ძველად, სულ ძველად, დედამიწაზე მუდმივი ზამთარი მეფობდა და ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ღრუბლებიდან მთებამდე ყინულის უზარმაზარი ლოლუები ეკიდა. მინდვრებში მხოლოდ უფერული ყვავილები იზრდებოდა, უსიცოცხლონი იყვნენ და სურნელება არ გააჩნდათ. ჩიტებიც ცხოვრობდნენ მაშინ, მაგრამ ფრთები არ ჰქონდათ და მიწაზე ძლივს დადიოდნენ.
არავინ იცოდა, რა იყო გაზაფხული.
ულმობელ ზამთარს ერთი პატარა გოგონა ჰყავდა დატყვევებული. გოგონაც სხვა ყვავილებივით მიწიდან ამოსულიყო და დღის სინათლე რომ დაენახა, სიხარულისაგან ენა ამოედგა. განრისხებულ ზამთარს მისი ხელები და ნაწნავები ერთ ვეებერთელა ყინულზე მიეყინა და არ უშვებდა.
სხვა ყვავილებისაგან მოშორებულსა და მუდმივად ეულ გოგონას დანარჩენმა ყვავილებმა მარტო შეარქვეს.
თეთრ ყვავილებს მარტო ეცოდებოდათ, მაგრამ შიშისაგან ხმას ვერ იღებდნენ - ჩვენც არ მიგვაყინოს ზამთარმაო; მხოლოდ ხანდახან რაიმე სანუგეშო სიტყვებს თუ გაატანდნენ ჩურჩულით ნიავს და მარტოს გულს უმაგრებდნენ.
ცაზე, შავი ღრუბლების გვერდით, იყო ერთი ცისფერი ღრუბელი. ეს ღრუბელი მარტოს ცრემლებიდან იყო გაჩენილი. დიდხანს ფიქრობდა ცისფერი ღრუბელი, როგორ დახმარებოდამმარტოს, და ერთ დღეს გადაწყვიტა, მზესთან წასულიყო.
მზე მაშინ ძლიერ შორს იყო დედამიწიდან. მისი სხივები ძლივს აღწევდა აქამდე.
იარა, იარა ცისფერმა ღრუბელმა და ბოლოს მიაღწია მზემდე, შორიახლოს შეჩერდა, რომ არ დამწვარიყო, და შეევედრა:
მზეო, გულთბილო მზეო, პატარა მარტო ზამთარს ჰყავს დატყვევებული და, გემუდარები, დაიხსენი!
- შენ ვინა ხარ? - შეეკითხა მზე.
- მე მისი ცრემლები ვარ! - ამოიოხრა ცისფერმა ღრუბელმა.
აბა, გამიძეხ წინ, მე ვუჩვენებ იმ ბებრუცუნა ზამთარს, როგორ უნდა ბავშვის წვალება!
ცისფერი ღრუბელი სიხარულით დაეშვა დედამიწისაკენ, უკან მზე მოჰყვებოდა.
შავი ღრუბლები, როგორც კი მზის მოახლოება იგრძნეს, აქეთ-იქით დაიფანტნენ და დედამიწას გაეცალნენ.
მზემ ჩამოხედა დედამიწას, ის დიდი ყინული მოძებნა, რომელზედაც პატარა მარტო იყო მიჯაჭვული და სხივები მიანათა. მზის სიკაშკაშემ ზამთარს თვალები აუბრჭყვიალა და ერთი წუთით დააბნია, მაგრამ მალე მოეგო გონს: მოუხმო შავ ღრუბლებს, მზის სხივებს გზა გადაუჭრა და პატარა მარტოს უკვე გათავისუფლებული ხელები ისევ მიაყინა. მზე გააბრაზა ზამთრის თავხედობამ, უფრო ძლიერ აკაშკაშდა, მესამე თვალიც გამოიბა; მხურვალე სხივებით შეებრძოლა შავ ღრუბლებს.
მზე და ზამთარი თითქმის ერთ თვეს ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ ბრძოლაში მზემ, ბოლოს, მეცხრე თვალიც გამოიბა და მხოლოდ მაშინ დაამარცხა ზამთარი.
გათავისუფლებული პატარა მარტო სიხარულის ცრემლებს ღვრიდა და მზეს მადლობას უთვლიდა. მარტოს ცრემლებში ცისარტყელებად გაბნეული მზის სხივები ზეიმის ნიშნად უფერულმა ყვავილებმა დაირიგეს: იამ იისფერი წაიღო, ენძელამ - მტრედისფერი. ჩიტუნებს სიხარულისაგან სწორედ ამ დღეს შეესხათ ფრთები.
ცისფერი ღრუბელი კი გაიზარდა, გაფართოვდა და ცას გადაეკრა; მას შემდეგ ცა ამ ფერს ატარებს.
მზეს ისე მოეწონა პატარა მარტო, რომ გადაწყვიტა, შორს აღარ წასულიყო; ყოველ წელს მზე ისევ უახლოვდება ხოლმე დედამიწას და ბებრუხუნა, ჯიუტ ზამთარს ერთი თვის ბრძოლის შემდეგ ისევ ამარცხებს.
















