მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ ღვთისაგან კურთხეულ, მზიურ ქვეყანაში ერთი ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს პატარა, მხიარული ბიჭი ჰყავდა. ღიმილიანი დაიბადა და მუდამდღე იცინოდა, ხალისობდა. მიზეზიც ჰქონდა. უმშვენიერეს ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე, ლამაზ სახლში ცხოვრობდა. უზრუნველობა, ზღვა, მზე და სიყვარული, მეტი რა სჭირდება პატარა ბიჭს ბედნიერებისათვის.

მაგრამ ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანასაც მიაგნო უბედურებამ. ბიჭის სამშობლოს ბოროტი ურჩხული დაეპატრონა. თხუთმეტთავიან გველეშაპს მხოლოდ ერთი თავი დარჩენოდა, თუმცა უკეთურობისთვის ისიც კმაროდა. მზიური ქვეყანა ჩამოიქუფრა, ზღვას მეწამული ფერი დაედო, ხალხი უკანმოუხედავად გარბოდა. ბიჭიც გაიქცა. იგი ლტოლვილთა ტალღამ გაიტაცა. როცა მიიხედ-მოიხედა, ვეღარც დედა იპოვა და ვეღარც მამა. ტირილისაგან დაოსებული სხვებმა წაიყვანეს, მერე სახლიდან შორს, ცხრა მთის გადაღმა, უცნობებმა შეიკედლეს.

დრო გადიოდა, მშობლებისაგან არაფერი ისმოდა. ბიჭის აღმზრდელებს შვილი არ ჰყავდათ და ბავშვი საკუთარივით შეიყვარეს. მისი სახელი არავინ იცოდა, მუდამ დარდიანსა და უღიმილოს სევდიო დაარქვეს. თუმცა ბიჭს ზრუნვა და ყურადღება არ აკლდა, ღიმილი აღარ შეეძლო.

იზრდებოდა ღიმილდაკარგული ბიჭი, მაგრამ წაღველი არ ქრებოდა. ერთადერთ იმედად სიზმარი რჩებოდა. ყოველ ღამე ხედავდა მცხუნვარე მზის სხივებზე ათასფრად მოლივლივე ზღვას, მაღალ მწვანე პალმებს და მისკენ ხელგამოწვდილი მშობლების ღიმილიან სახეებს.

ერთ დღეს სევდიომ აღმზრდელებს გამოუცხადა:

- ძალიან მიყვარხართ, მადლობელი ვარ თქვენი, მაგრამ ასე ცხოვრება არ შემიძლია, დაკარგული ღიმილის საძებნელად უნდა წავიდე. გამოემშვიდობა ბიჭი აღმზრდელებს და გზას გაუდგა.

ბევრი იარა თუ ცოტა, გზად მოხეტიალე ცირკს გადაეყარა. უყურა მათ წარმოდგენებს, ნახა, რა გულიანად იცინოდა ხალხი და იფიქრა, იქნებ აქ მაინც ვიპოვო, რასაც ვეძებო. გადაწყვიტა, ხუმარა გამხდარიყო და ერთ ჯამბაზს შეგირდად დაუდგა.

პირველი წარმოდგენის დროც დადგა. შაპიტომ ერთ დიდ ქალაქში გაშალა კარავი. უამრავი მაყურებელი მოვიდა. არენაზე სევდიო რომ გავიდა და მასხარაობა დაიწყო, ხალხი სიცილით შეხვდა, მაგრამ ცოტა ხანში მის ხუმრობაზე აღარავის ეცინებოდა. მაყურებელს სევდიოს ნაღველი გადაედო და დიდ-პატარა მწარედ ატირდა.

ჩემგან ხუმარა არ გამოვიდა, დაკარგული ღიმილი ვერ ვიპოვე, სხვაგან უნდა ვეძებოო, - თქვა ბიჭმა, ცირკს დაეთხოვა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა, სევდიო ერთ ქვეყანას მიადგა.

აქაც ისეთი მცხუნვარე მზე იყო, როგორც მის სამშობლოში, ხალხიც უზრუნველად და ბედნიერად ცხოვრობდა. იფიქრა ბიჭმა, იქნებ ამ უდარდელმა გარემომ დამიბრუნოს, რაც დავკარგეო. სევდიო ოქრომჭედელს დაუდგა შეგირდად. ცოტა ხანში ისე დაოსტატდა, რომ ყველაზე რთულ სამუშაოს ანდობდნენ. ბიჭს ფულიც ჰქონდა, სახელიც და უზრუნველი ცხოვრებაც, მაგრამ ღიმილი მაინც არ დაუბრუნდა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ვინც მის დამზადებულ სამკაულს გაიკეთებდა, ნაღველისათვის იყო განწირული.

ოსტატს ძალიან უყვარდა ბიჭი, მაგრამ მაინც დაითხოვა - ამ ბედნიერ ქალაქში სევდა მოიტანეო.

ისევ გაუდგა გზას ღიმილდაკარგული ბიჭი. ერთ ქალაქში მზარეულს მიებარა შეგირდად. მალე შეისწავლა კულინარიული საიდუმლოებები და ჩინებული მზარეული დადგა. მაგრამ სევდიოს დარდი ისევ გადამდები გამოდგა. ვინც მის გაკეთებულ კერძს გასინჯავდა, ნაღველი მოერეოდა და ცრემლებად იღვრებოდა.

რა ვქნა, აქაურობა უნდა დატოვო, მზარეულად არ გამოდგები, დაითხოვა კულინარმა შეგირდი.

ბევრი იარა თუ ცოტა, სევდიო ზღვისპირა ქალაქს მიადგა. აქაურობა სამშობლოს აგონებდა და იფიქრა, იქნებ აქ ვიპოვო დაკარგული ღიმილიო. ვიოლინოს ოსტატს სთხოვა, შეგირდად ამიყვანეო. მალე დახელოვნდა, მაგრამ უბედურება ფეხდაფეხ დასდევდა, მისი დამზადებული ვიოლინო ისე გულსაკლავად აკვნესდა, რომ მსმენელს დარდისაგან გული შეუღონდა.

- ესეც არ ყოფილა ჩემი საქმე, დაკარგულ ღიმილს ვერც აქ ვიპოვიო, თქვა სევდიომ და ისევ გაუდგა გზას. დიდი ხეტიალის შემდეგ ისეთ ქვეყანაში აღმოჩნდა, სადაც ხალხი სულ ქეიფობდა. ათასნაირი სასმელით მთვრალნი მხიარულობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

- აი, ახლა კი ვიპოვე რასაც დავეძებო! - იფიქრა სევდომ და ღრეობას შეუერთდა. თრობა რომ მოერია, ოდნავ გამხიარულდა, მაგრამ სასმელმა სევდა ვერ გაუქარვა. პირიქით, ცოტა ხანში ისიც და მისი თანამეინახეებიც ცრემლებად იღვრებოდნენ.

- ეს ვინ მოსულა, ლხინი ჭირად გადაგვიქციაო, - გაბრაზდნენ მასპინძლები და სევდიოს ქვეყნის დატოვება უბრძანეს.

ისევ უსასრულოდ გაიწელა გზა. ბიჭს დაკარგული ღიმილის პოვნის იმედიც აღარ შერჩა. ამ დროს უცნაურ ხალხს დაემგზავრა. ისინიც, მის მსგავსად, უღიმილონი და ნაღვლიანნი იყვნენ.

- საით გაგიწევიათო? - ჰკითხა სევდიომ.

- სამშობლოში ვბრუნდებით. დიდი ხნის წინათ ურჩხულმა დაიმონა ჩვენი ქვეყანა. ახლა გავიგეთ, დაუძლურებულა, სევდა მოსძალებია. იქნებ შევძლოთ დაკარგულის დაბრუნებაო, - უთხრეს თანამგზავრებმა. - მეც თქვენთან მიგულეთ, - გაჰყვა სევდიო.

ბიჭმა ზღვა და პალმები რომ დაინახა, გულმა რეჩხი უყო, მაგრამ არც მზე იყო ისე კაშკაშა, როგორც ზმანებაში და არც ზღვა ჰგავდა სიზმარში ნანახს. ბოროტ გველეშაპს მზეც დაებნელებინა და ზღვაც აეღელვებინა. თავად სასმელ-საჭმელი მოჰკლებოდა, დარდს შეეპყრო და კიდევ უფრო გაავებულიყო.

- ამ ურჩხულს თუ რამე გაანადგურებს, მხოლოდ დიდი ნაღველიო, ამბობდა ხალხი და საგულდაგულოდ მალავდა სასმელ-საჭმელს. არ მღეროდნენ, არ მხიარულობდნენ, არ იცინოდნენ. ურჩხულს ძალა არ მიეცეს, თორემ აქაურობას ხელახლა ააოხრებსო.

- მე მომენდეთ, ვიცი, გველეშაპს როგორ მოვერიოო, - უთხრა ბიჭმა ხალხს. დამონებულებმა უიმედოდ ჩაიქნიეს ხელი, მაგრამ სევდიოს მიენდვნენ, ისეთი სახელი ჰქვია, იქნებ მართლაც გვიშველოსო.

ურჩხულს სამკაულები უყვარდა. არაჩვეულებრივი დიადემა დაამზადა სევდიომ. გველეშაპი აღფრთოვანდა და თავზე მოირგო. ცოტა ხანში ისეთი თავის ტკივილი დაეწყო, მისი ღრიალი ცას ერთვოდა. საჭმელი დაგამშვიდებთო, ახლა ვეება ქვაბით კერძი მიართვა ბიჭმა მტარვალს. გაუმაძღარი ურჩხული ულუფას დაეხარბა, სასმელიც მიაყოლა და ცოტა ხანში დარდისაგან ცრემლებად დაიღვარა.

- რაიმე მიშველეთო, - ტიროდა გამწარებული გველეშაპი. ხუმრობა და სიმღერა გიშველითო, — ურჩია სევდიომ და მასხარაობას მოჰყვა. ურჩხული დარდისაგან თანდათან სივდებოდა.

- აბა, იქნებ მუსიკამ დაგამშვიდოთო, - თავისი გაკეთებული ვიოლინო დაუკრა ღიმილდაკარგულმა ბიჭმა.

ურჩხულისათვის ეს სასიკვდილო აღმოჩნდა. ნაღველისაგან გაიბერა და - ბუხ! ნაფლეთებად იქცა.

სევდიოს თავშეკავებული ხითხითი მოესმა, მერე ნელ-ნელა ეს ხმა გაძლიერდა, გაძლიერდა, არემარე გაავსო და ხარხარში გადაიზარდა. სიცილი ბიჭსაც შეაცოცდა, შეუღიტინა, შეუხიცინა და სევდიოს მხიარული კისკისიც შეუერთდა საერთო მხიარულებას.

მოქუფრულ ცაზე ურჩხულისაგან გათავისუფლებული მზე ამობრწყინდა და ათასფრად ააფერადა სასწაულებრივად დამშვიდებული მოლივლივე ზღვა.

ბიჭი მიხვდა, რომ იპოვა, რასაც ეძებდა. ღიმილი, ბედნიერება და დავიწყებული სახელი დაიბრუნა. ისევ ბედიად იქცა. ასე ერქვა ბიჭს სინამდვილეში. ის შინ იყო და კაეშანი ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

დაკარგული შვილის დაბრუნებას მთელი კვირა დღესასწაულობდნენ ბიჭის მშობლები. ბედიას სახეს ღიმილი არ მოსცილებია. მისმა დამზადებულმა კერძებმა, საცირკო ნომრებმა და ვიოლინოს დაკვრამ ისე გაამხიარულა თანამემამულენი, რომ თაობიდან თაობას უყვებოდნენ ღიმილდაკარგული ბიჭის თავგადასავალს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ