მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 33292 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

177

 მ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:

 საბრალოა, ოდეს ვარდი დაერთვილოს, და-ცა-ეზროს.

 ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,

 და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

 

 178

 ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,

 დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,

 მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;

 და თქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა".

 

 179

 ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;

 მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;

 თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,

 და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!"

 

 180

 ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,

 გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", ამად არ დია ბნდებოდა.

 უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,

 და მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

 

 181

 მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.

 უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.

 თქვის: "საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?

 და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად".

 

 182

 ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,

 ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ ეარა,

 მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.

 და ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

 

 183

 მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,

 თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,

 იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,

 და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

 

 184

 მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,

 გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.

 მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,

 და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

 

 185

 ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;

 თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;

 "ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -

 და ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, თავსა ახლად ვერვინ იშობს".

 

 186

 საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,

 თქვა: "თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?

 ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,

 და მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

 

 187

 თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,

 რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,

 დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,

 და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

 

 188

 უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,

 მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,

 მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!"

 და ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

 

 189

 იტყვის: "ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?

 მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,

 გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?

 და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ".

 

 190

 კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს", და თავსავე ეუბნების:

 "დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,

 უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,

 და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების".

 

 191

 თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;

 მიხვალ, დაგხვდების თინათინ, - ანათებს დღესა მზიანსა, -

 გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?"

 და იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

 

 192

 "ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,

 მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;

 უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.

 და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?"

 

 193

 მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,

 მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია.

 გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,

 და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

 

 194

 მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,

 მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;

 თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,

 და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

 

 195

 თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით- ა,

 ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,

 ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,

 და შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

 

 196

 ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;

 ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;

 თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!

 და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს".

 

 197

 ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.

 ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,

 თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,

 და ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

 

 198

 უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!"

 მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,

 ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,

 და სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ".

 

 199

 ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;

 მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:

 "ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,

 და დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

 

 200

 კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,

 გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,

 სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,

 და ვჰხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

 

 201

 ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,

 მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:

 "მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო", სიტყვანი ვავაქილენით,

 და ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

 

 202

 დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,

 ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,

 თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,

 და თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრით დამნახავითა".

 

 203

 ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია,

 ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,

 მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,

 და დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

 

 204

 ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,

 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -

 თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,

 და ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

 

 205

 ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,

 ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!"

 მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,

 და ასრე სულთქვმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

 

 206

 მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;

 ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით;

 ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა, ვუალლეთ ჩვენ ნებით,

 და მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

 

 207

 ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,

 იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:

 არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,

 და მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

 

 208

 უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;

 ხელი მოჰკიდა, "დადეგო!", ესეცა ჰკადრა კიდ ენით;

 მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,

 და თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

 

 209

 მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,

 ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,

 მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,

 და თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

 

 210

 აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,

 აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად".

 შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

 და ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

 

 211

 აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

 რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.

 კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

 და მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

 

 212

 უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

 მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

 აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,

 და ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

 

 213

 ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

 აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!"

 უჩვენა მისი სადგომი: "მიდითო ნება-ნებასა,

 და ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა".

 

 214

 ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

 ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,

 ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.

 და დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

 

 215

 მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

 "საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

 ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

 და არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

 

 216

 რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

 რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

 მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,

 და ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად".

 

 217

 ავთანდილ იტყვის: "ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?

 რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;

 სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი,

 და მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი".

 

 218

 წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,

 დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი,

 არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.

 და მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

 

 219

 დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,

 კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,

 წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,

 და ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

 

 220

 მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;

 ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,

 მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,

 და მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

 

 221

 რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,

 ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,

 ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

 და იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

 

 222

 ყმამან უთხრა: "დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:

 ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს".

 ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.

 და ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.

 

 223

 იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,

 ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;

 იზახდიან, მოსთქვმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.

 და ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

 

 224

 სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,

 ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,

 მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;

 და შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

 

 225

 ავთანდილს უკვირს: "ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!"

 გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,

 შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,

 და შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

 

 226

 მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.

 ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;

 ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;

 და ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

 

 227

 ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

 ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, "ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?"

 ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;

 და ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

 

 228

 მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,

 შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;

 ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,

 და თქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

 

 229

 აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?

 ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,

 ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, .

 და მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო".

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ