მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12917 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1463

 მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,

 წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;

 ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;

 და მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

 

 1464

 მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;

 ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა

 ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;

 და ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

 

 1465

 მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,

 ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,

 კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,

 და მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

 

 1466

 კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,

 მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;

 კვლა მოქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,

 და ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

 

 1467

 იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.

 ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.

 აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,

 და ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

 

 1468

 ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;

 ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;

 დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.

 და აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

 

 1469

 ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:

 "არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,

 არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,

 და მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

 

 1470

 ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,

 აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:

 შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,

 და ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

 

 1471

 უთხარ: "ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!

 ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!

 თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,

 და არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

 

 1472

 აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?

 ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;

 ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა - საომარები:

 და თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები".

 

 1473

 რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,

 მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;

 თქვა, თუ: "მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!

 და ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

 

 1474

 ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა,

 საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,

 არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,

 და მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?

 

 1475

 რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,

 ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;

 მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,

 და უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

 

 1476

 მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:

 "მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?

 ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,

 და ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

 

 1477

 გებრძანა: "შეყრა მწადიან საყვარელისა შენიხა".

 ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;

 მუნა მე ხრმალი არ მიკეეთს, არცა სივრცელე ენისა,

 და მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

 

 1478

 ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:

 ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,

 გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,

 და მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

 

 1479

 რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,

 მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;

 ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.

 და სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი".

 

 1480

 რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,

 მან ბრძანა: "მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი!

 ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,

 და ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!

 

 1481

 მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:

 "მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.

 ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,

 და ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები".

 

 1482

 ესე უთხარ: "ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,

 ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;

 მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,

 და ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო".

 

 1483

 უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:

 არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა".

 მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.

 და ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

 

 1484

 ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,

 ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,

 ეტყვის: "კმა, რაცა შევსცოდე /როსტანს წლეულად მე წელად,

 და კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

 

 1485

 რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,

 გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!

 მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!

 და ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

 

 1486

 ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,

 ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,

 ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,

 და შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს".

 

 1487

 ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,

 ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:

 "მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,

 და მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

 

 1488

 დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

 მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;

 თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,

 და თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

 

 1489

 მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,

 არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.

 რად-მცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!

 და ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

 

 1490

 ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,

 რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით,

 რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?

 და დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით".

 

 1491

 რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა,

 არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;

 ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,

 და თანა წაჰყვა, განაღა-მცა მათ თანავე გზასა ვლიდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ