მარმარილოს უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობდა ხელმწიფე.
შუადღისას იღვიძებდა, მიუჯდებოდა სუფრას, გაიტიკნებოდა მაგრად და ჩამოივლიდა დიდ დარბაზებს.
დარბაზებში ყველაფერი ბზინავდა და ბრჭყვიალებდა.
უზარმაზარ სარკეებში ირეკლებოდა ბროლის დიდი ჭაღები და ლარნაკები, ლალითა და იაგუნდით მოოჭვილი ოქროს მაგიდები, კარადები და სავარძლები.
იყო ფუსფუსი და გაწამაწია. მსახურები დღედაღამ წმენდდნენ და აპრიალებდნენ ყველაფერს...
დადიოდა ხელმწიფე სასახლეში და უყურებდა ბრჭყვიალა ნივთებს.
მერე კვლავ მიუჯდებოდა სუფრას და მიირთმევდა ათასნაირ კერძებს.
გაიტიკნებოდა და კვლავ დაიძინებდა...
ძალიან უყვარდა თავისი სასახლე ხელმწიფეს.
აბა სხვა რა უნდა ჰყვარებოდა, მან ხომ არც კი იცოდა, თუ ამ სასახლის გარდა კიდევ იყო ამქვეყნად რამე - სასახლის ფანჯრებში მინის ნაცვლად ძვირფასი თვლები იყო ჩასმული და მათში არც ცა მოჩანდა და არც მიწა.
უყურებდა ხელმწიფე თავის ბრჭყვიალა ნივთებს, მიირთმევდა ნაირ-ნაირ კერძებს და ეძინა ბუმბულის ბალიშებში ჩაფლულს.
თუმცა, მისი ფიქრით, მოლხენით ატარებდა დროს, ცოტა არ იყოს, ერთფეროვანი იყო ხელმწიფის ცხოვრება და ხშირად მოიწყენდა ხოლმე.
მაშინ ხელმწიფე თავისი ტახტისაკენ გასწევდა.
ტახტი მარმარილოს კიბის თავში იდგა.
კიბე ისეთი გრძელი იყო, რომ ბოლო არ უჩანდა.
მსახურები რომ დაინახავდნენ, ხელმწიფე ტახტისკენ მიდისო, ნივთების გაპრიალებას თავს ანებებდნენ და კიბის მთელ სიგრძეზე მწკრივდებოდნენ ორსავე მხარეს.
ხელმწიფე ერთხანს წყნარად იჯდა ტახტზე, მერე კი ნელა დაიხრებოდა, ვითომდა ფეხსაცმელზე ზონარი გამხსნია და იმას ვიკრავო.
და მაშინ მოეხდებოდა გვირგვინი ხელმწიფეს, მოეხდებოდა და დაგორდებოდა კიბეზე.
ხელმწიფე ძალად გაიკვირვებდა, ოჰ, ეს რა მომივიდაო, და გამოუდგებოდა გვირგვინს.
მიხტოდა გვირგვინი კიბეზე.
მისდევდა ხელმწიფე.
მსახურები იდგნენ კიბეზე გაშეშებულნი და უყურებდნენ ამ ამბავს. ხელში საყვირები ეჭირათ...
ბოლოს და ბოლოს დაიჭერდა ხელმწიფე თავის გვირგვინს, გაიმართებოდა წელში, გვირგვინს თავზე დაიდებდა და შემოიყრიდა დოინჯს.
მაშინ მსახურები საზეიმოდ აახმიანებდნენ საყვირებს.
მერე აიტაცებდნენ ხელმწიფეს და ვაშას ძახილით აიყვანდნენ მაღლა...
დრო მიდიოდა...
თანდათან უფრო და უფრო ხშირად ეუფლებოდა მოწყენილობა ხელმწიფეს.
ბოლოს ეს კიბეზე სირბილიც მობეზრდა.
აღარც ბრჭყვიალა ნივთების ცქერა იზიდავდა და სასახლეში სიარულსაც მიანება თავი.
სულ ეძინა. გაიღვიძებდა, მიუჯდებოდა სუფრას, კარგად რომ დანაყრდებოდა, ისევ იძინებდა. იმის იმედიღა ჰქონდა, სიზმრებით გავერთობიო.
მაგრამ ერთი სიზმარი გადაეკიდა ხელმწიფეს და იმ სიზმარმა მთლად მოაბეზრა თავი.
ესიზმრებოდა, რომ ბროლის ვეება ლარნაკში იჯდა და ვერ ამოდიოდა. ჩვარი ეჭირა ხელში და შიგნიდან აპრიალებდა ლარნაკს. უსვამდა და უსვამდა, აპრიალებდა უსასრულოდ...
ერთხელ კვლავ ამ საშინელი სიზმრით დაქანცულმა გაიღვიძა ხელმწიფემ. იწვა და ფიქრობდა, რა ვქნა, რა მეშველებაო. უცებ დაინახა, საწოლის ზურგზე პეპელა იჯდა. ხელმწიფეს, ცხადია, არასოდეს ენახა პეპელა.
მსახურებს შემთხვევით ერთი პაწია სარკმელი დარჩენოდათ ღია და იქიდან შემოფრენილიყო.
უყურებდა ხელმწიფე.
პეპელა ისე არხევდა ფრთებს, ისე ცქმუტავდა საწოლის ოქროს საზურგეზე, რომ ხელმწიფეს შეშურდა.
- კი მაგრამ, ეგეთი მხიარული რატომა ხარ? - ჰკითხა.
პეპელა ჩაფიქრდა და მერე უპასუხა:
- ალბათ იმიტომ, რომ ჰაერში დავფრინავ.
- ფრენა რაღაა? - გაუკვირდა ხელმწიფეს.
- ფრენა აი ესაა, - აფარფატდა პეპელა ოთახში, დიდ სარკეებს გაუქროლა და თავის ანარეკლს გაეთამაშა.
- მეც მინდა ვიფრინო! - წამოხტა ხელმწიფე საწოლიდან.
- დაიქნიე ხელები და აფრინდები, - უთხრა პეპელამ.
დაიქნია ხელები ხელმწიფემ, მაგრამ ვერ აფრინდა.
გაიქცა და გამოიქცა ხელების ქნევით.
ახტებოდა მაღლა, იქნევდა ხელებსაც და ფეხებსაც, მაგრამ არაფერი შველოდა.
დანაღვლიანდა პეპელა.
აქამდე ეგონა, ფრენა ყველას შეუძლია, მაგრამ ზოგი მხოლოდ იმიტომ არ დაფრინავს, რომ არა სურსო.
ხელმწიფე კი დაიღალა ხელების ქნევით და გაბრაზდა.
- მომატყუე! - იყვირა და მსახურებს უხმო.
შემოცვივდნენ მსახურები და გამოუდგნენ პეპელას.
გამოფრინდა პეპელა ხელმწიფის საძილე ოთახიდან და მთელ სასახლეში მოჰყვა ფარფატს.
დასდევდნენ მსახურები პეპელას და აწყდებოდნენ აქეთ-იქით. ზოგი კარადაზე ადიოდა და იქიდან ხტებოდა, რომ ხელში ჩაეგდო პეპელა, უსხლტებოდათ ფეხი, ეცემოდნენ, ეჯახებოდნენ ერთმანეთს და სულ ჩაამტვრიეს, რაც სასახლეში სარკეები და ბროლის ლარნაკები იყო...
ბოლოს, როგორც იქნა, დაიჭირეს პეპელა.
- ახლავე მითხარი, როგორ დაფრინავ, თორემ დაგსჯი! - დაემუქრა ხელმწიფე.
მაგრამ აბა რა იცის პეპელამ, როგორ დაფრინავს. დაფრინავს და მორჩა.
- მე ვერაფერს გეტყვი, შენი ნებაა, თუ გსურს, დამსაჯე.
ჩაფიქრდა ხელმწიფე. ბევრი იფიქრა და ბოლოს ერთი აზრი მოუვიდა თავში.
უთხრა, ალბათ შენ რაღაცას თუ ჭამ განსაკუთრებულს და იმიტომ შეგიძლია ფრენაო.
- მე საჭმელს საერთოდ არ ვჭამ. მხოლოდ ნამის ერთი წვეთი დავლიე ამ დილით, - უპასუხა პეპელამ.
- ნამის ერთი წვეთიო? წადით ახლავე და მომიტანეთ ეგ ნამია თუ რაღაცაა! - ბრძანა ხელმწიფემ.
წავიდნენ მსახურები და მთელ ველზე მოაგროვეს ნამი.
აავსეს ბროლის კოკა და მოუტანეს ხელმწიფეს.
მოიყუდა ხელმწიფემ კოკა. ერთხანს ხარბად სვამდა, მერე კი დაუშვა კოკა და გაუწყრა მსახურებს:
- ეს ხომ უბრალო წყალია, რა მოგიტანიათ!
პეპელას გაეცინა და უთხრა:
- მაგ კოკაში ახლა მართლაც წყალია. ნამი ყვავილებს აქვთ. ყოველ ყვავილზე ერთადერთი წვეთი რომ ბრწყინავს, მაშინაა ნამი.
- გასწით, უთხარით ახლავე აქ მოვიდნენ ყვავილები! - უბრძანა ხელმწიფემ მსახურებს.
- ყვავილების ნახვა თუ გინდა, თვითონ უნდა წახვიდე მათთან. ყვავილები მინდორში დგანან და აქ ვერ მოვლენ, - უთხრა პეპელამ.
- როგორ, მე ვეახლო ყვავილებს?! ხელმწიფე ვარ, თუ ვინა ვარ! წადით და ყვავილები ახლავე აქ გამიჩინეთ! - დაატყაპუნა ფეხები გაბრაზებულმა ხელმწიფემ.
წავიდნენ მსახურები და ამოთხარეს ყვავილები...
მიუტანეს ხელმწიფეს.
- ახლავე მომეცით ნამი! - ყვიროდა ხელმწიფე.
მაგრამ აბა როგორ შერჩებოდა ნამი მიწიდან ამოთხრილ ყვავილებს?
მთლად განრისხდა ხელმწიფე. ადგა და პეპელაც და ყვავილებიც ოქროს კარადის უჯრაში ჩაკეტა.
- ამ სისულელეებს რაც მალე დავივიწყებ, მით უკეთესია, - სცადა თავის დამშვიდება, მაგრამ ვერ მოახერხა.
მთელი დღე დაეხეტებოდა სასახლეში, არც ჭამა მოჰგონებია და ვერც იმას ამჩნევდა, რომ დარბაზებში სულ დამტვრეული იყო სარკეებიც და სხვა ძვირფასი ნივთებიც.
უცნაური აზრები მოსდიოდა თავში. რამდენჯერმე ისიც კი გაიფიქრა, მოდი, ფანჯარას გავაღებ, დავინახავ, პეპელა და ყვავილები საიდან მოვიდნენო.
აღარ იცოდა, რა ექნა.
საღამოს ლოგინი მოაგონდა და გაუხარდა. ჩაეფლო ბუმბულის ბალიშებში და თქვა: - დავიძინებ, ისევ ის მირჩევნია იმ ბროლის ლარნაკში ვიჯდე და ვაპრიალებდეო.
მაგრამ ვერ იქნა და ვერ დაიძინა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა.
ადგა, აანთო სანთელი და მივიდა კარადასთან.
გამოაღო უჯრა და თქვა თავჩაღუნულმა: - გთხოვთ მაპატიოთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ ყველაფერი...
მაგრამ არავინ უპასუხა.
მაშინ დააკვირდა ხელმწიფე და ნახა, დახოცილიყვნენ პეპელაც და ყვავილებიც.
ყვავილებს ერთურთისათვის გადაეჭდოთ ყელი. ფრთაგაშლილი იწვა პეპელა.
უყურებდა მათ ხელმწიფე, გრძნობდა, რაღაც ხდებოდა მის თავს.
...და უცებ მბრწყინავი წვეთი დაეცა ფრთაზე პეპელას.
ხელმწიფეს გაუკვირდა და იფიქრა:
„ალბათ ესაა ნამი. მაგრამ აქ ახლა როგორ გაჩნდაო?“
ვერ მიხვდა ხელმწიფე, რომ ეს ცრემლი იყო მისი.
პირველი ცრემლი.
ადამიანის პირველი ცრემლი კი სასწაულებს სჩადის.
და გაცოცხლდა პეპელა.
შეარხია ფრთები პეპელამ, გაიბნა ცრემლი წინწკლებად და მიეშხეფა ყვავილებს. გაცოცხლდნენ ყვავილებიც.
აფარფატდა პეპელა.
გაუხარდა ხელმწიფეს და გულში ჩაიკრა ყვავილები.
ახლა უკვე ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები.
უცებ რაღაცას წამოჰკრა ფეხი.
დაიხედა, მისი გვირგვინი იყო.
გაჰკრა ფეხი გვირგვინს ხელმწიფემ.
გამოგორდა გვირგვინი ოთახიდან და დაგორდა კიბეზე ხმაურით.
ხმაურზე მსახურები გამოცვივდნენ და გაოცდნენ: კიბეზე გვირგვინი მიხტოდა, ხელმწიფე კი არსად ჩანდა.
დიდხანს უცქეროდნენ.
საყვირებიც კი აახმიანეს, ალბათ ხელმწიფეს დაავიწყდა, გვირგვინს რომ უნდა გამოუდგესო.
მაგრამ არ ჩანდა ხელმწიფე.
მაშინ შევიდნენ მის ოთახში, მაგრამ ვეღარც იქ ნახეს.
ოთახში ფანჯარა იყო ღია.
ფანჯარაში თვალუწვდენელი ყვავილოვანი მინდორი მოჩანდა და მინდორზე უამრავი პეპელა დაფარფატებდა.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ხელმწიფე აღარავის უნახავს.
მან შორს, ტყეში, ქოხი დადგა და მოწყენა აღარც კი ახსოვს. მზის ამოსვლას ხვდება დილით, მერე დადის ტყეში და ტკბება პეპლებისა და ყვავილების ცქერით.
















