მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 55737 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

– I 

რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?

 

იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა „წაბლიანს“ დავარქმევ, ყველამ იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად. 

ნაცვალი თუ იასაული, – რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, – ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, - დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთ, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ, ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი შვიდეულად დაუსვა მოურიდებელს გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც ერთი ათიოდ მანეთი შემოჰხარჯოდა მისვლა-მოსვლაში, მაგრამ ამას ამბობდა თურმე: 

– ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია... ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, - ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო. 

სწორედ იცოდნენ კიდეც. ჯგუფად რომ გლეხკაცობა სადმე მდგარიყო, ნამეტნავად თუ შიგ ერია სოფლის მოხელე ვინმე, - ნაცვალი თუ მამასახლისი, - და, ოთარაანთ ქვრივი მიმავალი დაენახათ, ისე გაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, თითქო ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო. 

კაცი ვერ იტყვის, სძულდათ, თუ უყვარდათ ოთარაანთ ქვრივი სოფელში. შიშით კი ყველას ეშინოდა. ასე იფიქრეთ, ტირილით გაჭირვეულებულს და გაკაპასებულს ბალღებსაც კი ოთარაანთ ქვრვის სახელით აშინებდნენ გულზედ მოსული დედები. 

– დაჩუმდი, შე არ-გასაწყვეტო, თორემ აგერ ოთარაანთ ქვრივი მოდისო. 

ოთარაანთ ქვრივმა ეს კარგად იცოდა და ბევრს არას ჰნაღვლთბდა, რომ ასე ეკრძალებიან, ერიდებიან და უფრთხიან ყველანი. 

– ქალაჩუნები რომ არიან, იმიტომაო, - იტყოდა ხოლმე თავისთავად. - ჩემი რად უნდა ეშინოდეთ? რა ბაყბაყ-დევი მე მნახესო! მე მარტო ისა ვარ, რომ ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები. თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო. 

სოფელმა კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილ-უბრალოდ ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა. იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო. 

– მე და ჩემმა ღმერთმა, ბარაქალა დედაკაციაო, - იტყოდა ხოლმე დათია ბადიაშვილი ოთარაანთ ქვრივზედ, - არც სხვისას შეირჩენს, არც თავისას შეარჩენს სხვასა. ახლა შინა ნახე, - რა ამბავი აქვს: მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს ოჯახში. იმისი ხელი და ფეხი დილიდამ საღამომდე არ დადგებაო. 

სოფლის დედაკაცობას ხომ უფრო ეშინოდა ოთარაანთ ქვრივისა. ვაი იმას, ვისაც უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად მოსთხრიდა. 

– რაო, მუქთამჭამელოო? - ეტყოდა ხოლმე. - შენს ქმარს თავისთავის გამოკვება კი ეადვილება, რომ შენც მუქთად გკვებოსო. რას დაგიკრებია გულზე ეგ დასამიწი ხელები, - აი, მოგიკვდეს ეგ უგულო გული! მამა-შენსა აქვს ცხონება, შენც თუ ხელი გასძარი, შენს ქმარს მეტი ლუკმა გულზე დაადგება, აი!.. მეტი მოუვა განა!.. აი დამიწდი, დამიწდი, კარგი რამ შენა ხარ!.. 

ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე. 

– ტკბილი სიტყვა რა არისო! - იტყოდა ხოლმე, - ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, - მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა. 

– ოთარაანთ ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო, - ამბობდნენ სოფელში. 

 

– II 

პილპილ-მოყრილი მადლი

 

მართლა ასე იყო თუ არა, - ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივს დედაკაცსა, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას იდგა და მეტად წვრილ-შვილიანი იყო. ეს დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო, გარჯა ეზარებოდა და წვრილ-შვილი ნახევარზედ მშიერ-მწყურვალი ჰყვანდა. ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთ ბადია კორკოტს თავის ფეხით გადაუტანდა ხოლმე. 

– აჰა, ხეთქეო, - ეტყოდა ხოლმე დედაკაცსა, - დაგიღია ეგ შავის მიწით ამოსავსები პირი. შე პირშაო, შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო. შე არ-დასაცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. დახე, დახე, ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა, ლუკმა-პურის შოვნის უნარი კი არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებსა! შენი მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ!.. 

დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე. 

– მადლობა!.. შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს... დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!.. კარგია - მუქთაა თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი, რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!.. ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე... 

გლახა-მათხოვარი ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს რითიმე არ გაეკითხა, მაგრამ თავისებურად კი წამოულაგებდა. 

– ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი, - მიაყოლებდა ხოლმე, როცა გასაკითხს აწვდიდა, - დაგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი დედაკაცები და ლუკმა-პურს პირიდამ აცლი. აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზედ. შე ოხერო, რომ აგიღია თავი და დაეხეტები სათხოვრად, ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთის-სოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს. ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს იდგამს და დღის სარჩოს ძლივსა ჰშოულობს და შენ როგორღა გარჩინოს. ქვეყნისა არა გრცხვენიან! არა, შე ოყრაყო, ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი, მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ, თუ ვერ მოგიხმარებია? ქვეყანას თავისი თავი კი შეუნახავს, რომ ეგ შენი ბრიყვი თავიც ინახოს? ფუ, შენს ნამუსსა!.. 

თუ მეტად შესაბრალისი და ღონემიხდილი გლახა შეხვდებოდა, ამაებს ხომ ეტყოდა და ეტყოდა და ბოლოს დაუმატებდა: 

– წამოეთრიე ერთი მარანში, ღვინოს ჩაგაცეცხლებ. ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე. აი, გაქრეს, - ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა გამოიმეტოს-რა. აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლო. 

წაიყვანდა, ერთ ორიოდ ჩარექას კაი ღვინოს გადაახუხებდა და გამოისტუმრებდა თავისებურად ქება-დიდებით. 

ერთხელ ერთი მთხოვარა მიადგა კარს. ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი, რასაკვირველია - თავისებური პილპილიც მოაყარა ზედ: კარგად, ლაზათიანად გამოგილანძღათ. როცა მთხოვარა გაბრუნდა, მაშინ შეასწრო თვალი, რომ ფეხები დაჰხეთქოდა ფეხუცმელობით. 

– დამაცა, შე არ-დასაცალებელო, - დაუძახა მთხოვარას. 

მთხოვარა გაჩერდა. ოთარაანთ ქვრივი შევარდა სახლში, იღლიას ქვეშ ამოიჩარა ექვსი შოთი, მოვიდა მთხოვარასთან და დაუყვირა: 

– მე გამომყევ, შე ადრე და მალე დასამარხავო!

გაოცებული მთხოვარა გაჰყვა, ოთარაანთ ქვრივი გავიდა სოფლის ბაზარში, ერთი შოლტი საქალამნე ღორის ტყავი გადმოაღებინა მედუქნეს, ექვსი პური მისცა, ტყავი გამოართვა და ისე მიახალა თავში მთხოვარას, რომ საწყალმა თვალებზედ ხელი მიიფარა, ცხვირ-პირში არ მომხვდესო. 

– აჰა, შე არ-დასარჩენო, ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე დასაღუპავო. 

– რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? - ჰკითხა ქოსმანსავით გათხვირულმა მედუქნემ. 

– მაშ არა-და, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი, - იტყუა ოთარაანთ ქვრივმა. 

 

– III 

ხუთი ქისა

 

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისათვის, გარს შემორტყმულია ტყრუშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის-კარამდე სიგრძე-სიგანეზედ მწვანით აბიბინებული. დერეფნის წინ, ერთ ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი სდგას, შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო. 

კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა. სახლი, როგორცა ვთქვით, ფიცრულია. მარტო ჩრდილის მხრივ კედელი მთლიანია, სხვა მხრივ კი ყოველგან თითო კარი აქვს დატანებული. კედლები ყველგან დაჩითულია სათოფეებითა. სჩანს შიშიანობის დროს ყოფილა აშენებული. 

ამ სახლს მარჯვნივ წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა. სახლის უკან კალო-საბძელია და საბძელ-ქვეშ გომური. სახლის მარცხნივ პატარა ადგილია შემოღობილი და შიგ ბოსტანია. 

აქ მოჰყავს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს ყოველივე ბოსტნეულობა, რაც კი დასჭირდება საზაფხულოდ, თუ საზამთროდ. თავისის ხელით ჰბარავს, სთოხნის, ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელნი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ. 

– თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, - ამბობდა. ხოლმე. - მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!.. 

ბოსტანში მუშაობა ისე უყვარდა, რომ სხვის ხელს არ მიაკარებდა. ბოსტანში პატარა რუი იყო გაჭრილი და მუდმივ და გაუწყვეტლად წყალი ჩამოჩუხჩუხებდა, დიდის სასოფლო რუიდამ წამოყვანილი. იმ სოფელში წყალი ბევრი იყო, სოფელს ზედ შუაზედ სამის წისქვილის წყალი ჩამოუდიოდა. როცა ძალიან გოლვა იყო, მაშინ კი წყალს სოფლელნი ერთმანეთსა ჰპარავდნენ, სტაცებდნენ ბოსტნებისა და ნამეტნავად ვენახების სარწყავად. ოთარაანთ ქვრივს კი ვერ უბედავდნენ წყლის მოკლებასა. თუ ვინმე გაჰბედავდა, ვაი იმას!.. ოთარაანთ ქვრივი მეწისქვილესავით გაიდებდა ხოლმე მხარზე თოხსა და აჰყვებოდა რუს თავამდინა. გლეხები რომ ამ ყოფით დაინახავდნენ ოთარაანთ ქვრივსა, იტყოდნენ: 

– წამოვიდა მეხი, და ვაი იმას, ვისაც დაეცემაო. 

სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ ჩამომწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა. ორიოდე ქვაბი, ტაფა, ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ-დარეცხილი, მხიარულად გადმოიცქირებიან მაღლიდამ, თითქო თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩენიათ. 

კერას აქეთ-იქით თითო ტახტია დაფენილი ჭრელის ფარდაგებითა. კარგა ხნის ფარდაგებია, მაგრამ კარგად შენახული და ნაპატრონები. ტახტების თავზედ თითო ბაცანკალი, ანუ როგორც ზოგან ეძახიან, სართუმალი სდგას ხარატით ნაკეთები. კუთხეში ერთი დიდი კიდობანია. ეტყობა ძველი ნაკეთობაა, იმიტომ, რომ წინა-პირზედ გამოხარატებულია სხვადასხვა სახე და ძველებური გრეხილ-ხვეულები სილამაზისათვის. ერთი დიდი სკივრიცა სდგას მეორე კუთხეში. ეტყობა ერთს დროს ლურჯად ყოფილა შეღებილი და ეხლა კი საღებავი გადასვლია. ამ სკივრზედ აკოკოლებულია ქვეშსაგები, ლურჯის სუზანით თავიდან ბოლომდე ჩამოფარებული. 

ამ სახლის, ანუ როგორც თითონ ოთარაანთ ქვრივი ეძახდა, დარბაზის მოწყობილობისათვის რომ თვალი კარგად დაგეკვირვებინათ, იტყოდით - ამის პატრონი შეძლებული კაცი უნდა იყოსო. არც მოსტყუვდებოდით. გლეხკაცობის კვალობაზედ ოთარაანთ ქვრივს ბევრი შეჰნატრებდა. ამას ქმრისაგან დარჩა ნახევარ-გუთნეული საქონელი, ორი ფურ-კამეჩი, სამი ძროხა, ამას გარდა ორის დღის კარგად გაკეთებული და გავსებული ვენახი და ოციოდ დღის სახნავ-სათესი მიწა. 

ვენახს ქვრივი ძალიან კარგად უვლიდა, ძალიან აპატიებდა და ვენახიც კარგს მოსავალს იძლევოდა. ამბობდნენ, რომ ოთარაანთ ქვრივი, - რაც უნდა მდარე მოსავალი ყოფილიყო, - სამს საპალნეს ღვინოს მაინც გაჰყიდდაო ყოველ-წლივ. მისი ღვინო საპალნე შვიდ-რვა და ათ თუმნადაც ბევრჯელ გაყიდულა თურმე. შინაც სახარჯოდ ღვინოს სამყოფზედ მეტს ინახავდა. ათის დღის მიწას ყოველ-წლივ ჰხნავდა. სყიდვით იქნებოდა, ალოთი, თუ თავისის გუთნით, ათის დღისას უსათუოდ მოჰხნავდა და მოსთესავდა. 

გაჰყიდდაო ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“. 

თვლა თუმცა მაგრე-რიგად არ იცოდა და ხშირად კენჭებს მოიშველიებდა ხოლმე, როცა უამისოდ დათვლა უჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში ძნელად შეეშლებოდა. პირველს ოთხს ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა — ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა. 

 

– IV 

განძი და ანდერძი

 

ყველაზედ უძვირფასესი განძი სხვა დარჩა ოთარაანთ ქვრივს თავის ქმრისაგან. ქვრივს კი მართლა უძვირფასესად მიაჩნდა და სხვისა კი არ ვიცით. ეს განძი თოფ-იარაღი იყო. მისი ქმარი, დიდი გამრჯელი, მოამაგე, დიდი მუშაკაცი, განთქმული მონადირეც ყოფილა. სახლში რომ შესულიყავით და კერიდამ მარჯვენა ტახტის ზემოდ კედლისათვის შეგეხედნათ, ჰნახავდით ბუდით ჩამოკიდებულს კარგად მოზრდილ თოფს, ხმალს თავისის ყაწიმებითა, ხანჯალს, დამბაჩას, სასწრაფოს და საპირისწამლეს. 

კვირა არ გავიდოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჩამოეღო ეს იარაღი და გულდადებით არ გაეწმინდა. როცა ამას შეუდგებოდა, გეგონებოდათ ჰლოცულობსო, ისე გულდასმით, კრძალვით და სასოებით დაუწყებდა ხოლმე წმენდასა. რაც ქმარი მოჰკვდომოდა, მას აქეთ სულ ასე ექცეოდა ამ იარაღსა. სულთმობრძავი რომ ყოფილიყო, მაინც ერთს კვირას ისე არ გაატარებდა, რომ არ დაეწმინდა, არ დაეკრიალებინა, ცხვრის დუმით არ გაეპოხა და ისე არ დაეკიდნა თავის ადგილას. ხოლო ერთხელაც ისე არ გაუწმენდია, რომ თვალში ცრემლი არ მოჰრევოდეს, გული არ ამოსჯდომოდეს და არ ატირებულიყოს. 

– ვაი, ვაი მე უბედურსა!.. - ჩაიკრავდა ხოლმე გულში ხელს. - სადედაბეროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. მოგიკვდათ, თქვე საწყლებო, კაი პატრონი!.. უიმე!.. განა მარტო თქვენ მოგიკვდათ!.. ხომ მეც მომიკვდა, მეც!.. წაიღო შავმა მიწამ ჩემი თევდორე... წამოგექცა, ოჯახო, დედაბოძი, დაგიმიწდათ თოფო და ხმალო, თქვენი ფანდი ვაჟკაცი... გატყდა შუაზედ ჩვენის წუთის-სოფლის უღელიცა, მოგიკვდა, ოთარაანთ ქვრივო, ტოლდასადები მეუღლე, დარჩი ცალად... ვაიმე უშენოსა!.. ყვირილობის თვეში რომ ირემს მომაყენებდა ურმით!.. იმისი ზარიანი ხმა რომ ყურს მომხვდებოდა, გული გადამიტრიალდებოდა სიხარულით. ჭირიცა და ლხინიც სულ მღერითა და გალობით იცოდა. კაცი იყო, კაცი!.. ვენაცვალე იმის ჩრდილს!.. იმისი მუშაობა რომ ენახა კაცს, - თუნდა მარტოც ყოფილიყო - ქორწილი ეგონებოდა. ქვასაც კი გააღვიძებდა და ხელს გაანძრევინებდა. ვენაცვალე იმის სახელს!.. რო კვდებოდა, მაშინაც კი არ შეუკრავს წარბი, დამიძახა და მითხრა: 

– რა გატირებს, ადამიანო! განა შენ კი შერჩები ამ წუთის-სოფელსაო. ყველას ბოლო ეს არის, ტირილით ნაშობი სიცილით უნდა კვდებოდესო. სააქაოს სტუმარი ვიყავ და ეხლა შინ მივდივარო. რა გატირებსო. 

– რა ვქნა მე უშენომა? - შევჩივლე მე. 

– როგორ თუ რა ჰქნა!.. გაისარჯე და ირჩინე თავიო. მე კი თითებიდამ ზეთი და ერბო მწვეთდა თუ! ვირჯებოდი და უტკივარს ლუკმას ვჭამდიო. ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშისო. ოღონდ ჭირს ნუ დაუტყდები, ნუ გაელახვინებიო... ე ჩემ პატარა გიორგის უპატრონეო, არ გამიღარიბო, არავის დამიჩაგვრინო, არავის არ შემინატვრინოო! გაიზარდოს და მერმე თითონ იცის. თუ იქნება თავისით იყოს, თავის მარჯვენით კაცობდესო. მამისეული თოფ-იარაღი შეუნახე, გამოადგება... თოფი ხაზინიანია - გაუფრთხილდეს, მხარში ცემა იცის. შორს მანძილზედ კარგად მიდის, ნიშანი კი ცოტა მაღლა დაუჭიროს... ეი... მაგის ტყვიის ზუზუნი ერთ რათმედა ჰღირს!.. ეჰ, რა ვუთხრა ამ წუთის-სოფელს!.. არ დამცალდაო... შენც მენანები, მაგრამ ეგ უფრო მენანება, ბალღია უსუსური, უმწეო. ეჰ, ნეტავი კი ეგ დავაჟკაცებული მენახა და!.. მერმე თუნდა ურმის თვალზედ გავცმოდიო... ეჰ, რაც არის, არის... ეშმაკის კერძად არ გამხადო, მკვდარს დამიურვე, მიპატრონეო. 

ამის მერმედ ბევრი აღარა დასცალდა-რა. სთქვა ეს თუ არა, გადაბრუნდა კედლისაკენ, ერთი ამოიკვნესა, ჯიგარი თან ამოაყოლა, „მივდივარო“ მითხრა და მიაბარა ღმერთს ალალი სული. ვაი შენს დამკარგავს, ჩემო კარგო თევდორე. 

ყოველს ამას მოიგონებდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი, კალთით მოიწურავდა თვალებიდამ ცრემლს, და მინამ თოფ-იარაღს კრიალს არ დააწყებინებდა, არ მოეშვებოდა არც წმენდას და არც ტირილსა. რა თქმა უნდა, რომ ამ ცრემლს არავის დაანახვებდა, შვილსაც კი, შვილსაც არ შეამცნევინებდა ხოლმე. 

ქმრის ანდერძს არ უღალატა. ოჯახიც შეინახა, სარჩო-საბადებელსაც თუ არ მოუმატა, არა დააკლო-რა, იარაღსაც კარგად უვლიდა და მკვდარსაც უურვებდა იმით, რომ ყოველ კვირას კორკოტსა და წანდილს ჰხარშავდა იმის სულის საცხონებლად და ყოველ-წლივ აწირვინებდა. 

შვილის მოვლას ხომ ზედ შეალია თავისი ყმაწვილ-ქალობა. ოცდაოთხის წლისა ძლივ იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთის წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ეს დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი ეს ოცი წელიწადია მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელი ჰყვანდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ-თქვენც არ მომიკვდეთ-არ გათხოვდა და არა. 

– მერე რა პირით-ღა შევეყარო საიქიოს ჩემს ქმარსაო, - ამბობდა ხოლმე. - აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივს, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა. ვენაცვალე იმის სიყრმეს!.. მამაშენს ვუღალატო!.. შენ გაგცე!.. აი, უწინამც დედამიწა გაირღვევა და შიგ ჩამიტანს. გაიზარდე, ჩემო თვალის სინათლევ, და გაახარე აქ დედა-შენი და იქ მამა-შენი. აი, შენ დაგედოს მტლად შენი უბედური დედა! 

იტყოდა ამას და შიგ გულში ჩაიკრავდა ხოლმე თავის პატარა ბუთხუზა ბიჭსა. 

 

– 

დედა-შვილობა

 

იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოც-და-ერთის წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა მეტყველების ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს და თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული. 

კოხტად და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა უყვარდა. იმისი ყაითნებით მორთული საცვეთები, ჭრელი წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზედ ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ ჩვენებურ გლეხის ფეხსაცმელსაც თავისი სიტურფე და სილამაზე აქვს. 

ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო. 

ბევრს სოფლის საპატარძლო ქალებს თვალი დარჩენია გიორგიზედ, ბევრს შევარდნია გული, ბევრს ჩასახვია გულში იმისი სურვილი. გიორგის კი აინუნშიაც არავინ მოსდიოდა... ტოლ-ამხანაგობას აგრე-რიგად არ ეწყობოდა. და თუ როგორმე ჩაერევოდა, პირველობას ყველგან ამას უთმობდნენ. 

მუშაობაში ხომ მთელს სოფელში ამას სწორი არა ჰყვანდა თითქმის. 

– ერთი გიორგის ხელეური მთელ ძნად შეიკვრისო, - ამბობდნენ გლეხკაცები: - ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედამიწა უნდა შუაგულამდე ჩაანგრიოსო. მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ მოიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თითონ საქმეს არ შეჰლევსო. საქმის გულით ამყოლია და ბოლომდე გამტანიო. 

ბევრს ამისთანაებს ლაპარაკობდნენ გიორგიზედ სოფელში და მუშაკაცობის სახელი გავარდნილი ჰქონდა. 

– ძალიან ხელგამომავალი ბიჭიაო, - ამბობდა ხოლმე ამისი დედა, - დიდი გამრჯელი, მაგრამ ცხონებულსავით გულღია და გულმხიარული არ არისო. ის ცხონებული ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქო ღრეობასა და ლხინშიაო. ესეც იმისავით გულმოდგინეა, დაუზარებელი, ხელმართალი, მაგრამ ძნელად თუ სადმე წარბს გაიხსნის და საქმეს შესცინებსო, - სულ პირდაღვრემილია და წარბშეკრულიო. 

თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისის დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა, თუმცა შვილი გაგიჟებით უყვარდა. ან რა საჭირო იყო? ვაჟკაცს არ შეეძლო ოჯახის მოვლა ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივსა. 

ამათს დედა-შვილობას ბევრი შეჰნატროდა. დედაც შეჰხაროდა თავმოწონებით შვილსა. დედამიწის ზურგზედ იმის მეტი სიხარული და ლხენა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისათვის ეცქირნა, შვილისათვის ეცოცხლნა. „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“, იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდამ მომავალს დაინახავდა. 

ხომ ესე იყო, მაგრამ თავის დღეში არავისთვის შეუტყობინებია, რომ შვილი ასე გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულის-ნადებსა. მარტო ეს კი იყო, რომ შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, თავის დღეში ავის სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი სტუქსავდა. შვილი, რომელიც სხვისაგან თავზედ ფრინველსაც არ გადიფრენდა და ფეხქვეშ ჯიანჭველასაც არ გაიტარებდა, დედას თავის დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა, რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა. 

– მართალია და იმიტომაო, - იტყოდა ხოლმე თავისთავად გიორგი, - ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემზედ ახიაო. 

არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოდ, ტყუილ-უბრალოდ დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს დააჯერებდა, რომ დედა მართალია. მართალს შეჩვეულს თითონაც მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა. ჯერ კიდევ ბალღობაში მოუხდა ამისთანა საქმე და აქამდე ახსოვდა. ახსოვდა იმიტომ, რომ დედისაგან ტუქსვას, შერისხვას მოელოდა, და ამის მაგიერ დედამ კი მოუწონა. 

ერთხელ-ჯერ გიორგი ათი-თორმეტი წლისა ძლივ იქნებოდა - ერთს მოზრდილს ბიჭს თავისზედ პატარა ბიჭისათვის ქამრის ღილები დაეტყუვნა. მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი ღილებს არ უბრუნებდა, გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან ჰთამაშობდა თურმე. ყური მოჰკრა ბალღის გულამომჯდარ ტირილსა. შეიტყო მიზეზიცა და აემღვრა პაწაწა გული. დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების დამჩემებელს: მიეცი, რას ემართლებიო. იმას ხელი ეკრა მეტიჩარასათვის და გადაექცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა. მივარდნოდა ურჩი ბიჭი, ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მოშველებოდნენ გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ ღილები და კარგადაც დაეზილათ. თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს წართმეული ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგად იყო დაბეგვილი. ცხვირი გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულისპირი სულ ჩამოეფხრიწნათ. 

ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი, გულისპირ-ჩამოგლეჯილი რომ შინ მიუვიდა დედას, ელდა ეცა. 

– ეგ, რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი? 

– კუპრაანთ თედომა მცემა. 

– რადა? 

– თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია, მე პატარა. 

– მერე წაართვით? 

– წავართვით. 

– რა უყავით? 

– ისევ გოლას მივეცით. 

დედას იამა და შუბლზედ წარბი გაეხსნა. 

– ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტად, გაიზრდები, დაგავიწყდება, - უთხრა შვილს. 

– არ დამავიწყდება. დაიცა ერთი გავიზარდო!.. მე ვუჩვენებ, - ცემა როგორც უნდა. 

დედამ შვილი გულს ჩაიკრა. 

– სულ ცხონებული მამაა, ცხონებული მამა, - გაიხარა დედამ, - უი, შენ კი გენაცვალოს დედა-შენი, ჩემო ქებავ და დიდებავ! 

ეს გულში სთქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ არა უთხრა-რა. ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, ეს დაატანა: 

– აი, ჩემო კარგო, ეხლა უფრო ლამაზიცა ხარ და!.. წადი, შვილო, ითამაშე, ეხლა უფროც მოგიხდება. ჰტიროდა განა გოლა? 

– მაშ? 

– გაუხარდა ღილები? 

– მაშინვე დაჩუმდა, აღარა ჰტიროდა. 

პატარა გიორგი გამოჰწკრინდა თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ სათამაშოდ. 

დედამ უყურა, უყურა გამალებულს შვილსა და როცა თვალთაგან მიეფარა, სთქვა: 

– უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყვანდა და არც შვილი იქნები უარესიო. 

 

– VI 

გიჟია, თუ რა? 

 

ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა. დედისავით, - თავისი იყო, თუ სხვისა, - თუ ცუდი რამ იყო, გამოეკიდებოდა. ბევრს ამისათვის არ მოსწონდა გიორგი. კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რად ერევაო? არა ერთი და ორი იძახდა ამას სოფელში. ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამთხვია, მაგრამ არც თითონ იშლიდა, არც დედა უშლიდა. ამას წინად - სულ ორი კვირა არ იქნება - კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ ჩაამწყვდია. ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედინა. 

გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად. ომარაანთ მოჯამაგირე ენახა ტყეში. თურმე ურემი გამოუტანებიათ შეშისათვის და ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ლაზათიანად ჰხვრინავდა. ეს კიდევ არაფერი. კამეჩები წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის თვალთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ უილაჯობით. 

გიორგი თურმე ზედ მიადგა მოჯამაგირეს, ტყიდამ მოდენილი. ფეხი წაჰკრა გასაღვიძებლად. 

– ადე, ძმობილო, აუშვი ე კამეჩები, ცოდონი არიან. 

– შენ რა ჩემი ფეხები გინდა, - დაუყვირა მოჯამაგირემ, როცა თვალები წამოაჭყიტა. 

– თითონ რომ არ ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაქნისია. კამეჩები ცოდონი არიან-მეთქი. 

– მერე შენ რა გეპრიანება? 

– ის მეპრიანება, რომ არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი ცოდო მაინც არ გწვავს!.. მიგიღძვია საცოდავები წნელით ურემზედ, შიმშილით ფერდები ჩასცვივნიათ. 

– მაშ არა და თავზედ დავისვამდი. 

– დაისვამდი, მე ვიცი, მაგ ქეციან თავზედ ბევრს კი მოსძოვდნენ, აი!.. ვერა ჰხედავ, ტყეში ბალახი მუხლამდეა! ფასი ხომ არ გაგივა, გაგეშო, პირი მოეტყუებინათ. 

– გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა. 

– აი, შე უნამუსო! აქაო და არავინა მხედავსო, ნამუსის ქუდი აგიხდია და ლაფში გადაგიგდია. შენს ღმერთს რაღას ეუბნები! აქაო და კამეჩი პირუტყვია, შებრალება არ უნდა, თუნდაც სხვის ამანათი, სხვის მონაბარი არ იყოს! 

– მერე შენ რა? ვისი ტიკი-ტომარა ხარ. შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ? 

– აი გაქრეს, გიორგიმ შენისთანა კაცი ახლოც არ მიიკაროს!!. ჩემი რომ იყო, ცარიელ პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი. ადე-მეთქი!.. 

– დამეხსენ... შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ. თუ ზურგი არა გქავა, შენ შენს გზაზედ წადი-მეთქი, თორემ... 

– თორემ... მე ვიცი, ყურებზედ ხახვი არ დამაჭრა. ადე-მეთქი, ამ პირუტყვების ცოდვაში ნუ სდგები, თორემ ამ ჭიგოს ხომ ჰხედავ?.. 

გიორგიმ ამის თქმაზედ ფეხი კიდევ წაჰკრა. მოჯამაგირე გულზე მოვიდა. წამოუხტა ზეზე. გიორგის წინ აეტუზა, გულ-მკერდი გადმოუგდო და მიუშვირა, თითქო ეუბნებაო: აბა, ეს მე და ეს შენ, დამკარ თუ კაცი ხარ და ქუდი გხურავსო. 

გიორგის მოეწონა ამისთანა სითამამე მოჯამაგირისა, მაგრამ უკვირდა, - რის იმედითაო. 

– რა ვქნაო, - სთქვა გულში გიორგიმ, - თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო. 

– თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ!.. მაშინ ნახავ შენს სეირს, - უთხრა გულ-მკერდ მოღერებულმა მოჯამაგირემ. 

მუქარა იწყინა გიორგიმ. აღარც აცია, აღარც აცხელა, ეცა, წამოჰკრა სარმა და თუმცა ვერ დასცა, წააბარბაცა კი და ცალი ხელი დააბჯენინა დედამიწაზედ. წამოუხტა ფიცხლავ მოჯამაგირე, დაეტაკა გიორგის და ჰკრა გულისპირში ხელი. გიორგი შეტოკდა და გადაიზნიქა უკან. 

– ბიჭოს!.. შენ აღარა ხუმრობ, - დაუძახა გიორგიმ, ჭიგო ხელიდამ გააგდო და შეძიძგილავდნენ. 

გიორგიმ ბევრი აღარ აცალა: ჰკრა მოგვერდი და გააკრა დედამიწას, როგორც შოთი თონესა. წაქცეულს ხელიც არ დააკარა. მოჯამაგირემ დამარცხება ძალიან ითაკილა, - ისიც თავმოწონებული ბიჭი იყო - წამოუხტა და ერთი ლაზათიანი სილა გაუშალა გიორგის უეცრად. როგორ თუ სილაო, მივარდა გიორგი, ამოიდო ქვეშ და იმდენი სცემა, რომ მოჯამაგირემ ხვეწნა დაუწყო. 

– წადი, საცა შენი სთქვა, იქ ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო, - უთხრა გიორგიმ, - და ღმერთს კი არსად წაუხვალ ამ პირუტყვების ცოდვითაო. 

თქმა არ უნდა, რომ გიორგისაგან გაბოროტებულმა მოჯამაგირემ თავისი ცემა შესჩივლა ომარაშვილსა. 

– რადა გცემაო? ჰკითხა ომარაშვილმა. 

– მაგდენს რად უდებ ურემსაო? ან საქონელი არ გეცოდება, ან შენი თავიო!.. ეგეც რომ არ იყოს, სხვასაც ხომ მაგდენს მოსთხოვენო: ვთქვათ, შენ შეგიძლიან, სხვა მაინც არ გეცოდებაო. მომდგა ამაზედ და ჭიგო ზედ დამალეწა. შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენა. აქაო-და ჯამაგირს იძლევა, სულს ხომ არ ამოგართმევს ადამიანსაო. 

– ბიჭო-და, მაგდენი არა გედო-რა ურემზე! 

– ეგა სთქვი-და!.. მეც ეგ არ მიკვირს, რა მოეჩვენა იმ ოჯახდაქცეულსა! მე კი ასე შემაქცია-და!.. 

ომარაშვილი გავლენიანი კაცი იყო სოფელში, ითაკილა, მოჯამაგირე როგორ გამილახა იმ გუშინდელმა ჭყლინტმაო. წაიყვანა მოჯამაგირე და სოფლის სასამართლოში აჩივლა. თითონაც, რასაკვირველია, წაექომაგა. 

– მოწმე გყავსო? - ჰკითხეს მოჯამაგირეს. 

– ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდა? ღმერთმანი, იტყუებს-და!.. - სთქვა ვიღაცამა. 

– მაგას კი მართალს ამბობს, - სთქვა ერთმა მოსამართლემ, - ის ტყუილს არ იტყვის, პირიანი ბიჭია. 

კვირა დღეს დაიბარეს გიორგი. 

– მართლა სცემე? - ჰკითხეს. 

– მართლა ვცემე. 

– რადაო? 

გიორგიმ ყველაფერი უამბო. 

– ბიჭო-და, შენ რა დავა გქონდა? 

– ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა. 

თქვენი მტერი იყოს, მოსამართლეებს დღე დაადგათ. ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, ერთს სადილს მაინც გვაჭმევსო; ოთარაანთ ქვრივისაც ეშინოდათ, გუბერნატორამდის ივლისო. თუნდ ეგეც არ ყოფილიყო, გული გიორგისაკენ უწევდათ, თუმცა ცემა კი ცემად ედგათ თვალ-წინ. არ იცოდნენ, გულს აჰყოლოდნენ, ოთარაანთ ქვრივის შიშსა, თუ ომარაშვილის ხათრსა. 

ომარაშვილმა დაიხსნა გაჭირვებისაგან სამართალი. 

– მე ჩემდა თავად მიპატიებია გიორგისათვის, - სთქვა ამან, - და სხვამ თავისი იცის. ყოჩაღ, ბიჭო, მე და ჩემმა ღმერთმა, ყოჩაღ!. 

– უპატიებია!.. წამოიძახა გაჯავრებულმა მოჯამაგირემ, - აი, გამიჯდა გვერდებში!.. ზოგი ამ ჩემს დალურჯებულს გვერდებსა ჰკითხე. 

– რა ვკითხო, შე ოხერ-ტიალო! მე თუ მკითხავ, ეგ ცოტაც არის შენთვის-და!.. - უპასუხა ომარაშვილმა. 

– მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს, - სთქვეს მოსამართლეებმა და დაითხოვეს შინ გამართლებული გიორგი. 

– ბიჭო-და, ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი, - ეუბნებოდა გიორგიზედ ერთი იქ დამსწრეთაგანი მეორეს, როცა სასამართლოდამ ხალხი დაიშალა და შინისაკენ წავიდ-წამოვიდა. - რომ არ გაგონილა!.. 

– მე და ჩემმა ღმერთმა, მაგის გულში ან ღვთის მადლი ჰტრიალებს, ან ერთი რაღაც უბედურებაა მაგის თავს, - დაჰკრა კვერი მეორემ. 

– იმდღევანდელი არ იყოს: ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით საფქვავი მოჰქონებოდა შინ. იმ ოჯახდაქცეულს თავსუბუქად დაედო. კამეჩები თურმე ყელში ჰხრიალებდნენ, ისე წასჭეროდათ აპეურები. ოთარაანთ გიორგი გზად მოდენილა თურმე. დაუნახავს ეს ამბავი. ამხტარა ურემზედ, საცალოები წაუწევ-წამოუწევია, გაუმართავს რიგზედ ურემი, ერთი ლაზათიანი, შენი მოწონებული ჩაუთხლეშია თავში და უთქვამს: 

– შე ადრე და მალე დასაბრმავებელო, ვერა ჰხედავდი, კამეჩები ირჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთანაო. 

– ეხლა ჩვენში რომ ვიკითხოთ: რა დავა ჰქონდა? 

– ეგა სთქვი და გაათავე. მეც ეგ არ მიკვირს! აკი ვამბობ ეგ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზედ მეთქი. 

– დედაც ხომ მაგისთანა გადარეული და დამთხვეული ჰყავს. მამაც კი - ღვთის წინაშე - ცოტა არ იყოს, მოუსვენარი კაცი იყო. ეგეები იმანაც იცოდა. 

– აი, ამაზედ არის ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგათში ან დიდი ცოდო ჰტრიალებს, ან დიდი მადლი. აქ სხვა ნიშანწყალია. 

გიორგი რომ შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას. ოთარაანთ ქვრივს გაუკვირდა: 

– დახე, მაგ ვირთაგვებსაც ზოგჯერ სწორე სამართალი სცოდნიათო!.. 

 

– VII 

ჯავრი დედისა

 

გიორგი ოც-და-ერთის წლის ვაჟიკაცი იყო და ცოლის შერთვა ფიქრადაც არ მოსდიოდა. ოთარაანთ ქვრივი ამაზედ ძალიან ჰნაღვლობდა და სწუხდა. 

– რა ვუყო?.. - ჰფიქრობდა ხოლმე, - ცოლ-ქმრობის საქმე ცაში ჰრიგდებაო. სჩანს ღმერთს ჯერ არ მოუწადინებია. დრო კი უწერს: მაგ ხნის ბიჭებს შვილებიცა ჰყავთ. ოი, ერთი მაგის შვილი კი გამიგორა კალთაში და თუნდა მაშინვე გულ-ხელი დამიკრიბონ და ცოცხალი დამმარხონ. 

ეს ხომ აწუხებდა და აწუხებდა, ამ მწუხარებას ერთი სხვა ნაღველიც ზედ დაემატა. ოთარაანთ ქვრივი ამ ბოლოს ხანებში ჰხედავდა, რომ შვილს გუნება ეცვალა, უფრო დაიღვრიმა, უფრო გული დაიხურა, უფრო ჩაიკეტა, უფრო დანაღვლიანდა. ხომ არც წინად იყო მხიარულის გუნებისა, მაგრამ ეხლა მეტის-მეტია, თითქო რაღაც წაჰკიდებია და თქმა ეკრძალებაო. 

მოვიდოდა შინ მუშაობიდამ კარგა ბინდისას და, თუ მთვარიანი ღამე იყო, წამოწვებოდა ეზოში მწვანეზედ, თავ-ქვეშ ორსავ ხელებს ამოიდებდა და გარინდებული იდო ხოლმე მთელის საათობით გულაღმა. შეჰყურებდა ცას და ღრუბლებს, თითქო ვარსკვლავებსა სთვლისო, ან ღრუბლებს თვალს ადევნებს თავის გასართობლადაო. რა მოერია, რამ სძლია, რამ დაუღონა შვილი - დედას ვერ გაეგო. 

– შვილო, შინ შემოდი, ნამუშავარი ხარ, დედამიწამ არ დაგცადოს, - უთხრა ერთხელ დედამა. 

– არა მიშავს რა, დედი! ცოტა ხანს კიდევ მამყოფე ასე, დედა-შვილობას. 

– ძილის დროა, შვილო! ლამის ალიონი ამოვიდეს... 

– ეჰ, დედი!.. ზოგჯერ ძილიც ძილი არ არის... 

– რატომ, შვილო? - იკითხა დედამ და გასწია შვილისაკენ. თავს რომ წაადგა, უთხრა: 

– გიორგი!.. შვილო!.. არ მეტყვი, ბიჭო, რა წაგეკიდა? დედა ვარ შენი, დედა... ნაღველი გაქვს რაღაცა და არ მეუბნები. 

გიორგი წამოჯდა. 

– არა, დედიჯან! ასე მიყვარს მთვარიან ღამეში გდება. 

– ეს ორი წელიწადია, რაც ეგრე დაიჩემე. რატომ ადრე არ იცოდი? 

– განა კაცი სულ ერთს გუნებაზეა! მაშინ ისე ვიყავ, ეხლა ასე ვარ. დრო იყო ძუძუსა ვწოვდი, დრო მოვიდა - გამომცხვარ პურსა ვჭამ. ამით მითამ რაო? 

– ისაო, შვილო, რომ ზოგი ჩემს გულშიაც ჩამოიხედე. 

– ჩამიხედნია, დედი, ჩამიხედნია და ვიცი, რომ შიგ მარტო მე გიზივარ... 

– მაგას არ გეუბნები... იმდღევანდელი არ იყოს!.. 

– რა იმდღევანდელი? 

– აი, საბარავად რომ იყავი ვენახში. მე ჯერი ჩამოგიტანე. შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჯინა ბარის ტარზედ, ბარის ტარს დაჰყუდებოდი და გაშტერებული დასცქეროდი დედამიწას ელდანაცემსავით. რა ამბავი იყო? მაშინ არა გკითხე-რა, აქ კი დავიჭდიე, აქ. 

ოთარაანთ ქვრივმა გულის-ფიცარზედ დაიდო ხელი. 

– წაშალე ნაჭდევი, ტყუილად გარჯილხარ. რა ამბავი იქნებოდა?! დავიღალე და ხელ-ფეხს ქარი ამოვაღებინე, - უთხრა შვილმა. 

– შენი ფიქრი სადა ჰქროდა, რომ ვერც კი გამიგე, როგორ მოგივედი, ისე სმენა-დახშული და გონება-გაქცეული იდექი. განა ერთხელ და ორჯელ მინახვიხარ: ჰმუშაობ, ჰმუშაობ და უცებ გაირინდები ხოლმე. განა ერთხელ და ორჯელ მინახვიხარ: სადილ ვახშამზე ლუკმა პირში ჩაგიდვია, ყბაც არ მოგიქნევია, განაბულხარ, თითქო სადილიდამ წაგიღო რამემ, კლდის პირას დაგაყენა და ხელის კვრას გიპირობსო. 

– ეგეც დრომ იცის, დედი! 

– სხვამ არაფერმა? 

– იქნება სხვამაც... 

– ჯადომაც იცის, შვილო ჯადომაც... 

გიორგის გულში მოხვდა ეს უკანასკნელი სიტყვა. აიტკიცა, ეჯავრა. კარგადაც ვერ მიეგნო, - რად უხსენა დედამ ჯადო. გუმანმა კი წაიღო, გუმანმა აიყოლია მისი გონება. 

– ჯადო რა მოსატანი იყო? - ჰფიქრობდა გიორგი თავისთავად, - ვაი, თუ... 

ვერ დაასრულა სათქმელი. სიტყვა შეეკრა, თითქო ელდა ეცაო, რომ გულიდამ კლიტე აჰგლიჯეს, კარი გაუღეს და შიგ ჩაჰხედეს. 

გაიქნია უმადურად თავი, წამოდგა ფეხზედ, დედას ტკბილად მოჰკიდა მკლავზედ ხელი და უთხრა: 

– წავიდეთ, ეხლა კი ძილის დროა. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო“, შენგან გამიგონია, დედი! 

– „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“, მაშ ესეც გაიგონე, ჩემო კარგო! - უთხრა დედამ. 

– რა ვქნა, - ჰფიქრობდა გულში გიორგი, - რატომ ეგრე ახლო მიმივიდა? ცოდნით მოსდის, თუ ალალბედობით? თითონ ჰტრიალებს ახლოზედ, თუ ჩემს გუმანს მოაქვს იმისი სიტყვა შორიდამ ახლოს. გაცლაო!.. თქმა ადვილია!.. 

იმ ღამეს ოთარაანთ ქვრივს დილამდე ძილი არ მიჰკარებია. იმ დღის ნალაპარაკევმა ათასნაირს ფიქრის მორევში ატრიალა ნაფოტსავით იმისი ჭკუა და გონება. 

– პაჭიჭს კი, მგონი, წვერი შემოერღვა, - სთქვა თავისთავად ბოლოს, - მგონი, მივკვლიე: დროც ერჩის და ხანიც უწერს. რატომღა არ მეუბნება, ვინ არის? 

ეხლა ამას სწუხდა, ამას მტკივნეულობდა დედა. 

– არ უჭირს და იმიტომ, - ინუგეშა თავი ოთარაანთ ქვრივმა, - როცა გაუჭირდება, მეტყვის. 

მოხუჭა თვალი ქვრივმა. არ დაეძინა. გადაბრუნდა ხან იქით, ხან აქეთ, ძილი არ მიეკარა. 

ღამე კი არ უცდიდა, თავის გზას ეშურებოდა. 

– მართლა კი მივუხვდი?.. მართლა კი მივკვლიე?.. - ეჭვობდა გიორგის დედა, - იქნება გუმანმა დამიბრიყვა და მატყუებს. რა ვიცი?.. ადამიანის გული თვალთუწვდენი ორმოა. ვინ იცის?.. იქნება მე ერთი მგონია, იქ კი სულ სხვა ამბავია... სხვა რა უნდა იყოს, რა?.. - ჰკითხავდა თავისთავს და გული უკვნესოდა, რომ პასუხი ვერ ეპოვნა. 

ღამე კი მიდიოდა და მიდიოდა. დიდ-ვახშმობას გადასცილდა. ხმაურობა მისწყდა, მარტო კუთხეში, პურის კიდობანთან, თაგვი აფხაკუნებდა. 

– სხვა რა უნდა იყოს, რა!.. - იძახდა ძილდამფრთხალი ოთარაანთ ქვრივი, - თუ გამტეხავს, ამის ნაღველი გამტეხავს... არ გამენდო... არ მეუბნება ჩემი გიორგი და არა... თუ გული შევარდნია ვისზედმე, რად უნდა მიმალავდეს! რა დასამალავია ჩემთან!... და თუ სხვა რამ ასტეხია... ღმერთო, ნუ მაფიქრებინებ... 

გადიწერა სამჯერ პირჯვარი, თითქო ლანდი რამ მოელანდა და იმას იგერებსო. 

გვიანი მთვარე კი მთის წვერზედ შედგა და პირიქით გადაქანებას აპირებს. აგერ გადაექანა კიდეც და ჩავიდა. ღამე მიიწურა. უფრო დაბნელდა, ქვეყანა უფრო გაჩუმდა, უფრო გამუნჯდა, ხოლო თაგვი ისევ ცოდვილობდა კიდობანთან. 

– ამ ორის წლის წინად თოფ-იარაღი აისხა ზედ, - ვენაცვალე იმის სიყმეს! უხდებოდა მამისეული, - წავიდა და სამი დღე შინ აღარ დაბრუნებულა. მე, სულელს, მაშინ ეს გუნებაშიც არ გამიტარებია. ეხლა კი მაღონებს და გულთა მკბენს... სანადიროდ ვიყავიო, მითხრა. თუ სანადიროდ იყო, ხელცარიელი რად მოვიდა? მერე ყვირილობაც იყო... თავის დღეში ხელცარიელი არ მინახავს ნადირობიდამ დაბრუნებული. იმ ცხონებულს არ ჩამოუვარდება. თუ მეტი არა, მამაზედ ნაკლები არც ეს არის...

მას აქეთ დაიგდო ნაღველმა. მე კი ესე დამახსოვდა-და!.. მას აქეთ დააწვა რაღაც ლოდი გულზედ და ვეღარ აუხსნია... ხომ კაცი... ღმერთო, ნუ მაფიქრებინებ, ღმერთო, ცა-მრგვლის გამჩენო! რა ვიცი?.. ამ ტიალ წუთის-სოფელში ფათერაკი-ბევრია... ღმერთო, მაშორე, ფუ, ეშმაკსა და იმის თავსა და ტანსა!.. 

შეაფურთხა ეშმაკს და გადიწერა კიდევ სამჯერ პირჯვარი შეშინებულმა დედამ. ფიქრი კი მაინც ერჩოდა, ეჭიდებოდა. 

ამოვიდა ალიონიც. ღამემ დღეს კარი დაურაკუნა. 

რაკი ამისთანა ფიქრმა ერთხელ გული ამოუფრთხო ბუდიდამ, უძილობისაგან გალახულმა, ფიქრის ჭიდილში მოქანცულმა ოთარაანთ ქვრივმა თავი ვეღარ დაუჭირა გულს, ვეღარ დაიწყნარა, ვეღარ დაიმორჩილა. 

– ღმერთო, მიხსენ! - იძახდა ღონემიხდილსავით და ერთს ავს ფიქრს რომ აიცილებდა, ახლა უფრო უარესს წააწყდებოდა. ფიქრი ლანდად გადაექცა. 

ღამე გამოეთხოვა ქვეყანას. ერთი კალთა ცისა აიხადა. გარიჟრაჟდა. მტრედისფერმა გადაჰკრა ცის გუმბათსა. დილამ კარი გაუღო დღეს და გამოახედა. 

ოთარაანთ ქვრივიც მოჰღალა ფიქრმა... თვლემა მოერია, ღვიძილი ძილად ექცა და ცხადი - სიზმრად. სჩანს ამ ფიქრების ზარი ძილშიაც ჩაჰყვა, რომ მძინარემ რამდენჯერმე წამოიძახა: 

– ღმერთო, მიხსენ! ღმერთო, მიხსენ! 

 

– VIII 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა...

 

მზემ ადგომა მაინც ვერ დაასწრო. ოთარაანთ ქვრივი პირდაბანილი და ტანთ-ჩაცმული იყო, რომ მზემ მაშინ ძლივს ამოჰყო თავი მთის წვერიდამ და გადმოხედა ქვეყანას თავის ერთად-ერთის ოქროსავით ბრჭყვიალა თვალითა. მთების ნამს მოახვედრა მზემ თავისი სხივი თუ არა, მთამ ორთქლი აუშვა, თითქო საკმელს უკმევს ამ უზარმაზარს ცეცხლის ბურთსაო. 

– რა დამემართა წუხელის? - ჰკვირობდა ოთარაანთ ქვრივი, - რამ წამიღო? რამ დამძლია და ამითრია? ჭირს ნუ გაუტყდებიო, მითხრა ცხონებულმა. მოდი და ნუ გაუტყდები!.. დამალული ჭირი ძნელია. პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი... ვის ვეჭიდო და რას, რაც არ ვიცი. გული ამან შემიშინა... ბნელმა თავის ნაბადში გაახვია ჩემის გიორგის ამბავი. თუ სიყვარულია... ღმერთმა ბედი მისცეს და თუ სხვა რამ არის!.. ცოდო... სისხლი... ჩაიქოლე თავი, ოთარაანთ ქვრივო, ჩაიქოლე... გულზედ ლოდსავით დააწვება და თავის დღეში აღარ აეხსნება. აღარ აეხსნება... აღარ, აღარ!.. 

კიდევ აჰყვა წუხანდელს ფიქრსა. სულ ის სამის დღით წასვლა შვილისა აგონდებოდა და აფრთხობდა. 

ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზე მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს. ოთარაანთ ქვრივსაც ასე მოუვიდა. დაუგუნდავდა ფიქრი, შვილის სიყვარულმა ხელი ჰკრა და დააგორა იმ მაღალ მთიდამ, საცა მარტო ჭეშმარიტი დედა-შვილური სიყვარული ჰსადგურობს. რა გაუძლებდა!.. 

ყოველგვარი სიყვარული, - დედა-შვილურია, თუ სხვა, - მაინც ფრთხილია და მშიშარა: ჭირი უფრო ელანდება, ვიდრე ლხინი, როცა საყვარელის ტკივილი გამოცანაა, დამალულია, მიუგნებელია. 

დედას შვილი ისევ ლოგინში მწოლარე ეგონა, როცა - აქაოდა შვილი არ გამოვაღვიძოო - ბნელ სახლიდამ ფეხ-აკრეფით გარეთ გამოვიდა ცოცხით ხელში დერეფნის დასაგველ-დასაწმენდად. გაუკვირდა რომ თვალი შეასწრო გიორგის, კაკლის ქვეშ ჩრდილში მწოლარეს.

გიორგის თავისებურად ამოედო თავ-ქვეშ ორივ ხელები, პირაღმა იწვა ფეხებ-გაშოტვილი და კაკლის მაღალ შტოებს შესცქეროდა. ყუისავით თეთრი და ფაფუკი ღრუბელი ნაჭერ-ნაჭერ აქა-იქ მიდიოდ-მოდიოდა წყნარად და აუჩქარებლად გადაწმენდილ ცაზედ, თითქო ტოლ-ამხანაგებს ეძებენო ხელი-ხელს გადასაბმელად. ციაგ-მკრთალს ლაჟვარდს დილის ცისას საუცხოვოდ გადაეშალა თავისი კალთები ამ სუბუქად მცურავ პაწია სტუმრებისათვის, თითქო დედა იწვევს ახლად გაღვიძებულს ბალღებს კალთაში გასაგორებლადაო. სხვა დროს ამისთანა ცა, ამისთანა დილა ოთაარაანთ ქვრივსაც კი გაუხსნიდა მჭახე შუბლსა. ეხლა კი დარდი და ნაღველი არ აცლიდა. 

– შვილო, ამდგარხარ კიდეც!.. მე კი ისევ ქვეშაგებში მეგულებოდი. ვერც კი დავხედე შენს ქვეშაგებს, არ გავაღვიძო-მეთქი. 

– ძილი გამიკრთა, დედი! მე ჩემი ვქენ, ძილმა თავისი, არ იქნა, არ დამეძინა. გამიხარდა, რომ გათენდა და გარეთ გამოვედი. 

დედა მივიდა, თავთ დაუჯდა შვილს და შუბლზე ხელი გადაუსვა. 

– გიორგი, შენ შენსას მაინც არ იშლი… 

– რას მიჩივი, დედი? 

– რაღაც ნაღველი გაქვს, შვილო, რაღაც ნაღველი... წუხელის შენმა ჯავრმა არ დამაძინა. 

– მართლა-და, ძილში ჰლაპარაკობდი, - შორს გადუგდო სიტყვა გიორგიმ. - სულ ამას იძახოდი: ღმერთო, მიხსენ, ღმერთო, მიხსენო! 

– მე, შვილო? 

– ჰო-და შენ. 

– მე ძილში ლაპარაკი არ ვიცი. 

– ეგრე კი იყო-და! 

– მე ცხადლივაც მეჯავრება ტყუილ-უბრალო ღიჭინი. 

– ღვთის ხვეწნა ტყუილ-უბრალოა? 

– მა რა არის, როცა უდრო-უდროა. განა ჩემის მეტი დარდი არა აქვს ღმერთსა?! ვენაცვალე იმის მადლს... 

– დედი, რას ამბობ? 

– იმას, ჩემო კარგო, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა, უბძანა: წადი, შენს თავს შენვე მოუარეო; შენ იცი და შენმა წუთისოფელმაო; რაც წაგეკიდოს, შენი ბრალი იქნება, მე ნურას დამაბრალებო; მე ხელი დამიბანიაო; აქ ჩემთან რომ ამოხვალ, მაშინ სხვა არისო. ადუღებულ კუპრის ზღვაზედ ბეწვის ხიდს გაგიდებ, თუ კარგი ხარ, - გაივლიო; მადლი მხრებში შეგიჯდება და გაგატარებსო; კაი კაცს არ ჩაუწყდებაო 

– მადლი სუბუქია და ცოდო მძიმე განა, დედი?.. 

გიორგის უხაროდა, რომ დედა ფიქრით შორს წაუვიდა და ჰცდილობდა უკან აღარ დაბრუნებულიყო, კიდევ მე არ ჩამაცივდესო. ის კი არ იცოდა, რომ ცოდოს ხსენებაზედ დედას ელდა ეცა. ოთარაანთ ქვრივმა ყურები აცქვიტა, ცოდო რად ახსენაო. ჩვეულმა და ჭირვეულმა ფიქრმა ხელახლად დაჰქროლა და მოუშუშა გული. 

– მა რა არის, შვილო!.. - უპასუხა გულშეხუთულმა დედამ. - ეს წუთის-სოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია. შენთან ცოდოს რა ხელი აქვს!.. - უთხრა დედამ და ჩაუკვირდა შვილს, აცა რას იტყვისო დამნაშავე სამაკვდინო განაჩენს ისე გულის ფანცქალით არ მოელოდინება, როგორც ამ ჟამად დედა შვილისაგან პასუხს ელოდა. 

– უცოდველი ვინ არის? ისეთისაგან კი ღმერთმა მიხსნა, - უპასუხა შვილმა. 

დედას გულზედ მოეშვა. 

– მა რას ჩაკეტილხარ და დახურულხარ შენს გულში? შვილო, დედა ვარ და არა უცხო. შენი ჯავრი გულში ჩამიჯდა ჭიასავით და ჭიასავით მფქვავს და მჭამს. შემიბრალე და მაცოცხლე!.. 

გიორგი მაშინვე წამოჯდა, თითქო ცეცხლი შეუკეთესო. პირველი მაგალითი იყო, რომ მისმა გულგაუტეხელმა დედამ თავი შეაბრალა. ამას ოთარაანთ ქვრივი ყოველთვის ჰთაკილობდა. ეხლა კი გულმა სძლია ხასიათის გაუტეხლობას. დედა-შვილური სიყვარული მძლეთა-მძლეა. 

შვილმა შეჰხედა დედას. ოთარაანთ ქვრივს ცრემლი მოსდგომოდა თვალებში... ოთარაანთ ქვრივი ჰტიროდა!.. ამის მეტად დედის თვალზედ შვილს ცრემლი არ ენახა - ან იქნება ენახა და არ ახსოვდა; გიორგის ეოცა, გაუკვირდა. რკინის გადნობას ხელში ჭერისაგან დაიჯერებდა და დედის თვალში კი ცრემლს არა, სხვას რომ ეთქვა. 

შეწუხდა გიორგი. ჩაუფიქრდა თავის-თავს - დროა თქმისა თუ არაო. 

– დედი, - წამოიძახა ბოლოს შვილმა, - გეტყვი და ნუ შემრისხავ: შენი უნებური საქმე მწადიან. რიდი მქონდა და ვერ გეუბნებოდი, წადილი კი ვერ მოვიკალ, აი, რამდენი ხანია ვეჭიდები... 

– რა არის, შვილო, მაგისთანა? - უპასუხა დედამა და მსწრაფლ უკუექცა თვალთაგან ცრემლი. ოთარაანთ ქვრივი მაშინვე გამოიცვალა და ისევ საქმიან დედაკაცად იქცა, რაკი სიტვა საქმეზედ მიდგა. 

– მოჯამაგირედ მინდა დავდგე. გული შინ აღარ მიდგება. 

– ეგ რა სთქვი, შვილო? მამის შენის შვილი და ბოგანა-მოჯამაგირობა? საიდამ სადაო? ხომ საფლავში გადატრიალდა მამა-შენი სირცხვილისაგან... 

– ამას ვშიშობდი, დედიჯან, რომ გაწყენდი... მეც შემიბრალე, ადამიანი ვარ. 

– მერე რა წაგეკიდა სამაგისო? 

შვილმა თავი ჩაღუნა და პასუხი არ გასცა. დედას ელვასავით გაურბინა რაღაცა ფიქრმა. 

– მერე ვისთან აპირობ დგომას? - ჰკითხა ხელახლად დედამ. 

– ერთად-ერთი სახლია. ან იქ, ან არსად არ. 

– ვისი სახლია ისეთი? გლეხისა, თუ თავადისა? 

– თავადისა. 

– აქ, ჩვენში? 

– ჩვენში. არჩილს უნდა დავუდგე. 

ოთარაან ქვრივმა ეხლა კი თითზედ იკბინა. თითქო რაღაც ენიშნაო, რაღასაც მიაგნოვო. შვილს გადაწყვეტილი არა უთხრა-რა. აღარც შვილი გამოეკიდა, თითქო დიდმა საგონებელმა ამისათვის აღარ მოაცალაო. 

 

– IX 

უცნაური ნასკვი

 

არჩილი ახლად გადმოსული იყო რუსეთიდამ. სწავლა იქ შეესრულებინა. ვეღარც დედას მოუსწრო, ვეღარც მამას, ორივენი დაჰხოცოდნენ. მარტო ერთი გასათხოვარი და-ღა ჰყვანდა და და-ძმანი ერთად სცხოვრობდნენ. გვარიანი სახლ-კარი და მამულები დარჩათ მამისაგან და იმავ სოფელში ჰქონდათ ბინა, საცა ოთარაანთ ქვრივი იყო. 

სოფელი ძალიან ემადლიერებოდა ამ და-ძმასა. კაი ხალხიაო, ყველა ამას იძახდა, ვისაც კი დაეკითხებოდით. ოთარაანთ ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ და-ძმისაგან. თითონ არჩილს და იმის დასაც ბევრი რამ ჰქონდათ შეტყობილი ოთარაანთ ქვრივზედ და ბევრს იცინებდნენ ხოლმე მოწონების სიცილითა, როცა კი უცნაურის ქცევის და სიტყვა-პასუხის ამბავს ამ დედაკაცისას გაიგონებდნენ. 

– პატივსაცემი დედაკაციაო ეს ოთარაანთ ქვრივი, - ხშირად უთქვამთ დასაცა და ძმასაცა და ერთი შემთხვევაც არა ჰქონიათ, რომ სიყვარულით და თავაზით არ მოეკითხნათ, როცა კი ოთარაანთ ქვრივს შეჰხვედრიან. 

არ ვიცით, ოთარაანთ ქვრივს საამურად ჰქონდა ეს თავაზიანი მოკითხვა, თუ არა. ეს კი ვიცით, რომ როცა ამათზედ კარგს ვინმე იტყოდა, ოთარაანთ ქვრივი დაატანდა: 

– ჭკუა აქვთ და იმიტომაო. 

გიორგის ამბებიც არა-ერთხელ მისვლიათ და-ძმასა და არა-ერთხელ გაჰკვირვებიათ მისი ზნე და ხასიათი. ვერ გამოეცნოთ, - გლეხკაცობაში საიდამ და როგორ უნდა დაწნულიყო ამისთანა ზნე, ამისთანა ხასიათი. 

– „ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ ქვეყნიერობაში იმისთანა საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც არ მოსჩვნებიათ ჩვენს ფილოსოფოსებსაო”, - ეტყოდა ხოლმე არჩილი თავის დას ჰამლეტის სიტყვებს, როცა გიორგიზედ ჩამოუვარდებოდათ ლაპარაკი. 

გამოუცვნელს გამოცანას ამით მოუღებდნენ ხოლმე ბოლოს. 

– გიორგი გიახლათ, - მოახსენა ერთ საღამოს მოსამსახურემ არჩილსა. არჩილი მაშინ ტახტზედ წამოწოლილი იყო და ყურს უგდებდა დას, რომელიც რაღაც წიგნს ხმამაღლა უკითხავდა. 

– ვინ გიორგი? - ჰკითხა არჩილმა. 

– ოთარაანთ ქვრივის შვილი. 

– მობრძანდეს. 

შემოვიდა გიორგი და, ქუდმოხდილი გაჩერდა რა კარებთან, სთქვა: 

– საღამო მშვიდობისა. 

– აი, გაგიმარჯოს, ჩემო გიორგი! - უთხრა მხიარულად არჩილმა. - რასა იქ? როგორა ხარ? როგორ არის შენი პატიოსანი დედა? 

– რა გვიჭირს? ღვთის მადლით კარგადა ვართ. 

– ამბავი, ხაბარი... რისთვის გარჯილხარ? 

– ნუ მიოცებთ კი და თქვენთან ყოფნა მწადიან. 

– მოდი-და ნუ იოცებ. რისთვის? როგორ? 

– როგორც გნებავდეთ: გინდათ მოჯამაგირედ გიახლებით, გნებავთ მუქთად გემსახურებით. ჩემთვის არაფერი ბედენაა. 

– რას ამბობ, კაცო! - ჰკითხა მართლა გაოცებულმა არჩილმა. - შენის ოჯახის პატრონი და მოჯამაგირედ დგომა, - ვის გაუგონია. ან შენ ვერ გაგიგია, რა გინდა, ან მე არ მესმის, რას ამბობ. 

– მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, თქვენ ოღონდ ეგ წყალობა მიყავით. გული აღარ მიდგება შინ, ლამის მარტოობამ დამლიოს. 

– მერე დედა-შენი? - იკითხა არჩილის დამა და თავისი მარილიანი თვალები მიაშუქა გიორგისა. 

– დედა-ჩემი... დედა-ჩემსა სწყინს, ქალბატონო, მაგრამ ვეღარ გაუტეხივარ. 

– აბა, ჩემო გიორგი, ჩვენ დედა-შენს ვერ ვაწყენინებთ. იმისი დიდი თავაზა და ხათრი გვაქვს, - უთხრა არჩილმა. 

– თქვენ ეს მიბძანეთ, მამყოფებთ თქვენთან, თუ არა და დედი-ჩემისა მე ვიცი, არ ამიხირდება... დედის-ერთა ვარ... 

– მამყოფებთო!.. ორისავე ხელით, სიხარულით. შენისთანას სად ვიშოვი. განა არ გიცნობ... ეს დედა-შენი მაღონებს. 

– მადლობელი ვარ. მაშ მშვიდობით ბძანდებოდეთ. ამ დღეებში გიახლებით. 

– ჯამაგირი? 

– გინდა იყოს, გინდა არა, მოგახსენეთ, დიდი ბედენა არ არის. 

– ეგ არ იქნება. მაგისი ყაბული არა ვარ. სთქვი, - რა მოგცე? 

– რაც შენი ნებაა. 

– ეგ არ იქნება-მეთქი, სთქვი. 

– რაცა ვღირდე, ის მომეცი. 

– ჩემს ნამუსზედ აგდებ რაღა? 

– რა ცუდი თამასუქი ეგ არის! 

– ჩემი ნამუსი რომ შენს კაი-კაცობას არ გასწვდეს?! 

– არა უშავს-რა!.. რაც დამაკლოთ, ალალი იყოს თქვენზედ, გულს არ დამაკლდება. მშვიდობით ბძანდებოდეთ. 

ორივეს დაუკრა გიორგიმ თავი და მაშინვე გავიდა. 

დამა და ძმამ ერთმანეთს შეჰხედეს. 

– ეს რა ამბავია? - ჰკითხა დას არჩილმა. 

– არ ვიცი, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს! მიკვირს და მეოცება. 

– უთუოდ ფული რამ დასჭირებიათ. 

– რომ არა ჰთხოულობს!.. 

– ეგეც კი. ჩვენ კი ბედი გვეწია, რომ მაგისთანა კაცი ვიშოვეთ, და ოთარაანთ ქვრივს როგორღა გადვურჩებით, არ ვიცი. 

– იმის უნებურად ნუ ვიქთ მაგასა: პატივსაცემი დედაკაცია, ნუ ვაწყენინებთ. 

– შენც არ მომიკვდე, დედის უნებურად მე გიორგი სახლშიაც არ შემოვუშვა, თუმცა კი ძვირფასი კაცია ჩვენთვის. 

დამა და ძმამ ცალ-ცალკეც ბევრი იფიქრეს, მაგრამ ამ უცნაურს ნასკვს წვერიც ვერ უპოვეს გამოსახსნელად. 

 

– 

მხილებაა, თუ კადნიერება?

 

არ გასულა ამის მერმედ ორი დღეც, რომ ოთარაანთ ქვრივი არჩილიანთას მივიდა. 

– ო, ნათლიდედ, ნათლიდედ! მობრძანდი, - დაუძახა შორიდამვე არჩილმა, როცა ოთარაანთ ქვრივს თვალი შეასწრო. და-ძმანი ძირს ეზოში ისხდნენ დიდ ფურცელ-ქვეშ და დილის ჩაის შეექცეოდნენ. 

– დილა კარგა-ყოფნისა, - მიესალმა ოთარაანთ ქვრივი, როცა ახლოს მივიდა. 

არჩილი წამოხტა, ოთარაანთ ქვრივს მიართვა თავისი სკამი და მიიწვია დასაჯდომად. 

– დაბძანდი, დაბძანდი. კესო, ნათლიდედას ჩაი მოართვი, - უთხრა არჩილმა თავის დასა. 

– ჩაი რა ჩემი საქმეა, თქვენ შეექეცით, მე უმაგისოდაც გავძლებ. ქალო, როგორ გიკითხო? ხომ მშვიდობით ბძანდებით? - მოიკითხა ქალი ოთარაანთ ქვრივმა და ჩამოსკუპდა სკამზედ. 

– ვართ შენის ლოცვითა და კურთ... 

– მე ჩემთვისაც არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი, და თქვენთვის სად ვილოცებდი, - უთხრა მკვახედ ოთარაანთ ქვრივმა და სიტყვა მოუჭრა. 

– ჰა, აფრა არ აუშვა შენებურად, - უთხრა ღიმილით ქალმა და, თითქო მახლობელი მოყვარეაო, თავაზიანად ხელი დაჰკრა კალთაზედ, თავის სკამიდამ ლამაზად გადაწვდილმა. 

ოთარაანთ ქვრივი შეიჭმუჭნა. როგორღაც ეხამუშა, ეუცხოვა ამისთანა ტოლ-ამხანაგური ქცევა ახალგაზრდა ქალისაგან: მე ვინა და ეს გუშინდელი ძუძუთა ვინაო, იფიქრა. მიუხვდა კი, რომ კესო აფრთხილებს და ისე კი, რომ საწყენად არ დაურჩეს. 

– ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა, - უთხრა ქალს ოთარაანთ ქვრივმა ცოტა არ იყოს მწყრალად. 

– ეგ რაზედა სთქვი? 

– იმაზედ, რომ შენ ჩემს სიტყვა-პასუხს შეუშინდი და გაფრთხილება გინდა ჩემი. მიხვევ-მოხვეულს სწორე სჯობია. 

– მკვახედ იცი ლაპარაკი და კაი დედაკაცი კი ხარ. 

– შენც რომ ჩემი დღენი გამოგევლო, ჩემს ტაფაში დამწვარიყავ, შენც ეგრე ილაპარაკებდი. ან სხვაფრივ ლაპარაკი რა საჭიროა? ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე. 

– ე... ე... ე! თქვენ მე ვიცი, პატარა ხანს უკან ქვასაც ჩამოურევთ, - ჩაერია არჩილი, - ნათლიდედა საქმის დედაკაცია, რა ემასლაათება? არა, ნათლიდედ? 

– რატომ? ზოგან თქმაც კარგია. 

– შენ ხომ მაგისათვის არ მოხვიდოდი ჩვენთან; საქმე რამ გექნება, - უთხრა ხელახლად არჩილმა. 

– მართალია, უსაქმოდ არ მოვსულვარ. 

– ბრძანე: შენი ხმალი და ჩემი კისერი. 

– ჩემს გიორგის თქვენთან დგომა უნდა. 

– ვიცით და შენ მოგერიდენით. შენი დიდი ხათრი გვაქვს და ხათრს ვერ გაგიტეხთ. შენს უნებურად ეგ საქმე არ მოხდება. 

– ჩემი ნებაც არის. ჩემი შვილი ჯერ მე დამეკითხა. მეწყინა, მაგრამ დაშლა აღარ ეგებოდა. მცხვენიან, კაი ოჯახის შვილია, კაი მამის ჩამომავალია. ვთაკილობ და გვიანღაა წუწუნი: ვერ გავტეხე, ვერ ავუხირდი. დეე, რაც საქნელია, იქმნას. 

– თუ ეგრეა, უარს მე ვეტყვი, - უთხრა არჩილმა, - შვილი შენისთანა დედას როგორ არ უნდა ჰნებდებოდეს!.. 

– ნუ, ნუ!.. ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია, მე კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები. 

– მითომ რა გაჭირებაა, თუ შენი საამური არ არის? - იკითხა კესომ. 

– გაჭირება რას მიქვიან? სურვილია, იღბალია... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს. დაუდუღარს მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს. დეე, თავის ნებაზედ იყოს. მე არ ვუშლი, რაკი თითონ არ იშლის. 

– რაკი ასეა, ისე შეგინახავ შვილს, მტერიც კი შენატროდეს, - უთხრა არჩილმა. 

– მაგას არ წავეხარბინები. ის თითონაც კარგად შეინახავს თავისთავს, ისეთის მამის შვილია, - უპასუხა ოთარაანთ ქვრივმა, - ეჰ, კარგი იქნებოდა სასხვისოდ არ გაეხადნა თავი, მაგრამ რაც არის, არის!.. 

– ახლა შენ რომ მარტო დარჩები? - იკითხა კესომ. 

– მარტო რად დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი ბღარტები მიზის. ჭირადაც მეყოფიან და ლხინადაც. 

– აკი ნათლიდედამ მიხვევ-მოხვევა არ იცისო? აკი პირდაპირ თქმა უყვარსო? მე აქ არა მესმის-რა, - სთქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქო იმას ეკითხებაო. 

– მიხვეულ-მოხვეული რა ვთქვი? ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა. წუთის-სოფელი ვის აცლის მარტოობისათვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ. 

– მართალი გინდოდა და ეგეც მართალი, - უთხრა კესომ ძმას უწყინარობის ღიმილითა. 

– ნათლიდედა სიტყვას მარტო ეკლადა ჰხმარობს, - მითამ და გაიხუმრა არჩილმა, მაგრამ ვაი ხუმრობას!.. 

არჩილი წამოდგა ფეხზედ, ტანში გაიმართა, თითქო რაღაცამ დაუჭიმა ძარღვებიო, - ჩაიწყო ჯიბეში ხელები და მოჰყვა წინა და უკან სიარულს, მერე მივიდა, წინ დაუდგა კესოს და ჰკითხა რუსულად: 

– როგორ გგონია? წინდახედული მხილებაა, თუ წინდაუხედავი კადნიერება? 

– შენ მართალი ხარ, - უპასუხა დამ რუსულადვე, - ერთი ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, მეორე ურცხვობამ და საწყენია. მე პირველი მგონია. 

არ ვიცით ძმამ დაიჯერა თუ არა დის სიტყვა, ამას კი ვიტყვით, რომ არჩილი ამის შემდეგ მივიდა ოთარაანთ ქვრივთან მხიარულის სახითა და მართლის გულით უთხრა: 

– ბრძენი დედაკაცი ხარ, ნათლიდედ, ბრძენი!.. 

სხვა დროს იქნება ერთი თავისებური მკვახე სიტყვა ეტკიცა ოთარაანთ ქვრივს ამ ქებისათვის, მაგრამ ეხლა კი გაუჩუმდა. მერე თითონაც უკვირდა, ნეტა ენა რამ დამიბაო. 

 

– XI 

ორი თვალი

 

იმ დღეს, როცა გიორგიმ დააპირა არჩილიანთას წასვლა მოჯამაგირედ დასადგომად, ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ ოთარაანთ ქვრივმა სიამოვნებითა სთქვა: 

– ძლივს შუბლგახსნილი არა ვნახე! 

სიამოვნებით კი სთქვა?.. 

ამაზედ ჰოც ითქმის და არაცა. ეს რაღაც „მზიან-ჩრდილიანი“ სიამოვნება იყო. მზიანი იმიტომ - რომ უხაროდა შვილის სიხარული, ჩრდილიანი იმიტომ - რომ ეწუხებოდა დედური წუხილი, სტკიოდა დედური გული, - რად უხარიან ჩემგან წასვლა და სხვასთან ყოფნაო!.. მზე და ჩრდილი, ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა. 

დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხელი უკეთესი ქვეშაგები, საცვალი ტანისამოსი, კაი ლეკურის შალის ჩოხა-შალვარი, ყანაოზის ახალუხი, ორი წყვილი თავისის ხელით მოქსოვილი ჭრელი წინდა, ახლად ნასყიდი ყაითნებით მორთული საცვეთები, ბაზარში განგებ შეკერილი და ყაითნებითვე დახლართული ქვემოური ქალამნები. ყველაფერი ეს გამოუკრა ჯერ სუზანში, მერე ფარდაგში და შეჰკრა მაფრაშასავით თოკებით. 

– დედი, დედი! ეს რა ამბავია? - ჰკითხა გაცინებით შვილმა, როცა ეს სამზადისი დაინახა, - ცხრა მთას იქით ხომ არ მისტუმრებ, რომ მაგოდენა ბარგ-ბარხანას თან მატან. 

– არა, შვილო!.. უამისობა არ იქნება. დეე იცოდნენ, რომ ოჯახის შვილი ხარ და არა ეული ვინმე, ბოგანა. დეე იცოდნენ, რომ ოჯახიდამ გასდიხარ და არა უოჯახობიდამ. 

– განა არ იციან? 

– გაგონილს თვალით ნახული სჯობია. დეე რაც ყურით გაუგონიათ, თვალითაც ნახონ. 

– სასაცილოდ ამიგდებს მთელი სოფელი, ეგრე ბარგ-აკიდებული რომ მნახონ. 

– თავ-საცილს კაცი არ მოუკლავს. კაცი რომ სულელების კბილთა ღრეჭას აჰყვეს, სად წავა? 

– მეტის-მეტია, დედი, ამოდენა ბარგი!.. თითქო ქალი ვიყო და მათხოვებდე. 

– ქალი რომ იყო, ეგრე ადვილად ვერ გამიფრინდებოდი ხელიდამ. 

– ქალი ხომ უფრო საბოლოვო არ არის დედ-მამისათვის. ქალი მოდის იმისათვის, რომ წავიდეს და სხვაგან გაიკეთოს ბუდე. 

– მართალია, მაგრამ ქალი, - მინამ გათხოვდება, - დასაფრენი ბღარტია და ფრთას ქვეშ უზის დედასა. 

– როგორ? წნილად შემინახავდი თუ? 

– მაგას არ გეუბნები. ქალი ბედს შინ მოელოდინება, კაცი კი გარეთ ეძებს... 

გიორგი აიმრიზა, ხმა აღარ გასცა. მიჰტრიალდა და კუთხეში რაღაც ფაცური დაიწყო, ვითომ-და ეძებს რასმე. 

ოთარაანთ ქვრივმა ეს უცებ გაწყვეტა ლაპარაკისა შენიშნა და არ შეიმცნია კი. 

– უფრთხის ახლოს მისვლასაო, - იფიქრა დედამ. 

გიორგი პატარა ხანს შემდეგ ხელახლად მოუტრიალდა დედას, ხელი ჩაჰკიდა შეკრულს ბარგსა და ეგრე, ხელჩაკიდებისაგან ერთ მხრივ გადახრილმა უთხრა: 

– ნება შენი იყოს, დედი!.. ამ ბარგი-ბარხანით მიუვალ... 

სთქვა ესა, მხიარულად შეიგდო მხარზედ ბარგი და გასწია. 

ოთარაანთ ქვრივმა დიდხანს ადევნა თვალი დერეფნიდამ... დიდხანს ადევნა, დიდხანს, მინამ თვალთაგან მიეფარებოდა შვილი, თითქო ხმაამოუღებლად იხვეწ-იმუდარებოდა, - ერთი მაინც შემომხედოსო. მაგრამ გიორგიმ უკან აღარ მოიხედა... 

დედას გულმა ტეხა დაუწყო. 

– უკან აღარ მოიხედა!.. - დაიკვნესა დედამ, - ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქო თოკით ეწევიანო. 

ფეხთმდგომელას ოთარაანთ ქვრივს თავი ძირს ჩამოუვარდა დამბლასავით, თითქო კისრის ძარღვი გაუწყდა, ვეღარ შეიმაგრა და ნიკაპით გულზედ დასაბჯენად-ღა დაეკიდაო. 

– ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. - დაიკვნესა ხელახლად დედის გულმა. 

ამის თქმაზედ ოთარაანთ ქვრივმა კაბის სახელო წამოიწია და მთელი მკლავი დაჭიმულ სახელოთი მოისო თვალებზედ. 

თითონაც არ იცოდა, - რადა ჰქმნა ესე. ეს უნებურად, უცოდნელად მოუვიდა. ხელმა თავისთავად დაასწრო, მინამ გული ცრემლს წამოჰღვრიდა. თითქო ხელი არ დაეკითხა გულს, - არ დამაგვიანოს, არ დამიშალოსო. 

ოთარაანთ ქვრივს თვალში ცრემლი არ უჩანდა!.. განა აქვს კი ცრემლი ცეცხლმოკიდებულ გულსა?! 

ჩამოჯდა ოთარაანთ ქვრივი დერეფნის დირეზედ. ჩაჰკიდა კვლავაც თავი და ორისავე იდაყვით მუხლების თავზედ დაებჯინა. 

ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო... 

– დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? - ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. - დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა... თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? - რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, - რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!.. 

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრების მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდამ გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა: 

– არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ... 

 

– XII 

უეცარი წკიპურტი


გიორგი მოჯამაგირედ დადგა. პირველს დღესვე არჩილმა ვენახში წაიყვანა გიორგი. არჩილი ახალს ვენახს აშენებდა და უნდოდა მიწა ჭანდრაკის ფიცარსავით უჯრა-უჯრა დაეყო და ისე მოერიგებინა ვაზი მწკრივად და ლარზედ. ორი ჭრა კიდეც გაეკეთებინა ასე და ვაზის რქა ჩაეყარა. ძალიან მოსწონდა არჩილს ესე უჯრა-უჯრა ჩარიგებული ვაზი. გიორგის რომ დაანახვა ეს თავისი ახალშენი, თავმოწონებით უთხრა: 

– როგორ მოგწონს? ერთი შეჰხედე გინდა აქედამ, გინდა იქიდამ, სულ ლარსა და მწკრივზეა ჩარიგებული. 

– ეგრე ჩარიგება ვაზისა კარგია: მზე და ნიავი თანაბრად დაუვლის ყველგან. ამას წინად, - სამი-ოთხი წელიწადი იქნება, - გავიგე, რომ კახეთში ეგრე უკეთებია ვენახი ერთს თავადიშვილს. გული არ დამიდგა, მინამ არ წავედი და არა ვნახე. ვნახე და მომეწონა. საკეთებლადაც უფრო სამხროა. კარგია ეგრე. 

– ძლივს ერთი კაცი არა ვნახე ამ სოფელში, რომ მომიწონა ნაკეთები. 

– ნაკეთებს კი ვერც მე მოგიწონებ. 

არჩილი შეჰფიცხდა და აიტკიცა. 

– რატომ, ბიჭო? 

– იმიტომ, რომ აქ ფერდობია... 

– ვაი შენ, ჩემო თავო! - გააწყვეტინა სიტყვა არჩილმა, - შენც ბევრი არა გცოდნია-რა, ჩემო გიორგი. ბიჭო-და, საქმე ის არის, რომ ფერდობია და მზის-გული ფერდობიცა. 

– განა მაგას ვიწუნებ? მზის-გულ ფერდობს რა სჯობია ვენახისათვის!.. 

– მაშ რას ამბობ? 

– აქ ჩვენში ხომ ნამი არ იცის, როგორც კახეთში, და მშრალი მიწაც არის. ჩვენში ვაზს რწყვა უნდა. რაც გინდ მაგრად იდგეს კაცი, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოახვედროს ვენახს წყალი, თორემ ვაზი ვერ მოიხდენს. პირველში ხომ კარგა წყალს მოინდომებს და მოინდომებს, მინამ რქა იხეირებს. 

– მერე რა გინდა სთქვა? 

– მერე ისა, რომ ეგრე სისწვრივ ვაზი რომ ჩაგიყრია ამ ფერდობის გარდი-გარდმოდ, როგორ-ღა მოატარებ ვაზებში წყალსა. წყალი აღმა ხომ ვერ ივლის? 

– მაშ, შენის ფიქრით, ლარი აღმა-დაღმით უნდა დაგვეჭირა თავ-თავ-ქვესაკენ, რომ ზემოდან ქვევით ედინა წყალს! 

– წყალი მაშინ, რა თქმა უნდა, კარგად ივლიდა, მაგრამ არც ეგ ივარგებდა. წყალი რუისა, თუ ნიაღვრისა, მაღლიდამ დაქანებული, ზემოდამ სულ ქვევით ჩაიტანდა მიწას, ჩაჰრეცხდა ვენახსა, ზემო-პირის ვაზს სულ ძირს გამოუხრამავდა. 

– მაშ როგორ უნდა ყოფილიყო? 

– ეგრევ, მაგრამ ლარი სწორეზე კი არ უნდა წაგეღო, ცოტა გეზად უნდა დაგეჭირა, რომ წყალს საკმარისი თავ-თავ-ქვე ჰქონოდა და მიწაც ზევიდამ ქვევით არ ეზიდნა. აგერ რუიც ხომ მარტო გარდი-გარდმოდ ემხრობა ამ ახალშენსა! აქედამ ცოტა გეზ-გეზად თუ არ წავიდა თავ-თავ-ქვესაკენ, სხვა გზით წყალს ვენახი არ მოიხდენს. ეხლა კი წყალს ავალა პირაღმა აქვს. როგორ უნდა იდინოს? აბა გაიხედე!.. 

არჩილმა გაჰხედა-გამოჰხედა, ხან აქედამ გაუსისწვრივა თვალი, ხან იქიდამ, ხან აქედამ მოუდგა, ხან იქიდამ და იმისთანა ვერა იპოვა-რა, რომ ხელი ჩაეკიდნა და გიორგი გაემტყუნებინა. 

– ბატონო-და, მაგას რა დიდი ამბავი უნდა, - უთხრა გიორგიმ, რაკი შეამცნია, რომ არჩილი ჰო-არაობაშია. - აი, თუნდა ეხლავ მოვუგდებ წყალს და მაშინაც არ გამოჩნდება! 

– საჭირო არ არის. შენ მართალი ხარ, ჩემო გიორგი! კიდევ კარგია, - ეხლა დროზედ შემომესწარ, ჯერ მინამ მარტო ორი ჭრა ჩამიყრია და გასწორება ადვილია, თორემ, შენი მტერი!.. აქაურს გლეხკაცობას სიცილად არ ვეყოფოდი, თუნდ ხარჯსაც აღარ შევშინებოდი. 

არჩილი შინ ამოვიდა და ყველაფერი თავის დას უამბო. ბევრი იცინა დამ, რომ არჩილს ესეთი უეცარი წკიპურტი მოჰხვედრია. 

– ეგ რა მოგსვლია?! - ჰკითხა კესომ და გულიანად ჩაიხარხარა. ჩაიხარხარა, მაგრამ წყენა დაცინებისა მოატკბო და-ძმურის სიყვარულის კილომა: - ეგ რა მოგსვლია? 

– ის, ჩემო კარგო, რაც თავმოწონებულს არ-ცოდნას მოსდის ხოლმე ყოველთვის. ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, - ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩვენ ჩავკიდეთო. ქვეყანაზედ ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია. თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს. 

– შენა და წიგნების ეგრე აბუჩად აგდება? 

– მე აბუჩად წიგნებს კი არა, ჩემს თავს ვიგდებ: არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია. ეს ტყუილი თაკილი... 

– ტყუილმა ბრძნობამ იცის, - დაატანა კესომ და ჩამოართვა სიტყვა ღიმილით. 

– და უვიცობის ცუდმედიდობამ!.. - დაუმატა არჩილმა. 

 

XIII

ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!..

 

ამისი თქმა ძლივ გაათავა არჩილმა, რომ ოთახში ერთი ყვირილი და ხმაურობა შემოესმათ. არჩილი მაშინვე გარეთ გავარდა და მუაჯრიდამ გადასძახა ჩალურიდამ გამოცვივნულ მოსამსახურეებს: 

– ეს რა ყვირილ-ღრიალია? 

– რა მოგახსენოთ? თავლიდამ მოდის, - უპასუხა ვიღაცამ. 

– ერთი შემიტყვეთ, რა ამბავია? 

მინამ ერთ-ერთი ვინმე წავიდოდა, თავლიდამ გამოჰრბოდა კიდეც მეჯინიბე, ვიღასაც მხარ-უკუღმა მუშტს უღერებდა, იმუქრებოდა, მოილანძღებოდა. 

– ბატონო, ეს რა ღვთის წყრომაა? - შემოსძახა ქვევიდამ მეჯინიბემ, მუაჯირზედ გადმომდგარს არჩილსა. - ეს ვიღაც ოხერ-ტიალი მოთრეულა, თავ-პირი აღარ შემარჩინა ცემითა. 

– ვინ ოხერ-ტიალი? 

– აი, ეს ახალი მოჯამაგირე. 

– გიორგი? 

– ეშმაკმა იცის იმისი თავი და ტანი, გიორგია თუ ვიღაცა. 

– მერე რა იყო? 

– რაღა რა იყო?!. თქვენ რომ ვენახიდამ მობძანდით, თქვეს ცხენს მოვხადე და დავაბი. ისიც ხომ თქვენ ფეხ-და-ფეხ მოგყვათ. შემოვიდა თავლაში, ჩხუბი დამიწყო, გამლანძღა, გავლანძღე და მერე ამომიდო ქვეშ და ისე გამხადა, რომ ნეკნები ჩემი აღარ არის. 

– აბა ერთი გიორგის დამიძახეთ, - უბრძანა არჩილმა. 

ერთი მოსამსახურე გაიქცა დასაძახებლად. ამ დროს კესოც გამოვიდა მუაჯარზედ, გვერდით მოუდგა ძმას და ჰკითხა: 

– რა ამბავია? 

– რაღაც ჩხუბი მოსვლიათ. 

– ვისა და ვის? 

– გიორგისა და მეჯინიბეს. 

– რაზედ? 

– სწორედ არც მე ვიცი. აი, გიორგი მოვა და შევიტყობთ. 

მოვიდა გიორგიცა. იღლიაში ახალუხი ჩამოჰხეოდა და სცდილობდა დაემალა. გოგო-ბიჭებმა, ვინც კი ამ დროს სახლში მოიხელებდა, ყველამ მუაჯართან ეზოში მოიყარა თავი. 

– ჩხუბი მოგივიდა? - ჰკითხა არჩილმა გიორგის. 

– არა. ამასთან საჩხუბარი რა მქონდა? 

– მაშ რას გიჩივის, მცემაო. 

– ცემით კი ვცემე. 

– ეგ ხომ ჩხუბზედ უარესია. რადა სცემე? 

– შენი ცხენი ისე ოფლიანი დაება. თავლაში რომ შევედი, თითონ პირაღმა გაშოტილიყო ტახტზედ და ყალიონს ეწევოდა. მე ვუთხარი: - ცოდო არ არის, ოფლიანი ცხენი დაგიბამს, ცოტა ხანს მაინც ატარებდი, ზურგზედ წყალს მაინც გადაავლებდი-მეთქი. ხომ წახდა ცხენი: ან ზურგმა ჰავა აართვა, ან ფეხში დაიხუთა-მეთქი.

არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო, მითხრა არხეინად და ყალიონი ძალზედ გამოაბოლა. - ვერც მიმტყიპავ და ვერც მიმაგდებ-მეთქი. წავედი ცხენის ასაშვებლად, მე მინდოდა პატარა მეტარებინა და წყალი გადამევლო ოფლიან ზურგზედ. - წადიო, ვიღაცა მოთრეულხარო, - დამიძახა და დედა შემაგინა. ამაზედ გული მომივიდა და ვცემე. მამაჩემსაც არ შევარჩენდი დედი-ჩემის ავად ხსენებას. 

– ეგრე კი იყო? - ჰკითხა კესომ გიორგის და გადმოჰხედა. 

– ტყუილი რა საკადრისია!.. 

– ეგრე იყო, ეგრე! - დაიძახა პატარა ბიჭმა მეხბორემ, რომელიც მაშინ თავლაში შესწრობოდა, - სწორედ ეგრე იყო, მე იქ ვიყავი. 

– კესო, ერთი დავთარში ნახე, რა ერგება, და გამოუტანე. 

კესო გამოუკითხავადაც მიხვდა ვისზედ უთხრა ძმამ. შებრუნდა ოთახში, პატარა ხანს შემდეგ გამოვიდა და უთხრა: 

– ოც-და-ხუთი მანეთი-ღა ერგება. აი ფულიც. 

არჩილმა ჩამოართვა ფული, მუაჯარიდამ გადუგდო მეჯინიბეს და ჩასძახა: 

– აი, ძმობილო, ეს-ღა გერგება. ალალი იყოს შენზედ და მე ჩემს სახლში კი ვეღარ დაგაყენებ... 

– მე მცემეს და მევე მიწყრებით?! 

– ამას იქით ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე, კაი-კაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ. 

არჩილი და კესო შებრუნდნენ ოთახში. გოგო-ბიჭები წავიდ-წამოვიდნენ. 

– მითამ ახალი ცოცხია და კარგად ჰგვისო! - ამბობდნენ დაცინვით ზოგიერთნი ახალს მოჯამაგირეზედ. 

– დაძველდები და შენც მოატან ქვიშასაო, - იძახოდნენ მეორენი. 

– ეგ სხვა დედის შვილია!.. მაგას ოთარაანთ ქვრივის შვილს ეძახიანო! - ამბობდა ამათში მარტო ერთად-ერთი კაცი, ისიც ხმაამოუღებლივ, თავის გულში ამბობდა. 

ეს იყო მეწისქვილე არჩილის კარის წისქვილისა, - კაცი ძველი, გულჩახვეული, გულჩაკეტილი, ჩუმი და ამიტომ ყველასაგან დაბრიყვებული. ვინ იცის, საიდამ სად იყო გადმოგდებული, და აქ წისქვილში როდის შემოხიზნული? აქ მეწისქვილედ დაბერებულიყო უცოლოდ, უშვილოდ, უთვისტომოდ. არავინ იცოდა, ვინ არის და საიდამ არის... ამისი ვარსკვლავი მარტო ამოსულიყო სადღაც და როდესღაც და ეხლა მარტოვე ჩადიოდა დინჯად და მშვიდობიანად, ტკბილად და უწყინარად. 

 

XIV

განა თითონ კი იცოდა 

 

– როგორ მოგეწონა ეს ამბავი? - ჰკითხა არჩილმა დას, როცა ოთახში შევიდნენ. 

– ახირებული გული ჰქონია, - უპასუხა დამ, თითქო პირველ ხანს სხვა უკეთესი ვერა მოეგონა-რაო. 

– ეგ ცოტაა. ნამუსი ჰქონია, ნამუსი!.. ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას. 

– ნურც აგრე გაადიდებ მაგ უბრალო საქმესა. 

– მაგას ნუ იტყვი. რაც კარგია, იქ დიდ-პატარაობა მოსატანი, სახსენებელი არ არის. რაც კარგია - თავისთავად დიდია. ჰხედავ, უსწავლელი კაცია. მაგისი ნამუსი ჭკუით კი არ არის ახილებული, გულით გამოკვებილია, მარტო გულით. ეს დიდი საქმეა ჩემის ფიქრით, იმიტომ, რომ მაგისთანა ნამუსი მთელის გვამის, მთელის აგებულების წყურვილია, როგორც სითბო სიცივეში, როგორც სიგრილე სიცხე-პაპანაქებაში, როგორც პური შიმშილში. მინამ ჭკუა იტყვის, ჭკუა ურჩევს, გულმა იცის, რა ჰქმნას. ეს დიდი საქმეა-მეთქი, დიდი. 

– რაო? დედის ავად ხსენება იწყინა, სხვა ხომ არაფერი? 

– ეგ ბოლოა. შენ სათავე მოუჩხრიკე ამ საქმესა. გულმა არ მოუსვენა, ცხენი რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე არხეინად მწოლარე. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა და ეს მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა, ხომ არც ცხენი იყო იმისი, არც მეჯინიბე იმისაგან დავალებული. რა ეწოდა, რა უნდოდა, ჩვენად რომ ვიკითხოთ? ჩვენი ამება? ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ ეს ამბავი ჩვენამდე ხომ არც კი მოაწევდა. მეჯინიბის ჯავრი სჭირდა და მიზეზი მოუდო? რა ჯავრი უნდა სჭირებოდა, კაცს პირველადა ჰხედავს. არც ერთი და არც მეორე. საწანახედოდ გამხდარი საქმე ნახა, იქავ ხელთუძრავი მოსაქმე და გულმა არ მოუთმინა. რაც გინდა სთქვი და, ეს დიდი ნიშანწყალია კაცობისა... სწორედ დიდი ნიშანწყალია.

ეხლა მესმის, რაც იყო, იმ დღეს რომ მეწისქვილემ გვიამბო. აი, ბურკიაშვილის კამეჩი რომ დაეჭირა მინდვრიდამ მომავალს და კახუაშვილისათვის მიეყენებინა კარზედ, შენს ჯეჯილს აფუჭებდაო. მე თუმცა ზოგიერთი ამბები ვიცოდი გიორგისა, მაგრამ, - ღმერთო შეგცოდე, - აქ კი გავიფიქრე, უთუოდ ბურკიაშვილის ჯავრი სჭირებია-მეთქი გიორგისა. ეხლა ვნანობ, რომ ეს გავიფიქრე და ამ ფიქრით შევუგინე ნამუსი მაგ პატიოსანს კაცსა. 

– ბოდიში მოიხადე, - უთხრა დამ გულითადად და ჭკვადასმით, რაკი ხუმრობა-გაშვებით ჩაუკვირდა თავის ძმის ნათქვამსა. 

– ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები, დიაღ, შეგირდად. ჩვენ რანი ვართ მაგასთან!.. დეე, გვასწავლოს და გვწურთნოს... 

არჩილმა წინა და უკან სიარული დაიწყო ოთახში და ფიქრს მიეცა. კესოც ჩაფიქრდა. გიორგი, როგორც ჩემთვის, მკითხველო, ისეც იმათთვის გამოცანა იყო. 

– კესო! - შესდგა ბოლოს კესოს წინ არჩილი და უთხრა, - იცი რას გეტყვი? აი, სახლის წინ რომ ყვავილების ბაღს იკეთებ, მოდი გიორგისაც დაეკითხე ხოლმე. მე მგონია, ეს ლოთი გარმიანელი მებაღე სულაც დავითხოვოთ და გიორგის ჩავაბაროთ, ურიგო არ იქნება. ჭკვა-გონებიანი ბიჭია, შენ ოღონდ ანიშნე და, იმედი მაქვს, მიგიხვდება, სად რა და როგორ გააკეთოს. სხვას ხომ დღიური მუშებიც გაუძღვებიან, რაკი გიორგი თავ-მდგომელი იქნება. ცოდოა მაგისთანა ბიჭის ამაზედ მოცდენა, მაგრამ ჯერ ეს იყოს და მერე სხვას რასმე ავუჩენთ. 

– ძალიან კარგი, - მოუწონა დამ, - ოღონდ ეს არის, რომ ჯერ ყველაფერი მარტო ქაღალდზეა გამოხაზული და ვაი თუ ვერა გავაგებინო-რა. აბა, ჯერ ერთი ვაჩვენებ, გაიგებს რასმე თუ არა. 

მეორე დღეს არჩილი დილა-ადრიანად თავის ახალშენს ვენახში წავიდა. ცხენს რომ ქუსლი ჰკრა და პირი უბრუნა, პირუკუღმა მოსძახა გიორგის: 

– სამუშაოზედ არსად წახვიდე, კესოს შენთან საქმე აქვს. 

„კესოს”?! 

გიორგის გული გადაუტრიალდა... 

კესოც ადრე ამდგარიყო, მაგრამ მინამ მილაგ-მოლაგდებოდა, ჩაიცვამ-დაიხურავდა, კარგა ხანი გავიდა. 

ბოლოს კესომ იხმო გიორგი. 

გიორგიმ რომ მარტო ნახა თავისი თავი კესოსთან, თითქო შიშმა აიტანა. ალბად იმორცხვა და საკვირველიც არ არის: თავის დღეში უცხო ქალთან მარტოდ არ ყოფილა. 

კესოს ტახტზედ გადაეშალა დახაზული ქაღალდი, სხვადასხვაფერად აჭრელებული. ეს ბაღის მოხაზულობა იყო და რომელიღაც წიგნიდამ გადმოეღო თითონ კესოს და ძმასთან ერთად შეესწორებინა თავის სურვილისამებრ. 

– აბა აქეთ მო, გიორგი. ერთი ეს ნახაზი უნდა გაჩვენო, - უთხრა კესომ გიორგის, კარებში გაშეშებულსავით ატუზებულს. 

გიორგიმ ფეხი წინ ვერ წასდგა. 

– ეს ოხერი, რამ დამიდუნა მუხლებიო, - იფიქრა. 

— რას იბუზები ახლად მოყვანილ პატარძალსავით. ფეხი გადმოდგი, ნუ გეშინიან, არ შეგჭამ. 

გიორგიმ ორი ბიჯი წინ წასდგა და მაინც შორი-ახლო დაუდგა კესოსაც და ქაღალდსაც. 

– ე რა ფანცქალმა ამიტანაო!.. - გაიკვირვა გულში. 

– რა დაგემართა, ადამიანო!. აი, აქ მო, ჩემთან ახლო, - უთხრა ეხლა კი ცოტად გაჯავრებულმა კესომ. 

„ახლო”!.. - ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია. 

გიორგიმ ფეხი არ გაანძრია. მარტო კისერი გადაიწვდინა და ისე შორიახლოდამ ჩაჰხედა ქაღალდსა, როგორღაც უხერხულად და გვერდულად. 

– კაცო, არ გეყურება? მე ახლო ვარ და ძლივს ვხედავ და შენ მაინდამ რას დაინახავ, მამლაყინწასავით კისერი წამოგიშვერია. ახლო მოდი-მეთქი. 

გიორგი მაინც ადგილიდამ არ დაიძრა. 

– ე რა ფრთხოლამ ამიჩემაო! ჯადო მეწევა უკან, თუ ხატი არ მიშვებს წინ? - ჰკითხავდა თავისთავს გაოცებული გიორგი. 

კესომ აღარ აცალა, წაავლო ხელი სახელოზედ და გამოსწია. 

გიორგი წაბარბაცდა. თითქო მეხმა ახლო გაუარაო. ალბად ფეხი წამოჰკრა რასმე... 

– რა იყო? - იკითხა კესომ. 

– არაფერი. ფეხი ფეხს თუ წამოვკარ, - მიუგო გიორგიმ და გულში გაიფიქრა: ფეხის ძარღვები დამაჭრეს, თუ რა მომდის ეს ოხერ-ტიალი!.. 

– აი, - უთხრა კესომ, როცა გვერდით დაიყენა გიორგი და ჩაახედა ქაღალდში, - დაბალ მესერით შემორტყმული ადგილი ხომ გინახავს ჩვენის სახლის წინ, - ეს ის არის. ეხლა, ჩემო გიორგი, ამ ადგილს ამისთანა მიხვეულ-მოხვეული გზები უნდა დაუკეთდეს. ამ გზებს აგურის ფხვნილით წითლად მოვფენთ. გზებსა და გზებს შუა აი ასეთი კვლები უნდა დაიკვალოს, როგორც აქ არის გამოხატული. ამ კვლებში სხვადასხვა ფერადი ყვავილები დაითესება. აი, შუაგულს ხომ ჰხედავ? აქედამ... 

– მე ვერასა ვხედავ, ვერა!.. შენი ჭირიმე, ეხლა თავი დამანებე, სხვა დროს მიბძანე, - უთხრა გულამოსკვნილის ხვეწნით გიორგიმ და განზედ გაუდგა კესოს. - რაღაცა ხათაბალა გადამეკიდა, თვალები ამება, რეტი დამესხა. ვერც ვერას ვხედავ, ვერც ვერა მესმის-რა. ეხლა დამითხოვე, შენის ღმერთის გულისათვის... 

კესომ ნახა, რომ გიორგი მართლა არც თავის ფერზედაა, არც თავის გუნებაზედ. დაითხოვა და სთქვა თავისთავად: 

– გულის ჭიდილი მოუვიდა, თუ რა ამბავია! 

განა თითონ გიორგიმ კი იცოდა, რა ამბავია! 

 

XV

კაცია და გუნებაო

 

ეს მოხდა მარტის დამდეგსა. გავიდა მარტი, გავიდა ლამაზი აპრილი და უფრო ლამაზი მაისი. დადგა თიბათვეცა. კესოს ყვავილების ბაღი, გეგმაზედ გაკეთებული, მოირთო, მოიკაზმა. ისე გაჰლამაზდა წითლად მიხვეულ-მოხვეული გზებითა, შიგა-და-შიგ დაყოფილ მწვანე მდელოებითა, ყვავილების ფერადითა, რომ კაცის თვალი ვერ გაძღებოდა. ღონიერი ბუნება და ადამიანის გამრჯელი ხელი თითქო ერთმანეთს შესჯიბრებოდნენ, - აცა ვინ ვის აჯობებს ამ ბაღის გალამაზებასა და შემკობაშიო

ერთსაც და მეორესაც თითქო თავი არ დაეზოგათ, და რაც მადლი ჰქონოდათ, სულ აქ დაეპნიათ, სულ აქ დაებღერტყნათ. 

კესოს მეტის-მეტად უხაროდა, რომ ასე კარგად, ასე ლამაზად აუსრულდა თავისი დიდი-ხნის სურვილი. მინამ მთის იქიდამ მზე ამოალაპლაპებდა თავის სხივსა და თეთრს თოვლიან მთის წვერს ოქროს წყალს, ოქროს ჯავარს გადაასხამდა, კესო ჩაცმულ-დახურული ბაღში იყო ხოლმე ყოველ დღე და თითქმის საღამომდე, დიდ-ბინდამდე არ აგონდებოდა, რომ სახლშიაც შესვლა საჭიროა.

მთელი დღე დაჰგოგავდა ფერად ყვავილებს და მწვანე მდელოებს შორის და ყოველს ყვავილს, ყოველს ახლად ამოხეთქილს ნერგს, ყოველს ახლად გამოკვანძილს კოკორს შეჰხაროდა, როგორც საყვარელი საყვარელსა. თუ არავინ იყო, „ნამეტნავობისაგან გულისა” დაუწყებდა ხოლმე გასაშლელად გაღიმებულს ყვავილს ალერსიანს საუბარსა, თითქო მერცხალი თავის ბღარტებს ეჭიკჭიკებაო. 

ძვირად, ძალიან ძვირად კი შეემთხვევოდა, რომ იმის ბაღში სხვა არავინ ყოფილიყო: გიორგი იქ იყო და იქ! რაც უნდა ადრე გამოსულიყო ბაღში, გიორგი ან თოხით ხელში, ან ბარით, ან სასხლავით იქ დაჰხვდებოდა ხოლმე. 

გიორგიმ არჩილისა და კესოს სწავლებითა და ჩვენებით გააკეთა და დაჰკვალა ის ბაღი და გიორგისვე ებარა. არა მგონია თავის ორს თვალს ისე გაჰფრთხილებოდა, როგორც ამ ბაღს უვლიდა და უფრთხილდებოდა. მტვერი რა არის, - მტვერს არ დაადენდა, არ შეარჩენდა ბალახსა და ფოთოლსა. 

არჩილი და კესო ძლიერ ემადლიერებოდნენ გიორგის და არა ერთხელ უთქვამთ ერთმანეთისათვის, რომ ორი-სამის კაცის ოდენას აკეთებს ეგ ერთი კაციო. 

არც გიორგი ემდუროდა თავის ბედსა. პირიქით, უხაროდა კიდეც თავისი ბედი. 

– მე მეტი არა მინდა-რაო, - ამბობდა ხოლმე თავის გულში, როცა ამისთანაებს ჩაუფიქრდებოდა, - გადამკიდებიან, ჯამაგირისა სთქვი რამეო. რა ჯამაგირი მინდა!.. მე ისიც მყოფნის, რომ ყოველ ცის-ამარა დღეს მზეს ვუყურებო. 

რა უნდოდა ამით ეთქვა გიორგის, გამოცნობა ძნელია. ეს კი სათქმელია, რომ როცა ბაღში ჰმუშაობღა და ქეიფზე მოვიდოდა სულ ერთსა და იმავე სიმღერას ჰღიღინებდა ხოლმე ხმადაბლა: „ეს სოფელი მიტომ მინდა, შენ გიყურო, ჩემო მზეო”, თითქო სხვა აღარა იცოდა-რა, თითქო სხვა არაფერი ენატრებოდა, არაფერი ეხარბებოდა ამ დედამიწის ზურგზე.

მართლად თქმულა: კაცია და გუნებაო!..

 

XVI

ალბად!.. 

 

გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში გაიმართა ქვევრების რეცხვა, საწნახელების ხიზვა და წმენდა. ქარვასავით ჩაფერიანებული მსუქანი მტევნები თეთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად შეკუნწლული საფერავის ვაზები იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, - მალეო, თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო. დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში ხმამაღალი სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა. მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა და მოიქანცაო. 

მოვიდა შუაგული შემოდგომისა. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი მძიმედ დადებულ თივის ურმებმა. სოფელი ეშურებოდა ვენახებიდამ შინ თივის ზიდვას საქონლის გამოსაკვებად ზამთარში: ეშინოდათ თოვლს არ მოესწრო. 

არჩილსაც ოთხი საძნე ურემი შეება, თივას აზიდვინებდა და შინ ეზოში, გომურის შორი-ახლო ბოძებზედ შემდგარს მაღალ სათივეზედ ადგმევინებდა, რომ საქონლის პირი არ მისწვდეს და არ გააფუჭოს. 

მზე ჯერ მთას არ გადასცილებოდა ჩასასვლელად, იქ წვერზედ შემდგარიყო, თითქო ჰნანობს, - რას ვეშურები და ამ ლამაზ ქვეყანას ეგრე მალე რად ვეთხოვებიო. მშვიდობიანი, გრილ-სითბოიანი, მშრალი, უნესტო, უღრუბლო საღამო შემოდგომისა კუტსაც კი ფეხს აადგმევინებდა და გარეთ გამოახედებდა. 

არჩილი და კესოც გამოსულიყვნენ სახლიდამ, ჩასულიყვნენ სათივესთან, იქ ერთს უშველებელ კუნძზედ ჩამომსხდარიყვნენ და უცქეროდნენ მუშებს, რომელნიც თივასა სდგამდნენ. 

არჩილს უამისოდაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც. კესოსათვის არა-ერთხელ უთქვამს, რომ მე იმათგან ზოგჯერ ჭკუასა და ხშირად ენასა ვსწავლობო. 

ოთხი ურემი ოთხ-კუთხივ მოსდგომოდა სათივეს. სამი დაცლილი იყო და ერთიდამ-ღა აწვდიდნენ თივასა. შუა-სარი სათივისა ორ ადლზე-ღა ჰჩანდა და სათივე ვიწროზე ადიოდა თავის მოსაბმელად. 

ამ დროს გიორგის თოხი მხარზე გაედო და მოდიოდა. 

– პეტრე, აი პეტრე - დაუძახა შორიდამ თივის მდგმელს. - ბაღისაკენ გადახრილია ე თავი სათივისა; გვერდელად აგყავს, არ ივარგებს, გაასწორე. 

– გიორგია. საიდამ იძახის? - იკითხა არჩილმა, რადგანაც იმ მხრივ, საიდამაც გიორგი მოდიოდა, არჩილს წინ ურემი ეფარა. ურმის გამო ვერც გიორგი დაინახავდა არჩილსა და კესოს, ვერც ესენი გიორგისა. 

– საიდამ მოსდიხარ თოხით მხარზე? - ჰკითხა არჩილმა, როცა გიორგი ახლო მოვიდა და საღამო-მშვიდობისა უთხრა და-ძმასა. 

– წყალი გადმოვარდნილიყო ამ ჩვენ პატარა ბაღში წისქვილის რუიდამ და იმის გადასაგდებად ვიყავი. 

–  რას იძახოდი? 

– არაფერს. ცოტა თანაბრად ვერ ადის ვიწროდამ თივა, ავდრის წყალს დაიგუბებს და გაფუჭდება. ის დავუძახე პეტრეს, გაასწორე-მეთქი. 

– აბა მაჩვენე. 

არჩილი წამოდგა. გიორგი გაუძღვა და მეორე მხრიდამ შეახედა. 

– მართალი ხარ, - უთხრა გიორგის არჩილმა, - პეტრე! გიორგი მართალს ამბობს, თავი ვერ ედგმის კარგად. 

პეტრემ შუა-სარზედ ჩამობმულს წნელს მოჰკიდა ხელი და ეგრე ხელ-მომაგრებულმა გარშემო შემოუარა და ჩახედ-ჩამოხედა სიმრგვლივ სათივეს. 

– აკი ღმერთი არ გამწყრომია! - დაიძახა პეტრემ. - გასწორება უნდა, მოდი, თუ ღმერთი გწამს, გიორგი. ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ მე მარტოკა დღეს მაგას ვეღარ მოვასწრობ და საქმის სახვალიოდ დაგდება კი მეზარება. 

– კაცო-და ფეხი სად მოვიკიდოთ ორმა კაცმა მაგ ვიწროზედ? - ასძახა გიორგიმ. 

– მაშ ნუ დამზარდები, შენის ღმერთის გულისათვის: მე ჩამოვალ და შენ ამოდი. მე მკლავებიდამ მოვწყდი, შენ შესვენებული ხარ, მალე გაასწორებ. აბა თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილს მოაყრი. 

– იცი კი დადგმა თივისა? - ჰკითხა კესომ ამჟამად აქ მოსულმა, - ამბობენ, მაგას ცოდნა უნდაო. 

– ხელობა რა არის, ქალბატონო, - შეჰღიმა გიორგიმ. - განა სად გავიზარდე!.. 

– მაშ აბა! - უთხრა არჩილმა, - ეს ბურთი და ეს მოედანი. 

პეტრემ წაავლო სარზედ გამობმულ წნელს ხელი, ჩამოცურდა და ფეხი ძლივს მოაწვდინა საძნე ურმის ჭალებამდე ფეხის მოსაკიდებლად. როგორც იყო ჩამოვიდა, მივიდა, გიორგის მხარზედ ხელი დაჰკრა და ტკბილის გულით უთხრა: 

– ჩემს კისერზედ იყოს, ჩემო გიორგი! არ დაგეკარგება. სხვა არა იყოს რა, მამი-შენის ხნის კაცი ვარ. ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაჰბერდება, შვილდი უნდა ძირს დასდოს. 

– რადაო? - ჰკითხა გიორგიმ. 

– მადაო, ჩემო კარგო, რომ ბერ-კაცს თვალიც ატყუებს და ხელიც ჰღალატობს, ის ქარი აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას. შენს ხანში ხელს არ მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა? 

– ახალსა ნამუდრაგალსა ბერის სჯობია ჩანჩალიო, გულს ნუ გაიტეხ. 

– გაცოცხლა ღმერთმა, თქმაც იცი და კეთებაც. 

გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყეები ვეღარ გაიგონა, მაშინვე ავარდა ურემზედ, ორ-თითით მოიწვდინა თივაზე სარტყელსავით ჩამოკიდებული წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივეს ზედ თავზედ მოექცა. მიშალ-მოშალა, ჩამოჰყარა ძირს თივა, დაადაბლა სათივე და რაკი ნახა, - აქედამ ეხლა სწორედ ავაო, დაიწყო დგმა. მინამ დიდი ბინდი მოეფინებოდა ქვეყანას, გიორგიმ თავისი საქმე გაათავა. 

– ცეცხლია, სწორედ ცეცხლი, ე დალოცვილის შვილი! - ეუბნებოდა არჩილს გულმართალი პეტრე, როცა ქვევიდამ შესცქეროდა გამალებულს მუშაობას გიორგისას. 

– მართლა კარგი რამ არის, - კვერი დაუკრა არჩილმა. 

– კარგიო!.. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში!.. 

გიორგიმ რომ გაათავა, გადმოსძახა პეტრეს: 

– აბა, პეტრე, ერთი შენებურად დაუარე სიმრგვლივ, კარგად შემოკვერცხლილია, თუ არა? 

პეტრემ აუარ-ჩაუარა სათივეს და ასძახა: 

– კარგია, კარგი. ჩამოდი, მაგას სხვა აღარა უნდა-რა. 

გიორგიმ წაავლო ხელი წნელს, ფეხები თივას მიაბჯინა, დასჭიმა წნელი და დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდამ. შუამდე მოვიდა თუ არა, უეცრად გაუწყდა წნელი... გიორგი პირაღმა გადმოქცეული, წამოვიდა მაღლიდამ და ურმის ჭალს ზედ დაეგო ზურგითა. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის ძვალი კი შეუნგრია... 

არჩილი, კესო, ხალხი მისცვივდნენ და გიორგი ცოცხალ-მკვდარი ნახეს დედამიწაზედ პირქვე დამხობილი, სისხლი შადრევანსავით სცემდა... 

არჩილი მაშინვე მუხლის კვერებზედ დაეცა გიორგის წინ და სცდილობდა წყლული შეეხვია. ზოგი არჩილმა, ზოგი სხვებმა, როგორც იყო, წყლული შეუხვიეს და, ცოტა არ იყოს, სისხლის დენამ უკლო. 

ცოცხალ-მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს ხელით სახლში. 

– აი, ღვთის წყრომა!.. რა შეგცოდე, ღმერთო, რომ მე გამხადე საბაბი!.. - უნებურად წამოიძახა პეტრემ და ატირდა. 

– ხიფათი რომ იქნება, - იქნება, - ანუგეშა ვიღაცამ პეტრე. - ალბად ეგ წერებულა მაგის შუბლბედ!.. შენი რა ბრალია?!. 

 

XVII

ზარი

 

არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზედ დააწვენინა. მაშინვე კაცი აფრინა მკურნალის მოსაყვანად მახლობელ ქალაქიდამ. ორი-სამი კაცი კიდევ სხვა გაჰგზავნა სხვადასხვა სოფლებში, რომ შინაური ჯარა-ექიმებიც მოეწვიათ, ვინც კი გამოჩენილი იყო და შინაკაცებმა დაუსახელეს. 

თითონ იმავ სოფელშიაც იყო ერთი სახელგანთქმული ჯარა-ექიმი - ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია, დემეტრე ჩამოვიდა. 

გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანსა სინჯა, კარგა ხანს იქნია თავი და ბოლოს უთხრა არჩილს: 

– არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამ ქვეყნისა აღარ არის. მაგისი წერა ეგა ყოფილა... 

– ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და მაგის ცოდოს კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზედ!.. 

ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედურის წამიდგან აღარ მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის ცივი ხელი თავის ხელის-გულზედ დაედო და თითონაც არ იცოდა, რისთვის უზელავდა ხელით ხელსა. 

– ტყუილი წვალება-ღა იქნება უბედურისა. სჯობია უწვალებლად მიაბაროს სული, - მიუგო დემეტრემ. - ამაღამ, - დიდი საქმეა, - თუ გაატანა: შიგანური სულ შენგრეული აქვს. 

– მერე ცოდო არ არის ამისთანა ბიჭი მოკვდეს!.. - წამოიძახა გულამოჯდომით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდის მწუხარებით. 

– ჰაი, ჰაი რომ ცოდოა!.. - დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით. 

ყველამ იქით მიიხედა, საიდამაც ეს ხმა მოვიდა და ბნელს კუთხეში არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ ბერი-კაცს შეეტყო ეს ამბავი, მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, საცა გიორგი ესვენა და ბნელ კუთხეში მობუზული ქვითქვითებდა ჩუმად, თითქო ეშინოდა, არავინ გამიგოსო... 

– არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს ოჯახში!.. - შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი ნაღველის მოზიარე იგულვა, თითქო ამით ნაღვლის განქარვებას ჰლამისო. 

– ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!.. - წაიქვითინა ეხლა კი ხმამაღლა მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... - ვაი მაგის დედის ბრალი, ვაი!.. 

მარტო ეხლა მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი. ამ ვაი-ვაგლახში აღარავის მოჰგონებია, შვილის ამბავი დედისათვისაც შეეტყობინებინათ. 

ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არა იცოდა-რა. 

არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა დედისათვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟსავით გაფეთებული შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალის ფერი არ ედო. 

– როგორ არის, არჩილ, როგორ? - ჰკითხა აჩქარებით ძმასა და მაშინვე გიორგის ლოგინთან მიიჭრა. 

– შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!.. - ძლივ-ძლივ წაიდუდუნა ძმამ. 

კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზედ დაეწვინათ, ასე რომ პირისახე კესოსაკენა ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ბრგე ყმაწვილი კაცი ძლივს-ღა ჰფეთქავს... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი ორსავ თვალზედ და, თითქო მოგუბებული ცრემლი უკუვ უნდა აქციოსო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭმუჭვნა დასრესა დაუწყო თვალებსა ხელებ-ჩამოუღებლივ. 

– კესო, ნუ შევატყობინებთ დედასა? - ჰკითხა ძმამა. 

– როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, - რომ სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც დაჰლიოს... - მოსთქვამდა ქვითინით კესო. 

– მე აღარა მესმის-რა, - უთხრა ძმამა, - ამ საცოდავობამ გამაშტერა. აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ. 

გაჰგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის-რაო. მარტო სახე თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანის ფერი ედო. 

იმასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ შენათვალი ვუთხარი თუ არა, ეს ვეება დედაკაცი კინაღამ თავზე არ წამომექცაო. 

– რა გატირებს, ჩემო კარგო!.. - უთხრა გზა-და-გზა გიორგისაკენ მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. - განა სატირლადაც გაჰხდა საქმე!.. 

ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარს შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და ჩაიჩოქა. 

ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა. 

მარტო ერთად-ერთის სანთლის ალი ჰთრთოდა ლოგინის თავში, სხვა ყველა სულიერი თითქო გაქვავდნენ, თითქო მარილის სვეტებად გადიქცნენო. 

დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად. 

ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა. 

 

XVIII

უკანასკნელი განდობა 

 

– მღვდელი, ღვთის გულისათვის, მღვდელი!.. - დაიკვნესა პატარა ხანს უკან დედამ, რა ცოტა გულს მოეშვა და დაბნეული გონება მოიკრიბა. 

მოიყვანეს მღვდელი და შვილი უზიარეს!.. 

მანამ ეს მოხდებოდა, ოთარაანთ ქვრივი თითქო ღონეზედ მოვიდა. ჯერ ხომ გულმა გასტეხა, მერე თითონ მოერია გულსა, თითონ გაიტეხინა გული. როგორც ტყვიანაკრავი ვაჟკაცი, ისე გაუძალიანდა, გაუკერპდა, გაუჯიქდა ტკივილსა და წვა-დაგვას. 

ოთარაანთ ქვრივმა ერთს მუხლზედ წამოიჩოქა, გადააწვდინა ხელი, გადაჰხადა საბანი და გულზე ხელი მოუსვა ხმაჩაკმენდილს და თვალებ-დახუჭვილს შვილსა. 

დედის გულთამხილავმა გულმა პირველშივე შეიტყო, რომ აქ საშველი აღარა არის-რა და შვილს სიკვდილი ხელიდამ აცლის. აღარაფერი იკითხა, აღარაფერი იძია... იმედ-გადაწყვეტილი მარტო იმას-ღა ეშურებოდა, ისე არ მომიკვდეს, რომ ხმა არ გამცეს, არა მითხრას-რაო. 

– შვილო, გიორგი! აბა ერთი მომხედე შენს დედას!.. რა დაგემართა!.. ვაჟკაცი რამ გძლია ისე, რომ დედისათვისაც თვალს არ ახელ!.. 

შვილმა იგრძნო დედის ხელი თავის გულზედ, თუ ხმამ დედისამ გამოაბრუნა, - ეს კი იყო, რომ თვალი გაახილა და უღონოდ მოატარა გარშემო. მალე ისევ მიელულა თვალი, ისევ დაეხუჭა და ტუჩებს-ღა დაუწყო ტოკვა. 

– თქმა უნდა და ილაჯი აღარა აქვს... - დაიკვნესა დედამ. 

ამის თქმაზედ ორი სხვილი ცრემლი ჩამოუგორდა თვალთაგან და გაფითრებულ ლოყებზედ ნავალი დააჩნია, თითქო მდუღარე ტყვია იყო და საცა გაიარა, ამოსწვაო. 

სახე კი... არ უტიროდა, არა!.. 

გაკერპებულმა დედამ სახეს არ ამოაბეჭდვინა მწვავი ტკივილი გულისა. ძალის-ძალად გაყინული ცრემლი კი დაადნო ცეცხლმოკიდებულმა გულმა და ძალის-ძალადვე შეუპოვრად შეკრულს სახეს ერთი ძარღვიც ვერ შეუშალა. იმედ-გადაწყვეტილობის სუსხმა ისევ გაჰყინა ეს დამდნარი დედაკაცი. 

– წყა... - წამოიხრიალა გიორგიმ და ვერ დაათავა სიტყვა. 

– წყალი, წყალი! - დაიძახა რამდენმამე ხმამ ერთად. 

დემეტრემ ურჩია, ღვინო მიაწოდეთ, ცოტად მოაღონიერებსო. 

– შვილო, დედის-ერთავ, მამის ობოლო! ერთი ხმა გამე, ერთი კიდევ მომხედე!.. - შეჰკვნესა დედამ და ტუჩებთან მიუტანა პატარა თასით ღვინო. 

გიორგიმ ორიოდე წვეთი ჩაჰყლაპა და თითქო მოსულიერდა, თვალი ხელახლად აახილა, წყნარად მიატარ-მოატარა და უეცრად გაუშტერდა. 

დედამ შვილის თვალის სისწვრივად გაჰხედა და დაინახა მტირალი კესო... 

– დედი! ჰხედავ... ამ... ანგელოზს!.. - ძლივ-ძლივობით გამოსთქვა გიორგიმ, ისევ კესოზედ თვალ-გაჩერებულმა. 

– ვხედავ, შვილო!.. 

– დედი!.. ღვინო... 

დედამ კიდევ დაალევინა ღვინო. 

– ეგ იყო ჩემი ბედისწერა... არა ვნანობ, არა! - კვლავ მიუბრუნდა გიორგი გაწყვეტილს სიტყვას. 

არჩილმა გაოცებით შეჰხედა კესოს. კესოსაც ელდა ეცა, გაფითრდა, გაშრა, გაშტერდა. დედას კი თითქო არ ეუცხოვა ეს ამბავი. 

არც არჩილმა, არც კესომ, არავინ, არავინ არ გაჰბედა ამისთანა ზარიანს დროს ხმა ამოეღო. ყველა სმენად გადიქცა. 

– აი, ნეტავი ერთი შენს კალთას მაინც მამთხვევინა და ისე მომკლა!.. - ინატრა გიორგიმ და იმისმა თვალმა, კესოზედ მიქცეულმა, უფრო სთქვა ხვეწნა და ვედრება, ვიდრე ენამ და ხმამ. 

კესო ტირილით მივარდა და თვალ-ცრემლიანმა შუბლზედ აკოცა გიორგის... თავი რომ აიღო, ცრემლი მოსწყდა და მომაკვდავს გულზედ დაეცა. ამ პატარა უეცარმა ცრემლმა ერთხანად შესძრა გიორგი და შეაჟრჟოლა. ეს ცრემლი თითქო უკვდავების წყაროდ ებკურა, იამა, გაუხარდა, მოსულიერდა, თითქო მიმავალი სიცოცხლე უკანვე დაუბრუნდაო. 

ამისთანა დროს სიხარული, ბედნიერება, იგივ სიცოცხლეა, მხოლოდ ხანმოკლე და შეურჩენელი. 

– ჰხედავ, დედი!.. ცოცხალი მაგის ღიმს ვერ ვეღირსე, ვკვდები და მაგისი ცრემლი ზედ დამდის. ესეც მეყოფა თან წასატან ლხენად... არა ვნანობ, არა!.. მივდივარ და თან მიმაქვს ამის ცრემლით განედლებული სიხარული. იქ ვახეირებ, იქ... ნუ იწუხებ, დედი!.. შენგან გამიგონია, რასაც არა ეშველება-რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო!..

არჩილ, ნუ მიწყენ, ნუ!.. ნურც შენ, ნურც შენ!.. განა არ ვიცოდი, - მე ვინ და შენ ვინ!.. სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს... გული გწვდებოდა, გული, ხელი კი ვეღარ... ხატსავით გლოცულობდი, მზესავით დამნათოდი... არც კი იცოდი, - ვის ათბობ, ვის ალხენ, ვის აცოცხლებ!.. მინამ ცოცხალი ვიყავ, ვერ გაგიტყდი, მცხვენოდა... მერიდებოდა... მეშინოდა... ვკვდები და გეუბნები... მკვდარს რაღა მომეკითხება? მკვდარი ყველა თანაბარია!.. 

თავი უღონოდ მოსწყდა ბალიშზედ, თვალი ისევ მიელულა, სულმა ბრძოლა დაუწყო და მარტო ხელს-ღა აფათურებდა უძლურად, თითქო ვიღასაც ეძებს და იმისი პოვნა უნდაო. 

პატარა ხანი კიდევ და გიორგი აღარ იყო. 

– გაჰთავდა!.. - დაიკივლა დედამ და ზედ გადაეშვა მკვდარს შვილსა. პირქვე დაემხო შვილის გულზედ. აღარც ხმა, აღარც კრინტი!.. კაცს ეგონებოდა, დედამ შვილის გულზედ სული დაჰლიაო. 

ცოტა ხანს მოუცადეს, ვითომ გულზედ მოეშოსო, მაგრამ რაკი ნახეს, რომ ეს დედაკაცი არც ხმას იღებს, არც იძვრის, ფიქრი მიეცათ, - ხომ არა აუტყდა-რაო. 

კესო მივიდა და ჰლამოდა აყენებას, ოთარაანთ ქვრივმა მაშინღა მოსცა ხმა. 

– თქვენი ჭირიმე, მარტო მამყოფეთ ჩემ მკვდარ შვილთან. მე არა მიშავს-რა. იმისთანა ვარსკვლავზედა ვარ გაჩენილი... მე ბედშავი!.. ვაი, რომ არა მიშავს-რა!.. 

არჩილმა ყველას აქ მოგროვილს მოახლე-მოსამსახურეებს ჩუმად ხელით ანიშნა ოთახიდამ გასვლა. ყველანი გაიკრიბნენ. არჩილი და კესოც ფეხაკრებით გავიდნენ, მხოლოდ მოახლეს უბრძანეს მეორე ოთახიდამ ყური ეგდო ოთარაანთ ქვრივისათვის. 

დაცარიელდა ოთახი. 

ეხლა კი წაიშინა თავში ხელი ოთარაანთ ქვრივმა, რაკი მარტო იგულა თავი. 

– ჩემი გიორგი აღარ არის, არა!.. - ჰღმუოდა ხმადაბლა დედა. - მე დავრჩი, მე, და გიორგი კი აღარ არის!.. შვილო, წამიხველ? მომიკვდი? წამიხველ, წამიხველ და აღარ მომიხვალ!.. შვილო, შენი დასამარხავი ვიყავ და მე გმარხავ შენა, მე!.. შენი დასატირებელი ვიყავ და მე დაგტირი!.. ამ ხელებმა გაგზარდა და ამ ხელებმავე უნდა მიწა მოგაყაროს!? მაგ ხელებს უნდა დაეკრიბნა ჩემთვის გულზე ხელი და ეხლა მე უნდა დაგიკრიბო, მე!.. ვაი დედას, ამის დამსწრეს!.. 

პირქვე დაეცა ხელახლად შვილის გაცივებულს გულს და ტირილი კი არა, მარტო ქვითქვითით გოდება-ღა ისმოდა. 

– ვუი, ვუი, ვუი!.. - გაისმა ოთახში ბღავილსავით ვიღასიც ტირილის ხმა. 

ოთარაანთ ქვრივმა იუცხოვა და თვალი წყრომით მოატარა ოთახში. 

ერთად-ერთი სანთელი ბევრს არას ანათებდა ფართო ოთახში და ნამეტნავად ერთს კუთხეში ჰბნელოდა. აქ მობუზული კაცი დაინახა ოთარაანთ ქვრივმა. 

თავის უნებური კაცი ნახა თუ არა, გულჩვილი დედა უცბად ისევ მჭახე ოთარაანთ ქვრივად გადაიქცა. 

– შენ ვიღას მეტიჩარა ხარ? - შეჰყვირა ოთარაანთ ქვრივმა გაჯავრებით. 

– შენს საცოდავობას ვეღარ გავუძელ, ტირილი ყელთ მომებჯინა და არც მე მინდოდა, ტირილი წამსკდა და ძროხასავით ბღავილს მოვყევ ეს ოხერ-ტიალი... 

– მერე აქ რას უგდიხარ? 

– მარტოდ შემეცოდე. ვთქვი - უცხო სახლია, ესეც ადამიანია, წყალს მაინც მივაწვდი-მეთქი. 

– ვინა ხარ? 

– სოსია. 

– ვინ სოსია? 

– თუ გაგონდები, კარგია, თუ არა-და, მაინც ღმერთმა გილხინოს, თუ შვილის მერმედ კიდევ რამ სალხენი დაგრჩენია ამ წუთისსოფელში. 

– რატომ არ დამრჩენია? სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არა გგონია!.. 

ბებერი მეწისქვილე, როცა ყველანი გავიდნენ, სხვებს არ გაჰყოლოდა და აქ ბნელს კუთხეში ქურდულად მიმალულიყო, წინანდებურად მობუზული. 

– წადი, აქ შენ ადგილი არა გაქვს, - უთხრა ოთარაანთ ქვრივმა: - მარტო მინდა ვიყო… 

– შენი ნებაა, წავალ და კარებს უკან ძაღლსავით მივეგდები თუ რამ დაგჭირდეს, დამიძახე. 

– კარგი, მომშორდი! 

 

XIX

ჩატეხილი ხიდი 

 

დიდის ყოფითა და ამბით დაამარხვინა არჩილმა გიორგი. მთელი ახლო-მახლო სამღვდელოება, ახლო-მახლო სოფლები მოიწვია მიცვალებულის “გასაპატიოსნებლად” და ამისთვის არა ხარჯი არ დაჰზოგა. ისე დაჰმარხა, თითქო იმისი სახლის-კაცი, იმისი ოჯახისშვილი ჰყოფილიყო. 

სახლიდამ ეკლესიამდე და მერე ეკლესიიდამ სასაფლაომდე კუბო ეჭირა არჩილს და გლეხკაცებთან ერთად ეწევოდა, ასე რომ არავის გამეეცვლევინა. 

კესო მძიმე შავებში ჭირისუფალსავით გულხელ-დაკრებილი და მგლოვიარედ თავ-ჩაკიდებული ხმა-ამოუღებლივ მიჰყვა მიცვალებულს სასაფლაომდე. როცა კუბო სამარეში ჩაუშვეს, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გადიწერა და ხმაგაკმენდილი ჰლოცულობდა. ბოლოს, ერთი პეშვი მიწა მიაყარა და უცბად წამოდგა. გამოტრიალდა, თითქო შეაშინა რაღაცამაო. 

– დახე, სტირის!.. - სთქვა ერთმა იქ მდგომელმა დედაკაცმა. 

– სიყვარული ძნელია! - უპასუხა მეორემ. - გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ. 

– საწყალი ცრემლსა ჰმალავს, თითქო სცხვენიანო. 

– რა სირცხვილია, - გაიბა დედაკაცობაში ლაპარაკი, - ის კი ადამიანი არ იყო?! ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი - სხვა რა უნდა სიყვარულს? 

გლეხკაცობამ ზოგმა მოუწონა და-ძმას ამისთანა თავმდაბლობა და „გაპატიოსნება” მიცვალებულისა, ზოგი კი იძახოდა: 

– კაცი მოიდნეს და ქვეყანას ამით უბმენ თვალსაო. 

იქნება ეგრეც იყო. ეს კია: სხვის გულში - მართალი ადვილი საპოვნელი არ არის. 

განა არა, - არჩილს ამ სიტყვებისათვის სადღაც და როგორღაც ყური მოეკრა და როცა კესომაც შეიტყო და აპილპილდა, - ეს რა დაგვწამესო, არჩილმა უთხრა: 

– ნუ გიკვირს. 

– რატომ არ უნდა მიკვირდეს! ჩვენ წმინდა გულით ჩვენი ვალი გადვიხადეთ და იმათ ჩირქი მოგვცხეს. 

– საკვირველი ის იქნებოდა, რომ ეგ არ ეთქვათ. ისინი თავის მხრით მართალნი არიან. ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გვიკვირდეს, რომ იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსებით შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ.

ამ დიდ მანძილზედ განა ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს? ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძლიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან. 

– მაშ მადლი მადლად, კეთილი კეთილად აღარ უნდა გადიოდეს იმათში?! 

– ჩვენი მადლი, ჩვენი კეთილი არა სწამთ, არა სჯერათ. ერთიც და მეორეც ჩვენგან უკვირთ, ეუცხოვებათ. რადა და რისთვისაო? იკითხავენ ხოლმე. კეთილისათვის? რად მიზამს კეთილსაო, ჩემო რაოვო? და აი, სწორედ აქ არიან მართალნი. მართლა-და ჩემო რაოვო?

ჩვენ ვინ და ისინი ვინ! ორი სხვადასხვა ქვეყანაა. შორი-შორსა ვართ-მეთქი... იმათს ჭირსა და ლხინს ცალკე ღობე ავლია, ჩვენსას ცალკე. გული გულს ვეღარ მიგვიკარებია, ვეღარ მოგვიხვედრებია. და რად უნდა გვიკვირდეს, რომ ერთმანეთისა აღარა გვესმის-რა.

აბა ერთი მითხარ: რა დადის ეხლა ჩვენ-შუა? მარტო ერთი პტყელი ენა მწიგნობარისა, - მე ჩვენისთანა კაცს მწიგნობარს ვეძახი, - მარტო პტყელი ენა-მეთქი მწიგნობარისა და ხარბი ხელი გაუმაძღარისა. ამისთანა მოციქულები აბა კარგს რას დაგვაყრიდნენ. 

– მაშ გული ქვეყანაზედ აღარ არის!.. მოჰკვდა, გამოეცალა ადამიანს... 

– გული... გული, ესე იგი, ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის. ან არის და დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს, თუ მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც.

ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ ღა ვკითხულობთ ერთმანეთს. აქ ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელი სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად.

გული რა არის? მარტო ერთად-ერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა. გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს.

ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის, მაშასადამე, გულიცა.

თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა. უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისათვის.

სად არის ის სხვა? წყალგაღმაა, შორს... შორს... მაშ რაღად გვიკვირს, რომ იქიდამ ვეღარ გვხვედვენ, ჩვენი აღარა სჯერათ-რა... კეთილიც კი. მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას, ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელია. 

– ეგ, ჩემო საყვარელო, ძველი მოთხრობაა ახლად ნაამბობი: აქაო-და გლეხია, ყოველთვის მართალი უნდა იყოს. 

– მაგ სულელობას რადა მწამებ, ჩემო კარგო? მე გლეხკაცს გუშინდელ ბალღსავით კი არ შევხარი, - ანგელოზია-მეთქი, მე ვსინჯავ, მე ვჩხრეკავ და, როგორც ჭკვა-დამჯდარი მგლოვიარე, დავტირი ჩემს დაკარგულს ნახევარსა. ის ჩემგან მოკვეთილი ნახევარია, მე იმისგან.

მე დაკარგული მენანება, მებრალება და არ მემართლება კი. გლეხი უწმინდურია თავისი ტყაპუჭით კი არა, ზოგჯერ თავის გულითაც. ესეც ვიცი, მაგრამ ჩვენ კი უკეთესნი ვართ? ამ წმინდა და უმტვერო თოვლსავით სპეტაკს პერანგ-ქვეშ განა ჩვენ იმაზედ მეტნი ვართ? ისინი მენანებიან, მებრალებიან-მეთქი, მე კი ჩემი თავი მძაგს და მეზიზღება. არა, ნახევარ კაცად, ნახევარ გულით ცხოვრება სიკვდილია, კდომაა... 

– კდომა ხრწნაა და ხრწნას მარტო ჩირქი სდის. ეს თუ უნდა გეთქვა. 

– შენ დამასწარ. მაგრამ ორ ტოტად კი. ერთი ტოტი - ჩვენი მკვდარის ნახევრისაა და ნუ გიკვირს, რომ ერთმანეთს უჩირქოდ ვერ გადვურჩებით, როცა ერთმანეთს მოვხვდებით ხოლმე. კარგს ვიზამთ რასმე და ერთმანეთს მკვდარის ნახევრით გულს ვუჩხრეკთ. ამიტომაც კარგის მქნელი, – იმათია თუ ჩვენი, - ან სულელი გვგონია, ან მატყუარა. მკვდარი ცოცხალს ვერ დაინახავს, ვერ გაიკითხავს ცოცხლურად... 

– მაშ წასულია ჩვენი საქმე, თუ მართლა ეგრეა! 

– ვინ გითხრა? ჩვენისთანისა - იქნება ჰო, მაგრამ იმათი კი არა. 

– არ მესმის. აკი ორივენი, - ჩვენცა და ისინიც, - ერთნაირად მკვდარნი ვართ, შენის სიტყვით. 

– ეგრეა, მაგრამ შენ ის ცოცხალი ნახევარი გავიწყდება, რომელიც შერჩენილი გვაქვს. განსხვავება აქ არის. ჩვენ რაცა ვართ, გაკეთებულნი ვართ, ისინი კი - შექმნილნი. ჩვენ დაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტით შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც მარტო ბუნებამ იცის და ბუნება - ხომ იცი, რა ოსტატია.

ისინი ჩაკირულნი არიან, ჩვენ - დონდლონი, დუნენი. აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია. გახსოვს, რა გვითხრა პაატამ, როცა ჩვენთან ქალაქში ჩამოვიდა იმ საშინელს თოვლ-ჭყაპში სამის მანეთის სათხოვნელად და მე გავეხუმრე: 

– ბიჭო, სამის მანეთისათვის ამ სიშორედ როგორ წამოხვედი-მეთქი ამ ვაი-ვაგლახში - „აი, ბატონოო, თქვენ რა იცით, ხურმა რა ხილიაო, - მითხრა უზრდელობით და არა წყენისათვის: - აქედამ რომ მივალ, ნაჯაფევი, გზისაგან გალახული, თოვლ-ჭყაპისაგან გაწუწულ-გალაფული და ჩემს დაძონძებულ საბანში ცახცახით გავეხვევი და მივეგდები - რა ტკბილად დამეძინებაო, თქვენ ისე თავის დღეში ვერ დაიძინებთო”.

იმათთვის ძილი მართალი მოსვენებაა, მართალი აღდგენაა დახარჯულის ღონისა, ჩვენთვის კი ნებიერობაა, ღონის გასიებაა, დამძიმებაა, წყალმანკია, იმიტომ, რომ ჩვენი ღვიძილიც ძილია. იმათი ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე. ეს არის იმათი კარგი და ამითი გვჯობნიან... 

– ნადირი კი არ დაძრწის დილიდამ საღამომდე საჭმლის საშოვნელად. ჰშიან და, რომ ამისათვის ხელ-ფეხსა სძრავს, საქებ-სადიდებელია?! ადამიანს ადამიანობა უნდა ემჩნევოდეს. აქ არის თავი და ბოლო ქება-დიდებისა. 

– მაგით რა უნდა სთქვა? 

– ის, რომ ადამიანობით ისინი ჩვენზედ უარესნი არიან. გლეხკაცისთანა ხარბს, გლეხკაცისთანა გაუტანელს, გლეხკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს ძნელად თუ ნახავ სადმე, მაშინაც კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოატანს: დაარჩობს, მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღა სჩივის... 

– მჯერა, თითო-ოროლა ეგეები მეც ჩემის თვალით მინახავს, ჩემის ყურით გამიგონია. მაგრამ ცხოვრება მაინც იმათშია: იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს თითონ სიცოცხლის ძარღვიცა. რაც სთქვი, ეგ ჭუჭყია, ქაფია მდუღარე ცხოვრებისა, თავზედ მოგდებული. ძირში კი წმინდაა.

მაშ რა სწნავს იმისთანა კაცურ-კაცს, როგორც გიორგი იყო, ან იმისთანა დედაკაცს, როგორც ოთარაანთ ქვრივია? მაგისთანა პური მარტო იმათს თონეში-ღა ჰცხვება, ჩვენი თონე კი მარტო ჩვენისთანა კუტ-პურს აცხობს. დღესაც ვერ გამომირკვევია - რა მოგვეჩვენა გიორგის სახით?.. ჩვენ ხედვად და სმენადაც უღონონი ვართ და იქ კი... იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა... გიორგი... 

– ნუღარ მომაგონებ! მე ჩემი მემართება, როცა ის უბედური მაგონდება. 

 

XX

დასაწყისი განთიადისა

 

 

არჩილმა გასწყვიტა ლაპარაკი და წინა და უკან მოჰყვა სიარულს ოთახში. ვინ იცის, - კესო შეეცოდა, თუ დაიღალა, და სიარულით ქარის ამოღება მოინდომა. ხოლო პატარა ხანს შემდეგ შუა-გზიდამ უეცრად მოუტრიალდა კესოს და უთხრა: 

– არა, ჩემო საყვარელო დაო! ნუ მიწყენ კი და ეგრე ადვილად გზაასაქცევი, თავიდამ მოსაშორებელი არ არის გიორგის ამბავი. გახსოვს გრიგოლ ორბელიანი? რა-რიგად აგვიტაცა იმისმა სიტყვამ, როცა ვკითხულობდით: 

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, 

თაყვანისცემა ღირსებას, 

ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს 

და არა გვარიშვილობას”. 

– ეგ აქ რა მოსატანია? - ჰკითხა კესომ. 

არჩილი ჩაფიქრდა: გაუკვირდა მიუხვედრელობა კესოსი. 

– შენი კითხვა მაკვირვებს, კესო! 

– საკვირველი აქ არა არის-რა, - მიუგო კესომ და თავი ჩაჰღუნა, თითქო ეს დუნე პასუხი თითონვე ეთაკილაო. 

– მაშ გიორგის შეირთავდი? - ჰკითხა უეცრად არჩილმა. 

კესომ ეს უეცარი კითხვა იწყინა, თუ რა, დიდხანს პასუხი არ გასცა. 

არჩილმა აცადა. გული კი აუფანცქალდა. ვინ იცის - რა უფრო ენატრებოდა: ჰო, თუ არა. არჩილმა ხელმეორედ ჰკითხა: 

– შეირთავდი?.. 

– არა. 

– მეც ეგრე მოვიქცეოდი. გამოდის, რომ თუ არ გვარიშვილობას... 

– ნუ იტყვი მაგას!.. - შეჰკივლა კესომ წყრომითა და თვალები დაუბრიალა. 

– ნუ სჯავრობ, კესო! მართალს თვალი თვალში უნდა გაუყარო უშიშრად. მადლი მაგასა აქვს... 

– არ მიყვარდა და იმიტომ. 

– ჩვენი ვაიც მაგაშია. სჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა. არ გიყვარდა იმავ მიზეზით, რა მიზეზითაც არ შეირთავდი: გლეხკაცი იყო. სად არის აქ „თაყვანისცემა ღირსებისა”, რომელიც ჩვენ ასე მოგვწონდა? წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში.

აბა გიორგის ამბავი წიგნში ამოგვეკითხნა, რა პტყელ-პტყელ ლაპარაკს მოვყვებოდით მე და შენ და ჯვართ ვაცვამდით, ვისაც კაცის საწყაოდ გვარიშვილობა მოუხმარია. „ღირსების თაყვანისცემას” ვიღა სჩივის, შენ ვერც კი მიუხვდი სიყვარულს, კაცი თურმე თავს გევლებოდა.

აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლხორცის ქვითკირია, ქვითკირი... ჩვენ რომ გვკითხონ. ვითომ დიდი ხანია გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელი. მაგრამ რით? მარტო წიგნისაგან გაალმასებულ ენითა. ენით ვაქცევთ და გული კი ისევ ებღაუჭება, ისევ აშენებს, აგებს... ნახევარ-კაცნი ვართ და ვაი, რომ უკეთესი ნახევარი მოგვთლია... 

– არჩილ, მეტის-მეტია. 

– მკვახედ, უფერ-უმარილოდ ლაპარაკს გულქვაობაში ნუ ჩამომართმევ, ჩემო კესო. სიცოცხლეში ხშირად არ მოგვეელინება იმისთანა რამ, რომ ჭკვა გვასწავლოს, თვალი აგვიხილოს. ხომ მიწასთან გასასწორებელნი ვიქნებოდით, თუ ჩვენისთანებს იმოდენა ღონეც არა აქვს, რომ თვალის ახილების ტკივილს გაუძლოს. ეს-ღა გვაკლია. 

– მაშ სთქვი!.. თუმცა ტკივილითა სჭრი, მაგრამ ამებით ჰკერავ კიდეც. სთქვი!.. 

– იცი, რა იყო გიორგი!.. გიორგი მთელი წიგნი იყო, ხიდ-გაღმა დაწერილი. გიორგი წიგნია-მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არა ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცოდნია.

გიორგი ცოცხალი ხატია ღირსებისა „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო”, ნათქვამია, და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, - რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია. ცხოვრებამ კი რომ ამისი ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ ვიცანით: თვალით ნახული ვერ დავინახეთ. არ შეირთავდი!.. ვის? „მშვენიერს სულსა”. არ გიყვარდა, ვინ? „თაყვანსაცემელი ღირსება”.

არ გვიყვარდა ის, ვისაც „ცის სხივით აცისკროვნებს მშვენიერება” სულისა. 

– სიყვარული ბრძანებით არ მოდის. 

– განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს, გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ, უკაცრაოდ, ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით დაკეტილი. აბა შენი ტოლი კაცი ყოფილიყო და ვინ იცის, იქნება ბრძანებასაც გაეჭრა, სიყვარულს ხომ მაინც მიუხვდებოდი და მაინც, სხვა არა იყოს-რა, თუნდა ნაასალი მადლიც გიორგისა არ სცხებოდა. აქ კი გვარიშვილობამ კარი გულისა არ გაუღო. წმინდა შუქი მშვენიერის სულისა ამაოდ და უქმად-ღა ჯავარსავით ეფინებოდა ცივს კედელს. შენ ვერც კი მიუხვდი, ვერც!.. იმან კი იცოდა და არა სჩიოდა. „არა ვნანობო, არაო!..” მოკვდა და ეს უწყინარი სიტყვები ჩვენ დაგვიგდო ჩვენის თავის გასაკითხად. 

– ნურც ეგრე გამასწორებ მიწასთან!.. მეყოფა!.. - უთხრა კესომ და ტირილი დაიწყო. 

არჩილს შეეცოდა, მივიდა და შუბლზედ აკოცა. 

– წმინდაა ეგ ცრემლი და არ მოგწმენდ. თქვენ, ქალები, ამით გვჯობნიხართ მამაკაცებს... 

– რომ ცრემლს — გვინდა თუ არა - წყალსავითა ვღვრით ხოლმე. კმარა სიცილი!.. დავიტანჯე!.. 

– ო, ჩემო კარგო. ზოგჯერ ცრემლი „მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”. ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი, ცრემლი ზოგჯერ ფარია, და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალიაო, ვიღაცას უთქვამს. 

– მაგით რა გინდა სთქვა? 

– შენი ტირილი მიხარიან... მეც ვიტირებდი, რომ მარტო უკანღა ვიხედებოდე, როგორც ეხლა შენ. იქ, უკან ბნელა... ღამეა... 

– და ხიდია ჩატეხილი, ხიდი!.. - წამოიძახა ტკივილით კესომ. 

– ეგ მინდა, რომ ყველამ დავინახოთ, ეგ მინდა, რომ ყველამ ვიცოდეთ. შენ ეხლა ჰხედავ, შენ ეხლა იცი. 

– ვიცი და ვტირი... 

– ამიტომაც მიხარიან შენი ტირილი... 

– არჩილ, წინ რაღაა, წინ! - შეჰბღავლა უეცრად კესომ და ორისავ ხელის თითები ერთმანეთში ჩაიწნა და ფშვნეტა და მტვრევა დაუწყო. 

– ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მიიტანს, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, - შუქია წინასი და შუქი ხომ... 

– დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?! 

– სწორედ. 

და-ძმანი სიხარულით ერთმანეთს გადაეხვივნენ. 

 

XXI

ეძახის

 

შუა-ხანში შესულმა შემოდგომამ ზამთრისაკენ პირი ჰქმნა და ნახევრად-შექცეული ზურგი მთლად შეაქცია ზაფხულსა. ის თბილ-გრილი, ის მშრალ-სველი, ის ციაგ-ლურჯი შემოდგომა, რომელიც ჩვენმა დალოცვილმა ქვეყანამ ასე ტკბილად, ასე ლბილად იცის, მიჰბერდა და ჭაღარა მოერია. მისი ჭაღარა ჭირხლია. 

მთა-ბარს, ტყე-მინდორს დილ-დილაობით ჭირხლი ედებოდა და მხოლოდ შუადღის გულზედ მზე პირდაპირ დაჰხედავდა თუ არა, ჭირხლს, ზოგს წყლად ქცეულს, მწყურვალი მიწა სვამდა და ზოგი ორთქლად ცას აჰქონდა და ბამბის ქულასავით თეთრ, ფუნჩულა ღრუბლად აქა-იქ ატარებდა თავის თვალგადუწვდენელს სიგრძე-სიგანეზე, სიღრმე-სიმაღლეზე. 

მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი. სწორედ შობის ღამეს ხელახლად მოვიდა დიდი თოვლი და სოფლის გზებსა და ორღობეებში თეთრ უმტვერო სუფრასავით დაეგო და დაეფინა. გლეხკაცობის სახლებს, ჩალით და ზოგან კრამიტით დახურულებს, მძიმედ დაედო თოვლი და ჭუჭყიანი თავსახურავები მოჰრთო თეთრად, თითქო ძალზე გარეცხილი ჩადრები გადააფარაო. კაკლის ხეები ეზოებში და ხილისანი ბაღჩებსა და ბაღებში შეიკუნწლა ახალის თოვლის ქულითა და შავად გაშიშვლებული ტოტები თეთრად გამოლამაზდა. ორღობის ღობეები, ზოგან ჯარჯით, ზოგან წალმით დახურული, სქლად დადებულ თოვლ-ქვეშ ისე სჩანდა, თითქო თეთრი საფარავი აქვთ გადაჭედილი ზემოდამაო. 

თოვლი რომ გადიღო, ბევრს ხანს არ გაუვლია, ყინვამ მოუჭირა: აცივდა, აყინდა. ძველს თოვლში შეპარებული სითბო დღისა თოვლიდამ ჯერ კიდევ წყალს აწვეთებდა, მაგრამ ყინვა არ უშვებდა და ყინულად ქცეული ნაწური ჩურჩხელებსავით ეკიდა ხის ტოტებს, ღობეების ნაპირებს, ჩარდახების და ბანების გარეშემო. 

ღამე არ იყო ბნელი. ცაზე დროგამოშვებით კაშკაშა მთვარე ხან გამოჰყოფდა ხოლმე ღრუბლებიდამ თავს, ხან ისევ ღრუბლებში გაეხვეოდა, თითქო ღრუბლის ბნელი და მთვარის შუქი ერთმანეთს ეჭიდებიან და ხან ერთია ქვეშ, ხან მეორეო. 

სოფელს დიდი ხანია ეძინა იმ გულიანის ძილითა, რომელიც მართლა სასვენია და არა სანებიერებელი. მისწყდა სოფლის ხმაურობა, დღის ჟღივილ-კივილი, მისწყდა ადამიანის ფეხის ხმაც. ახალ მოსულს თოვლს, ყინვა-დაკრულს, არსად არ აჩნდა ნაფეხური ადამიანისა... სოფელს ხმა გაეკმინდა და თითო-ოროლა ადგილას მეტის-მეტად ფრთხილის ძაღლის ყეფა-ღა ისმოდა, ხანდისხან. 

ყველას ეძინა, ყველას... ერთის მეტს. 

იყო სახლი, საცა იმ ერთს არ ეძინა. ამ სახლში ჰბნელოდა. სანთელი არ ენთო და მარტო კერაში თავხეს სისქე კუნძს ცალ გვერდზედ ცეცხლი ეკიდა და უგემურად ჰბოლავდა. როცა ნაღვერდალმოსხმული გამომწვარი გვერდი ხისა დროგამოშვებით პატარა ენასავით ალს წამოაგდებდა, ერთი მხარე სახლისა პატარა მანძილზედ ცოტა-ხნობით მოჰშუქდებოდა. 

კერასთან ცეცხლის შორი-ახლო ძაღლი იწვა. რგვლად გადმოექექნა თბილი ნაცარი, თითონაც გორგალსავით დახვეულ-ჩახვეულიყო, უკანა ფეხები წინ წამოეყარა, წინანი - უკან, თავზედ ბანჯგვლიანი კუდი გადმოეფარა, ცხვირი კუდის ბოლოში წაეყო და ეძინა. ძაღლის გვერდით, ცოტა მოშორებით, ვიღაცა მოხუცებული დედაკაცი კერასთან ცეცხლა-პირასვე იწვა დედამიწაზედ გაშლილ ქვეშაგებში და გულიანად ეძინა.

დედაბერის ქვეშაგების გვერდით ტახტი იდგა და ზედ იწვა სნეული, ქვეშაგებად ჩავარდნილი, დამდნარი, მილეული და თითქმის სასიკვდილოდ მიხრწნილი. 

ეს იყო ის, რომელსაც მთელს სოფელში არ ეძინა... 

– ვინ მეძახის, ვინ!.. - იძახოდა ძილდაკარგული სნეული თავის გულში, თუმცა არსაიდამ კი ხმა და ჩამი-ჩუმი არ იყო. - წადი, წადიო!.. რად იძახის გული? რად მეწევა, რად? 

იტრიალა ღონემიხდილმა სნეულმა, იშფოთა... 

– მივაღწევ კი!.. - ჰკითხა თავისთავს: - ფეხის გადადგმის ილაჯი აღარა მაქვს... გზაზედ დავეცე სადმე და სული დავლიო, ხომ საძაღლედ გაჰხდა ჩემი ლეში... რად მეძახი, რად!.. 

შეჰკივლა ეხლა კი ხმამაღლა ვიღაცას კვნესითა და ვაებითა და მაშინვე გადაჰხედა ცეცხლა-პირას მწოლარე ბებერ დედაკაცს, ხომ არ გამოეღვიძა და არ შემიტყოვო. 

მარტო ძაღლმა წამოიხედა; პირველში ერთი ყრუდ ყელში წამოიყეფა და რაკი დაინახა პატრონია და სხვა არავინ, წინანდებურად წაჰყო კუდის ბოლოში ცხვირი და არხეინად ისევ ძილს მიეცა. 

ბებერს კი ისევ-ისე გულიანად ეძინა. 

– სძინავს!.. - სთქვა ისევ ჩუმად სნეულმა. - მეც მალე დავიძინებ... სულთამხუთავი კარს მირაკუნებს. დავიძინებ და, მადლობა ღმერთსა, აღარ გავიღვიძებ... მეყოფა... 

ამის თქმაზედ სნეული გაყუჩდა, თითქო რაც სტკიოდა, დაუამდაო. 

– კიდევ!.. კიდევ მეძახის!.. დღევანდელ დღეს დაიბადა, დღევანდელ დღეს!.. მოვდივარ, მოვდივარ!.. 

სთქვა და ქვეშაგებში უღონოდ წამოჯდა. ტანისამოსი იქავ თავით ელაგა. ჩაიცვა თბილი წინდები, თბილი ახალუხი, ზედ გადაიცვა კაბა, მოიხვია თავს შავი შალი, გადმოცოცდა ქვეშაგებიდამ, წაჰყო ქოშებში ფეხი და უღონობამ სძლია: ფეხი წინ ვეღარ წასდგა, დაჰბარბაცდა და ცალის ხელით ქვეშაგებს უკანვე გადაებჯინა, - არ წავიქცეო. 

ცოტა ხანს ეგრე ხელდაბჯენილი იდგა გარინდებული. როცა პატარა მოსულიერდა, მისწვდა ჯოხს, ქვეშაგებზედ მიყუდებულს, და ფეხაკრებით გავიდა სახლიდამ. უღონოს სიარულით ეზო გაიარა, ორისავ ხელით წინ წაძღოლილ ჯოხზედ დანდობილმა. ეზოს კარიდამ რომ ავადმყოფმა ფეხი ორღობეში გადმოდგა და დაინახა ახლად მოსული, ფეხუხლებელი თოვლი, სთქვა: 

– ჯერ უწმინდური და მურტალი ფეხი ადამიანისა არ მოჰხვედრია და არ გაუცოდვიანებია ეს უცოდველი თოვლი... კიდევ!.. მოვდივარ, მო!.. 

ფრთხილს ძაღლს პატრონის გარეთ გასვლა არ გამოეპარა. ადგა, ნაცრიანი ბალანი ერთი ორჯელ შეიბღერტა, გაიბობღა, ტანი დაიგრძელა, ჯერ წინა ფეხები დაიჭიმა, მერე - უკანა, გაიზმორა, დაამთქნარა და ზლაზნით გაეკიდა პატრონსა. დერეფანში რომ გავიდა, პატრონი აღარსად სჩანდა. ჩახტა დერეფნიდამ ეზოში, თოვლზედ ახალი ნაფეხური პატრონისა დაჰსუნა და აუჩქარებელის ძუნძულით აედევნა კვალსა. 

ბებერმა დედაკაცმა კი ვერ შეუტყო ავადმყოფს გაპარვა. იმას ისევ-ისე გულიანად ეძინა. 

რაში ჰგვანდნენ ერთმანეთს მძინარე და წამავალი! 

მართალი უთქვამთ: წუთის-სოფელი ზოგისათვის მამაა, ზოგისათვის - მამინაცვალიო. 

 

XXII

წყევა-კრულვიანი საკითხავი

 

გათენდა შობა დღე. ჯერ თითქმის კარგადაც არ გათენებულიყო, რომ მინდვრის ფარეხებიდამ ორს მეცხვარე თუშს ოთხიოდე ჭედილა და ხუთიოდე თოხლი წინ გამოეგდოთ და სოფელში მიერეკებოდნენ, - ბედნიერი დღეა და გაჰხსნილდა, იქნება გავყიდოთო. ძალიანა ციოდა. ცხვრები მოგოგავდნენ თოვლიან გზაზედ და მოაქანებდნენ თავისებურად დუმებსა. მეცხვარეებს ისე სციოდათ, რომ შეცივნული ხელები გულზედ გადაეჯვარედინებინათ და უბეში ეწყოთ, კომბლები კი იღლიაში ეჩარათ, წინ გამოშვერილები. 

გზა სოფლის სასაფლაოს ბოლოზე მოდიოდა და აქედამ უხვევდა სოფლის ორღობისაკენ. მოვიდნენ ამ გზაზედ თუ არა, სასაფლაოდამ ერთი ღმუილი შემოესმათ. 

– ეს რა ჰღმუის? - იკითხა ერთმა. 

– კაცო, აფთარი არ იყოს და არა სთხრიდეს ვისიმე საფლავს. გავაფრთხოთ, მადლია, - სთქვა მეორემ და წელიდამ დამბაჩა გაიძრო და დაჰცალა. 

ღმუილი პატარა ხანს შესწყდა დამბაჩის ხმაზედ, მაგრამ ისევ მალე მოისმა. ეხლა კი ღმუილს წკავწკავიც მოემატა. 

– აბა ერთი ვნახო... - სთქვა ერთმა მათგანმა და გასწია სასაფლაოსაკენ. 

შორი-ახლო მიუვიდა ხმას და დაინახა, რომ ძაღლი წამოსკუპული იჯდა ვიღაცის საფლავზედ, უკანა ფეხებზედ ჩამჯდარიყო და წინა ფეხებზედ დაბჯენილი და სოფლისაკენ პირმიქცეული საცოდავად ჰღმუოდა. 

გაუკვირდა მეცხვარეს. მივიდა ახლო და ელდა ეცა. ძაღლის ზურგთ უკან მკვდარი დაინახა: საფლავზედ გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქო სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო. 

ელდაცემულმა თუშმა დაუძახა ამხანაგს. ამხანაგმა ხმა არ მოსცა. ორღობეში შეესწრო და ძახილი ვერ მისწვდა. 

გამობრუნდა თუში, ნახულით გაოცებული. 

– აქ რამ მოიყვანა ამ ყინვაში და რამ მოჰკლაო? - ჰფიქრობდა გზა-და-გზა. 

თავის ამხანაგს რომ დაეწია, უამბო ნახული. 

– დახე, ძაღლი პატრონს არ მოჰშორებია! - წამოიძახა ამხანაგმა. - დალოცვილი პირუტყვია. ბარაქალა ძაღლო, ბარაქალა!.. 

მეცხვარემ და ნამეტნავად თუშმა იცის ყადრი ამ ერთგულის და მართლა საქებარის ოთხფეხისა... 

შეატყობინეს სოფელს. თუმცა შობის დღე იყო, მაინც დიდი და პატარა, კაცი და ქალი გაიკრიბა და სასაფლაოს ზედ დაედო. 

ის მკვდარი ოთარაანთ ქვრივი გამოდგა, ის საფლავი - განა თქმა-ღა უნდა - გიორგის საფლავი იყო... ის ძაღლი... მაგრამ ძაღლს ვიღა იკითხავს? 

შეიქმნა ჟღივილ-ყაყანი. ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. მითამ არ იყო სალაპარაკო თუ? გაიბა ლაპარაკი... მითქმა-მოთქმაში დაავიწყდათ, რომ მკვდარს პატრონობა რამ უნდა. ყველას ის ეხარბებოდა, - ერთი გავიგო, ვინ რას ამბობს, და საცა ჯგუფს დაინახავდა, ან ლაპარაკის ხათხათს ყურს მოჰკრავდა, იქ გარბოდა და მიეშურებოდა. 

– გაჰტყდა ეს რკინის დედაკაციცაო, - ამბობდნენ ზოგიერთნი, - ეს ფესვმაგარი ხეც წამოიქცაო. 

– დედის-ერთა შვილის დაკარგვა ძნელია, მერე რა შვილისა! - იძახოდნენ დედაკაცები, — აკი ეს გაუტეხელი დედაკაციც გასტეხა და გაანადგურაო. 

ბევრს ეცოდებოდა ეგრეთ გათავებული ოთარაანთ ქვრივი. დამტირებელი კი არავინ იყო. ძნელია ეგრეთ წასვლა სააქაოდამ. მაგრამ რა? ვინც მოჰკვდა, თავსა მოუკვდაო, იტყვიან ხოლმე გლეხები. განა მართალი არ არის! 

არა, - ზოგჯერ მართალი არ არის. აქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი!.. ეს იყო სოსია მეწისქვილე. თითქმის ოც-და-ათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია. ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ. ის დღეა და ეს დღე, სხვა აღარავინ უნდომნია, გული აღარავისზედ მისვლია.

როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა თურმე გუნებაში იმისმა შერთვამ, მაგრამ თავის გულში სთქვა: 

– მაგას ასეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი... ვეღარ შევბედავ, ვეღარა!.. 

სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა, ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისაგან. 

სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ. იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითქვითებდა ჩუმად. 

– ადე, რას ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით! - დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა ამხანაგების სამასხაროდ. - შენც მითამ მარაქაში ერევი... შენი რაო? 

– ნუ ამბობ მაგას, ჩემო მამავ და შვილო! - უპასუხა თავისებურად ტკბილად მოხუცმა ტირილის ხმით, - სხვა სხვის ომში ბრძენიაო... 

იქნება კიდევ ეთქვა რამე სოსიას, მაგრამ ამ დროს ხელდახელ გაკეთებული საკაცეც მოიტანეს და რომ მივიდნენ მკვდრის ასაწევად და საკაცეზედ დასადებად, ვიღაცამ წაიბორძიკა მეწისქვილის ფეხზედ და ითაკილა. 

– ეს ვიღა ოხერია, ფეხებში გვედებაო! - სთქვა წაბორძიკებულმა და, ღონივრად წაჰკრა რა ფეხი ბერიკაცსა, დაატანა: - წადი, იქით გაეთრიეო. 

დაბრიყვებული ბერიკაცი გადაიქცა თოვლზედ. როგორც იყო წამოდგა და როცა ტყავის კალთებს თოვლისაგან იბერტყავდა, უთხრა ხელის მკვრელს: 

– ცოცხალზე არ გამახარა წუთის-სოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო!.. ცოდო ვარ, შვილო, ცოდო! 

მართლა, რომ ცოდოა!.. 

მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? 

ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთის-სოფელში. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ