მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ვუძღვნი დედაჩემს, ლელას)

 

დათვი ბუცნახევს ჩამოჰყვა ქვემოთ. თავდაღუნული ნება-ნება მოაბიჯებდა, დროდადრო შედგებოდა და ჰაერს დაყნოსავდა. უკან ორი მურა ბელი მოჰყვებოდა თამაშ-თამაშით, ორივეს თეთრი გული ჰქონდა. წვიმდა.

აყალო მიწაზე ფეხშიშველა კაცების ნავალივით რჩებოდა დათვების ნაკვალევი. საცალფეხო ბილიკი ირიბად ჩადიოდა ქვემოთ, არაგვისაკენ. რიყეზე ჯოჯოხეთის ნაბანივით შავი არაგვი მოქანავდა.

დათვს ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა იპყრობდა, როცა ამ გზით მოდიოდა ქვემოთ. აქ თითქმის ყოველ წელიწადს სტაცებდნენ მონადირეები ბელებს. თვითონ ყოველთვის სასწაულად რჩებოდა ცოცხალი.

ბილიკი ტყეში შედიოდა. ვიდრე ტყეში შევიდოდნენ, რამდენჯერმე კიდევ დაყნოსა დათვმა ჰაერი, მერე თავისი ნაკვალევი შეათვალიერა და მძიმე ნაბიჯებით შევიდა ტყეში. ბელები უკან მიჰყვნენ, ისინიც თავჩაღუნულები, დაბღვერილები.

გაზაფხული იყო და ტყე ის-ის იყო იფოთლებოდა. პატარა ბელები ბოლომდე ვერ ინახავდნენ თავიანთ სერიოზულ გამომეტყველებას. ხან ერთს დაავიწყდებოდა ხოლმე, დაღვრემილი და მკაცრი რომ იყო და ხან მეორეს, თავჩაღუნულს უცებ ცხვირი ძალაუნებურად იაზე მოუხვდებოდა, ჩაყნოსავდა და სიამოვნებისაგან ხმამაღლა დაიბღავლებდა. დედა დათვი ამაზე ბრაზობდა, ტოტს გაუქნევდა და ისევ ისე სერიოზულები ხდებოდნენ ბელები.

დათვი ახლა უფრო ხშირად ყნოსავდა ჰაერს. დიდ წიფელთან შედგა და ბელებს თათით რაღაც ანიშნა. ისინი დედას ამოეფარნენ უკან.

გზაზე შუახნის ქალი მოდიოდა, ზურგზე შეშის ტვირთი ეკიდა, სიმძიმისაგან წელში იყო მოხრილი და ამის გამო ვერა ხედავდა, როგორ წამოადგა დათვებს. ხელში ცული ეჭირა.

- ვეე! - დაიღრიალა დედა დათვმა და ქალისაკენ გაიქცა.

ქალი ადგილზე გახევდა, დაბნეულმა ვეღარც გაქცევა მიაზრა, ვეღარც ის, რომ შეშის ტვირთი მოეხსნა.

დათვი ღრიალით მირბოდა ქალისაკენ.

ქალი იდგა და არ ინძრეოდა. ტვირთი ისევ ისე ეკიდა. ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოყრილი. ცულიც იქვე მიწაზე ეგდო.

დათვმა, ეტყობა, იფიქრა, რომ ქალს მისთვის ბელების წართმევა უნდოდა და საშინლად ღრიალებდა. უკვე ახლოს იყო ქალთან, ისე ახლოს, რომ ქალმა დათვის დაღებულ ხახაში უკვე კარგად დაინახა წითელი ენა.

ქალს შავი ტანსაცმელი ეცვა, გამხდარი იყო, ნატანჯი, ძალიან ნატანჯი სახე ჰქონდა. ქანდაკებასავით იდგა, მარტო ჩამომხმარ მუხლებზე შეატყობდი, რომ კანკალებდა, თუმცა თვალებში არ ეტყობოდა შიში. თვალები ჰქონა საოცრად შავი და სიკეთით სავსე. ხელები ისევ ისე მოწყვეტით ეკიდა, ერთხელაც არ ცდილა, რომ დაბლა დაგდებული ცული აეღო, იდგა და პირდაღებულ დათვს ასე ელოდა.

მარტო მუხლებზე შეამჩნევდი რომ ეშინოდა.

- ვეე! - ერთხელ კიდევ საზარლად დაიღრიალა დათვმა და თითქმის იქვე, ქალის აკანკალებულ მუხლებთან შედგა.

ქალი ისევ ხელებჩამოყრილი იდგა.

დათვი ერთი წუთი ქალს ათვალიერებდა, მერე მივიდა და უღონოდ ჩამოყრილი ხელის მტევნები აულოკა, მერე უკანა ფეხებზე შედგა, შეტრიალდა და ბელებისაკენ წავიდა. მიმავალმა რამდენჯერმე კიდევ მოხედა ქალს.

ქალი ისევ ისე გაუნძრევლად იდგა.

დათვმა ბელები წინ გაიყარა და ქვემოთ წავიდა.

ქალი არ განძრეულა.

დათვი არაგვზე ჩავიდა. გაზაფხულის წვიმებს საშინლად აედიდებინა არაგვი. შავი ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდა. დათვმა ბელები გამოღმა ნაპირზე დატოვა და თვითონ არაგვში გავიდა, შეამოწმა წყლის სიღრმე. როცა დარწმუნდა, რომ ბელების გადაყვანა შეიძლებოდა, ისევ გამოღმა გამოვიდა, ჯერ ერთი ბელი აიყვანა წინა თათებით, თვითონ უკანა ფეხებზე კაცივით დადგა და ისე გავიდა გაღმა ნაპირზე.

ქალი ისევ იქ იდგა და უყურებდა.

დათვმა მეორე ბელისათვის დააპირა გამოღმა გამოსვლა, მაგრამ გაღმა გაყვანილი ბელი ვერფრით ვერ გააჩერა მარტოკა; შემოდგებოდა თუ არა წყალში, ბელიც მაშინვე თან შემოყოლას დააპირებდა. მერე დათვმა ხერხი იხმარა; ბელი მინდორზე დააწვინა და ზემოდან დიდი ქვა დაადო, რომ ბელი წყალში აღარ შემოყოლოდა. გამოვიდა გამოღმა და მეორე ბელიც ისევე გაიყვანა წყალში. მერე, გაღმა გასულმა, ბელი მინდორზე დასვა და იქ დატოვებული ბელისაკენ გაიქცა. მივიდა, გადააგორა ქვა. ბელი არ გაჩუჩუნებულა. დათვმა თათი წაარტყა ნება. ბელი ისევ უძრავად იყო. დაიხარა დათვი და ყური დაადო. კარგა ხანს იყო ასე, მერე უკანა ფეხებზე შედგა, ცას შეხედა და საზარლად დაიღრიალა.

ქალს რაღაც ჩასწყდა გულში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ