მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1764 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

I

 

ბიჭი მარტო მიდიოდა...

ძველი ჩანთა იღლიაში ამოეჩარა და უხალისოდ მიაბიჯებდა ფილაქანზე. კარგად იცოდა: ოთხი მისი ტოლი ბიჭი, ოთხი მეტოქე, ქუჩის კუთხეში ელოდა. ოთხივე ღონიერი, სწრაფი და მოქნილი იყო. თავზეხელაღებული ჩხუბისთავები, ალბათ, დილიდანვე იდგნენ ჩასაფრებულნი, თითქოს სხვა საქმე არა ჰქონდათ რა.

ბიჭს ფეხები უკან რჩებოდა. ხანდახან რომელიმე დუქნის წინ უაზროდ შეჩერდებოდა, შეიხედავდა დუქანში, მერმე კეფას მოიფხანდა და გზას განაგრძობდა.

ქუჩაში მარტო მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი. მაყვლისფერი დიდი თვალები ჰონდა, წყლიანი და ნაღვლიანი ოდნავ.

მურა ნაგაზმა ძუნძულით ჩაუარა, თან შიშით მოხედა ბიჭს. ბიჭმა შეატყო, ძაღლი უცხოდ გრძნობდა ქალაქში თავს. თვალი გააყოლა... მგონი ეს ნაგაზი გუშინაც შეხვდა, გუშინაც ასე უპატრონოდ დაწანწალებდა...

თბილოდა. სექტემბრის მზე ჯერ კიდევ აჭერდა... ძველი დუქნები, დაბალი მტვრიანი სახლები მზეზე გახუნებული სარეცხივით იყო ქუჩაში გამოფენილი.

ქვაფენილზე ფორნის ცხენს ფეხი დაუსხლტა და წაიქცა. ბიჭმა დაინახა როგორ გაკვესა ნალმა, როგორ მოეკვეთა მუხლები ცხენს. მეფორნემ შოლტი მოუქნია, ერთხელ, მეორედ... ცხენმა წამოდგომა სცადა. წინა ფლოქვებმა კიდევ გაჰყარეს ნაპერწკლები.

ხალხი სწრაფად მოგროვდა. ხმაურით, ჟრიამულით შემოეხვივნენ. როგორც დამნაშავეს, ისე წაადგნენ თავზე.

ვიწრო ქუჩა ეტლებით, საბარგულებითა და ფორნებით გაიჭედა.

ბიჭს ნათელმა აზრმა გაუელვა: ამ აურზაურში იქნებ მეტოქეებს დავუსხლტეო, სირბილით წავიდა ქუჩის კუთხისაკენ, მაგრამ ქუჩის კუთხემდე მისვლა არ დასჭირვებია, ვიღაცამ მაშინვე წაავლო ხელი და ღონივრად მოქაჩა. მის წინ ისეთივე ბიჭი იდგა, როგორიც თვითონ იყო, ოღონდ სახე დაჭორფლილი და ქოთანივით მრგვალი ჰქონდა.

- სად მიიპარები, შე წრუწუნა შენა!

- ხელი გამიშვი!

- პუპუზ, გეო, კურკა! - გასძახა ჭორფლიანმა მეგობრებს.

მეგობრებმაც დიდხანს არ დააყოვნეს, ფორანთან შექუჩული ხალხიდან მაშინვე გამოძვრნენ.

ბიჭი შეშინებული აცეცებდა თვალებს, თან ცდილობდა ჭორფლიანს დასხლტომოდა. ვერ ახერხებდა. ამასობაში დანარჩენებიც მოვიდნენ და ალყა შემოარტყეს.

„ნეტავი რა უნდათ ჩემგან - ფიქრობდა ბიჭი, - რა დავაშავე ჩემთვის მივდიოდი...“

- სად მიდიხარ? - ჰკითხა ბიჭს ყველაზე მაღალმა და ყველაზე გამურულმა.

- სკოლაში.

- გესმის, პუპუზ, სკოლაში მიდის ბიჭი.

პუპუზამ ჩანთა გამოჰგლიჯა იღლიიდან და ქვაფენილზე დაანარცხა. ბიჭი ჩანთის ასაღებად დაიხარა. ძირს დახრა და ბიჭების პანჩური ერთი იყო. მგონი, ოთხივემ ერთად ამოსცხო. ბიჭი ქვაფენილზე წაიქცა პირქვე და მტვერში ამოიგანგლა. ვიდრე ბიჭები იცინოდნენ, ჩანთას სწრაფად დაავლო ხელი, წამოდგა და მოჰკურცხლა. ბიჭები ყვირილით დაედევნენ.

„თუ დამეწიენ, ცემით მომკლავენ“, - ფიქრობდა გაქცეული. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა. ბოლოს იგრძნო, ბიჭები აღარ მისდევდნენ, მაგრამ ისეთი ქანი ჰქონდა აღებული, უცებ ვერ შეჩერდებოდა. თანდათან უკლო სირბილს. უკან მიიხედა, ბიჭები აღარსად ჩანდნენ.

დაღლილი, გულამომჯდარი იქვე ფილაქანზე ჩამოჯდა და მუჭით ცრემლი მოიწმინდა. დღესაც ვეღარ წავიდოდა სკოლაში. მუქარით გახედა ქუჩას, მუშტი მოუღირა, წამოდგა და მტკვრისკენ გაუხვია.

თუ ბიჭები სკოლაში არ გაუშვებდნენ, მთელ დღეს მტკვრის პირას, რიყეზე, ატარებდა. ხან ბანაობდა, ხან მზის გულზე იწვა და ნებივრობდა, შინ წასვლის დრო რომ მოაღწევდა, ჩაიცვამდა ტანსაცმელს და შინისაკენ მოუსვამდა.

ახლაც ასე დააპირა, ვიწრო და დამრეცი ქუჩით მტკვრისაკენ ჩაუხვია.

ეზოდან ვეებერთელა, კუდამოძუებული ნაგაზი გამოვარდა. რამდენიმე გაწიწმატებული ფინია ყეფით მოსდევდა. ბიჭმა ძაღლი იცნო, თან გაუკვირდა: ამხელა ნაგაზს ეს ჯუჯა ძაღლები როგორ მოერივნენ? მაინც დაავლო ქვას ხელი და ფინიას შეუტია. ფინიები მაშინვე შეცვივდნენ ეზოში წკმუტუნ-წკმუტუნით, მერმე ჭიშკრიდან გამოყვეს თავები და, საკუთარ ეზოში ყოფნით შეგულიანებულებმა, ყეფა დაიწყეს.

ნაგაზი ქუჩის გაღმა, ფილაქანზე დაჯდა, დაბნეული და შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით.

ბიჭი ეზოს გასცილდა თუ არა, ფინიები მაშინვე გამოუცვივდნენ ნაგაზს და ყეფით დაედევნენ. ნაგაზმა ისევ ამოიძუა კუდი და გაიქცა. ბიჭმა ახლაც დაავლო ქვებს ხელი და გაანჩხლებულ ფინიებს დაუშინა.

დამრეცი ქუჩით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი მტკვარზე. წინ შეშინებული ნაგაზი გარბოდა. უფრო სწორად, გაურბოდა ფინიებს, რომლებიც თითქმის ყოველ ჭიშკართან ვერაგულად იყვნენ ჩასაფრებულები.

ფინიებს თითქოს პირი შეეკრათ ნაგაზის წინააღმდეგ, ერთად ესხმოდნენ თავს, მოსვენებას არ აძლევდნენ.

ბიჭი თავისი ძველი, დაფლეთილი ჩანთით დაერია ძაღლებს და მიფანტ-მოფანტა, ეზოებში შეჰყარა. ფინიებთან ბრძოლით გართულს, ვიღაც ახმახი გამოუვარდა, კეფაში წამოჰკრა და გინებით გააგდო. ერთი ლაზათიანი პანღურიც დაუპირა, მაგრამ ფეხი ვეღარ მიუწვდინა, ბიჭი გაექცა.

გზაჯვარედინზე ისევ ნაგაზი დახვდა, ჩაცუცქული თითქოს ბიჭს ელოდებოდა.

- შენი გულისთვის კეფაში მომხვდა, - უთხრა ბიჭმა და ძაღლს მიუახლოვდა. ძაღლი სწრაფად წამოხტა და ზურგზე ბეწვაშლილი გაშორდა, ათიოდე ნაბიჯზე გაჩერდა და ბიჭს დაუწყო ყურება.

- რას გამირბი, - უთხრა ბიჭმა, - მე არ გერჩი... პირიქით, მეცოდები... ამხელა ხარ და ფინიებმა დაგჩაგრეს.

ნაგაზი თვალებში მისჩერებოდა ბიჭს და არ ინძრეოდა. ბიჭმა ორიოდე ნაბიჯი გადადგა ძაღლისაკენ. ძაღლმა უკან დაიხია...

„აი სულელი, - გაიფიქრა, - მე - შენკენ, შენ - ეშმაკებისაკენ... სულელო, მე ხომ შენ გეხმარებოდი? შენი გულისთვის მომხვდა კიდეც“. მერმე ხმამაღლა ჰკითხა:

- გშია? - ჩანთა გახსნა და პურის ნატეხი ამოიღო, - თუ გინდა, გაჭმევ, ნახევარი - შენ, ნახევარი - მე.

ძაღლმა პური თვალის დახამხამებაში შთანთქა. ფილაქანი, სადაც პურის ნატეხი დაუგდო ბიჭმა, ისევ დაყნოსა - ნამცეცი რამე ხომ არ დამრჩაო. მერმე ბიჭს მიაშტერდა, ოღონდ ახლა ხელებში შესცქეროდა.

- გეყოფა, - უთხრა ბიჭმა, - მეტს ვეღარ მოგცემ. დანარჩენი მე უნდა ვჭამო.

ბიჭი თავისი გზით წავიდა, ვიდრე რიყეზე ჩავიდოდა, ერთხელაც მიხედა ნაგაზს.

ძაღლი უკანა თათებზე იჯდა და მთელი გულისყური ბიჭისკენ ჰქონდა მოპყრობილი. ბიჭმა უცებ ბადიანი კაცი დაინახა. კაცი ფრთხილად ეპარებოდა ძაღლს, თან რკინის სალტიანი ბადე ჰქონდა მომარჯვებული. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ და ნაგაზი, ალბათ, ბადეში გაეხვეოდა.

ბიჭმა შეჰყვირა. ძაღლი არ განძრეულა. ბიჭი გრძნობდა, წამითაც რომ დაეგვიანებინა, ნაგაზს დაიჭერდნენ. მაშინვე პურის ნატეხი დაუგდო წინ, ათიოდე ნაბიჯზე. ძაღლი წამოხტა. რკინის სალტიანმა ბადემ ჰაერში გაიშხუილა. როგორც ჩანს, ძაღლმა ფათერაკი იგრძნო, სწრაფად გაიჭრა წინ წკმუტუნით, სალტე ზურგში მოხვდა და მერმე ფილაქანზე დაეცა ხმაურით.

ბიჭი და ძაღლი სირბილით დაეშვნენ რიძეზე. კაცმა ბადეს დაავლო ხელი და გინებით გამოუდგა გაქცეულებს.

ეს კაცი პირველად არ ენახა ბიჭს. მასაც იცნობდა და მის ფორანსაც, რომელზეც დიდი გალია ჰქონდა დადგმული. კაცი ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ქალაქის მაწანწალა, უპატრონო ძაღლებს იჭერდა. ახლაც მოინდომა ნაგაზის დაჭერა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ბიჭმა და ძაღლმა რიყე გაირბინეს და მტკვრის ნაპირზე გავიდნენ.

- საძაგელი კაცია, - უთხრა ბიჭმა ძაღლს, - მაგას უნდა ერიდო. ბადე თუ დაგაფარა, გათავდა, ვეღარ გაექცევი.

მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგნენ. ბიჭს სადღაც წიგნში დახატული ენახა ნავსადგური და გაღმა მხარე მუდამ იმ სურათს აგონებდა. ქვაზე ჩამოჯდებოდა და, ვიდრე ბანაობას დაიწყებდა, დიდხანს გასცქეროდა წისქვილებს.

 

II

 

ბიჭმა ჩანთა რიყეზე მოისროლა და ტანისამოსის გახდა დაიწყო.

- არც შენ უნდა იყო კეთილი სული, - უთხრა ძაღლს, - ახლოს არ მოდიხარ, არ მეკარები. მე რომ არ შეგხვედროდი, ეს დღე სხვანაირად დაგიღამდებოდა.

ბიჭმა ტანზე გაიძრო და წყალში შევიდა.

- ეჰე, წყალი, ცივი ყოფილა, თქვა და ხელები დაისველა. მხრები და მკერდი დაიზილა წყლით, - თუ გინდა შენც იბანავე, - მიუბრუნდა მერმე ძაღლს.

ბიჭი ჩქერში შევიდა და დინებას ცურვით დაჰყვა. ასე ჩაუარა წისქვილებს, მტკვარზე გადმომდგარ ხის აივნიან სახლებს. აივნიდან წაბლისფერნაწნავებიანმა გოგომ დაუქნია ხელი და გაუცინა. გუშინაც ასე მოხდა. ბიჭს არ ეგონა, თუ დღესაც აქ იქნებოდა გოგო. უფრო სწორად, აღარ ახსოვდა, გადაავიწყდა და ახლა რომ დაინახა, გაახსენდა, გუშინაც აქ იდგა და ასევე უქნევდა ხელს.

თვითონაც დაუქნია ხელი გოგოს. მერმე, რომ ეჩვენებინა, თუ რა მაგრად ცურავდა, ამოტრიალდა, ფეხები ჰაერში აიქნია და თევზივით გაუჩინარდა წყალში. როდესაც ამოყურყუმალავდა, აივანი უკვე შორს იყო და ნაწნავებიანი გოგო გარკვევით აღარ ჩანდა.

0ხ01 გრაპჰიც

ბიჭმა ნაპირისაკენ მოუსვა და ახლაღა დაინახა ნაგაზი. თურმე ნაპირ-ნაპირ მოსდევდა. ნაპირზე ამოვიდა, ძაღლს გაუღიმა.

- ცურვა აღარ შეიძლება, ყინულივით ცივი წყალია, - ბიჭს უნდოდა ნაგაზისათვის თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ ძაღლმა არ მიიკარა, განზე გაუხტა, - არ მენდობი? კარგი, ასე იყოს... ისე კი, იცოდე, მე უფრო სანდო ვარ, ვიდრე შენა გგონია.

ბიჭს ტანზე ხორკლები დააყარა, სხეული გაულურჯდა.

- წამოდი გავიქცეთ, - უთხრა ძაღლს და ადგილიდან მოწყდა.

ძაღლი სირბილით დაედევნა. ბიჭს გაღმა უნდოდა გახედვა, ნეტავი ისევ თუ დგასო აივანზე ნაწნავებიანი გოგო, მაგრამ თვალი რიყეზე მომავალმა ბიჭებმა მოსტაცეს. იცნო, ვინც იყვნან. გული შიშისაგან გადაუქანდა.

მეტოქეები ნაპირზე დაყრილ ტანისამოსისაკენ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ. რაღა თქმა უნდოდა, ტანისამოსს წაიღებდნენ ან მტკვარში გადაუძახებდნენ.

ბიჭი ჯერ შეჩერდა, ერთ ადგილზე გაშეშდა, მერმე სიცივისაგან თუ შიშისაგან აკანკალებულმა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი. გარკვევით ხედავდა, როგორ უახლოვდებოდნენ რიყეზე დაყრილ ტანისამოსს ბიჭები. ჭორფლიანმა ფეხი წამოჰკრა ჩანთას. ცოტა დააკლდა, ჩანთამ კინაღამ წყალში მოადინა ტყაპანი. ახლა ტანისამოსი მოისროლეს განზე.

ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ყვირილით გაქანდა, მაგრამ მეტოქეებთან ახლო მისვლა მაინც ვერ გაბედა, შორიდან დაუყვირა:

- ხელი არ ახლოთ, ჩემია.

- შენიაა? მერე რაა, რომ შენია... - გაეპასუხა პუპუზა.

- გინდა წყალში გადაგიყაროთ? - შეეკითხა ყველაზე მაღალი.

ბიჭი სწრაფად გაიქცა წინ, თავის ტანისამოსს ხელი დასტაცა, მერმე ჩანთისაკენ დაიხარა. ბიჭმა ჩანთის აღება ვერ მოასწრო, ოთხივე ერთად დაესხა თავს. წააქციეს, ტანისამოსი ხელიდან გამოგლიჯეს.

ძაღლის ღრენამ გამოარკვია ბიჭები. შემკრთალნი უცებ მობრუნდნენ. მათ წინ ვეებერთელა მურა ნაგაზი იჯდა და იღრინებოდა. ბიჭებს ფითრმა გადაჰკრა სახეზე. შეშინებული ერთმანეთს მიეკრვნენ და ცივად გაუშვეს ტანისამოსს ხელი. ნაგაზი იღრინებოდა.

წაქცეული, შეცივებული ბიჭი წამოდგა, მაშინვე წაჰყო შარვალში ფეხები და ხალათი გადაიცვა. გაბრწყინებული, თითქოს შიგნიდან განათებული თვალებით შესცქეროდა ძაღლს, რიყის ქვებშორის მონახა ფეხსაცმელები და ბიჭებს მიუბრუნდა:

- ახლა?

ბიჭები არ იძროდნენ, სარგადაყლაპულებივით იდგნენ, შიშითა და ძრწოლვით უმზერდნენ აღრენილ ნაგაზს. მეტოქეებმა ბიჭს გადახედეს უსაზღვრო მოკრძალებით, რომელშიც ვედრებისა თუ მუდარის საკმაოდ დიდი წილი ერია, მაგრამ ბიჭი შურისძიებაზე არ ფიქრობდა, ის კმაყოფილი იყო იმითაც, რომ ტანისამოსი დაიბრუნა. თანაც იგრძნო, თუ ნაგაზი გვერდით ეყოლებოდა, ეს ღონიერი და მოჩხუბარი ბიჭები ვერაფერს დააკლებდნენ.

- წავიდეთ, - უთხრა ძაღლს.

ნაგაზი მორჩილად გაჰყვა.

ბიჭს უკან არ მოუხედავს, ისე გაიარა რიყე. არ იცოდა, მეტოქეებიც წამოვიდნენ, თუ იქვე დარჩნენ. თუმცა ახლა მისთვის სულერთი იყო, ვერც უკანიდან მოპარვით, ვერც წინ დახვედრით ვერაფერს დააკლებდნენ მტრები. ამიტომ მოდიოდა ასე ამაყად. ხანდახან ნაგაზს გადახედავდა. დიდი შავი თვალებიდან შუქივით იღვრებოდა მადლიერება.

ასე გაიარეს ვიწრო ქუჩა. ეზოს ფინიებმა დაუპირეს თავდასხმა, მაგრამ ნაგაზი ის აღარ იყო, რაც წეღან ნახა. მძიმედ მოძუნძულებდა ბიჭის გვერდით, ფინიებს ღრენით იცილებდა. ერთს კინაღამ პირი წაატანა. უნდა გენახათ, როგორი წკავწკავით გავარდა საწყალი ფინია და ეზოს შეეფარა.

ბიჭი თავის სახლს რომ მიუახლოვდა, დაფიქრდა. „ახლა რა ვუყო ამ ძაღლს? შინ ვერ მივიყვან, ვერც აქ დავტოვებ. გარეთ რომ დავტოვო, დაიკარგება“. ბიჭი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, რა ექნა, რა მოეხერხებინა ძაღლისათვის.

- ახლა რა გიყო, - მოუბრუნდა ბიჭი ძაღლს, - ეზოში რომ შეგიყვანო, მეზობლები გაგიჟდებიან. მაინც რამხელა ხარ, შე ოხერო, ცოტა პატარა რომ იყო, კიდევ მესმის, ამოდენა სად მიგიყვანო?

ნაგაზმა ნაღვლიანი თვალებით ახედა ბიჭს, მერმე თავი დახარა და ძუნძულით წაჰყვა. ჭიშკართან შეჩერდნენ. ბიჭმა ეზოში შეიჭყიტა. მეზობლის მოხუც ქალს ონკანი მოეშვა და სარეცხს წყალში ავლებდა. ჭრელი კატა დაბალი აივნის მოაჯირზე ნებივრად თვლემდა.

ეზო პატარა და მყუდრო იყო, რიყის ქვით მოკირწყლული, შუშაბანდებითა და აივნებით შემოზღუდული. მეზობლები ნახევარ ცხოვრებას ეზოში ატარებდნენ, აქ ჭორავდნენ და ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, აქ თამაშობდნენ ნარდს და ისვენებდნენ.

ბიჭი გრძნობდა, ნაგაზის მოყვანა მეზობლებს ააფორიაქებდა. ეს რამდენიმე ხანი ეზოში სიმშვიდე იყო ჩამოვარდნილი და ამდენ სიმშვიდესა და მყუდროებას ვეღარ გაუძლებდნენ. ნამდვილად აჯანყდებოდნენ, გადმოდგებოდნენ აივანზე და ატყდებოდა ერთი აყალმაყალი.

„პატარა მაინც იყოს, - გაიმეორა ფიქრში ბიჭმა, - უბეში დაგმალავდი და ისე შეგიყვანდი“.

ძაღლმაც შეიხედა ეზოში და იქაურობა მიმოათვალიერა. ბიჭის ფეხებთან დაწვა, წინა თათები გადააჯვარედინა და ზედ თავი ჩამოდო.

- არ მოგეწონა? - შეეკითხა ბიჭი, ეზო მაინც იყოს დიდი... აქ მომიცადე, ერთს მივიხედ-მოვიხედავ და დავბრუნდები.

ბიჭი ეზოში შევიდა. ნაგაზი მაშინვე წამოდგა და შეჰყვა.

- ერიჰაა! - წამოიძახა ბიჭმა, - ასე არაფერი გამოვა... კუდში სადამდე უნდა მდიო? - მერმე დაფიქრდა და უთხრა, - იცი რა, იქნებ უკეთესია დავშორდეთ, შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით წავალ. შენი დიდი მადლობელი ვარ... არც შენ უნდა იყო ჩემით უკმაყოფილო.

 

III

 

ნაგაზი ადგილიდან არ იძვროდა. ბიჭის მოძრაობას უყურებდა. ბიჭი წავიდოდა, თვითონაც გაჰყვებოდა, დადგებოდა ბიჭი - ძაღლიც გაჩერდებოდა.

ეზოში ძია თედო შემოვიდა, ბუზღუნა ბერიკაცი. ქათმებსა და კატებს ვერ იტანდა, სულ ეჩხუბებოდა მეზობლებს, ეზოს სვრიან და აბინძურებენო. მეზობლებთან ჩხუბს არ ყაბულობდა, სადღაც დადიოდა, განცხადებებს წერდა, უჩიოდა.

ბიჭმა დაინახა ძია თედო და აიწურა.

- ვინ მოათრია ნაგაზი? - შემოსვლისთანავე იკითხა ბერიკაცმა.

- რა ვიცი შემომყვა.

- გასწი აქედან, შე სამგლე, შენა, - ბერიკაცმა ნაგაზს ჯოხი მოუქნია და ქუჩაში გააგდო. ბიჭმა ქუჩისაკენ გახედვა ვერც კი გაბედა. უკანმიუხედავად გადასჭრა ეზო და შუშაბანდის კარი შეაღო.

ჩანთა შუშაბანდშივე მიაგდო ტახტზე და ოთახში შეიჭვრიტა.

- მოხვედი შვილო? - შეეკითხა დედა.

- ჰო, მოვედი.

- რატომ დაგაგვიანდა?

- რა ვიცი, ნელა მოვდიოდი.

- დაჯექი ისადილე.

ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა. ფარდა გადასწია და ცალი თვალი ჭიშკრისკენ გააპარა. ძაღლი არსად ჩანდა.

„ალბათ, წავიდა, - გაიფიქრა, - წავიდოდა, მა რას იზამდა...“ თან გული დასწყდა, ქუჩაში რომ მიატოვა გზააბნეული, უპატრონო ძაღლი.

დედამ საჭმელი გამოუტანა შვილს და წინ დაულაგა.

- აკი ნელა მოვდიოდიო? თმა სულ სველი გაქვს... გირბენია.

- ცოტა ვირბინე.

ბიჭი უხალისოდ შეუდგა ჭამას.

„ახლა ფინიები ისევ დაჩაგრავენ... ეგ არაფერი, იმ ქოფაკმა თუ დაიჭირა და გალიაში ჩაამწყვდია, მაშინ ნახე... მაინც რამხელაა!.. ძალიან დიდია!“ ბიჭმა ისევ გააპარა მზერა ჭიშკრისაკენ. რამდენიმე ეტლმა ჩაიქროლა, ფორნებმაც ჩაიხრიგინეს... ხალხი მიდი-მოდიოდა.

მურა ნაგაზი აღარსად ჩანდა.

ბიჭს ლუკმა აღარ გადასდიოდა ყელში. ცხელი კერძის წვენი მიაშველა, მაინც ვერ გადაიტანა ლუკმა.

- რა მოგივიდა, ცუდად ხომ არა ხარ? - ჰკითხა დედამ.

- არა.

- დაღლილი ჩანხარ... საჭმელს ვეღარ ერევი.

„ნეტავი არ გამეშვა. სარდაფში დავამწყვდევდი და მეყოლებოდა... სად უნდა იხეტიალოს იმ საწყალმა.“ ბიჭმა მოათავა სადილი. პურის ნატეხი ჯიბისკენ გააცურა და გარეთ გავარდა. ჭიშკრისაკენ აიღო გეზი.

ნაგაზი ჭიშკართან იწვა, გადაჯვარედინებულ თათებზე თავი ჩამოედო და ქუჩას მოწყენილი გასცქეროდა. ბიჭის გამოჩენისთანავე წამოხტა. თვალები აუნაპერწკლიანდა და კუდის ქნევას მოჰყვა. ბიჭმა ჯიბიდან პურის ნაჭერი ამოაცოცა.

- გშია, შე საწყალო, ეს ციცქნა პური რას გიშველის?!

ბიჭი არ შემცდარა. თუმცა მაინც არ ეგონა, თუ ასეთ აყალმაყალს გამოიწვევდა ძაღლის შემოძვანა ეზოში.

ეზოს მყუდროება დაირღვა.

ყველა დაჟინებით მოითხოვდა ძაღლის გაძევებას. მიზეზი ერთი ჰქონდათ - ეზო პატარაა, ჩვენც ძლივს ვეტევითო...

ამოდენა ნაგაზი აქ თუ შემოიძვანეთ, ჩვენ უნდა გავსახლდეთო...

მაგრამ ბიჭმა ნაგაზი თავის სარდაფში შეამწყვდია და კარი გარედან ჩაუკეტა - რაზას ბოქლომი დაადო. ეზო მაინც არ ცხრებოდა, ყაყანებდა, ზრიალებდა, გაცხარებული იქნევდა ხელებს, ისევ ძაძანებდა. ასე გაგრძელდა დაღამებამდე.

დედის მუდარამაც არ გასჭრა. ბიჭი ჯიუტად იმეორებდა ერთი და იგივეს:

- ძაღლი ჩემია... ჩემი ძაღლი არავის შეაწუხებს... მე მოვუვლი.

ნაგაზი თითქოს გრძნობდა, რომ ეს აურზაური მის გამო იყო ატეხილი, სარდაფიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ შეშინებული თავისთვის იწვა ძველ ჩვრებზე და ხმას არ იღებდა. საღამოს ბიჭმა მოაკითხა. ჯამით სალაფავი დაუდგა და კმაყოფილი დასცქეროდა.

- რა გქვია? - ისე ჰკითხა, თითქოს ძაღლს პასუხის გაცემა შეეძლო, - შეიძლება ყურშა გქვია, ან მურა, ყურები წაუჭრიათ და უფრო მურა გერქმევა. მურა... არა უშავს, კარგი სახელია, შეგეფერება. თანაც მურა ხარ, ცხვირ-პირიც გამურულივითა გაქვს.

ნაგაზს ბიჭის ლაპარაკისთვის არ ეცალა, გამწარებული თქვლეფდა სალაფავს.

- მამაშენსაც მურა ერქმეოდა, პაპაშენსაც... თქვენ ყველანი მურიები იქნებოდით... ასე ხდება ხანდახან... პაპაჩემსაც გიორგი ერქვა, მამაჩემსაც... მე ჯერ გია მქვია... გავიზრდები და მეც გიორგი მერქმევა... შენ კი ნამდვილი მურა ხარ, პირწავარდნილი მურა... ახლა ღამე მშვიდობისა... წავედი... ხმა არ გამაგონო, ხომ ნახე, შენი გულისთვის რა ამბავი ატყდა...

მეორე დღეს, სკოლაში წასვლისას, გამოიყვანა ნაგაზი და გზას გაუდგა...

ქუჩაში მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც გვერდით მურა ნაგაზი მიჰყვებოდა. ქუჩის კუთხეში ისევ დახვდნენ ოთხნი, მაგრამ იმ ოთხთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა გზის გადაღობვა.

ბიჭმა მათ წინ ჩაუარა. ზედაც არ შეუხედავს, ისე ჩაუარა, თითქოს იქ არც მდგარიყვნან, იქ კი არა, თითქოს ქვეყანაზე არც არსებობდნენ.

ბიჭებმა ბოღმით სავსე შურიანი თვალები გააყოლეს მიმავალს, ვერაფერი უთხრეს, ანდა რა უნდა ეთქვათ, როცა ასეთი ნაგაზი მოჰყვებოდა გვერდით.

ძაღლი სკოლის ეზოში უცდიდა ბიჭს. ბიჭი ყოველ დასვენებაზე ჩამორბოდა დაბლა ძაღლის სანახავად, დიდ დასვენებაზე თავის ულუფას ჩამოუტანდა, შუაზე ყოფდა, ნახევარს ნაგაზს აჭმევდა, ნახევარს კი თვითონ მიირთმევდა.

ასე გავიდა რამდენიმე დღე...

ერთხელ, დიდ დასვენებაზე, ეზოში ჩამოირბინა ბიჭმა, ძაღლი, სადაც ეგულებოდა, იქ აღარ დახვდა. ეზოს ყველა კუნჭული დაირბინა, მაინც ვერ მონახა, ვიღაცამ უთხრა: მეეზოვემ თუ სკოლის დარაჯმა გააგდოო.

ბიჭი ქუჩაში გავარდა. ნაგაზი იქვე იჯდა შემკრთალი, თვალებს ფეთიანივით აცეცებდა...

- აბა, რა გიყო, - უთხრა ბიჭმა, - არსად არ გაჩერებენ... ჯერ ეს შეჭამე და მერე მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, - პური შუაზე გატეხა და ნახევარი ძაღლს გადაუგდო.

ორივენი მადიანად შეექცეოდნენ თავთავიანთ ულუფას.

- ისევ შინ უნდა წაგიყვანო... გარეთ ვერ დაგტოვებ... ან დაიკარგები, ან ვინმე დაგიჭერს... აქ მომიცადე, ჩანთას ჩამოვიტან... ხვალ რა თქმა უნდა, სკოლიდან გაპარვისთვის მომხვდება, მაგრამ რა ვქნა, გარეთ ვერ დაგტოვებ.

ბიჭი და ძაღლი ისევ ერთად გაუდგნენ გზას შინისაკენ.

- დედამ მითხრა შენზე მწყემსებისა იქნებაო. ალბათ ცხვრის ფარამ გაიარა ქალაქში და მაგ საწყალს გზა დაებნაო... ისე, ქალაქში რომ არ გიცხოვრია, გეტყობა... დაფეთებული დადიხარ, თანაც არავინ არ გიცნობს...

ძაღლი ძუნძულით მიჰყვებოდა ახლად შეძენილ პატრონს. სახე ადამიანივით ფიქრიანი და დაღვრემილი ჰქონდა. თითქოს ბიჭის ნათქვამმა იალაღებზე გაშლილი ცხვრის ფარა გაახსენა და ნაღველი მოერია.

ვინ იცის, იქნებ უცხო ქალაქში ასე უპატრონოდ დარჩენილს, მართლა აგონდებოდა მთები. მართლა დარდობდა, წუხდა და ამ პატარა, შავგვრემანი ბიჭის გარდა ვერვინ გაუგო, არავინ გაიზიარა მისი ძაღლური სევდა.

 

IV

 

კარგა ხანს უხმოდ იარეს. ბიჭს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ არ უთხრა, დუმილი არჩია. ისე კი სათქმელი ბევრი ჰქონდა. თუნდაც ის ამბავი, ოთხი ბიჭი რომ ხვდებოდა თითქმის ყოველდღე ქუჩის კუთხეში.

ორი წელი ისე დადიოდა სკოლაში, ზედმეტი სიტყვა არავის გაუცია, წელს კი ეს ბიჭები გამოტყვრნენ საიდანღაც. ჯერ ერთი იყო, აი, ის, ჭორფლიანი, სწორედ ამ კუთხეში შემთხვევით შეეფეთა. ახედ-დახედეს ერთმანეთს. ჭორფლიანს, როგორც ეტყობა, არ მოეწონა და ჰკითხა:

- რა გქვია?

ბიჭმა უპასუხა. მერმე თავის მხრით შეეკითხა:

- შენა?.. შენ რა გქვია?

- გაიარე!

ბიჭს წასვლა უნდოდა და რატომღაც ვერ წავიდა. უფრო იმიტომ, რომ ჭორფლიანის პასუხი გაუკვირდა.

- თუ გინდა, ერთს მიგბერტყავ.

ვერც ეს გაიგო ბიჭმა, რატომ უპირებდა ჭორფლიანი მიბერტყვას და სწორედ იმის გამო, რომ ვერ გაიგო, ერთი წუთის შემდეგ ორივენი ქუჩის მტვერში გორაობდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ, კბენდნენ, ფხაჭნიდნენ კატებივით. ბიჭს ტანისამოსი მტვერში და ჭუჭყში ამოესვარა, შემოეფლითა. ასე ხომ ვერ წავიდოდა სკოლაში, ტირილ-ტირილით დაბრუნდა შინ.

მეორე დღეს ერთის ნაცვლად ოთხი დახვდა.

ეს უნდოდა ეამბნა ნაგაზისათვის და თავი შეიკავა, ასე უცებ ყველაფრის თქმა რა საჭიროაო, სხვა დროსაც მოვესწრებიო. ბიჭს თავისი ფიქრი აწუხებდა, ნაგაზს - თავისი...

ქუჩის კუთხეს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა ოთხივე მეტოქე დალანდა. ისევ იქ იდგნენ, კედელზე აყუდებულნი. მათ ფეხებთან მგლისფერი ძაღლი იწვა, ცხვირწაწვეტებული, ყურებდაცქვეტილი.

მეტოქეებმა თავის მხრიდანაც შენიშნეს სკოლიდან მომავალი ბიჭი და ნაგაზი. რაღაც გადაულაპარკეს ერთმანეთს. ფეხებთან წამოწოლილი მგლისფერი ძაღლი წამოახტუნეს და გზაზე გამომწვევად დადგნენ. ძაღლი დაწოლილი გაცილებით პატარა ჩანდა. ეს იყო ღონიერი, გალაღებული, განებივრებული ნაგაზი. ბიჭს შეეშინდა. შემკრთალმა დახედა თავის ძაღლს, რომელიც თავჩაქინდრული, მოწყენილი მიძუნძულებდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხიფათი ელოდა წინ.

სკოლიდან დაბრუნებულებს ათიოდე ნაბიჯზე გზა გადაუღობეს.

ბიჭმა შიშით უკან დაიხია. მურა ნაგაზმა ჯერ გაკვირვებით მოხედა ბიჭს, შეჩერდა, მერმე წინ გაიხედა. უცებ ბეწვი აეშალა, ჯაგარივით დაუდგა ყალყზე. წინიდან მგლისფერი ძაღლი უახლოვდებოდა ღრენით. ნესტოები აუთრთოლდა, თვითონაც შეუღრინა, თეთრი, ელვარე კბილები გამოაჩინა.

ძაღლებმა ერთმანეთს შემოუარეს, წრე შეკრეს. ფრთხილად დაყნოსეს ერთმანეთი.

ღრენა გაძლიერდა.

მგლისფერმა შეუყეფა და ყელში ეცა. ბიჭმა თვალებზე აიფარა ხელი. მას ესმოდა, როგორ იბრძოდნენ ძაღლები, როგორ ფლეთდნენ ერთმანეთს.

ღრენა...

ყეფა...

ღავღავი...

ისევ ღრენა, ისევ ყეფა...

ბიჭმა თვალები გაახილა, ხელი სახიდან მოიშორა. მტვრის კორიანტელი იდგა და ვერ გაარჩია, რომელი ძაღლი იყო ზევით და რომელი - ქვევით. ერთმანეთში გადახლართულები იბრძოდნენ. გორაობდნენ, კბენდნენ, ერთმანეთს ათრევდნენ.

მეტოქეები თავის ფალავანს აქეზებდნენ, ათასგვარი შეძახილებით ამხნევებდნენ. ერთმანეთში ჩახლართული ძაღლების გარშემო ყიჟინით დარბოდნენ.

სეირის მოყვარული ხალხიც მაშინვე მოგროვილიყო. ყველა მგლისფერ ძაღლს აქეზებდა. მურა ნაგაზი მარტო იბრძოდა.

„ჩემი ჯობნის, - გაიფიქრა წამით ბიჭმა, - ამიტომ აქეზებენ მგლისფერს... ჩემი ჯობნის...“

ბეწვის დიდი გორგალი ტრიალებდა ქუჩის მტვერში, თან უცნაურ, რაღაც განწირულ ხმებს გამოსცემდა, ამ ხმებს სეირის მოყვარულთა ღრიანცელი ერთვოდა.

ქუჩა ბუბუნებდა.

ბიჭი გაფითრებული იდგა. გული ელეოდა, ძლივს სუნთქავდა. მზად იყო ძაღლების შუა ჩავარდნილიყო და გაეშველებინა. მტვერში მურა ნაგაზი ამოიზარდა. ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მტვერი დაცხრა, დაიწმინდა. მგლისფერი მიწაზე ეგდო და არ ინძრეოდა. მურა ნაგაზს ყურში ჩაევლო პირი, წინა თათებით თავსა და მხარზე აწვებოდა.

- გააშველეთ, მოკლავს, - დაიძახა ვიღაცამ.

- გააშველეთ.

- წყალი დაასხით.

- მუკო მოდის!.. ეგ არის ძაღლების უსტაბაში!

- მუკო მოდის.

ბიჭმა შორიდან გალიაშემოდგმული ფორანი დაინახა და მიხვდა, ვინც იყო მუკო. სწრაფად მივარდა ძაღლს.

ძაღლმა შეუღრინა. ბიჭი განზე გახტა. ხალხმა სიცილი დააყარა. ბიჭი მაინც არ მოეშვა ძაღლს.

- გავიქცეთ, - დაუყვირა, - მუკო მოდის და დაგიჭერს.

მურა ნაგაზმა პირი შეუშვა მგლისფერს, მაგრამ თათებით მაინც აწვებოდა და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა.

- ჩქარა! - უყვიროდა ბიჭი, - ჩქარა, მუკო დაგიჭერს! - თან გასაქცევად იწვევდა.

მურა ნაგაზმა ირგვლივ მიმოიხედა. მოყაყანე ხალხი რომ დაინახა, თითქოს გონს მოეგო და შეშინდა კიდეც. მეტოქეს თავი მიანება, გაქცეულ ბიჭს გაეკიდა.

ბიჭი და ძაღლი ქუჩაში მირბოდნენ.

ბიჭმა ბორბლებისა და ცხენის ფლოქვების ხმა გაიგონა. უკან მოიხედა. ქვაფენილზე გახელებული ცხენები მოჰქროდნენ და თან გალიაშემოდგმულ ფორანს მოარახრახებდნენ. კოფოზე მუკო იჰდა. აღვირები მიეშვა და ჰაერში შოლტს იქნევდა.

ბიჭი და ძაღლი შეშინებულნი გარბოდნენ. გარბოდნენ მთელი ძალით. ბიჭი ფლოქვების თქარათქურით გრძნობდა, მუკო უახლოვდებოდათ.

ძაღლმა იგრძნო მოახლოებული საშიშროება, წინ გავარდა. ახლა ბიჭი უკან მისდევდა. დაინახა, როგორ შევარდა ნაგაზი ეზოში და როგორ მოეფარა თვალს.

ფორანი ჭიშკართან წამოეწია. ბიჭს სირბილი აღარ შეეძლო, ჩაიკეცა, წაიქცა. ამოიღლიავებული ჩანთა რამდენიმე ნაბიჯზე გასრიალდა წინ.

ფორანმა რახრახით ჩაუქროლა, მაგრამ იქვე შეჩერდა. ბიჭი მუხლებზე წამოდგა. ფორნიდან ჩამომხტარ მუკოს მიაშტერდა. მუკომ სალტიანი ბადე გადმოიღო და ბიჭისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. ბიჭმა მელოტი თავი, შავი, წვრილი თვალები და დიდი ულვაშები დაინახა. ულვაშები, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა, უსაშველოდ იზრდებოდა.

- ვისია ეგ ძაღლი? - ჰკითხა მოსვლისთანავე მუკომ.

ბიჭმა არაფერი უპასუხა.

- ჩემია!

- საიდან არის შენი, ვინ მოგცა?

- ჩემია!

- დღეიდან აღარ იქნება შენი!

- ჩემია! ჩემია!..

ბიჭს ცრემლი მოაწვა თვალებზე, აღრიალდა. სალტეს ჩაავლო ორივე ხელი და მუკოს ჭიშკარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

- ხელი გაუშვი! - იყვირა მუკომ.

- ჩემია! ჩემია! ჩემია! - ღრიალებდა ბიჭი.

ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ ეზოში. ბიჭი ამ დღეში რომ დაინახეს, მუკოს მივარდნენ. ლანძღვა დაუწყეს. ბიჭი წამოაყენეს. მაგრამ, გაიგეს თუ არა რაშიც იყო საქმე, უკან დაიხიეს.

მეზობლებს შორის ბიჭის დედაც გამოჩნდა. გაოცებული ხან მუკოს შეხედავდა, ხან შვილს, რომელიც ჯერ ისევ ტიროდა, თან ბადის სალტეს ეჯაჯგურებოდა.

- რა მოხდა, რაშია საქმე? - იკითხა ფერშეცვლილმა, შემკრთალმა დედამ. - რა მოგივიდა, შვილო?

- ვისია ძაღლი? - მშვიდად იკითხა მუკომ.

- არ ვიცი, - უპასუხა დედამ, თან შვილის თავი მკერდზე მიიკრა, - ჩემმა ბიჭმა მოიყვანა.

- ძაღლი უპატრონო ყოფილა, - თქვა მუკომ.

- ალბათ უპატრონოა, - უპასუხა დედამ.

- ჩემია, ძაღლი ჩემია!

- ნომერი აქვს? - მშვიდად მიუბრუნდა მუკო ბიჭს, თანაც იერი გადაჰკრავდა ისეთი კაცისა, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის.

- რა ნომერი? - გაოცდა ბიჭი. ცრემლი მტვრიანი მუჭით მოიწმინდა და სახეზე ტალახის ზოლები დააჩნდა.

- უპატრონოა და ნომერი საიდან ექნება! - თქვა მეზობელთაგან ვიღაცამ.

- რა თქმა უნდა, უპატრონოა! - დაუდასტურა მეორემ.

- ნომერი არ ჰქონია... - ერთი წუთით ჩაფიქრდა მუკო, - ძაღლი უნდა წავიყვანო.

- რა ნომერი? - ისევ იკითხა ბიჭმა.

- უნომრო ძაღლებს ქალაქში არ ვაჩერებთ... - მუკომ ეზოში შესვლა დააპირა, მაგრამ ბიჭი დედას დაუსხლტა და მუკოს აეფარა.

- ხვალვე ვუყიდი ნომერს, ძია... ძაღლი ჩემია.

- ნომერი არ იყიდება!

- მაშ, ვუშოვი.. ნუ წაიყვან, ძია, შენი ჭირიმე.

- ძაღლი ჩემი შვილისაა, დღეიდან ჩემი შვილისაა!.. - გულმა ვეღარ გაუძლო ბიჭის დედას და მუკოს შეუტია, - ახლავე წადი აქედან!

- თუ ნომერი არ ექნება წავიყვან... მაინც დავიჭერ. დღეს არა, ხვალ დავიჭერ! - მუკო ბუზღუნ-ბუზღუნით გაეშურა ფორნისაკენ.

 

V

 

მეზობლები უხმოდ დაიშალნენ. ეტყობოდათ, უკმაყოფილონი იყვნენ, საქმე რომ ასე დამთავრდა. ეს უკმაყოფილება ოთახებამდე ვეღარ მიიტანეს, აივნებზევე აყაყანდნენ. ზევიდან დამნაშავესავით დასცქეროდნენ ნაგაზს, რომელიც შეშინებული და მოკუნტული სარდაფის კართან იწვა. ძაღლმა ნამდვილად იგრძნო, რომ ეს აურზაური მის გამო იყო ატეხილი და ამიტომაც მიიკუნჭა ქვაფენილზე, დამნაშავის თვალებით უყურებდა ადამიანებს.

ბიჭი ნაგაზთან მივიდა და დახედა. ახლაღა შეამჩნია - დრუნჩი და კისერი მთლად გასისხლიანებული ჰქონდა. ჩაიკუზა და თავზე ხელი გადაუსვა. ძაღლი გაინაბა, თვალები მილულა, ზურგზე ბეწვი აღარ აჯაგრვია, არც დაუღრენია.

- ნუ გეშინია, - უთხრა ბიჭმა, - ხვალიდან ნომერი გექნება და ხელს ვერავინ გახლებს... იცი რა არის ნომერი? არა? არც მე ვიცი. არა უშავს, დედას ეცოდინება და ის გვაშოვნინებს.

ბიჭს დედამ დაუძახა. ბიჭი შინ დიდხანს არ დაყოვნებულა, საჭმელი გამოუტანა ნაგაზს და სარდაფის კარი გაუღო. სალაფავი ძაღლს დაუდგა, თვითონ ძველ კასრზე ჩამოჯდა.

- ჭამე, - შეახსენებდა ხოლმე ნაგაზს, რომელსაც მაინცდამაინც არ სჭირდებოდა შეხსენება, მაგრა კი იჩხუბე, არ მეგონა, თუ ასეთი ღონიერი იქნებოდი. თუმცა რა, შენ ალბათ მგლებთანაც გიჩხუბია... ისიც მაგარი იყო... კარგად გაგიძლო.

- ერთი ვნახოთ, ხვალ როგორ დაგვხვდებიან ბიჭები... შეიძლება ორი ძაღლი მოიყვანონ. შენ ისეთი ხარ, ორსაც მოერევი და სამსაც... ძალიან ღონიერი ხარ. ნახე, მეც ვიქნები ღონიერი... ძალიან მინდა ღონიერი ვიყო.

ძაღლმა ჯამი მოასუფთავა და თავის ფალას-ფულასზე მიწვა. ეტყობოდა, დაღლილი იყო, ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა.

- იცი რა, ჩვენ კიდევ წავიდეთ საბანაოდ... რასაკვირველია, თუ არ აცივდა... გინდაც აცივდეს, მაინც წავიდეთ. იქ, გაღმა, აივანზე ნაწნავებიანი გოგო დგას ხოლმე. მე როცა ცურვით ჩავუვლი, ხელს მიქნევს, თუ წყალი ცივი იქნება, რიყიდან დავუქნიოთ ხელი... დაგვინახავს. გამოღმიდან ვანიშნებ, ის ბიჭი ვარ, ცურვით რომ ჩამოვივლიდი-მეთქი. გოგო მიხვდება, ვინცა ვარ და კიდევ დამიქნევს ხელს, შეიძლება გაიცინოს კიდეც... მაგრამ სიცილს ნაპირიდან ვერ გავიგონებთ, შორს ვიქნებით.

ბიჭს ისევ დაუძახა დედამ.

- ახლა დაიძინე, დაღლილი ხარ... საღამოს გინახულებ... იქნებ გავიაროთ კიდეც. მტკვრის პირას გაგატარებ.

ბიჭი მეორე დღეს სკოლაში არ წასულა. მთელი დღე ნომრისთვის სირბილს შეალია. ვინ იფიქრებდა, თუ ასე ძნელი იქნებოდა ნომრის შოვნა. ძაღლი ვეტერინარებმა გასინჯეს - ცოფიანი არ იყოსო. მერე სადღაც სხვაგან გაგზავნეს. იქაც დიდხანს იცადა. ბოლოს უთხრეს: მეზობლების თანხმობა მოგვიტანეო. ბიჭი გაფითრდა, სუნთქვა შეეკრა. ძლივს შეიკავა ცრემლები.

გულმოკლული დაბრუნდა შინ.

დედას შეეცოდა. თვითონვე ჩამოიარა მეზობლები და დიდი ხვეწნის შემდეგ თითქმის ყველა დაითანხმა.

დილაადრიანად გავარდა ბიჭი. თან მეზობლების მიერ ხელმოწერილი ქაღალდი წაიღო. ისევ ლოდინი დასჭირდა. დრო ნელა და დამქანცველად მიდიოდა. კედელთან ატუზული ბიჭი ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს. იდგა, ელოდა, უსასრულოდ ელოდა. მაღალი კაცები მიდიოდნენ... ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, საუბრობდნენ, პაპიროსს აბოლებდნენ. მერე დაიშლებოდნენ, ყველა თავის გზას მონახავდა. ბიჭი კი იდგა ასე ჯიუტად და ელოდა. ქუთუთოები დაუმძიმდა. თვლემა მოერია, თავი კედელს მიადო.

მტკვრის ნაპირი დაესიზმრა: ვითომ ნაგაზი ნაპირზე დატოვა და თვითონ ტალღებში შეცურდა. ტალღები ჩვეულებრივზე დიდი და თბილი იყო. ღონივრად აისროდა ბიჭს ზევით, მერმე დააქანებდა, დაქანებისას სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო, ხანდახან ყიჟინაც კი აღმოხდებოდა.

წისქვილის უზარმაზარი ბორბლები ტრიალებდნენ და ტლაშუნის ნაცვლად საოცრად ტკბილ ბგერებს გამოსცემდნენ. მერმე ტალღებმა ნაცნობ აივნის წინ ჩაატარეს ბიჭი.

მტკვარზე გადმოკიდულ აივანზე არავინ ჩანდა. ცარიელი იყო. უცებ მოაჯირს გადმოეყუდა შავულვაშიანი მელოტი კაცი, რომელსაც შავი, წვრილი თვალები ჰქონდა.

მელოტ კაცს ულვაშები სწრაფად ეზრდებოდა, ნაწნავებივით ჩამოუგრძელდა. ულვაშის ბოლოები უკვე მდინარეს სწვდებოდა, ტალღა ხვდებოდა და აქანავებდა.

ბიჭს შეეშინდა.., სწრაფად მიტრიალდა და ნაპირისაკენ მოუსვა. როგორც იყო, თვალი მოჰკრა ნაპირს, მაგრამ ნაპირზე ძაღლი აღარსად ჩანდა. მთელი ძალით უსვამდა მკლავებს, ტალღიდან ტალღაზე გადადიოდა, მაღლა ასროლილი ნაპირს გახედავდა.

რიყეზე ქვები თითქოს გაზრდილიყვნენ, უზარმაზარ ლოდებად ქცეულიყვნენ.

- ბიჭიკო... ბიჭიკო...

ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა, მის წინ ვიღაცა ქალი იდგა..

- ვის უცდი? - ჰკითხა ქალმა.

ბიჭმა უთხრა, ვისაც უცდიდა.

ათი წუთის შემდეგ იგი უკვე სახლისკენ მირბოდა. გახარებული ისე მიჰქროდა, მიწაზე ფეხს არ აკარებდა. ხელში აბაზისოდენა, ერთგან გახვრეტილი თუნუქის მრგვალი ნაჭერი ეკავა. ეს იყო ნომერი. თუნუქზე აღბეჭდილი იყო გაურკვეველი ასოები და ციფრები.

ეს იყო უფლება. ნაგაზს ნება ჰქონდა დართული ქუჩებში თავისუფლად სიარულისა.

ძაღლი სარდაფში იყო დამწყვდეული. ბიჭი მივიდოდა, თავის ძველ ქამარს კოხტად მოარგებდა კისერზე და ზედ ამ მრგვალ თუნუქს დაჰკიდებდა.

ვერც მუკო, ვერც მეზობელი, ვერც სკოლის დარაჯი, ვერავინ ხელს ვერ ახლებდა ნაგაზს... უცებ გაახსენდა, ასეთი თუნუქი მგლისფერ ნაგაზსაც ეკიდა.

ბიჭი გარბოდა, ეზოს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა, სული მოითქვა. სახე მაინც უღიმოდა. ისე, თავისთვის იღიმებოდა, ქუჩის ბოლოში ოთხი ბიჭი, ოთხი მეტოქე დაინახა. მუშტით დაემუქრა, მაგრამ სახიდან ღიმილი მაინც არ მოშორებია.

ერთი რამ განსაკუთრებით ახარებდა, ქუჩაზე სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა. ყველაფერი დაწყნარდა, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო...

ეზოში შევარდა, იქაც სიმშვიდე დახვდა. მყუდროება...

უცებ, თითქოს კეფაში დაჰკრეს, თვალთ დაუბნელდა.

სარდაფის კარი ღია იყო, კარგად ახსოვდა - დაკეტილი დატოვა, ახლა კი სარდაფის კარი ღია იყო.

ფრთხილად მივიდა, თითქოს ეპარებაო, ღია კარის წინ დადგა. სარდაფიდან სიცარიელემ გამოიხედა, ბნელმა და ნესტიანმა.

ბიჭს მუხლები მოეკვეთა. ქვაფენილზე პირქვე დაეცა და აქვითინდა. მეზობლები აივნებზე გადმოდგნენ. დედა, როგორც ჩანდა, შინ არ იყო, არ გამოჩენილა.

ვიღაც მოვიდა ბიჭთან, წამოაყენა.

სად არის ჩემი ძაღლი? იკითხა ბიჭმა გაბზარული ხმით.

პასუხი არვინ გასცა.

ბიჭი მხარზე ვიღაცის ცივსა და მძიმე ხელს გრძნობდა, არც შეუხედავს, ვისი იყო.

- სად არის ჩემი ძაღლი? - კვლავ იკითხა უმისამართოდ. მზერა აივნებს მიაპყრო. მეზობლები უხმოდ გაბრუნდნენ, არავინ უთხრა, რა იქნა ძაღლი.

ბიჭი ჭიშკრისკენ გაიქცა.

ქუჩაში ოთხი ბიჭი შეეფეთა, ოთხი მეტოქე. მეტოქეები დამცინავად იღიმებოდნენ, მაგრამ ბიჭს რომ შეხედეს, უცებ ნირი წაუხდათ.

- რა იქნა ჩემი ძაღლი? - ახლა იმათ შეეკითხა განრისხებული ბიჭი. ბიჭებმა უკან დაიხიეს.

- რა იქნა?!

- მუკომ წაიყვანა... - ჩურჩულით თქვა ჭორფლიანმა.

- თქვენ მოიყვანდით... თქვენ გაუღებდით კარს.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. მერმე შემკრთალი მზერა ბიჭს მიაპყრეს. ბიჭმა ორ მეტოქეს ხელები მკერდში აძგერა. ორივე კედელს მიეხეთქა და იქვე ჩაიკეცა. მერმე დანარჩენებს მიუბრუნდა, მაგრამ მათ უკვე გაქცევა მოესწროთ. მხდლურად, ლაჩრულად გარბოდნენ დამფრთხალები. ბიჭმა წაქცეულ მეტოქეებს ზიზღით დახედა და გაშორდა.

ბიჭი მარტო მიდიოდა...

მამაკაცური, დიდი ნაბიჯებით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა ხელში თუნუქის მრგვალი ნაჭერი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ