306
კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთ დაერთო ქართველთა ქარი ალზედა; რა იგი ორნი შეშუღლდნენ, ვით ქორნი გარიალზედა, გამოეღვიძა არწივსა ჩხუბსა და მათს ყრიალზედა, გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიალზედა.
307
სჯობდა იდუმალ ენუკათ ქორთ თვისი სანუკარია, წილად ერთს მხარი ეწიწკნა, მეორეს საწიწკარია: სრულ არ მიეცათ მტრისათვის თავიანთ საკენკარია. თუ ამას ავად ვამბობდე, პაღური ამომკარია.
308
ვახტანგს ძიმწარის უმწარე ეტკბილა ვითა შაქარი. ძილ-გაკრთობილმან საზღაპროდ მძინარე შეძრა ხვანთქარი, აღასაშენებლად სრა-ვანთა გაგზავნა ორი სარქარი, წინ მოუმძღვარა ხუროთა იესე-ძმა, ძე-ბაქარი.
309
მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი: ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი, საქართლო-საკახურონი მოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი. ყმა და მამული მტრებს მისცეს, თვით დარჩნენ უმსახურონი.
310
... მეტად უზომოდ გაჯავრდენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია; აჩქარდნენ, ვეღარ გასინჯეს მათ საქმე საშინჯარნია, მტერთ ნებით კარნი განუღეს მაგროვნად დანაჯარნია, კახთ იხმეს ლეკნი საშველად, ქართველთ - ოსმალოს ჯარნია!
311
ოდეს სცნა კახმა ბატონმა, ლაშქარი სარასკარისა საქართველოსა მოადგა, ვით გოლსა ბრბო ფუტკარისა; წინაღმდეგობა არ ეძლო, ქმნა მათის სანუკვარისა, წინ მიეგება, მიართვა კლიტენი ციხის კარისა.
312
ოსმალო თიფლის შევიდა, კარები დახვდათ ღია რა, იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა; ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ გარდაიარა. სხვას იმის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგია რა.
313
კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა, კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა: რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს, ვერცა მკიდესა; რაც აქვნდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.
314
შეწუხდენ კახნი-ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები. შეინთქვნენ, შექნეს ფიცებით, ერთმანერთს მისცეს პირები, არჩივეს: "გორის ციხესა გამოუთხაროთ ძირები". კახმა ბატონმა მომართა დაბდაბნი და საყვირები.
315
იესეს მეფეს მოხსენდა, გორს ადგას ქართველთ ჯარები. მან შეიყარა ოსმალო, იქმნა თიფლისით მარები. მოხვდენ ერთმანერთს, დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები, აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!
316
ვაიმე, ამის სათქმელად პირი გამიხდა მწკალტევით, არ იმართოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით; მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით, მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევი.
317
ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს სისხლსა ღვრიდენ. საცა შეხვდისთ მუშა-კაცი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ; გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა ზარში ჰყრიდენ, ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |