მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16657 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

916

 იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკე თავნი არნეს;

 რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს!

 მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,

 აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

 

 917

 ასმათ თქვა: "ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,

 შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;

 გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!

 დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!"

 

 918

 ტარიელ ეტყვის: "ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია,

 საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდეს გაგვიცინია.

 ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.

 ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

 

 919

 სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

 მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!

 უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი.

 ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!"

 

 920

 ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;

 იტყვის: "ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?

 შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,

 გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!

 

 921

 ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო,

 ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?

 გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,

 ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო".

 

 922

 სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;

 ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,

 დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;

 ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

 

 923

 წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,

 მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,

 მას შეეხვეწნეს: "ჭამეო", ძალი არ ჰქონდა ჭამისა,

 გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

 

 924

 ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!

 მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,

 ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.

 დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

 

 925

 მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,

 იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.

 რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;

 ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

 

 926

 ტარიელ ეტყვის: "რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?

 რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა;

 კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,

 არ დაივიწყე მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

 

 927

 აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;

 მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.

 ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,

 წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით -ა.

 

 928

 ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

 ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;

 რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

 აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად".

 

 929

 ავთანდილ ეტყვის: "რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?

 შენვე თქვი, ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა:

 ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?

 იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

 

 930

 ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,

 აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!

 სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით,

 თქვენ ერთმანერთსა არ მიხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

 

 931

 ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!

 ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

 ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,

 რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

 

 932

 თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;

 ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,

 მოვახსენე: "რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,

 არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?"

 

 933

 მან მიბრძანა: "მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,

 შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად".

 მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ-მთრვალი და არ- მახმურად,

 აწ შევიქცე, რა ვუამბო? რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?

 

 934

 მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი

 მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;

 ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

 შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

 

 935

 სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

 გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა;

 მაგა ქცეეითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

 ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

 

 936

 ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

 აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;

 ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,

 ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა.

 

 937

 ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,

 ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;

 ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,

 მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე.

 

 938

 აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!

 მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;

 არ, უთქმელობა არ ვარგ-ა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,

 არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი".

 

 939

 მან უბრძანა: "აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,

 არ მომისმენ, რაზომ გინდა საუბარი მიდიადდეს;

 თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,

 ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

 

 940

 არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;

 ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;

 შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,

 უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!"

 

 941

 საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;

 ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;

 შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,

 ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.

 

 942

 ლექსთა მკითხველნო, თქვენნიმცა თვალნი ცრემლისა მღვრელია!

 გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!

 მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,

 ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!

 

 943

 დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.

 ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;

 სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,

 მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

 

 944

 ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,

 ასმათ ტირს, მოსთქვამს: "ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!

 მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,

 ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!"

 

 945

 მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,

 ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,

 არ გაიყარნეს მას ღამით, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,

 ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

 

 946

 ტარიელს ეტყვის ავთანდილ: "რუ გახმა ცრემლთა დენისა!

 რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?

 მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,

 აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა".

 

 947

 ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,

 მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:

 "აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა,

 თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა".

 

 948

 თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,

 სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;

 მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.

 ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

 

 949

 ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;

 მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს;

 თვალთა, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს,

 დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

 

 950

 გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,

 ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;

 ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;

 იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ