339
მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა, მზეთა-მზის ვახში თავს მაძეს, მმართებს გარდახდა ვალისა, ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა, არამ-თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა.
340
სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მზისათვინ თავი ვახელო, ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა ვახელო, მის უკეთესი მოყვარე სად ვპოვო, სადა ვახელო? მზე მიწყენს, თუ მზის სანაცვლოდ თინათინს ხელი ვახელო.
341
ვაი, თუ ქვეყნის გამსტრობად ვითა ძე დანი სად არი, მზეს ღრუბლის გამო ვერ ვხედავ, აწ ბურმან დანისა დარი; გულს მიკოდს სევდის ლახვარი ალმასის დანის სადარი, დედ-მამა, ძმანი დავკარგე, არ ვიცი დანი სად არი.
342
ზურგთ მძიმე ტვირთი მკიდია ცოდვისა, არ სუბუქია; გზა-შეცდომილი ვრონინებ, მაზრობს ქარი და ბუქია; მასხია ცივი ნაბადი, არა მაქვს თბილი ქურქია. სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მომფინოს მზისა შუქია.
343
მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა, მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ, სად მზობა, შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რასთვისა მაძრობა? მზევ, მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა.
344
ცად მომფენელი ნათლისა, რათ მელანდები ბნელადა! ჩემ თვალთა ჩინის მპოვნელი შემქმნიხარ საძებნელადა, ცეცხლ-განმვლეველად მცხინვარებ, ცვარსა აპკურებ ნელადა, ცვარით გამნკურნე, ვერ ჩავხე ბითეზდას საბანელადა.
345
მზეთა-მზევ, მზემან მომნახოს, მითხრას მშვიდობა, სალამი, თავს საფარველად მომმადლოს თავის აღდგომის ალამი; რომ მოვკვდე, ჩამდვან საფლავად, მაყარონ მე მიწა ლამი, მიგრილოს, ცეცხლით არ დამწოს, ვით ჩალა ხმელი, წალამი.
346
განთიადისა ვარსკვლავო, მის მზეთა-მზისა მთიებო, ვიკარგვი ბნელის ღამითა, დღევ, რად არ მომიძიებო! განმიადვილე გზა და სვლა, მეტად ნუ განმიძნელებო, თინათინითაც განმათბე, ყინვით ნუ განმაცივებო!
347
ვაიმე! მე ვინ მაღირსებს მის მზის ყუდროში დასმასა, მის ნათლით შვებას, სიხარულს, ართუ ჭამასა და სმასა, მე ყინვით დამძრალს გულზედა სათბუნლად ხელის დასმასა? რომელიც ქალი მაღირსებს, ძმას ვანაცვალებ, დას მასა.
348
მზეო, ყოველთა მნათობთა შენ სჯობხარ მანათობელად, თუმცა ვერ გხედამ თვალითა, ხარ ძნელი დასათმობელად; მე ყინვისაგან დამძრალი გენუკვი დასათბობელად; გემუდარები, ნუ გამხდი ცეცხლზედა დასართობელად.
349
ისმინე ლექსთა მკითხველო, სიტყვა აგიხსნა წინადა: ძეს ღმერთს კაცებით მზედ ვსახავ, სახით მზეს თინათინადა; ღმერთთა ღმერთობით, მზეთა-მზედ მამას ვსახ თქმად სასმინადა. მე მზესა ვეძებ, თინათინ ყოვლ-დღივ შუქს თვალის ჩინადა.
350
სახით იგავად სათქმელად მამა მზეთა-მზედ ითქოსა, ძე ღვთისა მხოლოდ-შობილი მზე სიმართლისა იქოსა; მისთვის საწუთროს მნათობმან მზემ თინათინი ირქოსა. ეს წიგნი წმინდად სახმარი არავინ გამიჩირქოსა!
351
საწუთროს მზის ტრფიალობა მისთან არ განიხსენება, ძისა მოგითხარ მზეობა, შენ მზისა ნუ გეჩემება: ვინ საწუთროსა მზესთანა მიჩნს თინათინის შვენება, ეგრეთვე ძესთან საწუთრო მზე მიჩანს და მის თენება.
352
რაგინდ მე ასრე გავგიჟდე, თავი ვახალო ტინზედა, მხეცნი, ფრინველნი ვასერო ჩემსა ხორცსა და ტვინზედა! იგ მარგალიტი თაღლითზე, ოქრო გავცვალო სინზედა, ვგონებ არც მაშინ გავცვალო იგი მზე თინათინზედა.
352
საწუთროს მზის თინათინი მოგითხრა რაცა ფერია; სარკის მზის შუქით ციალსა უწოდენ ქართველთ ერია, ვერას ხორციელს სულდგმულსა ბჭალში ვერ დაუჭერია, ძე თინათინი მინათობს სახლთ კედელ-ყურე, ჭერია. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |