მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4251 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთის ფერდობზე გამორბის თეთრჩოხიანი მხედარი. მას უკან ყიჟინით მოსდევენ შავჩოხიანი მხედრები. ესვრიან თოფებს, მაგრამ თეთრჩოხიანი შორსაა მათგან და ტყვიას ვერ არტყამენ.

თეთრჩოხიანი ციხეკოშკისაკენ მიაჭენებს ცხენს. ციხე შემაღლებულ ადგილას დგას. თეთრჩოხიანი შიგნით შეასწრებს მდევრებს, ცხენიდან ჩამოხტება, რკინის კარს შიგნიდან ურდულს გაუგდებს და მიხვეულ-მოხვეული კიბეებით ზემოთ აიჭრება.

სათოფურებიდან ხედავს, როგორ უვლიან ციხეს შავები და ცდილობენ, რამენაირად ციხეში შეაღწიონ.

თეთრჩოხიანი თოფის სროლით აიძულებს მათ, რომ ციხეს მოშორდნენ და გორიც გადაირბინონ ტყემდე, რადგან ციხის თავიდან ხელისგულივით მოჩანს მიდამო.

თეთრჩოხიანი კედლის კუთხეში მიაყუდებს თოფს, მხარიღლივ გადაკიდებულ სავაზნეებს მოიხსნის და დარჩენილ ტყვიებს დაითვლის. მერე ქვემოთ ჩავა, ცხენს უნაგირს მოხსნის, ხურჯინს ზემოთ ამოიტანს, იქიდანაც ამოიღებს ტყვიებს და დანარჩენებს მიათვლის.

პურით და ყველით დანაყრდება, პატარა ტიკიდან  წყალს მოსვამს და მერცხლების ცქერით ერთობა.

მზე ჩადის, ბინდ-ბუნდი დგება.

შავჩოხიანები ტყიდან გამოცვივიან და ციხეზე მოიტანენ იერიშს. შემტვრევას ცდილობენ ხის მორებით, მაგრამ ციხეს ისე ოსტატურად აქვს სათოფურები, ადვილად იგერიებს ყველა მხრიდან შემოსეულ შავებს თეთრჩოხიანი.

განთიადისას ისევ ტყისკენ გარბიან შავები.

დღისით სიწყნარეა. თეთრჩოხიანი თოფს წმენდს და ვაზნებს ითვლის, მერცხლები კი ჟივჟივებენ და ბუდეებს აშენებენ. ციხის ერთ კუთხეში ჭა არის და ცხენს იქიდან ასმევს წყალს თეთრჩოხიანი. ცხენი ბალახსაც იქვე ძოვს.

მზის ჩასვლის მერე ისევ იწყება შავების იერიში.

ახლა უკვე კიბეები გაუკეთებიათ და ამით ცდილობენ ციხის კედელზე აცოცებას. მთვარიანი ღამეა და არც ერთი კედელზე მიდგმული კიბე შეუმჩნეველი არ რჩება თეთრჩოხიანს.

დილით ისევ ტყისკენ გარბიან შავჩოხიანები.

თეთრჩოხიანი თოფს გაწმენდს, კედლის კუთხეში მიაყუდებს და მთელი ორი ღამის უძილოს ღრმად ჩაეძინება.

მზე ჩადის.

ტყიდან იერიშზე მოდიან შავები.

თეთრჩოხიანი წამოხტება, თოფისაკენ წაიღებს ხელს, მაგრამ ერთ ადგილას გაშეშდება: ზედ მისი თოფის ლულაზე, იქ, სადაც წვერით ეყრდნობოდა ციხის კედელს, ორი მერცხალი გამალებით აშენებდა ბუდეს. ცოტაღა აკლდა ბუდის დამთავრებას.

შავჩოხიანები გრძელი კიბეებით მოდიან იერიშზე. აგერ შემოერტყნენ ციხეს გარშემო. კედლებზე მიადგეს კიბეები.

ერთი წამით გაიშვირა თეთრჩოხიანმა თოფისაკენ ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მერცხლებისათვის ბუდის მოშლა. ციხის ქონგურზე  გადადგა და შავჩოხიანებს გადასძახა:

- გნებდებით!

- მაშინ ხელები თავზე დაიწყვე და ისე გამოდი ციხიდან! - შემოსძახა შავების ბელადმა.

თეთრჩოხიანი ხელებაწეული გამოვიდა ციხიდან.

შავები ეცნენ, გაკოჭეს, თავისივე ცხენზე დააკრეს და გამარჯვებული ყიჟინით გაქუსლეს გაურკვეველი მიმართულებით.

მზე ჩადიოდა. ციხეში მერცხლების ჟრიამულისაგან ყურთასმენა აღარ იყო.

კუთხეში მიყუდებულ თეთრჩოხიანის თოფის ლულაზეც ბოლო გვირისტს ავლებდა თავის ბუდეს გაზაფხულის სიხარულით და სიყვარულით გულგამთბარი ორი მერცხალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ