მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12908 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1598

 ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;

 აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.

 ტარიელ ბრძანა: "მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?

 და ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

 

 1599

 იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;

 ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი".

 ავთანდილ ჰკადრა: "რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი?

 და მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი".

 

 1600

 დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,

 ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,

 ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,

 და იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

 

 1601

 წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;

 ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,

 მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,

 და აიზიდნეს; "ვისნი ხართო?" - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

 

 1602

 მათ მოხსენეს: "ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,

 რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი".

 უბრძანა: "წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,

 და აცნობეთ თქვენსა პატრონსა: "მოვლენ გულითა ქებულნი".

 

 1603

 უთხარით: "ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,

 იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:

 ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,

 და შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

 

 1604

 დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!

 ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?

 აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,

 და ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

 

 1605

 აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;

 შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;

 პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!

 და მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან".

 

 1606

 დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.

 რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:

 "მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,

 და ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!"

 

 1607

 ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,

 დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია;

 არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;

 და ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

 

 1608

 ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;

 შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;

 ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო", მისცა სიტყვისა ნანანი;

 და მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

 

 1609

 ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,

 მოახსენა: " შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!

 ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!

 და გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

 

 1610

 დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია,

 გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია;

 ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,

 და ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

 

 1611

 ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია;

 მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია,

 თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია,

 და სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია".

 

 1612

 ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:

 "ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!"

 ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.

 და ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

 

 1613

 კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მის თანაც არსა.

 ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,

 ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა.

 და წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

 

 1614

 ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:

 "ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:

 ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;

 და გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე".

 

 1615

 ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია:

 "აღარ დაგხოცო", უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, -

 წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;

 და "ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია".

 

 1616

 თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,

 ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,

 თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს.

 და ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

 

 1617

 ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;

 რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;

 მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია;

 და ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

 

 1618

 ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:

 "არ დაგხოცსო, შეგიწყალნა", - ყველაკაი დალოცვიდა;

 ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:

 და "მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა".

 

 1619

 მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;

 შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.

 ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: "ღალატსა ლამიან", -

 და არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

 

 1620

 ტარიელ მიდგა, უყივლა: "მე მოველ, მეფე თქვენიო,

 თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,

 ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,

 და გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო".

 

 1621

 მაშინ იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,

 სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;

 ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: "მოგვშორდეს სალმობანია,

 და აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია".

 

 1622

 კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;

 ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია;

 ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,

 და ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

 

 1623

 ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;

 რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია;

 თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია.

 და გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

 

 1624

 რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,

 კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;

 სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია.

 და მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

 

 1625

 დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;

 ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,

 ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,

 და მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

 

 1626

 დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,

 უბრძანებდა: "რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, -

 ღმერთმან რისხვა მოქცია წყალობისა გამოსახვად,

 და გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად".

 

 1627

 ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;

 იტყვის, თუ: "ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;

 დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,

 და თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან".

 

 1628

 ქალმან დედასა შესტირნა: "ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!

 წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,

 მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!"

 და დედამან ცრემლნი მოსწურნა: "ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო".

 

 1629

 გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,

 ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,

 ნესტანჯარს ეტყვის: "რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები?

 და ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები".

 

 1630

 რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,

 დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;

 იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად.

 და აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

 

 1631

 ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;

 ტარიელ თქვა: "დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება,

 ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,

 და ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება".

 

 1632

 ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;

 ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:

 "ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,

 და ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა".

 

 1633

 უბრძანა: "გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,

 დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;

 ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,

 და იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო".

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ