრივ, ასევე შესაძლებელია უპოვარი და უჩინარი გლახაკის ანაზდეული აღზევება და გადიდკაცება სარფიანი სააღებმიცემო საქმიანობის შედეგად.
ვაჭართა ქვეყანაში დაწინაურებისა და საზოგადოებრივად წარმატების საფუძველს ქმნის სიმდიდრე, ფული. ვაჭრული ქალაქის ცხოვრების რიტმი დინამიკურია, მაშინ როდესაც პატრონყმური ცხოვრების რიტმი გაცილებით უფრო დუნეა, სტატიკური. გაწაფული, ზრდილი და განათლებული მოყმე-რაინდის ადგილს ვაჭართა სახელმწიფოში იჭერს ვაჭართუხუცესი უსენი - მხდალი, ცრუ და მატყუარა, ამასთან გონჯი. ეს ზნეწამხდარი და შესახედავად მახინჯი ვაჭარი დიდი ნივთიერი შეძლების გამო პირველი რანგის კაცია ზღვათა სამეფოში. სახელმწიფო მეჯლისის წევრი. მეფის მესაიდუმლე და მახლობელი მეგობარი (1165):
"უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, -
უსენ არიფი[50] მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი,
წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
აწ ნახე მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი."
პირმოთნე, მლიქვნელმა და ფლიდმა უსენმა ანგარების ნიადაგზე უღალატა თავის სიტყვას, გატეხა ფიცი, სინდისი შეირცხვინა, ნესტანი გასცა. უზნეოსა და საქციელწამხდარ ვაჭარ უსენს პირიანობა და სჯულიერება ისე შეშვენისო, მოხდენილად ამბობს პოეტი, როგორც ყვავს ვარდი და ვირს რქანიო (1166, 4):
მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი. ავზნიანსა და ფიზიკურად მახინჯ უსენს აშკარად ღალატობდა და დასცინოდა კიდეც სისხლ-ხორცით სავსე მისი ცოლი. "მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასიო". სააღებმიცემო საქმიანობაში დახელოვნებული ვაჭრები ჩვეულებრივად უილაჯონი არიან, ჯაბანნი, მხდალნი, საომარ საქმეში უმწეონი. ავთანდილი დაუფარავად ეუბნება ვაჭრებს (1040,1):
"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი."
ვაჭრებს არც უთაკილნიათ ავთანდილის სიტყვები, მათ მლიქვნელურად დაადასტურეს ავთანდილის მოწმობა (1054, 1–2). ვაჭრები ხელმოჭერილნი არიან, ანგარიშიანნი, ძუნწნი. ერთი შემთხვევის გამო რუსთველი ირონიულად შენიშნავს (1374,3): მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა. ვაჭართა საზოგადოებრივ წრეში ძღვნობას საფუძვლად ჰქონია შიშველი ანგარიში და ანგარება. ფატმანმა განუმარტა ავთანდილს (1122, 1–2):
"ჩვენ, დიდ-ვაჭართა ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა."
სწორედ ვაჭართა ქვეყანაში გამომჟღავნდა ოქროს ყოვლისშემძლებელი ძალა, რუსთაველი თავის მკითხველს პათეტიკურად მიმართავს (1194, 4):
"ნახე. თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა".
რაინდული კაცურ-კაცობის მომღერალი პოეტი ამხილებს ვერცხლისმოყვარეობის (ოქროსმოყვარეობის) და სიხარბის მავნებლობას სულისა და ხორცისათვის (1197):
"ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვმდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა.
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა."
გულანშაროს მიდამოებს არ აყრუებდა სამხედრო ნაღარის ხმები. სავაჭრო ქალაქში ჩვეულებრივად სანადიმო სიმღერა გაისმოდა ("სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები". 1066, 2).
ვაჭართა საზოგადოებაში თავისებურია სიყვარულიც. პატრონყმური წრის ქალის კდემამოსილებასა და ამაღლებულ სიყვარულს ვაჭართა შორის უპირისპირდება დიაცური სიყვარული, რომელიც ესაზღვრება მრუშობასა და სიძვას.
რუსთველმა დაგვიხატა ვაჭართა წრის ქალის ("დიაცის") შესანიშნავი რეალისტური სურათი. ეს ქალია ფატმანი - საკმაოდ ხანდაზმული, მაგრამ მიმზიდველი იერის მქონე, ტან-ხორცით სავსე, ვნებათაღელვას აყოლილი, მსუბუქი ყოფაქცევის, თამამი, ჩაცმა-დახურვის მოყვარული, ღვინის მსმელი. ტიპიური შტრიხებით ახასიათებს მას პოეტი (1977):
"ფატმან-ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;
დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი."
ფატმან-ხათუნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ვეფხისტყაოსნის" სახეობრივ-აზროვნებითს სინამდვილეში. რუსთველი მკაფიოდ ამჟღავნებს ფატმანისადმი ირონიულ დამოკიდებულებას. იგი უპირისპირდება ნესტანსა და თინათინს. რამდენად იდეალურად ჩანს ნესტანისა და თინათინის ქალური ყოფაქცევა, იმდენად საძრახავი ხდება ფატმანის საქციელი.
რუსთველმა პროლოგში აღბეჭდა სიყვარულის (მიჯნურობის) ნაირსახეობა. პოემაში ეს ნაირსახეობა მხატვრულად არის მოტივირებული. ფატმანიც გამომხატველია მაჯნურობისა, ოღონდ მდაბიო, ვულგარული, დიაცური მიჯნურობისა, რასაც პოეტი უწოდებს სიძვას.
იდეალური (სარაინდო) სიყვარულის კოდექსის ძირითადი დებულებაა:
"გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში" (25,3).
იგი რა სიყვარულია, დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა" (26,2).
ასეთ სიყვარულს, უკეთ - ავხორცობას, არაფერი აქვს საერთო ნამდვილ მაღალზნეობრივ მიჯნურობასთან. ქმარ-შვილის პატრონი ფატმანი არათუ სისტემატურად ღალატობდა ქმარს, არამედ მას უტიფრად დასცინოდა. ფატმანმა იოლად გაიმეტა სასიკვდილოდ თავისი ადრინდელი საყვარელი, როდესაც ახალი გატაცების ცეცხლმა მოიცვა (ჭაშნაგირისა და ავთანდილის ამბავი).
ფატმან-ხათუნი იმ უგულო სიყვარულის გამომხატველია, რომლის თაობაზე ლაპარაკია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგში. ფატმანის სიყვარულის ნიშანდობლივია მხარეა შიშველი ხორციელი წადილი. მას ერისათვის გული ვერ დაუჯერებია, ჯერ ჭაშნაგირთან ღალატობდა თავის ქმარს, შემდეგ ავთანდილი გაიცნო და შეიყვარა, მასთან მოიწადინა ტრფიალი. სამიჯნურო უსტარიც აახლა.
ავთანდილს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ვაჭრის ცოლის ტრფიალება. იგი აღაშფოთა ფატმანის თავხედობამ, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო დროებით თავი შეიკავა, ვითომც კიდევაც შეიფერა ვაჭრის ცოლის სიყვარული: "ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა".
ფატმანი ვერ მიხვდა ავთანდილის გულისთქმას, ასე ეგონა - მშვენიერი უცხოელი მოყმე დაისაკუთრა. ვარდი (ავთანდილი) რომ დაიხელთა, ყვავმა (ფატმანმა) თავი ბულბულად წარმოიდგინა. გამანადგურებელი ირონიით შენიშნავს ამის გამო რუსთველი (1254,4):
"თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია."
ეჭვი არ არის, რომ სწორედ ფატმანის სიყვარული ჰქონდა რუსთველს მხედველობაში, როდესაც გადაჭრით ამბობდა (25,4):
"მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში."
თავის ადგილას ჩვენ უკვე შევნიშნეთ, რომ რუსთველი საჭიროდ თვლის საგანგებოდ გახაზოს ავთანდილის აშკარა უგულობა ფატმანთან ინტიმური ურთიერთობის პირობებშიც კი (1252). ფატმანის მაგალითით რუსთველმა ამხილა ვაჭართა წრეში მიღებული მდაბიო, უსულგულო სიყვარულის (სატრფიალო წადილის) თავისებური ფორმა.
რუსთველმა პროლოგში (24) დაუპირისპირა ერთიმეორეს მიჯნურობა და სიძვა. ფატმანის მიჯნურობას პოეტი თვლის სიძვად. რუსთველის მთლიან სახეობრივ სისტემაში ფატმანი უარყოფითი პერსონაჟია - იგი უპირისპირდება ნესტან-თინათინს, ისე როგორც დიაცური ავხორცული სიყვარული უპირისპირდება "ვეფხისტყაოსნის” იდეალიზებული ქალების ამაღლებულ, ზნეფაქიზ მიჯნურობას.
აღნიშნულის მიუხედავად, ფატმანს ამკობს ბევრი დადებითი ადამიანური თვისება: იგი მგრძნობიარეა, სულგრძელი, კაცთმოყვარე, კეთილი, გულშემატკივარი. ფატმანმა უანგარო მორალური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ნესტანდარეჯანს, მისთვის უცნობ ტყვე ქალს იგი სათუთი დედობრივი მზრუნველობით მოეპყრო. ტყუილად კი არ უწოდებდა ნესტანი ფატმანს “დედისა მჯობ დედას” (1141,1; 1285,1).
ფატმანს თავისებური გატაცებით უყვარდა ავთანდილი, მაგრამ, როდესაც მისი თავგადასავალი გაიგო, თავისი გრძნობები ჩაიხშო, ჭაბუკს წინ არ გადაეღობა, პირიქით, ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ დაეჩქარებინა ნესტანის დახსნა - ფაქტობრივად, დაეჩქარებინა მისთვის უზომოდ სამძიმო გაყრა სატრფოსთან.
ვინ იცის, როგორი შინაგანი მღელვარება დაძლია ფატმანმა, მაგრამ მგრძნობიარე ქალმა გულწრფელად შეუწყო ხელი ავთანდილს, რომ დაბრუნებოდა თავის გულისსწორს. ფატმანმა სამაგალითო სულდიდობა გამოიჩინა. ტარიელი ფატმანს აღიარებდა ნესტანის მხსნელად: “ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებიაო“ (1429,3).
ტარიელმა ურიცხვი განძი უძღვნა ფატმანს, დად იფიცა და მოკრძალებით განუცხადა (1443,3): „დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია“.
თუმცა რუსთველი სრულიად არ მალავს ფატმანის ხასიათის მანკიერ მხარეებს, იგი მაინც ერთგვარი სიმპათიით ხატავს ვაჭრული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენელ ქალს. პოეტი ერთიმეორეს უპირისპირებს მოყმურ-რაინდული საზოგადოებისა და ვაჭრული წრის ზნეობრივი ცხოვრების ნორმებს, მაგრამ გარკვეულად აგუებს და ათანხმებს ამ ორი სხვადასხვა სოციალური ფენის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ იდეალებს.
შემთხვევითი როდია, რომ პოემაში წინა რიგზეა წამოწეული ვაჭართა ქვეყნის ამბავი. ეს ეპიზოდი სიუჟეტურადაც ორგანულად და ბუნებრივად ექსოვება „ვეფხისტყაოსნის“ ამბავთა ერთიან სისტემას. აღებ-მიცემობის განვითარებისათვის და მისვლა-მოსვლის გაადვილებისათვის, პირველ ყოვლისა, ვაჭართა საზოგადოება საჭიროებდა ერთიანი, ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს მფარველობას.
თავიანთი სოციალურ-კლასობრივი ინტერესების გამო ვაჭრები, როგორც წესი, გამოდიოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლების პრინციპულ მოსარჩლედ და ფეოდალური ჯებირების მოწინააღმდეგედ. ასე იყო ყველგან შუა საუკუნეებში. ასე იყო საქართველოში. საისტორიო წყაროებით ცნობილია, რომ მე-13 საუკუნის საქართველოში ვაჭრები (მაგალითად, ზანქან ზორაბაბელი და სხვ.) მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
ეს გარემოება მხატვრულად ასახულია „ვეფხისტყაოსანში“: მოყმე ავთანდილი უანგაროდ იცავს მოქარავნეებს (ვაჭრებს) მეკობრეთა თავდასხმისაგან, ხოლო ვაჭართა უხუცესის ცოლი (და თვითონ ვაჭარი) ფატმან ხათუნი აქტიური მონაწილეა ნესტანის გათავისუფლებისათვის ბრძოლისა. ჩვენი აზრით, ამით აიხსნება რუსთველის, ერთი მხრივ, ირონიული და, მეორე მხრივ, შემწყნარებლური დამოკიდებულება ვაჭრული საზოგადოებისადმი.
რუსთველმა ერთმა პირველთაგანმა დახატა შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურაში ვაჭართა საზოგადოების ცოცხალი, კოლორიტული, რეალისტური სურათი. რუსთველი მშვენივრად გრძნობდა ახალი დროის მაჯისცემას, ახალი სოციალური ძალის (ვაჭართა საზოგადოების) ისტორიულ ასპარეზზე გამოსვლის მნიშვნელობას. ამან გამოხატულება ჰპოვა „ვეფხისტყაოსანში“.
დიდმა პოეტმა-მოაზროვნემ მაინც არ დაინდო ვაჭართა საზოგადოების იმთავითვე აშკარად გამომჟღავნებული ნიშანდობლივი სოციალური მანკიერებანი (ოქროს გაღმერთება, მომხვეჭელობა, ანგარება, გაუმაძღრობა, სიძუნწე, დაწვრილმანება, ოჯახური ცხოვრების მოუწესრიგებლობა და სხვ.).
ვაჭრები სრულიადაც არ ცდილობდნენ თავიანთი მანკიერების დაფარვას. ამასთან ისინი გულწრფელად შეჰხაროდნენ რაინდული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს. საყურადღებო დეტალი: როგორც ცნობილია, გულანშაროში ავთანდილი თავს აცხადებდა ვაჭართუხუცესად. ბოლოს სახელოვანმა მოყმემ ნიღაბი ჩამოიხსნა, გაიხადა ვაჭრული ტანსაცმელი, „მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა“, რითაც, რუსთველის მოწმობით, „მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა“ (1256). ფატმანი ცოტა არ იყოს გააკვირვა ავთანდილის ახალმა მოკაზმულობამ, მაგრამ ასე უფრო მოეწონა (1257,3-4):
„ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
შემოსცინა: აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად.“
ამრიგად, შესამოსელის შეფასებაშიც ამჟღავნებს რუსთველი თავის სოციალურ განწყობილებას. როგორც წესი, პოეტი თავის შეხედულებას აქაც ადასტურებინებს თავისსავე პერსონაჟს.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II
















