143
ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია. თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია; ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია, მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.
144
იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი, მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი, შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი, მწყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.
145
მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა, უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა; მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა. ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.
146
გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი, დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი. ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი, დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.
147
გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა, ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა; უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა, რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.
148
ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა. წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა: იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა. მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.
149
ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა. ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა, პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა, შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.
150
არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები; დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები! თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები, დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.
151
დაჯაბდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი, ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი; ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი, მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.
152
განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო, ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო, შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო, წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.
153
ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი, ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი! გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი, ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!
154
შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა, ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა; ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა, ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.
155
მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა, რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა. მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა! თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |