მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 770 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სოფელი, სადაც სოფიკო ცხოვრობს, ძალზე პატარაა. გარშემო უამრავი მთა და გორა აკრავს. სახლებიც ამ მთებსა და გორებს შუაა ჩაკარგული. თუმცა რაღა სახლები? სულ ათი-თხუთმეტი კომლია შემორჩენილი. სოფელი ნელ-ნელა დაცარიელდა. ადამიანებმა მთა მიატოვეს და ზოგმა დაბლა, ბარში, დაბას მიაშურა, ზოგმაც დიდ ქალაქს მიაკითხა. ახლა თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ცხოვრობს სოფელში.

მათ შორის სოფიკოს მშობლებიც ითვლებიან. მართალია, ისინი აქ ქალაქიდან გადმოსახლდნენ, მაგრამ სოფიკო სოფელში შეეძინათ და ამიტომ ძალზე ეამაყებათ, "აქაურებს" რომ ეძახიან თანასოფლელები.

მათი სახლი შემაღლებულ ადგილზეა წამოჭიმული. აქედან კარგად მოჩანს ძირს დაცემული ბარი და ხეხილში ჩაკარგული სახლები. მთის სახლებს ძალიან შურთ მათი, მაგრამ რა ქნან? დგანან მოწყენილები, ნაღვლიანები და იგონებენ იმ ბედნიერ ხანას, როდესაც ნახირის ბღავილით ეგებებოდნენ მზის ამოსვლას. სოფიკოს ძალიან უყვარს ამ მიტოვებულ, ცარიელ სახლებში სიარული. ჩამოუვლის ყველას სათითაოდ, შეიჭყიტება ღია კარებში და - უუ-ო! - ეძახის ვიღაცას, მაგრამ ვის გააგონებს? ისე არიან დაფაცხატებული, რომ ექოს თავიც აღარა აქვთ. მთის ნიავი სტვენით გადის და გამოდის ჭუჭრუტანებში, ხოლო ღამღამობით, როცა ქარი უტევს ფარღალალა სახურავებს, სოფიკოს კარგად ესმის მორყეული ანჯამების კვნესა და ჭრიალი.

- მტკივა, მტკივა, - თითქოს ტირიან უპატრონო სახლები.

მარტო სოფოს კი არა, უფროსებსაც კარგად ესმით მათი გასაჭირი, მაგრამ შველით ვეღარას შველიან, აქ დარჩენილებს საკუთარი გაჭირვება ჰყოფნით და სინანულით უვლიან გვერდს სხვათა გაციებულ კერას.

შაბათი რომ დადგება, სოფელი გულის კანკალით ელის სტუმრის გამოჩენას.

უცხო სტუმარი იშვიათად ჩამოდის სოფელში, შინაური კი - ბლომად. შინაურები უმეტესად ქალაქში სასწავლებლად წასული გოგო-ბიჭები არიან. გაიხსენებენ ხოლმე თავიანთი სოფლის შარაგზას და ჩემოდნებით, კალათებით, ხელჩანთებით დატვირთულები მოადგებიან მშობლიურ სახლ-კარს.

ყველაზე მეტად მათი გამოჩენა სოფოს უხარია. დილიდანვე უკვე მაღლა, კაკლის ტოტზე სკუპია და იქიდან უთვალთვალებს ფერდობზე ხოჭოსავით მცოცავი მწვანე ავტობუსის გამოჩენას. დაინახავს ზოზინით ჩამოსულ სტუმრებს, ციყვივით ჩამოსრიალდება ტოტიდან და თავ-პირის მტვრევით გადარბის ეზოდან ეზოზე.

- მარია ბებო, მარია ბებოო, ნათელა ჩამოვიდა, ნათელაა! - გორიდან გორას გადაეცემა მისი ხმა.

მარია ბებოს ხელში უშეშდება ხელსაქმე. ყურებს არ უჯერებს, ძლივს მოეგება ხოლმე გონს.

- უი, შენ გაეზარდე დედას, ნუ მოეშალოს სოფელს შენისთანა მახარობელი! - ილოცება ბებია და თან დაღმართზე მიცუხცუხებს კაბის სწორებით.

აფორიაქებული გოგო ახლა მეორე ეზოში შეირბენს ქოშინით.

- ვასო ძია, დეიდა ელიკო, გოგი ჩამოვიდა, გოგი, ჭანჭურა!..

აქაც იგივე მეორდება. სიხარულისაგან თავგზააბნეულ მშობლებს შეიძლება სამახარობლოს შეთავაზება დაავიწყდეთ, მაგრამ ლოცვა-კურთხევას აუცილებლად დაადევნებენ.

- ეს რომ არა გვყავდეს, რა იქნებოდა სოფელი, კაცო, რა იქნებოდა? - ღიმილით იგრეხს ულვაშებს ძია ვასო და თან "ჭანჭურას" შესაგებებლად მიიჩქარის.

საღამოთი ნამდვილი ზეიმი იმართება სოფელში. ახალგაზრდები ერთად იკრიბებიან და ტაშ-ფანდურის ხმა გვიანობამდე არ ცხრება.

- "არ გავცვლი სალსა კლდეებსა", - გულდათუთქულები დასძახიან თავიანთ სოფელს შექეიფიანებული ბიჭები. მეორე დღეს კი ისევ აიკრავენ გუდა-ნაბადს, ჩაიწყობენ ჩანთაში ყველს, კარაქს, რძე-მაწონს, შოთ პურებს, ჩაიდგამენ ხელადით ღვინოსაც, გადაიკიდებენ მხარზე და გაუდგებიან ქალაქის გზას.

შარაზე თვალცრემლიანი, მხრებზე თავშალმოხურული დედები რჩებიან და უხმოდ, ხელისქნევით აცილებენ თავიანთ იმედებს.

სოფიოც მათ შორის დგას ხოლმე. თანასოფლელებისთვის რაღაცნაირი ტკბილი სიტყვის თქმა უნდა, ნუგეშისცემა სწადია, მაგრამ მათი გაფითრებული სახეების დანახვა აშინებს. დაღონებული ეთიშება უფროსებს, მოდის გულდამძიმებული, დარდიანი და, როგორც დიდი ქალები, ისიც ასე ფიქრობს:

- ეჰ, კარგია შვილების მოლოდინი, კარგი!..

ერდოზე კი ამ დროს უკვე დედამისია გადმომდგარი. შვილის დაგვიანებით შეშფოთებული, თვალებზე ხელს იჩრდილებს და სოფელს გამოსძახის:

- სოფოოო!..

მის ძახილზე უპატრონო სახლებიც გამოცოცხლდებიან ხოლმე. ჟრუანტელივით გადაურბენს ექო მათ გამოცარიელებულ გულებს და გამოფხიზლდებიან.

- სოფოო! - იმეორებენ ისინიც დედის ხმით. სოფიკომდეც აღწევს ეს ხმა.

ერთს შეიკუნტრუშებს, გაშლის ხელებს და თავაწეული მირბის შინისაკენ.

- დედიი! სოფიკო ჩამოვიდა, დედიი!

სოფლის მახარობელიც ის არის და ოჯახისაც. მაშ, ასეთია ჩვენი სოფო!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ