მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 21239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

672

 იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!

 პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა;

 სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა;

 მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

 

 673

 მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.

 ნახეს, იცნეს; რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.

 შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:

 "მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!"

 

 674

 გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,

 აკოცებდა, სიხარულით ცრემლთა ღვრიდა ველთა მრწყველსა;

 ესე თქვა, თუ: "ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?

 მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!

 

 675

 ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;

 უბრძანა, თუ: "ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!"

 დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს -ა,

 ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

 

 676

 მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.

 მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.

 მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული.

 ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.

 

 677

 შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,

 ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.

 ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:

 "უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული".

 

 678

 მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:

 "შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!"

 მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,

 ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

 

 679

 არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;

 შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,

 ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.

 მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

 

 680

 შესთვალა: "მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით!

 ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდებით:

 მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდებით,

 აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდებით".

 

 681

 როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!

 შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:

 "ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი".

 ბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი".

 

 682

 თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:

 ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა".

 იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,

 მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

 

 683

 მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;

 ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.

 მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,

 დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

 

 684

 რა მიეახლა, გარდახდა, ყმამ თაყვანის-სცა მეფესა;

 აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;

 გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;

 მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

 

 685

 მას ავთანდილ თაყვანის-სცა - ლომთა ლომმან მზეთა მზესა.

 მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.

 პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა,

 სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

 

 686

 მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;

 ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.

 მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა.

 უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა.

 

 687

 სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;

 დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;

 მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,

 მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

 

 688

 "მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!

 მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,

 ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;

 ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!"

 

 689

 რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,

 ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,

 ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან,

 წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

 

 690

 "ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,

 საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები,

 ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,

 არღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები".

 

 691

 რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,

 ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,

 ეამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა:

 "ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!

 

 692

 გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;

 მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,

 კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:

 მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

 

 693

 ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,

 ლომი მინდორთ ლომთა თანა მინდორს რული, ფერ-ნამკრთალი,

 ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული ლალი,

 მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

 

 694

 მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,

 წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;

 ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,

 მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

 

 695

 ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;

 სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;

 უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;

 უთხრა: "ჰპოვეა, პატიჟნი ჰნახენ ძებნითა ვისითა?"

 

 696

 ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,

 ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.

 ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,

 მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

 

 697

 მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი, ნები;

 იტყვის: "დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები".

 მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები"

 მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

 

 698

 სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,

 მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:

 "საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,

 ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

 

 699

 ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების?

 მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;

 თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;

 ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!"

 

 700

 წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახულად, რა ნასმენად:

 "ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;

 ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად".

 ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

 

 701

 ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,

 განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;

 იტყვის: "რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა,

 რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?"

 

 702

 ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?

 მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;

 დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,

 მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

 

 703

 ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

 გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

 კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,

 აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!"

 

 704

 მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:

 პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,

 მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,

 ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

 

 705

 საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:

 ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

 აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხვდების,

 რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

 

 706

 შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.

 ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,

 ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უვიცისა,

 ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი - ცისა?"

 

 707

 ყმამან ჰკადრა: "სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,

 ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,

 ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,

 თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

 

 708

 ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!

 გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი;

 დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;

 მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

 

 709

 მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!

 ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!

 მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,

 სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!"

 

 710

 ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,

 ამას ზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;

 ქალმან მისცნა მარგალიტნი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,

 ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

 

 711

 რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,

 ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,

 მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ- მჭვრეტსა ავაგლახიოს!

 ვა მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

 

 712

 მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.

 ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.

 მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა.

 იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!"

 

 713

 ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,

 რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;

 რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, .

 მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

 

 714

 სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;

 იტყვის: "მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად;

 მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!

 ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

 

 715

 ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,

 დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,

 დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია.

 აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!"

 

 716

 ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,

 გულ-ამოსკვნით, ოხრვა-სულთქვმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.

 საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,

 ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს-აზეწარებს!

 

 717

 ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,

 მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;

 ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების.

 ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

 

 718

 გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

 გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

 გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

 ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!"

 

 719

 რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,

 თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,

 მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი,

 პირი დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

 

 720

 რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.

 ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.

 ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;

 მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

 

 721

 მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!

 ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,

 მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა;

 მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

 

 722

 ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი,

 შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;

 დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,

 ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი!

 

 723

 ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;

 ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთათ ელვა ჰკრთებოდა.

 ღირსნი ახლოს სხდეს, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,

 უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

 

 724

 ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.

 მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა.

 ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!

 რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

 

 725

 წევს, იტყვის: "გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?

 მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,

 შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,

 ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტამცა სიზმრად გნახეო!"

 

 726

 ამას მოთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;

 კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.

 არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?

 თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა".

 

 727

 კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,

 სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,

 მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,

 ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!"

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ