მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15692 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1061

 ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.

 ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,

 გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა.

 მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო ენითა!

 

 1062

 მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;

 ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;

 მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;

 იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

 

 1063

 მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა,

 მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა;

 ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:

 "ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

 

 1064

 წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, -

 რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?"

 ჰკადრა: "ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;

 რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

 

 1065

 ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

 თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;

 აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;

 მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

 

 1066

 აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები:

 სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,

 ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;

 ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

 

 1067

 დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:

 იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;

 გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;

 უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

 

 1068

 მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;

 ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:

 თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;

 პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

 

 1069

 რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,

 უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,

 უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;

 მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

 

 1070

 თქვენებრთა საბატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება;

 დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.

 აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!

 გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

 

 1071

 ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,

 პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;

 მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;

 წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი".

 

 1072

 ავთანდილ უთხრა: "წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან".

 მებაღე მირბის, ახარებს, ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან.

 ხათუნსა უთხრა ამბავი: "მე ესე დამიქადიან:

 ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

 

 1073

 ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,

 საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;

 ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.

 მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა".

 

 1074

 ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,

 მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;

 შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;

 მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.

 

 1075

 ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,

 იქით-აქათ იჯრებოდეს: "ვუჭვრიტოთო ამას რულად!"

 ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;

 მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

 

 1076

 ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,

 მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;

 ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;

 ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა.

 

 1077

 ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,

 ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,

 მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი;

 დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

 

 1078

 მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.

 ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: "ვარგ-ა".

 ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;

 სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

 

 1079

 დილსა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,

 ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა,

 ვაჭართა უთხრა: "წაიღეთ!" აჰკიდა, გააწევინა,

 თქვა: " ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა".

 

 1080

 ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.

 ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;

 ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბნარსა არა-მქისსა;

 ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ