მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1686 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იყო ერთი ბიჭი და დაჩი ერქვა.

ერთხელ დაჩი კარგად დაფიქრდა და თქვა: ქვეყნად ორფრთიანი თვითმფრინავიც რომ არ იყო, ზღაპრული გმირები მფრინავ ხალიჩაზე სხდებოდნენ და ზეცაში ისე დაჰქროდნენ, არწივები ქვევიდან პირდაღებული შესჩერებოდნენ, ამ რაკეტებისა და თანამგზავრების დროში მე რა ღმერთი გამიწყრა, რომ ვერ იქნა და ეს ცის თავანი ვერ მოვიარეო.

ისევ დაფიქრდა: ამას ლაპარაკი არ უნდა, უნდა წავიდე, მაგრამ ჩიტი ხომ არა ვარ, ასე ვთქვა და ავფრინდე, თუმცა, იქ მიფრენა არც ჩიტებისთვისაა ადვილიო. აბა, რით აჯობებს, როგორ მოვიქცეო და გადაწყვიტა: მალე ეს რაკეტები მთვარემდე განრიგით დაინიშნება და ვისაც მოეპრიანება, იფრენსო. იმ ზღაპრული რაშების სახსენებელი მალე სულ გაწყდება და უნდა ვიმარჯვო, თუ სადმე ერთი მაინცაა გადარჩენილი, გაქროლება მოვასწროო.

დაიხურა ქუდი, დაიკიდა ხანჯალი, გადაიდო მხარზე მშვილდ-ისარი და წავიდა. მაგრამ თან ისიც იცის, რომ რაში კი არა, ხეირიანი ცხენიც აღარსადაა. გადაიარა მინდორი, გასცდა საყანეებს. საყანეებს იქით ჭენჭყობი, ლაქაშნარი და ლელიანი იწყებოდა.

გაიხედა, დაინახა ამ ჭენჭრობში ერთი ბებერი ჯაგლაგი ცხენი დგას და ფეხზე სძინავს.

- შე კაცო, რავა მუხლებამდე წყალში ჩამდგარხარ! - შეეცოდა დაჩის. - მინდორზე დაწოლილიყავი და დაგესვენა.

- ამ მანქანებმა ისე შემავიწროვეს, მინდორსა და შარაზე კი არა, მეშინია, აქაც არ ჩამომიცვივდნენ და გუდა-ნაბადი არ ამიკრანო.

- მოხუცებულხარო, - უთხრა დაჩიმ თანაგრძნობით.

- დავბერდიო, - თავი სინანულით გადააქნია ცხენმა.

- ალბათ, ახალგაზრდობაში ვარსკვლავებს ეთამაშებოდიო, - გაახსენა დაჩიმ ჯეელობა.

- იცოცხლეო! - გაუფართოვდა ცხენს ქლიავისფერი თვალები.

- არა, მართლაო?! - გაუხარდა დაჩის.

- ისე ჩემი სული ცხონდაო, - დაიფიცა ცხენმა.

- მე შენი ცხონება კი არ მიკითხავს, ის მინდა ვიცოდე, მართლა ვარსკვლავებისკენ ან მთვარისკენ ხომ არ გაგივლიაო.

- მართლა ვარსკვლავებთან რა მინდოდა. მე კარგი, ღონიერი ცხენი გახლდი, ფრთიანი რაში კი არ ვყოფილვარო.

- მე კი ფრთიანი რაშის ამბავი მინდაო, - სულ ახლოს მივიდა ბიჭი, ჭაობშიც კი ჩააბიჯა.

- ტყის გოგო-ფერიას მამას რომ ჰყავდაო?

- რა ვიცი, ჰყავდაო? - თავი გადააქნია დაჩიმ.

- როგორ არა, მახსოვს, იმ გორებზე რომ უღრანი ტყეებია, იმის გადაღმა თეთრი ფრთიანი მერანი დაღამებისას ელვასავით ამოიქროლებდა, პირდაპირ მთვარისაკენ მისცემდა თავს და გამთენიისას ისევ ელვასავით ჩამოეშვებოდა. დიდხანს მეც ელვა მეგონა, მაგრამ, მერე და მერე, ხანში რომ შევედი, დავუკვირდი, გრუხუნი არ მოისმოდა და მივხვდი, რაც იყო და ვინც იყო.

- გზას ხომ ვერ მასწავლიო? - შეეხვეწა დაჩი.

- თვითონაც წამოგყვებოდი, მე შენ გეტყვი, დოღზე მიმეჩქარება, მაგრამ რაც არ ვიცი, რა გასწავლოო?!

- აბა, ვინმე ხომ არ გეგულება, რომ იცოდესო?

- რაშის ამბავი ცხენმა უნდა იცოდესო, ჩემზე ხნიერი და მეტის მნახველი ქვეყნად არ მოიძებნებაო, - გაიქაჩა ბებერი, - მაგრამ...

- რა და... აი, ის გოგო-ფერია ტყის პირას დამინახავს, ძალიან ფრთხილად რომ იჭვრიტებოდა, თუ რა თქმა უნდა, თვალი არ მატყუებდაო.

- მოიცა, მოიცაო! - შეაჩერა დაჩიმ.

- აგერ ვარ, ხომ ხედავ, არსად ფეხის გადამდგმელი არა ვარო, - ძუით კოღო-ბუზი დაირეკა ცხენმა.

- ეს ის ფერია-გოგო ხომ არაა, ნადირობიდან როცა ვბრუნდებოდი, კლდემაღალას ჩანჩქერის ძირში ტანს რომ იბანდა და მე თვალი მოვარიდეო.

- ისე მეკითხები, თითქოს შენი ცხენი ვიყო და მაშინ ჩემს ზურგზე მჯდარიყავიო, - გაეცინა ცხენს, - მაგრამ თვალი რაღად მოარიდეო?

- აბა, მობანავე გოგოს ხომ არ მივაშტერდებოდიო?! - გაუკვირდა დაჩის.

- ახლა ზღვაზე ქალი და კაცი, გოგო და ბიჭი ერთად ბანაობს და თვალს არავინ არიდებსო.

- მოხუცებულხარ, ცხენო, და იმდენი ვერ გაგიგია, რომ ზღვაზე სხვაა და ტყეში, ჩანჩქერის ქვეშ ბანაობა სხვაო, - ეწყინა დაჩის.

- თუ სხვაა, წადი და ეძიეო. - გაგულისდა ცხენი და თვლემა-მთქნარება აუვარდა.

- ვერაფერი ზრდილობაა, მე და ჩემმა ღმერთმაო, - ჩაილაპარაკა დაჩიმ და გზას დაადგა. იარა, იარა, კინაღამ ცხრა მთა გადაიარა. იმ კლდემაღალას ძირში მივიდა და დაელოდა, იქნებ კიდევ გამოჩნდესო. არ დალოდებოდა და რა ექნა, სხვანაირად მისი ასავალ-დასავალი არ იცოდა.

კლდემაღალაზე გადმოქუხს თეთრი ჩანჩქერი, ჯიხვის რძე გეგონება. მოდიან ირმები და შვლები თავიანთი ნუკრებით, წყურვილს იკლავენ, სიხარულით კუნტრუშობენ. ციყვები და თრითინები რომ სვამენ, თვალებს ხუჭავენ და ნეტარებისაგან ღრმად სუნთქავენ. ფრინველები პირდაპირ მაღლა მოჩხრიალე ჩანჩქერს აფრინდებიან, გაფანტულ წვეთებს ჰაერში იჭერენ და ირაოს უვლიან.

დაჩიმ იფიქრა: ეს რა უკვდავების წყალიაო და მივიდა, ხელები დაისველა. მაშინვე ისეთი რბილი და ნაზი გაუხდა თითები, თითქოს მალამო წაესვას. მერე, რომ დაუკვირდა, ისიც შეამჩნია, რაც ახლომახლო ხეები იყო, საოცრად რბილი, ფუმფულა ქერქი ჰქონდათ, ფოთლები კი - თოვლის ფიფქივით ფაფუკი.

დაჩი დაიმალა: ტყის გოგო-ფერია აქ მოვიდოდა, ეჭვი აღარ ეპარებოდა.

კარგა ხნის მერე, მზე რომ გადაიხარა და დაჩისაც მოსწყინდა ამდენი ყურყუტი, ჩიტების ისეთი ჟრიამული და გალობა მოესმა, იფიქრა, იადონებისა და ბულბულების კუნძულზე ვარ, თუ რა მჭირსო. გაიჭვრიტა ბოძალ ხეს მოფარებულმა, ხედავს: მოქრიალებენ ეს ჭრელაჭრულა სამოთხის ჩიტები და გალობენ, ჟღურტულებენ და ფერად ქარბორბალასავით ევლებიან ტყის გოგო-ფერიას. ფერია მოდის, როგორც გაპენტილ ბამბაზე გივლია, არც ფიჩხი უტყდება, არც ხმელ ფოთოლს აშრიალებს, ტანს ყაჭის ძაფივით თმის ტევრი უფარავს, წვივები და ხელები ძლივს უჩანს. დაჩიმ იფიქრა, ამას თუ ახლავე არ მოვუხერხე რამე, მერე წყალში რომ ჩავა, რაღა უნდა ვქნა, პირიქით, თვალი უნდა მოვარიდოო.

სულ ახლოს ჩამოიარა გოგო-ფერიამ იმ ხესთან, სადაც დაჩი იყო დამალული. შეეძლო ხელი მიეწვდინა და თმით დაეჭირა, მაგრამ: რას იტყვის, ეს რა ონავარი ვინმე ყოფილაო. აცალა ჩავლა და ჩანჩქერის ძირას რომ მივიდა, დაუძახა:

- გოგო-ფერია!

ადამიანის ხმა გავიგონეო, იწივლა და წყალზე ისე გაირბინა, როგორც ყინულის მოედანზე, ჩანჩქერის ქვეშ ჩაიკარგა. ეს ამდენი ფერად-ფერადი ჩიტი ახლა წყალვარდნილს მიესია. ამ ჯიხვის რძესავით თეთრ, მზით დაფერილ წყალზე ისე ლივლივებდნენ და ისე უწყობდნენ ხმას ლბილი ჩანჩქერის ღუღუნს, დაჩიმ იფიქრა: დავჯდები აქ და ვიქნები, ამაზე უკეთესი მთვარეზეც რა უნდა ვნახოო. მაგრამ ამ ბულბულ-იადონების გუნდმა მაღლა-მაღლა აიწია და დაჩი რას ხედავს: გოგო-ფერია აჰყოლია ამ ქათქათა ჩანჩქერს, შუამდე ასულა და უცებ ისე გამოყო თავი, თითქოს სარკმლიდან გადმოიხედაო. თმები თეთრ წყალში აბრეშუმის მათრახებივით შხვართალებდნენ.

- გოგო-ფერია! - დაუძახა ისევ დაჩიმ. - წეღან, ბოძალ ხესთან რომ ჩამოიარე, შემეძლო თმაზე ხელი მომეწვდინა, მაგრამ არ გკადრე და შენ რომ იშვირე ფეხი და მოუსვი, რა ონავარი და აბეზარი მე მნახეო?..

- ხე-ბოძალასთან მართლა ჩამოვიარეო! - ჩამოსძახა ჩანჩქერიდან ტყის გოგო-ფერიამ.

- შენისთანა ზღვის გოგო-ფერიები, ერთი კი არა ასი მინახავს! - შენზე უკეთესებიო, აბა, ამას ხომ არ ეტყოდა.

- ზღვის გოგო-ფერიები გინახავს?! - თვალებად გადაიქცა ტყის გოგო-ფერია, - ჩემზე ლამაზები არიან?

- რა ვიცი, შენ ხეირიანად არც კი დამინახიხარ, ისე გაიქეცი, თითქოს მდუღარე გადამესხას. სახელი დაგიძახე, დაიქცა ქვეყანა?! - გული მოიყვანა დაჩიმ.

- ქვევით რომ ჩამოვიდე, შურდულს არ მესვრი?

- მე შენ ვინ გგონივარ?! - მართლა გაგულისდა დაჩი, - ხომ არ მესვრი, რა პასუხია... ბოლოს და ბოლოს, მე დაია მყავს და მეზობლის გოგო...

- მართლა?! რა ჰქვია? - ჩამოჰყვა ჩანჩქერს ფერია და ახლა ძირში გაჩერდა.

- ან მანდ რას უდგეხარ, მოდი ახლოს და გეტყვიო.

- მხარზე რომ გაქვს გადადებული, რაა?

- რაა და მშვილდ-ისარი. მაგრამ გოგოებს რომ ვესროდე, ახლა ქვეყნად ერთიც აღარ იქნებოდა! - ეს რავა მართლა ტყეში გაზრდილივით ლაპარაკობსო, გაუკვირდა დაჩის.

როგორც იქნა, ინება და წამოკოკობზიკდა ფერია წყალზე, მაგრამ მაინც მოშორებით გაჩერდა. ერთი მუჭა თმა დაახვია და წელზე შემოიჭირა, დანარჩენი გაანაწილა, შიშველი ტანი არსად გამომიჩდესო.

- მითხარი ახლა, რა ჰქვიათ და ჩემზე ლამაზები თუ არიანო?

- შენზე ლამაზები, ჩემი დაია და მეზობლის გოგო კი არა, მგონი, ზღვის გოგო-ფერიებიც არ არიანო.

- რატომ ამბობ, მგონი? - ატირდა ტყის გოგო-ფერია.

- იმიტომ, რომ... ისინი ცეკვავენ არნახულ და არგაგონილ ცეკვასო.

- ჩემზე უკეთესს? - ასლუკუნდა, მაგრამ როგორ, სულ ამოიგლიჯა გული.

-- შენი ცეკვა რომ არ მინახავს, რას დაგიღია პირიო. - მართლა და მართლა, დაჩიც კაცია და გული მოუვიდა.

- აბა, მიყურეო! - და ამ ცრემლებიან თვალებში მაშინვე ისეთი მორცხვი ღიმილი ჩაუდგა, სახეზე ისეთი სათნოება და კდემა გადაეფინა, ისე გაშალა ხელები, დაჩიმ იფიქრა: ეს, გოგო კი არა, წყალზე დაფრენილი აბრეშუმის გედია, არ დავიღუპო, არ გაფრინდესო. ხელები გაშალაო?! და რომ დაეხვია ეს სამოთხის ასი ფერის და ასი დარჩეული ხმის ფრინველი და საცეკვაო ჭიკჭიკი ატეხეს, დაჩის სულ არ უფიქრია, რომ ეცეკვა, მაგრამ ფეხები თავისთავად გაუსანსალა ნაპირზე.

მოგოგმანებს გოგო-ფერია წყლის სარკეზე, მოჰყვება გუნდი ედემის ბაღიდან მოფრენილი ფრთოსნებისა, ნაპირს მოადგნენ და მოადგნენ ნაირ-ნაირი ტყის ბინადარნი, დიდი და პატარა, ერთმანეთის მტერი და მოყვარე, ერთგული და ორგული. ისველებენ ამ მალამოსავით წყალში თითებს, ჩლიქებს, ტორებს და უკრავენ ისეთ სათუთ და ჰარმონიულ ტაშს, დაჩის სულ დაავიწყდა, რომ ფერიასავით წყალზე ვერ გაივლიდა და ისე გაცხარებით გაუსვა და გაუსვა, კინაღამ მორევში შეტოპა.

ბოლოს გოგო-ფერია წყალზე რომ დატრიალდა და სველი, მზეზე აელვარებული თმები ფარშევანგივით გაშალა, თან ეს ედემის ბაღის ფრინველები საცეკვაო ჭიკჭიკით ირგვლივ ქარბორბალასავით დატრიალდნენ და ჯიხვის რძის ჩანჩქერმა შვიდჯერ შვიდი ფერის ცისარტყელა გადმოკიდა, დაჩი რომ აღტაცებულიყო, რა გასაკვირია, როცა მელა გნოლს ეხვეოდა, ტურა - ხოხობს, მაჩვი - ციცარს, დათვი ირემს გულში იკრავდა და მგელი შველს კოცნიდა.

ისეთი ტაშით დააჯილდოვა დაჩიმ გოგო-ფერია და დაჩისთან ერთად ერთმანეთს დამოყვრებულ-დანათესავებულმა ტყის მობინადრეებმა, მოცეკვავე მართლა ტყეში გაზრდილი უნდა ყოფილიყო, რომ ეკითხა, როგორ მოგეწონაო.

ბოლოს ეს ასფერი იადონ-ბულბულები რბილ ტოტებზე რომ ჩამოსხდნენ, ფაფუკ ფოთლებში მიიმალნენ და ყველაფერი მიწყნარდა, მგელი აყმუვლდა, ტურამ და მელამ წივილ-კივილი ატეხეს.

- თქვე მართლა მხეცებო, ასეთი გალობის, ცეკვისა და სილამაზის გამგონეს და მნახველს რა გაყვირებთო! - კინაღამ ელდა ეცა ბიჭს.

- სწორედ ეს მშვენიერებაა, რომ მაბღავლებსო! - ასლუკუნდა გულდათუთქული მგელი.

- მშვენიერებამ სიხარული უნდა მოგანიჭოს თუ უნდა გაყმუვლოს, შე მართლა მგელოო!.. გაუწყრა დაჩი.

- მე მგელი ვარო! - თავი იმართლა მგელმა.

- ოჰ, ახალი ამბავი! - სასაცილოდ არ ეყო დაჩის. - მერე, რა გინდა მაგით რომ თქვაო?!

- რა და, მე გაუმაძღარი კუჭი მაქვს, ეგ თქვენი მშვენიერება გამაძღობსო?

- მე უფრო დიდი ვარო... აბურტყუნდა დათვი.

- მშიერ-მწყურვალი ვერც ჩვენ გავძლებთო! - ისევ წივილ-კივილი ატეხეს ტურამ და მელამ.

- კი მაგრამ, მე თქვენ აქ სადილზე დაგპატიჟეთ თუ რას შემომტირითო?! - მხრები აიჩეჩა დაჩიმ, - წადით, თქვენს გზას ეწიეთო!

- რა გზას უნდა ვეწიოთო? - ისევ ასლუკუნდა მგელი. - ეს რა მიქენით, შველს ვკოცნიდი და აწი რაღა პირით უნდა შევჭამოო!

- ასემც გიქნია, შიმშილით სული გაგძრობიაო! - დაუცაცხანა დაჩიმ და ყველანი კისრისტეხით გარეკა. როცა თვალს მიეფარნენ, თვითონაც მოიწყინა.

- შენც ხომ ვინმესთვის არ უნდა გესროლა ეს, მხარზე რომ გადაგიკიდია და იმას ხომ არ ჯავრობო? - ჰკითხა თავის თავით კმაყოფილმა ტყის გოგო-ფერიამ.

- მე დაჩი ვარ, ამხელა გოგო ბიჭსა და მგელს კი უნდა არჩევდეო, - ეწყინა დაჩის.

- აბა, რა ყურები ჩამოგიყრია?!

- არადა, ასეთი მშვენიერება რომ მანახე და მომასმენინე, ახლა მე ვარ ვალდებული სამაგიეროდ რაიმე თხოვნა აგისრულო და არა პირიქითო, - სულ დასევდიანდა ბიჭი.

- ესე იგი, ძალიან, ძალიან მოგეწონა ჩემი ცეკვაო?

- ამიტომაა, რომ დარდით აღარა ვარო...

- მე სულ ასე ვცეკვავ, მაგრამ მშიერი მგლებისა და ტურების მეტი არავინ მინახავს, რომ ეთქვა, როგორ ვცეკვავ. რაკი ასე მოგეწონა, მითხარი, თუ რაიმე თხოვნა გაქვს და ამსრულებელი ვარო.

- ეს იმას ჰგავს, თოჯინების თეატრში რომ არტისტმა-თოჯინამ შენთვის მთელი წარმოდგენა ითამაშოს და ბილეთიც გიყიდოსო.

- მითხარი, რა გიჭირსო? - სულ ახლოს მოვიდა ნაპირთან ფერია.

დაჩიმ იფიქრა: ჩვენებური გოგონებივით ნამეტანი ცნობისმოყვარე ყოფილაო და შორიდან დაიწყო:

- მამათქვენი როგორ ბრძანდებაო.

- ეჰ, მოხუცდაო... - ამოიხვნეშა გოგო-ფერიამ.

- ის ფრთიანი რაში როგორ ჰყავს, ისიც ხომ არ დაბერდაო.

- რაშს ჯერ კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ მხედარი არ ეყოლა, რაში და ჯაგლაგი ცხენი სულ ერთიაო.

- რაში სადაა, თორემ მხედარი მოიძებნებაო, - შეაპარა დაჩიმ.

გოგოს ისეთი სიცილი აუტყდა, ბიჭმა მიხედ-მოიხედა, მეორე მხრიდან მართლა ჯიხვის რძის ჩანჩქერი ხომ, არ გადმოსკდაო.

- შენ მამაჩემი საბავშვო ბაღის გამგე ხომ გგონია?! - როგორც იყო შეწყვიტა ჩანჩქერმა კისკისი. - ან ფრთიანი რაში ბორბალზე შემდგარი მუყაოს ცხენიო?

- რაში არაფერი ბორბლებიანი ცხენი არ მგონია! - ეწყინა დაჩის, - მაგრამ მამაშენი მართლაც ვინ ბრძანდება, არ ვიციო.

- მამაჩემი ქაჯიაო, - აუხსნა გოგო-ფერიამ.

- ჰო... თავი გადააქნია ბიჭმა და იფიქრა: ამისთანა კარგი გოგოს მამა, ქაჯიც რომ იყოს, თხუპნია და მტირალა გოგოების მამებს მაინც აჯობებსო, - კაცური კაცი კი ყოფილა და ქაჯი უძახე შენო.

- ახლავე სახლში წავალ, მამას ვეტყვი და გაუხარდებაო, - ცას ეწია გოგო.

- მამას კი გაუხარდება, მაგრამ მე რა გამიხარდება, რატომ იმას არ კითხულობო? - ისევ ჩამოყარა ყურები დაჩიმ.

- რა გაგიხარდება, კიდევ ხომ არ ვიცეკვოო? - ხელები გაშალა ფერიამ.

- შენი ცეკვის ყურებას რა სჯობს, მაგრამ რაშზე ამხედრებული რომ გენახე, არც მე ვიქნებოდი ურიგო საყურებელიო.

- უიო!.. - შეიცხადა ტყის გოგომ, - მამაჩემს ადამიანის შვილი რომ თვალით არ დაენახვებაო?

- არც ადამიანები კარგავენ ქაჯებისათვის ჭკუას, მაგრამ, ხომ ხედავ, მე კაცურ კაცს ვეძახი. გარდა ამისა, ის ოჯახქორი მოხუცებულა, საცაა პენსიაზე გავა და ქაჯობას თავს მაინც არ ანებებსო?

- ქაჯობას რომ თავი დაანებოს ამ მოხუცმა კაცმა, მაღაზიის დარაჯად მუშაობას ხომ არ დაიწყებსო? - გაუკვირდა გოგო-ფერიას.

- ოჯახაშენებულო, მთელი ცხოვრება რომ ქაჯობდა, თუ დაბერდებოდა, არ ეგონა?

- აბა, რა ექნა, რაშს შიმშილით ხომ არ მოკლავდაო? - გაიოცა გოგომ.

- როგორ რაშს ზეცაში აბალახებდა?! - ახლა დაჩიმ ვერ დაფარა გაოცება.

- აბა, რაში ცხენივით თივას და ქერს ჭამს, გგონიაო?! - კიდევ უფრო გაუკვირდა ფერიას.

- თუ ასეა და მამაშენი ზედ ვეღარ ჯდება, მოგიკლავთ რაში შიმშილით და ეგააო! - შეწუხდა დაჩი.

- მაგის დარდია, რომ მამაჩემს დღედაღამ არ აძინებსო.

- მერე, მომიყვანე, ამ ერთხელ მე მაინც წავაბალახებო, - შეაპარა დაჩიმ.

- მერედა, რაში ზურგზე ბიჭის შეჯდომას მოითმენსო? - დაეჭვდა ფერია.

- ქაჯს ისვამდა და, რა ღმერთი გაუწყრება, ბიჭს როგორ არ მოითმენსო, - არ გაიზიარა დაჩიმ გოგოს ეჭვი.

- საღამოობით აქ წყლის დასალევად მომყავს, გაგატანდი, მაგრამ ასე პატარა ბიჭი იმოდენა რაშს როგორ შეწვდებიო?

- შენ, გეტყობა, არ იცი, რომ დაჩი ვარო! - დაჩი იძულებული გახდა ვინაობა გაემხილა.

- დაჩი კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს, შენც ფრთიანი ბიჭი ხომ არ ხარო? - თვალები ეშმაკურად მოჭუტა გოგომ.

- წადი, შენ რაში მოიყვანე და ფრთიანი ვარ თუ ფარფლებიანი, მერე ვნახოთო! - გაიქაჩა დაჩი, ეს როგორ მკადრაო.

როგორც კი ტყის გოგო-ფერია გაიქცა, მისი სამოთხის ჩიტები ჟივილ-ხივილით დაედევნენ. დაჩი მაშინვე ჩანჩქერის პირას ხეზე აცოცდა და რბილ ტოტზე ჩამოჯდა, შებინდებისას ისევ მოისმა იადონ-ბულბულების სტვენა-გალობა და ხშირ ტყეში მთვარესავით გამოანათა ფრთიანმა რაშმა, რომელსაც გოგო-ფერია მიუძღოდა. ხელი რაშის მუხლებამდე დაშვებულ ფაფარში ეკიდა. მერანი მაშინვე წყალს მივარდა, ფერიამ დაჩის დაუწყო ძებნა. მაგრამ დაჩი, სანამ რაში წყალს სვამდა, რბილ ტოტზე და ფუმფულა ფოთლებში წინ წაიწია, მერე ტოტს დაეკიდა და ჰოპ! ზედ ფრთებს შორის დაახტა. რაში ერთხანს დაიბნა: ჩემ ზურგზე დახტომას ვინ ბედავსო, მაგრამ დაჩი წინ წაიხარა, ორი მუჭი გრძელი ფაფარი დაითრია და ზურგს უკან გაინასკვა, მაშინ კი ახტა და დახტა. დაჩიმ რომ კიდევ ქუსლები დასცხო, რა ჯორივით მალაყები და ადგილზე ხტუნვა წამოიწყო, მერე კი იკადრა რაშმა, ორივე მხარეს გაშალა თვალისმომჭრელი ფრთები და მშვიდობით: გოგო-ფერიავ, ტყე და ჩანჩქერო, დედავ და დედამიწავ!..

გაფრინდა ეს ნაშიმშილევი რაში, მაგრამ რა გაფრინდა ამ ლურჯი, თვალუწიერი სათიბივით ზეცის მინდორზე. დაჩის გულიც კი შეუქანდა, მაგრამ, რაშმა რომ შემატყოს, იმ ტყის გოგო-ფერიასავით მასხარად ამიგდებსო, და კიდევ და კიდევ მოსცხო ქუსლები და დასჭყივლა: მე რომ რაშები მიჭენებია, შენ იმათთან ოჩან ცხენად მეჩვენებიო!

გადაირია რაში: რა ხანია ზურგზე ბუზი არ დამფრენია და ვინაა, რომ წიხლების ცემას მიბედავსო. ჰკრა ტლინკები, შევარდა ღრუბლებში, შედგა ყალყზე. რა ქნას დაჩიმ, ლაგამი არა აქვს, რომ მოიზიდოს და თავი დაუკავოს, არც ხელთა აქვს რაიმე. ფეხები რომ არ მოუჭიროს, გადმოაგდებს ეს ქაჯის გაზრდილი და ღრუბლებიდან რომ თავდაყირა დაეშვა, სახლში რაღა პირით გინდა მიხვიდე. ამ დროს რაში სქელ, შავ ღრუბლებში შევარდა, ის იყო ჩაიქროლა, რომ დაიგრუხუნა, გაიელვა. დაჩი წინ გადაიწია, მართლა კინაღამ კისრულით გადავარდა, მაგრამ სანამ დაიჭექებდა, მოასწრო, მისწვდა ელვას თავში, მათრახის ტარს რომ ჰგავს, ხელი წაავლო და თან გაიტაცა.

მიაქვს ეს შხვართალა ელვა, მაგრამ არ გინდა დაიკავო? ნაკვერჩხალივითაა. პერანგის კალთა შემოახვია, მაგრამ ასე კალთაში გამოხვეული როგორ გინდა, ამ გადარეულს რომ მოუქნიო? ამ დროს პერანგის ქვევიდან ქარი შეუვარდა და ცხვირი დააცემინა, მაშინვე ცხვირსახოცი მოაგონდა. ჯერ ცხვირი მოიხოცა, მერე ელვის მათრახის ტარზე დაახვია და, გიყვარდეს, უცხუნა და უცხუნა ამ ქაჯის ნახედარ მერანს, სულ სიმწრის ცრემლები აყრევინა.

- მე დაჩი ვარ! ჭკუით იყავი, თორემ, ამ ღრუბლებში რომ შემოჯლიგინდი, აქ ელვის მეტი რაა, ერთი-ორს კიდევ დავითრევ, სამივეს ერთად დავწნავ და შენი თვალის სეირი მერე ნახე!

იცოცხლე, რაში ცხვარივით მოთვინიერდა და იკადრა ლაპარაკი:

- მიბრძანე, საით გაგეხარდება გასეირნებაო, - და ღრუბლების თავზე გაჭენდა.

- მე შენ გეტყვი, სულ ამ ღრუბლებს ზევით ვთამაშობ რიკ-ტაფელას და აქაურობა ზეპირად ვიცი. იარე, რა გზითაც გივლიაო.

- ბატონი ხარო, - ჩაიფრუტუნა რაშმა და პირდაპირ გაბდღვიალებული მთვარისაკენ დაადგა გზას. მიქრის, მიქრის ეს ფრთიანი მერანი, მაგრამ აქ რას გაიგნებს კაცი. ესაა, რომ მთვარე დიდდება და დიდდება. ქვევით დედამიწა მრგვალდება და უშველებელ ბურთს ემსგავსება. მერე ისიც კი მოხდა, რომ მთვარე და დედამიწა ერთმანეთს გაუტოლდა, ბოლოს კი მთვარე გახდა უფრო დიდი და დედამიწა - პატარა. სულ ბოლოს მთვარე დაემგვანა დედამიწას და დედამიწა - დიდ მთვარეს. დაჩიმ იფიქრა, ამ ქაჯის ცხენმა ხომ, არაფერი იმამაძაღლა და ისევ უკან ხომ არ მივყავარო, მაგრამ ვერცხლისა და ბროლის მთები რომ გამოჩნდა, მიხვდა, რაში მთვარეზე ეშვებოდა და, მართლაც, ამ ბდღვიალა ბროლისა და ალმასის მთებში, ერთ ჭალა-მინდორზე ბედაურმა ბდღვირი აადინა, გაჭენ-გამოჭენდა, მთლად აამტვერა იქაურობა.

- რა ჯორივით დაბაკუნობ, იფრინეო! - გაუწყრა დაჩი. აიწია რაში ვერცხლის დიდი არწივივით, ბიჭი ქვევით იყურება, იქნებ ვინმე, ან რაიმე დავინახოო. მტვრით დაფარული დაბლობების და ბრჭყვიალა მთების მეტი არაფერი ჩანს, არც წყალი, არც ტყე და მინდორი...

მიფრინავს რაში, გაიჭრა წინ, მთვარეს მეორე მხრიდან მოუარა, სულ დაიკარგა თვალთაგან დედამიწა. ბიჭს გული დასწყდა, მაგრამ რას იზამდა, მართლადა, ხომ უნდა ენახა, იქ ვინ ცხოვრობდა, ან რა ხდებოდა.

გადააფრინდა რაში საოცრად ელვარე ბროლის მწვერვალებს და ასევე გაკრიალებულ დაბლობში დაეშვა.

- ჩამოდი! - უთხრა დაჩის.

- ჩამოდი რა, მუხლში ძალა გამოგელიაო? - ჰკითხა დაჩიმ.

- ჰო, შიმშილით კუჭი მიხმება და ცოტას წავიბალახებო... - ეს თქვა და იქვე მთიდან ჩამოგორებულ მუჭის სიმსხო ბროლის ნატეხს დასწვდა და შაქარყინულივით ჩაახრამუნა.

- მე დავჯდე და შენს ხრამახრუმს ვუყუროო? - აღშფოთდა ბიჭი.

- რატომ უნდა უყურო, შენ იმ თეთრი ბროლის კოშკთან მიდიო.

დაჩიმ მიიხედა, მოშორებით მოვარდისფრო, მომწვანო ბროლის მთებსა და ვერცხლის ციმციმა მწვერვალის გვერდით ქათქათა კოშკი შენიშნა. რაშს ქუსლი ჰკრა, რას უდგახარ, რატომ არ მიგყავარო და კინაღამ ელვის მათრახიც გადაუჭირა.

- არა! - შეეხვეწა რაში, - იქ ისეთ მოწყენილ სიმღერას მღერიან, მაშინვე ჭამის მადა მეკარგება და დიდი ხნის ნაშიმშილევი ვარ, უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებო.

რაღას იზამდა! ზურგს უკან ჩამარყუჟებული ფაფარი გამოხსნა, ჩამოხტა დაჩი, ელვის მათრახი მოკეცა და იქვე, ალმასის ლოდზე დადება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.

- კარგად რომ მოიბალახებ, იცოდე, იმ კოშკთან მოდი, თორემ ხომ არ დაგავიწყდა, მე ვინა ვარო!

- მუცელს რომ ამოვივსებ, მოვალ. მერე თუ დავსევდიანდები, ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ სჯობს ყურები დამიცო, თორემ იქედან წასვლას ვერც მე მოვიფიქრებო.

დაჩიმ ჯიბეები მოიქექა, სადღაც ყავისფერი საძერწი პლასტილინი ეგულებოდა. იპოვა, ორად გაყო და რაშს ყურები ამოუტენა.

მიბრუნდა ფრთიანი მერანი და ბროლის, ვერცხლისა და ალმასის ნატეხებს ხვლიმინ-ხვლიმინი აუტეხა.

დაჩი კი გზას დაადგა.

იარა, იარა, მართლაც მოესმა ისეთი ნაზი მოწყენილი და სევდიანი მუსიკა, თვალები ცრემლით აევსო. მიდის, მიდის, მუსიკა თითქოს არც კი ძლიერდება, მაგრამ თანდათან ისე უკვდება გული, თითქოს დედამიწიდან ასი წლის წინ წამოსულიყოს და უკან დაბრუნების არავითარი იმედი ჰქონდეს. უახლოვდება ამ ქათქათა ბროლის კოშკს და სასოწარკვეთილს ცრემლები ნიკაპთან ენასკვება. ცხვირსახოცი რომ ამოიღოს და შეიმშრალოს, არც ის უნდა, ახლა თუ რაიმე უხარია, ის უხარია, რომ ცრემლები ჩამოსდის.

ხედავს, სასახლის ეზოში ისეთი მშვენიერი სევდის ბაღი გაუშენებიათ, ტირილით ვერ გაძღები.

„ახ, მთვარევ, მთვარევ!“

არც დარაჯი ჩანს სადმე, არც ჯარისკაცი, არც ლომი, არც ავაზა. ძაღლი რომ ძაღლია, ისიც არსადაა. ამ სასწაულ ბაღს მხოლოდ სევდა დარაჯობს, ცრემლი იცავს მტრის შემოსევისაგან და დარდი მასპინძლობს სტუმარს.

გაისმა იმ უსევდიანეს მუსიკაში ქალიშვილის ხმა, როგორც ბროლის ჭიქა რომ ბროლის ჭიქას მოგიხვდება და გაიწკრიალებს.

- ოხ, მთვარევ, მთვარევ!.. - აღმოხდა დაჩისაც ისეთი გულისტკივილით, თითქოს არც დედ-მამა ჰყოლოდა, არც და-ძმა და ბიძაშვილები. თითქოს მეზობლის ბიჭს გასაჭირში მიეტოვებინოს და მეზობლის გოგო დევს სამარადჟამოდ მოეტაცებინოს.

მიადგა დაჩი ბროლის კოშკს, შემოუარა, ვინაა კარის გამღები?! რომ დააკაკუნოს, არც ეს უნდა, უკან გამობრუნდეს, არც ის. ქვეყნად არაფერი უნდა ცრემლის ღვრისა და ამ უსასოო სიმღერის მეტი.

- „ახ, მთვარევ, მთვარევ!..“ - მოისმის ქათქათა ბროლის კოშკიდან.

- ოხ, მთვარევ, მთვარევ!.. - აღვარღვარებს ქვევით დაჩი ცრემლებს, სულ გაილუპა გულისპირი...

ბოლოს იისფერი სარკმლიდან იისფერი ბროლივით სუსტმა, ლანდადქცეულმა ვერცხლის ნაწნავიანმა მზეთუნახავმა გადმოიხედა. არც უკითხავს, აქ საიდან გაჩნდიო, მტერი ხარ თუ მოყვარეო, ან რაზე გარჯილხარო.

ვიღაცეებმა კარი მაინც გააღეს. დაჩისთვის სულ ერთი იყო, კოშკში შევიდოდა თუ გარეთ დარჩებოდა, მაგრამ რაკი კარი გაიღო, შევიდა. ადის ამ თეთრ, ცივ მარმარილოს კიბეზე. არც საფეხურებს ითვლის, არც კედლებს და ჭერს უცქერის, არც სიფრიფანა ვერცხლის კაბებში ჩაცმულ, ვერცხლის თმებჩამოშლილ პირისფარეშებს. უშველებელ დარბაზშიც ისე შეაბიჯა, თავიც კი არ დაუკრავს არავისთვის.

იქაურობას მთვარის მოიისფრო სინათლე ანათებს. შუა დარბაზში ცრემლის შადრევანი იცრემლება. ირგვლივ შემოსხდომიან მთვარის მზეთუნახავები და შემაღლებაზე დგას ბროლის, მარმარილოს თეთრ-იისფერი სიზმრის ტახტი და ამ ტახტზე ზის სევდის დედოფალი. დედოფლის დანახვამ დაჩის თავისი სევდაც დაავიწყა და სხვა მზეთუნახავებისა და პირისფარეშებისაც, რაკი მის ლანდადქცეულ სახეზე, რაც უიმედობა და გულისტკივილი იყო, ყველა ერთად ამოიკითხა.

დარბაზის ირგვლივ ისხდნენ სულ ერთნაირი უნუგეშობით სასოწარკვეთილი მემუსიკენი, მუხლებზე ალმასის ჩანგები დაედოთ. ჩანგებისთვის მთვარის სხივები გაებათ და გრძელი, შხვართალა, ოდნავ მოვარდისფრო ბროლის თითებს ნაზად ახებდნენ სიმებს და უკრავდნენ დამწვრის, გულდათუთქულის მუსიკა-სონატას, რომლისთვისაც იქაურ კომპოზიტორ-მზეთუნახავს „ცრემლის წყარო“ დაერქმია.

„ახ, მთვარევ, მთვარევ“...

ამოიმღერებდა სევდის დედოფალი, რომელსაც მთვარის სხივისაგან ნაქსოვი კოჭებამდე კაბა სულ სველი ჰქონდა ცრემლით.

“ახ, მთვარევ, მთვარევ“...

სევდიანი ნიავივით გადაუვლიდა სიმღერა მზეთუნახავებს, რომელთაც კაბები ისევე გალუმპული ჰქონდათ, როგორც დედოფალს.

- ოხ, მთვარევ... მთვარევ... - ჩაიჩურჩულ-ჩაიმღერებდა დაჩი, რომლის პერანგის გულისპირიც გასაწური გახდა.

არავის სტუმრის ამბავი არ უკითხავს და არც თავისას მოჰყოლია. დაჩის ელვის მათრახისთვისაც არ მიუქცევიათ ყურადღება. სევდის მეტი არავის არაფერი უნდოდა. ცრემლით ხვდებოდნენ უცხო კაცს, ცრემლით საუბრობდნენ, ცრემლით მასპინძლობდნენ და ცრემლით ისტუმრებდნენ. ეს მისთვის სტუმარმასპინძლობაც იყო, სიყვარულის სიმღერაც და ტირილიც.

კაციშვილმა არ იცის, სანამდე დარჩებოდა დაჩი ამ სევდის სასახლეში, რომ გარედან ყურებდაცობილი რაშის ჭიხვინი არ გაეგონა.

თვალცრემლიანებმა როგორც მიიღეს, ისევე გამოაცილეს.

როგორც კი დაჩი სევდის ბაღში მარტო დარჩა, მაშინვე მასთან გაჩნდა კარგად დანაყრებული ფრთიანი რაში.

დაჩის არც დარჩენა უნდოდა და არც წამოსვლას აპირებდა. მაგრამ რაკი რაში მოლილისფრო ლოდის გვერდით იდგა, უნებურად იქით გასწია და ზედ ისე გადააჯდა, მისთვის სულ ერთი იყო, ფრთიან მერანზე იჯდებოდა თუ ბებერ ჯაგლაგზე. არც ფაფარი უძებნია და არც ძუა, მაგრამ რაშმა, აქაოდა ზურგზე შევისვიო, ჰკრა კამარა და იქაურობას თვალის დახამხამებაში გაეცალა. მიწყდა სევდის მუსიკა და დაჩის თვალებზე ცრემლი შეაშრა. მთვარეს რომ შემოუარეს, დედამიწა გამოჩნდა დიდ მთვარესავით. დაჩი ფრთიან ბედაურს გაშლილ ფაფარში ჩააფრინდა, ძირს არ გადმომიძახოს, თორემ სევდის ბაღი და სასახლე სანატრელი გამიხდებაო.

რაშმა თავი მოაბრუნა:

- ყურებიდან საცობი ამომაცალე, დამაყრუაო...

ამასობაში დედამიწა სულ დიდდება და დიდდება, მთვარე კი იკლებს, პატარავდება.

ბოლოს, მთვარე რომ ნამდვილ მთვარეს დაემსგავსა და ფრთიანმა ბედაურმა ღრუბლებში დააპირა მოკლეზე გაძრომა, დაჩიმ უთხრა, შემოუარეო.

- ასე უფრო მალე მივალთო, - არ დაიშალა რაშმა.

- შე ქაჯის გაზრდილო, არ გაგიგონია: შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო!

გადაუხვია რაშმა, ღრუბლები გვერდზე დატოვა დაჩიმ, ელვის მათრახს ცხვირსახოცი წააძრო და უცებ მოიქნია, რომ ხელები არ დათუთქოდა, მოისროლა, შავ ღრუბლებს ელვა დაეცა და იჭექა, მაგრამ რა იჭექა.

- უჰ, რა კარგად უთქვამს, ვისაც უთქვამს, შორი გზა მოიარეო... ახლა იქ, ღრუბლებში რომ ვყოფილიყავით, მეხის ცემას ვერ გადავურჩებოდითო, - მიხვდა თავის შეცდომას ფრთიანი ბედაური.

- იმ ქაჯებს რომ დასდევ, კაცურ კაცთან უნდა იარო, ყოველ დღე რაღაცას ისწავლიო, - დაარიგა დაჩიმ და რაშიც ელვასავით ჩაეშვა კლდემაღალას ჩანჩქერთან.

გოგო-ფერია, რა თქმა უნდა, იქ არ დახვედრიათ. მთელი ღამე წყალთან ხომ არ დაჯდებოდა და მოხუც მამას დარდით გულს არ გაუხეთქავდა.

- წადი! - უთხრა დაჩიმ, როცა ჩამოქვეითდა, - იმ გოგო-ფერიას და მამამისს ჩემგან მადლობა გადაეცი. თავიდან ცოტა კი გაჯიუტდი, მაგრამ ისეთი უძირო სევდის ქვეყანა მაჩვენე, ახლა არც შენი სამდურავი მეთქმისო.

- პირიქითო, - მიწა დატორა ფრთიანმა რაშმა, - გაძღომით კარგად გავძეხიო...

- გაძღომა რა პასუხია, შენ ისევ ქაჯის ცხენივით ლაპარაკობ, - გაუსწორა დაჩიმ, - უნდა თქვა, დავნაყრდიო.

- ჰო, დავნაყრდი და აწი შორიდან მოვივლი, რომ შინ მშვიდობით მივიდეო.

- აბა, შენ იციო...

- მე ვიცოდე და ჩემმა რაშობამო. დაადგა რაში გზას და გამოსწია სახლში. დაჩის თავი დაღამებამდე რომ არ მოემძინარებინა, ამოდენა ზღაპარს მოსმენა არ უნდოდა? ის კი არა, ახლაც ძლივს გაძლო და ბოლო სიტყვები არც კი გაუგონია, ისე ჩაეძინა.

მანო რომ გარეთ უხმაუროდ გამოვიდა, ქვეყანას სევდიანი, მოწყენილი მთვარე დაქათქათებდა და ვარსკვლავები შორეული იმედით ციმციმებდნენ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ