მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 41909 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

420

 დილასა შევჯე, ვუბრძანე: "ჰკარით ბუკსა და ნობასა!"

 სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა.

 ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,

 უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

 

 421

 დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;

 რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია,

 მან მითსრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:

 "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია".

 

 422

 მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,

 მითხრეს : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი,

 ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,

 მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

 

 423

 რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;

 თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;

 ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია;

 შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია".

 

 424

 გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;

 მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:

 არიან ერთობ მუხთალნი, -ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -

 არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!"

 

 425

 ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,

 ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;

 გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,

 არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა".

 

 426

 მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;

 შევსთვალე: "რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;

 სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;

 ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები".

 

 427

 მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,

 თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,

 დავჰვედრე: "სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,

 ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდეს შველანი".

 

 428

 სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.

 კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,

 ებრძანა: "მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,

 რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა".

 

 429

 კვლაცა ეთქვა: "მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,

 მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი".

 მოვახსენე: "დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,

 ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი".

 

 430

 მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;

 კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;

 წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:

 "შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა".

 

 431

 მითხრეს: "მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,

 სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები".

 მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,

 მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

 

 432

 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:

 ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:

 "დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,

 გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

 

 433

 მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.

 თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;

 მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,

 ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.

 

 434

 რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,

 ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;

 კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,

 აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

 

 435

 მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;

 მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;

 კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.

 და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან".

 

 436

 მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:

 "რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;

 აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია,

 თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!"

 

 437

 არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.

 რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!

 მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, გზა თუცა შორია,

 შევსთვალე: "ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია".

 

 438

 მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:

 "რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე".

 ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.

 განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

 

 439

 ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;

 ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,

 ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ვახე".

 მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

 

 440

 ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,

 მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?

 ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.

 აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?"

 

 441

 ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;

 დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;

 რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,

 მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

 

 442

 მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;

 კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;

 ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,

 აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა".

 

 443

 შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;

 თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!

 ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,

 მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია".

 

 444

 რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!

 კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;

 სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,

 შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

 

 445

 შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;

 საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;

 ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.

 მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

 

 446

 ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა.

 მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;

 კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,

 შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

 

 447

 შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,

 კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

 კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,

 ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.

 

 448

 ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;

 ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;

 ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.

 სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

 

 449

 საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:

 "ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:

 მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,

 ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან".

 

 450

 ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,

 რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;

 ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,

 გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

 

 451

 იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;

 ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.

 რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,

 მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.

 

 452

 უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,

 დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;

 ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,

 ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

 

 453

 მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.

 ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;

 ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,

 ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.

 

 454

 ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;

 ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;

 რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,

 ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

 

 455

 გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,

 ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,

 სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,

 არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

 

 456

 რამაზს ვარქვი: "შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,

 აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,

 სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,

 თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?"

 

 457

 რამაზ მითხრა: "აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე,

 ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,

 ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,

 ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!"

 

 458

 მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,

 ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,

 ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,

 საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!

 

 459

 მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;

 კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;

 ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: "იყვენით თქვენ უკრძალავად,

 მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად".

 

 460

 საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.

 უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;

 ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,

 თუ-მცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

 

 461

 ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!

 ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;

 არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არც ორხაულად;

 სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

 

 462

 იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;

 მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:

 ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -

 ატვირთული გავუგზავნე, ამებავსაცა კარგსა სცნობდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ