ქუჩაში ცხრა წლის სახემშვიდი გოგონა მიდის. ზურგზე სასკოლო ჩანთა ჰკიდია, ხელები მერცხლისფერი ხავერდის პალტოს ჯიბეებში ჩაუყვია, მერცხლისფერივე ბერეტი ჰხურავს, - ოდნავ დიდი, ოდნავ გვერდზე და თანაც ძირს დაწეული. მარცხენა წარბი მარჯვენაზე ცოტა უფრო მეტად აქვს აჭიმული, მაგრამ არ ემჩნევა, – შუბლზე სწორად ჩამოვარცხნილი ბაცი წაბლისფერი თმა ისე დაბლა აქვს შეჭრილი, წარბები შიგ ემალება. მარტო წარბები კი არა, გეჩვენება, რომ დიდი კეთილი თვალებითაც თმის წვერებს არის ამოფარებული, თმის წვერებსა და ძირსდაწეული ბერეტის კიდეს, და სულ ასე, ამ თმის წვერებსა და ბერეტის კიდეს ამოფარებული იყურება. შეიძლება არც გეჩვენებოდეს, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. ამ გოგონას კაცი ჰყავს გადარჩენილი, თანაც ჩვენი ხალხის საყვარელი მსახიობი, და უთუოდ ერიდება ათასობით ცნობისმოყვარეთა შემოხედვას.
სახელი? სახელი - ია.
შარშან, ზაფხულის არდადეგებზე, ივლისის ათიდან აგვისტოს ოცამდე, ია დეიდასთან იყო თუშეთში, სოფელ შენაქოში. დეიდა მათიკოს ქმარი თუშია, თუშები ჰყავს შვილებიც – დარეჯანი და ზეხეა. თელაგიდან ვერტმფრინავით გაფრინდნენ, ომალოდან შენაქომდე სულ ფეხით იარეს, შენაქოში ძველ, ძალიან ძველ სახლში დაბინავდნენ. ის სახლი – ისიც და სხვა სახლებიც – შავი, თხლადდახეთქილი ფიქალით იყო აშენებული, სახურავადაც ბრტყელი ფიქალები ჰქონდა დაფარებული და მხეზე ისე ბრწყინავდა, ფოლადისა გეგონებოდა. სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ბარიდან სააგარაკოდ იყო ამოსული. მთელ დღეს ან ჟოლოზე და მოცვზე დადიოდნენ, ან არადა ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და დიდ მთებსა და ხეობებს გადაპყურებდნენ. საღამოობით გამოიტანდნენ გარმონს, მისხდებოდნენ თბილი კედლის ძირში, პატარა, მწვანიან მოედანზე, – ბეხვნეზე, – ქალები ქსოვდნენ, კაცები ეწეოდნენ სიგარეტებს; უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ; მაღლიდან კი ედგათ გუმბათივით აზიდული, ვარსკვლავებით მოჭედილი, შავი, იდუმალებით აღვსილი ცა.
ერთ დღეს სოფელში კინოგადამღები ჯგუფი ჩამოვიდა, ჯგუფს მსახიობებიც ჩამოჰყვნენ, მათ შორის ისიც – ცნობილი, ყველას საყვარელი მსახიობი. როლი ჰქონდა ასეთი, – ეცვა დიდი, მძიმე ჩექმები და ბრეზენტის დაჭმუჭნული ქურთუკი, წვერ-ულვაში მოეშვა, თმაც ლომის ფაფარივით ედგა.
კინოგადამღებებიც და მსახიობებიც დილაადრიან, ჯერ ისევ უთენია, მწყემსებთან ადიოდნენ, მათთან ერთად რაღაც ფილმს იღებდნენ, საღამოობით კი, უკვე შებინდებულზე, ისინიც მოედანზე გამოდიოდნენ, ჩასხდებოდნენ თუშებში და მათ სტუმრებში, უსმენდნენ მომღერლებს, ტაშს უკრავდნენ მოცეკვავეებს. ყველანი ძალიან კარგად იყვნენ.
მხოლოდ ცნობილი მსახიობი იქცეოდა უცნაურად. ამბობდნენ, რომ ყოველთვის მთვრალი იყო, თუ ტაშს უკრავდა, უკრავდა გამძაფრებით, დიდი, დაძარღვული ხელების ბათქუნით. გადახტებოდა წრეში, თვითონაც ჩამოუვლიდა რომელიმე ბალღთან ერთად, – ხელების შლით, ჩექმების ბრაგა-ბრუგით, ხავილით, ამოძახილებით. მერე იჯდა, ისეე ტაშს სცემდა, ისევ იძახდა: – მიდი! მიდი!
ხანდახან, როცა გადაღებები არ ჰქონდათ, იდგა მთის თხემზე, ხელები კეფაზე ჰქონდა შემოწყობილი და ისე სუნთქავდა, თითქოს მთელი ქეეყნის ჰაერის ჩასუნთქვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ქალები რაღაცას ჩურჩულებდნენ, ქალებიც და კაცებიც, ყველას ძალიან ეცოდებოდა, ქალებს ცრემლიც კი მოსდიოდათ.
პირველად მსახიობმა ია სხვა გოგოებში ჩამდგარი შეამჩნია.
მსახიობი ცეკვავდა, ჩექმებს აბრაგუნებდა, გაუგებარ სიტყვებს იძახდა.
სხვა გოგონები ტაშს უკრავდნენ და იცინოდნენ. ტაშს უკრავდნენ და იცინოდნენ ქალებიც, კაცებიც. ია კი იდგა, შეწუხებული იკვნეტდა ტუჩებს და მიწას ჩასცქეროდა, უცებ თავზე ხელის შეხება იგრძნო და აიხედა. მის წინ გაოცებული მსახიობი იდგა, თეთრი კბილებით ანათებდა. თანდათანობით მთელი სახეც გაუნათდა, დაბლა დაიწია და თქვა:
– შენ აქ რამ ამოგიყვანა?
იას მუხლები დაუდუნდა.
– რა გქვია? – ეკითხებოდა მსახიობი.
– ია, – ძლივს ამოთქვა იამ.
– შე მართლა იაე! სიმაღლეზე რამ ამოგიყვანა, ჰა:
ვაჰმე, რა საბრალო არის
ია, მოსული მთაზედა,
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა.
იას ცრემლებმა დასწვა თეალები.
– არ იტირო! – დაიძახა მსახიობმა, – არ იტირო, თორემ სულ რიარია წავიღებ ამ ქვეყანას!
იამ არ იტირა, გაიღიმა.
– აი, ეგრე! – დაიძახა ხელის აწევით. – აბა, მე შემომხედე!
გაშალა ხელები, მძიმე ჩექმები რამდენჯერმე ჩააბრაგუნა მიწაზე და ისევე ხელებგაშლილი, სიცილითა თუ ხავილით წავიდა, გორს ჩაეფარა, სადღაც ქვემოთ ჩაწვა პირქვე.
მეორე ამბავი შუადლისას მოხდა. მაშინ ყველას ეძინა, დეიდასაც და დეიდაშვილებსაც. იას ძალიან ეჯავრებოღა ეს დრო. ქალაქშიც და აქაც. ის არასოდეს იძინებდა. იჯდა გარეთ და დიდ ჭრელ ძაღლს ჯაბუს ელაპარაკებოდა:
– შუბლი დიდი! – თითს აჭერდა შუბლზე, – ყურები დიდი, თვალები დიდი. ჭკუა? ჭკუა კიდევ პატარა.
ძაღლი ალერსით შეჰყურებდა, უნდოდა დაწვრილებით გაეგო, რასაც გოგონა ეუბნებოდა, ვერ იგებდა და ფუმფულა კუდს ნაღვლიანად აქანებდა.
გზაზე მსახიობი გამოჩნდა, მოდიოდა, მოქანაობდა. ირგვლივ მის მეტი არავინ იყო, მარტო ჭრიჭინებისა და კალიების ხმა ისმოდა. უცებ წამოიბორძიკა, ორი-სამი ნაბიჯი თითქოს სირბილით გამოიარა, მერე ჩაჯდა, ხელებით მიწას დაეყრდნო.
ია წამოხტა, მსახიობისკენ გაიქცა, ჯაბუმ ერთი ამოიყეფა და ისიც დაედევნა. მსახიობი თვალებდახუჭული იჯდა, მოლურჯო ფერი ედო, ნაწყვეტნაწყვეტად, სლუკუნით სუნთქავდა. იამ ჩაიმუხლა, ხელზე ხელი დაადო, შეატოკა:
– ცუდად ბრძანდებით?
მსახიობმა თვალები გაახილა, ჯერ ცივად, უაზროდ იყურებოდა, მერე თვალებში სითბო ჩაუდგა, გაუბრწყინდა, ეს ბრწყინვალება სახეზედაც გადაედო, სხეულზედაც.
– ოო, ია!
– ცუდად ბრძანდებით?
– დიდი ბოდიში შენთან, ია! მოიცა, მე ეხლა... მე ეხლავე სმენაზე დაგიდგები!
ღრმად ჩაისუნთქა, ხელებს დააწვა, წამოიწია, წამოდგა. იაც ეხმარებოდა. მსახიობი უკვე მაღლიდან დასცქეროდა.
– გული გაწუხებთ?
მსახიობი შეკრთა. მერე უცებვე დამშვიდდა, გაიღიმა.
– ი-ა! – თქვა დამარცვლით და თავზე ხელი დაადო. – იას უთხარით ლამაზსა, მოვა და შეგჭამს... არა, არა, ხელი უნდა გამიშვა! რამდენიმე ნაბიჯი გაიარა. მობრუნდა.
– დიდი მადლობელი, ია!
თავი დახარა, წავიდა, აღმართი აიარა, სახლს მოეფარა, ისევ გამოჩნდა, მერე მეორე სახლს მოეფარა.
ია და ძაღლი ერთად იდგნენ და შეწუხებულნი უყურებდნენ.
როცა კინოგადამღებები საქმეს მორჩნენ ღა ვერტმფრინავით უნდა გაფრენილიყენენ, მსახიობმა იქვე, მინდორში მოწყვიტა რამღენიმე ცისფერი ყვავილი – ღილილოები, მივიდა სხვებთან ერთად მათ გასაცილებლად გამოსულ იასთან, ჩაცუცქდა, მიაწოდა და უთხრა:
– მე შენ გადამარჩინე, ია. დიდხანს იყავი ქეეყანაზე ეგეთი და კიდეე ბევრი, ბევრი გადაარჩინე ხოლმე, ხომ?
მსახიობი მთვრალი აღარ იყო.
ვერტმფრინავი გუგუნით ეშვებოდა. იას ნიავმა სახეხე თმა გაუბლანდა და ვერაფერი თქვა.
სხვა გოგონები იცინოდნენ.
იამ იქ ვერაფერი თქვა, მაგრამ მას შემდეგ თავის გულში ხშირად იმეორებს: ვისაც არ უნდა გაუჭირდეს, ყველას დავეხმარებიო; ცოტა ეუხერხულება ამის გამჟღავნებისა, ამიტომ ეფარება შუბლზე ჩამოწეულ თმის წვერებსა და ბერეტის კიდეს. მაგრამ სხეული ეერ ფარავს თვალებით დაფარულს - სწორი, მაღალი ფეხებით ღონივრად, ამაყად დადის.
მსახიობმა რომ ყვავილები მიართვა, წიგნში უწყვია, ამოიღებს, დაჰყურებს, სუნავს, ისევ ჩააწყობს და შერე უთუოდ სარკესთან მივა.
სარკესთან შუბლშეკრული დგას.
















