მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19175 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1213

 ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!

 შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;

 პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

 და მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!

 

 1214

 ფატმან იტყვის: "მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,

 სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;

 მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,

 და ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთათ ჩემთა გადმომღვრელთა.

 

 1215

 სახლი და შვილი მომძულდის, ვჯდი უგულოთა გულითა,

 მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;

 უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,

 და ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

 

 1216

 დღესა ერთსა, საღამო ჟამს - ჩასლვა იყო ოდენ მზისა -

 წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;

 ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,

 და ვთქვი: "კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა".

 

 1217

 მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,

 მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა;

 სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,

 და სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

 

 1218

 მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: "ამოდ გავიხარენით,

 მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,

 არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,

 და ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით".

 

 1219

 მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;

 მონამან უთხრა: "ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:

 მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,

 და ჩემი ამბავი ამბავთა მაგათგან უკეთესია.

 

 1220

 მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;

 მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:

 მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,

 და აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

 

 1221

 დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,

 ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;

 მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -

 და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

 

 1222

 გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,

 შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა:

 "ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?"

 და როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

 

 1223

 როშაქ ბრძანა: "მო-ცა-ვინ -მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები.

 მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,

 შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები,

 და მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები".

 

 1224

 გვითხრა მისთა ხელისათა: "წავალ, თანა წამომყევით!"

 წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.

 დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;

 და დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

 

 1225

 მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,

 დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;

 ვთქვით, თუ: "მზეა, ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!

 და დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

 

 1226

 ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო;

 მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოს-მცა ვნახეთ ბარეო!

 შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;

 და მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

 

 1227

 გვითხრა: "ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;

 გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!"

 ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,

 და პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

 

 1228

 ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;

 მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;

 ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,

 და კბილთაგან შუქი შეადგა ზედა გიშრისა სარებსა.

 

 1229

 კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.

 არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;

 როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,

 და აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

 

 1230

 კვლა ვჰკითხეთ: "გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,

 ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?"

 მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.

 და რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

 

 1231

 არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,

 არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;

 ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,

 და ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

 

 1232

 როშაქ გვიბრძანა: "ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,

 ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;

 ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,

 და მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

 

 1233

 ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,

 მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.

 თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,

 და პირველ - მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია".

 

 1234

 მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;

 დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,

 არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;

 და იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

 

 1235

 მე როშაქს ვჰკადრე: "გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;

 აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი".

 მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,

 და თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი".

 

 1236

 მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.

 მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,

 მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,

 და ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

 

 1237

 მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,

 ვჰკითხე: "მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა".

 მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,

 და მან ამბავმან გამაცოცხლა, სულთ-მობრძავი დამარჩინა.

 

 1238

 მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:

 უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;

 მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: "ნუ დასდგებითა,

 და მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა".

 

 1239

 სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლავ ებიჯა გზისადა:

 "მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,

 ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,

 და ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

 

 1240

 როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, -

 ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;

 შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია".

 და ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

 

 1241

 ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,

 მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია;

 ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,

 და დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

 

 1242

 ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:

 ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,

 მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,

 და მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

 

 1243

 გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,

 ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,

 ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.

 და გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი რასა, გლახ, ები!"

 

 1244

 ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,

 რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,

 შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:

 და "ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!"

 

 1245

 ფატმანს უთხრა: "საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,

 მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,

 მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,

 და ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

 

 1246

 მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,

 მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!"

 ფატმან უთხრა: "მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,

 და არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

 

 1247

 ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი

 კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,

 ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი;

 და მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

 

 1248

 იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ,

 ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

 ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

 და სწადდეს - დღესა ბნელად იქმან, სწადდეს - ბნელსა ანათლობენ.

 

 1249

 ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

 თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი".

 ავთანდილ მადლი უბრძანა: "ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,

 და დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი".

 

 1250

 გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;

 თქვა: "ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი;

 ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,

 და წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!"

 

 1251

 მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.

 ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;

 ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;

 და ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

 

 1252

 მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;

 ყმა უნდომ-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,

 ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,

 და გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

 

 1253

 ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად

 შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;

 იტყვის, თუ: "მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,

 და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!"

 

 1254

 მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

 გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

 ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.

 და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

 

 1255

 გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;

 დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,

 მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:

 და "რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები".

 

 1256

 ავთანდილ თქვა: "საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!"

 სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;

 მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,

 და მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

 

 1257

 ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;

 ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;

 ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,

 და შემოსცინნა: "აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად".

 

 1258

 ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.

 მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:

 "შეეტყვების, არ მიცნობსო", რეგვნადა და რაგვარ ჰხმობდა!

 და თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

 

 1259

 პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,

 ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;

 საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,

 და ფატმან უხმო: "მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა".

 

 1260

 ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;

 იტყოდა: "მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!"

 გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,

 და ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

 

 1261

 ავთანდილ ბრძანა: "ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,

 დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,

 მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,

 და ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

 

 1262

 გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;

 მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,

 თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,

 და მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

 

 1263

 შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.

 მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათლობელი, -

 იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, -

 და მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

 

 1264

 რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად

 მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;

 მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,

 და გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად".

 

 1265

 ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,

 ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;

 უბრძანა: "შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,

 და ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

 

 1266

 მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა,

 ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;

 ვინცა სცნობს, კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,

 და ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

 

 1267

 მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,

 ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;

 მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,

 და ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!"

 

 1268

 ფატმან თქვა: "ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,

 დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!"

 მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;

 და უბრძანა: "ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

 

 1269

 აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,

 ფიცხლავ დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,

 მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა".

 და მან უთხრა: "ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა".

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ