მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16736 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

622 

 დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, 

 ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; 

 ფრიდონ მითხრა: "გითხრობ რასმე, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით; 

 ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით". 

 

 623 

 მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: 

 "დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, - 

 ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, - 

 აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა. 

 

 624 

 ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; 

 ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. 

 ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა, 

 ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა: 

 

 625 

 ვთქვი: "რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?" 

 ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; 

 წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, 

 მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი. 

 

 626 

 ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. 

 ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. 

 მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! 

 მან განანათლა საეყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი! 

 

 627 

 სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, 

 იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; 

 დავაპირე შეტევება, ვთქვი: "წავიდე მათკე მე, წა-, 

 ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!" 

 

 628 

 ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა, 

 ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. 

 ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, 

 გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა". 

 

 629 

 ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, 

 ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, 

 ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. 

 ვუთხარ: "მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!" 

 

 630 

 ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა, 

 მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; 

 ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, 

 თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა. 

 

 631 

 ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!" 

 მოვახსენე: "ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად! 

 იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; 

 აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად". 

 

 632 

 ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; 

 მან მითსრა, თუ: "რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული!" 

 შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, 

 სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული". 

 

 633 

 კვლაცა მითხრა: "ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, 

 მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, 

 იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, 

 ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს". 

 

 634 

 წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; 

 ფრიდონს ვუთხარ: "ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ ა-, 

 ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, 

 მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა? 

 

 635 

 არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, 

 ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: 

 რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? 

 თუ ვერას ვარგებ, ვიქენები ვერ-დამყოვნელი წამისად". 

 

 636 

 მან მითხრა: "ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? 

 მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; 

 მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? 

 ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი. 

 

 637 

 ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, 

 შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; 

 აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა. 

 ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა მრავალთა! 

 

 638 

 ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, 

 მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; 

 მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. 

 ყოლა ჭირი არ ეგების, თუ-მცა ლხინმან არ დასძლია". 

 

 639 

 კაცნი იხმნა მასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ, 

 უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, 

 მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; 

 თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?" 

 

 640 

 აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; 

 უბრძანა: "ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს". 

 მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, 

 უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს! 

 

 641 

 ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, 

 მითხრა, თუ: "მცთარ ვარ, აქამდის ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: 

 ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! 

 ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!" 

 

 642 

 რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მბობელნი, 

 ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; 

 ვერა, ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მცნობელნი, 

 მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი. 

 

 643 

 მე ფრიდონს ვუთხარ: "ესე დღე ვითა მესაზაროების, 

 ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; 

 უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, 

 დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების. 

 

 644 

 მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, 

 ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!" 

 ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მუნ მორწყო ველი, 

 მითხრა, თუ: "ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!" 

 

 645 

 თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; 

 მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, 

 მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: 

 "ნუ წახვალო, დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!" 

 

 646 

 ეგრე ვუთხარ: "თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, 

 მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; 

 ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, 

 ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების". 

 

 647 

 მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, 

 მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, 

 ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? 

 თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა-სიფიცხენი". 

 

 648 

 ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; 

 მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. 

 სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. 

 გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით. 

 

 649 

 ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, 

 რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, 

 მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; 

 გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე. 

 

 650 

 ვთქვი, თუ: "ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, 

 ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!" 

 მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: 

 "ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა. 

 

 651 

 აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, 

 ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!" 

 რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, 

 მითხრეს: "ჰა-ჰა, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა! 

 

 652 

 უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! 

 ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! 

 თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!" 

 თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა. 

 

 653 

 ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, 

 მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; 

 სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. 

 გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი. 

 

 654 

 ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს, 

 შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, 

 მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. 

 საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს. 

 

 655 

 დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა; 

 მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა; 

 მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, 

 ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა. 

 

 656 

 აჰა, ძმაო, მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; 

 ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, 

 ესე ქალი არ დამაგდვბს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, - 

 ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები! 

 

 657 

 რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, 

 ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; 

 ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; 

 რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს. 

 

 658 

 მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; 

 მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; 

 მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; 

 სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები". 

 

 659 

 პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აახეწა, 

 ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; 

 ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-; 

 მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა. 

 

 660 

 ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დად სამებულმან: 

 "შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; 

 გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, 

 აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან". 

 

 661 

 ავთანდილ უთხრა: "მე შენი გაყრა არ მომეთმინების; . 

 თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. 

 მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების, 

 შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების. 

 

 662 

 რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, 

 მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი, 

 მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი: 

 სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. 

 

 663 

 რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი: 

 ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი; 

 კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. 

 აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი. 

 

 664 

 იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; 

 მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; 

 შენ გენუკევ, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, 

 ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო. 

 

 665 

 რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, 

 მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო, 

 კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, 

 ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკედები, მისთვის ეგრე არ გატირო". 

 

 666 

 მან მიუგო: "უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? 

 გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; 

 რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი! 

 ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი. 

 

 667 

 პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, 

 გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს; 

 თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! 

 შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!" 

 

 668 

 ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი, გულ-სადაგნი, 

 იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; 

 შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, 

 მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი. 

 

 669 

 ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; 

 რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; 

 ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; 

 ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა. 

 

 670 

 ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა, 

 მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, 

 ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; 

 მან უთხრა: "დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა! 

 

 671 

 ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, 

 ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; 

 აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, 

 შეიგენით, მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა"

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ