მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 13156 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფაქტი და მხატვრული სინამდვილე

 

„ჰაკი აძბას“ დასაწერად ლეო ქიაჩელისათვის ერთგვარ შემოქმედებით იმპულსად იქცა სინამდვილეში მომხდარი ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1918 წელს.

ასე რომ, სიუჟეტს, რომელსაც მწერალი გადმოგვცემს, ისე, როგორც ჭეშმარიტ პროზაულ თხზულებათა უმრავლესობას, თავისი დოკუმენტური წყარო გააჩნია.

მაგრამ „ჰაკი აძბას“ მხატვრული სინამდვილე სრულიად განსხვავებულია ცხოვრებისეული სინამდვილისაგან.

ნაწარმოების მიზანდასახულობის უკეთ შესაცნობად უმნიშვნელო არ იქნება შედარება იმისა, თუ რა მოხდა რეალურად და მომხდარი ფაქტებიდან რაზე გადააქვს აქცენტი მწერალს, ან რა შეთხზა, რა გამოიგონა, რა შეიტანა ნაწარმოებში, როგორც საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი.

რეალური ფაქტი ასეთი გახლდათ: 1918 წლის თებერვალში, უშედეგო დიპლომატიური მისიის შემდეგ, თურქეთიდან უკან ბრუნდებოდა ორი ქართველი პატრიოტი: პავლე ინგოროყვა და რევაზ გაბაშვილი. ისინი მოთავსდნენ გემში "კაროლ-კარლ". ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით რევაზ გაბაშვილი წერს:

"უკან მგზავრობა - ხუთი საათი - უფრო სახიფათო და მნიშვნელოვანი გამოდგა. გემზე დაგვხვდა ერთი "ასეული" ქართული ჯარის, ოფიცერი დავით მიქელაძეს მეთაურობით და ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ რა მოხდა. თურმე ეს გემია, რომლის "გაბოლშევიკებულ" მეზღვაურებს (მატროსებს) გაუძარცვიათ შავი ზღვის სანაპიროები, აქა-იქ დაუხოციათ "კონტრრევოლუციონერები" და მოუკლავთ ემუხვარი გემის ონკანის ორთქლში მოხარშვით. სამხედრო გემი მართლაც დატვირთული იყო ხალიჩებით და უადგილო ადგილას დაგროვილი ტომრებით, სავსეთი შაქრით, ფქვილით და სხვ. და სხვა.

ოფიცრები (რუსები და რუმინელები: ეს გემი რუსებმა შეიძინეს რუმინელებისაგან, ომის დასაწყისში) ისე იყვნენ დაშინებულნი, რომ მეზღვაურნი, რასაც უნდა, იმას უშვრებოდნენ და, საითაც უნდოდათ, თავს უკრავდნენ. განსაკუთრებით დავით მიქელაძის თავდაჭერილობას უნდა მიეწეროს, რომ "ხუთი საათის" განმავლობაში ათჯერ შეტაკება და სისხლის ღვრა თუ არ მოხდა მატროსებსა და ჯარისკაცებს შორის, ან საერთო ჟლეტაც "ორ ბანკს" შორის. გახულიგანებული, მთვრალი რუსის მატროსები წამ და უწუმ შემოგვივარდებოდნენ იმ ზალაში, საცა მიქელაძეს დაესხა თავისი ასეული სკამებზედ ("სკამეიკა") და არც განძრევის, არც ხმის ამოღების ნებას არ აძლევდა, როცა რომელიმე რუსი შემოგვივარდებოდა, იწყებდა პროვოკატორულად უშვერ ლანძღვას, მუქარას და "კონტრ. რევოლუციონერის" ძახილს.

მართლა დიდი მოთმენა იყო საჭირო და მეც კი სულ გული ყელში მებჯინებოდა, არ ამომეღო რევოლვერი და ძაღლივით არ დამეგორებინა მორიგი არამზადა, მაგრამ მიქელაძის მჭრელი თვალი, ალბათ ხათრიც და სამხედრო დისციპლინის შეგნება, - თოფებით შეიარაღებულ ჯარისკაცებსაც და მეც - ხმაგაკმენდილად და გაუნძრევლად გვტოვებდა. ვინ ვის აჯობებდა, მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რადგან ჩვენ ვიყავით ასნი, მატროსები 250, მათი უფროსებიც ხომ ჩვენს მხარეზედ იყვნენ, მაგრამ ჩემ რჩევაზედ, - აგველაგმა მათი თავხედობა - დავით მიქელაძე ჯერ გადაკვრით მეუბნებოდა, - "არა, სხვანაირად უნდა მოვაწყოთ" და მერე გამიმჟღავნა, რომ გემის ოფიცრებთან შეთანხმებით, ბათუმში ჩავალთ თუ არა, მატროსებს განიარაღებენ და საქართველოს ჩააბარებენ ჯავშნოსან გემს-აო.

"...ან შენ, დავით, რა იცოდი, ან მე, რეზომ, რა ვიცოდი.

რომ ეს ვარდი... ოცნებისა. ისე მალე დასჭკნებოდა?!"

ზღვა იყო წყნარი, გემის ხალხი კი მშფოთვარე, ჩვენ - სულგანაბულნი. აქედან წასვლას არა ჰგვანდა, როცა ზღვა შფოთავდა, ნავის ხალხი კი აუღელვებლად ვეკვროდით ფიცრებს.

წყნარად და გედივითი შეცურდა "კაროლ-კარლ" ბათუმის ყურეში და გაჩერდა. ჰაერიც კი თითქოს მოეცვა რაღაც მოლოდინის სიჩუმეს. მაგრამ დავით მიქელაძის, სოსო გოგოლაშვილის (და, მგონი, კიდევ ერთი საზღვაო ოფიცრის) მისია, - ნოე ჟორდანიასთან, უნაყოფო დარჩა - "მომზადებულ შეთქმულობაზედ" დასტური არ მისცა.

ღვთის მადლით, იმ ღამეს, სრულიად მოულოდნელად, რაღაცა სხვა საქმეზედ ჩამოვიდა ნოე რამიშვილი და, როგორც კი გაეგო საქმის მდგომარეობა, ცეცხლივით დატრიალდა, შეაგროვა სადღაც გვარდიელები და განთიადისას, შორიდან ვუყურებდით, როგორ თოფის გაუსროლელად ჩაიგდეს ქართველებმა ხელში პირველად და პირველი ჩვენი ჯავშნიანი გემი. გამოიყვანეს თვალ-მოუფშვნეტელი, პირდაუბანელი 250 მატროსი და ბათომის ციხეში უკრეს თავი. მომავალ საქართველოს გაუჩნდა სამხედრო ფლოტი. თუ ე.გეგეჭკორმა თავისი დეპეშით ბათუმი უპატრონო გახადა, - ჯავშნოსანის დაპატრონებით ნ.რამიშვილმა (დ.მიქელაძისა, გოგოლაშვილისა და რ.გაბაშვილის წყალობით) ზღვისპირეთს პატრონი გაუჩინა... თითქო.

ჩვენსა და გემის ოფიცერთა სიხარულსა და კმაყოფილებას... საზღვარი არა ჰქონდა, რომ იტყვიან, და, ერთგულებას გვეფიცებოდნენ, რაკი ასეთ "ხიფათსა, სირცხვილსა და სიკვდილს გადაგვარჩინეთ"-ო.

 

აქა ამბავი ფლოტის გაპარვისა

 

მაგრამ, მეორე დღიდანვე ისეთი დაუჯერებელი ამბები დატრიალდა, ადამიანს საგიჟეთში ნახული სიზმარი ეგონება: მთელი ბათუმი აღელვებული და გახარებული ლაპარაკობს ახალ ამბებზედ. მე მივდივარ ჩემ სასტუმროში და, სრულიად შემთხვევით შემოსწრებულ ადამიანს მიწვევენ იქვე "საზღვაო თათბირზე". შევდივარ. თავმჯდომარედ ბრძანდება გიზო (?) ანჯაფარიძე, იქვეა სოსო გოგოლაშვილი და კიდევ რამდენიმე ქართველი; არც ერთს წარმოდგენაც არა გვაქვს, თუ რა არის სამხედრო გემი, ან საზოგადოდ საზღვაო საქმე. მსჯელობაა, თუ როგორ უპატრონოთ "ფლოტს". ვიღაცამ სთქვა: "ბათუმში არის "ადმირალი" ჭავჭავაძე. დავუძახოთ, ის გვეტყვის, და, შეიძლება ჩაიბაროს კიდეც"-აო.

ალბათ იმავე სასტუმროში აღმოჩნდა, რადგან ხუთი წუთიც არ გასულა, მხედრული ბაკუნით შემოვიდა დაბალი ტანის შავ-შავი კაცი, საზღვაო გარსით (ფორმაში) გამოწყობილი, რამდენიმე ჯვრით და ოქროს ბუზმენტებით. პირველად ვხედავდი, მაგრამ ნამდვილ "ზღვის მგელს" მოგაგონებდათ. მხედრულად გამოგვეჭიმა, საფეთქელზე ხელი მიიდო და მოგვმართა: "რას მიბრძანებთ"-ო?

გიზო ანჯაფარიძემ აუხსნა მდგომარეობა: "ჩავიგდეთ ხელში ერთი ჯავშნოსანი და ორი გამანადგურებელი; ოფიცრები ჩვენ მხარეზე არიან, მაგრამ 250 მატროსი დაჭერილია, აღარავინა გვყავს და როგორ მოვიქცეთ, "ფლოტი" ვის უნდა ჩავაბაროთ? თქვენ ხომ არ იკისრებთ?"-ო.

ჭავჭავაძემ ისეთივე მხედრული სალამით და კილოთი დაიწყო "ბატონებო, მე ვიცნობ მაგ ხალხს, ეგენი მეზღვაურებად აღარ ვარგანან, არც სანდონი არიან, ოციოდე მატროსი, ნამდვილი კაცისმკვლელნი, ყაჩაღები და მძარცველნი - უნდა გავასამართლოთ და დავხვრიტოთ; სამოციოდე, - ნაკლები დამნაშავენი - ციხეში უნდა დავტოვოთ, დანარჩენნი უბრალონი არიან, უნდა ჩავსხათ ფულუგებში და რუსეთში გავისტუმროთ, მეზღვაურებს ვიშოვით და ფლოტს ჯერჯერობით მე და გემზე დარჩენილი ოფიცრები გაუძღვებით"-ო.

არც კი გაათავებინა სიტყვა, გიზო ანჯაფარიძემ, ყვირილით მიმართა:

- რას ლაპარაკობთ, როგორ თუ დავხვრიტოთ?! ციხეში დავტოვოთ?! თქვენ ძველი დრო ხომ არ გგონიათ? ეგენი ჩვენი ამხანაგები არიან და უნდა გავანთავისუფლოთ...

ამირბარ ჭავჭავაძემ არაფერი უპასუხა, ისევ მხედრულად "ჩესტი" მოგვცა, გატრიალდა და წავიდა. დავრჩით უამირბაროდ.

მაშინ გიზომ - არ გაიცინოთ! მიჰმართა სოსო გოგოლაშვილს.

- სოსო, შენ უნდა ჩაიბარო ფლოტი-ო.

- რას ამბობ, კაცო, ნავში ჯდომა არ ვიცი და ფლოტი როგორ უნდა ჩავიბაროო.

სხდომა დაიშალა. მე წამოვედი და ვფიქრობდი: თურმე იმისთანა სოციალისტებიც არსებობენ, რომელნიც მორიდებულად სცნობენ, რომ... რამე "არ იციან" - იმათ ხომ ყველაფერი იციან და ყველაფერი შეუძლიათ და... ამირბარობა რა ისეთი ძნელი საქმეა?..

ჯერ კიდევ ბათუმში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, როგორი მხედრული რიგით დადიოდნენ გამოშვებული "ამხანაგები" - რუსის კრიმინალი მატროსები და დედას იგინებოდნენ, მუშტების მოღერებით "დაგვაცათ, გაჩვენებთ სეირსა"-ო და უჩვენებიათ კიდევაც: რამდენიმე დღის შემდეგ იმავე გემზე დასხმულებს, ცოტა ხნის შემდეგ აეძულებინათ თავიანთი ოფიცრები და ძალდატანებით რუსეთში წაეყვანათ ჩვენი (?) ფლოტი, რაც უკვე თბილისში გავიგეთ. აი, როგორ შევიძინეთ და დავკარგეთ ფლოტი“.

ეს გახლავთ ის ამბავი, რომელიც,როგორც ზემოთაც აღვნიშნე, "ჰაკი აძბას" მხატვრული ქსოვილისათვის მასალად გამოიყენა მწერალმა.

რა ირკვევა რევაზ გაბაშვილის მოგონების მიხედვით?

1) გემის "კაროლ-კარლ" გაბოლშევიკებული მეზღვაურები სისხლმოწყურებულ ბანდად ქცეულან. შეურაცხყოფას აყენებენ ოფიცრებს და გემზე მოხვედრილ რიგით ჯარისკაცებს, ეძებენ საბაბს, რათა ყველანი ერთიანად ამოხოცონ. გემის ონკანის ორთქლში მოხარშვით მოუკლავთ კიდეც ვინმე ემუხვარი.

2) გემი "კაროლ-კარლ" თავისი გაბოლშევიკებული "მატროსებიანად" ხელთ იგდეს ქართველებმა ოფიცერ დავით მიქელაძის მოხერხებულობისა და ვაჟკაცობის წყალობით, "მატროსები" კი დაატყვევეს.

3) ქართველ ხელისუფალთა, სოციალ-დემოკრატთა იდეური "სიმტკიცის", ანუ სიბეცის გამო, საქართველომ დაკარგა ბედის ნაწყალობევი ჯავშნოსანი. სოციალ-დემოკრატებმა თავისი კლასობრივი თეორიის საწყაოთი ბოლშევიკ მეზღვაურთა ბანდის წევრები ამხანაგებად მიიჩნიეს, საპატიმროდან გაათავისუფლეს და ჯავშნოსანიც "აორთქლდა" თავის ეკიპაჟიანად...

ყველაფრიდან ჩანს ორი რამ - ქართველ ხელისუფალთა თავმოუბმელობა და გაბოლშევიკებულ მეზღვაურთა ავკაცობა.

ამ მოგონებას რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წერდა. მას ცენზორის შიში არ ჰქონდა და, ცხადია, როგორც თვითმხილველი, ყოველივეს აღწერს ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა.

ლეო ქიაჩელი კი ამ მხრივ არ იყო თავისუფალი. მან "ჰაკი აძბა" დაწერა 1933 წელს. ამ დროისათვის კი, ბოლშევიკების უკვე მომძლავრებული დიქტატურის პერიოდში, მწერალს ევალებოდა ბოლშევიზმი გმირული შარავანდედით შეემოსა.

ლეო ქიაჩელი, მართალია, ამ გზას არ დაადგა, მაგრამ იგი ვერც იმას დაწერდა, თუ როგორ დამსახურებულად დაატყვევეს გემის გათავხედებული მატროსები.

იმ დროისათვის ამ თემაზე პატიოსნად წერა ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავდა.

მწერალმა სწორედ ეს გზა განვლო.

ამასთან იგი მოვლენათა აღწერისას ოსტატურად ახერხებს საკუთარი პოზიციის შენიღბვას. სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ "ჰაკი აძბაში" ლიტერატურისმცოდნეთა დიდმა ნაწილმა ბოლშევიზმის აპოლოგია დაინახა. მეორეს მხრივ კი სრულიად საწინააღმდეგო დასკვნები შემოგვთავაზეს იპოლიტე ვართაგავამ და აკაკი ბაქრაძემ.

ფლობერი ერთგან წერს: მწერალი ისე უნდა იყოს თავის ნაწარმოებში, როგორც ღმერთი - საზოგადოებაში. ყველგან უნდა იგრძნობოდეს და არსად არ ჩანდესო.

იგივე შეიძლება ვთქვათ "ჰაკი აძბას" მიხედვით ლეო ქიაჩელის პოზიციასთან დაკავშირებით. მწერლის ტენდენცია ნაწარმოებში არსად ჩანს, თუმცა დაკვირვებული თვალისათვის ყველგან, ყოველ დეტალში იგრძნობა...

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გემს "კაროლ-კარლ" მწერალმა სახელი გამოუცვალა და რევოლუციონერთა ლეგენდარული გმირის "შმიდტის" სახელით მონათლა (რევოლუციონერთა მხარეზე გადასული ოფიცერი შმიდტი, რომელიც სევასტოპოლში დახვრიტეს).

 

ნაწარმოების სუჟეტი

 

ნაწარმოების სქემატური სიუჟეტი ასეთია: ქალაქ სოხუმში თებერვლის 27-ს, დილაადრიან, მოულოდნელად ხმა გავარდა. ბოლშევიკების კრეისერი "შმიდტი" ქალაქის ნავსადგურში შემოსვლას აპირებსო. წითელ კრეისერს მეთაურად "მრისხანედ" წოდებული ბოცმანი, კუზმა კილგა ახლავსო.

მთელი ქალაქი უმალვე გამოიცვალა. ყველა დაზაფრული და შეშინებული ელოდება ბოლშევიკების გემის გამოჩენას.

გადაწყდა, ბოლშევიკებს მოყვრულად დახვედროდნენ, რათა ქალაქი ეხსნათ მოსალოდნელი საშიშროებისაგან. ასეც მოიქცნენ.

სოხუმში მოიწვიეს მეზღვაურები და საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, როგორც კლასობრივ ძმებს...

მაგრამ მოულოდნელად ქალაქს უბედურება დაატყდა თავს სოხუმელმა თეთრგვარდიელმა ოფიცერმა უჯუშ ემხამ თავდაცვის დროს მოკლა "შმიდტის" მეზღვაური ვასილ ხრიტანიუკი და კიდევ ერთი დაჭრა.

გაბოროტებულმა კუზმა მრისხანემ სოხუმელებს შემოუთვალა: თუ ერთ საათში მკვლელს არ ჩამაბარებთ, კრეისერის ეკიპაჟი ისე მოიქცევა, როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლითო.

დამფრთხალი მოქალაქენი ქუჩებს მოედვნენ, რათა მეზღვაურის მკვლელი შეეპყროთ, გემის კაპიტნისათვის მიეგვარათ და ამით თავი გადაერჩინათ.

აიყვანეს მძევლები, რის შემდეგაც უჯუშ ემხა იძულებული გახდა, ნებით ჩაჰბარებოდა.

უჯუშის ძიძიშვილმა ჰაკი აძბამ გადაწყვიტა დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, თავი გაეწირა და ეხსნა უჯუში.

კუზმა მრისხანეს თეთრგვარდიელი ოფიცერი და მისი ძიძიშვილი ჰაკი აძბა ერთად მიჰგვარეს.

გემის კაპიტანმა გაარკვია, თუ ვინ იყო ნამდვილი მკვლელი. უჯუშ ემხასათვის ჰაკის თავგანწირვა მიიჩნია გლეხის მონური ფსიქიკის გამოვლინებად და შეეცადა თავადის ერთგული ყმისთვის თვალები აეხილა, მასში კლასობრივი შეგნება გაეღვიძებინა... თავის მხრივ კი ჰაკი აძბას ერთადერთი მიზანი აქვს, - როგორმე იხსნას თანამოქალაქეთა და მეზღვაურთა მიერ სასიკვდილოდ განწირული უჯუშ ემხა.

ამიტომ მორჩილად ისმენს კუზმა "მრისხანეს "გაკვეთილებს" და განსაკუთრებული გულმოდგინებით ეპირფერება მას.

უშედეგო აღმოჩნდა როგორც ბოლშევიკ კუზმას "გაკვეთილები", ისე ჰაკი აძბას მცდელობა - გადაერჩინა უჯუშ ემხა დახვრეტისაგან.

არც კუზმა მრისხანეს მოულბა გული და ვერც ჰაკი აძბამ გაიგო ამ ხალხის "კლასობრივი თეორია"...

თავადი უჯუშ ემხა დახვრიტეს, რის შემდეგაც მისი ძიძიშვილი ჰაკი აძბა ზღვის აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.

"სულ ერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა" - ასეთი დასკვნა გააკეთა ბოლშევიკმა კუზმა მრისხანემ.

ამით მთავრდება ნაწარმოები.

როგორც ვხედავთ, მზა მასალიდან, ცხოვრებისეული სინამდვილიდან მწერალმა აიღო არა თვით ამბავი, არამედ არსი რეალურად მომხდარი ფაქტისა.

როგორ უნდა გავიგოთ ეს?

როგორც ბოლშევიკების, ისე მენშევიკების მიერ ადამიანები დახარისხებულნი არიან კლასობრივი თეორიის მიხედვით. ეს კარგად ჩანს როგორც ნაწარმოებში, ისე მის პირველწყაროში.

იმავდროულად, კლასობრივი ინტერესებით ბოლშევიკების ოსტატურად ნიღბავენ მძარცველურსა და დამპყრობლურ ჟინს, ხოლო მენშევიკები კლასობრივ ძმობას უცხადებენ მომხდურს, სინამდვილეში ამ "ძმობაში" მონური მორჩილება იგულისხმება.

ბოლშევიკებმა მოკლეს ვინმე ემუხვარი, ნაწარმოების მიხედვით თავადი უჯუშ ემხა, როგორც კლასობრივი მტერი. მენშევიკებმა, თავის მხრივ, ასევე გაწირეს უჯუში, როცა იგი თავის ბოლშევიკ "ძმებს" გადასცეს. თუმცა ამ "ძმური" თანადგომის აქტში მათი სისუსტე და უსუსურობაა სინამდვილეში ნაგულისხმევი.

როდესაც კუზმა მრისხანე თავისი მეზღვაურის სიკვდილს შეიტყობს, მას "დაავიწყდება", სოხუმში მუშები და გლეხებიც რომ ცხოვრობენ და მთელ ქალაქს დაემუქრება. აქედან ჩანს, რომ მისთვის კლასობრივი ძმობის თეორია თვითმიზანი კი არ არის, არამედ, სწორედაც, ნიღაბია დაპყრობისათვის, ძარცვისათვის.

ასეთივე სურათი ჩანს მოთხრობის პირველწყაროში. "კაროლ-კარლის" გაბოლშევიკებული მეზღვაურები შეურაცხყოფენ არა მხოლოდ გემის ოფიცრებს, არამედ მათსავით რიგით ჯარისკაცებსაც. მზად არიან ყველას ერთიანად გაუსწორონ ანგარიში.

ასე რომ, არსი, საერთო პათოსი რეალური და მხატვრული სინამდვილისა თანხვდენილია, მწერალი მხოლოდ სიუჟეტს ცვლის, მაგრამ, იმავდროულად, "ჰაკი აძბაში" ისეთი მხატვრული გამონაგონიც, ისეთი სიტუაციაც შეაქვს მწერალს, რომელიც მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია და სწორედ ამ გამონაგონით სრულიად ახლებური კუთხით შუქდება თხზულების მიზანდასახულობა. ვგულისხმობ ჰაკი აძბასადმი გემის მრისხანე კაპიტნის, კუზმა კილგას დამოკიდებულების ჩვენებას.

ნაწარმოების ფინალში მთელი სიმძაფრითაა წარმოჩენილი ორი განსხვავებული ტიპი, ორი ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი.

კუზმა მრისხანესა და ჰაკი აძბას სულიერი რაობის შეპირისპირების ფონზე თვალნათლივაა დასურათხატებული მრწამსი - ადამიანებს ვერას არგებთ კლასობრივი ერთობა, როცა განსხვავებული ზნისა და ხასიათის,  განსხვავებული გენის და ჯიშის, განსხვავებული ადათებისა და ტრადიციების მატარებელნი არიან.

ამ საკითხის შემოტანა ნაწარმოებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მწერლისაგან დიდ გაბედულებასაც ითხოვს და, აი, რატომ: ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც რუსეთმა საქართველოს დაპყრობა გადაწყვიტა, ამოეფარა "რჯულის ერთობის" ნიღაბს.

რუსეთიც და საქართველოც ქრისტიანული სახელმწიფოებია, ქრისტიანი კი ქრისტიანის ძმაა. ძმობის ამ მაღლა აწეული დროშით მოდის დიდი რუსეთი პატარა საქართველოს დასაპყრობად.

ბევრმა ვერ იგრძნო მაშინ, რომ ქრისტიანული რელიგია, რელიგია მართლა ძმობისა და კაცთმოყვარეობისა, ცარიზმის მიერ, ისე როგორც თავის დროზე ეს ბიზანტიელებმა გააკეთეს, მომხდურთა ხელში დამპყრობლურ იდეოლოგიად იქცა.

ეს გაცნობიერებული აქვს ახალგაზრდა ნიკოლოზ ბარათაშვილს და პოემაში "ბედი ქართლისა" იგი სოლომონ ლიონიძეს ათქმევინებს:

"სახელმწიფოსა ერთობა სჯულის

არარას არგებს, ოდეს მათ შორის

თვისება ერთა სხვადასხვაობდეს".

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იმპერიისაგან ჩამოცილებულ საქართველოს რუსეთი ხელმეორედ უპირებდა დაპყრობას. იმ დროისათვის ქრისტიანული რელიგიის თავიანთ სამსახურში ჩაყენება აღარ ეგებოდა, რადგან მენშევიკებიცა და ბოლშევიკებიც რელიგიას საერთოდ უარყოფდნენ. ამიტომ საჭირო გახდა ახალი დამპყრობლური იდეოლოგიის ფარზე აზიდვა. ასეთად კი უებარ საშუალებას წარმოადგენდა კლასობრივი თეორია, რომლის მიხედვითაც ჰაკი აძბა, როგორც გლეხთა კლასის წარმომადგენელი, უყოყმანოდ უნდა დამდგარიყო რუსი ბოლშევიკების, როგორც "ნამდვილი ძმების" მხარეს და გაეწირა საკუთარი ძუძუმტე უჯუშ ემხა, როგორც თავადი და "ექსპლუატატორთა კასტის" სისხლი სისხლთაგანი.

ის, რაც ბუნებრივი და ადამიანურია იდეოლოგიურად "მომზადებული" კუზმა რუსისათვის, არაბუნებრივი და არაადამიანურია "ჩამორჩენილი" და იდეოლოგიურად მოუმზადებელი ჰაკისათვის.

მწერალი არ გამოკვეთს საკუთარ პოზიციას, თუ ვის მხარეზეა იგი, მაგრამ თხზულების წაკითხვის შემდეგ მკითხველი ერთადერთი რწმენით დახურავს წიგნს:

ამქვეყნად ყოველგვარ იდეოლოგიაზე, ყოველგვარ თეორიაზე მაღლა ძმობის სიწმინდე დგას. რომ სახელმწიფოს კლასობრივი ერთობის ყბადაღებული თეორია "არარას არგებს, ოდეს მის შორის თვისება ერთა სხვადასხვაობდეს".

აი, ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება "ჰაკი აძბადან", რასაც მწერალი იმ დროისათვის პირდაპირ და გამოკვეთილად ვერ იტყოდა, რის გამოც მას მხატვრული ამოცანის გადასაწყვეტად უფრო დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

კაცმა რომ თქვას, ამით ნაწარმოებმა მოიგო კიდეც. ზოგი ჭირი მარგებელიაო უთქვამთ. რიგ შემთხვევაში იდეოლოგიური დაწოლა მწერლებს მეტაფორული აზროვნების სიღრმისაკენ უბიძგებდა.

ე.წ. "სოციალისტური რეალიზმის" ეპოქაში მხოლოდ ჰაკი აძბა რომ დაწერილიყო, ამ ნაწარმოების მიხედვითაც შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე მწერალს მაშინაც შეუძლია თქვას სათქმელი, თავისი ნების შესაბამისად, როცა თავისუფლად აზროვნების უფლება არა აქვს, როდესაც შემოქმედს დამოკლეს მახვილივით ცხვირწინ აქვს ჩამოკიდებული ხელისუფალთა დადგენილებები და დეკლარაციები.

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ხშირად მწერლის სიყალბეს სიტუაციის კარნახითა და იძულებით ხსნიან.

რა თქმა უნდა, ინკვიზიციის ეპოქაში, თუნდაც უნიჭიერესი მწერლები იძულებულნი იყვნენ ხარკი გაეღოთ და გაავებული ძაღლისთვის ლუკმა მიეგდოთ, მაგრამ მწერლობა იმით არის მძლავრი იარაღი უზნეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომ აზროვნების მეტაფორული ხერხით ჭეშმარიტი მწერალი მაინც ახერხებს იმის თქმას და ასახვას, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში საჯაროდ ვერ გააცხადებდა.

ახლა კი თანმიმდევრულად განვიხილოთ "ჰაკი აძბას" მხატვრული სამყარო.

 

ძუძუმტეობა და "კორმილიცობა"

 

"ჰაკი აძბა" ორპლანიანი ნაწარმოებია. მასში, ერთი მხრივ, დაპირისპირებულია ორი განსხვავებული ზნე და ხასიათი, განსხვავებული ეროვნული ნიშნის მიხედვით (ჰაკი აძბა და კუზმა მრისხანე).

მეორე მხრივ, ნაჩვენებია ასევე ორი საწინააღმდეგო ზნე და ხასიათი, რომელსაც საფუძვლად უდევს არა ეროვნული ფსიქიკის სხვადასხვაობა, არამედ სულ სხვა რამ. კერძოდ, ტრადიციისადმი ერთგულება და ტრადიციის უარყოფა, ეროვნული ფესვის შეგრძნება და ამ უკანასკნელზე ნებაყოფლობით უარის თქმა, რასაც განაპირობებს ახალი "იდეალების" ერთგულება" (ამ აზრით საინტერესო იქნება უჯუშ ემხას ფსიქიკის წარმოჩენა მისივე თანამოქალაქეების: სამსონ დავანაძისა და ნარიშ ეშბას დახასიათების ფონზე).

ამაზე ქვემოთ მექნება საუბარი ჯერ კი ჰაკი აძბასა და კუზმა მრისხანეს პორტრეტი გამოვკვეთოთ.

უკვე ითქვა იმის შესახებ, რომ კრეისერ "შმიდტის" უფროსს, კუზმა მრისხანეს, მისი ულტიმატუმის თანახმად გემზე წარუდგინეს ოფიცერი ემხა და მისი ძიძიშვილი ჰაკი აძბა. ჰაკი საქვეყნოდ გაიძახის მე ვარ დამნაშავე მკვლელობაში და ემხას არავითარი დანაშაული არ მიუძღვისო. ამ უცნაური კაცის საქციელით გაოგნებულ კუზმა რუსს ქალაქის თავმა, სამსონ დავანაძემ პატარა "მოხსენება" გაუკეთა უჯუშ ემხასა და მისი ძიძიშვილის შესახებ.

როდესაც კრეისერის მეთაურმა მისივე მეზღვაურებისა და თვით უჯუშ ემხასაგან შეიტყო, რომ ნამდვილი მკვლელი თავად ემხა იყო, ჰაკი აძბა კი დანაშაულს იბრალებდა, ჯერ არ დაიჯერა გლეხის ერთგულება და თავგანწირვა თეთრგვარდიელი ოფიცრისადმი. ეგონა, რომ ეს ძალდატანება იყო თავადების მხრივ, რომლებიც შეუგნებელსა და ერთგულ გლეხს ავალებდნენ, საკუთარი სიცოცხლის განწირვით "ბატონი" ეხსნა სიკვდილისაგან.

ამიტომ კუზმას არსებაში ჰაკისადმი ზიზღის გრძნობა სიბრალულმა შეცვალა. სიბრალულმა შეუგნებელი, კლასობრივი დაჩაგრული "ძმისადმი" და მიმართა:

- შენ ხარ მონა, აფხაზო, კრეისერ "შმიდტის" სახელით განიჭებ თავისუფლებას, წადი და დაივიწყე შენი ბატონი.

მაგრამ ჰაკი არც წავიდა და არც თავისი "ბატონი" დაივიწყა. როცა კრეისერის მეთაური საქმის ნამდვილ ვითარებას გაეცნო, როცა მიხვდა, რომ ჰაკი, როგორც ძუძუმტე უჯუშისა, სრულიად შეგნებულად სწირავდა თავს, მისი რევოლუციური შეგნება ისე აღშფოთდა, რომ ჰაკის კლასობრივი სიბრმავე საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო და გულში გადაწყვიტა, ამ იშვიათ ტიპს ახლოს გასცნობოდა, რათა ეცადა მისი "დამუშავება".

კუზმას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ აფხაზი გლეხის შეგნებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად. ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრების გრძნობამ მოიცვა.

ამ სიტყვებს, - "ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრების გრძნობამ მოიცვა", გასაღების ფუნქციაც ენიჭება ნაწარმოების მიზანდასახულობის გასარკვევად.

საქმე ისაა, რომ "ჰაკი აძბასადმი" მიძღვნილ წერილებში ხშირად ის აზრია გატარებული, თითქოს ძველისა და ახლის ჭიდილში (ძველში რევოლუციური ძირძველი ტრადიციები იგულისხმება, ახალში კი - იდეები) ახალი ამარცხებს ძველს. კუზმა მრისხანე, უჯუშ ემხასა და ჰაკი აძბას სახით, ამარცხებს ყოველივე ყავლგასულსა და დრომოჭმულს..

ეს, ცხადია, არ არის მართებული დასკვნა.

იმ "ერთგვარ შეჯიბრებაში", რომელსაც ადგილი ჰქონდა რევოლუციონერი კუზმა მრისხანესა და "ჩამორჩენილ" ჰაკი აძბას შორის, კუზმა დამარცხდა. მართალია, ჰაკიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მის არსებაში იოტისოდენა ნიადაგიც არ მოიძებნა ახალი იდეების შესათვისებლად... მან მისთვის უცხო კუზმა მრისხანის კლასობრივ ძმობას ძუძუმტისთვის თავგანწირვა არჩია.

აქედან გამომდინარე, ამ "ერთგვარ შეჯიბრში" კუზმა მორალურად დამარცხდა, მისი სახით კი - ის იდეა, რომელსაც ის ჰაკის უქადაგებდა.

თუმცა ჰაკის სიმტკიცესა და თავგანწირვას იგი სრულიად არ ჩაუფიქრებია. ნაცვლად იმისა, რომ რევოლუციონერ კუზმას ერთხელ მაინც ეფიქრა, რომ რევოლუციურის გარდა არსებობს სხვა რამ მრწამსიც, რომლისთვისაც ადამიანმა შეიძლება თავი გაწიროს, იგი ჰაკის თვითმკვლელობის შემდეგ სრულიად შეუვალად ამბობს:

"სულ ერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა".

ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ მეზღვაურს, რომელიც ვასილ ხრიტანიუკს ახლდა თან და რომელმაც თავს უშველა, რომელმაც თავი არ გაწირა თავისი კლასობრივი ძმისთვის, კუზმა მრისხანე ლაჩრისა და მოღალატის სახელით მონათლავს და მოიკვეთს.

მაშასადამე, კუზმასათვის "კლასობრივი ძმისთვის" თავგანწირვა გმირული აქტია, ძუძუმტისათვის თავგანწირვა კი მონობა...

ჰაკის საქციელის ნამდვილი არსი გაუგებარი დარჩა კუზმა რუსისთვის არა მხოლოდ მისი კლასობრივი შეგნების გამო, არამედ, და პირველ ყოვლისა, მისი განსხვავებული ეროვნული ფსიქიკიდან გამომდინარე.

მას ვერ გაუგია, რა ისეთი მაგია ახლავს ძიძიშვილობას, რომ გლეხს თავადისათვის თავი გააწირვინოს. არადა, მორდუობა-ძიძიშვილობის გრძნობა მართლაც მაგიური ძალით აკავშირებდა საქართველოში ადამიანებს. "ჩვენში საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავდა ერთი, სხვა ისტორიულ ხალხთათვის თითქმის უცხო ზნე-ჩვეულება, - წერს ი.ვართაგავა - ეს ზნე-ჩვეულება გამოიცდებოდა მორდუობა-ძიძობის სახით. ეს იყო უმაგალითო ერთგვარი კულტი. ამ კულტის არსი ჩამოყალიბებულია ჰაკი აძბას მამის ანდერძში, რომლის წმინდად შესრულება მან შვილს დაავალა, - უყოყმანოდ თავი გაეწირა გაზრდილისათვის.

მამა-პაპათა ანდერძის ერთგული შემსრულებელი ჰაკი აძბა ნამდვილ გმირობას იჩენს, შეგნებულად თავს სწირავს, როგორც ძიძიშვილი.

მისი საქციელი დროებითი სულიერი აფორიაქების, ნერვების აშლის, რაიმე პათოლოგიური ელემენტების გამოვლინება როდია. ეს შეგნებული აქტია, აწონილ-დაწონილი, გათვალისწინებული და, ამნაირად, უაღრესად კეთილშობილური.

ამას გრძნობენ სოხუმელები, კუზმა მრისხანემ კი ჰაკის თავგანწირვა მონობით, უკულტურობით, ჩამორჩენილობით ახსნა. ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან ძიძობა, ძიძიშვილობა, მორდუობა და ამ ძველი ქართული ტრადიციის სფეროში წარმოშობილი უანგარო, პირდაპირ სასწაულებრივი ძალის მქონე სიყვარულის, სულიერ-ხორციელი ნათესაობის გრძნობა მხოლოდ ქართველისთვისაა გასაგები...

ქართველი დედა-ძიძა თავის რძეს არ ჰყიდდა, სხვის შვილს ფულისთვის არ ზრდიდა. გაზრდილი იმისათვის არ უყვარდათ გამზრდელებს, მათი ოჯახის წევრებს და მოგვარეებს, რომ გაზრდილის ქონებით და დახმარებით იყვნენ დაინტერესებულნი.

ძიძა-მორდუს და გაზრდილის ოჯახებს შორის შეუწყვეტელი სულიერი კავშირი მყარდებოდა. გაზრდილის დავიწყება ქართველი კაცის შეხედულებებით წარმოუდგენელი იყო.

სულ სხვას ვხედავთ რუსეთში. რუსეთში იყო ძიძაობა, მაგრამ ძიძაობამ აქ სულ სხვა ხასიათი მიიღო. რუს ძიძას, "კორმილიცას", ჩვეულებრივ, ქირაობდნენ, ოჯახში მიჰყავდათ და ცხრა-ათი თვის შემდეგ ძიძა ოჯახს და თავის გაზრდილ ბავშვს თავს ანებებდა და მათ შორის კავშირი წყდებოდა.

არავითარი სულიერ-ზნეობრივი, ნათესაური კავშირი არ მყარდებოდა მათ შორის რუს "კორმილიცასაგან" გაზრდილი ახალგაზრდა (ვაჟი თუ ქალი) სრულებით არ იცნობდა "კორმილიცას" შვილებს და არც "კორმილიცას" შვილები იცნობდნენ მათი დედის რძით გამოკვებილს. მათი სქესობრივი კავშირი დასაშვებია და ბუნებრივ აქტად ჩაითვლება".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ "ჰაკი აძბაში" ლეო ქიაჩელი ჰაკისა და კუზმა მრისხანეს შეპირისპირებით აღწერს არა მხოლოდ ახალისა და ძველის ჭიდილს, არა მხოლოდ რევოლუციური და კონტრრევოლუციური შეგნების წინააღმდეგობრივ ბუნებას, არამედ იგი უფრო შორს მიდის. ნაწარმოებში დაპირისპირებულია ორი ერის განსხვავებული ფსიქიკა, ხასიათი, ზნეობრივი მრწამსი.

მორდუობა-ძიძიშვილობის ზნეობრივ კოდექსზე აღზრდილ ჰაკი აძბას ვერაფერი გაუგო იმ ქვეყნის შვილმა, სადაც ძუძუმტეობას "კორმილიცობა" ენაცვლება

"ჰაკი აძბა" იმ დროს იწერებოდა, როცა გარემოებამ ამ ორი ერის შვილები ერთ ჰანგზე აამღერა, ერთ ენაზე აალაპარაკა, ერთი დროშის ქვეშ გააერთიანა, როცა მათ ერთმანეთს "გაუგეს"...

ჰაკისა და კუზმას რადიკალურად საპირისპირო ხასიათების ჩვენებით კი მწერალმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ერთიანობა, ეს კავშირი, ეს იდეური ერთობა ნაძალადევი და არაბუნებრივი იყო.

ჰაკი აძბასა და კუზმა მრისხანეს შეპირისპირებითი დახასიათება კიდევ ერთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს:

უჯუშ ემხას მიერ მოკლული რევოლუციონერი მეზღვაური "კონტრ-რევოლუციონერმა" ჰაკიმ ახლობელივით დაიტირა.

"ჰაააჰაიტ, რა დიდი უბედურება მოხდა, კაპიტან, დამიჯერე, გული მტკივა მისთვის და უზომოდ ვწუხვარ, ძმასავით მენანება. ვიტირო მინდა, მე კი არასოდეს არ მიტირია, კაპიტან, ახლა კი ვტირი... ვაჰაჰა, ძმაო, ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო. და ჰაკიმ ხელისგული რამდენჯერმე შუბლზე ტკაცანით შემოიკრა. ზედ ზმუილი და ქვითინი მოაყოლა. მერე ვაიუიანი მოთქმა დაიწყო მოტირალი ქალივით.

გაკვირვებულმა კუზმამ უცებ მისკენ თავი მოატრიალა. უნდოდა თვალით შეეხედა, რადგან ყურს არ დაუჯერა.

ჰაკის სახე ღრეჯით მოექცია. წარბებით დაჩრდილულ შავ ჯურღმულებში ჩამსხდარი ყვითელი თვალები უღრმესი მწუხარების შუქით აეციმციმებინა და ქუთუთოებზე, ორთავ ღაწვის გაყოლებით, ცხარე კურცხლებს ბრჭყვიალა მძივები ჩამოეკიდნა. ვაჰაჰაია ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო, მოთქვამდა იგი და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა".

მართალია, ჰაკი აძბა იმისათვის უფრო გოდებს ისე გამწარებული, რომ კუზმა მრისხანეს გული მოიგოს, ერთგულ კაცად მოაჩვენოს თავი და შემდეგ ემხას სიცოცხლე გამოსთხოვოს, მაგრამ მისი გლოვა იმავდროულად არც მთლად დაცლილია გულწრფელობისაგან. იგი ცრემლებს ღაპაღუპით ხელოვნურად ვერ ჩამოიდენდა.

ჰაკიმ, მართალია, იცის, რომ მისმა ძიძიშვილმა მოძალადისაგან დაიცვა თავი და ამდენად, მეზღვაური სამართლიანად იყო დასჯილი, მაგრამ მკვდარი მას მაინც ეცოდება. მკვდარი მისთვის მტერი აღარ არის და მის არსებაში გაღვიძებული სიბრალულის გრძნობა ბუნებრივია და ადამიანური.

იგივეს ვერ ვიტყვით კუზმა მრისხანეს მიმართ. მისი რევოლუციური შეგნებისათვის მტრის შებრალების, თუნდაც დამარცხებული და დატყვევებული მტრის შებრალებისა და პატიების გრძნობა უცხოა.

კუზმა ნამდვილი რევოლუციონერის სახეა. ამ მხრივ მისი გარეგნული პორტრეტი რევოლუციის შინაგანი არსის ერთგვარ სიმბოლოდაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.

კუზმას სახით კრეისერზე მყოფ სოხუმის დელეგატებს საკვირველება გამოეცხადათ: "ამ კაცის ერთ ტანზე ორ პირისახესა და ხედავდნენ. სრულიად გარკვეულად". "ეს იყო შედეგი დიდი, ღრმა, ძლივს შეხორცებული ჭრილობისა, რომლის მოწითალო კვალი მთელ სახეზე გადაუდიოდა ირიბად, მარცხენა საფეთქლიდან დაწყებული ნიკაპის მარჯვენა კუთხემდე. მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს ერთი ნახევარი შუაში გაჭრილ წარბს ქვეშ ჩამოთლილი ჰქონდა და გაშიშვლებული კაკლის ნაწილი ამ ადგილას მუდამ ღია, ცალკე თვალის შთაბეჭდილებას სტოვებდა მეორე ნაწილის გვერდით, რომელსაც ქუთუთოს ნაგლეჯი შერჩენოდა.

ამ თვალიდან ჭრილობა ლოყას მიყვებოდა და ნესტოჩამოკვეთილ ცხვირთან შუაში გადაჭრილ ტუჩებზე გადავლით, ნიკაპის მარჯვენა კუთხეში წყდებოდა.

სახის მთელი ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა, წინააღმდეგ მეორე მთელი ნახევრისა, რომელსაც მშვიდი, ღრმა და ხანდაზმულობის გონიერი იერით ამეტყველებული თვალი ამშვენებდა".

იმდენად შთამბეჭდავადაა აღწერილი კუზმა მრისხანეს გარეგნული იერ-სახე, რომ შეუძლებელია ამ საზარელი ჩვენების დავიწყება. სახის ერთი ნახევარი "სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად რისხვის გამოხატულებას ატარებდა წინააღმდეგ მეორე მთელ-ნახევრისა", იმავდროულად კუზმას სულიერ რაობაზეც მიგვანიშნებს. მისი რევოლუციური შეგნებაც ასეთივე იყო. ერთი მხრივ, დაუნდობელი, უსასტიკესი ყველასადმი, ვისაც იგივე შეგნება არ ჰქონდა. მეორე მხრივ კი თანამოაზრეებისადმი ლმობიერი. ცხადია, კუზმა ჰაკი აძბასავით მტერს ვერ დაიტირებდა, ვერ შეიბრალებდა.

თვით რევოლუციაც კუზმასავით ორსახოვანი იანუსი იყო. ერთი მხრივ, სასტიკი და მძვინვარე, სიკვდილის მთესველი, მეორე მხრივ, ახლის დასამკვიდრებლად მოვლენილი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბოროტება და სიკეთე, მძინვარება და ლმობიერება ერთად ვერ ხარობს.

ჰაკი აძბამ იგრძნო კუზმას სულიერ-ფიზიკური ორსახოვნების მთელი საშინელება და ემხას დახვრეტის შემდეგ კრეისერის მეთაურს გაბოროტებულმა მიმართა:

"- კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე. მით ძმობა შემოგფიცე შენ კი უჯუში მომიკალი, ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან... ჰო, სისხლი! სისხლი"

მაგრამ ჰაკი აძბას სისხლის აღება არ შეეძლო. იგი კრეისერის ეკიპაჟს ვერას დააკლებდა და თავი მოიკლა. ასე გაიმარჯვა ძალამ, ასე გაიმარჯვა (ფიზიკურად და არა მორალურად) ახალმა ძველზე, ანუ უადამიანობამ ადამიანობაზე.

 

ღალატი და ერთგულება

 

შეპირებისამებრ, ამჯერად უნდა ვისაუბროთ ორ განსხვავებულ ზნესა და ხასიათზე, რომელსაც საფუძვლად უდევს არა ეროვნული სხვადასხვაობა, არამედ ტრადიციისადმი, საკუთარი ისტორიული ფესვებისადმი მიმართება.

ზემოთ ისიც ვთქვი, რომ ამ მხრივ საინტერესო იქნება-მეთქი უჯუშ ემხას ფსიქიკის წარმოჩენა მისივე თანამემამულეების სამსონ დავანაძის და ნარიშ ეშბას დახასიათების ფონზე.

როდესაც მეზღვაურებმა შეიტყვეს, რომ მათი მეგობარი ვასილ ხრიტანიუკი მოკლა და მასთან ერთად ერთი მეზღვაური დაჭრა ვიღაც თეთრგვარდიელმა ყაზახთა ოფიცერმა, სოხუმელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეემზადნენ.

თავის მხრივ, შეშინდნენ და შეშფოთდნენ სოხუმის მოქალაქენი... ქალაქის თავმა სამსონ დავანაძემ და მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოს თავმჯდომარემ ნარიშ ეშბამ ყურადღება მიაქციეს გადარჩენილი მეზღვაურის ნაამბობიდან სიტყვებს: "ყაზახთა ოფიცერი", "გიორგის კავალერი" და უმალ მიხვდნენ, ვინც იყო ხრიტანიუკის მკვლელი.

"უჯუშ ემხას დავუღუპივართ", - გაუელვა თავში ერთსაც და მეორესაც ერთდროულად.

"თითქოს საიდანღაც ახალი ძალა და ღონე შეემატაო, ისე დატრიალდა ახლა სამსონ დავანაძე. მილიციის უფროსი მოიხმო მისი თანაშემწეებით და ყველას გასაგონად სასტიკი ბრძანება მისცა: ქალაქი ყველა მხრიდან შეეკრათ. არც ტყვია დაეზოგათ, არც ცეცხლი და არც მახვილი, ოღონდ ოფიცერი ემხა აღმოეჩინათ და მისთვის ცოცხალი მოეგვარათ. მერე თავისი მგრგვინავი ხმის კიდევ უფრო ამაღლებით ხალხს მიუბრუნდა და რუსულად მიმართა, რათა მისი ყოველი სიტყვა მეზღვაურებსაც კარგად გაეგონათ:

- მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოხიზნული უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი. იგი თავს დასხმია ჩვენს სტუმრებს ქუჩაში და საშინელი მკვლელობა ჩაუდენია. ემხა ჩვენი მკვლელიც არის, ამხანაგებო! შინ გვყოლია მტერი, მოღალატე და დროზე ვერ მივმხვდარვართ. ჩვენი ხსნა საშინელი წყრომისაგან, რომელიც უთუოდ დავიმსახურეთ, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივგვაროთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაზღავად. თითოეულ თქვენთაგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა, ახლა გამოჩნდება".

კრეისერის შიშით დაზაფრულმა მოსახლეობამ "ივარგა" და "მოღალატე" მალე მიჰგვარეს "შმიდტის" კაპიტანს.

როგორც ვხედავთ, ხალხს უჯუშ ემხა მოღალატედ გამოუცხადეს. სამსონ დავანაძე და ნარიშ ეშბა კი ერთი შეხედვით ხალხის ერთგული და მისი ინტერესების დამცველნი ჩანან.

არადა, ყველაფერი პირიქით არის.

უჯუშ ემხა თავისი ხალხის ერთგულია, რადგან ამ ხალხის საუკუნეებში გამოტარებულ ღირსებას იცავს.

დავანაძე და ნარიშ ეშბა კი თავად არიან მოღალატენი, რადგან საკუთარი ტყავის დაცვის მიზნით თავისი თუ ხალხის ღირსებას ფეხქვეშ თელავენ.

ასე რომ, ახალ დროში, ახალ მეთაურთა წყალობით აღრეულია ცნებები: ღალატი და ერთგულება, გმირობა და ლაჩრობა.

პირველ ყოვლისა, ვნახოთ, როგორ იქცევა ექსტრემალურ სიტუაციებში ხალხის "მოღალატე" უჯუშ ემხა.

როცა ვასილ ხრიტანიუკმა ქუჩაში თეთრგვარდიელი ოფიცერი დალანდა, გიჟივით თვალები დააბრიალა, რევოლვერის ტარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და დაედევნა, მას ამხანაგებიც მიჰყვნენ.

- ჰეი, შესდექ, უფალო ოფიცერო! შორიდანვე დაუყვირა ემხას ხრიტანიუკმა.

- მინდა გამოგეცნაურო, უფალო ოფიცერო! კრეისერ "შმიდტის" მეზღვაური გახლავარ, ვასკა-პირატი. აბა, მითხარი, შენ ვინა ხარ? მიახლოებისთანავე მიმართა გამომწვევი შეყვირებით მეზღვაურმა უჯუშ ემხას.

ემხას მშობლიურ ქალაქში გულდიდად მოსეირნე ეს უცხო კაცი სიძულვილის სიტყვიერ გამოხატულებას არ დასჯერდა. უჯუშის გარეგანმა სიმშვიდემ ცეცხლი წაუკიდა. მოთმინება არ ეყო ოფიცრის ეპოლეტებისა და ოქროს ორდენისათის კიდევ ეცქირნა.

- პასუხი ჩქარა, ვინ ხარ-მეთქი! - შეჰყვირა ერთხელ კიდევ და მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია, კლანჭებად მომარჯვებული თითები ეპოლეტებში ჩაასო და მოსაგლეჯად მოსწია.

რუსეთის სამოქალაქო ომიდან მშობელ კერაზე მობრუნებულ უჯუშ ემხას "სიცოცხლის გარდა ორი რამ განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე უფრო აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო სიყრმიდანვე მისი ნაოცნებარი ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“.

მისი ადამიანური თავმოყვარეობა უკიდურესად შეურაცხყვეს. თავად თავს არიდებდა ბოლშევიკ მეზღვაურებს, ისინი კი მისსავე სამშობლოში, მის მშობლიურ ქალაქში შემოჭრილან და მეძებარი ძაღლივით დასდევენ. ოფიცერმა ღირსების შეურაცხყოფა არ აპატია მომხდურს და იმავე წამს მისი რევოლვერი გავარდა. განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე პირაღმა გაიშხლართა უსულოდ.

ხრიტანიუკის მეორე მეგობარსაც მაშინ ესროლა, როცა მეზღვაურმა რევოლვერი იძრო...

ამ ეპიზოდის მიხედვით ემხა მკვლელი არ არის. უბრალოდ, მომხდურისაგან იცავს თავს. როცა თავის ძიძიშვილს ნახავს, შეწუხებული შესჩივლებს:

- იცოდე, თავს დამესხნენ, ჰაკი...

უჯუშს ბიძის ოჯახში გადამალავს ჰაკი.

- კაც, თავი შევაფარე შენს ჭერს, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და ვითომ არც ახლა იცი, ნუ გაუწყრები ჰაკის. მიმართავს იგი მოსალოდნელი საშიშროებით შეწუხებულ მასპინძელს და თადარიგს იჭერს, რათა ამ ოჯახს დროულად მოსცილდეს და მოსალოდნელი თავდასხმისაგან დააზღვიოს. საფრთხეში ჩავარდნილი უჯუში სხვის უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ეს ფაქტიც მის კეთილშობილებას ადასტურებს.

როდესაც ემხას დეიდაშვილი, თოუხან მარშანი გამოეცხადა და აუწყა, უნდა ჩაბარდე მტერს, რადგან შენს გამო მძევლები აიყვანესო, უჯუშმა განაცხადა:

- მესმის, ძმებო, ყველაფერი. დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში. საჭირო არ არის ზედმეტი სიტყვა. მზად ვარ გამოვცხადდე.

ეს გადაწყვეტილებაც მის რაინდულ ბუნებას უსვამს ხაზს.

როცა ჰაკი აძბამ დაინახა, რომ საშველი არსაით იყო, მილიციის უფროსს განუცხადა: „უჯუშ ემხას მე ვახლდი იმ დროს, როცა მას მეზღვაურები თავს დაესხნენ. იმისათვის ვატარებ იარაღს და დედაჩემის გაზრდილს იმისათვის ვახლავარ დღედაღამ, რომ ის ყოველი ხიფათისაგან დავიცვა. თავდამსხმელებს მე ვესროლე რევოლვერი და ჩემმა ტყვიამ ორი მათგანი იმსხვერპლა. უჯუშ ემხას კი იარაღისათვის ხელიც არ უხლია".

ჰაკის სიტყვების გაგონებაზე ემხამ ადგილიდან მორღვევა დააპირა, მაგრამ ხუთიოდე თავადის ხელისგული პირზე აეფარა და სუნთქვა შეუკრა.

- უჯუშ, ხმა არ ამოიღო. ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გასწიროს შენთვის. კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა - ეუბნებოდნენ უჯუშს მისი ახლობლები.

ემხამ ტოლი არ დაუდო ძიძიშვილს. თავადებს ხელიდან დაუსხლტა და განაცხადა:

- აქ ვარ მეზღვაურების ნამდვილი მკვლელი და გნებდებით.

იგივე სცენა განმეორდა გემზე, კუზმა მრისხანეს თვალწინ, მაგრამ ემხამ ძიძიშვილის თავგანწირვის ხარჯზე არ ისურვა სიცოცხლის შენარჩუნება.

არც ეს არის მოღალატის საქციელი...

და ბოლოს, უჯუშ ემხას პორტრეტი მთელი დიდებულებით გაიელვებს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. დასახვრეტად გამოყვანილი ემხა "თავაწეული მოაბიჯებდა, დინჯად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავ რხევით მოჰქონდა. გემის ბანს იქით იცქირებოდა მაღლა გამართული თვალებით. გახევებულ და უმეტყველო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთომარება უცხოველებდა, რომელიც უძრავად თვალებში შეფინებოდა. ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, უნდო შეგნებით დაძლეულს. პირდაპირ ცის კიდურზე გართხმულ მოწითალო სინათლის კრთომას შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო".

დიახ, უჯუშ ემხასთვის, თანამოქალაქეთა მიერ მოღალატედ შერაცხული ახალგაზრდა ოფიცრისათვის, ნათელი დღის კარი უნდა შეიღოს და არა კუპრივით შავი ჯოჯოხეთისა, რადგან ემხამ ტყვიის წინ მდგარმაც არ დაკარგა უმთავრესი - ადამიანური ღირსება. არადა, ემხა კუზმა მრისხანესთვის მტერია, სამსონ დავანაძისა და ნარიშ ეშბასთვის მოღალატე, უფრო მეტიც, ერთი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსი მას "გაკოტრებულ და გადაგვარებულ" თავადად მიიჩნევს და ამ პოზიციაზე მხოლოდ ის ერთი ლიტერატორი როდი დგას.

როგორც ჩანს, ღირსების შემჩნევას უღირსებო ადამიანები ვერ ახერხებენ. ისინი, ვინც უჯუშ ემხა მოღალატედ მონათლა, სწორედ უღირსებო ადამიანები იყვნენ, ხალხის ერთგულ მსახურებად კი ასაღებდნენ თავს.

ასეთები არიან, პირველ ყოვლისა, სამსონ დავანაძე და ნარიშ ეშბა. ახლა ხალხისადმი მათი „ერთგულების“ დამადასტურებელი მაგალითებს მოვუხმოთ.

კრეისერ "შმიდტის" გამოჩენით საგონებელში ჩავარდნილი ქალაქის თავი სამსონ დავანაძე, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის უსაფრთხოებაზე იფიქროს, პირველ რიგში, შექმნილ სიტუაციაში, პირადი პასუხისმგებლობის მოხსნას ფიქრობს.

"პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო. მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალობის დაცვა მისი მხრიდან. კარგად იცოდა, რომ არავინ უპასუხებდა და, თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი სახელმძღვანელოდ უთუოდ არ გამოადგებოდა".

ამ მცირე ამონარიდით კარგად ჩანს, რომ უპატრონოა ქვეყანა. ხელისუფლება ნამდვილ გულშემატკივრობას ვერ იჩენს.

სოხუმში მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოც არსებობდა, რომელსაც ნარიშ ეშბა თავმჯდომარეობდა, მაგრამ ამ ორგანიზაციის მოვალეობას ისღა შეადგენდა, რომ "დროგამოშვებით, როცა მდგომარეობა გართულდებოდა, მომენტის შესაფერის რეზოლუციას მიაღებინებდნენ და გაზეთებში გამოაცხადებდნენ“.

უსაქმური და მხოლოდ მოლაპარაკე, რეზოლუციებს გადაყოლილი ხელისუფლება, ცხადია, სამხედრო გემის გამოჩენაზე დაფრთხებოდა. ასე დაემართა ქალაქის თავსაც და ნარიშ ეშბასაც.

დავანაძემ გადაწყვიტა მოქმედების გეგმა ეშბასთან შეეთანხმებინა და ამით პასუხისმგებლობაც მისთვის დაეკისრებინა.

„ეშბამ გულდასმით მოისმინა სამსონ დავანაძის წინადადება, რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა ქალაქის თავის განზრახვას. ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ ასეთი მეგობრული პასუხი გასცა:

"პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იკისრებ, ძვირფასო სამსონ, ან რატომ გინდა, რომ მე მაკისრებინო მაინცდამაინც. ხომ იცი რა მდგომარეობაა. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, სჯობია მისი ტვირთი ისე განაწილდეს, ყოველ შემთხვევისათვის, რომ ბრალი ყველას და ამავე დროს არავის არ დაედოს. ჩემის აზრით, ასე უნდა მოვიქცეთ: მოვიწვიოთ ქალაქის საბჭოს და მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმების სასწრაფო გაერთიანებული სხდომა პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით და იქ დავსვათ ეს საკითხი; შეიძლება გავლენიანი მოქალაქეებიც მოვიწვიოთ, როგორც დაინტერესებული ხალხი. დეე ამათ გადაწყვიტონ, თუ რა სახით უნდა დახვდეს ქალაქი სოხუმი ბოლშევიკების სამხედრო გემს“.

დავანაძე აღაფრთოვანა ამ აზრმა. სხდომა მართლაც შედგა, რომლის მიერ მიღებული დეკლარაცია "მაღალფარდოვანი და გრძელი პერიოდებისაგან შედგებოდა. დეკლარაციის სიტყვიერ ლაბირინთებში გარკვეული აზრის დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ დასკვნა წინდახედულად იყო მოზომილი".

ამ ეპიზოდით არა მხოლოდ სოხუმის ხელისუფალთა უგერგილობა და უგვანობა ჩანს, არამედ ცოცხლად იხატება სოციალ-დემოკრატებისათვის ჩვეული მართვის მექანიზმი. მათ ხალხი და აზრთა დემოკრატიული გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად პირადი პასუხისმგებლობის აცილება სურთ. დემოკრატიასაც საკუთარი უსუსურობის შესანიღბავად იყენებენ.

ერთი სიტყვით, სხდომის გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სანაპიროსთან მომდგარი რუსეთის სამხედრო გემს მოსახლეობა ტაშ-ფანდურით შეხვდა, ხელმძღვანელობა კი - პირფერობითა და მლიქვნელობით. ამიტომ აღარც გასაკვირი იყო ვასილ ხრიტანიუკის თავგასულობა, ბატონ-პატრონივით რომ დაიჯგიმებოდა სხვის მიწაზე.

გონებაში თუ ერთი წუთით პარალელს გავავლებთ ხალხის წინამძღოლ ხევისბერ გოჩასა და ასევე ხალხის წინამძღოლ სამსონ დავანაძესა თუ ნარიშ ეშბას შორის, სრულიად ანტიპოდური სახეები წარმოგვიდგება.

როგორც დავანაძე, ისე ეშბა მზად არიან შეასრულონ ყველაფერი, რასაც კრეისერის კაპიტანი უბრძანებთ. ისინი სასიკვდილოდ გასწირავენ ემხას.

უჯუშმა საკუთარი ღირსება ვაჟკაცურად დაიცვა და მტერს მტრულად დაუხვდა.

დავანაძე და ეშბა კი მლიქვნელური ღიმილით ფიანდაზად ეგებებიან მომხდურს. ჰაკი აძბა, უჯუშ ემხა, დავანაძე და ეშბა ერთი ისტორიის, ერთი ფსიქიკისა და ზნეობრივი კოდექსის მქონე ხალხის შვილები არიან, მაგრამ ისინი უკვე აღარაფრით ჰგვანან ერთურთს, რადგან ჰაკი და ემხა წინაპართა დაუწერელ კანონებზე აღიზარდნენ. დავანაძე და ეშბა კი, როგორც ძველი რევოლუციონერები, ანუ სოციალ-დემოკრატები, ამ დაუწერელი კანონების უარმყოფელნი არიან. ემხა საკუთარ "ეპოლეტსაც" კი არ დაუთმობს მტერს და მზად არის სიცოცხლე გაიღოს პირადი ღირსების დასაცავად.

დავანაძე და ეშბა მზად არიან მთელი სოხუმი აჩუქონ კუზმა რუსს საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

იმ დროში, რომელიც მწერალმა აღწერა, საქართველოს დავანაძისა და ეშბას ტიპის ხელმძღვანელები მართავდნენ.

იმ ეპოქაში კი, რომელშიც „ჰაკი აძბა“ იწერებოდა, კუზმა მრისხანეს ტიპის განმგებლები.

ემხასა და ჰაკისთვის, ანუ ღირსებისა და ეროვნული ტრადიციებსთვის კი, ადგილი არ ჩანდა.

ამ მწარე საფიქრალს აღძრავს მოთხრობა „ჰაკი აძბა“.

თუმცა, ერთმა გარემოებამ იმედიც შეიძლება დაგვიტოვოს. ჰაკი ზღვაში იხრჩობს თავს. წყალში დამხრჩვალი კი, ქართული მითოლოგიური წარმოდგენით, კვლავ უნდა აღსდგეს, ანუ კვლავ უნდა აღსდგეს ის ღირსებები, რითაც თხზულების ორი მთავარი გმირი ხასიათდება.

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ