მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 987 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

I

 

გალუსტა ქალაქელი ვაჭარი იყო. გოგიტა სოფლელი გლეხი.

გალუსტა საქმეების გამო ხშირად დადიოდა სოფელ ცივწყაროში და მთელ კვირაობით რჩებოდა თავისს ნათლიმამა გოგიტას სახლში, გოგიტა კი ქალაქში ერთხელაც არა ყოფილიყო.

- იცი, გალუსტ, - უთხრა ერთხელ გოგიტამ: - როცა ჭირნახულს შევინახავ, მინდა ქალაქში ჩამოვიდე.

- რა გინდა, საქმე გაქვს რამე? - კითხა გალუსტამ.

- არა, ქალაქი მინდა ვნახო; ამხელა კაცი ვარ და არ მინახავს, სირცხვილია, სხვა რომ არა იყოს რა.

- რა სირცხვილია, რომ სოფლელ გლეხს ქალაქი არ გენახოს? თუ საქმე არაფერი გაქვს, ტყუილად ოჯახს რად უნდა მოცდე და ფული დახარჯო?

- დავხარჯო კი არა! რა უნდა დავხარჯო? გზაზე არა დამეხარჯება-რა და იქ კიდევ ხომ შენა მყევხარ, შე კაიკაცო?

გალუსტას არ იამა ნათლიმამის მომავალი სტუმრობა, მაგრამ რას იზამდა, უარს ხომ ვერ ეტყოდა, ჩემთან ნუ მოხვალო, როცა თვითონ ისე ხშირად მოდიოდა იმის სახლში.

- მე?.. ჰო, რატომაც არა? მოდი, გაგიმასპინძლდები! მე მხოლოდ შენთვის გეუბნები, რომ ტყუილად დრო დაგეკარგება, და, რაც უნდა იყოს, ცოტა ფულიც დაგეხარჯება, თორემ მე კიდევაც მიამება შენი მოსვლა.

- არაფერიც არა დამეხარჯება-რა; საგზალს შინიდან წამოვიღებ და სხვა რაღა დამჭირდება?

დავადგები გზას ფეხით და მოვალ, - უპასუხა გოგიტამ.

- შენი ნებაა... მობძანდი და მეც იქ დაგხვდები.

- მაშ დამიწერე, რომელ უბანში და რომელ ქუჩაზეა შენი სახლი, რომ არ დავიბნე და მალე გიპოვნო! - თხოვაგოგიტამ.

გალუსტას შეჭმუხვნილი შუბლი უცებ გაეხსნა და პირზე ღიმილმა შეუთამაშა: ეტყობოდა, რაღაც მოისაზრა.

- ბატონი ხარ, დაგიწერ... - გალუსტამ მართლაც ამოიღო უბის წიგნი, მოხია პატარა ქაღალდი, დაწერა და მიცა გოგიტას, რომელმაც დაკეცა ქაღალდი და გადასცა ცოლს, რომ კარგად შეენახა.

 

II

 

გოგიტამ მალე შეისრულა სურვილი და მორჩა თუ არა საქმეებს, ჩავიდა ქალაქში.

- ძმობილო, ვის დაეძებ? რა დაგკარგვია, რომ ამდენი ხანია დაეხეტები აქეთ-იქით? - კითხა ერთმა ვაჭარმა გოგიტას, როცა დაინახა რამდენჯერმე თავისს დუქნის წინ გავლილ-გამოვლილი.

- გალუსტა თათუზოვის სახლს ვეძებდა მასწავლე, შენი ჭირიმე, - თხოვა გოგიტამ.

- ვის სახლს? - კითხა ვაჭარმა.

- გალუსტ თათუზოვისას.

- არა, ძმავ, ამ უბანში გალუსტ თათუზოვი არავისა ქვია.

- როგორ არა? გალუსტ თათუზოვი... შვილს მინათლავს!..

- შეიძლება, აგრეც იყოს, - გააწყვეტინა ვაჭარმა; - მე ხომ არ გეუბნები, გალუსტ თათუზოვი ქვეყანაზე არ არის-მეთქი; მე ვამბობ მხოლოდ, რომ ამ უბანში არვინ არის მაგ სახელისა და გვარის.

- მაშ, სად იქნება? - იკითხა მღელვარებით გოგიტამ.

- აბა, რა ვიცი! ქალაქი დიდია. თუ სწორე მისამართი არა გაქვს, ძნელია აქ კაცის ნახვა.

- როგორ არა მაქვს? აი, დამიწერა, სადაც ცხოვრობს, - სთქვა გოგიტამ, ამოიღო გალუსტის ნაწერი ქაღალდი და მიცა.

- "ავლაბარი, არარატის ქუჩა, გალუსტ თათუზოვის სახლები", - წაიკითხა ვაჭარმა და სიცილი დაიწყო.

- რა გაცინებს? - კითხა წყენით გოგიტამ.

- ის მაცინებს, რომ სასაცილოდ აუგდიხარ იმ შენს ნათლიას.

- როგორ?!

- ავლაბარში-კი არა, მთელ ქალაქშიაც არ არის არარატის ქუჩა.

- რას ამბობ, კაცო? გალუსტ თათუზოვი შვილს მინათლავს და მაგას როგორ მიზამდა? ალბათ, შენ თვითონ მიგდებ მასხარად! მართალი მითხარი, თუ ძმა ხარ, სოფლის ხამი კაცი ვარ, ტყუილად ნუ მაწვალებ! - დაეღრიჯა გოგიტა.

- ჩემმა მზემ, მართალს გეუბნები. აი, ვისაც გინდა, კითხე!

გოგიტამ ქუჩაზე მომავალი ქართულად მორთული მანდილოსანი დაინახა და მოკრძალებით მივიდა მასთან.

- შენი ჭირიმე, ქალბატონო, მიბრძანე, არარატის ქუჩა რომელსა ქვია? - კითხა გოგიტამ.

სხვა უბნებისა არ ვიცი და აქ, ავლაბარში-კი მაგისთანა ქუჩა არ არის, შვილო - უპასუხა მანდილოსანმა.

- როგორ არ არის, ბატონო? აი, აქ დამიწერა ნათლიამ... - დაიწყო გოგიტამ და აჩვენა ქაღალდი.

მანდილოსანმა დახედა და ღიმილი მოუვიდა.

- მოუტყუებიხარ, შვილო; ალბათ, არა ნდომია შენი სტუმრობა და განგებ დაუწერია, - უთხრა მანდილოსანმა და გაშორდა.

გოგიტა დარჩა ერთ ადგილას გაშტერებული...

 

III

 

"რა მიყო, რა მიყო იმ არამზადამ! წადი ახლა და კაცს ენდე! რამდენი პატივი მიცია და როგორ გადამიხადა? არც მირონი მოიგონა, არც პურმარილი და ისე მომატყუა!..

მაგრამ არა, აქ რაღაც სხვა ამბავი იქნება: იმ ვაჭარმა და ქალმა არ იციან ქუჩების სახელები!" ასე ფიქრობდა ერთერთ ქალაქის ქუჩაში მიმავალი გოგიტა, რომ უეცრად თითქო ნაცნობი ხმა მოესმა.

მოიხედა უკან და სახტად-კი დარჩა: გალუსტა ის იყო გამოეთხოვა ვიღაცას და წამოვიდა მისკენ.

- ო, გალუსტ, შენი ჭირიმე, რა ხანია დაგეძებ და ძლივს არ გიპოვე! - დაავიწყდა გოგიტას ყველაფერი და გახარებულმა ამ სიტყვებით მიაშურა გალუსტას.

გალუსტა შეკრთა, როცა გოგიტა დაინახა, მაგრამ გამოერკვა და წარბები შეიჭმუხნა; ის იყო გოგიტა უნდა მოხვეოდა კიდეც ნათლიას, რომ მოესმა:

- ვა, ვინ გალუსტაო, რას ამბობ, კაცო?

- როგორ თუ ვინ გალუსტაო? გალუსტა არა ხარ, ჩემი შვილის მომნათვლელი? - გაკვირვებითკითხა გოგიტამ.

- არა, ძმავ, მე გალუსტა-კი არა, გასპარა ვარ, ალბათ თვალებმა მოგატყუეს!

- გალუსტ, რას ამბობ? კარგად შემომხედე, ვერა მცნობ შენს ნათლიმამას?

- ვა, გიჟო-ოხერო: გალუსტა-კი არა, გასპარა ვარ მეთქი, გეუბნები, თავი დამანებე! - და გალუსტა-გასპარამაც გაუჩქარა ფეხს.

- მაშ, ძმა იქნები სწორედ გალუსტასი! - არ ეშვებოდა გოგიტა.

- ვა, არ დამეხსნები, კაცო? რას ჩამციებიხარ? არც ძმა ვარ და არც ბიძაშვილი, ის ვიღაც გალუსტაა!

- მაშ, გვარად თათუზოვი არა ხარ?

- თათუზოვი კი არა, პოღოსოვი ვარ, გესმის თუ არა? მომშორდი, თორემ ახლავე პოლიციელს დავუძახებ! - სთქვა გულმოსულმა გალუსტ-გასპარამ და, როცა დაინახა, რომ გოგიტა მაინც მხარდამხარ მისდევდა, ჩაჯდა იქვე მდგარ ეტლში და წამს თვალიდან მიეფარა.

დარჩა გოგიტა პირჩალაგამოვლებული და არ იცოდა, რა ეფიქრა, როგორ აეხსნა გალუსტას ქცევა!..

 

IV

 

კვლავ დადგა გაზაფხული...

- ო, ნათლიმამ, ნათლიმამ? როგორ გიკითხო, კაცო, ხომ მშვიდობითა ხართ, კარგად? - მოესმა ერთ მშვენიერ მკათათვის საღამოს კალოზე მყოფ გოგიტას და დაინახა ცხენით მომავალი, მხარზე თოფგადაკიდებული გალუსტა.

გოგიტას გაკვირვებას საზღვარი არა ქონდა და ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, რომ გალუსტა გადმოხტა კიდევაც ცხენიდან და მიაბა იქვე მდგარ ურემზე.

გოგიტა დარწმუნებული იყო, რომ გალუსტა თავისს დღეში ვეღარ დაენახვებოდა, ფეხს ვეღარ დაადგამდა მის არემარეზე და ის-კი ისე არხეინად მობრძანდებოდა, თითქო მათ შორის არაფერიც არა მომხდარა რაო.

გოგიტა ისე დააბნია გალუსტას მოულოდნელმა მოსვლამ, რომ აღარ იცოდა, რა ექნა.

- თითქო ქალაქში უნდა ჩამოვიდეო? რატომ აღარ ჩამოხვედი? მთელი ზამთარი გელოდი და ძალიან მეწყინა, რომ აღარ ჩამოხვედი, - ამბობდა გალუსტა და თან ხელს ართმევდა გაშტერებულ გოგიტას.

- რა ამბავია? როგორ გაშტერებულხარ, თითქო ვეღარა მცნობო? ასე ადრე არ მომელოდი განა? ხვალ დაბახევში მაქვს საქმე და იმიტომ მოვედი ამაღამ; იმედია, ღამეს გამათევიებ და დილით ადრე წავალ...

სხვა, ამბავი, ხაბარი? ნათლი-დედა სად არის, როგორ არის? ხომ კარგადა ხართ ყველანი? ჩემი ნათლული დიდი ბიჭი იქნება ახლა, - დააყარა გალუსტამ, მაგრამ გოგიტა ისევ ჩუმად იდგა და მიჩერებოდა უცნაურ სტუმარს. "არა, შუბლ-გარეცხილობა კი შეიძლება, მაგრამ ასეთი?" ფიქრობდა იგი.

- ხმა ამოიღე, კაცო, რას შვრები? ავად ხომ არა ხარ? - არ ეშვებოდა გალუსტა.

- ცოტა თავი მტკივა, მთელი დღე მზეზე ვმუშაობდი და თუ დამსიცხა, - ძლივს უპასუხა გოგიტამ და კვლავ ჩააცქერდა თვალებში. გალუსტამ ახლა-კი ვეღარ გაუძლო მის ცქერას და თავი დახარა.

"ღმერთმა ნუ ქნას, რომ სამაგიერო არ გადაგიხადო, შე უსინდისოვ, შენა!" ფიქრობდა გოგიტა და ზიზღით მიჩერებოდა თავდახრილ გალუსტას.

რამდენსამე ხანს ასე იდგენ ორივენი. შემდეგ სიამოვნებით გაიღიმა გოგიტამ და გადაისვა შუბლზე ხელი; ეტყობოდა, რომ რაღაც კარგი აზრი მოუვიდა და დაკმაყოფილდა.

- ამაღამ აქ უნდა დავიძინო; პურს ვერ მივატოვებ და შენთვისაც აქ აჯობებს ღამის გათევა, რადგან სახლში ძალიან ცხელა. ცხენსაც ბორკილი შევუყაროთ და აქვე ნაპურალში გავუშვათ, - უთხრაგოგიტამ.

- ძალიან კარგი! - დაეთანხმა გალუსტაც.

- ქალაქში წამოსასვლელად შარშან ვეღარ მოვიცალე და სულაც გადავიფიქრე იქ ჩამოსვლა. შენი თქმისა არ იყოს, რა მინდა ქალაქში, როცა საქმე არაფერი მაქვს? - დაუმატა გოგიტამ.

გალუსტა ძალიან გააკვირვა ამ სიტყვებმა; ეს დარწმუნებული იყო, რომ გოგიტა უსაყვედურებდა, რად მომატყუეო და თავი იმით უნდოდა ემართლებინა, რომ ქალაქში ზოგიერთ ქუჩას ორ-ორი სახელი ქვია და ბევრმა მხოლოდ თითო სახელი იცისო.

პირადად შეხვედრაზე კიდევ შეიძლებოდა არაფერი ეთქვა გოგიტას, რადგან კაცი კაცსა გავს და ეგონება, რომ მოტყუვდა, ქალაქში ყოფნაზე უარის თქმამ კი მეტად გააკვირვა გალუსტა!

"მართლა რომ ტეტიაა, გულუბრყვილო სულელი!" ფიქრობდა გალუსტა და უხაროდა, რომ გადარჩა საყვედურს.

"მე გოგიტა არა ვყოფილვარ, თუ ფასად არ დაგისვა ჩემი ასე აგდება"! ფიქრობდა თავის მხრივ გოგიტა და სახეზე მაცდური ღიმილი უთამაშებდა...

 

V

 

დაღამდა. სტუმარ-მასპინძელმა ივახშმეს და მოემზადენ დასაძინებლად, გოგიტამ ცოლ-შვილი სახლშიგაგზავნა, თვითონ და გალუსტა კი კალოზე დარჩნენ.

გალუსტამ ერთხელ კიდევ დაათვალიერა თავისი ცხენი, რომელიც, ბორკილშეყრილი, იქვე ნაპურალში ბალახობდა და დაწვა მისთვის მომზადებულ საგებზე; თავისი თოფიც, რასაკვირველია, გვერდზე მოიდვა.

- თოფი ხომ გატენილი გაქვს, გალუსტ? - კითხა გოგიტამ.

- მაშ, მაშ, ტყვიითაა გატენილი, შორ გზაზე დავდივარ, ხანდახან კაი ძალი ფულიც დამაქვს ხოლმე, ხუმრობა ხომ არა რის? - უპასუხა თავმოწონებით გალუსტამ.

- არა, ჩვენში ყაჩაღების შიში კი არ არის, მაგრამ დათვი კი ბევრია ამ ბოლო დროს, - უთხრა გოგიტამ.

- დათვი? აქ, ახლოს არის სადმე? - შეეშინდა გალუსტას.

- ჰო, არის. აქვე რომ სიმინდის ყანაა, იქაც დადის ხოლმე ხანდახან ერთი დათვი.

- რას ამბობ, გოგიტ, მერე აქაც რომ მოვიდეს, ხომ შეგვჭამა, - მღელვარებდა გალუსტა: - რატომ წინათ არ მითხარი, მეც სახლში წავიდოდი დასაძინებლად.

- არა, აქ რა უნდა, და, თუნდაც მოვიდეს, თოფი ხომ მზად გვაქვს! მოვკლავთ და ის იქნება!

- ცხენი? ცხენი რომ გამიფუჭოს? - არ მშვიდდებოდა გალუსტა.

- არა, შენ არხეინად იყავი! მე მაინც ვერ დავიძინებ ამაღამ, - პურს უნდა მოვუდგე და შენ ცხენზედაც თვალყურს დავიჭერ.

- აბა, შენ იცი, ჩემო გოგიტ! თუთხმეტი თუმანი ღირს ჩემი ცხენი, და არ დამღუპო შეეხვეწა.

ფიქრი ნუ გაქვს უთხრა უკანასკნელად გოგიტამ და მოშორდა...

 

VI

 

წევს გალუსტა და ფიქრობს, ვაი თუ მართლა მოვიდეს დათვი და ცხენი შემიჭამოსო, მაგრამ დაღალულ-დაქანცულს მალე ავიწყდება ყველაფერი და ძილი ერევა.

აი, ძინავს გალუსტას და სიზმარში ხედავს, როგორ ეპარება დათვი მის ცხენს, ხედავს, მაგრამ შველა არ შეუძლია; მხლოდ წუხს და იტანჯება, უნდა დაუყვიროს დათვს, ან დაუძახოს გოგიტას, მაგრამ ხმა ვერ ამოუღია; უნდა აიღოს თოფი და ესროლოს, მაგრამ ხელი ვერ გაუნძრევია. და გალუსტაც მხოლოდ კვნესის, ბორგავს, სული ეხუთება.

- გალუსტ, გალუსტ, გალუსტ!.. გაიღვიძე, კაცო, დათვი, დათვი მოვიდა. - ჩაესმა მართლაც ყურში გალუსტას და, შეშინებულმა, გაახილა თვალები.

- ჰო, რა იყო? - წამოიძახა ათრთოლებულმა გალუსტამ.

- დათვი ეპარება ეგერ შენ ცხენს! - ჩასძახა გოგიტამ.

- დათვი?! - წამოილუღლუღა გალუსტამ და წამოჯდა, ვერხვის ფოთოლივით აკანკალებული.

- ნელა, ნუ ყვირი, აქეთ არ წამოვიდეს!.. შეხედე, ეგერ არის! ხომ ხედავ? ახლა კაი მოსაკლავია. დაუმიზნე თოფი და ესროლე, თორემ საცაა, მივარდება ცხენს.

- ცხენს? ღმერთო ჩემო! - სასოწარკვეთილებით წამოიძახა გალუსტამ და აიღო თოფი ხელში. - იცი გოგიტ, შენ ესროლე, მე ვერაფერს ვხედავ, - შეეხვეწა გოგიტას.

- მე რუსული თოფისა არა გამეგება რა, ისევ შენ უნდა ესროლო. აი აგერ არის, როგორ ვერა ხედავ? - უპასუხა გოგიტამ და ანიშნ ახელით, სადაც იყო დათვი.

გალუსტა დააშტერდა იმ ადგილს, სადაც აჩვენა გოგიტამ და მართლაც დაინახა რაღაც.

- მალე, მალე, გალუსტ, თორემ გააფუჭა ცხენი! - ჩაჩურჩულებდა კვლავ გოგიტა.

რაღას იზამდა გალუსტა, აკანკალებულის ხელებით მოიმარჯვა თოფი და მოწია ჩახმახს.

იგრიალა თოფმა და რაღაც ფეხმოსხლეტით დაეცა მიწაზე. ამავე დროს მოისმა გოგიტას საშინელი ყვირილი.

- ვაიმე, კაცო, რა ქენი? მე საით გაჩვენე და შენ საით ისროლე? დათვი გაიქცა? - ყვიროდა გოგიტა.

- როგორ თუ გაიქცა? აი, იქა გდია გაშხლართული. წადი, აბა, ნახე! - თქვა გალუსტამ და დაუშვა თოფი.

ის დათვი კი არა, შენი ცხენია. დათვის მაგიერ შენ შენი ცხენი მოკალი. - თითქო ძალიან შეწუხებული, ეუბნებოდა გოგიტა.

- ჩემი ცხენი? ვა, გაგიჟდი თუ? ჩემი ცხენის სიკვდილი ასე ალა-ალა არის? - ღრიალებდა გალუსტა და გარბოდა იმ ადგილისკენ, სადაც მომაკვდავი ცხენი ჯერ კიდევ ფართხალებდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ