მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 64 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ამ მოთხრობამ ჟურნალ „დილის“ კონკურსზე პრემია დაიმსახურა)

 

იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა იყო და დღესაც არის ერთი მშვენიერი ქვეყანა, რომელსაც საფრანგეთი ჰქვია.

ჰოდა, სწორედ საფრანგეთში ცხოვრობდა ერთი კაცი ‒ ანტუან დე სენტ ეგზიუპერი.

 გამთენიისას წამოწვებოდა ხოლმე წერით დაქანცული ძია ანტუანი და მიაჩერდებოდა ვარდისფრად შეღებილ ცას. ცა ყველგან ცაა, საქართველოშიც და საფრანგეთშიც. როგორც ჩვენთან, იქაც ჟიკჟიკებდნენ ვარსკვლავები, რიჟრაჟზე ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდნენ და ქრებოდნენ...

ნეტავ სად მიდიან ვარსკვლავები, ‒ ფიქრობდა ძია ანტუანი, ‒ იქნებ მთელი ღამის უძილონი დილით ღრუბლებისაგან აშენებულ სახლს აფარებენ თავს და შეღამებამდე გულიანად სძინავთო. ერთხელ ისიც კი იფიქრა, იქნებ ვარსკვლავები დედამიწაზე ჩამოდიან, ოკეანის ტალღებში ლივლივებენ და გრილდებიან, ან იქნებ უღრან ტყეს აფარებენ თავს და მწვანე ფოთლების შრიალში თვლემენო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, გადაწყვიტა, თვითონვე გაფრენილიყო რომელიმე ვარსკვლავზე.

გავიდა ტყეში, ერთი ხმელი მუხა მოჭრა და თვითმფრინავის გაკეთებას შეუდგა. ხმელი ხე იმიტომ შეარჩია, რომ კეთილი კაცი იყო და ნედლი ხე მოსაჭრელად ვერ გაიმეტა.

კარგა ხანს იწვალა და როცა ყველაფერი მზად იყო, ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა. იცით საით?

გამთენიისას აღმოსავლეთისაკენ რომ გაიხედოთ, ერთ ვარსკვლავს შეამჩნევთ; მოცისფროა და ნაზ ვარდისფერ სხივებს აფრქვევს. აი, იმ ვარსკვლავისკენ გაფრინდა ძია ანტუანი.

თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა. ჯერ იყო და კუდიანი ქარი შეეჩეხა. ფიფქივით აბზრიალდა ჰაერში თვითმფრინავი. მაგრამ ძია ანტუანისთვის რა უნდა დაეკლო ‒ დაეჯახა ფართო მკერდზე და ქარაშოტი პატარა ნიავივით გაიპარა; მერე შავ ღრუბელს გადაეყარა, მაგრამ ძია ანტუანმა მკლავი ღონივრად მოიქნია და ბნელი ღრუბელი გაიფანტა ‒ ლურჯი ცაც გამოჩნდა, ცისფერი ვარსკვლავიც და შორს დარჩენილი დედამიწაც.

ბოლოს დედამიწაზე გამოთლილმა მუხის თვითმფრინავმა ვარსკვლავს მიაღწია, მოზრდილი მდელო აირჩია და მსუბუქად გასრიალდა ამწვანებულ ზედაპირზე.

ანტუანი თვითმფრინავიდან გადმოხტა და ირგვლივ მიმოიხედა. ვეებერთელა გაშლილ მინდორზე მუხლამდე მწვანე ბალახი ღაღანებდა. ბალახში ნაზად ლივლივებდნენ წითელი ყაყაჩოები და გულყვითელა გვირილები.

‒ გამარჯობა ძია!

თვითმფრინავის კუდთან პატარა ბიჭუნა იდგა. მხრებზე ვარსკვლავებით მოჩითული მოსასხამი ეხურა. თავზე წითელი ვარდების გვირგვინი ედგა. ფეხზე გვირილის თეთრი ფურცლებით შეკრული ჭვინტიანი წაღები ეცვა. ხუჭუჭა წაბლისფერი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. ძალიან ფერმკრთალი სახე ჰქონდა და დიდი ცისფერი თვალები.

‒ გაგიმარჯოს!

‒ მიცანი, ძია ანტუან? მე უფლისწული ვარ. ეს ცისფერი ვარსკვლავი კი ჩემი სამფლობელოა. კეთილი იყოს შენი მობრძანება.

პატარა ბიჭუნამ დიდი კაცივით დინჯად გაუწოდა ერთი ბეწვა ხელი და ანტუანმაც ჩამოართვა.

‒ რა კარგია, რომ ჩამოხვედი! მე და ჩემი იადონები რა ხანია გელით. წუხელ მთელი ღამე არ გვიძინია. იადონებმა ბარტყები დაჩეკეს და გვეშინოდა. მეზობელ ვარსკვლავზე ბოროტი ქორი ცხოვრობს. შარშან გაზაფხულზე ბარტყები შეგვიჭამა. ახლა აღარ მეშინია. შენ ხომ ღონიერი ხარ?!

‒ ჰო, ქორს როგორმე მოვუვლი. ‒ დაამშვიდა ანტუანმა. ‒ მაგრამ სად არიან შენი იადონები?

‒ ჭიკ-ჭიკ, აქა ვართ, ‒ მაღალი ბალახიდან თავი ამოყვეს პატარა ყვითელმა იადონებმა, რომლებიც ორ ბარტყს გადაფარებოდნენ.

ძია ანტუანმა ჩაიჩოქა და პირდაღებულ ღლაპებს ნაზად გადაუსვა თავისი დიდი ხელი.

‒ ჰო, ქორს არ შევაჭმევინებ ამ პატარებს, ‒ ამოიოხრა ნაღვლიანად. ‒ მაგრამ ასე ბალახში ჩაყრილები როგორ გაძლებენ!

‒ პატარა სახლი უნდათ, ხის კედლებითა და იატაკით. მაშინ ვერც ქორი შეაშინებთ და ვერც ქარ-ყინვა.

‒ მერე სად არის ჩვენთან ხე? ‒ შეწუხდა უფლისწული. ‒ ყველაზე მაღალი მცენარე ჩემს ვარსკვლავზე ვარდია. და ვარდის ბუჩქს ხომ მოსაჭრელად მაინც ვერ გავიმეტებთ.

ძია ანტუანი დაფიქრდა და ხელი ჩაიქნია:

‒ რაც იქნება, იქნეს. მოდი, ჩემი თვითმფრინავის კუდისაგან გავაკეთოთ სახლი. იქნებ უკუდოდაც მივაღწიო როგორმე დედამიწამდე.

დატრიალდნენ ანტუანი და უფლისწული. თვითმფრინავს კუდი მოაძვრეს, რამდენიმე ლურსმანიც მიაყოლეს, ცოტა ხანს აკაკუნეს და მშვენიერი პატარა სახლი გამართეს. ხმელი ისლისაგან აივანიც მოუწნეს. სახურავზე ბუერის ფართო ფოთლები დააფინეს და შიგ იადონების ოჯახი შეასახლეს.

  ...ერთხანს ბალღებივით ირბინეს, ილაღეს, მერე მოზრდილ ნაკადულს მიადგნენ. სახე ცივი წყლით გაიგრილეს და დასასვენებლად წამოწვნენ.

‒ ამ ვარსკვლავზე მარტოკა ცხოვრობ?

უფლისწულმა მოიწყინა:

‒ ნაკადულს გაღმა გრძელყურა კურდღელი ცხოვრობს. ისეთი ღუნღულა ნაცრისფერი ბეწვი აქვს, ხელის გადასმა მოგინდება. თუმცა მე არასოდეს გადამისვამს მის ბეწვზე ხელი.

‒ რატომ?

‒ აკი გითხარი, გაღმა ცხოვრობს-მეთქი. მე იქით ვერ გადავდივარ და ის აქეთ ვერ გადმოდის.

‒  გინდა გადავალ და გადმოვიყვან?

‒ არა, ძია ანტუან, მე კეთილი უფლისწული ვარ. მარტო ჩემს სიამოვნებაზე ხომ არ ვიფიქრებ. კურდღელი თავის ეზო-კუთხესაა შეჩვეული. საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილი ვერავინ ბედნიერი ვერ იქნება.

‒ ეგ სწორია, ‒ ფიქრიანად დაიქნია თავი ანტუანმა. ‒ იქნებ ხიდი აგვეშენებინა, ჰა? როცა მოისურვებდი, შენ გადაბრძანდებოდი იქით მხარეს და ხელს გადაუსვამდი ღუნღულა ბეწვზე. როცა კურდღელი ინებებდა, თვითონ გეწვეოდა.

‒ მერე რით ავაშენოთ ხიდი? ‒ დაღონებით თქვა უფლისწულმა.

‒ ანტუანმა ერთხანს იყუჩა. ბოლოს ხელი ჩაიქნია და თქვა: ‒ რაც იქნება, იქნეს! ჩემი თვითმფრინავის ცალი ფრთა გავდოთ ხიდად. გამძლეც არის და ფართოც. არა უშავს, იქნებ ერთი ფრთითაც მივაღწიო დედამიწამდე.

ბევრი აღარ უფიქრიათ ‒ თვითმფრინავს ცალი ფრთა მოხსნეს. ანტუანმა ღონიერ მხარზე გაიდო მუხის გამომშრალი ფიცარი და ნაკადულის პირას მიიტანა, ტალღებზე გადო, ვარდის ბუჩქის ხმელი ლერწებით სახელურებიც გაუკეთა, სახელურებზე კი კორჩიოტების ლამაზი ყვავილწნული მოაყოლა. ისეთი ხიდი გამოვიდა, რომ გაღმა ბალახებში ჩამალულმა კურდღელმა დიდხანს ვერ მოითმინა, გამოცუნცულდა, ყურების წკაპუნით მიუახლოვდა ძია ანტუანს და თავი დაუკრა:

‒ დიდი მადლობელი, ბატონო ჩემო.

კარგა ხანს იკოტრიალეს მწვანე მინდორში. მერე უფლისწულმა კურდღელი გვერდზე მოისვა და დიდხანს უალერსებდა ღუნღულა ზურგზე.

მზე გადაიხარა, გადაიხარა და ჰორიზონტს მიეფარა. კურდღელი მეგობრებს გამოემშვიდობა, კიდევ ერთხელ გააწკაპუნა გრძელი ყურები და ხიდი გადაირბინა. იადონებმა ბარტყებს თბილი ფრთები გადააფარეს და მშვიდად დაიძინეს ახალ ბინაში.

‒ ჩვენი დაძინების დროც არის. ‒ თქვა უფლისწულმა.

‒ მერე სად დავიძინოთ?

‒ აგერ, მინდორში. თუ გინდა, ჩემი მოსასხამი დაიხურე, მე მიჩვეული ვარ, არა მცივა.

კეთილი ანტუანი უფლისწულს ერთადერთ მოსასხამს როგორ გამოართმევდა? თავზე ალერსიანად გადაუსვა ხელი და მდელოზე მიწვა. უფლისწულმა მის გვერდით მოიკალათა.

სძინავს ანტუანს და ესიზმრება... აბა, რა დაესიზმრებოდა დედამიწას მოცილებულ ადამიანს. დიახ, სწორედ მიწა დაესიზმრა. ვითომ საფრანგეთში ბაღში წევს, ვარდები გაცოცხლებულან, მის ირგვლივ ფერხულს უვლიან, სახეზე ნაზი ფურცლებით ეალერსებიან. ფურცლები კი ნამით სველია და ანტუანსაც უსველდება გაუპარსავი ლოყები, თეთრი პერანგი.

გაიღვიძა და რას ხედავს ‒ წვიმს, და როგორ წვიმს!

ანტუანი ვაჟკაცი იყო, მოგზაურობის მოყვარული. ტყეშიც სძინებია და ღრეშიც. თოვლშიც უვლია და წვიმაშიც. აბა, ეს წვიმა რას შეაშინებდა. მაგრამ დაინახა, რომ პატარა უფლისწულს თავისი პატარა, ვარსკვლავებით მოჩითული მოსასხამი მისთვის გადაუფარებია, თვითონ იქვე ჩამომჯდარა და ერთიანად გალუმპული კანკალებს.

ძია ანტუანს წუთითაც აღარ უფიქრია. წამოხტა, დედამიწიდან წამოღებულ ჩაქუჩს ხელი წამოუსვა, მიადგა თავის თვითმფრინავს, ერთ წუთში დაშალა და მშვენიერი პატარა ქოხი წამოჭიმა. ის კი არა, ორი ტახტიც გამართა, ერთი, მოზრდილი ‒ თავისთვის, მეორე კი, პატარა ‒ უფლისწულისათვის. შევიდნენ ქოხში და გულიანად იძინეს დილამდე.

დილა კი ისევ მზიანი, ნათელი და ბედნიერი გათენდა.

სულ ეს იყო, რაც უნდა მეამბნა.

რას არ ამბობენ საფრანგეთში: ძია ანტუანი ისე შორს გაფრინდა, რომ მზემდე მიაღწია და დაიწვაო. ზოგი იმასაც ამბობს, არაფერიც არ დამწვარა, ახლაც მიფრინავსო. ბევრი ელოდება, მალე დაბრუნდებაო.

თუ ვინმემ გითხრათ, აქ მოთხრობილი ამბავი ჭორიაო, არ დაუჯეროთ. ჰკითხეთ უფროსებს და გიჩვენებენ რუკაზე საფრანგეთს, ქვეყანას, სადაც დაიბადა და დავაჟკაცდა ძია ანტუანი. თუ უფრო მეტის გაგება მოგინდეთ, ბიბლიოთეკაში მიბრძანდით, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის წიგნი „პატარა უფლისწული“ მოითხოვეთ და წაიკითხეთ.

ეს წიგნია ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ცისფერ ვარსკვლავზე გაფრენის წინ დაწერა და თქვენ დაგიტოვათ ძია ანტუანმა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ