წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 25 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

იუნკერთა გმირობაზე ლეგენდები დადის.

 

ხალხში გავრცელებული აზრის მიხედვით, მათი დიდი ნაწილი ტაბახმელას პოზიციებზე დაიღუპა და ცოცხლად მხოლოდ ერთეულები გადარჩნეს. თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

იუნკერთა ასეულმა, რომელიც 132 კურსანტს და 15-მდე ოფიცერს ითვლიდა დაღუპულების სახით სულ 12 ადამიანი დაკარგა. მათ წინააღმდეგ XI არმიის მთელი დივიზია იბრძოდა, თუმცა რუსებმა იუნკერების დამარცხება მაინც ვერ მოახერხეს.

1921 წელს თბილისის დაცვისას ქართულ არმიაში იუნკერები თითქმის ერთადერთი ნაწილი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია.

იუნკერთა ასეთ გასაოცარ შედეგს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - სხვა ქართული ნაწილებისგან, სამხედრო სასწავლებელი რკინის დისციპლინით, უდიდესი თავდადებით და მაღალი სამხედრო მომზადების დონით გამოირჩეოდა.


* * * * * * * * *

მეფის რუსეთის დროს, თბილისში პლეხანოვის გამზირზე იუნკერთა სასწავლებელი იყო, სადაც არმიისთვის საშუალო რგოლის ოფიცრებს ამზადებდნენ. უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს დიდი ყურადღება ექცეოდა.

ქართველ ოფიცერთა უმეტესობას, რომლებიც მეფის არმიაში მსახურობდნენ, სწორედ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული. დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდეგ, იუნკერთა შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და იგი ქართველ იუნკერთა სასწავლებლად გადაკეთდა.

სასწავლებელის გახსნის ინიციატორი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 1919 წლის აგვისტოში იგი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მასვე დაავალეს მსმენელთა ჩარიცხვა და პედაგოგების შერჩევა. სასწავლებლის პირველი ხელმძღვანელი საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლამ მიღება დაიწყო.

სასწავლებელს 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომელიც 4 ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდა: 60 კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, 15 არტილერიის საქმეს შეისწავლიდა, 10 კურსანტს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო 5 კავალერისტი იქნებოდა.

კურსანტები სკოლაში ორწლიანი სწავლების კურსს გადიოდნენ. პირველ კურსზე მსმენელი თეორიული და პრაქტიკულ მეცადინეობებით საერთო სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა. მეორე კურსზე კი ისინი ვიწრო სპეციალობას ითვისებდნენ.

პირველ მიღებაზე დაახლოებით 110 მსურველი გამოცხადდა. მათგან სკოლაში ისინი მიიღეს, ვისაც დამთავრებული ჰქონდა საშუალო სწავლა და ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო.

იუნკერთა საშუალო ასაკი დაახლოებით 20-23 წელი იყო. სკოლაში ჩარიცხვამდე, ბევრ მათგანს საბრძოლო გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, მათი უმრავლესობა კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ზოგი 1918 წელს სომხეთ-საქართველოს კონფლიქტშიც მონაწილეობდა. ზოგი კი ახალციხე-არდაგანის კამპანიაში იბრძოდა, სადაც გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ქართულმა არმიამ სამცხელი ბეგების სეპარატისტული გამოსვლა ჩააქრო.

მომავალი ოფიცრები სკოლაში ცხოვრობდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკერებს სამხედრო ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ.

სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიის ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკერებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.

მასწავლებლებს შორის, რომლებსაც იუნკერებისთვის სამხედრო საქმე უნდა ესწავლებინათ, ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვინც ქართული იცოდა. მათი უმეტესობა წლების განმავლობაში მსახურობდა რუსეთის არმიაში და ქართულად ან საერთო ვერ მეტყველებდნენ, ან ძალიან ცუდად საუბრობდნენ.

ამის გამო, მასწავლებლები სკოლაში სამ ჯგუფად დაჰყვეს: პირველ ჯგუფში ისეთი პროფესორები იყვნენ, რომლებმაც სრულიად არ იცოდნენ ქართული და თავის საგანს რუსულად კითხულობდნენ და ამავე ენაზე იღებდნენ იუნკერებისგან პასუხებს. მეორე ჯგუფს ლექციები რუსულად მიჰყავდა, მაგრამ ქართული ესმოდა და ამ ენაზე იღებდა პასუხებს. და ბოლოს მესამე ჯგუფი, რომლებმაც ქართული გამართულად იცოდნენ.

ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, პროფესორთა უმრავლესობა სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი იყო. მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ. მათი ანაზღაურება ტრამვაის ბილეთსაც კი არ ყოფნიდა, მაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად იხდიდნენ.

მაგალითად, სკოლის ხელმძღვანელი გენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდა. 1919 წელს თბილისში გირვანქა პური 750, კილოგრამი კარაქი 4 ათასი, ხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდა. თავად კვინიტაძე თავის მოგონებებში იმ წლებს ასე იხსენებს: "ოჯახი ამ სახსრებით ცხოვრებას ვერ შეძლებდა და იმ ზამთარს იძულებული გავხდი, ჩემი ხალიჩები ნახევარ მილიონზე ცოტა მეტად გამეყიდა.

შემოდგომაზე უფროსკლასელმა იუნკერებმა ოქროს ზარნიშიანი ხანჯალი მისახსოვრეს. იუნკერები მთავრობაზე გულუხვები აღმოჩნდნენ. 9 ათასი მანეთი მცირე თანხა იყო, მაგრამ იუნკერების მიტოვება მაინც არ მიფიქრია. ამიტომ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს მესანგრეთა ქუჩიდან პლეხანოვის გამზირზე მდებარე სამხედრო სკოლაში სიარული არ შემიწყვეტია. ეს ძალიან მღლიდა, მაგრამ ტრამვაიზე ფულს ვერ ვხარჯავდი, რადგან ეს საგრძნობლად დაეტყობოდა ოჯახის ბიუჯეტს."

ნოე ჟორდანიას ხელისუფლება პროფესიონალ სამხდროებს არ წყალობდა. სოციალ-დემოკრატები არმიას უბრალოდ არ ენდობოდნენ. თვლიდნენ, რომ ოფიცრობა ძველი წყობის გადმონაშთია, რომელსაც სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა შეეძლო. არმიის ნაცვლად, ჟორდანიას ხელისუფლება გვარდიას ეყრდნობოდა, რომელიც სოციალ-დემოკრატთა სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენდა.

გვარდიის მმართველი აპარატი პარტიელი ჩინოვნიკებისგან შედგებოდა და სამხედრო საქმეზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ასეთი ვითარების გამო, პროფესიული ჯარი ქვეყანაში ბედის ანაბარად მიტოვებული აღმოჩნდა.

საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი სამხედროები თავის მოვალეობას მაინც პირნათლად ასრულებდნენ. ამის მაგალითი იუნკერთა ახალგახსნილი სკოლა იყო, სადაც გაჭირვების მიუხედავად სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. ქართულ არმიაში იუნკერებს გამორჩეული ადგილი ეკავათ.

ეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს, საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლის ჯარისკაცს ქალაქში სადმე წესრიგი დაერღვიოს. თბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას, იუნკერებს როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.

მომავალი ოფიცრების გარდა, იუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდა. იმ პერიოდში, უნტერ-ოფიცრებს ქართული შესატყვისი - ნაცვლები ერქვათ (დღევანდელი სერჟანტები). ნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო - დაახლოებით 800 მსმენელი. იუნკერებისგან განსხვავებით, ნაცვალთა კურსი სულ 6 თვე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.

1919 წლის 27 აპრილს გიორგი კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. მის ნაცვლად სასწავლებლის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა. სკოლიდან კვინიტაძის წასვლა იუნკერთა შენაერთის პირველ საბრძოლო ნათლობას დაემთხვა.

1920 წლის აპრილის მიწურულს აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. 30 აპრილს XI არმიის მეწინავე ნაწილები საქართველოს საზღვარს მოადგნენ. ფოილოს სარკინიგზო ხიდთან ქართულ ნაწილებთან პირველი შეტაკება მოხდა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, საზღვარზე სამხედრო მოქმედებების პარალელურად, თბილისში ადგილობრივ კომუნისტებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები უნდა მოეწყოთ და სტრატეგიული ობიექტები დაეკავებინათ. 1920 წლის 1 მაისს დაახლოებით ღამის 2 საათზე, ბოლშევიკებმა იუნკერთა სამხედრო სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის მიზანს, იუნკერებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.

ბოლშევიკთა რიცხვი დაახლოებით 30 ადამიანი იყო. მაუზერებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული თავდამსხმელები ყაზარმებში შევარდნენ და იარაღის საწყობის დაუფლებას შეეცადნენ. თუმცა, იუნკერებმა მათი განეიტრალება შეძლეს. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ, კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.

კავბიუროს ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოსკოვში შემდეგი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:

1920 წლის 8 მაისი ორჯონიკიძის დეპეშა ლენინს:

"2 მაისს ჯარისკაცთა აღშფოთების ნიადაგზე თბილისში ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას, მაგრამ წარუმატებლად. ჩვენი მხრიდან მოკლულია ერთი, დაჭრილია ორი, ხოლო სამი დაპატიმრებულია. სანდრო მახარაძე, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა გადარჩა. მთავრობა დღეს ქალაქში საალყო წესებს აცხადებს."

თავდასხმიდან მეორე დღეს სკოლაში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე მივიდნენ და იუნკერებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადეს.

4 მაისს დამფუძნებელ კრებაზე ეს ფაქტი საგანგებოდ აღნიშნეს. სპეციალური მოხსენება, სხდომის თავმჯდომარემ სოციალ-ფედერალისტმა სიმონ მდივანმა გააკეთა. დეპუტატებმა დაღუპული იუნკერის - მიხეილ მაყაშვილს ხსოვნას პატივი ფეხზე ადგომით მიაგეს.

ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებიდან ორ კვირაში იუნკერთა სასწავლებელმა სადახლოს სადგურზე გამგზავრების ბრძანება მიიღო. საქართველოს მთავარსარდალი იუნკერების საშუალებით რეზერვს ქმნიდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში XI არმიის წინააღმდეგ გამოიყენებდა. თუმცა, კურსანტებს 1920 წლის მაისში რუსებთან ბრძოლა არ მოუწიათ. საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების შემდეგ, საზღვარზე ბრძოლები შეწყდა. სადახლოსთან იუნკერთა სკოლა ერთი თვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისინი თბილისში დააბრუნეს.

1920 წელს იუნკერებს ბოლშევიკთა წინააღმდეგ გამოსვლა კიდევ ერთხელ მოუწიათ. 16 ივლისს სასწავლებელის პირადი შემადგენლობა ლაგოდეხში გააგზავნეს, სადაც ბოლშევიკმა აგიტატორებმა მე-6 პოლკის ჯარისკაცთა აჯანყება მოახერხეს. იუნკერებმა აჯანყება სწრაფად ჩააქრეს - კურსანტებმა დარაჯები განაიარაღეს და ამბოხებულებს დანებება აიძულეს.

იმავე წლის 1 სექტემბერს იუნკერთა სასწავლებელმა კურსანტთა ახალი ნაკადი მიიღო. სკოლაში 90 მსმენელი ჩაირიცხა. რუსეთთან ომის წინ, სკოლაში სულ 180 იუნკერი სწავლობა.

1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს სამხრეთში მდებარე ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყეს, რომელიც სახალხო აჯანყებად მონათლეს. "აჯანყებულებს" დახმარება სომხეთში დისლოცირებულმა XI წითელი არმიის ნაწილება გაუწიეს. ბოლშევიკებმა სწრაფად დაიკავეს ბორჩალოს მაზრა და შულავერი აიღეს.

წითლებმა საქართველოს აზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ომის პირველსავე დღეებში იუნკერებმა ფრონტზე გაგზავნა მოითხოვეს, მაგრამ თავდაპირველად სკოლამ ამაზე უარი მიიღო. კურსანტები სასწავლებლის უფროსის გენერალ ანდრონიკაშვილის სახელზე პატაკებს ყოველ დღე წერდნენ. შინაარსი ყველგან ერთი და იგივე იყო: "ვინაიდან სკოლას ფრონტზედ არა ჰგზავნიან, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმავლინოთ მოქმედ ნაწილში."

17 თებერვალს დილის 5 საათზე მოვიდა ბრძანება: "სამხედრო სკოლა საჩქაროდ გამოვიდეს ტაბახმელას პოზიციებზე". სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა. მათ შორის: იუნკერთა ორი ქვეითი ასეული (152 მებრძოლი), უნტერ-ოფიცერთა ბატალიონი (350 კურსანტი), არტილერისტთა გუნდი (15 მებრძოლი), საინჟინრო ნაწილი (10 მებრძოლი) და კავალერია (5 ცხენოსანი). შაშხანების გარდა, იუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა: ორი სამთო, ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.

საბრძოლო ლაშქრობისთვის იუნკერები სასწავლებლის ეზოში დილის 11 საათზე და 30 წუთზე გამწკრივდნენ. სამხედრო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც კურსანტებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:

"ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!"

იუნკერებს ფრონტზე მთელი ქალაქი აცილებდა. კურსანტები ხალხის მასას ძლივს მიარღვევდნენ. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა გარეთ გამოსულიყო. მოქალაქეები მებრძოლებს ხილს, თუთუნს, ნამცხვარს და ტკბილეულს აწვდიდნენ. სკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ. შემდეგ მოდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს სულ ბოლოს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი მიყვებოდა.

საბრძოლო პოზიციები იუნკერებმა 17 საათზე დაიკავეს. კურსანტებს ტაბახმელადან კოჯრამდე არსებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ. ჯერ კიდევ 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის სარდლობამ კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად, თბილისის სამხრეთით თავდაცვითი ხაზი შექმნა. ტაბახმელას ქედზე სანგრების სისტემა გათხარეს. ეს სანგრები 1921 წელსაც არსებობდა. თბილისის თავდაცვის გეგმაში იუნკერებს მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავათ. ისინი დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ.

თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა. პირველი სექტორი სოფელ კოჯორიდან - თელეთის მონასტრამდე გადიოდა. ამ მონაკვეთის ხელმძღვანელად საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ იუნკერთა სკოლის უფროსი გენერალი ანდრონიკაშვილი დანიშნა. ანდრონიკაშვილის განკარგულებაში ოთხი საარმიო პოლკი და გვარდიის ოთხი ბატალიონი იყო. მასვე ემორჩილებოდა ტაბახმელაში განლაგებული იუნკერთა სასწავლებელიც, რომლის უფროსად კვინიტაძის სიძე - პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე დანიშნეს.

მეორე სექტორი, სოღანლუღის რაიონი - გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ებარა და იგი თელეთიდან მდინარე მტკვრამდე გადიოდა. ამ ხაზს არმიის სამი ქვეითთა პოლკი, გვარდიის დაახლოებით 5 ბატალიონი და ჯავშნოსანი მატარებელი იცავდა.

მარცხენა ფრთის დაცვა სახალხო გვარდიის გენერალ ჯიჯიხიას ებარა. სექტორი მდინარე მტკვრის მაცხენა სანაპიროდან სოფელ ლილომდე მიდიოდა და იქ ძირითადად გვარდიის ნაწილები იყო თავმოყრილი.

17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა. რუსების მაგივრად, კურსანტებს სიცივე აწუხებდათ. ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. თბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენ.

იუნკერი მათიკაშვილი: "გვეცვა საზაფხულო სამოსზე თხელი, წყლის გაუმტარი, სითბოს მოკლებული ხელოვნური იტალური ქსოვილისგან შეკერილი პალტოები. დღისით სანგარში ყოფნისას ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცარივით იყინებოდა და იარაღის ხმარებას გვიშლიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საომარი სული მაღალი იყო. სანგრებში დამალვის ნაცვლად ხშირად სანგრების ნაპირზე ვდგებოდით ხოლმე. როცა ნისლი ჩამოწვებოდა, ხანდახან წრეს შევკრავდით და სიმღერა და ცეკვა წამოგვიწყია. ვმღეროდით "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "მუმლი მუხასაო", "გაფრინდი შავო მერცხალო".

ბოლშევიკებს ტაბახმელას პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. იუნკერები სანგარში იცვლებოდნენ, იარაღს წმენდნენ და ისვენებდნენ. ამ დღეს კურსანტებს რუსების ნაცვლად მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია და მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე ეწვივნენ.

18 თებერვალს XI არმია ტაბახმელას ნაცვლად დედაქალაქის დაცვის ცენტრს, სოღანლუღთან გამაგრებულ მაზნიაშვილის ნაწილებს უტევდა. თუმცა რუსებმა ფრონტის გარღვევა ვერ შეძლეს - კონტრიერიშზე გადასულმა ქართველებმა წითლების მთელი დივიზია გაანადგურეს და ტყვედ 1 600 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს.

იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიეს, მათ მთელი ძალები ტაბახმელას მონაკვეთისკენ მიმართეს.

მტერმა იერიში დილის 8 საათზე განახორციელეს. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა - მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. რუსებმა პოზიციების საარტილერიო დამუშავება დაიწყეს, თუმცა ამას კურსანტებში შიში არ გამოუწვევია.

ტაბახმელაზე იუნკერთა მეთაური პოლკოვნიკი ჩხეიძე თავის მოგონებებში ამ მომენტს ასე აღწერს: "ჩვენს სანგრებთან მოწინააღმდეგის არიერგარდი გამოჩნდა. მცირე სროლის შემდეგ ისინი თვალს მოეფარნენ. თუმცა, მტრის არტილერია უკვე უშენდა ყუმბარებს ჩვენს პოზიციებს. მალე დაიწყო მტრის შემოტევა ფართო ფრონტით. იუნკერთა მოსანახულებლად სანგრებში ჩავედი. არავითარი შიში. როდესაც ერთ იუნკერს რაღაც შევეკითხე, იგი სროლის მიუხედავად ფეხზე წამოდგა და გაჭიმული მპასუხობდა."

12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია. იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერა. რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკერების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს.

კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე საპასუხო კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლისა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში 23-მა იუნკერმა მოწინააღმდეგის ასეულის დამარცხება შეძლო. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკერთა მხრიდან 8 კაცი დაიღუპა. მათ შორის კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.

იუნკერებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, რომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა.

უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის, სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. მას პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძობა ჰქონდა. საქართველოს ყველა ომი და უბედურება მისი პირადი სატკივარი ხდებოდა.

დღიურშიც კი, სადაც გოგოები ძირითადად რომანტიული ხასიათის ჩანაწერებს აკეთებენ, მარო საქართველოს პრობლემებზე წერდა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს.

ბოლო წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გააგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო:

"ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკერებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. სად არის შალიკო? იქნებ წითელი ჯვრიდან წერილით მაცნობოთ, ძალიან ვწუხვარ. თუ ჩვენებისკენ რომელიმე სანიტარული რაზმი მოდის, ასეთი მისამართით მაცნობეთ: შემხვევთა მეორე რაზმი, ექიმ ხოჭოლავასი. ღამე სადღაც დუქანში გავატარეთ, მთელი ღამე არ გვეძინა. ჯერჯერობით სროლა არ ისმის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით... ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა ტაბახმელაში. გკოცნით ბევრს. ცოტა თბილი თუ შესაძლებელია და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ. ნუ გეშინიათ გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო."

მარო მაყაშვილი 23 თებერვალს ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებთან ერთად თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანში დაასაფლავეს.

ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავად, იუნკერებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. კურსანტთა მცირე რაზმს, რუსების თითქმის მთელი დივიზია უტევდა. ქართველი მებრძოლები ყოველ დღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ. მოწინააღმდეგის გარდა, იუნკერები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ.

პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე: "22 თუ 23 თებერვალს გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გვარდიელების ორი ძალიან დიდი შემადგენლობა მოიყვანა. მათ დაავალეს მე-2 და მე-3 სანგრებში იუნკერების გამოცვლა. ჩემი ახალგაზრდები წამოვიდნენ შენობებში ანუ გვარდიელების ზურგში. ბრძოლა არ წარმოებდა და იყო სრული სიჩუმე.

იუნკერებს ნაბრძანები ჰქონდათ თვალი ედევნებინათ გვარდიელებისათვის, რადგან მათ ჩვევად ჰქონდათ ღამ-ღამობით სანგრების მიტოვება და ზურგში წამოსვლა. ჩვენს სანგრებში ცვლა მტერმა შეამჩნია და რამდენიმე ჭურვი ისროლა. გვარდიელებს დიდხანს აღარ უფიქრიათ და სანგრებიდან გამოვარდნენ. ამ დროს კაპიტანმა შავდიამ წამოაყენა იუნკერები და "ვაშას" ძახილით გვარდიის წინააღმდეგ შეტევაზე გადაიყვანა. არ დაუზოგიათ არ "ტკბილი" სიტყვები და არც კონდახები. ისევ უკან სანგრებში შერეკეს და გააფრთხილეს, რომ მეორედ მათ წინააღმდეგ ცეცხლს გახსნიდნენ."

24 თებერვალს იუნკერთა 152 მებრძოლიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი. XI არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელაზე გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა. ბოლშევიკურ არმიაში ბაქოელი კურსანტები ელიტურ ნაწილად ითვლებოდნენ. მომავალ წითელ ოფიცრებს ბრძოლის დროს ყველაზე რთულ უბანზე აგზავნიდნენ. იდეოლოგიურად მომზადებული კურსანტები უკან არასდროს იხევდნენ და მიღებულ დავალებას თითქმის ყოველთვის ასრულებდნენ.

კურსანტთა პოლკი კომკავშირლებით იყო დაკომპლექტებული. პოლკის პოლიტმეთაური ქართველი კომკავშირელი, საქართველოდან კომუნისტური პროპაგანდისთვის გაძევებული ბორის ძნელაძე იყო.

გააფთრებული ბრძოლების შედეგად, წითელმა კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროვება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავეს. ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკერებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხეს. უეჭველი სიკვდილისგან იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნა იგი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.

1921 წლის 24 თებერვალს იუნკერებთან ბრძოლაში, ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი იყო იუნკერთა შორისაც. დაიღუპა იუნკერი შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა კაპიტანი შავდია, ოფიცრები ჩოჩუა და ხოშტარია. საერთო ჯამში იმ დღეს იუნკერთა რიგებში დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35 კაცს მიაღწია. ამის მიუხედავად პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს.

უმაგალითო გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისაგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო.

ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა თუ რატომ მოიქცა იგი ასე, ყიფიანმა უპასუხა: "ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!"

ტაბახმელას ბრძოლებში იუნკერთა სკოლიდან მოკლეს ორი ოფიცერი და 7 დაიჭრა. იუნკერებში მოკლეს 10 მებრძოლი და 43 დაიჭრა. ყველაზე დიდი დანაკარგი სასწავლებელმა უნტერ-ოფიცერთა ახალწვეულ ბატალიონში მიიღო, სადაც პირადი შემადგენლობის 35-40 პროცენტი დაიღუპა და დაიჭრა.

ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელას აღება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კომუნისტებმა სოღანლუღის და ლილოს მონაკვეთზე ქართული ნაწილების შევიწროება მოახერხეს. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. ამის გამო, მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლის და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

იუნკერებს პოზიციების დატოვების ბრძანება 24 თებერვალს ღამის 12 საათზე მიუვიდათ. კურსანტები ქალაქს ყველაზე ბოლოს ტოვებდნენ. იუნკერი მათიკაშვილი: "კოჯრიდან თბილისისკენ მოკლე ბილიკებით დავეშვით. თენდებოდა სოლოლაკში რომ შევედით. ქალაქის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა. შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი. რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა. შეკითხვაზე ჯარებს ხომ არ გაუვლიათო, გვიპასუხა კარგა ხანია რაც ჩაიარესო..."

იუნკერთა სკოლას სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალა, რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. თბილისიდან გამოქცეული ქართული არმია გაშლილ მინდვრებში ფარასავით მიდიოდა.

დეზერტირობამ და დაუმორჩილებლობამ ჯარისკაცთა რიგებში მასიური ხასიათი მიიღო. იუნკერი თოხაძე: "გზაზე გავედით. ყველგან მიტოვებული ტექნიკა ეყარა. საკეტმოხსნილი ზარბაზნები, საბარგულები, მანქანები. გზა-გზა ვგებულობდით, რომ სოფელ-სოფელ ბოლშევიკთა აგენტები დაძვრებოდნენ, ხალხს აჯანყებდნენ და მემამულეთა და შეძლებულ გლეხთა დარბევაზე აქეზებდნენ. ოღონდ ხალხი გარინდული იყო და მათ ჩიჩინს ყურადღებას არ აქცევდა."

25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც. კურსანტები პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდნენ. ქალაქის ახალმა კომენდანტმა მათ თბილისის ქუჩების პატრულირება და წესრიგის დაცვა დაევალათ.

იუნკერები კი ამ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა საქართველოს ტოვებდა და ემიგრაციაში მიემგზავრებოდა. იუნკერებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ სამშობლოს დატოვება შეეძლოთ.

იუნკერი მათიკაშვილი: "ორ ნავში მოვთავსდით და რამდენიმე წუთში გემბანზე აღვმოჩნდით. თქვენთვის უკანა ნაწილის სარდაფებია დანიშნულიო - გამოგვიცხადეს, მაგრამ ძირს არავინ ჩასულა. დავრჩით გემბანზე და მოაჯირს მიყრდნობილი ბათუმს გავცქეროდით. იქიდან ზარბაზნების გვრგვინვა და ტყვიამფქვევთა კაკანი ისმოდა. ქალაქში აქა-იქ რაღაცა იწვოდა. მეზღვაურები გემზე რაღაცას ტვირთავდნენ. ტირილით არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა გვახრჩობდა. დიდხანს შუაღამემდის ვიდექით გემბანზე, ვიდრე მეზღვაურებმა არ დამთავრეს გემზე ხალხისა და ბარგის მიღება.

ღუზები ხრიალით ამოყარეს წყლიდან და მანქანები ამუშავდნენ. შეტოკდა გემი. ნელ-ნელა მოსწყდა ადგილს და თანდათანობით აჩქარებით წყვდიადს შეერია. რაც კი გვქონდა სამხედრო მოწყობილობა ვაზნები და საკეტმოტეხილი თოფები ზღვაში გადავყარეთ. დილით ნაპირი უკვე აღარ ჩანდა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —