1
რქვა: დიდება, ღმერთო, შენდა, ცად და ქვეყნად რაც აღშენდა! დავით ხმითა ნესტვს აფშვენდა, გიგალობდა ვითა გშვენდა: ღმერთო, მიყავ წყალობა, მე შენი ვსთქვა გალობა; შენ გაქებდა ყოველი, შენგნით რაც ა ცხოველი, სულს აქშენდა.
2
ჩემსა კაცად მხატველს, მსახველს, რაც მე ძალმიცს, გიქებ სახელს, შობითგან ბრმის თვალის ამხელს, ის მე მამხელს ჩემსა სამხელს, არსის საყდრად მჯდომელო, ქება მიუწდომელო, მზგავსი შენი სადარი ვსძებნე, აქ არცად არი, ვერც ვხვდი მნახველს.
3
ვამე, სიბრძნე არა მაქო! ვით შენ გიხამს, ვითარ გაქო? შენსა სახელს რაც დავარქო, მტერი ჩემი მითა ვბაქო; არს ჩემის ღვთის სახელი: მამის თანამძრახველი ძე, მწე ჩემი არს, ქრისტე, მტერი მიწა დავქიშტე, ხრმლად ის მაქო!
4
მე დამწვარსა და დაგულსა, სახლ-სამკვიდრო დაკარგულსა, სევდის მჭვლიტა გათანგულსა, წასაწყმენდლად გაბარგულსა, ის მყავს ნუგეშთ მცემელი, მტერთა არ მიმცემელი: ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცვა, მით ნუგეში ჩვენ გვეცა საწყალს გულსა.
5
გზას მატარე კარგს სატარელს, ნუ ამხდი მე შენს საფარველს; შემამყარე მე საყვარელს, ჩემის გულის გასახარელს. ზე სიტყვაო ღვთისაო, ქვე ძევ დავითისაო, ტკბილო იესო ქრისტე, გაუყრელად მაჭვრიტე ჩემს საყვარელს.
6
შენ ხარ ჩემი ამგებ-მშენი, სიყვარული მე მაქვს შენი; ამად მინდი: ტურფად შვენი, სუნი გიდის კარგ საფშვენი, აწ მომფინე სულია, მამით გამოსულია; მიხსენ საყნოსთ კარია, მტერთგან შენაკარია, დანახშენი.
7
მჭირს მე საქმე საკიცხელი, ვერას ვითმენ გულ-ფიცხელი, მე შენ გცოდე ურიცხველი, მისთვის დამწვავს ცეცხლი ცხელი, შენ დამასხი წყალია, დამიშრიტე ალია, მხსნელო, კაცთმოყვარეო, სევდა უკუმყარეო! ვარ ჭკვა-თხელი.
8
მე ამ წიგნის გამლექსველი, ტვინთა მფანტველ-გამქსაქსველი, ამად ვსტირ, ვარ ცრემლით სველი, საწუთროს კარგს არას ველი; ცრუ არს წუთისოფელი, ანაზდისა მყოფელი, მძმობელი, თუ მდობელი, - არის დაუნდობელი და მძმაცველი. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |