მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1649 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქართული ლიტერატურა, როგორც ცნობილია, პირობითად სამ პერიოდად იყოფა: 

1) ძველი ქართული მწერლობა - V-XVIII ს. 

2) ახალი ქართული მწერლობა XIX ს. 

3) უახლესი ქართული მწერლობა - XX-XXI ს.

ქართული ლიტერატურის ამგვარ პერიოდიზაციას საფუძვლად უდევს ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენები, მოვლენები, რომლებიც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენენ ერის საზოგადოებრივ-პოლიტიკურსა და კულტურულ ყოფაზე.

ასე, მაგალითად: ქართული მწერლობის I პერიოდის დასასრულად მიჩნეულია ის დრო, როდესაც ძველი საქართველოს მზე ჩაესვენა. XVIII საუკუნის უკანასკნელი წლები საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობის უკანასკნელი წლებიც აღმოჩნდა. 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, სულ მალე ივერიის დასავლეთმა ნაწილმაც ქართლ-კახეთის მწარე ხვედრი გაიზიარა. საქართველო აღმოჩნდა რუსეთის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული ქვეყანა. დავითისა და თამარის დროინდელი დიდების მქონე ერთიანი ამერ-იმერი იქცა რუსეთის დიდი იმპერიის განაპირა პროვინციად, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად.

ამ ტრაგიკულმა ფაქტმა, ცხადია, შეცვალა ქართველთა სულიერი და მატერიალური ყოფა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის მონიშნული იქნა ახალი ორიენტირები, რამაც ეროვნულ ლიტერატურაშიც ახლებური გზების ძიება განაპირობა. 

საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტრაგიკული ფაქტი იქცა იმ სამანად, რომელიც ყოფდა ერთმანეთისგან ძველსა და ახალ ქართულ ლიტერატურას. ცნობილია რომ, მიუხედავად თვისობრივი სხვაობისა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა არ კარგავს წარსული კულტურის საუკეთესო ტრადიციებს. იგივე შეიძლება ითქვას XX საუკუნის ქართული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელთა მიმართებაზე ძველი და ახალი ქართული მწერლობის მიმართ.

XX საუკუნის ქართულ ლიტერატურას სხვაგვარად უახლეს ლიტერატურად მოვიხსენიებთ.

უკვე ავღნიშნეთ, თუ რატომ ვმიჯნავთ ერთმანეთისაგან ძველსა და ახალ მწერლობას, ახლა კი ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ახალსა და უახლეს ქართულ მწერლობას შორის ზღვარის გავლებას.

ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებთ, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ლიტერატურულ ცხოვრებაში ყოველგვარ ზღვარსა თუ სამანზე საუბარი მეტისმეტად პირობითია. ცხადია, 1801 წელს ძველი ქართული მწერლობა ერთბაშად არ დასრულებულა. არც ახალი ქართული მწერლობა დაბადებულა მაინცადამაინც მე-19 საუკუნის დასაწყისში. უფრო მეტიც, შესაძლოა ამა თუ იმ მწერლის მოღვაწეობა წინამორბედისაგან დროის დიდი ინტერვალით იყოს დაცილებული, მაგრამ ამ უკანასკნელს თავისი მწერლური თუ ესთეტიკური პრინციპებით ათასგზის მეტი ჰქონდეს საერთო წინამორბედთან, ვიდრე მის კბილა, მის ტოლ-სწორ კოლეგასთან.

ლიტერატურის ისტორიისათვის ასეთი რამ ჩვეულებრივიც კია, რადგან მწერლობა არ არის მხოლოდ ცხოვრების ასახვა. ეს რომ ასე იყოს, ერთი თაობის მწერლები, იმის გამო, რომ ერთსა და იმავე დროში, ერთსა და იმავე გეოგრაფიულ გარემოში, ერთ საზოგადოებაში ცხოვრობენ და საერთო პრობლემების წინაშე დგანან, შემოქმედებითად ერთმანეთს დამსგავსებული, როგორც იტყვიან, ერთმანეთის ალი-კვალნი იქნებოდნენ.

საბედნიეროდ, ასე არ გახლავთ, და აი, რატომ: ცხოვრებას, რეალობას, მწერალი მხატვრულად ასახავს, რაც გულისხმობს სამყაროს არა ფოტოგრაფიული ასლის შექმნას, არა გარემოში მიმდინარე მოვლენების უბრალოდ გაცხადებას, სიტყვიერად დაფიქსირებას, არამედ არსებულის ასახვით, არსებულზე დაკვირვებით ახალი რეალობის შექმნას. ამგვარად ხელოვანი არის არა ცხოვრების ამსახველი, არამედ ახალი, მხატვრული სამყაროს შემქმნელი. შემოქმედი ქმნის სრულიად ახალ, მანამდე არარსებულ მშვენიერ სამყაროს, ქაოსისაგან - კოსმოსს. მის მიერ შექმნილი სამყარო არის მანამდე არარსებული და ამდენად ხდება ჩვენთვის მომზიდველი, დამატყვევებელი, ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი.

ყოველივე ზემოთქმულს თუ დავეთანხმებით, კიდევ უფრო პირობითად მოგვეჩვენება ლიტერატურის პერიოდიზაციის საკითხი. პირობითად წარმოგვიდგება ამა თუ იმ კონკრეტული წლისა და თუნდაც ათწლეულის დასახელება სხვადასხვა პერიოდის მიჯნად. სწორედ ამ პირობითობასთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ მაგალითად, ეგნატე ნინოშვილის სახელი დაკავშირებულია უახლეს ქართულ ლიტერატურასთან, ანუ მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობასთან, მაშინ, როცა თვით ეგნატე მე-20 საუკუნეს არ მოსწრებია, მე-19 საუკუნეში დაიბადა და ამავე საუკუნის მიწურულს აღესრულა.

ნინოშვილი XX ს. ქართველ მწერლებთან ერთად ისწავლებოდა სკოლაში, ვაჟა-ფშაველა კი XIX საუკუნის. ამ ერთი შეხედვით პარადოქსულ ვითარებას ადვილად ეძებნება ახსნა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალი და უახლესი ქართული მწერლობის მიჯნად იქცა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები: საქართველოში მარქსისტული მოძრაობის დაწყება, ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის, ე.წ. "მესამე დასის" ჩამოყალიბება. მართალია, მესამე დასელთა ორგანიზაცია, XIX საუკუნის 90-იან წლებში გაფორმდა, მაგრამ მათმა იდეამ მე-20 საუკუნეში გაშალა ფრთები; სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდენენ ისინი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და, ნაწილობრივ, კულტურული ცხოვრების ავანსცენაზე. ეგნატე ნინოშვილის სახელი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას იმთავითვე დაუკავშირეს და ამიტომ უახლესი ქართული მწერლობის თავფურცელიც მესამე დასელებმა ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებით გადაშალეს.

არის თუ არა მიზანშეწონილი ახალსა და უახლეს ქართულ მწერლობას შორის ზღვარის გავლება, თუნდაც პირობითი ზღვარისა, XIX საუკუნის 90-იან წლებში? ეს სადავო საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად ორი ლიტერატურული ეპოქის მიჯნად 90-იანი წლებია მიჩნეული, მაგრამ რა პირობით, რის გამო, რის საფუძველზე? იქნებ იმიტომ, რომ მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მართლა უახლესი, ანუ ახალ ქართულ მწერლობაში დასმული პრობლემებისაგან სრულიად განსხვავებული საკითხების წრე შემოდის? იქნებ ასახვის მეთოდები შეიცვალა რადიკალურად?

ნაწილობრივ ერთ მოვლენასაც ჰქონდა ადგილი და მეორესაც, ხაზი გავუსვათ ამ სიტყვას: ნაწილობრივ.

ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება. დროთა ბრუნვა ახალი და ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ადამიანებს. ცხადია, XX საუკუნის ქართულ მწერლობაში ეს ცვლილებები აისახა. ცხადია, იყო ახალი თემებისა და ახალო ფორმების ძიების გზა, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში, მაგრამ ყოველივე ეს ხელოვნების, კერძოდ, მწერლობის განვითარებისათვის ბუნებრივია, ყოველი დროისათვის დამახასიათებელი პროცესია. სხვაგვარად მწერლობა ჩიხში მოექცეოდა, ლიტერატურას ეპიგონები, მიმბაძველები წალეკავდნენ. ხელოვანი, რომელიც სათქმელის ახლებურად გააზრებას და ახლებურად გამოხატვას არ ესწრაფვის, ნამდვილ ხელოვანად ვერც ჩაითვლება, მწერლობის განვითარების ეს ბუნებრივი პროცესი კი ორი პერიოდის გასამიჯნავად არ გამოდგება. მით უფრო, - ლიტერატურულ ცხოვრებაში განვითარების ცნებაც სწორხაზობრივად არ უნდა გვესმოდეს. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ლიტერატურაში ახალი ნიშნავს იმავდროულად კარგს, უკეთესს.

ახლა რაც შეეხება მწერლის მიერ სინამდვილის ასახვის ფორმასა და მეთოდს. დამკვიდრებულია აზრი, თითქოს ისეთ ლიტერატურულ მიმდინარეობებს, როგორიცაა რომანტიზმი, რეალიზმი და კრიტიკული რეალიზმი, რაც ჩვენმა ლიტერატურამ XIX საუკუნეში განვლო, XX საუკუნის ქართულ მწერლობაში ძირითადად შეენაცვლა ასახვის ახალი მეთოდი - სოციალისტური რეალიზმი. რამდენად სწორია ეს თვალსაზრისი და ზემოთაღნიშნული მიმდინარეობანი დარჩა თუ არა მხოლოდ XIX საუკუნის ლიტერატურის კუთვნილებად, ამაზე პასუხი გვექნება მას შემდეგ, როდესაც სრულყოფილად გავეცნობით ამ ე.წ. სოციალისტური რეალიზმის არსს და როცა შევიმეცნებთ, გავაანალიზებთ უახლესი ქართული მწერლობის წარმომადგენელთა თხზულებებს.

წინასწარ დასკვნებს მოვერიდოთ, რადგან იდეური სიჭრელისა და ზიგზაგების ისეთი გზა, როგორიც XX საუკუნემ შემოგვთავაზა, ქართულ მწერლობას არასოდეს ჰქონია.

და მაინც, რა უნდა მივიჩნიოთ ქართული ლიტერატურის II და III პერიოდის, ახალი და უახლესი მწერლობის გამიჯვნა-გამოყოფის საფუძვლად?

1801 წლიდან, როგორც ითქვა, საქართველოს ბედის ბორბალი სხვაგვარად დატრიალდა. XIX საუკუნის საქართველოს ისტორიამ განსაზღვრა ჩვენი ერის ლიტერატურული ცხოვრების ახალი ისტორიაც.

საქართველოს საკუთარი სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღარ ჰქონდა. იგი რუსეთის ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები განსაზღვრული გახლდათ იმით, თუ რა ხდებოდა და რა მოხდებოდა რუსეთის ვრცელი იმპერიის ცენტრში - პეტერბურგში. გასული საუკუნის 90-იან წლებში კი რუსეთში, და შესაბამისად საქართველოშიც, ახალი მოძრაობა დაიწყო.

ამ დროიდან ბედის მწერალი საქართველოს ისტორიას ახლებურად დაწერს. ასე რომ, გასული საუკუნის 90-იანი წლები კიდევ ერთი გზაჯვარედინია ჩვენი ერის საზოგადოებრივ, პოლიტიკურსა და კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში. ალბათ გახსოვთ, გზაჯვარედინთან მისული ზღაპრის გმირები ქვაზე რომ წარწერას კითხულობენ, წარწერას, რომელიც ადამიანებს სიკვდილისა თუ სიცოცხლის, ბედნიერებისა თუ უბედურების ალტერნატივის, არჩევანის წინაშე აყენებს.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, განსაკუთრებით XX საუკუნის პირველ ხანებში, რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ხალხები, და მათ შორის ქართველი ერი, არჩევანის წინაშე იდგა. ზღაპრის გმირს ამ გზაჯვარედინისაკენ, ანუ ბედის საძიებლად, გაჭირვება ექაჩება. გაჭირვება გამოიყვანს სახლიდან და წუთისოფლის გზებზე ახეტიალებს. იგი ან მარცხდება, ვეღარ ბრუნდება უკან, ან გამარჯვებული, სვებედნიერი მოაშურებს თავის ჭერს, თავის კერას, თავის სახლ-კარს.

ამ გზას ცალკეულ პიროვნებათა დარად ერიც გადის.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში შექმნილმა გაუსაძლისმა ვითარებამ ცალკეული ერები, მათ შორის ქართველი ხალხი, აიძულა ენერგიულად შესდგომოდა ახალი გზის ძიებას. ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ახალი ცხოვრების სიავკარგე კი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ბედის რომელ ვარსკვლავს გაჰყვებოდა ქართველი ხალხი. ამ საქმეში ლომის წილი ქართულ მწერლობას უნდა დაედო. მაგრამ, ვიდრე აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრებთ, ზოგადად გავეცნოთ იმ ვითარებას, რომელიც სუფევდა იმდროინდელი საქართველოს სინამდვილეში.

 

ისტორიის გზაჯვარედინი, ანუ 1890–1900–იანი წლების ზოგადი მიმოხილვა

 

დანტე ალიგიერის სიტყვით, ჯოჯოხეთის კარს აწერია: „დასტოვე ყოველივე იმედი, ვინც აქ შემოდიხარ"-ო. დიდი იტალიელი ჰუმანისტის ეს მოსწრებული ფრაზა რუსეთის იმპერიის ყველა შემოსასვლელ კარზე რომ წაეწერა ვინმეს, იმპერიის შინაგანი ცხოვრების ნამდვილ, რეალურ სურათს დახატავდა. ოდნავადაც არ გადაუჭარბებია ბოლშევიკების ბელადს, როდესაც ცარისტულ რუსეთს ხალხთა საპყრობილე უწოდა. ამ საპყრობილეში უხდებოდა ცხოვრება ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს XIX საუკუნის დასაწყისიდან. XIX საუკუნის დასასრულს კი ხალხს ბორკილები უფრო დაუმძიმდა. ტირანიის სუსხი უფრო და უფრო აუტანელი გახდა.

რადგან საქართველო რუსეთის ნაწილი იყო, ვითარების სრულად წარმოსადგენად უნდა ვიცოდეთ, რა ხდებოდა XIX საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში. შემდეგ კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ "ცენტრში" მიმდინარე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა როგორი გამოძახილი ჰპოვა ჩვენს სამშობლოში.

"შავბნელი დრო იყო ის დრო რუსეთში და, მაშასადამე, ჩვენშიაც - ვკითხულობთ იმდროინდელი ქართველი მოღვაწის გ.ლასხიშვილის მემუარებში. - ის იყო რუსეთის ტახტზე ავიდა ახალი თვითმპყრობელი ნიკოლოზ მეორე. როცა ეს უკანასკნელი წარმომადგენელი რომანოვების სამეფო გვარისა მემკვიდრედ იყო, რუსთა ლიბერალურ საზოგადოებაში დაჟინებით იმეორებდენ, არავინ იცის რაზე დამყარებულ ლეგენდას, "ცესარევიჩი ნიკოლოზი" ლიბერალი არისო და პაპამისის ალექსანდრე მეორის ლიბერალურ რეფორმების განგრძობის მომხრეაო.

ტახტზე ასვლისთანავე ახალმა თვითმპყრობელმა უმოწყალოდ დაამსხვრია ეს ლეგენდა. 1895 წელს მას წარუდგინეს ერობისა და ქალაქების წარმომადგენლები ცნობილი მოღვაწის ს.სტრუბეცკოის მეთაურობით, მიულოცეს ტახტზე ასვლა და გადაკვრით მოახსენეს ეს იმედი, რომელიც ლიბერალურ საზოგადოებაში ღვიოდა.

ნიკოლოზმა ამის საპასუხოდ წაიკითხა წინათვე მომზადებული მოკლე სიტყვა, რომელშიც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ ის განაგრძობს მამის, ალექსანდრე მესამის პოლიტიკას და "ყოველგვარი "უაზრო ოცნება" უკუგდებულ უნდა იქნასო".

ეს სიტყვა ნიკოლოზ მეორისათვის დაუწერია მის მასწავლებელს, რუსეთის ობერ-პროკურორს კონსტანტინე პობედონოსცევს, რომელიც ალექსანდრე II-ის მოკვლის შემდეგ რუსეთის ფაქტიური განმგებელი იყო. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ უკიდურესი რეაქციონერის, პობედონოსცევის სიტყვაში ნაცვლად "უაზრო ოცნებისა", "უნიადაგო ოცნება" ეწერა.

ნიკოლოზი კი უფრო შორს წავიდა, - თქვენი ოცნებები ამჯერად კი არ არის უნიადაგო, საერთოდაც უაზროაო - ფაქტიურად ასე მიახალა პირში ქვეშევრდომთ. ახლა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პობედონოსცევის ხსენებაზე მისი კაცთმოძულეობის გამო რუსეთის დემოკრატიულ ძალებს ტანში სიცივე უვლიდათ, ნათელი გახდება, რომ მოსწავლეს მასწავლებლისთვის, იმპერატორს ობერ-პროკურორისათვის რეაქციონერობასა და კონსერვატიზმში გადაუჭარბებია კიდეც.

შედეგმაც არ დააყოვნა. მოვუსმინოთ იმავე გიორგი ლასხიშვილს: "მართლაც, ახალი მეფობა გამოდგა უფრო დაბალი ხარისხისა და დამახინჯებული კოპიო ძველის რეაქციული პოლიტიკისა. ნიკოლოზ მეორე, ისე, როგორც მამამისი, ცდილობდა ფეოდალურ-პოლი-ტიკური რეჟიმის გამაგრებას, სასტიკად სდევნიდა და ანადგურებდა ლიბერალიზმის ყოველგვარ ნასახს...

რა თქმა უნდა, როცა რუსეთში გაძლიერდა რეაქცია, ჩვენს ქვეყანას უარესი დღე დაადგა. დაახლოებით იმ დროიდან დაიწყო საერთოდ განაპირა ქვეყნებში და, კერძოდ, საქართველოში გაშმაგებული რეაქცია. თუ რუსეთში ამ რეაქციამ მაშინდელი ინტელიგენცია და მშრომელი ხალხი ამოიღო ნიშანში, ჩვენში დევნა და განადგურება მთელს ერს არგუნეს, მეფის მოადგილეების დონდუკოვ-კორსაკოვის, შერემეტიევის, გოლიცინის და სხვათა მიზანი გახდა ძირიან-ფესვიანად აღმოეფხვრათ ეროვნული კულტურა და გაეძლიერებინათ გამარუსებელი პოლიტიკა".

კავკასიაში გამოგზავნილი მთავარმართებლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ სისასტიკეში. მძვინვარე დონდუკოვი, რომელმაც მოხუცი დიმიტრი ყიფიანი დაასჯევინა, კიდევ უფრო მძვინვარე მთავარმართებელმა გოლიცინმა შეცვალა. მოვიტან ერთ ვრცელ ამონაწერს დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან, რომელშიც კარგად ჩანს სისხლიანი მმართველის სახე, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მთელი კავკასია სახრჩობელების ტყედ ექცია.

"ელიზავეტოპოლის გუბერნიაში (დღევანდელი განჯა) სხვებთან ერთად დათარეშობდა ბრბო ყაჩაღ აბუზარ-ოღლის მეთაურობით. მთავრობამ ვერასგზით ვერ მოსპო ეს ბრბო და ბოლოს იშოვეს ერთი გადავარდნილი, სახელად სალიხა, რომელსაც შეჰპირდნენ ყველაფრის პატიებას და დასაჩუქრებასაც, თუ ის მოჰკლავდა აბუზარას, ან ხელს შეუწყობდა მთავრობას მის მოსაკლავად. სალიხა დათანხმდა, შევიდა აბუზარას ბრბოში და ერთ დღეს აბუზარა ღალატით მოჰკლა.

ბრბოს შემადგენლობა დაიჭირეს და მათში სალიხა. სასწრაფოდ ბრძანება გაიცა, რომ სამხედრო სასამართლოს განჯაში გაერჩია დაჭერილების საქმე. სასამართლო გაემგზავრა განჯაში. განჯის გუბერნატორს კირეევს დეპეშით ბრძანება მიეცა, დაემზადებინათ თერთმეტი სახრჩობელა დაჭერილ ყაჩაღთა ჩამოსახრჩობად.

გოლიცინმა ეს წინასწარ გადაწყვიტა და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ სასამართლოც ასე გადაწყვეტდა. ბრძანება, რასაკვირველია, აღსრულებულ იქნა, - კირეევმა დაამზადა თერთმეტი სახრჩობელა, მაგრამ საველე სასამართლომ ჩამოხრჩობა მხოლოდ ოთხ ყაჩაღს მიუსაჯა, მათ შორის სალიხასაც, დანარჩენებს კი სხვადასხვა სასჯელი. გუბერნატორი კირეევი შიშისაგან ჭკუაზე აღარ იყო. იგი დიდი ხნიდან მეგობარი იყო გოლიცინის, კაცი რბილი; გოლიცინმა გადმოიყვანა რუსეთიდან განჯაში. მეგობარი იყო გოლიცინის, მაგრამ ძლიერ ეშინოდა მისი და მუდამ თან უბით ატარებდა სამსახურიდან გადადგომის თხოვნას; რბილ გენერალს არ შეეძლო სასტიკი მეგობრის ნების აღსრულება; რამდენიმეჯერ კიდეც შეეცადა გაენთავისუფლებინა თავი სამსახურიდან, მაგრამ მკაცრი უფროსი თხოვნას უკან უბრუნებდა და ეუბნებოდა:

- სამსახურიდან გადადგომა კი არაა საჭირო, საჭიროა სამსახურის აღსრულება!

დამფრთხალმა კირეევმა ახლაც გაამზადა სამსახურიდან გადადგომის თხოვნა, - ამით ფიქრობდა გოლიცინის რისხვის აცდენას.

სასამართლოს თავმჯდომარე თბილისში ჩასვლის მეორე დღეს წარუდგა გოლიცინს საქმის მოსახსენებლად: გოლიცინმა უკვე იცოდა, რომ ჩამოსახრჩობი მხოლოდ ოთხი ყაჩაღი იყო თერთმეტის მაგივრად.

მოსამართლენი მიიღო დამშვიდებულად, დაწყნარებულად, დაჯდა და ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ დაიწყო: - "თქვენ, ბატონებო, კანონის ხალხი ხართ, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ მეც კანონის კაცი ვარ (იგი სენატორი იყო), რომ მეც მესმის რაიმე კანონის და მსურს კანონიერება დავამყარო ამ მხარეში, თქვენ კი ხელის შეწყობის მაგივრად ხელს მიშლით და გიცხადებთ, რომ მე თქვენ ამის ნებას არ მოგცემთ და გაფრთხილებთ შემდეგისათვის. - იგი თანდათან ბრაზდებოდა: - მე მოველოდი თერთმეტ სახრჩობელას, თქვენ კი დამცინეთ და ოთხ კაცს მაძლევთ. ჩემი განზრახვები არ გადის თქვენთან. ტყუილია, მე ჩემსას ვიზამ, ჩემსას გავიყვან! თითქმის ყვირილით დაათავა თავისი მიმართვა. როცა სასამართლოს განაჩენი წარედგინა დასამტკიცებლად, თავმჯდომარემ მოახსენა, რომ ჩამოსახრჩობ ოთხთა შორის არის სალიხა, რომელსაც მთავრობა შეპირდა ყველაფრის პატიებას.

გოლიცინი მიუბრუნდა მოსამართლეს და წამოიყვირა:

- აბა სამი რჩება! მხოლოდ სამი? სამასხარაოდ მიხდით საქმეს?! ყველა ჩამოახრჩონ! არ ვიცი მე თქვენი დაპირება. გაბრაზებით მოუსვა კალამი განაჩენს და ამრიგად, სალიხაც სხვებთან ერთად, დასაჩუქრების ნაცვლად, ჩამოხრჩობილ იქნა".

ისეთი სალახანა, სალიხა რომ ყოფილა, ბუნებრივია, თოკზე ჩამოკიდების ღირსი იყო, მაგრამ არაბუნებრივი ის გახლავთ, მთავარმართებელი, მთელი კავკასიის ბედის განმგებელი რომ წინასწარ გეგმავს ჯერ კიდევ დაუპატიმრებელი და დანაშაულდაუდგენელი ადამიანისადმი სასჯელის უმაღლეს ზომას, წინასწარ გეგმავს ჩამოსახრჩობ ყაჩაღთა რიცხვსაც კი, მაინცდამაინც 11 კაცი ჩამოახრჩვეთო.

კარგა ხანს განაგრძობდა ამგვარ "კანონიერების" განმტკიცებას გოლიცინი, სანამ თავი არ გაუხეთქეს კოჯრის გზაზე და დაავადმყოფებული იძულებული არ გახადეს, თავი დაენებებინა კავკასიისათვის და ისევ პეტერბურგში დაბრუნებულიყო. თუმცა პეტერბურგი გოლიცინებისმაგვარ "წესრიგის მოყვარული" პიროვნებების ნაკლებობას არ განიცდიდა.

უკეთესი დღე ჩვენს ქვეყანას არც ცოტა ხნის შემდეგ, ვარანცოვ-დაშკოვის მეფისნაცვლობის ჟამს დასდგომია. საქართველოს ცოტა მოგვიანებით ისეთი დროც დაუდგა, დონდუკოვ-კორსაკოვები, გოლიცინები, ვარანცოვ-დაშკოვები სანატრელიც რომ გაუხდა. გოლიცინმა, როგორც ვნახეთ, აიკვიატა და 11 კაცის ჩამოხრჩობა ბრძანა წინასწარ, საქმის გამოუძიებლად. თუმცა კი სასამართლოს იმ დროში იმდენი წონა და ავტორიტეტი მაინც ჰქონია, რომ მთავარმართებლის ბრძანებაცა და გუბერნატორის თხოვნაც თემიდას მსახურებმა კანონად ვერ მიიჩნიეს. 11- ის ნაცვლად მხოლოდ 4 კაცი ჩამოახრჩვეს.

გაივლის რამდენიმე ათეული წელი და ახალი, წითელი "მეფისნაცვლები"11 კაცის, ისიც ყაჩაღების კი არა, ასჯერ, ათასჯერ, ათი ათასჯერ უფრო მეტის, სრულიად უდანაშაულო ადამიანების მოკვდინებას ბრძანებენ. მათ ბრძანებას კი სასამართლოს ჩინოვნიკები კი არა, თვით მაღალი ღმერთიც ვეღარ აღუდგება.

თუმცა მოვლენებს ცოტა წინ გავუსწარით. დავუბრუნდეთ კვლავ XIX საუკუნის 90-იანი და 900-იანი წლების საქართველოს ვითარებას.

რეაქციის სუსხი, მთავარმართებელთა და იმპერიის ერთგულ ლაქიათა მედგარი ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ მატერიალური და კულტურული ცხოვრების ყველა უბანზე გავრცელდა. რუსიფიკატორული პოლიტიკა მიზნად ისახავდა ქართველი ერის სრულ მოსპობას, სრულ განადგურებას.

 

შემდეგი თემები:


დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში.

ბრძოლა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ 

ბრძოლა ქართული ენის წინააღმდეგ

ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ 

რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგები 

გზა ხსნისა

პირველი დასი 

მეორე დასი 

ხალხოსნები

სოციალ-ფედერალისტური პარტია 

მესამე დასი

 

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ