მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 327 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საქართველოს თავისი უმშვენიერესი ბუნების, წიაღისეულის, ადგილმდებარეობის გამო მუდამ მოპყრობილი ჰქონდა მოსაზღვრე სახელმწიფოთა ხარბი მზერა. ყველას ეწადა, ერთი უცხოელი მწერლის მოსწრებული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისად დაეგულვებინა ეს "ნარინჯებისა და მყინვარების ქვეყანა". საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე და სილამაზე მისივე უბედურების მიზეზად ქცეულიყო. სამშობლოს ამ ტრაგიკულმა განცდამ ათქმევინა დიდ ილიას:


"კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,

ლამაზად მორთულ და მოკაზმული;

მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ,

იმდენად უფრო მიკვდება გული.


გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,

გისმენ და სმენით ყური ვერ ჰძღება;

მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ,

იმდენად უფრო გული მიკვდება.


რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი?

ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?

მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ,

იმდენად უფრო მიკვდება გული.


ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს

შენი სიმდიდრე, შენი უხვება;

მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,

იმდენად უფრო გული მიკვდება.


მოგვიანებით კი ტიციან ტაბიძე დაწერს:


"სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, 

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!"

 

იარაღაყრილ, ხუნდებდადებულ საქართველოზე სახელმწიფოებრივი მასშტაბის ნადირობა გამოცხადდა... მეფის რუსეთი გასული საუკუნის ბოლო წლებიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. დაიწყო უფრო შემტევი ბრძოლა ძველი მიზნების პრაქტიკულად განხორციელებისათვის, რაც გამოიხატა ქართული მიწების მიტაცება-დასაკუთრებაში. ეს პროცესი ადრე დაიწყო. სამხრეთ საქართველოდან მკვიდრ მოსახლეობას თურქეთისაკენ ერეკებოდნენ და აქ სომხების ჩამოსახლება ხდებოდა, ჩვენი ბედოვლათი თავად-აზნაურობაც მამა-პაპის სისხლით მორწყულ მიწა-წყალს ჩარჩ ვაჭრებზე გროშის ფასად ყიდდა. 

საუკუნის ბოლოს კი ახალი დემოგრაფიული კრიზისის საშიშროება გაჩნდა. კვლავ შეუდგნენ მკვიდრი მოსახლეობის აყრას და შიდა რუსეთიდან ხალხის გადმოსახლებას განსაკუთრებით თვალი დაადგეს საქართველოს საკურორტო და შავიზღვისპირა რეგიონებს. დავით კლდიაშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ბათუმში მსახურობდა. იგი თვითმხილველი იყო ყველაფერი იმისა, რაც შავიზღვისპირეთში ხდებოდა, ამდენად, მისი მონათხრობი იმნდროინდელი დემოგრაფიული პოლიტიკის ზუსტ სურათს წარმოგვიდგენს: 

„მთავრობა იმის ცდაში იყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი გადმოესახლებინა შიდა რუსეთიდან და დაებინავებინა. მკვიდრნი აეყარა და სხვაგან გადაეგდო. აქაურობას მოეშორებინა... ამდაგვარი უცნაური შემავიწროებელი განკარგულების ქვეშ იყო ქართველობა თვით ბათუმშიაც. მაგალითად, ბათუმის განაპირა უბანში, ეგრეთ წოდებულ გოროდოკში, არარუსს ნება არ ჰქონდა ეყიდნა ადგილი და სახლი აეშენებინა.

სოფლიდან აყრილს, ქალაქს შემოხიზნულს, ერთადერთი ადგილი ჰქონდა დასაბინავებლად, ეს იყო როტშილდის ქარხნის გადაღმა, მდინარე ბარცხანას ნაპირზე. ამ დათმობაში გადაცდა მთავრობა, თორემ აქ არავის გააჭაჭანებდა - არ ეგონა, თუ აქ თავს მოიყრიდა ერთ- გვარი ელემენტი, რომელიც 905-ში ერთ ალიაქოთს აუტეხავდა, გამოაცხადებდა თავის ნებას უჩინარი „ბარცხანის გუბერნატორის“ სახელით და თავისი ნების და ბრძანების ქვეშ მოიქცევდა ბათუმსაც და მის მთავრობასაც. უკვე მეტად მტრულად უხვდებოდნენ სოფლიდან მოსულებს არტელებში თავშეყრილი შორი ქვეყნიდან გადმოსახლებულები“. 

რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულთა გარდა მთავრობა დიდად უწყობდა ხელს ადგილობრივ რუს ჩინოვნიკებს, რომ აქ, საქართველოში, დიდი და საშვილიშვილო მამულები შეეძინათ.

„მიწა მუქთად იშოვებოდა, - აგრძელებს თხრობას დავით კლდიაშვილი. ხშირად არც კი იცოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ადგილი: მოწონებულ ადგილს კაფავდნენ და აწყობდნენ მოსახლეობას. განსაკუთრებით დიდი ადგილები შემოიფარგლეს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა სტოიანოვმა, სამსახურს გადამდგარმა პოლკოვნიკ-ინჟინერმა სალოვცოვმა, ბათუმის ნოტარიუსმა გერენშტეინმა, ექიმმა ოლინსკიმ, მილიონერმა სიბირიაკოვმა და სხვებმა“. 

ცხადია, დღევანდელი მკითხველისათვის ნაკლებად საინტერესოა დირექტორი სტოიანოვის, ინჟინერ სალოვცოვის, ვინმე ნოტარიუსისა თუ ყოფილი მილიონერის სიბირიაკოვის ბედი და ავან-ჩავანი. ჩვენთვის სავალალო და გულგასახეთქი ის არის, რომ ჩვენივე წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწები ჩრდილოელთა ხელში გადადიოდა და უცხონი ქართველ კაცს მშობლიური მიწა-წყლიდან ერეკებოდნენ. 

ასეთი გულსაკლავი ფაქტები, სამწუხაროდ, მაშინდელი დემოგრაფიული პოლიტიკისათვის გამონაკლისი არ გახლდათ. მეფის მთავრობამ ერთი ასეთი პროექტიც შეიმუშავა ქართველების აყრა-გადასახლების მიზნით: ტირიფონის ველის გარშემო მიმდებარე სოფლებიდან განზრახული იყო 40000 ქართველი გლეხის აყრა და იქ სამხედრო პოლიგონის მოწყობა. ამას წინ უსწრებდა იმავე მთავრობის მიერ შედგენილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ოსი ხიზნებისათვის ქართული მიწების სამუდამო მფლობელობაში გადაცემას.

კავკასიის ქედიდან მეჯვრისხევამდე (მდ.მეჯუდა), საციციანოსა და საჯავახოში, ათიათასობით დესეტინა მიწა უფასოდ უნდა გადასცემოდათ ოსებს. ეს მაშინ, როცა ქართველი გლეხები ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ კიდევ გამოსასყიდ ფულს იხდიდნენ იმ მიწებისას, რომელზედაც ესახლნენ...

იმჟამად პოლიგონის მოწყობისა და ხიზანთა საქმე მთავრობას ჩაეფუშა, ჩაეშალა ქართველ პატრიოტთა შეუპოვარი წინააღმდეგობის შედეგად, მაგრამ მეფის მთავრობა ამ მარცხით ბედს არ შერიგებია. საქართველოს დემოგრაფიული აღრევისათვის კიდევ უფრო საშინელი გეგმა იქნა ჩაფიქრებული. 

"არ იფიქროთ, რუსის მთავრობა დაკმაყოფილდა "ხიზანთა" და "პოლიგონის" პროექტით - წერს რევაზ გაბაშვილი - არანაკლებ ვერაგული პროექტი შეიმუშავა მეფისნაცვლის „კანცელარიაში“, რომლის განხორციელება მშრალზე დასვამდა მთელს საქართველოს. მაგრამ არც ჩვენ და არც ისტორიულმა გარემოებამ დააცალეს. მუღანის უდაბნოში მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ორი კურდღლის დაჭერას, ბამბის პლანტაციების მოშენებას და რუსეთიდან მოყვანილი ხალხის კიდევ ერთი დიდი "პუნქტის" შექმნას კავკასიაში. მრავალი ოქრო, შრომა და რუსი გლეხობის სიცოცხლე ჩაჰყარეს ამ, თითქმის უიმედო ავანტიურაში და მათივე პირველი შემოსავლებით გაპარტახებული აზერბაიჯანის აყვავება მოინდომეს. 

ხალხი ტყუილად იხოცებოდა მალარიისაგან, ბამბის მაგიერ მარილის ზეწარი ეფინებოდა ზეადაგს და... მოინდომეს მესამე და მეოთხე კურდღლის დაჭერა ახალი პროექტით: უმაღლესი ბრძანებით უნდა შეკრულიყო მტკვრის მთელი ხეობის წყალი - მუღანოს უდაბნოს მოსარწყავად. კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, მტკვრის სათავიდან - ყველა შემდინარე ტოტებით წყლით სარგებლობა მოსახლეობისათვის. "ჩტობი ნი ადნა კაპლია ლიშნეი ვადი ნე პრაპადალა. - ვსე დლია მუგანსკოი სტეპი“... ასე ეწერა პროექტში“.

საბედნიეროდ, ამ პროექტმა ჩაილურის წყალი დალია, მისი განხორციელება ვერ შეძლეს, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ყოველი ახალი მმართველის მოვლინებისას ხელახლა დგებოდა საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის ყოფნა-არყოფნის პრობლემა. ხელახლა იწყებოდა უცხოტომელთათვის ახალ-ახალი "პუნქტების" შესაქმნელად გულმხურვალედ ზრუნვა. ვორონცოვ-დაშკოვი იკვეხნიდა: საქართველოში 250 ახალი „პუნქტი“ შევქმენიო. ეს რიცხვი შემდგომ წლებში, სტალინურ ეპოქაში, უფრო და უფრო იზრდებოდა. მეფის მთავრობის მიერ უცხოტომელთათვის პატარ-პატარა „პუნქტების“ შექმნა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ პატარ-პატარა "სახელმწიფოების" შექმნით დასრულდა... 

სახელმწიფო - ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება, ტერიტორია, დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა.

დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა საქართველოს უკვე დიდი ხნის წინ წართმეული ჰქონდა. აღნიშნული აქციებით კი, ტერიტორიის დანაწილება-დაქუცმაცებით, დემოგრაფიული კრიზისის შექმნით, ქართველი ერის ეროვნული თვითმყოფადობისათვის კიდევ ერთი ბოძი უნდა მოერყიათ და გამოეცლიათ. თუმცა უნდა ვთქვათ ერთი რამ: ერს შესაძლოა აღარ ჰქონდეს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, შესაძლოა ტერიტორიაც დაუნაწევრონ და დაუქუცმაცონ, მაგრამ ასეთი ერი, შესაძლოა, მაინც ერობდეს, ცოცხლობდეს, იბრძოდეს, ვითარდებოდეს, უკეთუ იგი ინარჩუნებს ენას, სარწმუნოებას, მამულის შეგრძნებას. ისე კი, ერის სრულყოფილი არსებობისათვის მხოლოდ ენა, მამული და სარწმუნოება არ არის საკმარისი, ეს რომ ასე იყოს, დიდი ილია არ იტყოდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება, თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით,

რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩაო - ბრძანებს ილია. ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას, დაგვრჩა და არა გვქონდაო. ქონებით კი ქართველ ერს ჰქონდა დამოუკიდებლობაც, სახელმწიფოებრიობაც, საკუთარი ისტორიული ტერიტორიაც. პირველიც, მეორეცა და ნაწილობრივ მესამეც დავკარგეთ. სამი ღვთაებრივი საუნჯე კი, რომლის წართმევა შედარებით უფრო ძნელია – ენა, სარწმუნოება, მამულის შეგრძნება, შევინარჩუნეთ. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებითო? - მთელი საქართველოს გასაგონად ამბობს ერის მოძღვარი. 

"ამათაც" - ამ სიტყვაში ნოსტალგიაც გამოსჭვივის იმისადმი, რაც უკვე დავკარგეთ. ეს სიტყვა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ საქართველო ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, 900-იან წლებამდე მაინც, იძულებულია მხოლოდ თავდაცვითი ბრძოლები აწარმოოს, ის შეინარჩუნოს, რაც აქვს, რაც ჯერ კიდევ ვერ წაურთმევიათ, ვერ წაუგლეჯიათ, - „ამათ“ მაინც უპატრონოს.

თავის მხრივ, იმპერიას ახლა უკვე ამ სამ საუნჯეზე აქვს მიტანილი იერიში. როცა ქართველ კაცში წაიშლება მამულის გრძნობა, ანუ როცა გადაუგვარდება ეროვნული ცნობიერება, როცა ქართველი კაცი დაივიწყებს მშობლიურ ენას, აი მაშინ ჩაითვლება საქართველო სრულიად ანექსირებულად. მხოლოდ მაშინ გახდება დაპყრობილი ქვეყანა იმპერიის ორგანული ნაწილი, მანამდე კი დამპყრობელს დაპყრობილი ხალხისა ეშინია, მანამდე ყოველი ბუჩქის უკან ჩასაფრებული "ბუნტოვჩიკი" ელანდება. ამიტომ, ბუნებრივია, ცარიზმი განსაკუთრებული გულმოდგინებით იბრძვის ქართველთა სამი ღვთაებრივი საუნჯის აღმოსაფხვრელად - ენის, მამულისა და სარწმუნოების.

შესაძლოა ეს ცოტა პარადოქსულადაც მოგეჩვენოთ, დამპყრობელიცა და დაპყრობილნიც ხომ ერთმორწმუნენი ვიყავით და ვართ. ასეა, მაგრამ მეფის რუსეთში არც ჩვენს სარწმუნოებას დასდგომის კარგი დღე...

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ