მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 784 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი საწყალი ცოლ-ქმარი. ერთი პატარა გოგონა ჰყავდათ. ცოლი ავად გახდა და მოკვდა. პატარა გოგონა უდედოდ დარჩა.

გლეხი რომ მინდორში მიდიოდა სამუშაოდ, გოგონა მარტო რჩებოდა, მომვლელი არავინ ჰყავდა და გლეხი სულ ამას წუხდა: ან ცეცხლში ჩამეწვება, ან წყალში ჩამივარდებაო. ადგა და მეორე ცოლი მოიყვანა: სახლს მიხედავს, მეც მომივლის და ჩემს ობოლ გოგონასაც უპატრონებსო.

მეორე ცოლთანაც გოგონა შეეძინა, სანამ ეს გოგონა წამოიზრდებოდა, დედინაცვალი ზურგზე ჰკიდებდა გერს, მოვლითაც სულ იმას ავლევინებდა. როცა წამოიზარდა, შვილს კაკა-ბაბას არ აკლებდა, გერს კი ცარიელ პურსაც ანატრულებდა, ჩამოხეულ-ჩამოკონკილი დაჰყავდა და ამიტომ კონკია შეარქვეს.

ერთი ძროხა ჰყავდათ. გამოუხვევდა დედინაცვალი კონკიას ერთ კუტ პურს, გააყოლებდა ძროხას მინდორში და თან ასე დააბარებდა:

- ეს ერთი კუტი ამვლელსაც აჭამე, ჩამომვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც მოიტანეო.

გავიდოდა კონკია მინდორში. გაუშვებდა ძროხას საბალახოდ, თვითონ კი დაჯდებოდა და ცხარე ცრემლით ტიროდა.

ერთ დღეს ძროხამ ენა ამოიდგა და ჰკითხა:

- რატომ ტირი, კონკიავ, რა გაგჭირვებიაო?

- შიმშილით ვკვდები და დედინაცვლის შიშით ეს კუტი ვერ შემიჭამიაო, - შესჩივლა კონკიამ.

ძროხამ უთხრა:

- მაგაზე რა გადარდებს, აი, ერთ რქაში ერბო მიდგას, მეორეში - თაფლი, რომელიც გინდოდეს, ის მიირთვიო.

ადგა კონკია, მოაძრო რქები და, მართლაც, ერთში ერბო დახვდა, მეორეში - თაფლი. ხან ერთს გეახლებოდათ, ხან - მეორეს. დანაყრდებოდა და ისევ დახურავდა რქებს. ცოტა ხანში ისე გასუქდა, ისე დამშვენდა, უკეთესს ვერაფერს ნახავდა კაცის თვალი. დედინაცვალი შურისგან გულზე სკდებოდა.

- ჯაფით უნდა მოვწყვიტო წელი და ვნახოთ, როგორი ლამაზიც იქნებაო, - თქვა დედინაცვალმა და აუარებელი მატყლი გაატანა, - ეს მატყლი დაართე, დაძახე და საღამომდე წინდებიც დაქსოვე, თორემ შინ ფეხს არ შემოგადგმევინებო.

რას იზამდა საწყალი კონკია! გაიგდო წინ ძროხა და მიდის დაღონებული, თან გზადაგზა ართავს.

უცებ ძროხამ გზიდან გადაუხვია და ვიღაცის სახლის ბანზე გადაირბინა. მიჰყვა კონკიაც, უნდოდა გამოებრუნებინა, მაგრამ ბანზე რომ შედგა, გაუძვრა კვირისტავი თითისტარიდან, გაგორდა, გაგორდა და ჩავარდა ბანის სანათურში. ჩაიხედა იმ სანათურიდან კონკიამ და დაინახა, რომ კერასთან ერთი დედაბერი ზის.

- დედი, დედაშვილობას, კვირისტავი ამომაწოდეო, - შეევედრა კონკია.

- შეუძლოდა ვარ, შვილო, ჩამოდი და თვითონ აიტანეო, - ამოსძახა დედაბერმა.

ჩავიდა კონკია, აიღო კვირისტავი და ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ დედაბერმა შესთხოვა:

- შვილო, შენს გახარებას, ნუ დამზარდები, ერთი კიდობანს ახადე და ნახე, პური ხომ არ დამიობდაო.

- რად დაგზარდებიო, - მიუგო კონკიამ და ახადა კიდობანს.

- უი, დედილო, პური მთლად დაგობებიაო.

- გამოცხობის თავი აღარა მაქვს, შვილო, ღვთის გულისათვის, იქნებ შენ გამომიცხოო.

შეეცოდა კონკიას დედაბერი, პურიც გამოუცხო, სახლიც დაულაგა, ჯამ-ჭურჭელიც დაურეცხა, მერე წყალი გააცხელა და თავიც დააბანინა. თან სულ ეტირებოდა. შეამჩნია ეს დედაბერმა და ჰკითხა:

- რა გაწუხებს, შვილო, რაზე გეტირებაო?

კონკიამ ყველაფერი უამბო: საღამომდე ამდენი მატყლის დართვასა და წინდების დაქსოვას ვერ მოვასწრებ და დედინაცვალი შავ დღეს დამაყენებსო.

- ნუ გეშინიაო, - ანუგეშა დედაბერმა. პური აჭამა, მატყლის დართვაშიც მიეხმარა და საღამომდე წინდებიც დაუქსოვა. საღამოს დედინაცვალმა კონკიას ვერაფერი მოუმიზეზა და ცემას გადარჩა.

კონკია დედაბერს მიეჩვია და ყოველდღე იმასთან დადიოდა. ძროხაც იქვე შორიახლოს ძოვდა.

ერთხელ, კონკია რომ სახლის დაგვა-დასუფთავებას მორჩა, დედაბერმა უთხრა:

- შვილო, კონკიავ, როცა ძროხას წყლის დასალევად ჩაიყვან, მდინარეს დააკვირდი: თეთრმა წყალმა რომ ჩამოიაროს - არაფერი, ვირისფერმა რომ ჩამოიაროს - ისევ არაფერი, ხოლო, როცა ყვითელი წყალი ჩამოივლის, იმაში დაისველე თმებიო.

წაიყვანა კონკიამ შუადღისას ძროხა მდინარეზე. ჩამოჯდა მდინარის პირას. ჩამოიარა თეთრმა წყალმა, ჩამოიარა ვირისფერმა, ჩამოიარა ყვითელმა და შეუშვირა იმ ყვითელ წყალს თავი. ადგა და რას ხედავს: ოქროს დალალები დაჰფენია ბეჭებზე.

- ახლა ეს თმა შეშურდება ჩემს დედინაცვალსო, - ატირდა კონკია და დადარდიანებული წავიდა დედაბერთან.

დედაბერმა თმა დაუწნა, თავზე შემოახვია, ხილაბანდი წააკრა და ისე გაისტუმრა შინ.

ღამით კონკია დედინაცვლის უქნარა გოგოს ფეხებს ბანდა. როგორღაც ხილაბანდიდან თმის ერთი ბეწვი ჩამოვარდნოდა და გაჰქონდა ბრდღვიალი ლამპის შუქზე.

- შე დასამიწებელო, ეს რა გიბრჭყვიალებს მაგ ქეციან თავზეო, - მისწვდა დედინაცვალი კონკიას, გადააძრო ხილაბანდი და სახტად დარჩა.

- ვინ მოგცა, გოგო ეს თმები, როგორ იშოვეო?

კონკიამ ყველაფერი უამბო.

- არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, რომ თმის ერთი ბეწვი მაინც გამოგიჩნდეს, სულ ეგრე თავწაკრულმა იარეო, თორემ ან მე ვიქნები და ან შენაო, - დაემუქრა დედინაცვალი.

მისმა უქნარა გოგომ კი ტირილი მორთო:

- მეც მინდა ეგეთი თმებიო.

- ნუ ტირი, გენაცვალოს დედა! - ცრემლები მოსწმინდა დედამ თავის შვილს. - ხვალ ძროხა შენ გააგდე საძოვარზე, ის დედაბერი ნახე და ხვალ ამ დროს შენც ეგეთი თმები გექნებაო.

მეორე დღეს, ჯერ კარგად არ იყო გათენებული, რომ გააღვიძა თავისი ქალი, სუფთა ხელსახოცში ქადა-ნაზუქი გაუხვია, არ მოიმშიოო, მატყლი და თითისტარიც გაატანა, გააყოლა ძროხას და ერთხელ კიდევ დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო.

უქნარა გოგომ ძროხა პირდაპირ დედაბრის ბანზე მიაგდო და, ვითომ ჩამივარდაო, კვირისტავი ძალით ჩააგდო სანათურიდან. ჩაიხედა შიგ და დაინახა დედაბერი:

- ქოფაკო დედაბერო, მომაწოდე ეგ კვირისტავიო!

- ჩამოდი და შენ თვითონ აიღეო! - უპასუხა დედაბერმა.

ჩავიდა გოგო, კვირისტავი აიღო.

- შვილო, შეუძლოდა ვარ, პური აღარა მაქვს, იქნება ცოტა გამომიცხოო.

- პური შინაც არ გამომიცხვია და შენ გამოგიცხობო?!

- ჭურჭელი მაინც დამირეცხეო.

- ფუჰ, ამ აყროლებულ ჯამებს ხელს ვინ მოჰკიდებსო.

- ერთი კოკა წყალი მაინც ამომიტანეო!

- შავი ქვა არ გინდაო?!

- აბა მაშ, შვილო, წადი, - უთხრა დედაბერმა, - აგერ იმ მდინარის პირას დაჯექი. თეთრმა წყალმა რომ ჩამოიაროს, არაფერი. ყვითელმა რომ ჩამოიაროს, არაფერი, ხოლო როცა ვირისფერმა ჩამოიაროს, თმები იმაში დაისველეო.

წავიდა უქნარა გოგო, დაჯდა მდინარის პირას და დაიწყო ლოდინი. ჩამოიარა თეთრმა წყალმა, ჩამოიარა ყვითელმა, ჩამოიარა ვირისფერმა, ჩაყო თავი და სულ ვირის ჩორჩოტინები დაეკიდა. გაიქცა დედასთან. დედას გული გაუსკდა. აიღო მაკრატელი და ძირში მოსჭრა. მაგრამ რამდენსაც აჭრიდა, იმდენი მეტი და მეტი ეზრდებოდა. გამწარებული ახლა კონკიას ეცა და იმასაც ძირში გადაჰკრიჭა, მაგრამ კონკიას კიდევ უფრო უკეთესი დალალები ამოუვიდა.

რაღას იზამდა, მიხვდა, რომ ყველაფერი ძროხის ბრალი იყო და მისი დაკვლა განიზრახა. იცოდა, ქმარი არ დათანხმდებოდა და თავი მოიავადმყოფა. ლავაშები დაახმო, ზედ ლოგინი გაიშალა, დაწვა და დაიწყო კრუსუნი. ყოველ გადაბრუნება-გადმობრუნებაზე ლავაშებს ლაწალუწი გაჰქონდა, თვითონ კი კიოდა - ვაიმე, გვერდები, ვაიმე, გვერდებიო!

ქმარმა ჰკითხა:

- რა იყო, ქალო, რა მოგივიდა, რა გტკივაო?

- რაღა რა მომივიდა, გვერდები მემტვრევა, ვკვდებიო.

- რა მოგარჩენსო?

- ასე მითხრეს, სანამ თქვენი ძროხის ნაღველს არ დალევ, არა გეშველება რაო.

გლეხი დაღონდა. დედამ კონკიას ეს ერთი ძროხა დაუტოვა, როგორ თუ დავუკლაო. მაგრამ რაკი დედინაცვალმა თავისი არ დაიშალა, მეტი რა გზა ჰქონდა, დაკვლა გადაწყვიტა.

ძროხა გულთმისანი იყო. მივიდა კონკიასთან და უთხრა:

- მე რომ დამკლავენ, შენ ხორცს პირი არ დააკარო. მოაგროვე ჩემი ძვლები, ბოსელში ორმო ამოთხარე და შიგ ჩაყარე, როცა გაგიჭირდეს, მოდი და ასე ჩამომძახე: ამოდი, ჩემო რაშო, და სადედოფლო ტანსაცმელი ამომიტანეო.

დაკლეს ძროხა, დალია დედინაცვალმა ნაღველი და წამოდგა, ვითომ ამან მომარჩინაო. მთელი ერთი კვირა სულ ძროხის ხორცს ჭამდნენ, მაგრამ კონკია ახლოს არ გაეკარა. მოკრიფა ძვლები, ბოსელში ორმო ამოთხარა და შიგ ჩაყარა.

ერთ მშვენიერ დღეს იმ ქვეყნის ხელმწიფემ ბრძანა: ამა და ამ დღეს ყველა ქალიშვილი ჩემს სასახლეში გამოცხადდეს, შვილისათვის საცოლე უნდა ამოვარჩიოო.

ამის გაგონებაზე დედინაცვალმა თავისი ჯოჯო გოგო რაც შეიძლება მორთო, გაალამაზა. კონკიას კი ვარცლი დაუდგა, ერთი კოდი ფეტვი მოაბნია ეზოში და უთხრა:

- სანამ ჩვენ ხელმწიფის სასახლიდან დავბრუნდებით, ეს ვარცლი ცრემლით აავსე, ფეტვი ისე აკრიფე, მარცვალიც არსად დაგრჩეს. მერე დაჯექი კართან და და დაგველოდე. არ დაგვაკაკუნებინო, თორემ ვაი შენი ბრალიო.

წავიდნენ ისინი ერთი სიცილ-კისკისით, კონკია კი დაჯდა და ტირის. მეტი რა შეუძლია: ან იმ ფეტვს რა აჰკრეფს, ან ვარცლს რა აავსებს ცრემლით!

შემოჯდა ერთი სკვინჩა ჩიტი ღობეზე და ეკითხება:

- კოხტა გოგოვ, რა გატირებს, რა გაგჭირვებიაო?

კონკიამ უთხრა თავისი გასაჭირი.

სკვინჩამ დაუძახა თავის მეგობარ ჩიტებს: - სკვინჩი-სკვინჩოო! მოფრინდა მთელი გუნდი და თვალის დახამხამებაში აუკრიფა ფეტვი.

ეს კი გააკეთეს, მაგრამ ვარცლი როგორ უნდა აევსოთ ცრემლით?! დაჯდა კონკია და ისევ ატირდა ცხარე ცრემლით. თან ეძინება და დედინაცვლის შიშით ვერ იძინებს.

- შვილო, კონკიავ, რატომ ტირიო? - მოესმა ამ დროს. აიხედა და ის კეთილი დედაბერი დაინახა.

- დედინაცვალმა მითხრა, ეს ვარცლი ცრემლით აავსეო! - შესჩივლა კონკიამ.

- შე საწყალო, თავს რაზე იკლავო. - ჩაასხა წყალი ვარცლში, ჩაყარა მარილი და უთხრა, - ეგეც შენი ცრემლიო. ადექი ახლა, ხელ-პირი დაიბანე და ორმოს ჩასძახე, რაც ძროხამ დაგიბარაო.

კონკიას მაშინღა გაახსენდა ეს ამბავი. გაიქცა ბოსელში, მივიდა ორმოსთან და ჩასძახა:

- ამოდი, ჩემო რაშო, და სადედოფლო ტანსაცმელი ამომიტანეო!

ორმოდან მშვენივრად შეკაზმული რაში ამოვიდა, უნაგირზე ოქროს ტანსაცმელი ჰქონდა დაკრული.

დედაბერმა უთხრა კონკიას:

- რაღას უყურებ. ჩაიცვი ჩქარა და ხელმწიფის სასახლეში წადიო. - კონკიამ ჩაიცვა, დედაბერი მოეხმარა, შეჯდა რაშზე და ხელმწიფის სასახლისაკენ გაფრინდა.

დიდი მოკრძალებით და მოწიწებით შეხვდნენ კარისკაცები. მთელი ის ზღვა ხალხი იმას შესცქეროდა. ხელმწიფის ვაჟი ხომ სულ ერთთავად თვალებში შესციცინებდა.

კონკიას ეშინოდა, დედინაცვალმა არ მიცნოსო, და საჩქაროდ გამობრუნდა. დაედევნენ კარისკაცები. მაგრამ აბა იმის რაშს რა ცხენი დაეწეოდა! დაეკარგათ თვალსა და ხელს შუა.

გზად მდინარეში უნდა გასულიყო. იმ სიჩქარეში წასძვრა ცალი ოქროს ქოში ფეხიდან და ჩაუვარდა შიგ, წყალი ღრმა იყო, ვერ ამოიღებდა. მივიდა შინ, გაიხადა, ტანსაცმელი რაშს დააკრა, მიიყვანა ორმოსთან და უთხრა:

- რაშო, ჩაბრძანდი და სადედოფლო ტანსაცმელიც ჩაიტანეო.

რაში ჩავიდა. კონკიამ ორმოს დააფარა, შებრუნდა შინ, ჩაიცვა ისევ თავისი კონკები, მიჯდა კარს უკან და დაუწყო ლოდინი დედინაცვალს.

დედინაცვალი და იმისი ქალი გათენებისას დაბრუნდნენ. დედინაცვალმა თავში ჩაარტყა კონკიას:

- შენმა სიცოცხლემ, სწორედ შენ გგავდა, სასახლეში რომ მზეთუნახავი ვნახეთო!

გოგომაც სიცილი დააყარა, კონკიას კი გუნებაში ეცინებოდა.

იმ მდინარეზე, სადაც კონკიას ქოში ჩაუვარდა, ხელმწიფის მეჯინიბეები ცხენებს წყალს ასმევდნენ ხოლმე. მეორე დღეს ცხენები დაფრთხნენ, წყალი არ დალიეს.

ხელმწიფეს ამბავი მიუტანეს: მდინარეში რაღაც ანათებს, ცხენები წყალს ვეღარ სვამენო.

ხელმწიფემ მყვინთავები გაგზავნა: ამოიღეს ოქროს ქოში და მიართვეს. ხელმწიფემ ქოში შეათვალიერა და თქვა:

- ვისაც ეს ქოში მოერგება, რძლად ის უნდა მოვიყვანოო.

დაიბარა ნაზირ-ვეზირები და უბრძანა:

- რკინის ქალამნები ჩაიცვით, რკინის ჯოხები დაიჭირეთ, წადით, ცისქვეშეთი დაიარეთ და ვისაც ფეხზე ეს ქოში მოერგოს, ის ქალი წამოიყვანეთო. სადაც ეგ რკინის ქალამნები გაგიცვდებათ და ეგ რკინის ჯოხები დაგიტყდებათ, ის ქალი იქ იქნებაო.

წავიდნენ ნაზირ-ვეზირები, ქვეყანა მოიარეს, მაგრამ ქოში არავის მოერგო. ბოლოს მივიდნენ იმ საწყალი გლეხის კარზე. ქალამნებიც იქ დაუცვდათ და ჯოხებიც იქ დაემტვრათ.

დედინაცვალს გაგებული ჰქონდა ოქროს ქოშის ამბავი და სულ იმათ მოსვლას ელოდა. სასწრაფოდ მორთო თავისი გოგო და თოჯინასავით წამოსვა ტახტზე. კონკია კი თონეში ჩააგდო, ჭილოფი გადააფარა, ზედ სიმინდი დაყარა და კრუხ-წიწილას დაუძახა. მერე მივიდა და ნაზირ-ვეზირები შეიპატიჟა:

- მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, ეგ ქოში სწორედ ჩემს ქალიშვილს მოერგებაო!

ჩააცვეს ოქროს ქოში და არ მოერგო, პატარა მოუვიდა.

დედაკაცმა უთხრა:

- თითი მოაჭერით და ჩაუვა, დედოფალი იქნება, ფეხით ხომ მაინც არ ივლისო.

ნაზირ-ვეზირები ძალიან შეწუხებული იყვნენ, ხელმწიფის ბრძანებას რომ ვერ ასრულებდნენ, მოაჭრეს იმ გოგოს თითი, ჩააცვეს ქოში და წაიყვანეს დიდის ამბით, მაგრამ გზაზე სკვინჩა შემოხვდათ და აუტყდა ნაზირ-ვეზირებს:

- თქვენ რომ მიგყავთ, ეგ არ არის ოქროს ქოშის პატრონი, ის იქ დარჩაო!

მიბრუნდნენ უკან.

- კიდევა გყავს ქალიო? - ჰკითხეს დედაკაცს.

- არა, მეტი აღარა მყავსო.

მოფრინდა სკვინჩა და იძახის:

- თონეში ზის კოხტა გოგო, თონეში ზისო!

დედაკაცმა ქვა ესროლა სკვინჩას, მაგრამ ის ისევ იმას გაიძახოდა.

მივიდნენ ნაზირ-ვეზირები, ახადეს თონეს და ამოიყვანეს კონკია.

დედინაცვალი აიპრუწა:

- ჩემს ქალს არ მოერგო და მაგ გომბიოს ტოტყებს რას მოერგებაო.

ჩააცვეს კონკიას ოქროს ქოში და მოერგო. გახარებულმა ნაზირ-ვეზირებმა იმწამსვე დააპირეს წაყვანა, მაგრამ კონკიამ უთხრა:

- აქ მომიცადეთ ცოტა ხანს, ახლავე გამოვალო.

შევიდა ბოსელში, ორმოსთან მივიდა და ჩასძახა:

- ჩემო რაშო, ამოდი და სადედოფლო ტანსაცმელიც ამომიტანეო.

ამოვიდა რაში, კონკიამ კონკები გაიხადა, სადედოფლო ტანსაცმელი ჩაიცვა, ცალი ქოშიც გამოიტანა. ახლა კი ყველანი მიხვდნენ, რომ კონკია იყო ის მზეთუნახავი, მეფის სასახლეში რომ ნახეს. ნაზირ-ვეზირებმა კიდევ უფრო გაიხარეს, დედინაცვალსა და მის შვილს კი შურით გულები დაუსკდათ.

გამოეწყო კონკია, შეჯდა რაშზე და გასწიეს სასახლისაკენ.

ხელმწიფე და ხელმწიფის შვილი სიხარულისაგან ცას ეწივნენ. შვიდ დღე და ღამეს გაგრძელდა ქორწილი. ხელმწიფემ ქვეყანა შვილს ჩააბარა, კონკია დედოფლად დასვეს. კონკიამ კეთილი დედაბერიც თავისთან მიიყვანა და ცხოვრობდნენ ბედნიერად.

შურიან დედინაცვალს კი იმ დღის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, თქვენი ჭირი წაიღო.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა.

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ