მთის ფერდობზე შეფენილ პატარა სოფელში ცხოვრობდა ერთი პატარა მწყემსი. ამაყობდა პაპისაგან დანატოვარი ძველისძველი, კოხტად გამოთლილი სალამურით. პატარა მწყემსი ისე ჯადოქრულად უკრავდა სალამურზე, რომ ტყის ჩიტებიც კი მისგან სწავლობდნენ გალობასა და სტვენას. გაინაბებოდნენ და ყურს მიუგდებდნენ ხოლმე ხან მხიარულ, ხან სევდიან ჰანგებს.
სალამურში კი ცხოვრობდა შვიდი და-ძმა, შვიდი ნოტი: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა და სი.
მათ ვერავინ ხედავდა, ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ყველამ იცოდა მათი არსებობის ამბავი. მართლაც და, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ ხომ ვერც სალამური ამოიღებდა ხმას და ვერც პატარა მწყემსი გაითქვამდა სახელს თავისი მომაჯადოებელი დაკვრით.
ერთ მშვენიერ დღეს პატარა მწყემსი ქალაქში მიიწვიეს. ბავშვთა ოლიმპიადა ტარდებოდა დაისიც სხვა სოფლებისა და ქალაქების მუსიკოსებს უნდა გასჯიბრებოდა. რაა გასაკვირველი, მწყემსს ძალიან გაუხარდა... და, ამავე დროს, ააღელვა ამ მიწვევამ. ხომ შეიძლებოდა, ისე კარგად დაეკრა სალამურზე, რომ მისი ამბავი სოფელს გასცდენოდა და მთელს ქვეყანას მოსდებოდა. მაგრამ... ვაითუ მხოლოდ საკუთარ სოფელში მოსწონდათ მისი დაკვრა! ვაითუ ქალაქში სიცილადაც არ ჰყოფნოდათ პატარა მწყემსის მუსიკოსობა.
დადგა შეჯიბრების დღეც. საოპერო თეატრის დარბაზი გაჭედილი იყო ნორჩი მაყურებლებით. სცენაზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ ხელოვნების პატარა ოსტატები. ბავშვთა სასულე ორკესტრის წევრები, მომღერლები, მოცეკვავეები.
აბა, ვინ იცოდა, თუ რა ხდებოდა ამ დროს პატარა მწყემსის ძველისძველ, პაპისაგან დანატოვარ კოხტად გამოთლილ სალამურში.
მღელვარების დასაოკებლად მწყემსი წყლის დასალევად წუთით გარეთ გავიდა და თავისი სალამური სკამზე, სასულე ორკესტრის საკრავებთან მიატოვა. სალამურის მრგვალად ამოჭრილ თვლებიდან რიგრიგობით თავები ამოჰყვეს ნოტებმა: დომ, რემ, მიმ, ფამ, სოლმა, ლამ და რა თქმა უნდა - სიმაც. მოიხიბლნენ უცხო საკრავების ელვარებით. ნოტმა სიმ კი, ცოტა დააკლდა, გონება კინაღამ დაკარგა, სული შეუგუბდა, თვალები დაუბრმავა ოქროსფრად მოკაშკაშე ლითონის საკრავების სილამაზემ. სოფელში ყოფნისას მას ხშირად ესიზმრებოდა ხოლმე უცხო საკრავები, ახლა კი ყველაფერს თვალნათლივ და ცხადად ხედავდა.
- დებო და ძმებო, ერთი წუთით აქ მოდით! - წაიმღერა ნოტმა სიმ და სალამურში გაუჩინარდა. დანარჩენი ნოტებიც ჩაჰყვნენ ქვემოთ.
ნოტმა სიმ დამცინავად მოავლო თვალი განაბულ და-ძმებს და რიხიანად დაიწყო:
ყური მიგდეთ, რასაც გეტყვით; მე ამ წუთში გადავწყვიტე, რომ სალამური მივატოვო და აქედან გადავბარგდე...
- რაო?! - ყურებს არ დაუჯერა დაბალმა და მსუქანმა დომ.
- ჩმახავს რაღაცას! - მხარი აუბა დოს ეშხიანმა მიმ.
- დიახ, დიახ, - განაგრძო სიმ, - უნდა მიგატოვოთ! - მეყოფა სულ ამ ჯახრაკ სალამურში ცხოვრება. მე ღირსი ვარ, ყველაზე ლამაზ საკრავში ვიმღერო...
- თავში აუვარდა, - დაიყვირა შუათანა ძმამ, ფამ.
ერთი ამას დამიხედეთ, ამ ბღენძ ამპარტავანსა, - გაცხარდა ცისფერთვალა ლა.
ნოტი სი კი, ვითომც აქ არაფერიაო, განაგრძობდა:
- თქვენ უნდა გახსოვდეთ, თუ ვინა ვარ მე. თქვენ გავიწყდებათ, რომ ყველაზე მაღალი ნოტი ვარ ამ ქვეყნად, ყველაზე მაღალი ნოტი - სი! ერთი მითხარით რა ჯანდაბა დამრჩენია ამ ტეტია სალამურში?
ეს თქვა თუ არა, დაჰკრა ფეხი, გაძვრა სალამურის თვალში და დაიკარგა. ნოტი სი ისე მოხერხებულად შეძვრა თვალისმომჭრელად მბზინავ ვალთორნის ღრუში და ისე ეშმაკურად მიიმალა კუთხეში, რომ ვალთორნის ნოტებმა ვერაფერი შეამჩნიეს.
ამ დროს თეთრბაფთიანმა კონფერანსიე გოგონამ მაყურებელთა დარბაზს აცნობა, პიონერთა სასახლის ბავშვთა სასულე ორკესტრს მოუსმინეთო. ორკესტრის წევრებმა თავთავიანთი საკრავები მოიმარჯვეს და სცენაზე განლაგდნენ.
ფარდა გაიხსნა. მაყურებლები ტაშით შეეგებნენ პატარა დირიჟორს, მან ჯოხი აიქნია და კონცერტიც დაიწყო.
ერთ ხანს სულგანაბული ისმენდა დარბაზი სასულე ორკესტრის ჰანგებს. მაგრამ უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად, ვალთორნამ ისე საშინლად დაიჭყიპინა, ისეთი წრიპინა ხმა ამოუშვა, რომ მაყურებლები ახარხარდნენ და დარბაზი გუგუნმა გააყრუა. გაოგნებული პატარა დირიჟორი ჯერ გაწითლდა, მერე თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა. ფარდა დახურეს.
ვალთორნის შეცბუნებულმა ნოტებმა მაშინვე შეამჩნიეს მათი საჯაროდ შემარცხვენელი, ბნელ კუნჭულში შიშისაგან აკანკალებული ნოტი სი.
- ეს იყო, ეს იყო!
- საიდან ჩამოფრიდა?
- ნეტა ვინ ოხერია?
- ვიცნობ, ვიცნობ, - თქვა ვალთორნის ერთერთმა მკვიდრმა, - ეს ხომ სალამურის ნოტია.
- მერე, ჩემო ძმაო და კეთილო, აქ ვინ მოგიპატიჟა, სალამურისთვისაც გიღალატნია და ჩვენც ხომ აგვირიე და აგვირიე საქმე. აქედან დაიკარგე, თუ თავი არ მოგძულებია!
ვალთორნის ნოტებმა კინწისკვრით გამოაგდეს სი. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ნოტი სი, ყველასაგან შეუმჩნევლად ახლა ფლეიტაში შეძვრა და იქ გაისუსა.
კონცერტი განახლდა, მაგრამ ვაი, ასეთ განახლებას: არ გაუვლია ერთ წუთსაც, რომ ახლა ფლეიტა გაცოფდა, ისე ყურისწამღებად აწრიპინდა, რომ მაყურებლებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და აქა-იქ სტვენაც გაისმა. პატარა დირიჟორი სირცხვილით აღარ იყო. ამ დროს კი ფლეიტის ნოტებს პატიმარივით გაეთანგათ აბეზარი ნოტი სი და გარეთ მიათრევდნენ.
ვინ აღწერს, რა დღეში და რა ყოფაში იყო პატარა მწყემსი. ორკესტრის შემდეგ ის უნდა გამოსულიყო სცენაზე, სალამური კი აღარ უკრავდა, ერთი თვალი გაუქმებულიყო და ხმას არ გამოსცემდა. განცვიფრებული და დამწუხრებული მწყემსი თავში ხელებს იცემდა, ეს რა დამემართაო, არასოდეს ჩემს სალამურს არ უღალატნია და რაღა მაინცდამაინც ახლა მიმუხთლაო. თეთრბაფთიანმა კონფერანსიე გოგონამ ფრთხილად აიღო ხელში სალამური და ჩაჰბერა, ნეტავ რა დაემართაო. ჩაჰბერა და ჰო, საკვირველებავ! სალამურის შვიდივე თვალმა ხმა ამოიღო, მეშვიდე ნოტი სიც ამღერდა ძველებური ეშხით.
გახარებულ მწყემსს იმის დროც აღარ ჰქონდა ეფიქრა, ეს ყველაფერი როგორ მოხდაო, დაავლო ხელი სალამურს და სცენაზე გავარდა. თურმე ნუ იტყვით, ფლეიტის ნოტებმა მანამ არ მიანებეს თავი სის, სანამ უკანვე სალამურში არ ჩააბრუნეს.
იმ საღამოს დარბაზი ტაშით დაანგრიეს მაყურებლებმა სალამურის მომხიბვლელი ჰანგების გამო. გატაცებით უკრავდა პატარა მწყემსი და თვალწინ ედგა თავისი ლამაზი სოფელი, იალაღზე გაშლილი ფარა. ჰოდა, აბა, მითხარით, ეს ამპარტავნობა რომ არ გამოეჩინა ნოტ სის, რომ სცოდნოდა ყოველი ნოტი მხოლოდ თავის ადგილზეა ლამაზი და ტკბილხმოვანი, ხომ არ შეარცხვენდა ბავშვთა სასულე ორკესტრს!? და რომ არ დაბრუნებოდა თავის მშობლიურ სალამურს, ხომ ვეღარ მოხიბლავდა პატარა მწყემსი ამდენ ხალხს?!
















