მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16370 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა. მოკლედ ჩამოშვებული, სამფინჯნიანი რძისფერი ჭაღი, პრიალა პარკეტი. პრიალა ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათი - გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი. შემოსასვლელ კართან - ჩუსტები, ფლოსტები. აცეტონისა თუ სკიპიდრის სუნი.

ისმის ელექტროზარის ხმა. სამზარეულოდან გამოდის დაბალი, ორმოცი წლის რბილნაკვთებიანი ქალი. გზა-გზა იხსნის წითელ, გამჭირვალე წინსაფარს, თეძოებთან ისწორებს კაბას, მერე კეფაზე ფონფლო გორგლად დახვეულ თმას. კარის საკეტს გადაწევს. შემოვა შეჭაღარავებული ჯმუხი მამაკაცი, გაზეთში გახვეული რაღაც უჭირავს. დაღლილ ნაღვლიან თვალებს თითქოს არიდებენ ერთამანეთს.

ქალი: შენი გასაღები რა უყავი?

მამაკაცი: არ ვიცი,საწვიმრის ჯიბეში თუ ჩამრჩა...

ქალი: საწვიმარე მე დავაუთოვე და იქ არაფერი არ არის.

მამაკაცი: მაშინ დამიკარგავს.

ქალი: რა მშვიდად ამბობს "დამიკარგავს"?!

მამაკაცი: აბა რა ვქნა თმები დავიგლიჯო?

ქალი: შენ რაზე დაიგლეჯ, შენ არაფერზე არ დაიგლეჯ თმებს.

მამაკაცი: სკოლაში იყავი?

ქალს ეს შეკითხვა თითქოს არ გაუგონია.

ქალი: ეგ რა არის?

მამაკაცი: რეიტუზი ვუყიდე.

ქალი: ვის უყიდე ვის! მაგ დებილს, მაგ არანომრალურს? გგონია, რომ ესწრება ფიზკულტურას?

მამაკაცი: აბა სად დადის?

ქალი: მოუსავლეთში, ჭირში. გაქრა მაგის თავი. დივანზე ჯდება, მკლავები მუცელთან მიაქვს, იღუნება, - მე აღარ შემიძლია, ჩადი შენ თვითონ. მამა ხარ, გარკვეული პასუხისმგებლობები შენც ხომ გაკისრია. გააცდინე ეგ შენი სამსახური, დაეთხოვე, დააგვიანე და დაელაპარაკე. გაარკვიე სად დადის, რაზე ფიქრობს ეგ გამოლენჩებული. რას აპირებს. გაიგე ერთი რას ამბობს მასწავლებლები მაგაზე. ყველა რომ ლანძღავს. მე აღარ შემიძლია ბატონო. აი, აგერ ვიკუნტები და ისე გთხოვ და გევედრები, მე აღარ შემიძლიაა! დამეხმარე.

მამაკაცი: შენ, რომ ნამდვილი გაჭირვება შეგხვდეს, მაშინ რაღას იზამ?

ქალი: რას ეძახი ნამდვილ გაჭირვებას. შიმშილს? სიცივეს? ვაი, რა ბედნიერება, როცა გშია, კანკალებ, მაგრამ არავინ დაგცინის.

მამაკაცი: მაგოდენებს, ხშირად საბანიც, რომ ვერ დაეხურათ თავისთვის, ასტონიანი ტანკების შესაჩერებლად უშვებდნენ, ხშირად მარტო ბენზინით სავსე ბოთლების ანაბარა, იმათ დედებს რაღა უნდა ექნათ?

ქალი ერთხანს აღარაფერს აღარ ამბობდა. ცხვირსახოცს ეძებდა, მერე ცხვირსახოცი ტუჩთან მიიტანა და იმ ცხვირსახოცში ლაპარაკობდა: - იმათ დედებს მოკრძალებით, შიშითაც კი უყურებენ სხვა დედები, რომელთაც ასეთი უბედურება არ დასტყდომიათ თავს.

მამაკაცი: დიდი შეღავათია!

ქალი: ნამდვილად დიდი.

მამაკაცი: გადაირიე, ქალო?

ქალი: როგორც გინდა ისე იფიქრე.

მამაკაცი უყურებდა და არაფერს ამბობდა. მერე რეიტუზს იღებს, ხმაშეცვლილი მობრუნდება.

მამაკაცი: ადექი, რამე მაჭამე, ლუკმა არ ჩამიდვია დილას აქეთ.

ქალი დგება ცრემლების წმენდით, ცხვირის ხოცვით მიდის სამზარეულოსკენ.

ქალი: ფეხსაცმელი გაიხადე. ფლოსტები ხომ აწყვია კართან!

მამაკაცი ფეხსაცმელს იხდის. მაგიდაზე გაშლილ რეიტუზს ისევ შეახვევს.

მამაკაცი: ექვსი მანეთი ღირს, განა მეტი. ამირანი შემხვდა, გოგო ისევ საავადმყოფოში წოლიათ. ახლა გვერდში წყალი ჩასდგომია. გაგიჟებული იყო საწყალი.

ქალი: ვანო არ ჩამოსულაო, რა თქვა?

მამაკაცი: წამლები გამოუგზავნია. კარგი იქნება, მოგვეხერხებინდა და გვენახა ბავშვი. აქვე სწოლიათ, ბორჯომის ქუჩაზე.

ქალი ქვაბს სადგარს ამოუდებს ქვეშიდან.

ქალი: ჩემი შვილების ხელში ყველაფერსა ვარ გამორჩეული, ნათესავებსაც და მოკეთეებსაც.

მამაკაცი ზეზეურადვე აიღებს მწვანეფოჩიან ბოლოკს.

მამაკაცი: შენ რა ისადილე?

ქალი: ისე ისადილა განგიას გასაგისმა.

მამაკაცი: შენ რომ შიმშილით მოიკლავ თავს განგიას გაუხეთქავ გულს! მაინც რა გითხრა ასეთი?

ქალი: იმან რომ არ მითხრას, მე არ ვიცი, რა უბედურება ტრიალებს ჩემ თავს?! საკონტროლოებში ორები, გეომეტრიაში ზედიზედ სამი ორიანი, ქიმიაში ორიანი, ქართული როა, ქართულშიც კი ორიანი აქვს მიღებული.

მამაკაცი: ახლა სად არის?

ქალი: ჯანდაბაში და მოუსვლელში, მამიდამისთან წაეთრა. შემიყვანეს როგორც უკანასკნელი დებილი, დამაჭერინეს კალამი, მომიკიდეს ზედ ხელი და ისე დამაწერინეს ხელწერილი: ერთი ორიანი რომ მიიღოს კიდევ, პროფსასწავლებელში უნდა გადავიყვანოთო.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგ?

ქალი: რა ვინ თქვა, დადგენილება ყოფილა.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგ?

ქალი: დირექტორმაც, ყველამ.

მამაკაცი ჩანგალს თეფშზე დადებს, ხელებს შარვლის ჯიბეში ჩაიყოფს და სკამის საზურგულს მიაწვება.

მამაკაცი: სადამდე მიდის ჩვენი უგუნურება! თან პროპაგანდას ვუწევთ, თან ჩვენ თვითონ ვაცხადებთ პროფსასწავლებელს სასჯელის მოსახდელ ადგილად, ჩვენ თვითონვე ვეუბნებით ბავშვებს, საშინელ დღეში ჩავარდებიან, თუ პროფსასწავლებელში მოხვდნენ.

ქალი: თორემ არ არის ასე!

მამაკაცი: არ არის, არა! ნუთუ ვერა ხედავთ ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისკენ სწრაფვა. ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ, ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს, მამაკაცებს, დღეში რომ სამ კილო ხორცს და ათ ბოთლ ღვინოს ნთქავენ, თეთრი ხელები უნდათ, თეთრი ხელები და თეთრი ტელეფონი... ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მუცლები მოგვექცა თავზე.

ქალი: მე ვერაფერს ვხედავ, ჩემი ოჯახის მეტს. სანამ აქ მექნება მოსაგვარებელი რამე, არავითარი საქმე არ მაქვს გარეთ.

მამაკაცი: ეს არის ყოველგვარი უკუღმართობის სათავე - ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩარგული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი.

ქალი ზურგს შეუბრუნებს და მხრის ზემოდან დაუგდებს სათქმელს:

- შეჭამე ეგ კერძი, გაიყინა და გალელეჩდა.

მამაკაცი ჩანგალს აიღებს, თან ნერვიულად ეღიმება.

მამაკაცი: ესეც უბედურებაა - გაცივებული კერძი, უჰ, დიდი უბედურება.

ქალი: შენთვის ყველაფერი ეგეთია, კერძიც, სახლიც და ყველაფერი.

მამაკაცი: დავჯდე და თქვენ გიყუროთ მარტო, არა, თვალებში? პირი დაიბანეთ, კბილები გაიხეხეთ, ფეხსაცმელი დაიწმინდეთ, იატაკი არ დანაგვიანოთ, გაკვეთილები ჩამაბარეთ! სულიწმინდა დაგვარჩენს?

ქალი: ვინ გთხოვს მაგას?

მამაკაცი: აბა რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რით დავიწყო.

ქალი: შიში ჩაუნერგე ბავშვებს, ჩაუნერგე, რომ რაც გასაკეთებელი აქვთ უნდა გააკეთონ. თუ არ გააკეთებენ....

მამაკაცი: ყელები დავჭრა, არა?

ქალი: არ შეიძლება შენთან ნორმალური საუბარი

მამაკაცი: რა არის ამაში არანორმალური? შენ მეუბნები, რომ ბავშვებს  ჩავუნერგო შიში, ჩავუნერგო, რომ რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ.. მე გეკითხები, რა ვქნა-მეთქი, თუ არ გააკეთებენ, ყელები დავჭრა ამ უძლურებს, უკან-უკან რომ იწევენ ყოველწამს და ჩვენ ანტიბიოტიკებით ვექაჩებით ჩვენსკენ? რა არის ამ კითხვაში არანორმალური?

ქალი: დამანებე თავი..

მამაკაცი: ვცემო? გარეთ გავყარო? ვუთხრა, რომ მათ მამობაზე ხელს ავიღებ? ბოღმამ არ დაახრჩოს! ამ წიგნების, ტელევიზიის მეშვეობით იმდენი სანიმუშო მამა დაეხეტება ჩვენს ბინაში, იქნებ ესიამოვნოთ კიდეც, რომ ჩამოვცილდე ეს დაკუთხული, დიდცხვირა, დიდყურება კაცი.

ქალი აღარაფერს ამბობს, მაგიდისკენ დახრილი ჭამს.

გაიღება კარი. შემოდის გაღიმებული თხუთმეტი წლის ბიჭი. მაღალია, წვრილი, მხრებში მოხრილი. გრძლად დაშვებული სქელი თმა კიდევ უფრო უპატარავებს ისედაც პატარა, სიგამხდრისაგან ჩამუქებულ, ჩატეტკილ სახეს. გაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთან. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი.დიდხანს იწმენდს ფეხებს.

ბიჭი: ფანჯრები დაკეტილია?

ქალი და მამაკაცი შემკრთალი თვალებით შეჰყურებენ ერთმანეთს.

ქალი: ფანჯრები რად გინდა?

ბიჭი: ჩიტბატონები ვიყიდე, მთლად იააფად. გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე გავუშვებ. 

პარკს პირს მოხსნის და ჩიტბატონებს ამოაფრენს. ისინი ფრთხიალით, რიკრიკით წითელ-ყვითელი ფერებით თახთახით დაფრინავენ ოთახში. ბიჭი ქვემოდან შესცქერის და ბედნიერებით უბრწყინავს სახე.

ქალი წამოვარდება საკუჭნაოდან იატაკის საწმენდს გამოიტანს და ჩიტებს გამოედევნება.

ბიჭი: არ დაარტყა! არ დაარტყაა!

ქალი: გამეცალე,თორემ შენ გაგიხეთქავ თავს.

ბიჭი: მამა, არ დაარტყას, მამა!

მამაკაცი ჭამს, თეფშს დაჰყურებს.

ქალი ერთ ჩიტს მისწვდება და კედელზე მიაჩეჩქვავს.

ბიჭი: დედა! მამა! დედა!

ქალი: გამეცალე!

ქალი იმ მეორე ჩიტსაც მიწვდება, აჭყივლებული მისრისა კუთხეში.

ბიჭი: კარგი, დედა!

დიდი საბრალო თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთით, მერე მეორეს. დგას ჩიტებით ხელში, თითქოსდა ფეხებდაუძლურებული. მერე უცნაური ლაყუნით მიდის, სანაგვე ყუთში ყრის.

ბიჭი: კარგით! კარგით!

ფერდაკარგული ქალი იატაკის საწმენდ ჯოხს საკუჭნაოში შეიტანს და კარს ღონივრად გამოხურავს.

მამაკაცი ხმას არ იღებს.

ბიჭი: კარგით! კარგიით!

მამაკაცი: თუ არავინ გავალებს,არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს..

ბიჭი: კარგით! კარგით!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ