მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 152 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი ქვრივი დედაკაცი. ერთადერთი შვილი ომში დაეკარგა და ახლა სოფლის საურმე გზის პირას პატარა ქვითკირის სახლში მარტო ცხოვრობდა.

დედაკაცი მთელ დღეს შრომაში აღამებდა, ხან შინ ფუსფუსებდა, ხან კი ეზოში ბროწეულის ქვეშ დაჯდებოდა და ომში დაკარგულ ვაჟზე ფიქრობდა.

ერთ საღამოს დედაკაცმა შეამჩნია, რომ ბროწეულის ერთი კოკორი ძალზე დამსხვილებულიყო და მწვანედ მოხასხასე ფოთლებიდან ნაღვერდალივით ანათებდა.

- ეს ბროწეული ჩემმა შვილმა დარგო, - ხმამაღლა წამოიტირა დედაკაცმა, - აი, კოკორი სადაც არის გაიშლება, ნაყოფსაც გამოიტანს, მაგრამ ის ვერ დაინახავს. ნეტავი შვილიშვილი მაინც დამრჩენოდა, რომ იმის მაგივრად ევლო ჩემს ეზო-ყურეზეო.

ამ სიტყვების დამთავრება და ბროწეულის აშრიალება ერთი იყო. მოხუცმა აქეთ-იქით გაიხედა, ქარი არა ქრის, სხვა ხეები გარინდებული დგანან, ბროწეული კი შრიალებს და შრიალებს. უყურებს მოხუცი და რას ხედავს! ერთ ტოტზე დამსხვილებული კოკორის გვერდით პაწაწინა შავთვალა გოგონა არ წამოსკუპებულა!

დედაკაცი წამოხტა, ტოტი დაიწოდა, გოგონა მაშინვე ჩამოსვა, ეკლებმა არ დაჰკაწრონო, მერე ისევ ბროწეულის ქვეშ დაჯდა, ბავშვი კალთაში ჩაიწვინა და ჰკითხა:

- ვინა ხარ, საიდან მოხვედიო?

- მე ბროწეულის გოგონა ვარ, კოკორში ვიჯექი, შენი ხმა გავიგონე და გამოვედი. ახლა სულ აქ ვიქნებიო.

- აბა, სადღა უნდა წახვიდე, დარჩი, ჩემი შვილიშვილი იყავი, მე კი შენი ბებია ვიქნები.

დედაკაცმა ბავშვს სახელად ბროწეულა დაარქვა, ისე უვლიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, სასმელ-საჭმელს არ აკლებდა: ტკბილეულს ხშირად აჭმევდა, ტკბილ ენას გამოიტანსო. ნოყიერ საჭმელებსაც უკეთებდა, ჯანმრთელი და გულუხვი იქნებაო. დილის ნამით შეცვარულ ყვავილებს აყნოსებდა, ნაზი გულისა გამოვაო. ამასობაში გავიდა ხანი, ბავშვი გაიზარდა, მშრომელი და გამრჯე გოგონა დადგა: გვიდა, ქათმებს საკენკს უყრიდა, სადილს აკეთებდა, ხან კი ბებიას მუხლის ძირას ეჯდა და უყურებდა, როგორ ქსოვდა მისთვის ჭრელ წინდებს.

ერთხელ, როცა ბებია და გოგონა ბროწეულის ქვეშ ისხდნენ, ბებიას წყალი მოსწყურდა, თუნგი შეაჭანჭყარა, - მაგრამ წვეთიც არ იდგა.

- წავალ და ახლავე მოვიტან წყაროდანაო, - თქვა გოგონამ, დაავლო თუნგს ხელი და გაიქცა.

აირბინა ორღობე, მივიდა ბუჩქებთან, მაგრამ სად არის წყალი! მხოლოდ ამომშრალი ნაგუბარიღა დახვდა. ის იყო უნდა გამობრუნებულიყო, რომ სიცხისაგან შეყვითლებული ბალახებიდან თვალებგადმოკარკლულმა გომბეშომ ამოყო თავი.

- ყი, ყი, ყი, ვინა ხარ, რისთვის მოსულხარ?

- მე ბროწეულის გოგონა ვარ, ცივი წყალი მინდოდა ყიყინავ, ბებიას სწყურია, - უპასუხა გოგონამ.

- ის წყარო, აქ რომ ჩამოდიოდა, გზა-გზა გვალვამ დააშრო, სათავეში კი ალბათ ისევ იქნება.

- მაშ, კალაპოტს ავყვები და სათავეში ავავსებო, - თქვა გახარებულმა ბროწეულამ.

- ვერა, გოგონავ, კალაპოტს ვერ აჰყვები, - უთხრა გომბეშომ, - იცი, კალაპოტი როგორ მიხვეულ-მოხვეულად მოემართება? ხან ისეთ გაბარდულ ჯაგებში შედის, შენ კი არა, ჭიანჭველასაც კი გაუძნელდება იქ შეძრომა. თუ ერთ სურვილს შემისრულებ, მოკლე გზას მე გასწავლი. დავბერდი, კრუნჩხვები დამჩემდა და სიარული აღარ შემიძლია, ერთი თუნგი წყალი ჩემთვისაც მოიტანე და ნაგუბარში ჩამისხიო.

- ოღონდ მასწავლე, ყიყინავ, სად არის სათავე და ახლავე მოგიტანო, - შეჰპირდა ბროწეულის გოგონა.

ყიყინამ უთხრა, სადაც იყო სათავე.

ბროწეულა წავიდა.

იარა, იარა და ერთ პატარა მინდორში რომ გავიდა, წყლის ჩუხჩუხი შემოესმა. ხმას მიჰყვა და ბუჩქნარში ცივ წყაროს წაადგა, ბუერას ფოთლის ღარზე ჩამოწანწკარებდა მაღლიდან. გოგონამ თუნგი შეუდგა, აავსო, წამოიღო, ყიყინას გამოფიტულ ნაგუბარში ჩააქივლა და ცარიელი თუნგით ისევ წყაროზე გაიქცა. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, როცა ბროწეულამ თუნგი აავსო და მინდორზე გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაღამებული. მინდორი გადაიარა, მაგრამ სიბნელეში ბილიკი ვერ დაინახა, სულ სხვა მხარეს წავიდა.

რა ექნა გოგონას? დაკივლებაც ვერ გაბედა, მგლები გაიგონებენ ჩემს ხმას, მოვლენ და შემჭამენო. ხან იქით წავიდა, ხან აქეთ, მაგრამ ნაცნობ ბილიკს ვერ იქნა და ვეღარ მიაგნო. უცბად გრძელმა შუქმა შეაჭყიტა თვალებში, გახარებული გოგონა შუქს მიჰყვა. გადათელა ბუჩქები, ბალახები და ქოხს მიადგა. ქოხს ერთი ფანჯარა ჰქონდა, შუქი იქიდან გამოდიოდა. ბროწეულამ იფიქრა, ალბათ ტყისმცველი, ან მონადირე ცხოვრობს, ღამეს გამათევინებსო, და მაშინვე დააკაკუნა კარზე.

- მობრძანდით, კარი ღიააო, - მოისმა ხმა ქოხიდან.

გოგონა შევიდა, მაგრამ რომ არ შესულიყო ის ერჩია, ქოხში სამი საწოლი იდგა, ზედ დათვის ბელებს ეძინათ. მაგიდასთან კი დედა დათვი იჯდა, წინ ვეება ბაწრის გორგალი ედო და წინდის ჩხირებით რაღაცას ქსოვდა. დათვმა ქსოვას თავი მიანება, მერე სტუმარს სათვალედან გახედა.

- აა, ეს ვინ ყოფილა, მე ჩემი მეზობელი ბაჯბაჯა მეგონა. აქ რამ მოგიყვანა, გოგონავ?! დავიჯერო, არ გაგიგონია, რომ პანტის, შვინდის და თაფლის გარდა ხორცეულსაც გეახლებით?

გოგონა შიშისაგან დაიბნა, კარის გაღება ვეღარ მოახერხა, რომ ისევ გარეთ გასულიყო. ამასობაში დათვი მიბაჯბაჯდა და კარი გადაკეტა.

ბროწეულამ ტირილი დაიწყო.

- ნუ გეშინია, ამაღამ მაინც არ შეგჭამ, გემოზე ვარ გამძღარი. დღეს სოფლიდან მომავალი დედაკაცი ჩავიხელე და შევახრამუნე. ეს წინდის ჩხირები, გორგალი, ყაისნაღი იმას დარჩა და მე წამოვიღე, ჩემს ბელებს წინდები უნდა მოვუქსოვო.

გოგონამ ხვეწნა დაუწყო:

- არ შემჭამო, გამიშვი, ბებიას წყურვილისაგან პირი უშრება, ცივი წყალი უნდა მივუტანოო.

- მაგ თუნგს არსადაც არ გაგატან, მომეცი, მეც ძალიან მწყურიაო.

გააღო პირი დათვმა და ერთი თუნგი წყალი სულ ყლურწუნ-ყლურწუნით დალია.

ქსოვს დათვი, ქსოვს, მაგრამ ეტყობა, ქსოვისა არა გაეგება რა. ნაქსოვს ისევ არღვევს და ახლად იწყებს. ბროწეულა შიშისაგან ცახცახებს, არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ამ თვალებბრიალა დათვს. უყურა დათვს გოგონამ, უყურა და უთხრა:

- გეტყობა, ქსოვა არ იციო.

- როგორ არ ვიცი, მაგრამ ვერ იქნა, ეს ოხერი ქუსლი ვერ მოვადგიო, - უპასუხა დათვმა.

- ქსოვა მე ვიცი, ბებიამ მასწავლა, ოღონდ ნუ შემჭამ, შინ გამიშვი და მე მოგიქსოვო.

- კარგი, მოქსოვე ექვსი წყვილი წინდა ჩემი სამი ბელისთვის, და, სანამ არ დაამთავრებ, არ შეგჭამო.

მიუტანა გოგონას დათვმა ბაწარი, წინდის ჩხირები, მერე ფანჯარასთან მიბაჯბაჯდა, რაზაზე თოკის ნაწყვეტი იყო გამობმული, ეს ნაწყვეტი ჩარჩოზე დარჭობილ ვეება ლურსმანს მიაბა, გოგონა არ გადაძვრესო და ჩაიღიღინა:

ჩაგიკეტე ფანჯარა,

ჩაგიკეტე კარები,

დაგამწყვდიე, ბებოსთან

ვეღარ გამეპარები!

დილით დათვი ტყეში წავიდა.

გოგონა კი იჯდა ქოხის კუთხეში და ქსოვდა. ცდილობდა ლამაზი წინდები მოექსოვა, ეგება დათვს მოეწონოს და აღარ შემჭამოსო. თან გაქცევაზეც ფიქრობდა, მაგრამ კარი გარედან იყო დაკეტილი. ფანჯრის იმედი ჰქონდა, გავაღებ და გადავხტებიო. აბა, როგორ გადახტებოდა, თოკი ისე იყო გაკვანძული, რომ ეშმაკიც ვერ გამოხსნიდა.

როცა დათვი ტყიდან დაბრუნდა, წინდები მოქსოვილი დახვდა. გადააბრუნა, გადმოაბრუნა, კარგად გასინჯა, დასუნა კიდეც, მერე დაუძახა თავის ბელებს, და ჩააცვა. ბელები ისე გაახარა წინდებმა, რომ გარეთ გაცვივდნენ და სულ ხტუნვა-ხტუნვით შემოირბინეს მთელი ეზო. დათვი კი ქოხში ბოლთას სცემდა, თან თავისთვის ღიღინებდა:

ინავარდეთ, შვილებო,

მაგ ლამაზი წინდებით,

ზამთრის სუსხს და სიცივეს

აღარ შეუშინდებით.

ამ გოგონას გაქცევა სურს,

ქოხის კარებს გაჰყურებს,

სად წამივა, დღეს არ მშია,

ხვალ კი ჩავაკნატუნებ.

გოგონამ ეს სიტყვები რომ გაიგონა, შეეშინდა, მაგრამ არ დაიბნა:

- დათუნი, წინდები ბელებს ფეხებს გაუთბობს, მაგრამ ტანზე რა ეშველებათ! ნუ შემჭამ და ისეთ ლამაზ ჯუბებს მოვუქსოვ, რომ მტრისთვისაც კი საამური იყოსო.

- კარგი, მაშ სანამ ჯუბებს არ მოქსოვ, ახლოს არ მოგეკარებიო.

გოგონა ქსოვდა. თან წინდის ჩხირით ფანჯარაზე გამობმულ თოკს ყოველდღე თითო ძაფს გამოაწყვეტდა ხოლმე. გამოწყვეტილ ძაფებს ისე აგრეხდა თოკს, რომ საღამოთი დაბრუნებული დათვი ვერაფერს ამჩნევდა.

ბროწეულამ ჯუბები მოქსოვა. დათვს ძალიან მოეწონა ჯუბები.

- დღეს ერთი სკა ჩავიგდე ხელში, ამ საღამოს სულაც არ მშია. გემოზე გამოვძეხი თაფლით. ხვალ დილას კი, საუზმეზე, მე და ჩემი შვილები გემრიელად ჩაგაკნატუნებთო.

ბროწეულამ კიდევ რაღაც მოიფიქრა:

- დათუნი, ოღონდ ნუ შემჭამ და შენს შვილებს ქუდებსაც მოვუქსოვ.

- მოქსოვე, მოქსოვე, თავი თბილად ექნებათ ჩემს ბელებს. სანამ ქუდებს არ მოქსოვ, ხელსაც არ გახლებო, - უთხრა დათვმა.

დათვი ტყეშია თავისი შვილებით. ხან საკბილოს ეძებენ, ხან გრილოში ბიბინა ბალახში კოტრიალობენ. გოგონა კი ქსოვს და ქსოვს, სადაც არის დაამთავრებს ქუდების ქსოვას, მერე რა იღონოს, არ იცის.

ბროწეულა კიდევ მოიგონებდა რამეს, მაგრამ ერთ თითზე გადახვევა ძაფიღა დარჩა, აბა, რით რა უნდა მოექსოვა? ფანჯარაზე გამობმული თოკიც ჯერ კიდევ მაგარი იყო. რიღათი გადაერჩინა თავი? ბროწეულა მიჯდა ქოხის კუთხეში და ფიქრს მიეცა.

შუადღისას დათვი დაბრუნდა... დაღლილი ბელები საწოლებზე დააწვინა და წაიღიღინა:

ამ გოგონას ეშინია,

ქოხის კარებს გაჰყურებს,

თავს ვერაფრით შემაბრალებს,

მალე ჩავაკნატუნებ, - ხი, ხი, ხი...

მერე კუთხეში აბუზულ გოგონასთან მივიდა, მხარზე თათი დაადო და ლოყაზე დრუნჩი მოუცაცუნა. გოგონას ეგონა, ეს არის შემჭამსო, და ტირილი მორთო.

- ხა, ხა, ხა, - გადაიხარხარა დათვმა, - ნუ გეშინია, გოგონა, გეხუმრები, რომც შემეხვეწო, მაინც ვერ შეგჭამ, შეგეჩვიე და შემიყვარდი კიდეც. მაშინაც გეხუმრებოდი, ძალიან მომეწონე, არ მინდოდა რომ აქედან წასულიყავი და იმიტომ ჩაგიკეტე კარები. მე მეგონა შენც შეგვეჩვეოდი. მოდი, ნუ წახვალ, სულ ჩვენთან იცხოვრე, არაფერს არ დაგიშავებთ, არც მე და არც ჩემი ბელები. დაამთავრა თუ არა დათვმა სიტყვა, საწოლებიდან წამოცვივდნენ ბელები. გოგონასთან მიირბინეს და იმათაც ხვეწნა დაუწყეს:

- არ წახვიდე, ბროწეულის გოგონა, გეხვეწებით, არ წახვიდე. დარჩი ჩვენთან, ტყიდან თაფლსა და პანტას მოგიტანთ, ყვავილებსაც დაგიკრეფთ! ბელები ენას უსვამდნენ გოგონას, ეხვეოდნენ, თათებს ადებდნენ ლოყებზე, ეფერებოდნენ.

გოგონამ ტირილი შეწყვიტა და თქვა:

- ბებიას წყალი რომ უნდა მივუტანო?

- კარს გაგიღებდი, გაგიშვებდი, მაგრამ რომ წახვიდე და აღარ დაბრუნდე? - უთხრა დათვმა.

- არ გაუღო, დედიკო, კარი, თორემ წავა და აღარ მოვაო. - ატირდნენ ბელები. მაგრამ გოგონამ ბელებს ხელი მოუთათუნა, გაუღიმა და შეჰპირდა:

- ბებიას გეფიცებით ისევ მოვალ თქვენთან, - ოღონდ ახლა გამიღეთ კარი რომ ბებიას ცივი წყალი მივუტანოო.

დათვებმა დაუჯერეს გოგონას და კარი გაუღეს. გახარებული გოგონა დაემშვიდობა ყველას, დაავლო ხელი თუნგს და წყაროსკენ გაიქცა.

დღის სინათლეზე ადვილად მიაგნო ბილიკს, აავსო თუნგი, სულ ცუხცუხით ჩავიდა სოფელში და დარდიანი ბებია გაახარა.

გოგონას არ დავიწყებია თავისი დაპირება, ახლაც ხშირად წავა ხოლმე სტუმრად დათვებთან. ისინიც სიამოვნებით ხვდებიან და რაც გააჩნიათ იმით უმასპინძლდებიან, ხან პანტას მიართმევენ, ხან კი თაფლით ჩაუტკბარუნებენ ხოლმე პირს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ