მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 89 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზაფხულის ერთ დილით პატარა ქალაქის მახლობლად, ყვავილოვან ველზე ბავშვები გასულიყვნენ სათამაშოდ.

დარბოდნენ.

დახტოდნენ.

პეპლებს ეთამაშებოდნენ.

ერთ ბიჭუნას ჯიბეში ფერადი შუშები ჰქონდა.

დაირიგეს ის შუშები და უცქეროდნენ ველს, ზოგნი ცისფრად, ზოგნი ვარდისფრად და ზოგნი წითლად შეღებილს.

მზესაც შეხედავდნენ ხოლმე.

გაუცვლიდნენ ერთმანეთს იმ შუშებს, იჭყიტებოდნენ და ჰქონდათ ჟრიამული.

- შეხედეთ, შეხედეთ, წითელი ღრუბლებიო!

- წითელი კი არა, ლურჯიაო!

- აგერ, მწვანე პეპელაო!

- მე ცისფერ გვირილას ვხედავო...

უცებ ერთმა გოგონამ შორს, ველის ბოლოში რაღაც დაინახა. ფერადი შუშა დაბლა დაუშვა და გაოცებულმა თქვა:

- უყურეთ, იქ თითქოს დიდი მაკრატელი მოძრაობსო.

გაიხედეს ბავშვებმა. მართლაც იყო რაღაც დიდი მაკრატლის მსგავსი.

გაიქცნენ იქით.

მივიდნენ ახლოს და რას ხედავენ:

დგას ვიღაც კაცი ყირამალა და ყვავილს ყნოსავს.

დატკბება იმ ყვავილის სურნელით და ახლა მეორე ყვავილთან გადავა.

დადის ხელებზე.

- გამარჯობათ, ძია! - უთხრეს ბავშვებმა, თან იფიქრეს: თუ სალამზე გვიპასუხა, ხომ კარგი, საშიში არაფერია. თუ არადა, ალბათ უნდა გავიქცეთო.

- გაგიმარჯოთ, ბავშვებო, - თქვა კაცმა.

- რას აკეთებთ?

- ყვავილებს ვყნოსავ.

- მერე ყირაზე რატომ დგახართ?

- ყვავილებს ვყნოსავ და იმიტომ.

ბავშვებს მოეწონათ პასუხი. მეტი აღარაფერი უკითხავთ.

თვითონაც მოინდომეს ხელებზე სიარული.

დგებოდნენ ყირაზე, ფეხებს აფხარკალებდნენ, ეცემოდნენ, იცინოდნენ და კვლავ ცდილობდნენ ხელებზე გავლას.

- აბა თქვენ იცით, ცოტაც და ისწავლითო, - ეუბნებოდათ კაცი.

ამ მხიარულებაში რომ იყვნენ, ერთმა კაცმა გამოიარა.

მოდიოდა, კისერი გაშეშებული ეჭირა, წინ იყურებოდა და ღრმად სუნთქავდა.

მისთვის ექიმს ეთქვა, წადი, მინდორში გაიარ-გამოიარე, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეო.

ეს ისეთი კაცი იყო, რომ ეტყოდნენ, ასეთია წესიო, ყველაფერს ასრულებდა.

მაგრამ ექიმს ალბათ დავიწყებოდა ეთქვა, მინდორში პეპლები და ყვავილები იქნებიან, უცქირე, დატკბი სილამაზით, ყვავილთა სურნელება იყნოსეო. ამიტომაც ბეჰემოთივით მიაბოტებდა და ყვავილებს თელავდა.

ყირაზე დამდგარი კაცი და იმ კაცის ირგვლივ მოჟრიამულე ბავშვები რომ დაინახა, შეჩერდა.

- რა ხდება აქ? - ჰკითხა კაცს. - რატომ დგახარ ყირაზე!

- ყვავილებს ვყნოსავ.

- მერე მაგას რად უნდა ყირაზე დგომა. აი, მეც შემიძლია მოვწყვიტო ყვავილი და დავყნოსო.

- ეგრე ვერაფერს იგრძნობთ, - უთხრა ყირაზე მდგომმა კაცმა, - ყვავილი ვიდრე მიწაშია ფესვებით, მანამდე აქვს ნამდვილი სურნელი.

- მაშინ ჩავიმუხლავ ან ჩავცუცქდები...

- არც ეგრე გამოგივათ რამე. თუ ფეხებს ჰაერს არ აბიჯებთ, ყვავილი არ გაგიმხელთ ნამდვილ სურნელს.

- რატომ ვითომ? - ჰკითხა წესიერმა მოქალაქემ.

ასე ვუწოდოთ მას.

- რატომ? - გაუმეორა კითხვა.

- ეგ კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, - უთხრა ყირაზე მდგომმა.

- აბა ვინ იცის?

- არც ეგ ვიცი...

- სისულელეა, - თქვა წესიერმა მოქალაქემ. მერე გადახედა ბავშვებს, მისი მოსვლის შემდეგ გატრუნულები რომ იდგნენ, და დაამატა: - შენ გინდა, რომ ბავშვები ყირაზე დგომას მიაჩვიო და გაახულიგნო?

- რატომაა ყირაზე დგომა ხულიგნობა? ვის რა უშავდება ამით? - მიუგო კაცმა.

- ბავშვებო, წადით, მოშორებით ითამაშეთ და დაიმახსოვრეთ, ეს ბიძია არ იქცევა წესიერად, - მიუბრუნდა ბავშვებს წესიერი მოქალაქე.

ბავშვებს არ სურდათ წასვლა, მაგრამ იმან დაუცაცხანა:

- წადით, თორემ თქვენს მასწავლებელს ვეტყვი და ორიანებს დაგიწერთ!

წესიერი მოქალაქე არც დაფიქრებულა იმაზე, რომ ორიანს, გაკვეთილი რომ არ იცის, იმიტომ უწერენ ბავშვს და არა ყირაზე დგომისათვის.

- წადით, ბავშვებო, ნახვამდის! - თვალი ჩაუკრა ყირაზე მდგომმა ბავშვებს. - რაც შეეხება წესიერებას, ეს დაიმახსოვრეთ მხოლოდ. ხულიგნობა ის კი არაა, თვითონ რომ დგები ყირაზე, არამედ ის, რომ სხვა გინდა ყირაზე დააყენო ძალით.

- ნახვამდის, - თქვეს ბავშვებმა. წავიდნენ და მინდვრის ბოლოში განაგრძეს თამაში. ფიქრობდნენ, ეს ვიღაცაა, რომ მოეშვება, დავბრუნდებით იმ კაცთანო. გრძნობდნენ, მეტად კეთილი იყო კაცი.

ბავშვები რომ შორს გაიგულა, წესიერმა მოქალაქემ ხმას აუწია.

- არა გრცხვენია! ამხელა კაცი ყირაზე დგახარ, ხალხი რას იტყვის, ასე რომ გნახონ?

- ეგ მე ნაკლებად მაწუხებს, ვიცი, რასაც იტყვიან - ზოგს მოეწონება, ზოგი კი თქვენსავით გაბრაზდება, - უთხრა კაცმა.

- დადექი ახლავე ფეხზე! - უცებ მართლაც გაბრაზდა წესიერი მოქალაქე.

- ვერ დავდგები, ჯერ არ შეიძლება ჩემი ფეხზე დადგომა, ჯერ ყვავილების სურნელით უნდა დავტკბე, - უთხრა კაცმა, - თუ თქვენ ხელს გიშლით, წავალ!

- ნურას უკაცრავად. სად მიდიხარ? სხვაგანაც იქნებიან ბავშვები და იმათაც ცუდ მაგალითს მისცემ.

- ეჰ, - თქვა ყირაზე მდგომმა კაცმა.

...მართალი თუ გინდათ, ნამდვილად ხათაბალაა ეს ყირაზე მდგომი ხალხი.

ახლა მინდოდა დამეწერა, ამოიოხრა-მეთქი, მაგრამ როცა კაცს პირი ქვევითა აქვს მიქცეული, ვერ იტყვი, ამოიოხრაო. ამოოხვრა ხომ იმას ნიშნავს, ოხვრა გულიდან მაღლა რომ ამოდის.

არადა, კაცმა რომ თქვა, ეჰო, ოხვრაც მოჰყვა ამას და ხომ უნდა ვთქვათ ეს როგორღაც...

რა ვქნა, უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ჯერჯერობით ასე დავწეროთ:

- ეჰ, - თქვა კაცმა და მისი ოხვრა დაეფინა ყვავილებს.

წესიერმა მოქალაქემ კაცის ოხვრას ყურადღება არ მიაქცია.

- დადექი ფეხზე, რომ გეუბნები! - შეუტია კაცს.

კაცმა ხმა აღარ გასცა.

წავიდა ხელებზე.

მიდიოდა.

ის კი უკან მისდევდა და მისძახოდა:

- დადექი ფეხზე, ფეხზე დადექიო!

ბოლოს გაცეცხლდა:

- რახან ნებით არ გინდა, მაშინ სხვა გზა აღარა მაქვს, ძალით უნდა დაგაყენო ფეხზეო.

- მაგას ჰქვია სწორედ ხულიგნობა, ძალით რომ გინდათ სხვის საქმეში ჩაერიოთო, - მშვიდად უთხრა კაცმა.

- რაც გინდა, ის ერქვას, მთავარია, წესრიგი იყოს ქვეყნად, - თქვა წესიერმა მოქალაქემ და გაიწია კაცისაკენ.

- თუ ყვავილის ყნოსვაში ბრიყვი ხულიგანი გიშლის ხელს, მაშინ სხვა გზა არაა, შენც ღონე უნდა იხმარო, - ჩაილაპარაკა კაცმა თავისთვის.

კაცმა ბრიყვი უწოდა და, რადგან უკვე თქვენც საკმაოდ იცნობთ ამ წესიერ მოქალაქეს, დამეთანხმებით, რომ მასზე უპრიანია, შემდეგში ჩვენც ბრიყვად მოვიხსენიოთ ხოლმე...

კაცის სიტყვებმა შეაჩერა ბრიყვი.

- ღონე უნდა იხმარო?! - ჰკითხა კაცს, - რას აპირებ?

- რადგან ხელები დაკავებული მაქვს, ამიტომ სხვა გზა აღარაა, პანღური უნდა გითავაზოთ კინკრიხოში.

- პანღური? კინკრიხოში? - ბრიყვს იმ დღეს და შეიძლება იმ წელიწადშიც კი პირველად გაეცინა: - აი, რა მოსდევს ყირაზე დგომას. სწორად ლაპარაკიც დაგავიწყდა. პანღური იმას ჰქვია, როცა ფეხს ურტყამენ საჯდომზე. კინკრიხოში პანღური ვის გაუგია?

- რა ვქნა, - გაეღიმა კაცს, - რადგან ყირაზე ვდგავარ, კინკრიხოზე უფრო იოლად მოგწვდები, ვიდრე საჯდომზე. თანაც ისე ვატყობ, სადაც უნდა მოგარტყა, მორტყმას მაინც პანღური ერქმევა.

- ეგ როგორ? - ვერ მიხვდა ბრიყვი და ისე ჩაფიქრდა, ხელიც კი მიიდო თავზე. ეტყობა, რაც შეეძლო, დაძაბა გონება, მაგრამ ამაოდ.

კაცი ფეხზე რომ მდგარიყო, ალბათ ხელს ჩაიქნევდა, ახლა კი ესღა უთხრა:

- თუ კაცი ხარ, დამანებე თავი, თორემ მართლა მოგაყოლებ პანღურებს.

- მე მინდა ფეხზე დაგაყენო, შენ კი პანღურებით მემუქრები. დადექი რა ფეხზე... - ახლა ხვეწნა გაურია ხმაში ბრიყვმა.

- თავი დამანებე, - უთხრა კაცმა, - გაიგე, რომ არ მინდა.

- თავში სისხლი რომ ჩაგექცეს? - უთხრა ბრიყვმა და იფიქრა, ეს რა კარგად მოვიფიქრეო.

- არა უშავს, არ ჩამექცევა, - უპასუხა კაცმა...

მიდიოდა კაცი.

მიჰყვებოდა ბრიყვი...

ბავშვებმა გული იჯერეს ბალახში კოტრიალით და თამაშით.

ზოგმა ათის დათვლამდეც კი ისწავლა ყირაზე დგომა.

დაიღალნენ და დასხდნენ...

მზე გადაიხარა...

თბილმა სიომ დაუბერა და დაღამდა.

ვარსკვლავები აკიაფდნენ ცაზე.

ბრიყვი არ ეშვებოდა კაცს.

უკან დასდევდა ღრიტინით.

- დადექი ფეხზე! დადექი რა, ფეხზე! - ბურტყუნებდა შეუჩერებლივ, - ყირაზე დგომა არ შეიძლება. ძალიან გთხოვ, დადექი რა, ფეხზე...

- არ შეიძლება-მეთქი, არ შეიძლება ჩემი ფეხზე დადგომა, - თქვა კაცმა. - ჯერ ყველა ყვავილის სურნელი არ შემიგრძნია. მაგრამ რადგან აღარ მეშვები და თავი მომაბეზრე, რა გაეწყობა.

დადგა კაცი ფეხზე.

- ხომ გითხარი, ასე არ სჯობია?! - დაიწყო ბრიყვმა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.

კაცი იზრდებოდა!

- ვაიმე! - თქვა და სადაც იდგა, იქვე ჩაჯდა ბრიყვი.

იზრდებოდა კაცი, ზეცას შეჰყურებდა და იღიმებოდა.

იზრდებოდა, ზევით მიიწევდა მისი სახე, თითქოს ღიმილი მიჰქონდა ცისკენ.

- რას შვრები? - გონს მოეგო და იყვირა ბრიყვმა.

- რა ვქნა, ასეა, - ჩამოსძახა კაცმა. - ხომ გეუბნებოდი, ჯერ ადრეა ჩემი ფეხზე დადგომა-მეთქი. სხვანაირად არ შემიძლია: თუ ყვავილებს არ ვყნოსავ, მაშინ ვარსკვლავების სურნელით უნდა დავტკბე...

- რატომ? - ასძახა ბრიყვმა.

- ასეთი გავუჩენივარ ბუნებას.

- რა სისულელეა, როგორ შეიძლება. მაშ ბუნებას, არა?.. მე ამას ვაცნობებ, სადაც საჭიროა... გასწავლით წესრიგს. ბუნება... ბუნება! მაგას ვაჩვენებ!

- აბა შენ იცი! - ჩამოსძახა კაცმა...

იზრდებოდა, იზრდებოდა კაცი.

ასცდა ღრუბლებს და აჰა, ცას მისწვდა თავით.

ბრიყვი იდგა დაბნეული.

მერე ასძახა:

- რაო, მართლა ასდის რაიმე სუნი ვარსკვლავებს?

- ვარსკვლავებს სუნი კი არ ასდით, სურნელებას აფრქვევენ, - ჩამოსძახა კაცმა.

- მაინც რისი სუნი ასდით? - არ გატყდა ბრიყვი.

- აბა, როგორ გითხრა, მე მგონია, ყველაზე მეტად ეს სიზმრის სურნელებას ჰგავს.

- სიზმრის სურნელება როგორიღაა? - ჩაიბურტყუნა ბრიყვმა.

ბრიყვი კაცი სიზმრებს არ ხედავდა.

- ფეხებზე მკიდია მე შენი სიზმრები და ვარსკვლავები! - იყვირა მერე და ეცა კაცის ფეხს. ჩააფრინდა კბილებით.

კაცმა ასწია ფეხი, მიწას ააშორა ბრიყვი და უთხრა:

- როგორც ხედავ, ახლა თვით მკიდიხარ ფეხზე. შენ ბრიყვი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, რადგან შენც ადამიანი ხარ და ადამიანები თუ არ გიყვარს, ისე რა ფასი აქვს ან ყვავილების სურნელს, ან ვარსკვლავებისას. სიმაღლეს რომ იგრძნობ, იქნებ მიხვდე რამეს. ზეცაშიც ამოგიყვანდი, მაგრამ აქაც შენი სულელური წესრიგის დამყარებას დაიწყებ და მეშინია, მოწყენილობით არ დაჭკნენ ვარსკვლავები.

თვალდაჭყეტილი შემოხვეოდა კაცის ფეხს ბრიყვი, ჩაბღაუჭებოდა შარვალს. ირგვლივ ღრუბლები იყო.

ჩაიხედა ძირს ბრიყვმა და პატარა ქალაქის სინათლეები დაინახა.

„ეს კარგია“, - იფიქრა და თავის სახლს დაუწყო თვალებით ძებნა, ხანძარი ხომ არ გაჩნდა, რაც წამოვედიო...

ერთხანს ეჭირა კაცს ბრიყვი ღრუბლებს შორის, მერე უთხრა:

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დავიღალე ცალ ფეხზე დგომითო, და დასვა მიწაზე...

მერე აიწია ის დიდი ფეხი და მთებს იქით, სადღაც შორს, სიბნელეში გაუჩინარდა. იმას მეორე ფეხიც მიჰყვა.

დარჩა ველზე ბრიყვი კაცი.

წამოვიდა და ნახა, ბავშვებს ჩასძინებოდათ.

„მინდორში ძილი ვის გაუგიაო“, - იფიქრა ბრიყვმა, მაგრამ თავის სიცოცხლეში პირველად დაეზარა ეს ხმამაღლა ეთქვა.

გააღვიძა ბავშვები და ჰკითხა:

- სიზმარი ხომ არ გინახავთო?

- კი ვნახეთო, - უთხრეს.

- მერე როგორი სუნი ასდისო?

ბავშვები ჩაფიქრდნენ.

მერე მხრები აიჩეჩა ყველამ, აბა როგორ გითხრათო, და ერთმა გოგონამ თქვა გაუბედავად:

- ალბათ მხოლოდ ვარსკვლავების სურნელი ჰგავს სიზმრის სურნელსო.

- სისულელეა, - თქვა ბრიყვმა, მაგრამ ბავშვებმა იგრძნეს, რომ ძალიან ბრაზიანად აღარ თქვა ეს.

უცქეროდა ბრიყვი კაცი ბავშვებს.

- მალე ალბათ ესენიც ისწავლიან ყირამალა სიარულს. ეტყობა, არაა საშველიო, - იფიქრა ბოლოს და...

ამოიოხრა.

როგორც ხედავთ, წესით და რიგით რომ იქცევა, ისეთ კაცზე წერა გაცილებით იოლია.

ბრიყვი ფეხზე იდგა, ამიტომ შეგვიძლია უბრალოდ დავწეროთ:

ბრიყვმა ამოიოხრა.

და აქ დამთავრდა ამბავი.

თუმცა სიმართლე მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ თუკი ბრიყვს ოხვრა აღმოხდა, ის მთლად ბრიყვი აღარაა უკვე.

რაც შეეხება იმ ყვავილების მოყვარულ კაცს, იგი კვლავ დადის ვეება ნაბიჯით მთელ დედამიწაზე. ხან აქაა, ხან - იქ. ერთ ადგილას დიდხანს ვერ გაჩერდება, რადგან ყველგან გამოჩნდება ხოლმე ვინმე ბრიყვი.

და ბრიყვები ხომ სწორედ იმით იცნობიან, რომ რატომღაც სულ იმას ცდილობენ, ის კაცი არ მოასვენონ, ვინც ყვავილების ან ვარსკვლავების სურნელით ტკბება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ