270
პირველად ჯერ ეს მისწერა: “მე თქვენი ნახვა მსუროდა, კიდეც წამოვალ, მოგმართე, სასწრაფოდ მამეშუროდა; მაგრამ მომესმა, სასმელთა მასმევდი, რაც არ მწყუროდა. ვეღარ გიახელ, ამაზედ ნუთუ შენ დამემდურო და?
271
ღმერთმან იცის, ვაპირებდი საქმეს კარგა მონაგვარსა; არ მიმინდევ, სახე უცან მახეს, შენგნით მონაგარსა; განგერიდე, რად მომხვიე გასაცრცველად მონა გარსა? არას გთხოვდი, თუ დამხსნოდი სიყრმით ჩემით მონაგარსა.
272
ეგე ჩემი საქონელი გამოგზავნე, არ დამხუთო. მორიელის ნაკბენარსა, სჯობს, მომასწრა ფაზარ-ხუთო. შენ ოთხ რიგად გული დამწვი, არამც მე კი განვახუთო, მერმე დამგმობ, დასაწვავად წამისვაო გაძრახ უთო”.
273
მათ მოეწერა პასუხი ადვილად მოსაშორები: ვინ დაგიცარცვათ, არ ვიცით, ლარ-კიდებულნი ჯორები; ეგ ჩვენს კაცს არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები. რაც თქვენში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები?
274
კახ-ბატონს ესმა რა მათგან გულს ლახვრად დასაძგერები, კვლავ მოციქულად გაგზავნა ჩინით რჩეულნი ბერები; მისწერა წიგნი მართალი და ფიცი დასაჯერები: “ჩვენ ერთმანეთსა ნუ ვახდენთ, თორემ წაგვახდენს მტერები”.
275
“ორგულთა სიტყვას ნუ ისმენ, გაფრთხილდი, ნუ მოსტყუვდები, გასწყერ, დასჭერ და დახივე მტყუვანთ ტყუილის გუდები; თუ არ ღვთით, ვერას დააკლებს მკალიას ტარბის გუნდები. თუმცა ლომი ხარ, ვეშაპთა ვერ სძლევ, გრძელი აქვთ კუდები”.
276
“გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა, ერიდე, ნუ შლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა; იყავ, ვით ტრედი, უმანკო, უფრთხილდი შენსა ხუნდებსა, თორემ კლანჭს გიკვრენ არწივნი, ჭირნახულს გაგიცუდებსა!
277
“ნუ ჰგონებ, კაცი თვით იყოს მდიდარი განაკეთია, ანუ ღარიბი წამხდარი, ვის ჩოხა ტანთ გასცვეთია; ერთის ათასად გამხდელი, ბევრის მიმცემი ღმერთია, ვისაც წაართმევს, ექნების ათასით აღარც ერთია”.
278
"კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა, სიამპარტავნით ხარისხსა ძირი არ განებძაროსა. ბატონის უპატიურ ყმას არ შერჩების აროსა, არც ღმერთი ბატონს შეარჩენს ყმაზე საუდიაროსა”.
279
“ბატონს აწყინე, გაგიწყრა, აბრალე შენსა წყენასა, აწ ღმერთიც გიწყენს, იცოდე, არა იქ თუ მოთმენასა, დამორჩილება უფალთა უთქვამს დავითის ენასა, შენ თუ შენს უფალს არ უსმენ, ნურც შენს მონას ეჭვ სმენასა”.
280
“ყეენს უმტყუვნე, გაგიწყრა, - აქ ზიხარ შემამწყრალია; ქართლი წაგართვა, მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია. თუ არ უსმინე, ვიქნები შენებრ ურჩების მთვრალია, სულ მომყრალდების ქვეყანა, თავად მტერთაგან მყრალია!”
281
“მე თქვენა ქართლსა არ გთხოვდი, თუ ეს არ მაქვნდეს რიდადო; თუ არ უსმინე, ყეენი მე გამიწყრების დიდადო; შენ ხომ, ეგ არის, გიწყრება, არც ჩემზედ იყოს მშვიდადო. რა ერთსაც ჩვენ მას მიუწყავთ, ის ჩვენ მოგვიწყავს შვიდადო”.
282
“ხელმწიფე ღალატს მოსძებნის, ღმერთი არ დასთმობს გმობასა, თუ გინდა, წიგნში გაჩვენებ, რაც მითქვამს, მის მოწმობასა: იუდა ქრისტეს მონებდა, ჩემობდა კაის ყმობასა, სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანას ძმობასა”.
283
“იუდამ ქრისტე გაყიდა, ვერცხლი აიღო ფასადო; კვლავ შეინანა, დაფანტა, დანაშაული თავს ადო: “აწ სისხლი მიგეც მართალი, ახლა წავიდე, თქვა სადო?” წავიდა, თავი დაირჩო, ეს მოუვიდა ნასადო.
284
“იტყვიან, სარწმუნოვებით პეტრეს იუდა სჯობდაო, თუ თავი მას არ დაერჩო, სხვას ღმერთი შეუნდობდაო, ამად რომ, - “სისხლი მართალი მივეცო”, მაღლა ხმობდაო. პეტრეს ჰკითხევდენ ქრისტესა, “ვერ ვიცნობ”, ფიცით გმობდაო.
285
“აწ თქვენის სჯულის ამბავი თქვენ უმჯობესად იცითა, მსმენია, ქრისტე შესულა ელუსარემში კვიცითა; მუნ პეტრეს უვარს უყვია, - ვერ ვიცნობ, - უთქვამს ფიცითა, მერმე კი შეუნანია, აწ მკვიდრობს კლდე სიმტკიცითა”.
286
“ვინც შეინანებს, შეუნდობს უფალი თავის ცოდვასა; წადი და მასვე ევედრე, დაეხსენ ცუდსა ბორგვასა! ნებით სჯობს გაცლა მძლავრთაგან ქვა-კრებით გამოლოდვასა. ვერა გთნევ, თუ ტახტს არ დასცლით, მივხვდებით ჭრა და კოდვასა”.
287
“მე მოგახსენებ მართალსა, ტყუილად არა ვსჩმახაო; გული მტკივა და შეგკადრებ, ამაზე ნუ დამძრახაო: გაქვს ნართი ავად დასთული მრუდის ტარებით მძახაო, თუ ისევ შენ არ დასცერავ, სარგებელს ვერას ნახაო”.
288
“იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მღიჯებსა, შეგერჭმის, ხელთა დანახევ, წაგიხდენ მკლავთა ჭიღვებსა! ნუ ეშუღლები ყეენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა; რუსეთისაკე გაგზავნის, იმოკლებ გრძელთა ბიღებსა!”
289
“მირჩევია ჭეშმარიტი: შენი საქმე დანაშურე, თავსა ცოდვით შებღალულსა წმინდა წყალი შენ ასხურე! ვის უვარ-ჰყავ სამსახური, წადი, მასვე ემსახურე; ვინც მოგხადა თარჯ-თომარი, იმისგანვე დაიხურე!”
290
“ნუ მრუდ-მრიცხლობ, სწორედ გაქვნდეს შენ ეგ შენი ანგარიში, ავს ნუ იქ და ავისაგან, თქმულა, ნუღა-რა გაქვს შიში; თავს თავითგან გაუფრთხილდი, არცად უკუ-აგდო ჭირში, თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარით კვნესა-ვიში”. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |