შავი ზღვის მიმართულებით, ერგეტას გზაზე, სამეგრელოში, მარიამობისთვის შუადღის სიცხეში, გადაფარდაგებული ურემი მიჭრიალებს.
ფარდაგგადაფარებულ კოფოზე თავწაკრული ხნიერი ქალი ზის, რომლის მბრძანებლურსა და ოდინდელი მშვენიერების მიმქრალი შარავანდედით აღბეჭდილ სახეს მოუთმენლობის ლანდები დასთამაშებს.
- კიდევ არ ჩანს ეს ოხერი ზღვა? მოსთქვამს შუა დღის ბუღით დატანჯული თავადის ქალი მაია, რომელიც შავი ზღვის გრილ ტალღებთან მალე მისვლას ელტვის.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ მზით დახრუკული, ოდესღაც რძის ქაფივით თეთრი და სურნელოვანი, აწ კი დამჭკნარი ტანი განიგრილოს. არა, უფრო დიდი სურვილი კლავს თავადის ქალს ზღვასთან მალე მიახლოებისა. გარყვნილებით არაქათგამოცლილი მისი სხეული კელავ სიყვარულის ამბორს ითხოვს ზღვის ნაპირზე კი სატრფო ელოდება. ახალგაზრდა, ტანმრთელი, ლამაზი და არშიყობის ყველა ხრიკის მცოდნე მეტრფე.
ურემს მეურმე მიაცილებს, ყმაწვილი გლეხი ამბაკო, რომლის სატრფო, დაფინო, ქალბატონის მოახლეა და მასვე უზის გვერდით.
მეურმემ თავადის ქალსა და კოფოზე წამოწეულ ფარდაგს შუა ცალი თვალი ურმის სიღრმეში შეაცურა.
თვალი შეასწრო მაიამ.
- ნუ გეშინია, შე უბედურო, აქ არის... ნურც გერიდება, ორივე თვალით შეხედე და გაიხარე, აი... - და ქალმა ზედატანი ისე დახარა, რომ ურემში შესახედი ადგილი გაანთავისუფლა.
მეურმის თეალებმა ერთდროულად აღბეჭდეს წინ, პირველ რიგზე, კოფოზე გადმოხრილი მაიას ღია მკერდის გაცვეთილი სამკაულები, მის უკან კი - შავი ვარსკვლავივით ანთებული ყმაწვილი ქალის გამწყრალი თვალების ელვარება.
- გაიხარე, აი... - გაიმეორა თავადის ქალმა და ორაზროვანი ხმის უსირცხვილო კილოს ისეთი ავხორციანი გამოხედვა დაატანა, რომ გლეხი ვერ მიხვდა, მეორედ წარმოთქმული "გაიხარე, აი" რას ეკუთვნოდა: მაიას გულის პირით უცაბედად გადმოშლილ უტევნო, დაწურულ მკერდს, თუ ურმის სიღრმეში შემალულ შავგვრემან გოგონას - ამბაკოს ნამდვილ ცოცხალ სამკაულს.
- არ მოგწონვარ, გოგო? - შეელაზღანდარავა გლეხი დაფინოს და ისეთი სახე უჩვენა, თითქოს უთხრაო: შენ თუ არა, შენს ქალბატონს ხომ ხედავ, რომ მოვწონვარო.
- მიწა კი გაგისკდა! - ესროლა დაფინომ ურმის სიღრმიდან და თვალები აარიდა.
გამარჯვებულივით თავმომწონე ამბაკომ თვალები მოსწყვიტა უკადრის გოგოს და მაიაზე გადაიტანა. - მაია კი, თითქოს მონადირე უცხო ნადირს თოფს უმიზნებსო, ისე დასცქეროდა კოფოდან მეურმეს და მის არშიყობის უშნო ხერხებს უთვალთვალებდა.
გლეხი შეფეთდა, ეს რომ დაინახა. სახეზე ღიმილი უნებლიედ ჩამოსცილდა. არ მოელოდა: თავადის ქალის თვალებიდან ყველა ხვეულით გამომზირალი, ყოველი მოკრძალებისაგან გაძარცული ნდომის ურცხვი ქარი პირდაპირ სახეში უბერავდა.
შერცხვა მეურმეს, ნაბიჯი შეანელა, მერე ურემსაც ჩამორჩა.
ფარდას მოეფარა მაიას სახე.
„ჰო, რა კაპუეტია, გამიგონია, სისხლი უყვარსო“ - მძიმედ წარმოსთქვა ახალგაზრდა გლეხმა, როცა ურმის უკან მარტო დარჩა.
წინ კი, კოფოზე, თითქოს ურმის დანჯღრეული, უსაპნო ბორბლის მორგვის შიგნით გაისმაო, ქალის ხმამ ყრუდ დაიჭრიალა
„უბედურო თავადის ქალო, მაია, ეს რა დროება დაგიდგა“.
ეს მწარე ამოოხვრა ქალისა საცნაური ხდება მას შემდეგ, როცა მთელ მის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს. თავადის ქალ მაიას ჰქონდა ყველაფერი, რაც საშუალებას აძლევდა ნეტარებაში და სიამოვნებაში განევლო დღენი წუთისოფლისა.
დიდი ქონების მემკვიდრეს გასაჭირი არ უგრძვნია, მაგრამ, აი, მოვიდნენ ბოლშევიკები და თავადის ქალს თითებზე წამოცძული ძვირფასი ბეჭდების გარდა აღარაფერი შეარჩინეს.
ამ უბედურებას თავადის ქალი შეეგუა, რადგან, პირველ ყოვლისა, მის მთავარ განძს ქონება კი არა, სილამაზე წარმოადგენდა. სწორედ მისის თვალტანადობის გამო ილტვოდნენ მისკენ დარჩეული ვაჟკაცები, როგორც ღრმად მორწმუნენი - ქააბისაკენ...
მაგრამ.. „აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თუისსა მივალს იგი“ - ვითარცა იტყვის ეკლესიასტე.
დადგა ქამი თავადის ქალის მზის ჩასვლისა. მის თვალებს ცეცხლი მოაკლდა, ასხლეტილი და ჰაეროვანი სხეული დაუმძიმდა, მისი სილამაზე წარხდა, რადგან:
"სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების".
თუმცა, გული არ დაუბერდა თავადის ქალს. გული კვლავ სიცოცხლის დიდი ნადიმისკენ იწევდა. გულს ყველა ლამაზი ვაჟკაცი კვლავ თავისად ეგულვოდა და, აი, უცებ, გლეხმა, ტურტლიანმა მეურმემ მისი ავხორცული ჟინი იუკადრისა, მის ანთებულ, ვნებადდაღვრილ თვალებს მზერა მოარიდა. გაშორდა, გაეცალა, როგორც კეთროვანს.
"უბედურო თავადის ქალო, მაია, ეს რა დრო დაგიდგა" - თავს შეჰკვნეს ეს გახუნებული ლამაზმანი და შური, სიძულვილი იბუდებს მის არსებაში მისგანვე გაზრდილი მოახლე გოგოს მიმართ. თითქოს ამ ლორთქო ბალახივით ამოხვითქულმა გოგომ წარსტაცა ღვთაებრივი მშვენიერება თავადის ქალი მაიას...
თითქოს ის და მისთანები იმიტომ მოევლინენ ქვეყანას, რომ თავადის ქალის სილამაზე დაეჩრდილათ და იგი ზედმეტ ადამიანად ექციათ.
მაგრამ იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. ზღვის პირას თავადის ქალს სატრფო ელოდება, მისი მოყვარული და დამფასებელი თავადი ბონდო. ეს იმედიც ილუზიური აღმოჩნდა. ბონდოს მასთან მხოლოდ წარსული და დონჟუანური ამპარტავნობა აკავშირებს თურმე.
მაიას არშიყი გლეხის მშვენიერ გოგოს, დაფინოს ელოდა მოუთმენლად. ბონდოს დაფინოს ხელში ჩაგდება და ავხორცული ჟინის მოკვლა სურდა, მაიასთან შეხვედრა კი იმდენად უნდოდა, რამდენადაც ეს უკანასკნელი გზად და ხიდად მიაჩნდა გლეხის ლამაზ გოგოსთან დასაკავშირებლად.
სასიყვარულო ინტრიგებში ნაცადი მაია ბონდოსთან შეხვედრისთანავე მიხვდა, რომ მის ყოფილ კუროს სხვისი ბაღისკენ ეჭირა თვალი.
არ გაჭრა თავადის ქალის ხვეწნა-მუდარამ ვეღარ დაიყოლია ახალ სასიყვარულო ექსტაზზე ახალგაზრდა თავადი, რომელიც წლების წინათ ფიანდაზად უგებდა გულს და განწირულმა, სულით ხორცამდე შეურაცხყოფილმა ქალმა უკანასკნელი ხერხი იხმარა - ბონდო საკუთარ კარავში გაუშვა ღამით და შეჰპირდა, რომ მას დაფინოს გაუგზავნიდა.
"მაშინ მაინც მიხვდი, მაშინ მაინც გაზომე, გულქვა ვაჟო, თუ რა დიდია მაიას სიყვარული შენდამი... წადი, ლოდინი არ დაგჭირდება". მაგრამ მაია არ იყო ის ქალი, ვისაც სხვისი უზნეო ხუშტურის დასაკმაყოფილებლად მსხვერპლის გაღება შეეძლო. მას ერთადერთი სურდა და ძალუძდა, - საკუთარი უზნეო სურვილებისთვის აქეთ მიეღო მსხვერპლი. მზად იყო საკუთარი ხელით მიეხრჩო ყველა, ვინც მის ვნებიან ლტოლვას აღუდგებოდა...
მოახლე გოგომ თავშალი მოიხურა და თავად მიაშურა ბნელ კარავს. "ზედ კართან, მოულოდნელად, თრთოლვით ატანილმა მკლავმა მკლავზე თითები მარწუხის კბილებივით შემოაკრა და თვალის დახამხამებაში სადღაც გაიტაცა, როგორც ქორმა წიწილი.
ეს იყო ის, რისთვისაც ბედს სცდიდა თავადის ქალი მაია. თითქოს დავიწყებული ქალწულობა დაუბრუნდა და პირველი სიყვარულის განუმეორებელი ტკბობის წუთები გაუცხოველდაო, ისე მიჰყვა იგი ვაჟკაცის ხელებს, ფოთოლივით მსუბუქი და დარხეული.
- დაფი, შენ ხელშია ჩემი სიცოცხლე გინდა დამარჩენ, გინდა მომკლავ... - ბნედა შეკიდებულ ხმაზე უჩურჩულებდა ბონდო მქშინავ მკერდზე მიკრულ მაიას.
დეე, იყოს მოტყუილებით გამოწვეული ეს ვაჟკაცური გახელება. დეე, იყოს სხვისადმი მიმართული ეს ნდომა მამაკაცური, ოღონდ მაიას ტანმა ერთი წამით მაინც იგრძნოს ეს ცეცხლი, ალერსი ვნებისა. ეს ძალოვანი ლტოლვა სქესური ნებისყოფისა".
იმდენად დიდია ვნება, ავხორცული აღტყინება ქალისა, რომ იგი გულში იკლავს თავის დიდ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობას, სიზვიადეს, ოღონდ კი მოიკლას ხორცის წყურვილი გლეხის ქალწულად გარდასახულმა, "მაგრამ უცებ, თითქო მეხი გავარდა და ბონდოს გული გაუპოო, ისე შეჰქანდა ვაჟი, გულზე მიკრული ქალი ხელის ძლიერი კვრით მკერდიდან მოიგლიჯა და ჩვარივით განზე გაისროლა, კუთხეში მიაგდო.
- ჰო, საზიზღარო, ეს რა მიყავი? მომშორდი-მეთქი ახლავე! - დაიყვირა მან და გულიდან შხამიანი ზიზღი გადმოანთხია.
მაია კედელს მიეხეთქა. შალი გადაძვრა. თავზე თმა აეშალა და ბნელ კარავში უცებ სიჩუმე დამყარდა".
ლიტერატურაში ათასგვარი სასიყვარულო ინტრიგა და სკაბრეზულობამდე დასული ურთიერთობებია აღწერილი, მაგრამ იშვიათია ისე გაშიშვლებული, ფსიქოლოგიურად ზუსტად დაჭერილი ნიუანსების ჩვენება ორი სულით ხორცამდე შეურაცხყოფილი ადამიანისა, როგორსაც ლეო ქიაჩელი აღწერს.
უკვე ერთმანეთის სიძულვილით გაბოროტებულმა წყვილმა მორიელებივით დაჰკბინა მწარე-მწარე სიტყვებით ერთურთი. მწერალი იმ ერთადერთ ფრაზას პოულობს, რომლითაც ის შთამბეჭდავი სურათი იხატება და სიტყვიერის გარდა, ხელოვნების ვერც ერთი დარგი რომ ვერ გადმოსცემს.
"უცებ გაშიშვლდა სიძულვილი ორივე მხრივ და ბნელ კარავში ყვითელი ფერის კოცონები დაენთნენ".
ისე დიდი იყო თავადის ამპარტავან ქალში შურისძიების მძაფრი სურვილი, რომ მას უკიდურესად გათელილმა თავმოყვარეობამ გონი კი არ აურია, კი არ მოადუნა, პირიქით, ერთადერთი და მიზანდასახული გადაწყვეტილება მიაღებინა.
ზეადამიანური ნებისყოფა გამოიჩინა. კვლავ დაუტკბა ბონდოს და დიდი სიყვარულის დასტურად უკანასკნელი მსხვერპლის მირთმევას დაჰპირდა "დაე, აღსრულდეს, რაც ბედისწერისაგან განაჩენია: ჩემი ადგილი ამ ღამიდან დაფინოსათვის დამითმია"-ო.
გაოგნებული, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, გაბრიყვებული ბონდო უკვე დანდობილად ელოდა დაფინოს, რომელმაც არც ის იცოდა, თუ რა მზაკვრული მიზნით გაგზავნა თავისმა ქალბატონმა კარავში და არც იმის შესახებ ჰქონდა წარმოდგენა, რა ქარიშხალიც დატრიალებულიყო მისი ღვთაებრივი სილამაზის გამო.
დაფინომ გულუბრყვილოდ შეაბიჯა ბნელ კარავში, სადაც ჩასაფრებული ელოდა მხეცივით ბორგნეული თავადი ბონდო, მაგრამ შურისმაძიებელმა თავადის ქალმა კარვისკენ მალე დაფინოს სატრფო ამბაკოც გაგზავნა. სამჯერ იგრიალა რევოლვერმა სიბნელეში.
„სულ მცირე ხანში ყველამ გაიგო, რომ ყმაწვილმა გლეხმა ამბაკომ სამი ტყვიით მოჰკლა თავადის ქალის მაიას არშიყი, უცხო ვაჟკაცი, ამ კუთხის უცნობი ვინმე, ყოფილი თავადი..."
ამით რომ დასრულებულიყო ნაწარმოების სიუჟეტი, ჩვენს წინაშე გადაიშლებოდა ამბავი სიყვარულისა და შურისძიების შესახებ, მაგრამ თხზულების ფინალი, როგორც მოთხრობის მთავარ გმირს, თავადის ქალ მაიას, ისე თვით ნაწარმოების მიზანდასახულობას სრულიად სხვა კუთხით წარმოგვიდგენს.
რომ არა ეს ფინალი, თავადის ქალი მაია მკითხველის მეხსიერებაში დარჩებოდა ავხორც, მაგრამ სიყვარულისთვის უკვე მობერებულ, სასტიკ შურისმაძიებელ ავსულად. მაგრამ თავადის ქალი მაია არ არის ასე ცალსახად წარმოსადგენი გმირი. მისი შურისძიებით ანთებულ გულს ჩაცხრომის შემდეგ მწვავე სინანულის გრძნობა იპყრობს, სინანული არა იმისათვის, რომ მკაცრად დასაჯა მოღალატე სატრფო, არამედ სინანული განვლილი ცხოვრების გამო.
პასკალის ერთერთი დაკვირვება ცხოვრების შესახებ ასეთია: "ჩვენი ხვედრის სიმწარე ყველაზე უკეთ გამოხატეს სიტყვით სოლომონმა და იობმა - უბედნიერესმა და უუბედურესმა კაცთა შორის. ერთმა პირადი ცდით შეიცნო განცხრომათა ამაოება, მეორემ - უბედურების სიმწარე".
იერუსალიმის მეფე დავითმა, რომელსაც სიუხვე და განცხრომა არ დაჰკლებია, „ეკლესიასტეში“ განაცხადა: "ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო".
თავადის ქალმა მაიამ სიამენი გააფეტიშა და წუთისოფელი ისე განვლო, "წადილთა ნებისათვის" უარი არ უთქვამს, მაგრამ ცხოვრების მიმწუხრში სიცოცხლის ნადიმზე ისიც ზედმეტ ადამიანად იქცა და პირად მაგალითზე შეიცნო განცხრომათა ამაოება. ამის შეგნებამ ეს ამპარტავანი ქალი მონანიე არსებად აქცია და ახლა ერთი სული აქვს, რაც შეიძლება მალე გაეცალოს სიცოცხლეს, რომელიც ასე უყვარდა და შინაგანად დაცლილს უკვე ზედმეტ ტვირთად მიუჩნევია.
ამაღლებული ტრაგიზმითაა განათებული სურათი, როდესაც თავადის ქალი მაია ძვირფას ბეჭდებს ყრის ზღვის აქაფებულ ტალღებში. ეს ბეჭდები ხომ მისთვის წარსული ცხოვრების ხსოვნაა, ცხოვრებისა, რომელიც, თურმე, ამაოება ყოფილა. ბეჭდების გადაყრა ერთგვარი ანგარიშსწორებაცაა ქალისაგან მის მიერვე გაფეტიშებული, არსით კი ამაო სიცოცხლისადმი.
"მომეხმარე, კენჭებზე ვერ დავდივარ.
დაფინო შეებჯინა.
ზღვის პირთან ქვიშაზე შესდგა მაია. დაფინოს მთელი ტანით დაეყრდნო.
კიდევ ჯარად აიშალნენ ზღვის ვერცხლის ზვირთები. მწყობრად წამოვიდნენ და ნაპირზე გამოიფანტნენ შურებით.
მაიას წინ ყალყზე შესდგნენ.
- ვინ არის აქ ისეთი, ვინც არ უნდა იყვეს? - კიდევ იკითხეს.
- ჰო, ეს ზღვა დღეს რა რიგ მაშინებს, დაფი! მეჩვენება, თითქოს სიკვდილსაც ლურჯი ფერი აქვს, როგორც ზღვას. და, როგორც ზღვა, ისე დიდია, ისე ღრმაა სიკვდილი. ნეტავი შემეძლოს მისი გული მოვიგო! რა შევწირო, ან რა აღვუთქვა, რომ არ მაშინებდეს? რა გამაჩნია? აი, ეს ბეჭდები შემრჩა მხოლოდ და ეს სამაჯური! მათ თვლებში ჩემი ბედის ყველა საფეხურია აღბეჭდილი და სიცოცხლე და სიკვდილი იმდენი ვაჟკაცის, რამდენიც ხელზე ბეჭედი მაქვს და სამაჯური.
ამ სამაჯურით მე დავინიშნე სულ პირველად, დაფინო, როცა შენი ხნისა ვიყავი. აფხაზი იყო ჩემი პირველი საქმრო, სახელად ჰაიდბეი და გვარად ჩაჩბა, მთავრის შთამომავალი. მე მას არ ვიცნობდი. არ მენახა. ამბობდნენ, ღამით მთვარეს ჰგავს და დღისით მზესო. მოციქულები გამოუგზავნა მამას. როცა თანხმობა მიიღო, ძღვენი მოართვა: მის მორთმეულ ოცდახუთ ცხენში ორი წმინდა არაბული ერია, ახალი თოვლივით თეთრი და ჭკუიანები, როგორც ადამიანი. თავადის ძღვენს ასი ქალი და კაცი მოჰყვებოდა მისი უფროსი დის მეთაურობით, რომელმაც ეს სამაჯური გადმომცა ძმის სახელით...
დრო დაინიშნა ქორწინებისა. წამოვიდა ჰაიდბეი, ბრწყინვალე ჩაჩბა, ოდიშისაკენ. მაგრამ, დაფინო, ყური დამიგდე… მე ის, როგორც მანამდე, შემდეგშიც აღარ დამინახავს…
ზამთარი იყო: ინგურში ფონით გადმოდიოდნენ. მამამ უბრანა ვეფხი ჩიჩუას ძვირფას სიძეს ინგურზე შეგებებოდა რჩეული ვაჟკაცებისაგან შემდგარი ამალით. პატივი ეცა. ხლებოდა. ვეფხი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. მთელ ჩვენს მხარეში არავინ იყო ისეთი, მას რომ ვაჟკაცობით და თვალტანადობით გატოლებოდა.
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ფარულად. ეახლა ვეფხი სტუმარს. შინ კი ამ დროს საქორწინო მზადება იყო დიდი და გაუგონარი. საზეიმოდ დანიშნული სუფრა მთელი ეზოს სიგრეს წვდებოდა. ძვირფასი ნოხებითა, ფარდაგებით და ფარჩით იყო სეფა მორთული… და, დაფი, გაიგონე კარგად, რასაც გეტყვი.
არავინ იცის, თუ როგორ მოხდა, რომ ხუთასი კაცის თვალწინ ინგურში დაიღუპა ჩემი თავადი ჰაიდბეი ჩაჩბა. ჩემს წინ მუხლმოყრილი იდგა ვეფხი, ამ საზარელი ამბის მომტანი. თავად ხმას არ იღებდა. მის მაგიერ მხლებელი შემომცქეროდა.
პირველად ვხედავდი მე ისეთ თვალებს, რომლებით მე მაშინ ვეფხი მიმზერდა. მათგან რაღაც საშინელი ძალა გადმოიღვრებოდა. მაგრამ ამავ დროს მიმზიდველნიც იყვნენ ისინი.
დედაჩემს ვყავდი მკერდზე თავით მიხუტებული. მეფერებოდა. გარს მეხვივნენ საზეიმოდ მორთული ტოლმეგობრებიც. ყველა ტიროდა და ქვითინებდა. მე კი ვეფხის თვალებს ვყავდი დატყვევებული. ვკრთოდი შეშინებული. ცრემლი კი ჩემს თვალებს არ ეკარებოდა…
და ეს სამაჯური ჩემს დასანიშნად იმ უბედური ჰაიდბეის მორთმეულია. ჩემს მაჯას იგი მას შემდეგ არასოდეს მოშორებია, დაფი. მე მას ამიერიდან ზღვას ვწირავ! შეხედე კარგად: მიიღებს თუ არა ზღვა ამ ჩემს შესაწირავს?
- უიმე, ქალბატონო!
- სუ… აი, ზღვა როგორ დაწყნარდა. დაყუჩდა. შევდგათ შიგ ფეხი. გამთბარა კიდევაც. მომყევრი, დაფი. ჰო, და მერე ჩემი ცხოვრება გამოიცვალა, ჩემო პატარავ.
მამა მომიკვდა. მერე დედაც… დავრჩი გაუთხოვარი. ეს ბეჭედი, დაფინო, ოდიშის თავადს ეკუთვნის, ვეფხი ჩაჩუას. მე ის მიყვარდა. მაგრამ მე სხვას ვუყვარდი და იმ სხვამ არ მოითმინა, რომ მე თავადი ვეფხი მიყვარდა… და მოჰკლა…
აჰა, ესეც ზღვას ჰქონდეს: იშვიათი ლალია, დიდი ოჯახის საგვარეულო განძი!.. დააკვირდი: შეიწირა თუ არა შესაწირავი ზღვამ?.. ჰა, უფრო დაწყნარდა ზღვა. წელამდის გვიწევს წყალი, მაგრამ… მუდამ ალერსით სავსე ჩემი ვეფხი ჩიჩუას ტრფიალს მაგონებს მისი შეხება.
მომყევი, ჩემო ერთგულო გოგო! ნუ გეშინია. ის "სხვა", რომელმაც ჩიჩუა მოჰკლა-მეთქი, ნამდვილად სხვა კი არ იყო, არამედ ჩემიანი… ნათესავი.
მე ის მძულდა, გარწმუნებ, დაფინო… მის სახელსაც არ ვიტყვი, რადგან ახლაც მძულს… და ეს ბეჭედი ძველი ალმასით დამშვენებული, ახლაც რომ მკითხო, ვერ მოგცემ პასუხს, თუ მას ამდენ ხანს რად ვატარებ? აჰა, ესეც ზღვას ჰქონდეს, ჩემო დაფინო.
იგი მოჰკლა ჩვენმა ახალმა მოურავმა, უბრალო ლაკადელმა აზნაურმა, ჩემი სიყვარულისთვის, ჯოტო იყო მოურავის სახელი. მისგან მე არაფერი დამრჩენია გარდა მისი უერთგულესი სიყვარულის მოგონებისა. მაგრამ მის უბედურ სიკვდილს შენც მოსწრებიხარ, დაფი.
- ქალბატონო, ძალიან შორს მიდიხარ, ზღვის სიღრმე აქ საშიშია. გნებავს, დავბრუნდეთ?
- მეც სიღრმეს ვეებ, დაფინო! ზღვის სიღრმეს, რომელსაც შეუძლია ისე დამმალოს, ისე დამფაროს… რომ ეს ჩემი ტანი…
- დაბრუნება სჯობია, ქალბატონო.
- რატომ? აქ ხომ კარგია! მაგრამ თავსაკრავი რომ არ წამომიღია!. ეს როგორ მოხდა? შენი ბრალია… უნდა გაგიწყრე! ტკივილი ვიცი, თუ თავი შეხვეული არა მაქვს. დაბრუნდი დაფი, თავსაკრავი მომირბენინე. ახლავე. როგორ გაბედე და დაგავიწყდა! მალე-მეთქი, გიბრანებ. გესმის? თავსაკრავი მჭირია!
შეშინებული დაფინო სწრაფად წავიდა ნაპირისკენ.
აჩქარებისაგან ფეხი სწრაფად ეშლებოდა. წყალსაც ვერ სჭრიდა.
როცა ნაპირს მიაღწია, უკან მოუხედავად გაიქცა, სადაც მაიას ტანსაცმელი ეწყო. დასტაცა ხელი თავსაკრავს და უმალვე ისევ უკან გაბრუნდა.
გაიხედა:
აღარსად იყო თავადის ქალი მაია…"
შეუძლებელია ამ ვრცელი პასაჟით წარმოდგენილი სურათის დავიწყება უაღრესად ადამიანურია თავადის ქალის მონოლოგი, მისი აღსარება მოახლე გოგოს წინაშე.
სატრფოთაგან ნაჩუქარი ბეჭდები ზღვის აქაფებულ ტალღებში გადააგდო.
ახლა ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი გავიხსენოთ. ისე, როგორც მაია, ისიც თავს იკლავს, მაგრამ მწერალი ხაზგასმით ამბობს, თითზე ნიშნობის ბეჭედი შერჩენოდაო.
ეს ბეჭედი ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო იყო. ამიტომაც გაამახვილა მასზე ყურადღება ნიკო ლორთქიფანიძემ.
თავადის ქალი მაიასაგან კი ბეჭდების წყალში გადაყრა იქნებ იმის დასტურიც იყო, რომ იგი სიკვდილის წინ საკუთარ თავს გაუტყდა: არასოდეს უცხოვრია ნამდვილი სიყვარულითა და ერთგულებით. მთელი მისი ჟამადმყოფობა თავის მოტყუება იყო, მისი ბედნიერება კი ცრუ ბედნიერება.
თავადის ქალი მაია საკუთარი ცხოვრების მაგალითზე დარწმუნდა, რომ ამაოება იყო ყოველი და სწორედ ამ შეგნებით გულშეძრულმა გადაუძახა წყალში ის ძვირფასი თვლები, წარსულთან, ანუ ამაოებასთან რომ აკავშირებდა.
თავადაც აღარაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ გასცლოდა ამ ამაოებას და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
კიდევ ერთი პასაჟი მინდა გაგახსენოთ, რომელშიც ასევე ჩანს თავადის ქალის მწარე სინანული თავისი ცხოვრების წესის გამო.
ამბაკო ბონდოს მოკვლის შემდეგ დააპატიმრეს.
მეორე დღეს, მაია ამბაკოს საცოლეს, დაფინოს, შემდეგი სიტყვებით ანუგეშებს და არიგებს: "ამბაკოს მალე გაათავისუფლებენ, შეიძლება, როცა დაგკითხავენ, გამოგაყოლონ აქეთ კიდევაც. თუ არადა, იცოდე, მის ხარებს მოუარე დროზე აჭამე, დროზე გარეკე, დროზე დააბი. რა მამულ-დედულის პატრონები ხართ: ამ ხარებმა უნდა გარჩინონ...
უცებ წამოდგა თავადის ქალი მაია. მეორე მკლავიც მოხვია დაფინოს და გულში ჩაიკრა სახე თმაში ჩაუმალა და ჩუმი ქვითინი დაიწყო გულამოსკვნილმა".
მაიამ ცალად განვლო თავისი ცხოვრების დღენი. დროსტარებასა და სიამოვნებაში გართულმა გვიანღა გაისიგრძეგანა, რომ ბოლოს მარტო დარჩა. არ ჰყავდა პატრონი და ქომაგი. აქედან გამომდინარე, მოახლე გოგოს ცოლქმრულ უღელში შებმას ურჩევს. საქმროს ერთგულებისაკენ მოუწოდებს. შემდეგ კი მწარედ აქვითინდება.
ვინ იცის, ეს ცრემლი იქნებ ცალად განვლილი ცხოვრების გამოტირებისა იყო, იქნებ ოჯახური მყუდროების მონატრებისა, იქნებ შურისაც იყო საკუთარი მოახლის უბრალო და მარტივი ცხოვრების გამო ან იქნებ ყველა ამ გრძნობამ ერთდროულად იფეთქა თავადის ამპარტავანი ქალის არსებაში და მის ლამაზ თვალებს მწარე კაეშანის ცრემლი მოსწყვიტა. ცრემლი, რომელიც თანაგრძნობით ავსებს მკითხველს ამ ერთდროულად ბედნიერისა და უბედურის, ამ ავკარგიანი პერსონაჟისადმი.
− ნოდარ გრიგალაშვილი −
















