მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 38728 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მინდორზე დინოზავრები ძოვდნენ ბალახს. ისინი უზარმაზარნი იყვნენ. მგონი, ოცი სპილოსხელა მაინც იქნებოდა თითოეული.

საშინელი ზარმაცები იყვნენ.  განძრევაც კი ეზარებოდათ.  იდგნენ ერთ ადგილას და გრძელ კისრებს იწვდიდნენ აქეთ-იქით. მხოლოდ მაშინ გადასდგამდნენ ნაბიჯს, მთლად რომ მოატიტვლებდნენ ირგვლივ ბალახისაგან მიწას.

ძოვდნენ წყნარად.

ყბების ქნევით ტკბებოდნენ. არ ჩქარობდნენ.

ან კი სად ეჩქარებოდათ, - ბალახი თავზესაყრელად ჰქონდათ.

გადიოდა დრო... იბადებოდნენ პატარა დინოზავრები, სწავლობდნენ ბალახის ძოვას, იქცეოდნენ დიდ დინოზავრებად, ძოვდნენ მშვიდად და აუჩქარებლად...

მაგრამ ერთხელ ერთმა პატარა დინოზავრმა მოულოდნელად ძოვა შეწყვიტა და თავი მაღლა ასწია.

ასწია თავი, ნელა აღმართა კისერი.

გრძელი კისერი მარტო ბალახის ძოვისათვის როდი ყოფილა საჭირო! - კისერი თურმე იმისათვისაც გვაქვს, რომ მაღლა გვეჭიროს თავი.

- „უჰ, რა კარგი ყოფილა, რომ აიწვდი თავს და აიხედავ მაღლა“...

აიხედა პატარა დინოზავრმა და დიდი ლურჯი თაღი დაინახა. ლამაზი იყო თაღი და თაღზე წითელი ბურთი ენთო.

 - დედა, აგერ ის რა არის?

დედა დინოზავრი აუჩქარებლად ძოვდა და არც გაუგია შვილის შეკითხვა.

ეწყინა პატარა დინოზავრს. დედას გაეცალა და სხვა დინოზავრებისაკენ გაემართა. უჭირდა სიარული, დიდი კუდიც უშლიდა ხელს, - მიწაზე მისთრევდა და უკან ექაჩებოდა.

რა არის ის წითელი ბურთი? - ეკითხებოდა პატარა დინოზავრი ყველას, მაგრამ არავის ესმოდა მისი.

იქნებ მათ ყურამდე ვერც აღწევდა პატარა დინოზავრის ხმა! მას ხომ თავი მაღლა ჰქონდა აწეული, დინოზავრებს კი ბალახში ჰქონდათ ჩარგული.

პატარა დინოზავრი დაღონდა, წავიდა შორს, დაჯდა და ნაღვლიანი თვალები მიაპყრო ცას. მონუსხულივით

უყურებდა წითელ ბურთს.

ბურთმა გადაიარა თაღი და მინდვრის კიდეს მიეფარა.

დაბნელდა.

დინოზავრებმა ძოვას თავი ანებეს და იქვე ჩაიძინეს.

ჩაეძინა პატარა დინოზავრსაც.

მან არ იცოდა, რომ წითელმა ბურთმაც შეამჩნია იგი. ეს წითელი ბურთი მზე იყო!

დიდი ხანია მზე გაბრაზებული იყო დინოზავრებზე: სწყინდა კეკლუცს, რომ დინოზავრებს დღენიადაგ ბალახში ჰქონდათ თავი ჩარგული და მას ყურადღებასაც არ აქცევდნენ.

მზეს უზომოდ გაიხარა, პატარა დინოზავრს რომ მოეწონა და მთელი დღე შეჰყურებდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ისე გაეხარდა, რომ ღამით მიეპარა და შუბლზე აკოცა.

დილით დინოზავრებმა სიცილი დააყარეს პატარას, ეგ რა სულელური ხალი გაქვსო შუბლზე.

თურმე ოქროსფერ ლაქად დააჩნდა მზის კოცნა პატარა დინოზავრს.

ხარხარებდნენ დინოზავრები.

თან იმაზეც ეცინებოდათ, მაღლა რომ აუწევია თავი ამ სულელს, ბალახი მაღლა ხომ არ ჰგონიაო.

იცინოდნენ დინოზავრები... მერე უცებ ბალახი მოაგონდათ, უჰ, მოვცდითო, - თქვეს და კვლავ დინჯად აამოძრავეს ყბები.

დედა დინოზავრი გაბრაზდა: რაღა ჩემი შვილი გამოდგა ასეთი სულელი და სასაცილოო. 

პატარა დინოზავრმა კი აინუნშიც არ ჩააგდო დაცინვა და კვლავ ჰკითხა დედას: რა არის ის წითელი ბურთიო. დედამ უთხრა: ნუ სულელობ, კისერი დაბლა დასწიე და ბალახი ძოვეო.

- კი მაგრამ, როდემდე უნდა ვძოვო ბალახი?! - გაუკვირდა პატარა დინოზავრს.

- სანამ არ დაღამდება! უთხრა დედამ, - მერე დაიძინებ.

- რომ გათენდება რას გავაკეთებ?

- როგორ თუ რას, ბალახის ძოვას განაგრძობ!

- მაშ, მთელი სიცოცხლე ბალახის ძოვაში უნდა გავატარო? - დაღონდა პატარა დინოზავრი..

- მე წავალ... - თქვა ბოლოს.

- სად წახვალ?! - გაუკვირდა დედა დინოზავრს.

- არ ვიცი, წავალ, იქნებ ვინმემ მითხრას, რა არის ის წითელი ბურთი!

- ვერსადაც ვერ წახვალ - გაბრაზდა დედა დინოზავრი. უზარმაზარი ფეხი კუდზე დაადგა პატარა დინოზავრს და ბალახის ძოვა განაგრძო.

გაიწია პატარა დინოზავრმა. მოიკრიბა მთელი ძალ-ღონე, გაიწია და მოსწყდა კუდი.

- არიქა, მიშველეთო! - დაიძახა დედამ.

გამოუდგნენ დინოზავრები, მაგრამ აბა რას დაეწეოდნენ, პატარა დინოზავრს კუდი აღარ უშლიდა სირბილში ხელს. მირბოდა და მირბოდა.

დაბრუნდნენ დინოზავრები მინდორზე და განაგრძეს ყბების ქნევა.

მალე სულ დაავიწყდათ პატარა დინოზავრი.

არც დედა დინოზავრს მოუკლავს თავი დარდით. ასეთი სამარცხვინო შვილი რომ არ მყავდეს, ის მირჩევნიაო, თქვა და განაგრძო ჭამა.

პატარა დინოზავრი კი დაეხეტებოდა მარტოდმარტო, მშიერ-მწყურვალი... ისე გახდა, რომ ახლა დინოზავრები ვეღარც კი იცნობდნენ. თუმცა დინოზავრებს არც ეცალათ მისთვის, თანდათან ემატებოდათ მადა.

მაგრამ აი, რა მოხდა: პატარა დინოზავრის სიყვარულით მზეს მცხუნვარება მოემატა და ბალახი გადახმა. დინოზავრებს დაეზარათ ბალახის საძებრად წასვლა და შიმშილით დაიხოცნენ.

პატარა დინოზავრი კი კვლავ დაეხეტებოდა, ეგებ ვინმემ მითხრას, რა არის ის წითელი ბურთიო.

ღამით კი მასთან ჩუმად მიდიოდა მზე და ჰკოცნიდა მძინარს.

ერთ დილით გაიღვიძა პატარა დინოზავრმა და მშვენიერი ტყე დაინახა, ტყეში ანკარა ტბა იყო.

ჩაიხედა ტბაში პატარა დინოზავრმა და გაოცდა: ოქროსფერი ლაქებით ჰქონდა დაფარული ტანი, ჟირაფად ქცეულიყო.

გაოცებული დაჰყურებდა თავის ანარეკლს. უცებ საოცარი ხმა შემოესმა. დაინახა, ხეებზე ჩიტები ისხდნენ და ესალმებოდნენ ჭიკჭიკით.

ჟირაფმა ჰკითხა, ხომ არ იცით, ის წითელი ბურთი რა არისო.

- მზეა, ის აცოცხლებს მიწაზე ყველაფერს, - უთხრეს ჩიტებმა. მათ ისიც იცოდნენ, რომ მზის კოცნა აჩნდა ჟირაფს ოქროსფერ ლაქებად, მაგრამ არ უთხრეს, ვაითუ გაყოყოჩდესო.

- მზე! მზე ჰქვია წითელ ბურთს! - დაიძახა გახარებულმა ჟირაფმა და მალაყებზეც კი გადავიდა.

ეს მალაყები მის წინაპრებს რომ დაენახათ, მეორედ დაიხოცებოდნენ ალბათ.

იმ ტყეში დარჩა ჟირაფი.

დადის კისერაწვდილი, ლამაზად მიარხევს ტანს.

ყველას უყვარს იგი.

ყველაზე მეტად კი ჩიტებს უყვართ, რადგან, როცა ღრუბლები დაფარავენ ცას, დაღონებული ჩიტები უყურებენ ჟირაფის მზისფერ ლაქებს და იმედიანად გალობენ. 


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ