საბავშვო ბაღში სადილის შემდეგ დეიდა ნატომ ბავშვებს ვაშლები დაურიგა. გურამმა ერთ წითელ ვაშლს თვალი შეავლო და დეიდა ნატოს გაუბედავად სთხოვა: წითელი ვაშლი მე მომეცითო.
დეიდა ნატომ ვერ გაიგონა მისი თხოვნა. წითელი ვაშლი მზიას შეხვდა. გურამს ეწყინა და ატირდა.
- რად ტირი, გურამ? - მზრუნველობით შეეკითხა დეიდა ნატო.
- წითელი ვაშლი რატომ მე არ მერგოო! - გურამის მაგივრად წამოიძახა მზიამ.
- დეიდა ნატო, ვაშლისთვის კი არ ტირის გურამი, დედა ჰყავს ავად, - ჩაილაპარაკა ნუნუმ.
ის იყო, მზიამ წითელი ვაშლი ჩასაკბეჩად მიიტანა პირთან, რომ ნუნუს სიტყვებს მოჰკრა ყური. გოგონამ გურამთან მიირბინა, წითელი ვაშლი წინ დაუდო და უთხრა:
- აი, გურამ, შენი იყოს.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ მზიას საქციელი.
- ვაშლი შინაც გვაქვს, მაგრამ დედიკო მინდა გავახარო! - თქვა გახარებულმა გურამმა.
















