390
დამბადებელის მამისა საყვარელო ძეო, აღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო! ვარ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო, იესო, წყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო!
391
თიკნად ნუ გამხდი, მარჯვნით კრავში გამრიეო; განმარიდე უხილავთა, მხეცთ ნუ შემაჭმეო. უფალო ყოვლად ძლიერო, განმაძლიერეო, რომელმან ქალწულისაგან ხორცი ივასხეო,
392
ადამიანთა ხსნისათვის ჯვარს დაემსჭვალეო, მოჰკალ სიკვდილით სიკვდილი და განაქარვეო, იხსენ ადამ საკვრელთაგან, ევას ახარეო; საფლავთაგან აღადგინე მკვდრეთით ლაზარეო.
393
შენ გახსენ ჩემი კრულება და წარმავლინეო, ვით გამყარე სამკვიდროსა, ისევ შემყარეო. იესო ძეო ღვთისაო, ეს შეისმინეო! ლექსისა ამის შემწყობი, დავით, აცხონეო, იმის სულს მიეც შვება და მეც განმისვენეო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |