რუსთველის პოემის ენა სადაა, კეთილშობილური, ის ახლოს იყო ხალხის სამეტყველო ცოცხალ ენასთან. ხალხის სამეტყველო ენა რუსთველმა აიყვანა ლიტერატურული სრულყოფილობის მწვერვალამდის. “ვეფხისტყაოსნის” ენა იმდენად ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან, რომ პოემის შინაარსი საერთოდ სავსებით გასაგებია თანამედროვე მკითხველი საზოგადოებისათვის, პოემა არ საჭიროებს თარგმნას ახალ ქართულზე. რუსთველი “ტკბილ-ქართული” ენის სწორუპოვარი გამომხატველია პოეზიაში. მან შეისისხლხორცა და ამოსწოვა სიმდიდრე, სიღრმე და სიდიადე ქართველი ერის ენობრივი საუნჯისა. რუსთველის ენა მკაფიოა, ნათელი, ლაპიდარული. დიდმა პოეტმა დახვეწა, კიდევ უფრო მეტი მოქნილობა და ბრწყინვალება მისცა ქართულ ბარაქიან სიტყვას. რუსთველის ენა არაჩვეულებრივად მდიდარია ლექსიკით.
“ვეფხისტყაოსნის” ლექსიკური სიმდიდრე მშვენივრად ასახავს ქართული ენის სიმდიდრეს და განვითარების მაღალ დონეს.
“ვეფხისტყაოსანს” ამკობს დარბაისლური სტილი. პოემის ღრმა იდეურ-შინაარსობლივ მხარეს შეესატყვისება მისი ნატიფი პოეტური ენა, მისი “ენამზეობა”, რუსთველის პოემის აზრის სიდიადეს ამშვენებს ამ აზრის გამომხატველი სიტყვიერი ფორმა. პოეტურ სიტყვიერ ფორმას, სსვადასხვა მხატვრულ ხერხს რუსთველი იყენებს აზრის მკაფიოდ, ნათლად და გამჭვირვალედ გადმოსაცემად.
რუსთველის პოეტური ენის უაღრესად ნიშანდობლივი თვისებაა მეტაფორულობა. პოეტი ძლიერ ხშირად მეტაფორებით მეტყველებს და მეტაფორულად აზროვნებს. საკმარისი იქნება თუ ვიტყვით, რომ მეტაფორულადაა გადმოცემული პოემის დედააზრი - სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების იდეა და ამაღლებული სიყვარულის საზეიმო აპოთეოზი. შელეწილი და შემუსვრილი ქაჯეთის ციხის ფონზე პოემით გადაშლილია იშვიათი სანახაობა (1420, 1): “ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა”. აქ მზე მეტაფორულად ასახიერებს ტარიელს, მ თ ვ ა რ ე ნესტანია, ხოლო გველი (გველეშაპი) ქაჯეთის ციხე, ქაჯთა სამყარო (ბოროტებისა და ბნელეთის სიმბოლო). მთვარე-ნესტანი (სიკეთის სიმბოლო) გამოიხსნეს გველეშაპის კლანჭებისაგან, რათა იგი საბედნიეროდ შეეყაროს თავის სატრფოს, რათა განხორციელდეს უმაღლესი სამართლიანობა, სიყვარულმა ამ ქვეყანაზე მოიპოვოს უკვდავება, მზე და მთვარე იქცნენ ერთსულ და ერთხორც. “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.
“ვეფხისტყაოსანში” ბევრია ზოგჯერ მოკლე და სხარტი, ზოგჯერ კი ვრცელი, გაშლილი მეტაფორული მწკრივი, აქა-იქ მთელ სტროფებს რომ მოიცავს. რუსთველური მეტაფორის სანიმუშოდ მხოლოდ ერთ მაგალითს დავიმოწმებთ. ქაჯეთის ციხესთან დაიხოცნენ ფრიდონის მეომრები. ტარიელმა ამის გამო გულწრფელად მიუსამძიმრა თავის ძმადნაფიცს და უთხრა (1456, 3-4):
"თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია.
ესე თქვა, ნელად ატირდა დ ა წვიმა თოვლსა არია ,
ნ ა რ გ ი ს თ ა თ ი ძ რ ვ ი ს ბ ო რ ი ო, ვ ა რ დ ს ა ზ რ ა ვ ს, ი ა ნ ვ ა რ ი ა."
მოყვანილი ნაწყვეტის თოვლი მეტაფორულად ნიშნავს პირისახეს (თეთრ, ლამაზ, სუფთა პირისახეს), წვიმა – ცხარე ცრემლებია, ნ ა რ გ ი ს ი თვალია. მთელი მეტაფორული მწკრივის (დაყოფილად დაბეჭდილი ტაეპების) შინაარსი ასეთია: ტარიელი ატირდა, ცხარე (ცხელი) ცრემლების ღვარი მიედინა თოვლს (პირისახეს). თვალებიდან აძრული ბორიო (ცივი სიო) და თოვლნარევი წვიმა სუსხავს ღაწვებს, ჭეშმარიტად იანვარია (იანვრის სუსხი). მეტაფორულად გამოხატული ცივი ზამთრის (იანვრის) სურათი კარგად ეხამება მგლოვიარე ჭაბუკის მძიმე სულიერ განწყობილებას და ამ განწყობილების პოეტურ ილუსტრაციას წარმოადგენს. ერთმანეთთან მიმსგავსებულია ბუნების ავდარობა და გმირის მწუხარება. მეტაფორული მწკრივის საშუალებით რუსთაველი ამავე მიზანს აღწევს სხვა შემთხვევაშიც. განატანჯი ნესტანის მჭმუნვარების გაქარწყლებისა და “სულიერი გამოდარების” დროს (536, 2-3):
იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
“წვიმა დარენელდა”, ნესტანს გუნება-განწყობილება შეეცვალა, დამშვიდდა, დაწყნარდა (შენელდა იგი წვიმა, ადრე რომ ვარდი, ე. ი. ნესტანის პირი-სახე, დაეზრაო). მანამდის გაკუშტებულს, ახლა გაუღიმნია, გამოჩენილა ძოწზე (ღრძილებზე) კოხტად მიწყობილი (მიბჯენილი) თეთრი, გამჭვირვალე კბილები (მარგალიტები).
ვირტუოზულია ლაკონიურობითა და გამომსახველობითი ძალით ნარგიზისა და წვიმის მეტაფორული მწკრივი (975, 4):
"ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა."
თვალებში ჭექა-ქუხილი ამტყდარა, წამოსულა ცრემლების თქეში, რომელსაც ჩაურეცხია მინა-ბროლივით სუფთა და თეთრი პირისახე.
რუსთაველის მეტაფორები შეიცავს ჩვეულებრივად ადვილად ამოსაცნობ შინაარსს, ზოგიერთი აღმოსავლეთელი დიდი პოეტივით იგი აზრს არ აბნელებს და არ აბუნდოვნებს. რუსთაველი უხვია და ორიგინალური თავისი მრავალფეროვანი, ხშირად ანაზდეული და მოულოდნელი ეპითეტებით (მაგალითად, ხ მ ა შ ა ქ რ ი ს ფ ე რ ი , ტირილი შვენიერი ). ეპითეტების საშუალებით რუსთაველი ნიშანდობლივად გვიხსნის თავისი გმირების სახასიათო თვისებებს. ეპითეტები ამაყი , ლაღი , უკადრი და მისთანანი თანაბრად მიეკუთვნება ტარიელსა და ავთანდილს (აგრეთვე ფრიდონს), როგორც იდეალურ მოყმე-რაინდებს. მაგრამ ტარიელის სულიერი მდგომარეობის დასახასიათებლად სპეციფიკურია კ უ შ ტ ი , პ ი რ - გამქუ შ ავი . ავთანდილი კი იყო ლაღად მავალი , გრაციოზულად ტ ა ნ ი ს მრხეველი , მხიარული , მორჭმული , შვებული , “ყმა სოფლისა ხასიათი”, “ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული”.
რუსთაველი დიდი ოსტატია მხატვრული შედარებისა. პოემაში ბევრია რეალისტური, ეროვნული საყოფაცხოვრებო კოლორიტით აღბეჭდილი საუცხოო შედარებანი, მაგალითად:
მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვ ი თ მ ა ყ რ ე ბ ი (431, 4). მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდგა, ვ ი თ ა მ წ ნ ი ლ ი (1367, 3). ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გ ა ჰ ყ რ ი ს ც უ ლ ე ბ ი (1451,3).
მომხიბლავია მოყვანილი შედარებების ბუნებრიობა, უბრალოება და ერთგვარი სპეციფიკურ-ხალხური იერი. უბრალო ხალხის ყოფა-ცხოვრების კარგად მცოდნე პოეტს შეეძლო ქართველი გლეხი ქალის მიერ კოხტად ჩაწყობილი მწნილისათვის შეედარებინა შესაფერისი წესრიგით დალაგებული სამხედრო საჭურველი (აბჯარი). გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ ელფერს ატარებს რიგი შედარებანი, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიულ სინამდვილესთან, მაგალითად:
"ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვ ი თ ა ნ ა თ უ რ ქ ა ლ ს ა" (55, 1).
"ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვ ი თ ა მ ე კ ო ბ რ ე ნ ი ა" (54, 4).
ძლიერი სოციალური აქცენტი აღუბეჭდავს შემდეგ შედარებას (1196, 2):
"დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა."
ქართული ნაციონალური სულისკვეთება უდევს საფუძვლად ზემოთ უკვე გააანალიზებულ ამ შედარებას (552, 1-2):
"მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა,
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, ა რ ს ა ღ ვ ს ე ბ ი ს ა."
“ვეფხისტყაოსნის” რიგი შედარებანი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ექსპრესიულობით. ტარიელის ამბის გამოსაძიებლად ავთანდილმა დაიხელთა ასმათი და “ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა” (231, 3). ასმათიც ღირსეულად დაუხვდა ავთანდილს, თუმცა ფიზიკურად სუსტი ქალი მძლავრი რაინდის ხელში წააგავდა არწივის მიერ შეპყრობილ კაკაბს (232, 2):
"ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა."
ტარიელის მაძებარმა ავთანდილმა ქედიდან თვალი მოჰკრა შამბის პირას სადავე-უკუყრილ ტაიჭს, სადმე ახლოს უნდა ყოფილიყო მისი პატრონიც. ავთანდილმა არ დააყოვნა, “ვით გრ ი გ ალმა ჩაირბინა ” და მიაშურა განსაცდელში მყოფ ძმობილს. ს წ რ ა ფ ი მოძრაობის მომენტი პოეტურ ენაზე უკეთ ვერ გადმოიცემა.
ეჭვებისაგან გამძვინვარებული ნესტანის სულიერი მდგომარეობის გარეგნული გამოხატულება სკულპტურული გამოკვეთილობით აქვს რუსთველს მოცემული ცნობილი მხატვრული შედარების საშუალებით (522, 1):
"ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული."
გაგულისებული მშვენიერი სატრფო ტარიელს წარმოესახა კლდის პირას მწოლარე გააფთრებულ ძუ ვეფხად. ეს წარმტაცი სურათი წარუხოცლდ აღიბეჭდა მის მეხსიერებაში. ამ მომენტიდან ნესტანი და ვეფხი განუყრელი ასოციაციებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. აქედან მოდის პოემის უკვდავი სახე და პოემის მშვენიერი სათაური – “ვეფხისტყაოსანი”. ასეთია რუსთაველის მხატვრული შედარების წარმოსახვითი ძალა. რუსთაველის შედარებანი ხშირად ჰიპერბოლურია, ოღონდ ჰიპერბოლები ფანტასმაგორიაში არ გადადის. რუსთაველის ჰიპერბოლური შედარებების საფუძველიც სინამდვილეა.
რუსთაველის ერთ-ერთი უსაყვარლესი ხერხია განმეორებანი. პოემაში გვხვდება განმეორებათა მრავალი სახეობა. ავიღოთ უბრალო განმეორების ნიმუში (27, 3):
"შ ო რ ი თ ბნედა, შ ო რ ი თ კვდომა, შ ო რ ი თ დაგვა, შ ო რ ი თ ალვა."
ამ ტაეპში ოთხჯერ არის განმეორებული სიტყვა შ ო რ ი თ. ამისდა მიუხედავად, პოეტი თავს აღწევს ტავტოლოგიას. აქ განმეორება გამოყენებულია შინაარსობლივ- აზრობრივი მხარის გასაძლიერებლად. ტაეპის ემოციური ინტონაცია ქმნის დიდ მხატვრულ ეფექტს. რუსთველი მკითხველს დაბეჯითებით უნერგავს იმ აზრს, რომ შ ო რ ი თ ტრფიალი და მხოლოდ შ ო რ ი თ ტ რ ფ ი ა ლ ი არის ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშანდობლივი თვისებაო.
ნაწყვეტში გვაქვს აგრეთვე მხატვრული ჩამოთვლის მაგალითიც: ბნედა, კვდომა, დაგვა, ალვა. ამ სიტყვებს დაჰკრავს სინონიმური იერი. საანალიზო ტაეპში არსებითად დამოწმებულია განმეორების ორი რიგი: პირველი რიგის განმეორება ხასიათდება სიტყვაუცვლელობით (შორით), მეორე რიგს ახასიათებს, სიტყვაცვალებადობა და სინონიმურობა. დასახელებული ტიპის განმეორებანი “ვეფხისტყაოსანში” უამრავია. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს (1090, 4):
"რ ა უთქვამს, რ ა მოუჩმახავს, რ ა წიგნი მოუწერია."
“ვეფხისტყაოსნისათვის” სპეციფიკურად დამახასიათებელია შემდეგი სახის განმეორებანი:
1. "ნ ა ხ ე ს დ ა ნ ა ხ ვ ა მოუნდა უცხოსა სანახავისა" (85, 4).
2. "ცხენსა შეჯდა, გაემართა, დ ა რ ბ ა ზ ს მ ი ვ ა ს ა დ ა რ ბ ა ზ ო დ" (141, 4).
3. "ერთსა წავსწვდი უტევანსა, წ ა ვ გ რ ძ ე ლ დ ი დ ა წ ა ვ ე გ რ ძ ე ლ ა დ" (445, 3)
4. "ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძ რ წ ი ს დ ა მ ი ე ც ა ძ რ წ ო ლ ა ს ა" (1100, 1).
5. "მან გ ა ა ხ ა ფ ო ს ხ მ ა ხ ა ფ ი, კვლა უფრო გ ა ს ა ხ ა ფ ა ვ ი" (1315, 3).
ამგვარ განმეორებათა მაგალითები “ვეფხისტყაოსანში” ძალიან ბევრია. “ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა”, ამბობს რუსთაველი. ამ მოკლე ფრაზაში პოეტი სამჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას (მართალია, სხვადასხვა ფორმით), მაგრამ ქართველი გენიოსი პოეტის მიერ მოხმობილი, ამ, ერთი შეხედვით, უცნაური განმეორებით მიღწეულია სასწაულებრივი მხატვრული ეფექტი: გამძაფრებულია ფრაზის მხატვრული ინტონაცია, გაღრმავებული და გამკვეთრებულია მისი შინაარსობრივ-აზრობრივი მხარე.
სიტყვათა მოულოდნელი შეწყობით, უჩვეულო განმეორებით პოეტურ ფრაზებს ეძლევა იშვიათი გარეგნული სილამაზე და დიდი შინაგანი გამომსახველობითი ძალა. ეს რუსთაველის საკუთარი პოეტური ხერხია. დიდი პოეტურო კულტურისა და დახვეწილი გემოვნების პატრონმა შექმნა პოეტური ენის, პოეტური მეტყველების ორიგინალური სისტემა. რუსთველმა ახლებურად ააჟღერა და აამეტყველა ქართული სიტყვა.
უხვადაა “ვეფხისტყაოსანში” შერჩეული სინონიმური სიტყვები. ამ სიტყვებს ავტორი მოსწრებულად იყენებს მხატვრული განმეორების მიზნით, მაგალითად:
1. "მოდით და ნახეთ ყოველმან შ ე მ ს ხ მ ე ლ მ ა ნ, შ ე მ ა მ კ ო ბ ე ლ მ ა ნ" (43, 4).
2. "მოართვეს. გასცა უ ზ ო მ ო, უ ა ნ გ ა რ ი შ ო, უ ლ ე ვ ი" (52, 4).
3. "ამილახორო, მოასხი რ ე მ ა, ჯ ო გ ი დ ა ც ხ ე ნ ი ა" (64, 2).
4. "მეფე გ ა წ ყ რ ა , გ ა გ უ ლ ი ს დ ა, ლაშქარნიცა შეუზახნა" (55, 1).
5. "მეფე საწოლს შემოვიდა ს ე ვ დ ი ა ნ ი, დ ა ღ რ ე ჯ ი ლ ი" (101, 1).
6. "დ ა ა ლ ე ბ ა , დ ა ა ლ უ რ ჯ ა, მედგრად პირნი მოიქუშნა" (579, 2).
7. "შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზ ე ნ ა ა რ ი ს ა , ფ ი ც ი ს ა" (706, 1).
8. "ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ა ს უ დ ა რ ე ბ ს , ა ზ ე წ ა რ ე ბ ს" ( 716, 4).
9. "მისის კითხვით წამოსრულვარ, ა რ მ თ რ ვ ა ლ უ რ ა დ, ა რ მ ა ხ მ უ რ ა დ" (933, 3)
10. "მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შ ე მ ო მ ხ ვ ე წ ლ ა დ, მ ქ ე ნ ე ბ ლ ა დ" (1520, 2)
სინონიმური სიტყვების ორგზისი და სამგზისი განმეორებით რუსთველი ამახვილებს მკითხველის ყურადღებას, ის ხაზს უსვამს და აძლიერებს გარკვეულ აზრს. ემოციურ-ინტონაციური მახვილით პოეტი მკაფიოდ გამოყოფს აზრობრივ მომენტს და მას ფორმის მხრივაც მოხდენილ სახეს აძლევს.
სინონიმებად რუსთველი იყენებს ქართულ მდიდარ ლექსიკას (“შემსხმელმან, შემამკობელმან”; “გაწყრა, გაგულისდა”; “გაიღიმა, გაიცინა“; “შემოჭდომა, შემოხვევა” და სხვ.). ზოგჯერ პოეტი მიმართავს არქაული და მოქმედი სინონმური სიტყვების შეპირისპირებას (“ნუ პატრონსა, ნუ უფალსა”, “ვარ შემომხვეწლად, მქენებლად”). აქა- იქ გვხვდება ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული უცხოური წარმოშობის სიტყვები (“ სევდიანი, დ ა ღ რ ე ჯ ი ლ ი ”; “ უ ც ხ ო დ ა ღ ა რ ი ბ ი ”; “ ზენაარისა , ფიცისა”; არ მთრვალურად, არ მახმურად ” და მისთანანი).
ჩამოთვლა-განმეორების დროს ყოველ ახალ სიტყვას რაღაც ახალი შინაარსეული ნიუანსი ემატება, რაც აზრს აძლიერებს და სრულყოფილს ხდის. “მოართვეს, გასცა უზ ომო , უ ა ნ გ ა რ ი შ ო , ულევი ”. თავიანთი ძირითადი მნიშვნელობით უზომო, უანგარიშო და ულევი ერთისა და იმავე შინაარსის მქონე სიტყვებია, მაგრამ თითოეულს ცალკე აქვს ნიუანსური თავისებურება; ყველა ერთად კი ჰქმნის რაოდენობრივი უსაზღვროების გრანდიოზულ შთაბეჭდილებას. შთაბეჭდილებას არაჩვეულებრივად აძლიერებს ამ სინონიმური სიტყვების ბგერული ჟღერადობა: უზომო, უანგარიშო, ულევი. პოეტური ფრაზების ასაგებად რუსთველი სიტყვებს ირჩევს როგორც შინაარსობლივ-აზრობრივი, ისე ბგერული ჟღერადობის კვალობაზე. ამას ასაბუთებს შემდეგი შესანიშნავი მაგალითიც (1330, 2 - 3):
"ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,
უ დ ა ბ უ რ ნ ი დ ა უ გ ზ ო ნ ი , უ ც ხ ო ნ ი რამე არენი."
ინტონაციური მახვილი პოეტური ფრაზის გარკვეულ ნაკვეთს, და ამავე დროს კი მთელ ფრაზას ანიჭებს მეტ გამოკვეთილობას, მაგალითად:
"კ ვ ლ ა საბრალოდ ამიტირდა, კ ვ ლ ა მოედვა ამით ალი" (570, 2).
"კვლა მოვიდე შ ე ნ ა დ ნახვად, შ ე ნ თ ვ ი ს მოვკვდე, შ ე ნ თ ვ ი ს ვირო" (665, 3)
“ვეფხისტყაოსანში” შეინიშნება ფ რ ა ზ ე ბ ი ს გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ა ც , მაგალითად (247, 3):
"სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე."
რუსთველის მხატვრული მეტყველებისათვის დამახასიათებელია გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ა - მიმართვანი :
1. "ცრემლით მითხრა: შ ვ ი ლ ო , შ ვ ი ლ ო, ცოცხალ ხარ ღა? სიტყვა თქვია" (350, 2).
2. "ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა" (810, 1).
3. ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე" (811, 1).
4. "გ ვ ი შ ვ ე ლ ე თ ო, გ ვ ი შ ვ ე ლ ე თ ო , მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს" (1378, 3).
ზოგჯერ პოეტი განსაკუთრებული დაჟინებით უსვამს ხაზს სიტყვას ან სიტყვის ნაწილაკს. ამ დაჟინებითი ხაზგასმულობით ფრაზის იერი იცვლება, მისი გამომსახველობითი ძალა მატულობს. მაგალითად (783, 4):
"გული დადევ, დაიჯერე, ვ ე რ წ ა გ ი ტ ა ნ, ვ ე რ ა, ვ ე რ ა."
ქაჯეთიდან გამოგზავნილი ნესტანის ყოველმხრივი ბრწყინვალე წერილის შინაგან სითბოსა და ინტიმურობას უთუოდ აორკეცებს ხალხურ-სასაუბრო მიმართვა ჩ ე მ ო , რომელიც მრავალ სტროფში მეორდება:
ჰე, ჩ ე მ ო , ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები. (1293, 1).
ჰხედავცა,ჩ ე მ ო , სოფელი რათა საქმეთა მქმნელია (1294, 1).
ჰხედავ, ჩ ე მ ო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? (1295, 1).
სხვად, ჩ ე მ ო. ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების (1298, 1).
მხატვრული გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ი ს გვერდით უნდა დავასახელოთ მხატვრული ჩა მოთვლა . მაგალითად:
1. დღე ერთ გარდახდა: პურობა , ს მ ა -ჭამა იყო, ხილობა (56, 1).
2. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ო ქ რ ო , ვერცხლი და რვალია (158, 4).
3. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი , შუკა და ბანი (478, 1),
4. სრულად ნათლითა აევსო ს ა ხ ლ ი , შუკა და უ ბ ა ნ ი (480, 3).
5. წა, უკუდეგ! ავი , შ მ ა გ ი , უ მ ე ც ა რ ი , შ ლ ე გ ი , წბილი (759, 3).
6. გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე , შ ე მ ა ბ რ ა ლ ე ,
ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მ ი უ წ ე რ ე , შეც ა ს თ ვალე (1289, 3—4).
საგულისხმოა, რომ ჩამოთვლის დროს რუსთველი იყენებს არსებით სახელებსა და ზმნებს. მეტყველების სხვა ნაწილები მსგავს შემთხვევაში ძლიერ იშვიათად შეინიშნება. რუსთველს ზოგჯერ გრადაცია, აღმავლობა მოუმარჯვებია ჩამოსათვლელი სიტყვების შერჩევისას, ზოგჯერ — დაღმავლობა. “სრულად ნათლითა აევსო ს ა ხ ლ ი , შუკა დ ა უ ბ ა ნ ი ”, - გრადაციის პრინციპზეა აგებული, სიტყვა-ცნებათა შინაარსი ჩამოთვლის პროცესში ფართოვდება და იზრდება. მეორე შემთხვევაში, პირიქით, სიტყვა-ცნებათა შინაარსი იკუმშება და ვიწროვდება, დაღმავალი გზით ვითარდება (“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი , შუკა და ბანი ”). ბევრი ჩამოსათვლელი სიტყვა სინონიმური მნიშვნელობისაა (“ლაღი, შვებული”, “კრძალვით და რიდობით”, “შმაგი, შლეგი” და მისთანანი).
ცალკე უნდა აღინიშნოს ზ მ ნ ე ბ ი ს სი უ ხ ვე “ვეფხისტყაოსნის” ფრაზერში. ზმნების სიუხვე ხელს უწყობს სიტყვის დაზოგვასა და სტილურ ეკონომიას, აზრის მოკლედ და სხარტად გამოთქმას. ფატმანი ასე გადმოსცემს ზღვათა მეფის სასახლიდან გამოპარული ნესტანის ხილვის ამბავს (1199, 3—4 ):
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა. შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.
ასეთივეა (860, 2):
"ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა."
სიტყვიერი ეკონომიის დამახასიათებელი ნიმუშია (1129, 1).
"მაშორვიდა, ვერად ვიცან: მომეახლა, იყო ნავი."
პოემის ზოჯიერთი ტაეპი მთლიანად, ან თითქმის მთლიანად, ზმნებისაგან შედგება, მაგალითად:
"დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა" ( 582, 4).
"მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის" (838, 4).
"შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა" (1334, 4).
აქა-იქ ზმნის ფორმითაა გამოხატული მხატვრული ჩამოთვლა. მაგალითად (891, 4):
"დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა."
როგორც ენობრივი მოვლენა და სტილურ-პოეტური ხერხი განმეორებასთან ახლოსაა პ ა რ ა ლ ე ლ ი ზ მ ი , ზოგჯერ განმეორებასა და პარალელიზმს შორის იგივეობის ნიშანიც კი დაისმება, მაგალითად:
"შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზ ე ნ ა ა რ ი ს ა, ფიცისა (706, 1).
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ა ს უ დ ა რ ე ბ ს, ა ზ ე წ ა რ ე ბ ს" (716, 4).
ამ ტაეპში დაყოფილი სიტყვები (“ზენაარისა, ფიცისა”, “ასუდარებს, აზეწარებს”) განმეორებებსაც წარმოადგენს და პარალელიზმებსაც. მაგრამ პარალელიზმი მაინც თავისთავადი, სპეციფიკური პოეტური ხერხია საზოგადოდ. ეს ხერხი უაღრესად ნიშანდობლივია “ვეფხისტყაოსნისათვის”.
რუსთველი სარგებლობს პარალელიზმის ორი სახეობით: დადებითი პარალელიზმით და უარყოფითი (კონტრასტული) პარალელიზმით. რაოდენობრივად და თვისობრივად კონტრასტული პარალელიზმის ხვედრითი წონა პოემისათვის გაცილებით დიდია. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ კონტრასტული პარალელიზმი შედარებით იშვიათი მოვლენაა ლიტერატურაში, დადებითი პარალელიზმი კი (არსებითად ჩამოთვლა-განმეორება) ასევე შედარებით ხშირია.
მოვიყვანთ დადებითი პარალელიზმის რამდენიმე ნიმუშს:
1. "მარგალიტი არვის მიჰხვდეს უ ს ა ს ყ ი დ ლ ო დ , უ ვ ა ჭ რ ე ლ ა დ" (162, 3).
2. "ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს ა რ ზ რ ვ ი დ ე ს , ა რ ა ჭ ნ ო ბ დ ე ს" (168, 3).
3. "მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უ გ ე მ უ რ ს ა , მ ე ტ ა დ მ ქ ი ს ს ა" (183, 1).
4. "ქალსა ყმამან მოუსმინა, დ ა ჰ მ ო რ ჩ ი ლ დ ა , დ ა ჰ რ თ ო ნ ე ბ ა" (263, 1).
5. "შენი ქალი არად მინდა, გ ა ა თ ხ ო ვ ე , გ ა მ ა რ ი დ ე" (566, 1).
6. "ნ უ მ ა ც ო ც ხ ლ ე ბ, ნ უ დ ა მ ა რ ჩ ე ნ , შ ე მ ი ხ ვ ე წ ე , შ ე მ ი ბ რ ა ლ ე" (571, 3).
7. "შენ გენუკვი, შემიჯერო, ღ მ ე რ თ ი ი ღ მ რ თ ო , ც ა ც ა ი ც ო" (664, 3).
8. "სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გ ა კ ი ც ხ უ ლ ა , გ ა ბ ა ს რ უ ლ ა" (862, 4).
9. "ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მ ხ ი ა რ უ ლ ა დ , ა მ ო დ , დ უ რ ა დ" (1127, 1).
10. "ესე ამბავი მასთანა ვთქვი დ ი ა ც უ რ ა დ , ხ ე ლ უ რ ა დ" (1206, 1).
კონტრასტული პარალელიზმის მაგალითები:
1. "მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დ ა ს ტ უ რ ი ა , ა რ ნ ა ჭ ო რ ა დ" (130, 3).
2. "ყმამან უთხრა: მომისმინე, მ ა რ თ ლ ა დ გ ი თ ხ რ ო ბ , ა რ ა ჭ რ ე ლ ა დ" (162, 1).
3. "ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის - მ ა რ თ ლ ა დ ა რ ს , ა რ კ ა ტ ა ბ ა ნ ი" (478, 4).
4. "მის მოყვრისა მოშორვება კვლა ა ბ ი ნ დ ე ბ ს , ა რ ა დ ი ლ ე ბ ს" (713, 4).
5. "კვლა შევა დარბაზს ვაზირი დ ა ღ რ ე ჯ ი თ , ა რ მ ხ ი ა რ უ ლ ა დ" (820, 1).
6. "მას მოვეშორვე, წამოვე ს ი ჩ ქ ა რ ი თ , ა რ ს ი წ ყ ნ ა რ ი თ ა" (889, 2).
7. "იგი ნავი მეკობრეთა მ ა ს დ ღ ე ნ ა ხ ე ს , ა რ ა ხ ვ ა ლ ე ს" (1053, 1).
8. "ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პ ი რ - მ ს უ ქ ა ნ ი , ა რ პ ი რ - ხ მ ე ლ ი" (1077, 2).
9. "ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მ ძ ი მ ე , ა რ ს უ ბ უ ქ ი" (1143, 3).
10. "მუნ ვაჭარმან ო ქ რ ო ს ფ ა ს ა დ ც ხ ე ნ ი მ ი ს ც ა , ა რ უ ძ ღ ვ ა ნ ა" (1374, 3).
ფუნქციონალურად პარალელიზმები მხატვრულ განმეორებათა როლს ასრულებს პოეტურ ტექსტში. როდესაც ავტორს სურს საგანგებოდ უჩვენოს, მაგალითად, ფატმანის გარეგნობის (ვაჭრის ცოლის ტიპიური გარეგნობის) ისეთი მხარე, როგორიცაა სიმსუქნე, მას მოჰყავს შესაფერისი შინაარსის მქონე ჩვეულებრივი სიტყვა-ეპითეტი პირ - მ ს უ ქ ა ნ ი . ეს სიტყვა-ეპითეტი ზუსტად გამოხატავს საჭირო აზრს. მაგრამ პოეტი არ კმაყოფილდება გარკვეული აზრის გამოსახატავად დადებითი ფორმის გამოყენებით. აზრის გამოსაკვეთად პოეტი იშველიებს დამატებით სიტყვა-ეპითეტს, რომელიც უარყოფითი გზით აღბეჭდავს დადებითი გზით გადმოცემულ შინაარსს. ესაა არ პი რ - ხმელი . ერთ შემთხვევაში ფატმანის გარეგნობას რუსთველი ახასიათებს გამოთქმით პ ი რ - მ ს უ ქ ა ნ ი , მეორე შემთხვევაში გამოთქმით - არ პ ი რ - ხმე ლი . სიტყვათა ასეთი შეხამებით პოეტი ნიშანდობლივად ავლენს ვაჭრის ცოლის დამახასიათებელსა და დასამახსოვრებელ გარეგნობას. უარყოფითი პარალელიზმის საშუალებით რუსთველი აძლიერებს და აცხოველებს საჭირო აზრობრივი მხარის სიმკვეთრეს.
რუსთველი სწორუპოვარია თავისი მშვენიერი აფორიზმებითაც. აფორიზმის საშუალებით გარკვეული, დასრულებული აზრი გამოითქმება მოკლედ, სხარტად და მკაფიოდ. აფორიზმი პოეტური ფორმულაა ბრძნული აზრისა. რუსთველის აფორიზმებში სიტყვიერი ეკონომიითა და მოხდენილობით მიღწეულია აზრობრივი მაქსიმუმი. “სხვა სხვისა ომსა ბრძენია”, “სიყვარული აგვამაღლებს”, - ამბობს პოეტი და ორიოდე სიტყვით გამოხატავს ყველა ხალხისა და ყველა დროისათვის გასაგებ უჭკნობ ბრძნულ დებულებას.
რუსთველის აფორიზმის შთამაგონებელი ძალა უფრო იგრძნობა კონტექსტით, თუმცა მას არც კონტექსტის გარეშე ეკარგება მნიშვნელობა. რუსთველი გაშლილ აზრს ჰკრავს ან ხურავს აფორიზმით. მსგავს შემთხვევაში აფორიზმი ბუნერივად გამომდინარეობს ავტორის წინა მსჯელობიდან, აფორიზმი ლოგიკური დასკვნაა პოეტის ნააზრევისა. რუსთველი ჩვეულებრივ ერთი სტროფის ფარგლებში ათავსებს აფორისტულად გამოსათქმელ თავის მოსაზრებას. სტროფის პირველ სამ ტაეპში პოეტი წანამძღვრების სახით ავითარებს გარკვეულ შეხედულებას, ზოგჯერ გამოკვეთილად გამოხატულ დებულებას, ბოლოს, მეოთხე ტაეპში კი ამ წანამძღვრების საბუთიანობის კვალობაზე ბრწყინვალე ფორმით აყალიბებს თავის უკვდავ აფორიზმებს. არაიშვიათად აფორისტული ხასიათისაა თვითონ წანამძღვარი მოსაზრებანი, უკეთ, წანამძღვრებიც აფორიზმებადაა გამოკვეთილი. ერთი სიტყვით, მთელი სტროფი არის აფორისტული რიგისა. ამ რიგიდან ძირითადი მნიშვნელობისაა საბოლოო, დასკვნითი აფორიზმი, რომლის შეფარდებითს ხვედრით წონას ერთგვარად განსაზღვრავს შემავალ ან წანამძღვარ აფორიზმთა რაობა.
აღნიშნული კონსტრუქციისაა, მაგალითად, განთქმული აფორიზმი (800).
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიშრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.
აღსანიშნავია, რომ რუსთველის აფორიზმებისათვის უცხოა უბრალო სენტენციური შეგონება, თუმცა უდავოა მათი შთამაგონებელ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა. საგულისხმო ისიცაა, რომ რუსთველის აფორიზმები გადავიდა ხალხში და ფართოდ გავრცელდა როგორც გენიალური პოეტის მიერ გამოხატული ხალხური სიბრძნე. ხალხმა თავის საყვარელ პოეტს მიაწერა თავისი საკუთარი აფორიზმებიც. ასე, მაგალითად, რუსთველს მიეწერება ხალხური წარმოშობის ისეთი აფორიზმები, როგორიცაა:
1. "ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ ვარგა, რას არგებს გვარიშვილობა?"
2. "წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა".
რუსთველის პოეტური ენის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შეადგენს ამ ენის ბგერითი მხარე. რუსთველი უბადლო ოსტატია პოეტური ფრაზის ბგერული ორგანიზაციისა. პოემაში სიტყვათა ბგერული ჰარმონია განუკვეთელ მთლიანობაშია ლექსის ერთიან კონსტრუქციულ სისტემასთან. “ვეფხისტყაოსანს” ახასიათებს ბგერულ გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ა თ ა ორივე სახეობა - ასონანსი და ალიტერაცია (ასონანსი ეწოდება ხმოვანთა განმეორებას, ალიტერაცია კი ნიშნავს თანხმოვანთა ჰარმონიულ შეწყობას), თუმცა პოემისათვის უფრო ნიშანდობლივია მეორე, ე. ი. ალიტერაცია.
ასონანსების სანიმუშო მაგალითებია:
1. "მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი" (52, 4).
2. "ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი."
თავის ადგილას უკვე აღვნიშნეთ, რომ ყურადღების გასამახვილებლად და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად აქ ადგილი აქვს სიტყვათა აზრობრივ-სინონიმურ განმეორებას. ფრაზების იშვიათი მუსიკალური ჟღერადობა თავის მხრივ პოეტურ ნააზრევსა და ჩანაფიქრს შესაფერისად მატებს შნოსა და სილამაზეს. დამოწმებული ტაეპები მშვენიერი ნიმუშებია აზრით მდიდარი და ფორმით უზადო პოეტური ფრაზეოლოგიისა.
“ვეფხისტყაოსნისათვის” ე ვ ფ ო ნ ი ი ს სფეროში ალიტერაცია იმავე როლს თამაშობს, რასაც მეტაფორა პ ო ე ტ უ რ სე მანტიკაში . რუსთველის ფრაზებში ბგერა ბგერას, სიტყვა სიტყვას და აზრი აზრს ეჯიბრება თავისი მოხდენილობითა და დახვეწილობით. რუსთველს გადალახული აქვს პოეტური გამომსახველობის დაუძლეველი მწვერვალი. ამ დებულების საილუსტრაციოდ საკმარისია დავიმოწმოთ რუსთველის მხოლოდ ერთი პოეტური ფრაზა (ტარიელის ნაამბობიდან ხვარაზმშაჰის ძის მოკვლის თაობაზე):
კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე.
ამ ტაეპის ალიტერაციები და ასონანსები სიუხვითა და სილამაზით უძლიერეს შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ავტორი ბგერების საშუალებით ახერხებს
გადმოსცეს საძულველი გადამთიელის კარვის ჩაჭრის, ჩაკაფვის საუცხოო პლასტიკური სურათი. ბგერების გენიალური შერჩევით გამოხატავს რუსთველი ვერაგი მტრებისაგან მუხთლურად დახელთებული და წყლულებისაგან გამწარებული, მაგრამ ქედმოუხრელი და ამაყი რაინდის ყივილს ღამის სივრცეში (593, 1):
"მოყმე ამაყად ყიოდა."
კიდევ ორიოდე მაგალითი “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის ბგერული ჰარმონიისა:
1. "მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს.
2. "მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია" (385, 3).
3. "მითხრა: ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა (569, 4).
ბგერული განმეორება ზოგჯერ ერთი ტაეპიდან გადადის მეორე ტაეპში. მაგალითად (1217, 1 - 2):
"მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა."
”ვეფხისტყაოსნის” პოეტურ ფრაზებს ამშვენებს ერთი სპეციფიკური რუსთველური სახე ალიტერაციისა, სიტყვათა ნ ა წ ი ლ ა კ ე ბ ი ს გ ა მ ე ო რ ე ბ ა . მაგალითად:
1. "ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა, მე" (134, 4).
2. "თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა" (209, 4).
რა თქმა უნდა, “ვეფხისტყაოსანში” სხვა ნაწილაკებიც არის გამოყენებული იმავე ალიტერაციული მიზნით. მაგალითად:
1. "მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა" (3, 4).
2. "ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად" (250, 3).
3. "სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა" (1078, 4).
4. "მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა მო, ტანი" (1387, 4).
“ვეფხისტყაოსნისათვის” ნიშანდობლივია ს ი ტ ყ ვ ა თ ა ალიტერაც იაც :
1. "მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად" (820, 4).
2. "იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით" (950, 4).
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II
















